საქართველოში 84 ადამიანი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან – ბოლო მონაცემები

18 აპრილის [11 სთ] მონაცემებით, საქართველოში 84 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან.

ბოლო მონაცემებით, სულ საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 385 შემთხვევა.

მათგან გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 519

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

_________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Kiko Huesca

ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 385-მდე გაიზარდა

18 აპრილის დილის მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში, გუშინდელთან შედარებით 15-ით გაიზარდა და არის 385 [17 აპრილის შუაღამის – 24:00 საათის მონაცემებით, ინფიცირებული იყო 370].

მათ შორის გამოჯანმრთელდა – 84, ხოლო გარდაიცვალა – 3.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში – 5053 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 527.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამ თემაზე:

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში კოვიდ-19-ის ოთხი ახალი შემთხვევა გვაქვს

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში კოვიდ-19-ის ოთხი ახალი შემთხვევა გვაქვს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში კოვიდ 19 -ის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ოთხივე  პაციენტი კარანტინში იმყოფებოდა, ამათგან  ერთი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ხოლო სამს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ოთხივე პაციენტი ზრდასრულია.

პაციენტები კლინიკა „მედალფაში“ არიან გადაყვანილი, შესაბამისად კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდ-19-ით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს.

ამ მონაცემის მიხედვით, აჭარაში, ქობულეთის კლასტერს უკავშირდება ინფიცირების უკვე 33 შემთხვევა. მათ შორის არიან ბავშვები.

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით მოძიებულია 465 კონტაქტი, მათგან 230 პირთან ჩატარებულია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ამ 230-დან არის სწორედ ის 33 კონტაქტი, რომლებსაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ.

ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. მას შემდეგ, რაც მას კორონავირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადასტურდა ახალი შემთხვევები. კორონავირუსი აღმოაჩნდათ მასთან კონტაქტში მყოფ პირებს, მათ შორის, ოჯახის წევრებს, მეზობლებს და მეზობლებთან კონტაქტში მყოფ პირებსაც.

18 აპრილის დილის მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში, გუშინდელთან შედარებით 15-ით გაიზარდა და არის 385.

მათ შორის გამოჯანმრთელდა – 84, ხოლო გარდაიცვალა – 3.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 527.

ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 385-მდე გაიზარდა

 

სოფლის ექიმი: „გადამზადება არ ჩაგვტარებია, მხოლოდ გაიდლაინი მოგვაწოდეს“

„არ ჩაგვტარებია არანაირი ტრენინგი, არც ეკიპირება გვაქვს, მხოლოდ პირბადით და ხალათით ვხდებით პაციენტებს, რომლებიც სხვადასხვა ჩივილებით მოგვმართავენ. ვშიშობთ, საკმარისად ვერ დავიცავთ თავს“, – ამბობენ  სოფლის ექიმები, რომელიც უკვე წლებია ასრულებს აჭარის ერთ-ერთ სოფელში თავის პროფესიულ მოვალეობას. ექიმის თხოვნით, მის ვინაობას კონფიდენციალირად ვტოვებთ.

„ვმუშაობ სოფლის ექიმად სულ სხვა სპეციფიკით და არანაირი გამოცდილება ამ მიმართულებით [კოვიდ 19] არ მაქვს. გადამზადება არ ჩაგვტარებია. ინფორმაციას ვიღებ მხოლოდ ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით“, – ყვება სოფლის ექიმი.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, პირადად მას მისცეს 50 ცალი ნიღაბი და ხელთათმანი, ხოლო მის სამუშაო სივრცეში დეზინფექცია ჩაატარა მუნიციპალიტეტის მერიამ. იმავეს ამბობენ მისი კოლეგებიც.

ექიმების თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ გაიდლაინი მიაწოდეს, რომლის მიხედვითაც, მათ პაციენტთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ დისტანციურად, საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი, სამი დღე უნდა დააკვირდნენ. თუ პაციენტის მდგომარეობა გართულდება, მათ ეს ინფორმაცია 112-ს უნდა გადასცენ, ან ურჩიონ ცხელების ცენტრს მიმართონ.

„პაციენტები მოგვმართავენ არამხოლოდ დისტანციურად – ვისაც სურს ადგილზე მოდის. საჭიროების შემთხვევაში ოჯახებშიც გვიწევს მისვლა. ამ დროს გვაქვს ნიღაბი, ხელთათმანი და ხსნარი, ასევე ხალათები, რომლებიც ჩვენი სახსრებით შევიძინეთ და  სახელმწიფოს მიერ გადმოცემული მანქანებით ვმოძრაობთ. მოლოდინი გვქონდა, რომ დაიწყებოდა ჩვენი გადამზადება, მაგრამ ამ დრომდე არავინ შეგვხმიანებია, მხოლოდ გაიდლაინი გამოგვიგზავნეს, რომლის მიხედვითაც ვავსებთ მონაცემებს.“

გარდა ამისა, სოფლის ექიმები ყოველი კვირის ბოლოს ინფექციურ საავადმყოფოს უგზავნიან მონაცემებს, თუ რამდენმა პაციენტმა მიმართა მათ მწვავე რესპირატორული დაავადებით, ასევე მათ აქვთ დავალება იმუნიზაციის პროგრამის გაგრძელებაზე.

სოფლის ექიმები, ფაქტობრივად, პირველად ჯანდაცვის სერვისის მიწოდების იგივე ფუნქციას ასრულებენ სოფლებში, რასაც ოჯახის ექიმები ქალაქებში. ოჯახის ექიმების ჩართვაზე  კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ 30 მარტს ისაუბრა.

ამის შემდეგ ბევრჯერ ითქვა ოჯახის ექიმების გადამზადებაზე, თუმცა, როგორც თავად ექიმები ამბობენ, მათ დღემდე არანაირი ტრენინგი არ ჩატარებიათ და არც რაიმე მითითება მიუღიათ.

გახარია: ოჯახის ექიმები გახდებიან ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის მებრძოლები

ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ოჯახის ექიმების გადამზადება უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე ბათუმში 38 ოჯახის ექიმია გადამზადებული, სოფლის ექიმების გადამზადება კი მეორე ეტაპია.

საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 21:45 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 9 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო.

 

თურქეთში COVID 19-ით დაღუპულთა რიცხვი 1 769-მდე გაიზარდა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით 17 აპრილს 78 546 ადამიანია თურქეთში COVID 19-ით დაავადებული. 1 769-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი, მათგან ბოლო 24 საათში ვირუსს 126 ადამიანი ემსხვერპლა.

78 546 ინფიცირებულიდან 1 845 მძიმე პაციენტია, 1 014 კი კლინიკებში მართვით სუნთქვაზეა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა ოდენობას – 17 აპრილის მონაცემებით, მათი ოდენობა 8 631-ია.

ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდაფეთქებიდან დღემდე 558 413 ადამიანია ვირუსზე გატესტილი. აქედან ბოლო 24 საათში 40 270 ტესტი ჩატარდა, 4 353 ტესტის პასუხი კი დადებითი იყო.

17 აპრილის მონაცემები თურქეთში
კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა ასაკის მიხედვით წყარო: TRT ქართულ

ბათუმელი ექიმი დღეში 12 საათი ეკიპირებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულებთან 

დილის ათის ნახევრისთვის უკვე ეკიპირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ აცვია სპეციალური ტანსაცმელი, უკეთია ნიღაბი, ფარი და ხელთათმანები, ექიმი თეა დანელია დღის განმავლობაში ასე „შეიარაღებული“ 12 საათს ატარებს საავადმყოფოში, სადაც Coivid 19-ით  დაინფიცირებულებს მკურნალობენ. თეა  „მედალფას“ ექიმია და, შესაბამისად, თავადაც დაინფიცირების რისკის ქვეშაა.

„12 სათის შემდეგ, 24 საათი უნდა დავისვენო. ასეთია რეჟიმი, მაგრამ უკვე რამდენი ხანია ამ რეჟიმით არც ვცხოვრობთ და არც ვმუშაობთ, ჩვენი ყოველი წუთი დაკავებულია“, – ამბობს თეა.

გვიყვება, რომ დავირუსებულ პაციენტებთან მუშაობის დაწყებამდე ეკიპირების სწორად ტარების ტრენინგები გაიარა და კარგად აქვს გააზრებული, რომ ეს წესები ყოველ წამს უნდა ახსოვდეს. თუმცა ამბობს, რომ პაციენტის და ექიმის ურთიერთობაში დაინფიცირებისგან დაზღვევა არ არსებობს. მისი თქმით, ამას 100 პროცენტით ეკიპირება და ვერც წესების დაცვა უზრუნველყოფს.

„რამდენად  დისტანციურია ექიმის და ექთნის მუშაობა პაციენტთან, ვერასდროს გაზომავ – ზოგს დახმარება უნდა, თავისით ვერ იღებს საკვებს. მანიპულაცია უნდა ჩაატარო, ეს საკმაოდ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული, რადგან ამ დროს ზოგს ხველა აქვს “.

როცა საქმე გადამდებ ვირუსთან გაქვს, დღის მძიმე რეჟიმს სხვა დამატებითი წესებიც ახლავს: „12 საათის განმავლობაში საკვების, წყლის მიღებაც კი შეზღუდულია ჩვენთვის. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დაინფიცირების რისკი არ გავზარდოთ“.

როგორც მოგვიყვა, მისთვის ერთნაირი მნიშვნელობის სამუშაოა ბრძოლა ვირუსთან და პაციენტის განწყობასთან, მის ემოციებთან გამკლავება.

„პაციენტების უმეტესობა გაღიზინებულია, მოგეხსენებათ ისეთი ვირუსია, რომ  შეშინებულები, აფორიაქებულები არიან. ჩვენი პირველი კონტაქტი სწორედ ემოციას უკავშირდება, ჩივილებზე მეტად ემოციებს გვიზიარებენ. ზოგი აგრესიულია, ჩვენ კი მაქსიმალურ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, ეს გვევალება. ხანდახან თანადგომა კოლეგასაც სჭირდება, ერთმანეთის დახმარება, გამხნევება ჩვენი დამატებითი ფუნქციაა“.

დილის ათის ნახევრიდან პაციენტების შემოვლა იწყება, შემდეგ საორგანიზაციო საკითხების დრო დგება:

„ამ 12 საათის განმავლობაში პაციენტებს მაქსიმალური ყურადღება, დინამიკაში მეთვალყურეობა სჭირდებათ – სასიცოცხლო მაჩვენებელი ყოველ წამს უნდა ვაკონტროლოთ“.

ექიმის თქმით, დავადებას მომენტალური დამძიმება ახასიათებს:

„შესაძლოა მიმდინარეობდეს სტაბილურად და უცებ, რამდენიმე წუთში დამძიმდეს. ეს იწვევს ფილტვებში ძალიან მძიმე მდგომარეობას, ანუ იწყება ფილტვის შეშუპება. თუ ჩვენება შესაბამისია, პაციენტი გადაგვყავს აპარატზე. დამძიმების წინა პერიოდი არ არის ხანგრძლივი – იწვევს სუნთქვის უკმარისობას და ამ დროს შესაძლოა დასჭირდეს ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. ამის შემდეგ როგორ გამოვა მდგომარეობიდან და გადალახავს ამას ორგანიზმი, ეს დაავადების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული, ამიტომ პნევმონია ვისაც აქვს, ყველა რისკის ქვეშაა.“

ექიმის ნაამბობით, პაციენტები მათ ხშირად უსვამენ კითხვებს როგორი შეიძლება იყოს პროგნოზი, ითხოვენ თანადგომას:

„ჩვენ გვიწევს ვირუსის მიმდინარეობაზე, მის სიმძიმეზე მივიტანოთ ინფორმაცია პაციენტამდე თავიანთი ენით. ბევრი იგებს, იმედიანიც არის და მოგყვება. ზოგადად, მორალურად დატვირთულები არიან. ეს ჩვეულებრივი სიტუაცია არ არის, ეს სხვა დაავადებაა, ამიტომაც ვართ მთელი დღე დაძაბულები და მობილიზებულები“.

ექიმმა გვიამბო იმის შესახებაც, რომ განსაკუთრებით ემოციურები არიან პაციენტები, რომელთა ოჯახის წევრებიც იმავე კლინიკაში მკურნალობენ, მათ ერთმანეთის ნახვა უნდათ: „ამ მხრივ უფრო ჯიუტები არიან ასაკოვნები, ისინი ხშირად აგრესიითაც გამოირჩევიან. მეტ-ნაკლებად ვუმკლავდებით, მაგრამ ძალიან რთულია… მესმის, ძნელია იზოლირებულად ყოფნა“.

ექიმი ამბობს, რომ ნაკლები ინფორმაცია ვირუსზე და ოჯახთან დიდი ხნით დაშორება, მათ მუშაობასაც ართულებს:

„ძალიან გვიჭირს ჩვენც, ჩვენც არ ვიცით რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, მთელი მსოფლიო ჯერ მისი შესწავლის რეჟიმშია. ჩვენც ვართ ადამიანები, რომლებმაც გამოვიხურეთ ოჯახის კარები და არ ვიცით, რამდენ ხანს ვერ ვნახავთ ოჯახის წევრებს და ვერ გავუზიარებთ ჩვენს განცდებს. კიდევ კარგი, რომ ამაზე ფიქრისთვის დიდი დრო არ გვრჩება.“

თეა ამბობს, რომ მერამდენე კვირაა, სამსახურიდან სახლში არ მიდის, არ ნახულობს მეგობრებს:

„იზოლირებული ვარ, ასევე ჩემი კოლეგებიც ჩვენი სამსახურიდან დასასვენებლად სახლში კი არა, სასტუმროში მივდივართ და იქაც ერთმანეთისგან იზოლირებულად ვცხოვრობთ“.

თეა სათქმელი აქვს მათთვისაც, ვინც არ დაინფიცირებულა, ეშინია და წესებს ითვალისწინებს, ან საფრთხე ჯერ გააზრებული არ აქვს:

„მე მესმის თქვენი, მესმის, რომ რთულია უცებ ყველაფერს მოწყდე, მაგრამ იმდენად გამოუცნობი სიტუაციაა, იმდენად რთული ვირუსია. აუცილებლად გამოვიჩინოთ ყურადღება. თუნდაც შიდა გადადება რომ შევზღუდოთ, აუცილებლად გვჭირდება, რომ დროებით ერთმანეთისგან აბსოლუტურად იზოლირებული ვიყოთ. დავიცვათ ერთმანეთი, ძნელი წარმოსადგენია რა ხდება შიგნით, იქ, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. არ ვიცით, ეს დაავადება როგორ წარიმართება და როდის დამძიმდება, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. როგორმე შევასრულოთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული და მალე დავამარცხოთ ეს საფრთხე“.

და როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, თეა აპირებს, რომ რაც აქამდე არ გაუკეთებია, გააკეთოს ყველაფერი, საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხარა:

„პირველ რიგში დავრწმუნდები, რომ ყველასთვის უსაფრთხო ვარ, ეს აუცილებელია. იმდენად დავიტვირთე ემოციურად, რომ ალბათ ყველაფერს გავაკეთებ – ჩემი ცხოვრების წესი შეიცვლება, ყველას ვნახავ, ყველასთან მივალ, ოჯახი უსაშველოდ მენატრება, ქალაქი, მეგობრები, ხალხი მენატრება. თუ იყო მომენტი დაღლის და რაღაცას ვერ ვაკეთებდი, ვამბობდი არ შემიძლია, ამის შემდეგ აღარ ვიტყვი, ყველაფერს შევძლებ, ყველა კარგად უნდა ვიყოთ“.

თეა დანელიამ გვთხოვა, აუცილებლად მოხვდეს მასალაში მისი მადლობა, რომელსაც ის მთელი მსოფლიოს ექიმებს უთვლის, რომლებიც ახლა, ამ წუთებში კორონავირუსისგან პაციენტების დაცვას ცდილობენ.

„ხელისუფლებას უნდა სულ არ ამოვიღოთ ხმა“ – მუსლიმი ლიდერი სუს-ში გამოკითხეს

„ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა… ხელისუფლებას უნდა, რომ გავჩუმდეთ, სულ არ ამოვიღოთ ხმა, “ – ამბობს „ბათუმელებთან“ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი. დღეს, 17 აპრილს, ის სუს-ის თანამშრომლებმა მარნეულში გამოკითხეს.

შეიხი და კიდევ რამდენიმე მუსლიმი ლიდერი სუს-ში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. საქმე მარნეულში 13 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციას ეხება. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის შეფასებით, მუსლიმი ლიდერების სუ-ში დაბარება უსაფუძვლოა.

მირტაგ ასადოვი „ბათუმელებს“ უყვება, რომ მას სუს-ში დაკითხვამდე ეგონა, სატელევიზიო გამოსვლის შესახებ ჰკითხავდნენ, სადაც მან პრემიერს შეახსენა, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და იგი თანასწორი უნდა იყოს ყველა ჯგუფისთვის, თუმცა მუსლიმ ლიდერს სუს-ში კითხვები მარნეულში გამართული საპროტესტო აქციის შესახებ დაუსვეს.

„…როცა გამოცხადდა საკარანტინე რეჟიმი, მე ვიდეო მიმართვაც გავავრცელე ფეისბუქით და მოვუწოდე ყველას სახლში დარჩენილიყვნენ, მაგრამ შემდეგ გავიდა დღეები და ისედაც მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდა, ადამიანები მოწეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ვეღარ ჰყიდდნენ, შემოსავალი აღარ ჰქონდათ. ადამიანებმა დაგეგმეს აქცია – საღამოს 9 საათზე, როცა კომენდანტის საათი დაიწყო, აივნებიდან ტაში დაუკრეს და დაუსტვინეს, ხოლო ვისაც ავტომანქანა ჰქონდა, საყვირები ჩართეს. ჩვენ ამ გზით ვცადეთ ხელისუფლების ყურადღების მიქცევა. როცა ამ აქციის შესახებ პოსტი ვნახე ფეისბუქში, მე ის კანონსაწინააღმდეგოდ არ ჩამითვლია და გავაზიარე, სულ ეს იყო…

ჩემი მოწოდება არის არა მხოლოდ რელიგიური საქმიანობა, არამედ სოციალური აქტივიზმი. კითხვები არ ყოფილა ჩემს სატელევიზიო კომენტარებზე, ან რელიგიურ საქმიანობაზე, მაგრამ ამ დაბარებას სუს-ში მივიჩნევ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად,“ – აღნიშნა მირტაგ ასადოვმა „ბათუმელებთან“.

მირტაგ ასადოვის თქმით, სუს-ში არც მარნეულის მერიის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავის შესახებ უკითხავთ, მაგრამ მუსლიმი ლიდერი თვლის, რომ ეს დაბარება ამ სარჩელსაც უკავშირდება და პრემიერის კრიტიკასაც. მირტაგს მარნეულის მერიის წინააღმდეგ სარჩელი ბოლნისის სასამართლოში შეუტანია, მერიიდან მარნეულის ეპარქიის დაფინანსების გამო, რასაც ის დისკრიმინაციად მიიჩნევს.

„მე რელიგიური უფლებებისთვის ვიბრძვი წლებია… არ ვიცი, როგორ დამთავრდება ამ საქმის გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაგვიდენია. პირიქით, ადგილობრივი ხელისუფლება შეშინდა, ლიდერის გარეშე ამ მასშტაბის აქცია რომ მოეწყო და მეორე დღეს ადამიანები უსამართლოდ დააჯარიმეს, თითოს კარანტინის პირობები დაარღვიეს… “ – დასძინა მირტაგ ასადოვმა.

როდის დაიწყება შეჩერებული საარსებო შემწეობების გაცემა

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საარსებო შემწეობას მიიღებს ყველა ის ოჯახი, ვისაც 1-ლი იანვრიდან დღემდე პერიოდში შეჩერებული ჰქონდა ამ დახმარების მიღება.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ასეთ ოჯახებს შემწეობა აპრილის დასაწყისში უნდა მიეღოთ, ბევრმა ოჯახმა ის დღემდე ვერ მიიღო:

სააგენტოში დღეს, 17 აპრილს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ოჯახებს, რომლებსაც ამ პერიოდში შეჩერებული ჰქონდათ შემწეობის გაცემა და მასთან არ მისულან სოციალური აგენტები, აღუდგათ გაცემა და იანვარ-თებერვლის შემწეობები უკვე დაერიცხათ.

„რაც შეეხება ისეთ ოჯახებს, რომლებსაც შეჩერებული ჰქონდათ შემწეობა, მაგრამ მათთან იმყოფებოდნენ აგენტები, ეს ოჯახებიც აუცილებლად მიიღებენ ამ შემწეობას, თუმცა, ისინი  განაცდურს [მაგალითად მარტის და აპრილის თვისას] აიღებენ [ჩაერიცხებათ] მაისის თვეში“, – გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.

რას ამბობს კანონი:

მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებზე სააგენტომ უწყვეტად უნდა გააგრძელოს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემა, მათ შორის იმ ოჯახებზეც, რომლებსაც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან შეჩერებული ჰქონდათ შემწეობის მიღება.

ამასთან, მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამ ნორმის საფუძველზე გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვლება ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარება უკან დაბრუნებას.

დადგენილების მიხედვით, შემწეობა უნდა მიიღოს ყველამ, „მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ“.

ასეთ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა) საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლისა, რა დროსაც კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით:

გარდაცვალებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან; სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია მომდევნო თვიდან); ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან.

მთავრობის ახალი დადგენილებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს არ აქვს უფლება შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი არ დარეგისტრირდა „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge. შესაბამისად, სარეიტინგო ქულის მინიჭება უნდა განხორციელდეს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების შესაბამისად. ამ პირობის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 1-ლი მარტიდან;

სააგენტოს ასევე არ აქვს უფლება შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, თუ ოჯახის მიერ დარღვეულია შემდეგი ვალდებულება – „ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში; გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას ან ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე.

ასევე:

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის [2014 წლის 31 მარტის №262] დადგენილების ფარგლებში, სააგენტო არ განახორციელებს ამ პროგრამის ბენეფიციარი ოჯახების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმებას (ბენეფიციარების ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით) და ფულადი დახმარება გაიცემა ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით.

ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია, იმ ოჯახებს, რომელთაც თებერვლის ჩათვლით ერიცხებოდათ ფულადი დახმარება და მარტში შეუჩერდათ დახმარების გაცემა, გაუგრძელოს თანხის გაცემა მიმდინარე წლის აპრილიდან და აუნაზღაუროს მარტის მიუღებელი თანხა, გარდა ამ პროგრამის ფარგლებში დადგენილი გამონაკლისებისა.

სააგენტო უფლებამოსილია ასევე, ამ პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის სანაცვლოდ ეკვივალენტურ დოკუმენტად მიიჩნიოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემები.

რატომ აქვთ მართლმადიდებელ მღვდლებს მანქანით მოძრაობის უფლება და სხვებს არა – დისკრიმინაცია

საქართველოს საპატრიარქომ დღეს დილიდანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მღვდლებს, სტიქაროსნებსა და მგალობლებს, შეზღუდვების მიუხედავად, ავტომანქანით გადაადგილების უფლება ექნებათ. არადა მთავრობის განკარგულებაში მსგავსი ჩანაწერი სასულიერო პირებთან დაკავშირებით არ გვხვდება.

დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისთვის დაწესებულ (თუ თვითაღიარებულ) პრივილეგიებს ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, სადაც ის ხელისუფლების დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობს.

„ახლა გავიგეთ, რომ თურმე არსებობს სპეციალური საშვები, რომლითაც შესაძლებელია ქალაქში გადაადგილება. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების სერიოზული დაცინვა და სახელმწიფო ძალიან ბინძურ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს.

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებავ, ამ ქვეყანაში არ არის მხოლოდ ერთადერთი რელიგიური თემი და დღევანდელი დღე არა მხოლოდ ერთი კონკრეტული რელიგიური თემისთვის მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული, თუ შეიძლება კეთილი ინებეთ და როგორც სეკულარულ, დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლება შეეფერება ისე იმოქმედეთ“, – ამბობს რუსუდან გოცირიძე ვიდეოში.

„ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია სპეციალური საშვთან დაკავშირებით ან ხომ არ მიიღო მთავრობისგან რაიმე ოფიციალური დასტური იმაზე, რომ მას, როგორც სასულიერო პირს, მართლმადიდებელი მღვდლების მსგავსად შეუძლია თავისუფალი გადაადგილება ქალაქში?  რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ – არა.

„ახლა რომც მომცენ ავტომანქანით გადაადგილების უფლება, უკვე ისედაც დისკრიმინაციულია, რადგან საპატრიარქომ მანამდე გამოაცხადა ეს, სანამ მთავრობა იტყოდა რაიმეს. შესაძლოა ეს შეთანხმება მანამდე იყო ან ჯერ საპატრიარქომ გამოაცხადა და შემდეგ მიყვნენ მის ნათქვამს.  არცერთი ვერსია არ არის ჯანსაღი. ამ ეტაპზე უკვე არ არსებობს თანაბარი მიდგომა და ეს ძალიან ცუდია“, – გვეუბნება რუსუდან გოცირიძე.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ისევ კანონმორჩილ მოქალაქეებს აწვება და არა იმ ჯგუფს, ვის გამოც საჭირო გახდა დამატებითი ზომების მიღება.

„იმიტომ ვბრაზობ, რომ ვის გამოც მე დღეს ფეხით ვიარე წერეთლის ქუჩიდან სოფელ დიღმამდე, ისინი მაინც მანქანებით დადიან და მე, რომელიც ვემორჩილები კანონს და ყველა რეგულაციას ვიცავ მკაცრად, მე მომიწია ფეხით სიარული და ასე მოუწევს ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს“, – გვეუბნება ეპისკოპოსი.

„ბათუმელები“ სხვა ევანგელური ეკლესიების სასულიერო პირებსაც ესაუბრა. მაგალითად, ბათუმის პროტესტანტული ეკლესიის პასტორი ვარლამ რამიშვილიც ამბობს, რომ ავტომანქანით გადაადგილების ნებართვაზე დაზუსტებული ინფორმაცია არც მას აქვს. „რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ელაპარაკა ერთ-ერთი პასტორი და როგორც უთხრეს, ახლა მიდის მსჯელობა მაგ საკითხზეო. უთხრეს, თუ მღვდლებს მიეცემა უფლება, ყველა რელიგიის მსახურს მიეცემა ნებართვაო“, – ამბობს ვარლამ რამიშვილი.

„ბათუმელები“ ასევე ესაუბრა საქართველოს მუფთს ადამ შანთაძეს, რომელიც ამბობს, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტო მათ მთავრობასთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

„გვეტყვიან, როცა დაიშვება საშვები ჩვენთვისაც. როგორც მითხრეს, შუამდგომლობაზე მუშაობენ“, – ამბობს ადამ შანთაძე.

კითხვაზე, გადაადგილდება თუ არა თავად ავტომანქანით ქალაქში, ადამ შანთაძე ამბობს, რომ საშვს ელოდება. „როგორც ვიცით, სასულიერო პირებზე ყველაზე ვრცელდება დაშვება“, – გვეუბნება მუფთი.

მოექცა თუ არა ხელისუფლება სხვა რელიგიური დენომინაციების სასულიერო პირებს დისკრიმინაციულად, ან უნდა დაეშვა თუ არა სახელმწიფოს გამონაკლისი სასულიერო პირებთან დაკავშირებით? – ამ კითხვით სახალხო დამცველსაც მივმართეთ. ომბუდსმენის აპარატში გვპასუხობენ, რომ ჩამონათვალში, სადაც მითითებულია, ვის შეუძლია შეუფერხებლად გადაადგილება ავტომანქანით, არსად წერია რელიგიური ორგანიზაციები ან სასულიერო პირები. „ამიტომ არ ვიცით, რის საფუძველზე გადაადგილდებიან სასულიერო პირები“.

„ბათუმელები“ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე საათია ცდილობს კომენტარის მიღებას საქართველოს მთავრობისგანაც, თუმცა მთავრობის პრესსამსახურში ზარებს არ პასუხობენ.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ სამართლებრივი პროგრამის ხელმძღვანელის მაკო ღავთაძის შეფასებით, მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის ავტომობილით გადაადგილების უფლება არა მარტო დისკრიმინაციულია სხვა რელიგიური სასულიერო პირების მიმართ, არამედ ყველა იმ მოქალაქის მიმართ, ვინც სოციალური პრობლემების და სხვა კრიზისების მიუხედავად, ემორჩილება საგანგებო წესებს.

„როგორც საპატრიარქოში ამბობენ, სატელეფონო ზარით მოაგვარეს გადაადგილების საკითხი. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს და საპატრიარქოს ურთიერთობა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.

ეს წრე – სასულიერო პირებით, სტიქაროსნებით, მგალობლებით ძალიან დიდი იქნება ალბათ, ამიტომ ბუნდოვანია, როგორ შეათანხმეს ამდენი ადამიანის გადაადგილება სახელმწიფოსთან. ან რა საჭიროება დგას იმის, რომ სასულიერო პირები ავტომანქანებით გადაადგილდებიან? რა ლოგიკა იყო ამ შეზღუდვაში, თუკი ამდენი ადამიანი იმოძრავებდა ქუჩაში“, – ამბობს მაკო ღავთაძე.

მისი თქმით, შეზღუდვას რაიმე შედეგი უნდა მოჰყვეს, ხალხი კი ამას ვერ ხედავს.

„ორი პარალელური სამყარო არსებობს. ერთში, ადამიანები საღი აზრიდან გამომდინარე ამ შეზღუდვებს ემორჩილებიან, მეორე სამყაროში კი კორუფციული გარიგება და ვაჭრობაა საპატრიარქოსთან. ამ ყველაფრის მსხვერპლი არიან ის ადამიანები, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, ყველაზე დიდი ეკონომიკური და ფინანსური ზიანი მიადგათ“, – ამბობს ღავთაძე.

მისი შეფასებით, მაშინ, როცა ამდენი პრივილეგიების ფონზე სასულიერო პირებისგან აშკარა მუქარა მოდის და კანონის იგნორირება, სახელმწიფო ზეწოლის მსხვერპლი მაინც რელიგიური უმცირესობები არიან.

ქვეყანაში კორონავირუსის მზარდი შემთხვევების გამო, მთავრობამ დამატებითი შეზღუდვები დღეს 12:00 საათიდან აამოქმედა. ახალი წესები მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილებას სრულად ზღუდავს. იმ ავტომანქანების ჩამონათვალში, რომელსაც  გადაადგილების შეუზღუდავი უფლება აქვს, არ არის მითითებული სასულიერო პირები.

დამატებითი შეზღუდვა ასევე ავალდებულებს ყველა მოქალაქეს საჯარო სივრცეში ატაროს პირბადე, რასაც მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ნაწილი არ ემორჩილება.

___

მთავარი ფოტო: საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

ბათუმი მანქანების გარეშე [ფოტო]

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ  21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს.

საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ავტომანქანებისგან დაცარიელდა ბათუმიც. ქუჩებში ხალხი ძირითადად ველოსიპედით და ფეხით გადაადგილდება.

ჭავჭავაძის ქუჩა, ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი\ბათუმელები 17.04.2020
იმ ფონზე, როცა მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობები აკრძალულია ე.წ. დელივერი სერვისი რჩება ერთადერთ სერვისად, რომლითაც შეგიძლიათ გამოიძახოთ სურსათი ან სამედიცინო პროდუქტი, ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი\ბათუმელები 17.04.2020
გორგილაძის ქუჩა, ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი\ბათუმელები 17.04.2020
თბილისის მოედანი, ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი\ბათუმელები 17.04.2020
ასე გამოიყურება ხელვაჩაური სარფის გამყოფი წრიული. ჩვეულებრივ ეს ყველაზე გადატვირთული ნაწილია გზის ამ მონაკვეთზე, ბათუმი. ფოტო: მარიამ მუთიძე\ბათუმელები 17.04.2020
ავტომობილებისგან განსხვავებით, აკრძალვა არ მოქმედებს მოტოციკლეტებზე, მოპედებსა და სკუტერებზე  ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი\ბათუმელები 17.04.2020
ვაჟა-ფშაველას ქუჩა, ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი\ბათუმელები 17.04.2020
ავტომანქანების აკრძალვის შემდეგ ალტერნატიულ ტრანსპორტად ველოსიპედი იქცა, ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი\ბათუმელები 17.04.2020
ფოტო: მარიამ მუთიძე\ბათუმელები 17.04.2020
აბუსერიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთა, ბათუმი. ფოტო: მარიამ მუთიძე\ბათუმელები 17.04.2020
ჭავჭავაძის ქუჩა, ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი\ბათუმელები 17.04.2020

აჭარაში ოთხმა პაციენტმა შესაძლოა მკურნალობის გარეშე დაძლია Covid-19 – ინტერვიუ

აჭარაში, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული ოთხი ადამიანის სწრაფი, ანტისხეულების ტესტის შედეგები დადებითია, თუმცა ოქროს სტანდარტად მიჩნეული PCR ტესტის პასუხი, რომლითაც დგინდება აქვს თუ არა ადამიანს ახალი კორონავირუსი – უარყოფითი. რაზე მიუთითებს ეს? რატომ არის ტესტების პასუხებს შორის განსხვავება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ნინო ნიჟარაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნინო, რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, რას ნიშნავს ანტისხეულების აღმოჩენა?

ანტისხეულები კორონავირუსთან მიმართებაში არის ორი სახის: G და M. M ნიშნავს მწვავე დაავადებას, G – ქრონიკულ დაავადებას. კლინიკა „მედალფაში“ წევს პაციენტი, რომელიც არის G და M-ით დადებითი, თუმცა PCR-დიაგნოსტიკით ის არის უარყოფითი, ანუ მას ახლა დაავადება არ აღენიშნება. მაგრამ რადგან პაციენტი სწრაფი ტესტით დადებითია, არის მოსაზრება, რომ ამ პაციენტს აქვს უფრო ხანდაზმული დაავადება, უკვე გადატანილი. ის ახლა კორონავირუსის მწვავე ფაზაში არ იმყოფება, მაგრამ ვინაიდან აქვს პნევმონია, წევს საავადმყოფოში და მკურნალობს.

გარდა ამისა, გვყავს კიდევ სამი პაციენტი, რომელთაც სწრაფი ტესტით მსგავსი შედეგი აქვთ, მაგრამ PCR-ტესტით, რაც არის კონფირმაციისთვის მოწოდებული, უარყოფითი შედეგი აღენიშნებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პაციენტებს მწვავე დაავადება ამ ეტაპზე არ აქვთ, თუმცა გარკვეულ ეტაპზე დაავადების გამოხატულება ჰქონდათ, იმუნური პასუხი სახეზეა, რაც არის ანტისხეულების კვლევის შედეგი, მაგრამ ამ პაციენტებს ახლა არც პნევმონია აქვთ, არც რაიმე ჩივილები, ამიტომ ისინი მხოლოდ ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან საკარანტინე სივრცეში.

რაც შეეხება ანტისხეულების დადებითობას. ნებისმიერი ინფექციური დაავადების ეპიდემური პროცესის დროს, მოსახლეობაში არის ერთეული შემთხვევები პაციენტებისა, რომლებიც არიან G ანტისხეულების მატარებლები. მათ არც ამ ეტაპზე, არც ადრე დაავადების განსაკუთრებული გამოვლენა არ ჰქონიათ, ვერ მიაქციეს ყურადღება ან არ იყო დაავადება კარგად გამოხატული და მსუბუქად გადაიარეს ეს ფაზა. ეს ყველა ინფექციურ დაავადებას ახასიათებს და მათ შორის კორონავირუსსაც, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე შემთხვევაზე, ესე იგი ეს არის კარგად კონტროლირებადი პროცესი, ასეთმა შემთხვევებმა შეიძლება მოიმატოს, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ ყველა შემთხვევა მაქსიმალურად დროულად გამოვავლინოთ იმ ფაზაში, როცა ის საინტერესოა გადამდებლობის თვალსაზრისით და მაშინვე გავაკეთოთ მათი იზოლაცია და მკურნალობა.

სავარაუდო შემთხვევა [როცა  COVID-19-ზე ტესტირებისას არის გაურკვეველი შედეგი] – ასე ხდება მსგავსი შემთხვევების დეფინიცია ეპიდემიოლოგიაში. არის კიდე ორი განსაზღვრება – ლაბორატორიულად დადასტურებული, როცა PCR-კვლევით გვაქვს დადებითი პასუხი და, ასევე, შესაძლო შემთხვევა – ანუ როცა პაციენტს ჩივილები [სიმპტომები] აქვს და კვლევა ჯერ არ ჩატარებულა.

  • კორონავირუსის დიაგნოზის დასმისას გადამწყვეტი არის PCR -ტესტი?

დიახ და ამ ტესტის პასუხი ამ ადამიანებთან მიმართებაში არის უარყოფითი.

  • ანუ ამ 4 შემთხვევაში ეს ადამიანები არ მკურნალობენ კორონავირუსზე?

დიახ, არ მკურნალობენ. ეს ადამიანები არ შედიან იმ საერთო სტატისტიკაში, რომელიც საქართველოშია stop.gov.ge-ზე მითითებული, რადგან ეს არ გახლავთ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები.

  • რით აიხსნება ის, რომ სწრაფ ტესტზე პასუხი დადებითია და PCR კვლევით – უარყოფითი?

G ანტისხეულებს გვიჩვენებს სწრაფი ტესტი. ცხვირ-ხახის ნაცხის ანალიზით PCR-კვლევა გვიჩვენებს, რომ ადამიანს ახლა აქვს კორონავირუსის მწვავე ფაზა და ეს პროცესი არის ლოკალიზებული ცხვირ-ხახაში, რესპირატორულ ტრაქტში… ამ შემთხვევაში [ოთხი ადამიანის შემთხვევაში] უარყოფითი PCR ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს დაავადების მწვავე ფაზა არ აქვთ. ანტისხეულების ქონა არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია იმაზე, რომ მან ეს პროცესი უკვე გადაიარა.

  • გერმანელი სპეციალისტები ამბობენ, რომ ანტისხეულების ტესტების დადებითი შედეგი შეიძლება მიუთითებს იმასაც, რომ ადამიანს გადატანილი აქვს კორონავირუსების ჯგუფის სხვა ვირუსი და არა ახალი Covid 19 [მოსაზრების ავტორია ქრისტიან დრსტენი, SARS-ვირუსის თანააღმომჩენი, „შარიტეს“ პროფესორი]. ეს შესაძლებელია?

შესაძლოა. ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს, ეს ერთ-ერთი მოსაზრებაა, მაგრამ, რადგან ვირუსი ახალია, ტესტები ახალია, ამ ყველაფერზე კლინიკური კვლევა და დაკვირვება ახლა მიმდინარეობს. სავარაუდო შემთხვევებზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ეპიდემიოლოგებს შორისაც. ჯერ ხდება დაკვირვება ვირუსზე და ტესტებზე. ჩვენ ვართ დაკვირვების ეტაპზე, ერთად ვსწავლობთ ყველაფერს იმ პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც აქვს მსოფლიოს, ჩინეთს, ევროპის რეგიონს, ჩვენს ქვეყანას.

  • როგორც კი კორონავირუსმა გავრცელება დაიწყო, ბევრი ადამიანი გამოჩნდა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ჰქონდა ეს სიმპტომები იანვარსა და თებერვალში, სანამ ახალი კორონავირუსის პანდემია დადასტურდებოდა.

დიახ, ჩვენ რამდენიმე გავტესტეთ კიდეც და ყველა უარყოფითია. ყველა მინდა დავარწმუნო, იანვარში რომ მართლა ყოფილიყო კორონავირუსი, დღეს ჩვენ გვექნებოდა ძალიან ცუდი სურათი. წარმოიდგინეთ, როგორი სურათი მივიღეთ ათი დღის განმავლობაში ქობულეთში. იანვარში, თუნდაც ბათუმში რომ ყოფილიყო ეს, გვექნებოდა ინციდენტობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ამიტომ მოსახლეობას მინდა ვუთხრა, მათ ნამდვილად არ ჰქონდათ კორონავირუსი იანვრის თვეში.

  • ეპიდემიოლოგები ამ ვერსიას სერიოზულად არ განიხილავენ?

არა, რა თქმა უნდა. ათი დღის წინ და ორი კვირის წინ ოთხმა შემთხვევამ მოიტანა სამი ათეული შემთხვევა რეგიონში. ეს რომ იანვარში ყოფილიყო, დღეს ჩვენ გვექნებოდა უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი.

  • თუმცა მაშინ არ ხდებოდა კვლევა [ტესტირება] და არ არსებობდა ეჭვი ახალ ვირუსზე.

ვერ დამალავდა თავს. პნევმონიები და გრიპისმაგვარი დაავადებები მოიმატებდა ელემენტარულად. ასეთ დროს არ შეიძლება არ მოიმატოს არც გრიპმა, არც რესპირატორულმა დაავადებამ, არც პნევმონიების რაოდენობამ. ასე მარტივად ხალხი ვერ მორჩება.

იანვარში არაფრის მატება არ გვქონდა ჩვენ, გარდა სეზონური დაავადებების დამახასიათებელი მატებისა. მსგავსი უჩვეულო მატება რომ ყოფილიყო, ეს აუცილებლად მოექცეოდა ყურადღების ცენტრში.

  • თქვენ აღნიშნეთ, რომ რამდენიმე ასეთ ადამიანს ჩაუტარეთ კვლევა. რამდენ ადამიანზეა საუბარი?

ერთეულ შემთხვევებზე, 2-3 ადამიანზე. კვლევა ჩატარდა არა იმიტომ, რომ მათ იანვარში ჰქონდათ მსგავსი სიმპტომები, არამედ იმიტომ, რომ უგრძელდებოდათ ხველა, ყელის ტკივილი და რომ გამოგვერიცხა რაიმე, ამიტომ ჩავატარეთ კვლევა.

C ჰეპატიტის პროგრამის მონაწილეებს წამალი შესაძლოა დისტანციურად მიაწოდონ

C ჰეპატიტის პროგრამის მონაწილეები მომსხურებას, დროებით, შესაძლებლობის მიხედვით, დისტანციური წესითაც მიიღებენ. პროგრამებით გათვალისწინებული მედიკამენტის გადაცემა/მიწოდება კი, შესაძლებელი იქნება განმახორციელებელი დაწესებულების მიერ შემუშავებული გამარტივებული წესითაც.

პროგრამას ახორციელებს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი, სადაც „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის რაიმე ახალი მექანიზმი ბენეფიციართა დისტანციურად მომსახურებასა თუ მედიკამენტების გაცემაზე ჯერ შემუშავებული არ აქვთ.

„ჩვენი ინფექციონისტები ძირითადად ჩართულნი არიან კოვიდ 19-ის მართვაში, ამიტომ C ჰეპატიტის პროგრამის მონაწილეები მომსხურებას ამ დროისთვისაც იმ წესით იღებენ, როგორც აქამდე იყო. მათთვის საავადმყოფოში არის ცალკე შესასვლელი“, – გვითხრეს ბათუმის ინფექციურში.

შესაბამისი ცვლილება გუშინ, 2020 წლის 16 აპრილს შევიდა, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც პროგრამას დაემატა შემდეგი მუხლი:

„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) დროს:
ა) პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის, შესაძლებლობის შესაბამისად, სერვისების მიწოდება დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს დისტანციური წესით მიმწოდებლის მიერ განმახორციელებელ დაწესებულებასთან შეთანხმებული ფორმატით;
ბ) პროგრამის ბენეფიციარებზე (მ.შ. იზოლაციაში (კარანტინი/თვითიზოლაცია) მყოფებზე) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მედიკამენტის გადაცემა/მიწოდება, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს განმახორციელებელი დაწესებულების მიერ შემუშავებული გამარტივებული მექანიზმების გამოყენებით.“.

ეს ცვლილება 2020 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.

„თუ არ გინდა დარჩე რეანიმაციაში, დარჩი სახლში“ – ექიმების მიმართვა ხალხს [ვიდეო]

“დარჩი სახლში, გადაარჩინე სიცოცხლე!” – ამ გზავნილის გარშემო ახალი თაობის ქართველი ექიმები გაერთიანდნენ. ვიდეომიმართვა, რომელშიც საქართველოში და უცხოეთში მომუშავე 17 ექიმი მონაწილეობს, საზოგადოებას COVID 19-ის პრევენციის მიზნით, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველო უკვე კრიზისულ ფაზაში შედის და ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, თითოეული მოქალაქის გადაწყვეტილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

გთავაზობთ ვიდეოს და მიმართვის ტექსტს:

„ექიმები გთხოვთ,
დარჩი სახლში.
ეს ეხება ყველას. შეგვეხება, მეც და შენც.
დარჩი სახლში.
ჩემი კოლეგები ინფიცირებულები არიან.
ჩემს უკან, ჩემი ოჯახია.
დარჩი სახლში.
კორონავირუსი არ არჩევს ასაკს, კანის ფერს, რელიგიას, სქესს, პროფესიას, გთხოვ დარჩი სახლში.
თქვენ, შეიძლება ვერ გრძნობდეთ, მაგრამ ავრცელებდეთ.
ამ ვირუსით ავადდებიან ბავშვებიც.
დარჩი სახლში.
ამით გაუფრთხილდი შენს თავს და შენს საყვარელ ოჯახის წევრებს.
დარჩი სახლში.
ჩვენ, ყველამ ერთად, შევაფერხეთ ვირუსის გავრცელება.
ახლა ვიწყებთ ბრძოლას სიცოცხლისათვის.
ერთადერთი წამალი სახლში დარჩენა და სოციალური იზოლაციაა.

მე არ მინდა საქართველოში ვნახო ის, რასაც ვუყურებ აქ, ამერიკაში.
ნუ ამარჩევინებ, მშობელი გადავარჩინო, თუ შვილი.
თუ არ გინდა, რომ დარჩე რეანიმაციაში, გთხოვ დარჩი სახლში.
დარჩი სახლში, გადაარჩინე სიცოცხლე!“

დარჩი სახლში, გადაარჩინე სიცოცხლე!

 

ინფიცირებულია 6 წლის ბავშვი – კიდევ ერთი შემთხვევა ქობულეთის კლასტერში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ინფიცირებულია 6 წლის ბავშვი, რომლის ოჯახის ორ წევრს, დედასა და ძმას აქამდე უკვე დაუდასტურდათ კორონავირუსი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს.

ბოლო მონაცემებით აჭარაში ქობულეთის კლასტერს უკავშირდება ინფიცირების უკვე 32 შემთხვევა. მათ შორის არიან ბავშვები.

ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. მას შემდეგ, რაც მას კორონავირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადასტურდა ახალი შემთხვევები. კორონავირუსი აღმოაჩნდათ მასთან კონტაქტში მყოფ პირებს, მათ შორის, ოჯახის წევრებს, მეზობლებს და მეზობლებთან კონტაქტში მყოფ პირებსაც.

17 აპრილის 17:30 საათის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 370 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.

გადადის თუ არა კორონავირუსი კოღოს და სხვა მწერის ნაკბენით?

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უკვე გამოჩნდნენ კოღოები და ჩნდება კითხვა, გადადის თუ არა ახალი კორონავირუსი კოღოსა ან ბუზის ნაკბენით?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, COVID-19 კოღოს ნაკბენით არ გადადის.

„ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია, ან მტკიცებულება, რომ ახალი კორონავირუსი გადადის კოღოს ნაკბენით არ არსებობს” – აცხადებს ჯანმო.

არსებობს ვირუსები, რომლებიც კოღოს ნაკბენით გადადის, მაგრამ კორონავირუსი არ არის მათ შორის. ილინოისის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის კოლეჯის, პროფილაქტიკური მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კათედრის დოცენტი უილიამ სანდერსი Time-თან განმარტავს, რომ წინა კვლევებმა სხვა ტიპის კორონავირუსებზე განსაზღვრა, რომ მწერებს, მათ შორის კოღოებსა და ბუზებს, არ შეუძლიათ მისი გავრცელება.

ამერიკის კოღოს კონტროლის ასოციაციის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი კორონავირუსი ტკიპას ნაკბენით გადადის.

„იმისთვის, რომ ვირუსი ადამიანს კოღოს ან ტკიპას ნაკბენით გადაედოს, ვირუსს უნდა შეეძლოს მწერის ორგანიზმში გამრავლება“, – წერს კოღოს კონტროლის ასოციაცია.

ახალი კორონავირუსი წარმოადგენს რესპირატორულ ვირუსს, რომელიც ვრცელდება ძირითადად იმ წვეთებით (ნერწყვი, ცხვირიდან გამონადენი), რომელსაც ინფიცირებული ადამიანი ხველის, ცემინების ან ლაპარაკის დროს გამოაფრქვევს.

ამავე თემაზე: 

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან – WHO რეკომენდაციები

რესპუბლიკურის ექთანი: ექიმები ვირუსით დაავადებულების შემდეგ რიგით პაციენტებს იღებენ

„…ექიმები, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ, მუშაობენ სხვა პაციენტებთანაც. ეს გვაშინებს და ამას არავინ ითვალისწინებს,“ – ეს ინფორმაცია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექთანმა მოგვაწოდა. ის ამ კლინიკის ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობს ექთნად და ამბობს, რომ მისი განყოფილების ექიმები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებიც არიან.

„არიან სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც გადაჰყავთ ცხელების ცენტრში ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა კორონავირუსი ჰქონდეთ. სასწრაფოს ცვლის შემდეგ ეს ექიმები ჩვენს განყოფილებებში რიგით პაციენტებს იღებენ, რისკის ქვეშ ვართ ჩვენც…“ – გვითხრა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანმა.

სამედიცინო პერსონალი, რომელიც კონკრეტულად Coivid 19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს ემსახურებიან, მუშაობენ თუ არა ჩვეულებრივ ექიმებად და აქვთ თუ არა მათ შემხებლობა სხვა პაციენტებთან, ან ექიმებთან? – კითხვით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, რომლის პრესცენტრში გვითხრეს, რომ სამედიცინო პერსონალს სხვებთან, მათ შორის, რიგით პაციენტებთან შეხება არ აქვთ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, კლინიკა „მედალფაში“, სადაც COVID 19-ით დაინფიცირებული ადამიანები მკურნალობენ, სამედიცინო პერსონალი საერთოდ აღარ მიდის სახლში და მათთვის სპეციალურად სასტუმრო დაიქირავეს. ინფექციურ საავადმყოფოში მომუშავე ექიმები კი, სხვაგან არსად მუშაობენ და ცვლის დასრულების შემდეგ ოჯახებში ბრუნდებიან.

რაც შეეხება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც ახალ შენობაში მოწყობილ ცხელების ცენტრში პაციენტების მიღება 14 აპრილიდან დაიწყეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი ორკვირიანი ცვლით მორიგეობს, 14 დღის გასვლის შემდეგ მათ ექიმების სხვა შემადგენლობა ჩაანაცვლებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტმა უარყო სასწრაფო დახმარების ექიმების ჩვეულებრივ განყოფილებაში მუშაობის შემთხვევები, თუმცა მას შემდეგ, რაც პრესცენტრს კონკრეტული სამი ექიმის ვინაობა დავუსახელეთ, გვითხრეს, რომ რესპუბლიკურის დირექტორმა ექიმები უკვე გააფრთხილა და ისინი ამავე კლინიკის ჩვეულებრივ განყოფილებაში აღარ იმუშავებენ.

ექთანი, რომელიც ჩვენ დაგვიკავშირდა, გვითხრა, რომ დღეს უკვე შეუზღუდეს სამედიცინო პერსონალს, რომელიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან მუშაობენ, რესპუბლიკურის სხვა რომელიმე განყოფილებაში მუშაობა.

მედპერსონალში 5 პირის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაზე ინფორმაცია გუშინ, 16 აპრილს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა.

ბათუმის საკათედრო ტაძარში მსახურებას პირბადეებით ესწრებიან

დღეს, 17 აპრილს, ბათუმის საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის რიტუალს მრევლი და ეკლესიის მსახურები პირბადეებით ესწრებიან. დაცულია დისტანციაც. მრევლის ნაწილი ეკლესიაში ესწრება მსახურებას, ნაწილი კი – ეკლესიის ეზოში.

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება 17 აპრილიდან გახდა სავალდებულო.

დღესვე ამოქმედდა კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც მანქანით გადაადგილებას ეხება. ეკლესიაში ამბობენ, რომ დღეს მრევლიც და სასულიერო პირებიც ტაძარში ფეხით მივიდნენ.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

„ყველაფერში შეიძლება დავინახოთ დადებითი, რადგან მედალს აქვს ორი მხარე.

დღევანდელ დღეს რომ აიკრძალა მანქანებით მიმოსვლა, მოგეხსენებათ დღეს წითელი პარასკევია, ყველაზე მძიმე დღეა წელიწადში როდესაც კაცობრიობისათვის, ჩვენი ცოდვებისათვის, მაცხოვარი იესო ქრისტე ჯვარზე იქნა გაკრული.

ჯვარცმამდე სისხლიან ჯვარს მიათრევდა ფეხით გოლგოთაზე. იერუსალიმში ესეთი ტრადიციაა, ვია დოლოროსას ეძახიან ამ გზას, ფეხით გადიან მორწმუნენი. ამაშიც მე რაღაც დადებითი ვნახე, როდესაც ფეხით მოვდიოდი ეკლესიაში უფრო მეტად ამაღლებული და სულიერი განწყობა შემექმნა“ – თქვა ჟურნალისტებთან ეპარქიის პრესსპიკერმა იოანე გორელიშვილმა.

გორელიშვილის განცხადებით ეპარქიის მღვდელმთავრებზე დაშვებულია საშვები და ისინი შეუფერხებლად შეძლებენ გადაადგილებას სამების მონასტრამდე, სადაც ღამის 12 საათზე დაიწყება სააღდგომო ლიტურგია. მსახურება აჭარის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ამავე თემაზე: 

აღდგომის ღამის წირვა მონასტრებში მრევლის გარეშე ჩატარდება – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ევანგელური ეკლესიების ალიანსის განცხადება პანდემიის დროს ღვთისმსახურებაზე

საქართველოს ევანგელური ეკლესიების ალიანსი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს ევანგელურმა ეკლესიებმა გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო და სულიერი პასუხისმგებლობა, შეცვალეს რა ღვთისმსახურების ფორმა, რაც პირდაპირ შეესაბამება უფლის მცნებებს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მთ 22:39) და: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“ (მთ 4:7)“.

„ამავე დროს აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია გარკვეული რელიგიური მოღვაწეების მხრიდან ჩვენს ამ ყოველმხრივ მართებულ საქციელზე მცირედმორწმუნეობისა თუ შიშის იარლიყის მიწებება.

შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ ეპიდემიის შესაძლო მასიურ გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ რელიგიურ მოღვაწეს, რომელმაც არ გაითვალისწინა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხე და არ დაემორჩილა მიღებულ საგანგებო წესებს.

მოვუწოდებთ მთავრობას უზრუნველყოს, მის მიერვე მიღებული საგანგებო რეჟიმის წესების აღსრულება ყველა რელიგიის მიმართებაში ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

მოვუწოდებთ აგრეთვე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მაქსიმალურად მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს – იქნება ეს ტაძრები, სამლოცველო სახლები თუ მეჩეთები – ეპიდემიის საფრთხის გადავლამდე, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში მხოლოდ ასეთი მიდგომა წარმოაჩენს წრფელ სიყვარულს ღვთისა და მოყვასისადმი“ – ნათქვამია ალიანსის განცხადებაში, რომელიც დღეს, 17 აპრილს გავრცელდა.

ბათუმში სასაფლაოები 10 დღით დაიკეტა – შეზღუდვას პოლიცია გააკონტროლებს

ბათუმის მერიის ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასაფლაოებთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება. გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდის თავიდან აცილების მიზნით იქნა მიღებული.

დღეიდან ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ყველა მუნიციპალური სასაფლაო ათი დღით დაიკეტა.

მერიის ცნობით, სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. პროცესში ასევე ჩაერთვება ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაც.

 აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას.

მღვდლებს, მგალობლებს და სტიქაროსნებს გადაადგილების უფლება ექნებათ – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიაქრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა სასულიერო პირებს და სტიქაროსნებს არ ეხებათ.

„გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ,” – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ  21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მთელი ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

ვის, როგორ და რა ტრანსპორტით შეეძლება გადაადგილება 17 აპრილიდან – მთავრობის განმარტება

ვის არ ეკრძალება ავტომანქანით გადაადგილება 17 აპრილიდან

17 აპრილის დღის 12:00 საათიდან საქართველოში იკრძალება მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით [მათ შორის მსუბუქი ავტომობილებით] გადაადგილება გარდა მოტოციკლისა.

მთავრობის დადგენილებით აღნიშნული აკრძალვა არ ეხება:

[checklist]

  •  საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;
  • სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების მიზნით გადაადგილებას;
  • ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილებას;
  • შენობების საერთო დასუფთავებისა და დეზინფექციის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
  • ფიზიკური პირის გადაადგილებას საჯარო დაწესებულებაში მისვლის მიზნით (გარდა ამავე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ფიზიკური პირისა), რაც დასტურდება საჯარო დაწესებულების მიერ მისთვის გაგზავნილი შეტყობინებით/უწყებით;
  • ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
  • ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • მიცვალებულის გადასვენების/დაკრძალვის მიზნით გადაადგილებას, ასევე სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიზნით გადაადგილებას;
  • საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“) გაწევის მიზნით გადაადგილებას;
  • სასოფლო-სამეურნეო მანქანის/ტექნიკის გადაადგილებას;
  • დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო მანქანის/ტექნიკის გადაადგილებას;
  • ევაკუატორით მომსახურების მიზნით გადაადგილებას;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;
  • მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა), ასევე წყლის/გაზის/ელექტროენერგიის/ინტერნეტის შეკეთების მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
  • საჯარო დაწესებულებების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
  • ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;
  • დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებული M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.

[/checklist]

დღეს, 17 აპრილის 12:00 საათიდან აკრძალულია ასევე სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.

[checklist]

  • ეს აკრძალვა არ ეხება სასაფლაოს ტერიტორიაზე იმ ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესვლას და გადაადგილებას, რომელიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის.

[/checklist]

ამ თემაზე:

ვის, როგორ და რა ტრანსპორტით შეეძლება გადაადგილება 17 აპრილიდან – მთავრობის განმარტება

რა მოუვა ეკონომიკას – ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა სტატისტიკა საქართველოში ყოველდღიურად  ათეულობით იზრდება, უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ გონივრულად უნდა გამოიყენოს დრო ეპიდაფეთქებამდე პროპორციული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან იგივე სიმწვავით დგას საკითხი ე.წ. მეორე ფრონტზეც. მოქმედების რა შესაძლებლობებს ხედავს ექსპერტი და როგორ აფასებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ ამ დრომდე გადადგა. ამ და სხვა კითხვებს ეკონომისტი აკაკი ცომაია პასუხობს.

  • ბატონო აკაკი, ვიდრე კონკრეტულ საკითხებს შევეხებოდეთ, ზოგადად რომ შეგვიფასოთ, რა ვითარება გვაქვს ე.წ. მეორე ფრონტზე, რომ აგვიხსნათ ვითარების სიმწვავე, მისი ხარისხი რომ გახდეს უფრო მარტივად აღქმადი?

რაც ხდება იქედან გამომდინარე, საქართველოს ვერ განვიხილავთ იზოლირებულად მსოფლიოსგან – საქართველოში იწყება ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრი შემცირება. პირველი, ცხადია, გახლავთ ტურიზმი. ტურიზმის სექტორი, ფაქტობრივად, მთლიანად გაჩერდა, ასევე მასთან ასოცირებული სექტორები – კაფეები, რესტორნები და ასე შემდეგ. უკვე გვაქვს მასშტაბური უმუშევრობა. ამასთან, თანდათან ზომები გაამკაცრეს, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა, დაიხურა თითქმის ყველა საცალო სავაჭრო ობიექტი, რამაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა. ამას დაემატა ონლაინ გაყიდვების აკრძალვა უმეტესი მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა უმუშევრობის დონე საქართველოში. ფაქტობრივად, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისის, ანუ რეცესიის ზღვარზე ვართ და არც უახლოესი მომავალი გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის შესაძლებლობას. როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ ველოდებით პიკს და უფრო მეტად მოსალოდნელია ზომების გამკაცრება, ვიდრე მათი შერბილება.

ამ ფონზე ყოველი შემდგომი დღე უფრო მძიმე იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. ყოველი მეტი დღე მოგვიტანს მეტ დანაკარგს, თანაც ეს დანაკარგი პროგრესირდება. როგორც ვირუსის გავრცელება იწყებს ზრდას, ასევე დანაკარგიც პროგრესირდება. რაც უფრო მეტ ხანს ვიქნებით გაჩერებული, უფრო მეტ და მეტ დანაკარგს იღებს საქართველოს ეკონომიკა, ეს არის რეალობა.

  • რამდენად სწორი, ეფექტური და საკმარისი იყო ხელისუფლების ნაბიჯები ამ მიმართულებით?

სხვადასხვა ტიპის აქტივობის შეზღუდვა იყო აუცილებელი, ამაზე შეგვიძლია ვიდავოთ, ყოველი შემთხვევისთვის დღის წესრიგში არ დგას ახლა საკითხი, უნდა შეგვეზღუდა თუ არა აქტივობები. დავუშვათ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. გარკვეული მოქმედებები მთავრობის მაინცა და მაინც არ არის ახსნადი. მაგალითად, კომენდანტის საათი საღამოს ცხრა საათის შემდეგ.

როდესაც რაღაცას ვზღუდავთ, ამ შეზღუდვის სარგებელი და ხარჯი უნდა შევადაროთ ერთმანეთს, ამ კონკრეტულმა შეზღუდვამ უნდა მოახდინოს რაღაცის პრევენცია. საღამოს ცხრა საათის შემდეგ შეზღუდვამ, რამდენით შეამცირა ვირუსის გავრცელების ტემპი, ეს უნდა დავითვალოთ და მეორე მხარეს დავითვალოთ პირობითად ზარალი, რომელიც შეიძლება მიეღო საზოგადოებას. ონლაინ გაყიდვების აკრძალვა მაშინ, როცა ჰიპერმარკეტებში, სუპრემარკეტებში უამრავი ადამიანი შედის დახურულ სივრცეში, რომელიც არ ნიავდება, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი, ონლაინ გაყიდვების აკრძალვამ რა სარგებელი მისცა დამატებით საზოგადოებას? – უფრო მეტად ხომ ვერ გაიზრდებოდა გავრცელების ალბათობა, ვიდრე სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში შეიძლება გაიზარდოს. ზოგადად, ონლაინ გაყიდვების სპეციფიკა არის ძალიან მცირეა კონტაქტი. ეს კონტაქტი ხდება ღია სივრცეში და მათი რაოდენობა მცირეა, ანუ გავრცელების მასშტაბი არ იყო მაღალი. ონლაინ გაყიდვების აკრძალვით ჩათვალეთ, რომ მაღაზიებს, რომლებიც ახლა დახურულია – ტექნიკის იქნება ეს თუ სხვა, აღარა აქვთ შესაძლებლობა, რომ პროდუქცია გაყიდონ, ზარალი აქ ძალიან დიდია. ანუ კიდევ უფრო მეტი უმუშევარი დაემატა, კიდევ უფრო ნაკლები ეკონომიკური აქტივობა გვაქვს. შესაბამისად, ნაკლები ტრანზაქცია სრულდება, ანუ  დანაკარგი აქ ცალსახად არის, მაგრამ გაურკვეველია ამით რა მოვიგეთ.

აგრარული ბაზრებში, რომლებიც ღია სივრცეს, ვკრძალავთ  ეკონომიკურ აქტივობას და ისევ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში ვუშვებთ. იქ არის უფრო მეტად გავრცელების რისკი, ვიდრე აგრარულ ბაზრებში, ღია სივრცეში შეიძლება იყოს? რატომ ვზღუდავთ ამ აქტივობებს? – ეს ხომ ისევ და ისევ ადამიანების შემოსავლებზე მოქმედებს. რა აზრი აქვს ამას – ამით ვახდენთ დაავადების გავრცელების პრევენციას?  მინიმალური პრევენცია და დიდი ზარალი რამდენად შეესაბამება ერთმანეთს? – ასიმეტრია გვაქვს, თითოეული მოქმედება უნდა განვიხილოთ ამ ჭრილში.

ბევრი ასეთი მოქმედება არის გაუგებარი, განსაკუთრებით, როდესაც ისეთი მკაცრი შეზღუდვები წესდება, რაც ეკონომიკურ აგენტებს მთლიანად აჩერებს. ამ დროს ძალინ დიდი რისკის კერებს, ეს არის ეკლესიებში შეკრება, სადაც ნამდვილად არსებობს დავადების გავრცელების რისკი,ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფს, მთავრობა ვერ აკონტროლებს. შესაბამისად, ფასი, რომელსაც ვიხდით – ვართ გაჩერებულები, ეკონომიკური აქტივობა დაღმასვლის გზაზეა და ეს ძალიან მწვავედ მოგხვდება, კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს სახლში გამოკეტვა, ანუ კიდევ უფრო მეტი ზარალი უნდა მივიღოთ იმის გამო, რომ ყველაზე მაღალი რისკის კერები სადაც არის, მათ მთავრობა უბრალოდ ვერ უვლის, არის ძალიან მაღალი. არ ვიცი, რა დავარქვა ამ მოქმედებას. აი, ეს მოქმედებები არის გაუგებარი და ძალიან არაეფექტური.

ცხადია, ჯობს თითოეული ჩვენგანი უფრო აქეთკენ იყოს მიმართული, ევროპაც ხომ ამაზე გადადის, ყველა მთავრობამ და საზოგადოებებმა დაინახა, რომ ამ ვირუსთან ერთად უნდა მოგვიწიოს ცხოვრება. უკვე ემზადება მსოფლიო ამისათვის და ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ ერთმანეთთან ურთიერთობების წესები, რომლებიც უნდა შეიცვალოს. ამ წესების დაცვით უნდა გაგრძელდეს  ეკონომიკური აქტივობა.

  • რამდენიმე სცენარი რომ განვიხილოთ, თუ კრიზისი ზაფხულის განმავლობაში ან შემდეგაც გაგრძელდა, რა შეიძლება მივიღოთ? – თუ ზაფხულში შესუსტდა ვირუსის გავრცელება და შესაძლებელი გახდა შეზღუდვების მოხსნა, მაშინ რას მივიღებთ?

გრძელვადიანი პერიოდიც საკმაოდ არასახარბიელო ჩანს მოცემულ მომენტში საქართველოსთვის – ჩვენი ეკონომიკის სექტორული განვითარება იყო ისეთნაირად მოწყობილი, რომ მეხუთედი შემოსავლებისა მოდიოდა ტურიზმზე. სავარაუდოდ, ტურიზმი ასე სწრაფად ვერ აღდგება მთელი მსოფლიო რომც გაიხსნას, ისეთი გახდეს, როგორიც იყო პანდემიამდე. ტურისტები ვერ დაიწყებენ ასე სწრაფად სიარულს, საქართველო ვერ მიიღებს ტურისტების იმ ნაკადს, რასაც იღებდა ადრე. ამას დრო სჭირდება, ადამიანები ჯერ ფეხზე უნდა წამოდგნენ, ეკონომიური შემოსავლები უნდა ჰქონდეთ, დანაზოგები უნდა შექმნან, ამას ალბათ დასჭირდება წლები. ამიტომ ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ზრდის იმავე ტემპს და თუ ტურიზმი ვერ დაბრუნდება ზრდის ტემპს, ეს ნიშნავს, რომ მშენებლობა, რომელიც იყო ნაწილობრივ დამოკიდებული ტურიზმის ზრდის ტემპზე, იმავე ტემპით ვეღარ გაიზრდება, ტრანსპორტი, რომელიც ასევე დამოკიდებული იყო ტურიზმის ზრდის ტემპზე, იმავე ტემპით ვერ გაიზრდება. ანუ ჩვენი ეკონომიკა უფრო დაბალი ტემპით დაიწყებს  განვითარებას, ჩვენ დაგვაკლდება შემოსავლები და კიდევ უფრო მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამიტომ საჭიროა რაღაც ახალი ძრავა, ლოკომოტივი, ინვესტიცია, რომელმაც ეს ქვეყანა უნდა გაიყვანოს გლობალურ ბაზარზე.

ეს ინვესტიცია შეიძლებოდა ყოფილიყო თუნდაც ანაკლიის პორტი, ის იყო კარგი ტრამპლინი ამ მიმართულებით. ერთგვარი ტრამპლინი იქნებოდა იმისათვის, რომ რაღაცა ახალი მიმართულება, ახალი გეზი მიგვეცა, საერთაშორისო ბაზარზე ახალი ადგილი დაგვემკვიდრებინა. მთავრობა ამ მიმართულებითაც დუმს. თუ ჩუმად მუშაობს და სიურპრიზსს გვიმზადებს, არ ვიცი, მაგრამ მე ამის იმედი ნამდვილად არა მაქვს. ეს მატარებელი ჩაივლის, ანუ გაივლის ეს შესაძლებლობა, ცხადია, დაიკარგება და მერე ძალიან რთული იქნება ათვისებულ ბაზარზე შესვლა. ანაკლიის პორტს ჰყავდა საკმაოდ კარგი ინვესტორები, სერიოზული კორპორაციები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ. მათ უარი უთხრა და ახლა რთული იქნება ელაპარაკო მსხვილ ინვესტორებს, რომ საქართველოში რამე გააკეთონ. იმისათვის, რომ ეს ინვესტიცია მოიზიდო, უნდა გქონდეს დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა, სამართლიანი სასამართლო და გამართული სასამართლო პროცესი. ამისთვის არ არის მზად ეს ქვეყანა. შესაბამისად, უშვებს შანსს, რომ გახდეს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაგალითი.

  • რა შეიძლება დაემართოს ამ პერიოდში ლარს?

პროგნოზი შეუძლებელია. სცენარი ბევრნაირი შეიძლება იყოს, შემიძლია ისეთი სცენარიც გითხრათ, რომ ლარი გამყარდეს, მოთხოვნა ბაზარზე მცირდება, ყველაფერი გაჩერებულია, არაფერი აღარ იყიდება. შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა არ არის და ლარი მყარდება. სცენარი მეორე: მთელი მსოფლიო ყიდულობს დოლარს, რადგან სურს დაარეზერვოს თავისი დანაზოგი დოლარში. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი ქვეყნების ვალუტები უფასურდება და ეს გამოიწვევს ანალოგიურ ტალღას საქართველოში. ვისაც აქვს დანაზოგები ლარში, გადაიყვანენ დოლარში, რაც გამოიწვევს ლარის გაუფასურებას. ვთქვათ, უცხოური ვალუტის შემოდინების კლებამ დაასწროს იმპორტს, ანუ აღმოჩნდეს, რომ დოლარის მიწოდება შემცირდა, ეს გამოიწვევს დოლარის დეფიციტს, რაც ასევე გამოიწვევს ლარის გაუფასურებას, ანუ  ყველაფერია მოსალოდნელი – შეიძლება ლარი გამყარდეს, შეიძლება გაუფასურდეს. ჯერჯერობით, ლარი სტაბილურია და ასე თუ გაგრძელდა შეიძლება უფრო მეტად გამყარდეს, ვიდრე გაუფასურდეს.

  • ბიზნეს-ჯგუფებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები მთავრობისთვის, რაც გულისხმობს რიგი გადასახადების [საშემოსავლო და ქონების გადასახადების, საპენსიო შენატანის] შეჩერებას 6 თვით და დღგ-ს გადახდის გადავადებას პროდუქციის განბაჟებიდან მისი რეალიზაციის ეტაპამდე – რას იტყვით ამაზე? ასეთ შემთხვევაში წლის ბოლოს ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი დააკლდება?

ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ივსება არა მცირე და საშუალო ბიზნესით, არამედ მსხვილი ბიზნესით. დიდი კომპანიები ასე თუ ისე აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. ცხადია, ბიუჯეტის შემოსავალს დააკლდება რაღაცა თანხა და საშემოსავლო ნაწილი ვერ შესრულდება. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ამ ორმილიარდიან დახმარებაზე, სინამდვილეში ეს არის არა დახმარება – ჩვენ ასე გვაწვდიან, ასე ფუთავენ თითქოს ორი მილიარდი ლარი იდება ეკონომიკაში – ეს არის გადავადება. ამ ორ მილიარდში საბანკო სექტორის ვალების გადავადებაც ითვლება. ამ შემთხვევაში დახმარება გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ კრიზისის პერიოდში გვეძლევა შესაძლებლობა, ხელში დავიჭიროთ ლიკვიდობა, ფულის ქრონიკული დეფიციტის მდგომარეობაში რომ  არ აღმოვჩნდეთ. საბანკო კრედიტების გადავადებაც ამის მაგალითია. გადასახადის გადავადებაც ამის მაგალითია, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ ხომ უნდა გადავიხადოთ ის გადასახადები, რომლებიც გადავადდა, იმასთან ერთად, რაც დამატებით დაირიცხება. ანუ აქ კერძო სექტორში ფულის ჩატოვებაზე არ არის საუბარი. ეს არის ამ ექვსი თვის განმავლობაში ლიკვიდობის მართვის, შერბილების მცდელობა. ერთადერთი, რაც დარჩა კერძო სექტორში არის ის, რომ მთავრობამ კომუნალური გადასახადები დაგვისუფსიდირა კონკრეტულ ჯგუფს.

  • რამდენად შეიძლება ასეთ ვითარებაში საერთაშორისო დახმარების იმედი გვქონდეს, როცა ყველაგან კრიზისია?

იმ პირობებში, როგორშიც არის მსოფლიო დღეს, საქართველოს საკმაოდ სოლიდური დახმარება ექნება. ყოველ შემთხვევაში ცნობილია, რომ 1.5 მილიარდი დოლარი ფინანსურ სექტორს მოხმარდება საჭიროების შემთხვევაში. თუ ფინანსურ სექტორს შეექმნა ლიკვიდობის პრობლემა, მაგალითად მოხდება ისე, რომ გადავადების შემდეგაც ადამიანები ვერ აბრუნებენ კრედიტებს და ფინანსურ სექტორს არ აქვს უკვე საკმარისი ვალუტა, რომ დააკმაყოფილოს კლიენტის მოთხოვნები.  ფინანსური სექტორი ამ ვალდებულებებს ვერ გადაავადებს, ლიკვიდობა, რომელიც უნდა ჰქონდეს მისი მდგრადობისთვის, ეს აუცილებელია და თუ ფინანსურ სექტორს გაუჭირდება, მაშინ ამისთვის მზადყოფნა არსებობს. მეორე მხრივ არის სავალუტო ფონდის 87 მილიონი, რომლის ნაწილიც ეროვნულ ბანკში შევა რეზერვის სახით. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა შეძლოს ცეცხლის ჩაქრობა დოლარის დეფიციტის შემთხვევაში, რაც იმიტომ არის მოსალოდნელი, რომ ტურიზმი გაჩერებულია და ფულადი გზავნილები მკვეთრად შემცირდება.

  • აერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4%-ით შემცირდება, ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ს 8.5%-მდე გაიზრდება. ეს რას ნიშნავს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის?

ეს პროგნოზები არაფერს ნიშნავს, ჯერ ერთი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთული საკითხია, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას, სავალუტო ფონდი იქნება ეს თუ სხვა. ძალიან ბევრი სცენარი გაქვს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ამ მოვლენების განვითარების შესაძლო ალბათობებს ადგენ და ამ ალბათობების მიხედვით ითვლი კონკრეტულ მაჩვენებლებს. ამის მიხედვით გამოგყავს გრაფიკები და შემდეგ იღებ გამოსახულებას. ეს არ ნიშნავს, რომ რეალობაც ასეთი იქნება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. სულ მცირე უნდა ვიცოდეთ, როდის მორჩება მსოფლიო სახლში ჯდომას და დაიწყებს მუშაობას. მანამდე შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპი. ეს პროგნოზი მე, პირადად, არაფერს მეუბნება, პირიქით ვვარაუდობ, რომ უფრო მაღალი იქნება რეცესია, ვიდრე სავალუტო ფონდი პროგნოზირებს. ვგრძნობ, რომ 10 მაისს არ დასრულდება კარანტინი და კიდევ გაგრძელდება.

ჩვენთან შემოსავლები ასიმეტრიულად არის გადანაწილებული, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ. არ ვიცი რატომ მოხდა ასე, მაგრამ საზოგადოებაში გამოიკვეთა ძალიან მდიდარი ადამიანები და ეს ადამიანები განსაკუთრებით გამდიდრდნენ ბოლო პერიოდში, კლასტერი შეიქმნა [მოდაშია ეს სიტყვა], რომლებიც ბიუჯეტს ჭამენ. ასევე აქვთ არანორმალური ხელფასებიც, გარდა იმისა, რომ საბიუჯეტო ტენდერებში სავარაუდოდ მონაწილეობენ. არის კომპანიები, რომლებიც ამ ტენდერებს იგებენ, შემდეგ საერთო ფონდში რიცხავენ თანხებს არჩევნების წინ, შემდეგ კი ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც უგროვდებათ არანორმალური ოდენობის ქონება… საშუალო შემოსავალიც გვაქვს, რომელიც სტაბილურად იზრდებოდა ეკონომიკის კვალდაკვალ, მაგრამ გადანაწილება ძალიან არაპროპორციულია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ძალიან გაღარიბდა, მაშინ როცა მცირე ნაწილი ძალიან გამდიდრდა. ეს კიდევ უფრო მეტ მწვავე ფონს შექმნის, ანუ რეცესია ამ სურათს კიდევ უფრო დაამძიმებს. სოციალური ფონი ძალიან დამძიმდება.

  • პრემიერმა განცხადა, რომ მოიცლის ყველასთვის, ვინც თანამშრომელს ხელფასი არ გადაუხადა – ამაზეც მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. ვიცით, რომ დიდი კომპანიების უმეტესობამ მარტის ხელფასები გადაუხადა დასაქმებულებს, მაგრამ მათ არ ჰქონდათ პასუხი კითხვაზე აპრილთან დაკავშირებით, თუ შეზღუდვები გაგრძელდებოდა.

მოგაკითხავთ ყველას, ასეთი მსჯელობა, მეტყველების ასეთი სტილი პრემიერისგან, რომელიც ბიზნესს ელაპარაკება, არათუ არაეთიკურია, ძალიან საგანგაშოა. ქვეყანაში, რომელიც ამბობს, რომ კერძო საკუთრებაზე დგას [კონსტიტუციურად საზოგადოება ქმნის დოვლათს კერძო საკუთრების მეშვეობით], ელაპარაკო ბიზნესს ასეთი ენით, ეს, რა თქმა უნდა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასწორია, არც ეთიკურია. პრემიერმა იგულისხმა სამართლებრივი ასპექტი – შრომის კოდექსით როცა უშვებ ადამიანს, კომპენსაცია უნდა გადაუხადო. მაგრამ ბიზნესი არ გაჩერებულა თავისი ნებით და თავისი არასწორი გადაწყვეტილებებით, მთავრობამ გააკეთა, თქვა – თქვენ უნდა გაჩერდეთ, სახლში უნდა იჯდეთ, ეს ფორსმაჟორია. ეს ტონი და მეტყველების სტილი დაუშვებელია, მით უმეტეს ეს ის პრემიერია, რომელმაც ახალგაზრდებს თვალები დათხარა, ეს ის პრემიერია, რომელიც რევერანსებს უკეთებს საპატრიარქოს, ვერ მიუხედია ელემენტარული პრობლემისთვის და საზოგადოებისკენ იშვერს ხელს, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხიმგებლობა იმაზე, რაც ცალსახად მისი პასუხისმგებლობაა. ის ამ ლაქას ვერასოდეს ვერ მოიშორებს.

დადასტურდა კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა – სულ 370

17 აპრილის [10:20 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 370 შემთხვევა.  გუშინდელ მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი 22-ით გაიზარდა.

ინფიცირებული 370 პირიდან გამოჯანმრთელდა 77 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5079 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 558

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამავე თემაზე: 

Covid19-ის 7 ახალი შემთხვევა აჭარაში – ინფიცირებულია მედპერსონალი

ვის, როგორ და რა ტრანსპორტით შეეძლება გადაადგილება 17 აპრილიდან – მთავრობის განმარტება

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ  21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მთელი ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა დეტალური განმარტება, ახალი შეზღუდვების შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

რომელი სატრანსპორტო საშუალებით მეზღუდება გადაადგილება?

იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა.

 რომელი სატრანსპორტო საშუალებით შემიძლია გადაადგილება?

არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.

ეხება თუ არა შეზღუდვა ტაქსებს?

შეზღუდვა ეხებათ ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.

როგორ შემიძლია მოვიპოვო საშვი მანქანით გადაადგილებისთვის?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწევით დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტრო).
თუ თქვენ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 144.

ვმუშაობ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. როგორ უნდა მივიდე სამსახურამდე?

თქვენი გადაადგილება საცხოვრებლიდან სამსახურამდე და პირიქით, უნდა უზრუნველყოს თქვენმა დამსაქმებელმა.

ვარ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია. როგორ უნდა გადაადგილდნენ ჩემი თანამშრომლები სამსახურამდე?

დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება M2(მიკროავტობუსით) და M3(ავტობუსით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული ნებართვის მისაღებად, კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით მარშუტების განსაზღვრას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით.

როგორ უნდა გადავაადგილდე სამედიცინო მომსახურების მისაღებად?

სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია.

თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგ.: დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანხმლებ პირთან ერთად).

თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ.: დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.

იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე, თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება.

შემიძლია თუ არა სასურსათო პროდუქტის ან/და ფარმაცევტული პროდუქტის გამოძახება?

საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/პროდუქტის მიტანის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება დასაშვებია. შესაბამისად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. „დელივერი“ სერვისით.

შემიძლია თუ არა სასაფლაოზე წასვლა?

იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.

სასაფლაოზე შესვლა მხოლოდ ქალაქში იზღუდება, თუ ყველგან?

სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით.

პირბადის ტარების ვალდებულება რომელ დაწესებულებებში მაქვს?

პირბადის ტარების ვალდებულება გაქვთ ყველა დახურულ საჯარო სივრცეში (მაგ.: აფთიაქში, სასურსათო მაღაზიაში და სხვ.).

შემიძლია თუ არა გადაადგილება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად?

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.). სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია.

მაქვს სამსახურებრივი მიზნით ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ოჯახის წევრის ან სხვა პირის გადაყვანა?

არა. ავტოსანტრანსპორტო საშუალებით უნდა გადაადგილდეთ მხოლოდ თქვენ, სამსახურებრივი მიზნით.

მაქვს სამსახურებრივი მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა თანამშრომლის გადაყვანა ჩემი სატრანსპორტო საშუალებით?

დიახ, სამსახურებრივი მიზნით, თქვენი სატრანსპორტო საშუალებით, თანამშრომლის სამსახურში გადაყვანის უფლება გაქვთ, ავტომობილში მგზავრთა განთავსების წესების დაცვით.

ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი ზიარების კოვზზე

„ზოგადად მეცნიერებაში და მედიცინაში აუცილებელია, რომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იყოს ყველაფერი, ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, შესაბამისად, მე ამის შესახებ მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ“ – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა ზიარების კოვზი იყოს ინფექციის გადამტანი.

მინისტრმა ისაუბრა ასევე იმ რისკებზე, რაც მისი აზრით შესაძლოა დადგეს იმის გამო, რომ მოქალაქეები არ იცავენ იმ წესებს, რასაც ვირუსის პრევენციის თვალსაზრისით გაცემული რეკომენდაციები ითვალისწინებს:

„ჩვენ აუცილებლად დავდგებით კატასტროფის წინაშე, ეს წარმოადგენს იმ რეალობის ასახვას, რომლის წინაშეც ჩვენ შეიძლება დავდგეთ თუ ამ წესებს არ დავიცავთ.“

მინისტრმა აქცენტი  გააკეთა ასევე საკარანტინო სივრცეების მოწესრიგებაზე, რომლებსაც გამოიყენებენ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც დაუფიქსირდებათ კორონავირუსი, მაგრამ მათი მდგომარეობა იქნება მსუბუქი.

16 აპრილს მინისტრი აჭარაში იმყოფებოდა, ის შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, იმყოფებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ადგილზე გაეცნო ვითარებას.

Covid19-ის 7 ახალი შემთხვევა აჭარაში – ინფიცირებულია მედპერსონალი

აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ეს ის პირები არიან, რომლებიც ამ კლასტერთან დაკავშირებით საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ – ამის შესახებ 16 აპრილს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

5 ინფიცირებული კი სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალია. მინისტრმა არ დააზუსტა, უკავშირდება თუ არა ეს ხუთი შემთხვევაც ქობულეთის კლასტერს, რადგან, მისივე თქმით, ამ დეტალების დაზუსტების შემთხვევაში მედიკოსების პირადი მონაცემები გახდება ცნობილი.

„მათი თხოვნით, არ ვასახელებთ სამედიცინო პერსონალის ადგილსამყოფელს, საიდანაც ისინი არიან.

მათი ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არ იციან, მათ არ სურთ ოჯახის წევრებს დამატებით სტრესული მდგომარეობა შეუქმნან. ეს ადამიანები იყვნენ იზოლაციაში და არ ჰქონდათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მინისტრის განცხადებით, ქობულეთის კლასტერთან სულ 445 კონტაქტირებული პირია დაკავშირებული. იგი არ გამორიცხავს, რომ ამ კლასტერიდან უახლოეს დღეებში კიდევ გამოვლინდნენ ინფიცირებული პირები.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

შვიდივე პაციენტი ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ გააგრძელებს მკურნალობას. ამჟამად „მედალფაში“, ახალი შემთხვევების ჩათვლით, 37 პაციენტს მკურნალობენ ახალ კორონავირუსზე.

ქობულეთის კლასტერს კი დადასტურებულად უკვე ინფიცირების 31 შემთხვევა უკავშირდება, თუმცა, თუ კი მედპერსონალი, რომელთაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ, ამ კლასტერთან არიან კავშირში, მაშინ კლასტერი კიდევ უფრო მრავალრიცხოვანია.

ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. მას შემდეგ, რაც მას კორონავირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადასტურდა ახალი შემთხვევები. კორონავირუსი აღმოაჩნდათ მასთან კონტაქტში მყოფ პირებს, მათ შორის, ოჯახის წევრებს, მეზობლებს და მეზობლებთან კონტაქტში მყოფ პირებსაც.

მე და ჩემი მეუღლე 25 დღე ვებრძოდით Covid 19-ის ვირუსს

საფრანგეთში მცხოვრებმა სტუდენტმა, 28 წლის მარიკა მეგრელიშვილმა და მისმა მეუღლემ კორონავირუსის 2 ტალღა გადაიტანეს. მარიკამ საკუთარ გამოცდილებაზე სოციალურ ქსელშიც დაწერა და „ბათუმელებთან“ 25 დღიან ავადმყოფობაზე, კარანტინის რეჟიმზე და  უკვე გადატანილ ვირუსზე საუბრობს.

„ჩემი მეუღლე საფრანგეთში კარანტინის გამოცხადებისთანავე, 16 მარტს გახდა ავად, მეორე დღეს მეც დამეწყო სიმპტომები. არ გვიფიქრია, რომ კოვიდ 19-ის ვირუსი შეგვხვდა, გვქონდა ოდნავი სისველე ცხვირის და ყელის უმნიშვნელო ტკივილი. ჩავთვალეთ, რომ გავცივდით და ჯანჯაფილიანი, ლიმონიანი ჩაის სმით გამოვიდოდით.

მაგრამ შუაღამისას ჩემი მეუღლის საშინლად აჩქარებულმა პულსმა გაგვაღვიძა, ხელებსა და ფეხებზე თითები დაულურჯდა, სასწრაფო გამოვიძახეთ და წაიყვანეს. ყვებოდა მხოლოდ ამერიკულ ფილმებში მაქვს მსგავსი ნანახიო: კუსტარულად დამზადებულ კომბინიზონებსა და ნიღბებში გამოწყობილი ექიმები, რადგან საფრანგეთმა ვერ უზრუნველყო ექიმთა აღჭურვა საკმარისად.

14 საათის შემდეგ გამოუშვეს, ცხვირში გაკეთებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა კოვიდ 19-ის ინფექციაზე.

საღამოს ისევ დაგვირეკეს და გვითხრეს – მხოლოდ ტესტი არ არის სანდო და დაკვირვების ქვეშ უნდა დარჩეთო.

დავკარგეთ გემოს, სუნის შეგრძნება, თავს ვაძალებდით საკვები მიგვეღო, შხაპს ვიღებდით დამჯდარი, ფეხზე დგომა არ შეგვეძლო. ძალებს მხოლოდ ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვისა და კვებისთვის ვიყენებდით, სრულ დაღლილობას ვგრძნობდით. ვერც კი ვსაუბრობდით მოთენთილობისგან. ყრუდ, მთელი ძალით გვტკიოდა ტანი.

ტესტირებაზე, პარიზის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვიყავით, საშინლად გადატვირთული იყო.

25 დღე ვიყავით სრულიად უუნაროდ. როგორც აგვიხსნეს, ჩვენი ვირუსი არ იყო მიღწეული ფილტვებამდე და ამ მხრივ გაგვიმართლა.

სპეციალურ აპლიკაციას ვავსებდით სახლიდან, დიაგნოზის დასმის დღიდანვე ჩავერთეთ. გვყავდა ჩვენი ექიმი დისტანციურად. ჰოსპიტალში ვერ მოგვათავსეს, ადგილები არ იყო და რადგან სუნთქვის მსუბუქი გაძნელება გვქონდა, შინ მკურნალობა დაგვინიშნეს. კლინიკაში მიჰყავთ ისინი, ვისაც ფილტვები აღარ ეხსნება სუნთქვისას. აღარ არის რეანიმაციაში მათი ადგილებიც, საფრანგეთში რეანიმაციის 5000 საწოლი იყო სულ და ახლა ამ განყოფილებაში 7000-ზე მეტ პაციენტს მკურნალობენ.

სახლიდან ვავსებდით აპლიკაციაში ჩვენს ყოველდღიურ მონაცემებს: ტემპერატურას, ხველას, სუნთქვის სიძნელეს, ყველაფერს. ექიმი დღეში 2, 3 ჯერ გვირეკავდა, თუ საჭიროა ექიმი მოდის ბინაზე.

ჩვენ მარსელის პროტოკოლით დაგვენიშნა მკურნალობა, ანუ ანტიბიოტიკით, ამით ვირუსს არ მივეცით საშუალება ჩაეღწია ფილტვებამდე. როგორც ექიმმა გვითხრა, გაგვიმართლა და ფილტვებამდე რომ მისულიყო სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი. დაგვინიშნეს იმუნიტეტის გასაძლიერებელი ვიტამინების კომპლექსიც. ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები გრძელდებოდა 10 დღე და ავადმყოფობიდან ორი კვირის თავზე გავხდით უკეთ, მაგრამ ორი დღის შემდეგ ჩემი მეუღლე ისევ ავად გახდა და აღმოჩნდა, რომ ორივეს გვქონდა ვირუსის მეორე ტალღა. ეს ნიშნავდა, რომ კიდევ რამდენიმე დღე ვიქნებოდით ავად. გვითხრეს, რომ ასე ხშირად არ ხდება და ვირუსის მეორე ტალღა ყველას შესაძლოა არ განუვითარდეს. ზოგადად ექიმები ერიდებიან ვირუსზე კონკრეტული ინფორმაციის გაცემას. გეუბნებიან, რომ ეს არის ,,სიურპრიზებით” სავსე ვირუსი და ჯერ კიდევ არ იციან ყველაფერი მის შესახებ.

გამოჯანმრთელების შემდეგ გადავწყვიტეთ პლაზმის გაცემა, რაც ექიმებს დაეხმარება ვირუსის წინააღმდეგ ჩატარებულ კვლევებში და ჩვენს მიერ გამომუშავებული ანტისხეულები რამდენიმე პაციენტის გადარჩენისთვის გამოდგება.

პლაზმის ჩაბარება ერთსაათიანი პროცედურაა. გაგვიკეთეს ტესტი, რომ გაეგოთ გამოგვიმუშავდა თუ არა ანტისხეულები და გამოსადეგი იქნებოდა თუ არა სხვა პაციენტებისთვის ჩვენი პლაზმა. მრავალი სხვა ტესტიც, მალარიის, ჰეპატიტის და ა.შ. რახან ახალგაზრდები ვართ, არ გვქონდა თანხმლები დაავადებები და გამოვჯანმრთელდით, ჩვენი ანტისხეულები და პლაზმაც იყო გამოსადეგი. ახლა გვაქვს ოფიციალური პასუხი, რომ ვირუსი აღარ გვაქვს.

ავადმყოფობის დროს, ცხადია, გარეთ არ და ვერ გავდიოდით, ვიყავით ძალიან სუსტად. არამალფუჭებადი პროდუქტი ვირუსის აფეთქებისთანავე მოვიმარაგეთ და დავამზადეთ 3 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი შინ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით. ჩვენი ფრანგი მეგობრები დაგვცინოდნენ კიდეც, ომი ხომ არ იწყებაო.

როცა დავინფიცირდით გარეთ გასვლის საჭიროება არ გვქონია, ხილს და ბოსტნეულს ჩემი მეუღლის დედა გვიტოვებდა კარებთან.

კარანტინის წესებით იკრძალება სახლიდან ერთ კილომეტრზე მოშორებით წასვლა. გასვლა ნებადართულია მხოლოდ მაღაზიასა და აფთიაქში, მაგრამ პოლიცია მკაცრად არ აკონტროლებს გარემოს და ხალხი ხშირად სეირნობს.

თავიდან პანიკამ მოიცვა ქალაქი, დახლები იყო ცარიელი და დღემდე, როცა საყიდლებზე კვირაში ერთხელ გავდივართ, არის რაღაც პროდუქტები, რასაც ვერ იყიდი, უბრალოდ აღარ არის. პურის ფქვილი და ალკოჰოლი 70 %-იანი მაგალითად, ნიღბები და რეზინის ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები.

ორი კვირის წინ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი გვეუბნებოდა, რომ საფრანგეთის მოსახლეობას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ ქვეყანაში უკვე 17 ათასზე მეტი გარდაცვლილია და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

თუ ეს დაემართა საფრანგეთს, რა შეიძლება დაემართოს საქართველოს, სადაც მხოლოდ 800 საწოლია რეანიმაციებში?

წესების უგულებელყოფის შემთხვევაში წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში.

რა სჭირდებათ იმის გასაგებად ადამიანებს, რომ ეს ვირუსი მართლაც საშიშია? თუ ჩვენ ადვილი ფორმა შეგვხვდა და 25 დღის მანძილზე საწოლს მიგვაჯაჭვა, მაშინ რას გრძნობენ ისინი, ვისაც ვირუსის რთული ფორმა აქვთ?..

სანამდე მოვიგონებთ შეთქმულების თეორიებს ვირუსის შექმნის და გავრცელების შესახებ?

რატომ არასოდეს არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ, ადამიანები და რატომ გვჭირდება მუდმივად უჩინარი მტრის ხატის შექმნა?

თუ უბრალოდ სახლში დარჩენით სხვისი სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია, რატომ არ ვიჩენთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას?

სანამ დავიწყებთ გაუთავებელ კრიტიკას მთავრობის, ამერიკის, ჩინეთის, ზოგიერთი კულტურის, ეკლესიის, ღმერთის, მასონების და ა.შ. ჩვენ, ინდივიდები, დამოუკიდებელი ადამიანები, ჩვენს წილ რომელ საქმეს ვაკეთებთ?“.


შენიშვნა: მასალას თავიდან ერქვა ,,მე და ჩემი მეუღლე Covid 19-ით ორჯერ დავინფიცირდით” რაც არ შეესაბამება რეალობას და ნაგულისხმევი იყო, რომ წყვილმა ვირუსის ორი ტალღა გადაიტანა – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ,,მეორედ დაინფიცირება” და ,,ვირუსის მეორე ტალღა” ორი სხვადასხვა რამეა.

დაგვიჯერეთ ექიმებს, ჩვენ არ უნდა შევიდეთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის სპირალში – გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი

________________________________________________

„ამ დრომდე ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის გავრცელება და ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლა. ეს დრო იყო იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად მომზადებულიყო, მაგრამ ბოლო რამოდენიმე დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს.

არ არსებობს ვაქცინა და არ იქნება ის წლის ბოლომდე, არ არსებობს ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ვირუსზე მოქმედებს, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ექიმებს და მეცნიერებს, რომ ეს პრეპარატი იქნება მაგრამ ალბათ უფრო შემოდგომის მეორე ნახევარში. მანამდე რჩება მხოლოდ ერთი იარაღი, რომ არ იყოს დიდი, ფართომასშტაბიანი ეპიდემია საქართველოში, ის რაც დღეს არის მსოფლიოში.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ შევიდეთ ამ სპირალში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის. ჯერჯერობით საქართველომ მოახერხა ეს თქვენი გვერდზე დგომით, მაგრამ ახლა უფრო მეტია საჭირო, განსაკუთრებით წინასააღდგომო პერიოდში.

მე დღეს გადავაბიჯე ჩემს პატივმოყვარეობას, მაგრამ სამაგიეროდ არ გადამიბიჯებია ჩემი პასუხისმგებლობისადმი ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის წინაშე და მოვუწოდე მოსახლეობას, რომ ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით. წელს აღდგომა უფრო სხვა ფორმატში ჩავატაროთ, ვიდრე ეს საუკუნეების განმავლობაში ყოფილა, რადგან საუკუნეების განმავლობაში ასეთი პანდემია არ ყოფილა.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ამისთვის ერთი იარაღია მარტო – ბევრი ადამიანი არ შეიკრიბოს ერთ ადგილზე, იქნება ეს სახლში, იქნება ეს სხვაგან, თუ იქნება ეს ტაძრებში.

უმორჩილესად გთხოვთ, ეს 4 დღე და მომავალი შვიდი დღე, ე.წ. ბრწყინვალე შვიდეულის დღეები კრიტიკულია ქვეყნისთვის.

ყველას კიდევ რთხელ გთხოვთ, ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად, რომ დუნე ტემპით წავიდეს მატება, ამას მოერევა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ექიმები განკურნავენ მათ და სწრაფად დაიწყება ეკონომიკის რეაბილიტაცია.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა ცივი გონებით შეხვდა ჩემს მოწოდებას და არ გამაკრიტიკებენ ძალიან ბევრნი იმის გამო, რასაც მე ვსაუბრობ ამ ძალიან მძიმე თემაზე.

მაგრამ ეს საჭიროა, დამიჯერეთ. მე 40 წლიანი საექიმო გამოცდილება მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს ადამიანებთან ურთიერთობა, როგორ უჯერებენ ისინი ექიმს. დაგვიჯერეთ დღესაც ექიმებს“.

რა იკრძალება 17 აპრილიდან – გამკაცრებული საკარანტინო ზომების დეტალები

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ  21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მთელი ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და სადისტრიბუციო მანქანებზე.

პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ასევე მუშაობას აგრძელებს მიტანის სერვისები.

კომპანიებმა თანამშრომლების სახლიდან სამსახურში და უკან ტრანსპორტირების ნებართვის მისაღებად შესაბამის დარგობრივ სამინისტროებს უნდა მიმართონ.

ასევე  17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში აუცილებელი ხდება პირბადის ტარება. პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის  ჯარიმა 15000 ლარია.

დღეს 42-ით გაიზარდა კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა

დღეს, 16 აპრილის ღამეს, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში კი დღეს დილიდან 42 ახალი შემთხვევა არის დადასტურებული და ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის [21:20] 348-მდე გაიზარდა. დილის მონაცემებით კი, 306 პირი იყო ინფიცირებული.

ეს არის ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა, რაც ერთი დღის განმავლობაში აქამდე გამოვლენილა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, დღეს უკვე „არის შემთხვევები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით. ისინი [ინფიცირებულები] ჩვენს გვერდით არიან, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებული, მაგრამ ისინი არიან გადამდები“.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 9 მაისისთვის შეიძლება ქვეყანაში იყოს 2 ათასი ინფიცირებული, უარეს შემთხვევაში კი 4 ათასიც. მისივე თქმით, ქვეყანაში გვყავს 256 ინფექციონისტი, შესაბამისად, შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს.

ექიმები დღეს მრევლს მოუწოდებენ, ნუ მივლენ ეკლესიებში. ის ადამიანები კი ვინც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, მოერიდონ ოჯახის წევრებს.

ხვალიდან ავტომანქანების მოძრაობა სრულად იკრძალება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან საჯარო სივრცეში გადაადგილების ზომები მკაცრდება: 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა, მხოლოდ აფთიაქები და მარკეტები აგრძელებენ მუშაობას.

შეზღუდვა არ ვრცელდება სატვირთო და სადისტრიბუციო ავტომანქანებზე.

ასევე  სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში. პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს.

ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იურიდიული პირები 15 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

ასევე შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუკი თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ ყველამ, ზედმიწევნით არ შევასრულეთ კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები აუცილებლად გახდება ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს ზომების უკიდურესად გამკაცრება, რაც ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს“, – განაცხადა პრემიერის პრესპიკერმა  ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც ახლახანს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საქართველოში კორონავირუსის 340 შემთხვევა დადასტურდა

16 აპრილის [19:40 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 340 შემთხვევა. დილის მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ ოთხით გაიზარდა.

ინფიცირებული 340 პირიდან გამოჯანმრთელდა 76 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 494

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

_______________________

ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

ირგვლივ ტყვიაა – შეამოწმე, რამდენად ბევრი იცი მასზე

ავტორი: ForSet

ტყვია ტოქსიკური მეტალია, რომლის მაღალ შემცველობასაც ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება შეუძლია.

ბოლო პერიოდის კვლევები აჩვენებს, რომ სისხლში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა.

უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად ერკვევი პრობლემაში.

იურისტი ამბობს, რომ უჩივლებს სახელმწიფოს, რადგან ის კოვიდ 19-ისგან სათანადოდ არ გვიცავს

„ვიღაცამ უნდა უთხრას სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში, ამ შემთხვევაში კი, სასამართლომ, რომ, აი, ასე უნდა მოქცეულიყავი,“ – მიიჩნევს ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივას“ იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი, იგი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელისუფლებისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

„გაგვწირა ერმაც და ბერმაც!… პირობას ვდებ, როდესაც გადაივლის ეს ყველაფერი, ერთ ძალიან დიდ სამართალწარმოებას დავიწყებ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის. ძირითადი მოთხოვნა იქნება მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, დაიცვას ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს იქნება საქმე “ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ”- ეს პოსტი ედუარდ მარიკაშვილმა „ფეისბუქში“ დაწერა და აქვე მიუთითა, რომ მოსარჩელე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს.

რა იქნება დავის საგანი და კონკრეტულად რომელი მუხლით არის დავის წარმოება შესაძლებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს და არ უფრთხილდება, მაგალითად, ჩვენს ჯანმრთელობას, როცა ტაძრებში ათასობით ადამიანის შეკრებას არ ზღუდავს?

ედუარდ მარიკაშვილს აქვს მოლოდინი, რომ კანონმდებლობაში ამ კუთხით კონკრეტული მუხლების არარსებობას შეახსენებენ, „მაგრამ კონსტიტუციის ზოგადი მიზნებიდან გამომდინარე, დავის დაწყების სამართლებრივი საფუძვლები არსებობს – სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს იქნება ადმინისტრაციული დავა. შესაძლოა, გამოვიყენოთ სამოქალაქო კანონმდებლობაც,“ – აღნიშნავს იურისტი.

„დემოკრატიული ინიციატივის“ იურისტი პარალელს ავლებს საფრანგეთსა და ამერიკის  რამდენიმე შტატთან, სადაც ექიმებმა დაიწყეს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა სამედიცინო ეკიპირების არასათანადო მომარაგების გამო.

იურისტი ედუარდ მარიკაშვილი ჩვენთან საუბრისას იხსენებს საქართველოში ამ კუთხით მოგებულ დავასაც, როცა ქალი პოლიციას მიმართავდა და ითხოვდა მოძალადისგან დაცვას, მაგრამ ის მოკლეს – სასამართლომ ამ საქმეზე სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რადგან ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო პოზიტიური ვალდებულების – ადამიანის სიცოცხლის დაცვა, როცა ეს შესაძლებელი იყო. ედუარდ მარიკაშვილს განცდა აქვს, რომ სასამართლოში რთული იქნება იმის მტკიცება, რამდენად განაპირობა კონკრეტული შედეგი ხელისუფლების ქმედებამ ან უმოქმედობამ.

იურისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ დგამს მკაფიო ნაბიჯებს ადამიანების თავშეყრის შეზღუდვისთვის და ეს ეხება ეკლესიასაც.

„მათ განცხადებებში არსებობს გარკვეული დათმობის ნიშნები… სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ შეზღუდოს ადამიანების თავშეყრა, მათ შორის, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს გარკვეული აღმსარებლობის ადამიანების რიტუალებში მონაწილეობის უფლებას. ლიბერალური დემოკრატიის ფარგლები ითვალისწინებს იმას, რომ კონსტიტუციის ჩარჩოებში შეიზღუდოს ასეთი შეკრებები. კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსვლას არავინ ითხოვს, აქ არის საუბარი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებაზე,“ – დასძენს იურისტი ედუარდ მარიკაშვილი.

ლაქები ფეხის გულებსა და თითებზე – COVID19-ის კიდევ ერთი შესაძლო სიმპტომი

იტალიელი და ესპანელი მედიკოსების აზრით, ფეხის გულებზე ლაქები შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირების მანიშნებელი იყოს. ეს ვარაუდი პირველმა სპანეთის ორთოპედთა კოლეჯების გენერალურმა საბჭომ გამოთქვა.

BBC წერს, რომ საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში აღინიშნა ბევრი შემთხვევა, როცა კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებს ფეხის გულებზე ჩალურჯებების ან ჩუტყვავილას გამონაყარის მსგავსი ნიშნები/ლაქები აღმოაჩნდათ.

„ლაქები ფეხის გულებზე ყველაზე ხშირად უვლინდებათ ბავშვებს. ლაქები ყველა შემთხვევაში არ ვლინდება, მაგრამ მათი არსებობა შესაძლოა გახდეს კორონავირუსზე შემოწმების მიზეზი,“ – წერენ ესპანელი ორთოპედები.

ფოტო: Mazzotta F., Troccoli T.
Dermatologia Pediatrica, Bari

გაზეთი Metro წერს, რომ თითქმის ამავე დროს მსგავსი აღმოჩენა გააკეთა ბავშვთა დერმატოლოგმა იტალიაში. მაცოტა ტროკოლი, ექიმი იტალიის ქალაქ ბარიდან, წერს, რომ ლაქები ფეხის გულებზე აღენიშნება დაახლოებით ყოველ მეხუთე პაციენტს.

„თუ ჩვენ შევძლებთ შემდეგი დაკვირვებებით დავადასტუროთ, რომ ეს კოვიდ-19-ის კლინიკური ნიშანია, ის დერმატოლოგიური ნიშანი შეიძლება გამოვიყენოთ იმ ბავშვების და ზრდასრულების გამოსავლენად, რომელთაც ინფექციის სუსტი ფორმა ან საწყისი ეტაპი აქვთ, მაგრამ შეუძლიათ სხვების დაინფიცირება,“ – წერს ის.

ახალი კორონავირუსის, Covid-19-ის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: მშრალი ხველა, ტემპერატურის მატება, სუნთქვის გაძნელება, სურდო, დიარეა, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა.

_______________________________

მთავარი ფოტო ესპანეთის ორთოპედთა კოლეჯების გენერალური საბჭოს ანგარიშიდან.

Exit mobile version