მთავარი,სიახლეები

„არ ვიცი, დარჩება თუ არა ბილეთი, რომ დავბრუნდე“ – საქართველოს მოქალაქე ვენაში

23.03.2020 • 1203
„არ ვიცი, დარჩება თუ არა ბილეთი, რომ დავბრუნდე“ – საქართველოს მოქალაქე ვენაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში განხორციელდება სპეცრეისები  ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან.  ფრენა თბილისი-ვენა-თბილისი 26 მარტსაა დაგეგმილი, თუმცა, როგორც ვენაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან, 26 მარტის რეისით საქართველოში ვენიდან ისინი გამოემგზავრებიან, ვისაც უკვე ნაყიდი ჰქონდა ბილეთი 22 მარტის რეისზე და ჯავშანი გაუქმდა, დარჩენილ ადგილებს კი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებზე გაყიდიან.

ქეთი მიკროპულო ვენაში ტურისტად წავიდა ერთი კვირით და უკვე 20 დღეზე მეტია დაბრუნებას ვერ ახერხებს. ორჯერ იყიდა „ვიზეარის“ ბილეთი და ფრენა ორჯერვე გაუქმდა.

„22 მარტს აირზენა მოფრინავდა და მინდოდა მეყიდა ბილეთი, მაგრამ 2500 ლარი ღირდა, ვერანაირად ვერ ვიყიდდი. თუმცა ახლა, 26 მარტის სპეცრეისზე პირველად მათ დააკმაყოფილებენ, ვისაც 22 მარტის  ბილეთი ჰქონდა. ჯერ ვერ მეუბნებიან, დარჩება თუ არა ადგილები, რომ ბილეთი ვიყიდო. თუ არ დარჩება, გამოდის, ვენაში უნდა დავრჩე. აქ სასტუმროში 28 მარტამდე მაქვს გადახდილი, მერე რა უნდა ვქნა, წარმოდგენა არ მაქვს. საკონსულოში ჩაიწერეს ჩემი მონაცემები, მირეკავენ, სიახლეებს მეუბნებიან, მაგრამ ზუსტ პასუხს მაინც ვერავინ მეუბნება, დარჩება თუ არა ადგილი ჩემთვისაც 26 მარტის ავიარეისზე.

ამ ფონზე ყველას გვგონია, რომ რაღაც გვჭირს. საქართველოში შედარებით სტაბილური სიტუაციაა და იმედი მაქვს, რომ თუ რამე შემეყარა მომხედავენ, საავადმყოფოები გადავსებული არ არის,“ – ამბობს ქეთი.

მოცემულ სიტუაციაში ქეთისთან შედარებით გაუმართლა სალომე ჩანქსელიანს. „აირზენას“ ბილეთი ვერც მან შეიძინა, რადგან ბარგიანი ბილეთი ძვირი ღირდა, მაგრამ საელჩოდან დაუკავშირდნენ, რომ ჰოლანდიაში მცხოვრებ თიკა სვანიძეს ჰქონდა სურვილი დახმარებოდა ქართველ სტუდენტებს და მათ ბილეთების ყიდვას სთავაზობდა.

„არ ვიცი ზუსტად რა ღირდა ეს  ბილეთი, სავარაუდოდ ძალიან ძვირი, რადგან ბარგიანი ბილეთია და როცა მე ვნახე უბარგო, ეკონომკლასის ბილეთიც კი 850 ლარი ღირდა დაახლოებით. თიკამ რამდენიმეს დაუფინანსა მგზავრობა, გუშინდელი ფრენაც გამიუქმდა და ახლა ვენა-თბილისის სპეცრეისით წამოვალ 26 მარტს,“ – ამბობს სალომე.

მისი თქმით ეპიდაფეთქების შემდეგ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეს იმ სტუდენტებმაც, ვინც ჯერ წამოსვლას არ გეგმავდა, რადგან მათი უმრავლესობა სწავლის პარალელურად სერვისის სფეროშია დასაქმებული, ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად კი ყველა ასეთი წერტილი დაიკეტა და სტუდენტები უსამსახუროდ, შესაბამისად უშემოსავლოდ დარჩნენ და ბინის გადასახადის გადახდაც გაუჭირდათ.

„ამ ფონზე ბილეთების გაძვირებამ ყველას თავზარი დაგვცა. მაგალითად, ჩემი მეგობარი დღეს მოფრინავს საქართველოში ბერლინიდან და 1500 ლარი გადაიხადა ბილეთში, წარმოუდგენელი ამბავია. მე გამიმართლა და ბინის ქირა მარტის ბოლომდე მქონდა გადახდილი, თუმცა ვიცი ხალხი, ვინც ქუჩაში დარჩა, თუმცა ძალიან სოლიდარულები არიან აქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და დროებით შეფარებას სთავაზობენ ასეთებს“ – ამბობს სალომე ჩანქსელიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: