მთავარი,სიახლეები

საიდან არიან პაციენტები, რომელთაც დღეს ბათუმში COVID-19 დაუდასტურდათ

23.03.2020
საიდან არიან პაციენტები, რომელთაც დღეს ბათუმში COVID-19 დაუდასტურდათ

დღეს ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ამ სამი მოქალაქიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე – ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი [საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქე],  მესამე მოქალაქე კი, რომელიც პროფესიით პილოტია, ჩრდილოეთ ევროპის რეგიონიდანაა. იგი სასტუმრო „ჰილტონში“ ცხოვრობდა და მინისტრის განმარტებით, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას თავის ქვეყანაში, გამოფრენამდე ჩატარებული ჰქონდა კვლევა, ოღონდ ჩვენ არ ვიცით როგორი მეთოდით და დღეს დილით შეგვატყობინა საეჭვო დადასტურებასთან დაკავშირებით და გადაყვანილი იყო ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში. ჩაუტარდა ტესტირება და აღმოჩნდა დადებითი. აქვე ვიტყვი, რომ იმ ქვეყანამ, საიდანაც არის ეს მოქალაქე, გამოთქვა სურვილი, აგზავნის სპეცრეისს და გვიან ღამით ის დაბრუნდება თავის სამშობლოში,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მოქალაქე საქართველოში დაახლოებით 6 დღის წინ ჩამოვიდა, როცა ჯერ კიდევ არ იყო ჩაკეტილი საზღვრები და იცავდა თვითიზოლაციის წესს. კითხვაზე, რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია იმ ფონზე, როცა არაერთი მოქალაქე არღვევს თვითიზოლაციის წესს და რატომ დაიკეტა სასტუმრო „ჰილტონი“, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ ეს პირი იცავდა თვითიზოლაციას, ხოლო რაც შეეხება სასტუმროს, სამინისტროსგან დაკეტვის მითითება არ ყოფილა. „ალბათ თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება“ – განაცხადა მინისტრმა.

თვითიზოლაციიდან იქნა გადაყვანილი მეორე პირიც, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მინისტრის განცხადებით, მას საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქეობა აქვს:

„მას აქვს ამერიკაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ისიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და მკაცრად იცავდა.  ტემპერატურის პირველივე მომატების შემდეგ იგი გადაყვანილ იქნა ინფექციურ საავადმყოფოში და მასაც დაუდასტურდა COVID-19“.

რაც შეეხება მესამე შემთხვევას, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა:

„მესამე მოქალაქე სულ რამდენიმე საათის შემოსულია ქვეყნის ტერიტორიაზე, მასაც დაუდასტურდა ინფექცია, ახლა მისი მოგზაურობის ისტორიას სწავლობენ ეპიდემიოლოგები და დამატებით მოგახსენებთ ამის შესახებ,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ექვსი პაციენტია მოთავსებული კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. მინისტრის განცხადებით, ყველა მათგანის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მინიმალური კლინიკური ნიშნებით.

აჭარაში ათასზე მეტი მოქალაქეა კარანტინში, ასამდე პირი კი – თვითიზოლაციაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: