მთავარი,სიახლეები

დაგვიჯერეთ ექიმებს, ჩვენ არ უნდა შევიდეთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის სპირალში – გამყრელიძე

16.04.2020 • 1307
დაგვიჯერეთ ექიმებს, ჩვენ არ უნდა შევიდეთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის სპირალში – გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი

________________________________________________

„ამ დრომდე ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის გავრცელება და ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლა. ეს დრო იყო იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად მომზადებულიყო, მაგრამ ბოლო რამოდენიმე დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს.

არ არსებობს ვაქცინა და არ იქნება ის წლის ბოლომდე, არ არსებობს ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ვირუსზე მოქმედებს, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ექიმებს და მეცნიერებს, რომ ეს პრეპარატი იქნება მაგრამ ალბათ უფრო შემოდგომის მეორე ნახევარში. მანამდე რჩება მხოლოდ ერთი იარაღი, რომ არ იყოს დიდი, ფართომასშტაბიანი ეპიდემია საქართველოში, ის რაც დღეს არის მსოფლიოში.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ შევიდეთ ამ სპირალში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის. ჯერჯერობით საქართველომ მოახერხა ეს თქვენი გვერდზე დგომით, მაგრამ ახლა უფრო მეტია საჭირო, განსაკუთრებით წინასააღდგომო პერიოდში.

მე დღეს გადავაბიჯე ჩემს პატივმოყვარეობას, მაგრამ სამაგიეროდ არ გადამიბიჯებია ჩემი პასუხისმგებლობისადმი ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის წინაშე და მოვუწოდე მოსახლეობას, რომ ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით. წელს აღდგომა უფრო სხვა ფორმატში ჩავატაროთ, ვიდრე ეს საუკუნეების განმავლობაში ყოფილა, რადგან საუკუნეების განმავლობაში ასეთი პანდემია არ ყოფილა.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ამისთვის ერთი იარაღია მარტო – ბევრი ადამიანი არ შეიკრიბოს ერთ ადგილზე, იქნება ეს სახლში, იქნება ეს სხვაგან, თუ იქნება ეს ტაძრებში.

უმორჩილესად გთხოვთ, ეს 4 დღე და მომავალი შვიდი დღე, ე.წ. ბრწყინვალე შვიდეულის დღეები კრიტიკულია ქვეყნისთვის.

ყველას კიდევ რთხელ გთხოვთ, ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად, რომ დუნე ტემპით წავიდეს მატება, ამას მოერევა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ექიმები განკურნავენ მათ და სწრაფად დაიწყება ეკონომიკის რეაბილიტაცია.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა ცივი გონებით შეხვდა ჩემს მოწოდებას და არ გამაკრიტიკებენ ძალიან ბევრნი იმის გამო, რასაც მე ვსაუბრობ ამ ძალიან მძიმე თემაზე.

მაგრამ ეს საჭიროა, დამიჯერეთ. მე 40 წლიანი საექიმო გამოცდილება მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს ადამიანებთან ურთიერთობა, როგორ უჯერებენ ისინი ექიმს. დაგვიჯერეთ დღესაც ექიმებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: