სიახლეები

„შეგვაჩერეს განუსაზღვრელი ვადით“ – აჭარა ტვ-ის გადაცემა ჰეშთეგი

23.03.2020 • 2169
„შეგვაჩერეს განუსაზღვრელი ვადით“ – აჭარა ტვ-ის გადაცემა ჰეშთეგი

ახლახანს, აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთი პოპულარული გადაცემამ – „ჰეშთეგმა“ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება, გადაცემის განუსაზღვრელი ვადით შეჩერების თაობაზე.

„დღეს, ოფიციალურად განგვემარტა მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან იმის თაობაზე, რომ გადაცემა #ჰეშთეგი, ქვეყანაში/მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განუსაზღვრელი ვადით შეჩერდება. სატელევიზიო ბადე/ეთერი სრულად დაეთმობა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და შესაბამისად, ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები და სამედიცინო გადაცემა დარჩება [ასევე, სოციალური გადაცემა „ათვლის კუთხე“, რომლის მომზადებაშიც #ჰეშთეგის გუნდის დიდი ნაწილია ჩართული, თუმცა, ის კვირაში ერთხელ ჩანაწერის სახით გადის ეთერში]. მაქსიმალურად შეიზღუდა სატელევიზიო რესურსებთან წვდომაც და ტელევიზიის/რადიოს შენობაში შემსვლელ პირთა დავიწროებული შემადგენლობაც განისაზღვრა.

ბუნებრივია, სრულად ვიაზრებთ არსებული ვითარების სიმძაფრეს და იმასაც, რომ ასეთ დროს თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა მაუწყებლის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს; თუმცა, ჩვენი მხრივ, მზად ვიყავით ფორმატის დროებითი ცვლილების თაობაზე გვქონოდა კომუნიკაცია და #ჰეშთეგი სატელევიზიო ეთერში საგანგებო/სახეცვლილი ფორმით დარჩენილიყო. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დისტანციური მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება გუნდს უკვე აქვს და გადაცემის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს სტუმრებთან დისტანციური კომუნიკაცია(ც) წარმოადგენს.

აქვე, გვინდა ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ საგანგებო რეჟიმის გამოცხადებისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის/პრეზიდენტის მხრიდან არ გაჟღერებულა ინფორმაცია/მოწოდება მედიასაქმიანობის შეზღუდვის თაობაზე.

იმ შემთხვევაში თუ მენეჯმენტთან შესაბამისი შეთანხმება შედგებოდა ფორმატის ცვლილების თაობაზე, ვითარებიდან და შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე მაქსიმალურად შევეცდებოდით თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებას. ყოველდღიური ახალი ამბების პარალელურად, აუცილებლად მიგვაჩნია ისეთ საკითხებზე საუბარი, რომლებიც ვირუსის მასშტაბურობით გამოწვეულ ეკონომიკურ, ფსიქო-სოციალურ და საგანმანათლებლო პროცესებს ეხება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სასიცოცხლო მნიშვნელობა სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში უნდა წარმოჩინდეს და ამ პასუხიმგებლობასაც სრულად ვიაზრებთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვეძლევა შესაბამისი შესაძლებლობა, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ კრიტიკული გადაცემის გაჩერების საბაბად არსებული ვითარება იქნა გამოყენებული.

აქვე, გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ალტერნატიული პროფესიული კავშირის წევრებს უკვე კანონის ძალით წარმოგვეშვა გაფიცვის უფლება, თუმცა, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, უარი გვეთქვა პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე. ახლა როგორც არასდროს, ისე სჭირდება საზოგადოებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულფასოვნად ფუნქციონირება. სამწუხაროდ, მენეჯმენტის პოლიტიკა სრულიად საპირისპიროა.

დღეს, ახალი ამბების სამსახურის კიდევ ერთი კრიტიკული რეპორტიორი – თეონა ხარაბაძე,  ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს და მორიგი ნაბიჯი გადადგეს საინფორმაციო სამსახურის კრიტიკული ბირთვის დასუსტებისკენ“.

დღეს, 23 მარტს, აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე, დირექტორის ბრძანებით, ქუთაისის ბიუროში გადაიყვანეს, ოპერატორის გარეშე.

მანამდე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი დირექტორის მრჩევლად გადაიყვანეს, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე კი – რადიოში.

სამსახურიდან საერთოდ გაუშვეს ტელეწამყვანი თეონა ბაკურიძე.

მანამდე დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ განაცხადა, რომ შანტაჟისა და ზეწოლის პირობებში ტოვებდა თანამდებობას.

აჭარის მაუწყებელში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დევნას წინ უძღოდა დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა დირექტორად დანიშნეს გიორგი კოხრეიძე, რომელიც, როგორც თავად თანამშრომლები აცხადებენ, „ნაჯახით ჩეხავს“ აჭარის ტელევიზიის მიუკერძოებელ შინაარსს.

აჭარის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია აფასებს, როგორც პოლიტიკურ ზეწოლას.

___

ამავე თემაზე:

აჭარის ტვ-ში რედაქტორების შემდეგ „ურჩი ჟურნალისტების“ დასჯის ეტაპი დაიწყო 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: