მთავარი,სიახლეები

ვინ არის პაციენტი #31 – ვირუსის აფეთქებას სამხრეთ კორეაში ერთ ადამიანს უკავშირებენ

23.03.2020 • 4366
ვინ არის პაციენტი #31 – ვირუსის აფეთქებას სამხრეთ კორეაში ერთ ადამიანს უკავშირებენ

ორი კვირის განმავლობაში სამხრეთ კორეა კორონავირუსის რამდენიმე ათეული შემთხვევიდან ათასობით შემთხვევაზე გადავიდა. დღეს ამ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 9000-ს მიუახლოვდა.

ვირუსის მასიურ გავრცელებას არაფორმალურ ქრისტიანულ რელიგიურ ჯგუფს და „პაციენტ #31“-ს უკავშირებენ. 

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის მასიური ზრდა უკავშირდება ერთ-ერთ „სუპერგამავრცელებელს“, 61 წლის ქალს, ცნობილს, როგორც „პაციენტი #31“, რომელიც ერთ-ერთი ქრისტიანული ეკლესიის, სინჩეონჯის წევრია. შედეგად, ქალაქ სეულის ხელმძღვანელობა ამ ჯგუფის წინააღმდეგ მკვლელობის მუხლით ოფიციალურად ჩივის.

ვინ არის პაციენტი #31

Reuters-ის ინფორმაციით, ზუსტად არ არის ცნობილი სად დაინფიცირდა თავად პაციენტი #31, მაგრამ დიაგნოზის დადგენამდე რამდენიმე დღით ადრე იგი იმყოფებოდა დედაქალაქ სეულისა და ქალაქ დეგუს ხალხმრავალ ადგილებში.

6 თებერვალს ქალი მსუბუქ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა ქალაქ დეგუში, რის გამოც აღმოსავლური მედიცინის ჰოსპიტალში მივიდა. ჰოსპიტალში ყოფნისას იგი ქალაქ დეგუში, სინჩეონჯის ეკლესიაში ფილიალის მსახურებას დაესწრო ჯერ 9 თებერვალს, შემდეგ კი – 16 თებერვალს. 

ჰოსპიტალის ექიმები ამბობენ, რომ მას კორონავირუსზე ტესტირება პირველად ამ ვიზიტების შუალედში, 15 თებერვალს შესთავაზეს, რადგანაც ქალს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. თუმცა ქალი, ნაცვლად ტესტირებისა, ლანჩზე მეგობართან ერთად  სასტუმროს სასადილოში წავიდა.

Reuters-ის წერს, რომ ადგილობრივ გაზეთთან, JoongAng Ilbo-თან ინტერვიუში ქალმა უარყო, რომ მას ვირუსზე გამოკვლევა შესთავაზეს. როცა მისი სიმპტომები გაუარესდა, ექიმებმა მას კიდევ ერთხელ შესთავაზეს ტესტირება.

17 თებერვალს ქალმა სხვა კლინიკას მიმართა გამოსაკვლევად.

მომდევნო დღეს სამხრეთ კორეაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ეს იყო ქვეყანაში კორონავირუსის 31-ე დადასტურებული შემთხვევა. სულ რამდენიმე დღეში ეს რიცხვები გაიზარდა, სინჩეონჯის ეკლესიასა და მიმდებარე ადგილებში კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი ასობით ადამიანს უჩვენა.

სამხრეთ კორეაში დაიხურა ეკლესიები და ბევრი მათგანი ონლაინმსახურებაზე გადავიდა.

„თებერვლის შუა რიცხვებამდე სიტუაცია არც ისე მძიმე იყო აქ. ვითარების გართულება იწყება პაციენტი #31-დან“ – თქვა ALJAZEERA-სთან საუბრისას სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა ჰუანგ სუნგ-სიკმა, „პაციენტ #31-ის გამოჩენამდე, ვირუსის შეჩერების ჩვენი სტრატეგიები მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ პაციენტმა უამრავი ადამიანი დააინფიცირა, კონტროლი ძალიან გართულდა”.

ლი მან-ჰი, სინჩეონჯის ეკლესიის დამფუძნებელი მუხლებზე დაჩოქილი ითხოვს ბოდიშს კორონავირუსის გამო. პაციენტი 31 იყო ეკლესიის წევრი და ორგანიზაცია ბრალდებულია იმაში, რომ არ ითანამშრომლა მთავრობასთან კორონავირუსის აფეთქების დროს.

როგორც CNN-ი წერს, თავად რელიგიური ჯგუფის ლიდერმა კორეელ ხალხს გამოწვეული მღელვარების გამო ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ დაავადების მეტად გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა დაწესებულება დახურეს, მათი წევრები კი სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებიან, თუმცა იგი უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ შესაბამის უწყებებთან არ თანამშრომლობენ. 

„როიტერსი“ წერს, რომ მეორე, უფრო მცირე კლასტერი გაჩნდა ჰოსპიტალთან ახლოს ჩეონდგოში (ოლქი ქალაქ დეგუსთან). მთავრობა იძიებს კავშირებს დეგუში მდებარე ეკლესიასა და ჰოსპიტლის დამკრძალავ ბიუროს შორის, რომელშიც ეკლესიის წევრები 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე იმყოფებოდნენ. თუ ეს დადასტურდება, გამოდის, რომ პაციენტი N31 ორივე კლასტერთან არის დაკავშირებული.

18 მარტის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა სრული რაოდენობის 60%, სინჩეონჯის ეკლესიის კლასტერს უკავშირდება.

სამხრეთ კორეაში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 8,961 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან დღეს 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამხრეთ კორეაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 3 166, გარდაიცვალა – 111 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: