მთავარი,სიახლეები

სოფლის ექიმი: „გადამზადება არ ჩაგვტარებია, მხოლოდ გაიდლაინი მოგვაწოდეს“

18.04.2020
სოფლის ექიმი: „გადამზადება არ ჩაგვტარებია, მხოლოდ გაიდლაინი მოგვაწოდეს“

„არ ჩაგვტარებია არანაირი ტრენინგი, არც ეკიპირება გვაქვს, მხოლოდ პირბადით და ხალათით ვხდებით პაციენტებს, რომლებიც სხვადასხვა ჩივილებით მოგვმართავენ. ვშიშობთ, საკმარისად ვერ დავიცავთ თავს“, – ამბობენ  სოფლის ექიმები, რომელიც უკვე წლებია ასრულებს აჭარის ერთ-ერთ სოფელში თავის პროფესიულ მოვალეობას. ექიმის თხოვნით, მის ვინაობას კონფიდენციალირად ვტოვებთ.

„ვმუშაობ სოფლის ექიმად სულ სხვა სპეციფიკით და არანაირი გამოცდილება ამ მიმართულებით [კოვიდ 19] არ მაქვს. გადამზადება არ ჩაგვტარებია. ინფორმაციას ვიღებ მხოლოდ ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით“, – ყვება სოფლის ექიმი.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, პირადად მას მისცეს 50 ცალი ნიღაბი და ხელთათმანი, ხოლო მის სამუშაო სივრცეში დეზინფექცია ჩაატარა მუნიციპალიტეტის მერიამ. იმავეს ამბობენ მისი კოლეგებიც.

ექიმების თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ გაიდლაინი მიაწოდეს, რომლის მიხედვითაც, მათ პაციენტთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ დისტანციურად, საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი, სამი დღე უნდა დააკვირდნენ. თუ პაციენტის მდგომარეობა გართულდება, მათ ეს ინფორმაცია 112-ს უნდა გადასცენ, ან ურჩიონ ცხელების ცენტრს მიმართონ.

„პაციენტები მოგვმართავენ არამხოლოდ დისტანციურად – ვისაც სურს ადგილზე მოდის. საჭიროების შემთხვევაში ოჯახებშიც გვიწევს მისვლა. ამ დროს გვაქვს ნიღაბი, ხელთათმანი და ხსნარი, ასევე ხალათები, რომლებიც ჩვენი სახსრებით შევიძინეთ და  სახელმწიფოს მიერ გადმოცემული მანქანებით ვმოძრაობთ. მოლოდინი გვქონდა, რომ დაიწყებოდა ჩვენი გადამზადება, მაგრამ ამ დრომდე არავინ შეგვხმიანებია, მხოლოდ გაიდლაინი გამოგვიგზავნეს, რომლის მიხედვითაც ვავსებთ მონაცემებს.“

გარდა ამისა, სოფლის ექიმები ყოველი კვირის ბოლოს ინფექციურ საავადმყოფოს უგზავნიან მონაცემებს, თუ რამდენმა პაციენტმა მიმართა მათ მწვავე რესპირატორული დაავადებით, ასევე მათ აქვთ დავალება იმუნიზაციის პროგრამის გაგრძელებაზე.

სოფლის ექიმები, ფაქტობრივად, პირველად ჯანდაცვის სერვისის მიწოდების იგივე ფუნქციას ასრულებენ სოფლებში, რასაც ოჯახის ექიმები ქალაქებში. ოჯახის ექიმების ჩართვაზე  კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ 30 მარტს ისაუბრა.

ამის შემდეგ ბევრჯერ ითქვა ოჯახის ექიმების გადამზადებაზე, თუმცა, როგორც თავად ექიმები ამბობენ, მათ დღემდე არანაირი ტრენინგი არ ჩატარებიათ და არც რაიმე მითითება მიუღიათ.

გახარია: ოჯახის ექიმები გახდებიან ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის მებრძოლები

ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ოჯახის ექიმების გადამზადება უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე ბათუმში 38 ოჯახის ექიმია გადამზადებული, სოფლის ექიმების გადამზადება კი მეორე ეტაპია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.