მთავარი,სიახლეები

ბათუმში ელოდებიან 6 პირის ანალიზის პასუხს კორონავირუსზე

23.03.2020 • 1359
ბათუმში ელოდებიან 6 პირის ანალიზის პასუხს კორონავირუსზე

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სტაბილურია. საავადმყოფოში კიდევ ექვსი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელიან, რომლებიც საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს ინფექციურში – ამის შესახებ, დღეს, 23 მარტს, ჟურნალისტებთან განაცხადა ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, ექიმმა ინფექციონისტმა დავით მურვანიძემ.

„ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამი დადასტურებული შემთხვევაა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არავითარი ზედმეტი გართულება არც ერთ პაციენტს არ აქვს, ნორმალურად მიმდინარეობს მათი მკურნალობა იმ სქემის მიხედვით, რომელიც მიღებული აქვს კლინიკურ ჯგუფს.

ექვსი პაციენტის ანალიზის პასუხს ველოდებით, აღებულია ანალიზები და გაგზავნილია ლაბორატორიაში, პასუხი საღამოს გახდება ცნობილი. ყველა მათგანი შემოყვანილი იყო ზოგადი ტემპერატურის მატებით, ერთს აღენიშნებოდა 38-მდე ცხელება. ყველანი საკარანტინო ზონიდან არიან გადმოსული“ – განაცხადა დავით მურვანიძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათგან კი 5-მა დატოვა საავადმყოფო. რაც შეეხება კიდევ გამოჯანმრთელებულ 3 პაციენტს, მათ ვირუსის გართულების ეტაპზე ჰქონდათ პნევმონია, რის გამოც დამატებითი კვლევები უტარდებათ და საავადმყოფოს ამის შემდეგ დატოვებენ.

23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის 54 შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

__________

ფოტოზე: დავით მურვანიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: