მთავარი,სიახლეები

აჭარაში ოთხმა პაციენტმა შესაძლოა მკურნალობის გარეშე დაძლია Covid-19 – ინტერვიუ

17.04.2020 • 4265
აჭარაში ოთხმა პაციენტმა შესაძლოა მკურნალობის გარეშე დაძლია Covid-19 – ინტერვიუ

აჭარაში, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული ოთხი ადამიანის სწრაფი, ანტისხეულების ტესტის შედეგები დადებითია, თუმცა ოქროს სტანდარტად მიჩნეული PCR ტესტის პასუხი, რომლითაც დგინდება აქვს თუ არა ადამიანს ახალი კორონავირუსი – უარყოფითი. რაზე მიუთითებს ეს? რატომ არის ტესტების პასუხებს შორის განსხვავება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ნინო ნიჟარაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნინო, რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, რას ნიშნავს ანტისხეულების აღმოჩენა?

ანტისხეულები კორონავირუსთან მიმართებაში არის ორი სახის: G და M. M ნიშნავს მწვავე დაავადებას, G – ქრონიკულ დაავადებას. კლინიკა „მედალფაში“ წევს პაციენტი, რომელიც არის G და M-ით დადებითი, თუმცა PCR-დიაგნოსტიკით ის არის უარყოფითი, ანუ მას ახლა დაავადება არ აღენიშნება. მაგრამ რადგან პაციენტი სწრაფი ტესტით დადებითია, არის მოსაზრება, რომ ამ პაციენტს აქვს უფრო ხანდაზმული დაავადება, უკვე გადატანილი. ის ახლა კორონავირუსის მწვავე ფაზაში არ იმყოფება, მაგრამ ვინაიდან აქვს პნევმონია, წევს საავადმყოფოში და მკურნალობს.

გარდა ამისა, გვყავს კიდევ სამი პაციენტი, რომელთაც სწრაფი ტესტით მსგავსი შედეგი აქვთ, მაგრამ PCR-ტესტით, რაც არის კონფირმაციისთვის მოწოდებული, უარყოფითი შედეგი აღენიშნებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პაციენტებს მწვავე დაავადება ამ ეტაპზე არ აქვთ, თუმცა გარკვეულ ეტაპზე დაავადების გამოხატულება ჰქონდათ, იმუნური პასუხი სახეზეა, რაც არის ანტისხეულების კვლევის შედეგი, მაგრამ ამ პაციენტებს ახლა არც პნევმონია აქვთ, არც რაიმე ჩივილები, ამიტომ ისინი მხოლოდ ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან საკარანტინე სივრცეში.

რაც შეეხება ანტისხეულების დადებითობას. ნებისმიერი ინფექციური დაავადების ეპიდემური პროცესის დროს, მოსახლეობაში არის ერთეული შემთხვევები პაციენტებისა, რომლებიც არიან G ანტისხეულების მატარებლები. მათ არც ამ ეტაპზე, არც ადრე დაავადების განსაკუთრებული გამოვლენა არ ჰქონიათ, ვერ მიაქციეს ყურადღება ან არ იყო დაავადება კარგად გამოხატული და მსუბუქად გადაიარეს ეს ფაზა. ეს ყველა ინფექციურ დაავადებას ახასიათებს და მათ შორის კორონავირუსსაც, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე შემთხვევაზე, ესე იგი ეს არის კარგად კონტროლირებადი პროცესი, ასეთმა შემთხვევებმა შეიძლება მოიმატოს, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ ყველა შემთხვევა მაქსიმალურად დროულად გამოვავლინოთ იმ ფაზაში, როცა ის საინტერესოა გადამდებლობის თვალსაზრისით და მაშინვე გავაკეთოთ მათი იზოლაცია და მკურნალობა.

სავარაუდო შემთხვევა [როცა  COVID-19-ზე ტესტირებისას არის გაურკვეველი შედეგი] – ასე ხდება მსგავსი შემთხვევების დეფინიცია ეპიდემიოლოგიაში. არის კიდე ორი განსაზღვრება – ლაბორატორიულად დადასტურებული, როცა PCR-კვლევით გვაქვს დადებითი პასუხი და, ასევე, შესაძლო შემთხვევა – ანუ როცა პაციენტს ჩივილები [სიმპტომები] აქვს და კვლევა ჯერ არ ჩატარებულა.

  • კორონავირუსის დიაგნოზის დასმისას გადამწყვეტი არის PCR -ტესტი?

დიახ და ამ ტესტის პასუხი ამ ადამიანებთან მიმართებაში არის უარყოფითი.

  • ანუ ამ 4 შემთხვევაში ეს ადამიანები არ მკურნალობენ კორონავირუსზე?

დიახ, არ მკურნალობენ. ეს ადამიანები არ შედიან იმ საერთო სტატისტიკაში, რომელიც საქართველოშია stop.gov.ge-ზე მითითებული, რადგან ეს არ გახლავთ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები.

  • რით აიხსნება ის, რომ სწრაფ ტესტზე პასუხი დადებითია და PCR კვლევით – უარყოფითი?

G ანტისხეულებს გვიჩვენებს სწრაფი ტესტი. ცხვირ-ხახის ნაცხის ანალიზით PCR-კვლევა გვიჩვენებს, რომ ადამიანს ახლა აქვს კორონავირუსის მწვავე ფაზა და ეს პროცესი არის ლოკალიზებული ცხვირ-ხახაში, რესპირატორულ ტრაქტში… ამ შემთხვევაში [ოთხი ადამიანის შემთხვევაში] უარყოფითი PCR ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს დაავადების მწვავე ფაზა არ აქვთ. ანტისხეულების ქონა არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია იმაზე, რომ მან ეს პროცესი უკვე გადაიარა.

  • გერმანელი სპეციალისტები ამბობენ, რომ ანტისხეულების ტესტების დადებითი შედეგი შეიძლება მიუთითებს იმასაც, რომ ადამიანს გადატანილი აქვს კორონავირუსების ჯგუფის სხვა ვირუსი და არა ახალი Covid 19 [მოსაზრების ავტორია ქრისტიან დრსტენი, SARS-ვირუსის თანააღმომჩენი, „შარიტეს“ პროფესორი]. ეს შესაძლებელია?

შესაძლოა. ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს, ეს ერთ-ერთი მოსაზრებაა, მაგრამ, რადგან ვირუსი ახალია, ტესტები ახალია, ამ ყველაფერზე კლინიკური კვლევა და დაკვირვება ახლა მიმდინარეობს. სავარაუდო შემთხვევებზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ეპიდემიოლოგებს შორისაც. ჯერ ხდება დაკვირვება ვირუსზე და ტესტებზე. ჩვენ ვართ დაკვირვების ეტაპზე, ერთად ვსწავლობთ ყველაფერს იმ პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც აქვს მსოფლიოს, ჩინეთს, ევროპის რეგიონს, ჩვენს ქვეყანას.

  • როგორც კი კორონავირუსმა გავრცელება დაიწყო, ბევრი ადამიანი გამოჩნდა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ჰქონდა ეს სიმპტომები იანვარსა და თებერვალში, სანამ ახალი კორონავირუსის პანდემია დადასტურდებოდა.

დიახ, ჩვენ რამდენიმე გავტესტეთ კიდეც და ყველა უარყოფითია. ყველა მინდა დავარწმუნო, იანვარში რომ მართლა ყოფილიყო კორონავირუსი, დღეს ჩვენ გვექნებოდა ძალიან ცუდი სურათი. წარმოიდგინეთ, როგორი სურათი მივიღეთ ათი დღის განმავლობაში ქობულეთში. იანვარში, თუნდაც ბათუმში რომ ყოფილიყო ეს, გვექნებოდა ინციდენტობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ამიტომ მოსახლეობას მინდა ვუთხრა, მათ ნამდვილად არ ჰქონდათ კორონავირუსი იანვრის თვეში.

  • ეპიდემიოლოგები ამ ვერსიას სერიოზულად არ განიხილავენ?

არა, რა თქმა უნდა. ათი დღის წინ და ორი კვირის წინ ოთხმა შემთხვევამ მოიტანა სამი ათეული შემთხვევა რეგიონში. ეს რომ იანვარში ყოფილიყო, დღეს ჩვენ გვექნებოდა უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი.

  • თუმცა მაშინ არ ხდებოდა კვლევა [ტესტირება] და არ არსებობდა ეჭვი ახალ ვირუსზე.

ვერ დამალავდა თავს. პნევმონიები და გრიპისმაგვარი დაავადებები მოიმატებდა ელემენტარულად. ასეთ დროს არ შეიძლება არ მოიმატოს არც გრიპმა, არც რესპირატორულმა დაავადებამ, არც პნევმონიების რაოდენობამ. ასე მარტივად ხალხი ვერ მორჩება.

იანვარში არაფრის მატება არ გვქონდა ჩვენ, გარდა სეზონური დაავადებების დამახასიათებელი მატებისა. მსგავსი უჩვეულო მატება რომ ყოფილიყო, ეს აუცილებლად მოექცეოდა ყურადღების ცენტრში.

  • თქვენ აღნიშნეთ, რომ რამდენიმე ასეთ ადამიანს ჩაუტარეთ კვლევა. რამდენ ადამიანზეა საუბარი?

ერთეულ შემთხვევებზე, 2-3 ადამიანზე. კვლევა ჩატარდა არა იმიტომ, რომ მათ იანვარში ჰქონდათ მსგავსი სიმპტომები, არამედ იმიტომ, რომ უგრძელდებოდათ ხველა, ყელის ტკივილი და რომ გამოგვერიცხა რაიმე, ამიტომ ჩავატარეთ კვლევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: