მთავარი,სიახლეები

იქნება თუ არა ხელფასი აპრილში? – ბიზნესი კრიზისის პირისპირ პანდემიის დროს

21.03.2020 • 2215
იქნება თუ არა ხელფასი აპრილში? – ბიზნესი კრიზისის პირისპირ პანდემიის დროს

„აპრილისა აპრილში ვიფიქროთ“ – ასეთ მარტივ და მოკლე ვადაზეა გათვლილი ცალკეული ბიზნესკომპანიების დამფუძნებლებისა და გენერალური მენეჯერების სტრატეგია თანამშრომლების შენარჩუნებაზე. ამ კომპანიებს მარტის მესამე კვირაში ოფისების დაკეტვა მოუხდათ კორონავირუსის გამო. კითხვაზე, რა მოხდება, თუ მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გადაწყვეტილებას დისტანცირების აუცილებლობაზე ძალაში დატოვებს აპრილშიც, ან უფრო დიდ ხანს, ამ კომპანიების უმრავლესობას პასუხი არ აქვს.

არიან ისეთებიც, რომლებიც არსებულ სიტუაციაში გაცილებით მოქნილები აღმოჩნდნენ და უფრო დრამატული სცენარის შემთხვევაში პროდუქტის მოდერნიზებაზე დაიწყეს ფიქრი. ისინი მოქმედების  განვითარების რამდენიმე გეგმას მოიაზრებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ „გლობალურად დაზარალდნენ “ და გრძელვადიანი კრიზისის პერსპექტივაში თანამშრომლების სრული შემადგენლობის შენარჩუნების საკითხი მათთანაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ყველაზე უიმედოდ საშუალო და მცირე ბიზნესია განწყობილი, მათი უმრავლესობა კრიზისის ამ ფორმის მოკლე ვადით გაგრძელებასაც შიშით უყურებს და შიშობს, რომ ბაზრიდან „საერთოდ გაქრება“. ამ ტიპის ბიზნესების კრახი შესაძლოა ქვეყნისთვის უფრო მძიმე ტვირთად იქცეს, რადგან ისინი ბაზარზე მცირე დანაზოგებით ოპერირებენ და უმეტესწილად სწორედ ამ სექტორში არიან დასაქმებული მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

19 მარტს გამართული მთავრობის  ბრიფინგის შემდეგ  გიორგი ც. რომელსაც საკუთარი გვარის დასახელება დამსაქმებელთან უხერხულობის თავიდან ასაცილებლად არ სურს, ამბობს, რომ 20 მარტს, დილით, სამუშაოს ორი კვირით შეჩერების შესახებ შეატყობინეს. ის მშენებლობაზე მუშაობს:

„სამუშაო ნივთებს ვალაგებთ, რომ შევინახოთ და მივდივართ სახლებში“ – გვითხრა გიორგიმ. მისივე თქმით, დამსაქმებელმა მარტის თვის ხელფასი სრულად გადაუხადა: „აგვინაზღაურა შესრულებული სამუშაოს თანხა და იმისაც, რაც ამ დღეებში უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ ვერ მოვასწარით“.

გიორგი დამსაქმებლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია, მაგრამ იცის, რომ თუ აპრილში ვერ იმუშავებს უხელფასოდ დარჩება:

„ჩვენთან ისედაც ასეა, როცა კორონავირუსი არ იყო, მაშინაც ასე ვიღებდით ხელფასს – ასრულებ კონკრეტულ სამუშაოს და შემდეგ გიხდიან. აპრილში თუ ვერ ვიმუშავებ, ვერც ხელფასს ავიღებ, ეს სერიოზული პრობლემაა ჩემთვის. მართალია, სესხი შევიჩერე, მაგრამ ქირით ვცხოვრობ და საფასური ხომ უნდა გადავიხადო“.

გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სამშენებლო ჰიპერმარკეტების კონსულტანტები და მენეჯერები, ასევე, დისტრიბუციის თანამშრომლები. მათ მარტის თვის ხელფასები გადაუხადეს და უთხრეს, რომ ჩერდებიან: „სხვა განმარტებები არ მოუციათ“.

რამდენიმე სამშენებლო ჰიპერმარმარკეტის ვებგვერდს თუ თვალს გადავავლებთ, ჩანს, რომ ისინი დისტანციურად ცდილობენ მიიღონ ონლაინ შეკვეთები და  პროდუქტის ადგილზე მიტანით, კონტაქტის გარეშე, მოემსახურონ მომხმარებელს. თუმცა ამავე ვებგვერდების მიხედვით, ამ შეთავაზებაზე მომხმარებლის გამოხმაურება დიდი არაა.

ჰიპერმარკეტი „მოდუსი“  ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ქსელია, რომელსაც სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალები შემოაქვს. კომპანიამ ყველა ფილიალი დაკეტა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მარტის თვის ხელფასი ყველა თანამშრომელს გადაუხადეს, მაგრამ რას გადაწყვეტენ იმ შეთხვევაში, თუ შეზღუდვა აპრილშიც გაგრძელდება, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ეს პასუხი აქვთ – „აპრილისა აპრილში ვიფიქროთ“.

იგივე  ვითარებაა „გორგიაშიც“.

დაიკეტა ქარხნებიც. ამ დროისთვის ხელვაჩაურის ეკონომიკურ ზონაში, სადაც ბეტონსა და ქვიშა-ღორღს აწარმოებენ, ყველა ქარხანა გაჩერებულია.

ამ დრომდე აქტიურად განაგრძობდა მუშაობას სამშენებლო სექტორი, შეზღუდვების დაწესებისა და დისტანციურ მუშაობაზე  ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ მათ მხოლოდ ოფისები დაკეტეს, ხოლო  სამშენებლო პროცესი არ გაუჩერებათ:

„კორონავირუსის პრევენციის მიზნით,  დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. კომპანიამ შეზღუდა მომხმარებელთან საქმიანი შეხვედრები, მივლინებები და გასვლითი აქტივობები. რაც შეეხება სამშენებლო პროცესს, „ალიანს ჯგუფის“ ყველა მშენებლობაზე სამუშაო პროცესი ნაწილობრივი შეზღუდვით, საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის, ასევე ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად ხორციელდება. სამშენებლო ტერიტორიაზე დასაქმებული პერსონალისთვის დაცულია უსაფრთხოების ნორმები“ – ეს პასუხი კომპანიამ წერილობით 18 მარტს მოგვაწოდა.

იგივე გვითხრეს „ორბი ჯგუფშიც“.

„სამშენებლო პროცესის შეჩერების მოთხოვნა ჯერ არ გვქონია და შესაბამისად, გავაჩერეთ მხოლოდ  ტურისტული ობიექტი „ანბანის კოშკი“-  გვითხრა შპს MRMU INTERNATINAL-ის დირექტორმა ზურა ნასყიდაშვილმა. იგი ამბობს, რომ მარტის თვის ხელფასი ყველა თანამშრომელს გადაუხადეს და შეზღუდვის აპრილში გაგრძელების შემთხვევაშიც გადაუხდიან:

„ჩვენ ამ გუნდის შექმნას წლები მოვანდომეთ, ამიტომ  შევეცდებით შევინარჩუნოთ თანამშრომლები, შესაბამისად, შეზღუდვის გაგრძელების შემთხვევაშიც, ხელფასის რაღაც პროცენტს მაინც დავურიცხავთ.“

ზურა ნასყიდაშვილი მიიჩნევს, რომ ის შეღავათები, რაც მთავრობამ აამოქმედა ამ პერიოდისთვის, მნიშვნელოვანია და ბიზნესს გარკვეულწილად დაეხმარება: „ჩემი აზრით, ვიდრე გაირკვევა რა მოხდება, ბიზნესმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა მიმართოს იმისთვის, რომ არ გაჩერდეს“.

ზურა ნასყიდაშვილი შეეცადა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უფრო ოპტიმისტური სცენარით განხილვას, თუმცა საუბრის დასასრულს ფრაზა – „მერე არ ვიცი რა იქნება“, მანაც გამოიყენა.

შპს „ელთ ბიზნეს ჯგუფი“ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს და როგორც სამშენებლო, ასევე ტურიზმის სექტორში ოპერირებს. კომპანიამ თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა, „ნაწილი კი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მუშაობს“ – ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნონა ხუჯაძე.

„ნებისმიერი შრომის ხარჯს კომპანია ეწევა, იქედან გამომდინარე, რომ ეს შრომა ქმნის კონკრეტულ ღირებულებას, რომელიც იყიდება ბაზარზე. თუ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვექნება მოცემულობა, რომ ეს შრომა ფიზიკურად ვეღარ შექმნის ღირებულებას, არ ვიცი რა მოხდება. სახელფასო ფონდი რამდენიმე მილიონი ლარია და თუ კრიზისი  დიდხანს გაგრძელდება, ძალიან გართულდება ბიზნესმა ეს საკუთარ თავზე აიღოს გრძელვადიან პერიოდში.“

მეორეს მხრივ  ნონა ხუჯაძე ამბობს იმასაც, რომ შექმნილ ვითარებაში რისკის გადანაწილებას ბიზნესი საკუთარ თავზეც იღებს:

„ვემზადებით, რომ თუნდაც ორი-სამი თვით შევინარჩუნოთ თანამშრომლები ასეთ რეჟიმშიც კი – ეს უკვე არის ჩვენი პასუხი რეალობაზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე დრამატულად არ განვითარდება მოვლენები… სხვა შემთხვევაში ალბათ ვიფიქრებთ პროდუქტის მოდერნიზებაზეც“.

მთავრობას კერძო სექტორის დასახმარებლად კონკრეტული წინადადება ჯერ არ აქვს. ზუსტი ინფორმაცია არც იმასთან დაკავშირებით არსებობს, თუ როგორ გადაანაწილებს მთავრობა ტურისტული სექტორისთვის გამოყოფილ მილიარდ ლარს.  20 მარტს, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა  განაცხადა, რომ პრემიერმა გახარიამ ეკონომიკურ გუნდს დაავალა, უმოკლეს ვადაში წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა. ეს გარკვეული გადასახადების ოთხი თვით გადავადებას ეხება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კორონავირუსის გავრცელების ფონზე საქართველოში ლარი ისევ გაუფასურდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: