სიახლეები

„ასე აქრობს 11 მილიონს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან“ – მრჩეველი აჭარა ტვ-ის დირექტორზე

23.03.2020
„ასე აქრობს 11 მილიონს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან“ – მრჩეველი აჭარა ტვ-ის დირექტორზე

„ეს არის კრიტიკული ადამიანის მოშორება ძირითადი ტერიტორიული ერთეულიდან. აქ საუბარი არ შეიძლება იყოს ბიუროზე, რადგან ბიუროს გახსნას ბევრი წინმსწრები პროცედურა აქვს“, – ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტის, თეონა ხარაბაძის ქუთაისში გადაყვანაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას. ტელევიზიის ჟურნალისტს დირექტორი ქუთაისში სამუშაოდ ოპერატორის გარეშე უშვებს.

გია ქარცივაძის ინფორმაციით, ქუთაისში ტელევიზიის ბიუროს გახსნის საკითხი მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებული არ არის:

„რა ბიურო, ინფორმაციის მოწოდების დონეზეც კი არ ყოფილა ამაზე საუბარი. შეიძლება ამას საკანონმდებლო დონეზე შიდა რეგულაციები არ სჭირდება, მაგრამ ინფორმაციაც არ მოუწოდებია.“

საბჭოს წევრის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყველა ბიუროს შესაბამის დოკუმენტებში წერია, რომ ძირითადი სამუშაო ადგილი ბათუმია:

„რისთვის სჭირდება ქუთაისში ჟურნალისტი? იქ ოპერატორი არ გვყავს, რომც გვყავდეს უფრო მეტი საჭიროება ბათუმშია. მან შეიძლება არგუმენტად მოიყვანოს ყველაფერი, მაგრამ ეს რამდენად ადეკვატური იქნება? – აქამდეც გამოსცა დირექტორმა ბრძანებები, სადაც კანონის ნორმა არ აქვს მითითებული. უბრალოდ იტყვის და მის უკან დგას ძალა, მრჩევლები, არგუმენტი აღარ სჭირდება. მრჩევლების გარდა მას სხვა ვერავინ მოსთხოვს პასუხს, ისინი კი პასუხს არ სთხოვენ.

არაერთი შემთხვევაა კანონდარღვევის, მაქსიმალური თავაშვებულობაა, მაგრამ პასუხს არ აგებს. ის ორიენტირებულია სამსახურიდან გაყაროს ადამიანები, სხვა მიზანი არ აქვს. ჟურნალისტი რომ წავიდეს ქუთაისში, სად უნდა მივიდეს, სად აქვს ოფის მაუწყებელს, იქირავა რამე და არ ვიცით ჩვენ? სამსახურში გამოცხადებას როგორ გააკონტროლებს? – ძირითადი მიზანია ჟურნალისტი ტელევიზიიდან განაშოროს. იხდის თანხას ბიუჯეტიდან, მაგის პრობლემა არ აქვს, 11 მილიონს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ასე აქრობს, ოღონდ ჟურნალისტი თვალში არ გაეჩხიროს“, – აცხადებს მრჩეველთა საბჭოს წევრი.

___

ამავე თემაზე:

აჭარის ტვ-ში რედაქტორების შემდეგ „ურჩი ჟურნალისტების“ დასჯის ეტაპი დაიწყო 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: