მთავარი,სიახლეები

„ხელისუფლებას უნდა სულ არ ამოვიღოთ ხმა“ – მუსლიმი ლიდერი სუს-ში გამოკითხეს

17.04.2020 • 1817
„ხელისუფლებას უნდა სულ არ ამოვიღოთ ხმა“ – მუსლიმი ლიდერი სუს-ში გამოკითხეს

„ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა… ხელისუფლებას უნდა, რომ გავჩუმდეთ, სულ არ ამოვიღოთ ხმა, “ – ამბობს „ბათუმელებთან“ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი. დღეს, 17 აპრილს, ის სუს-ის თანამშრომლებმა მარნეულში გამოკითხეს.

შეიხი და კიდევ რამდენიმე მუსლიმი ლიდერი სუს-ში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. საქმე მარნეულში 13 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციას ეხება. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის შეფასებით, მუსლიმი ლიდერების სუ-ში დაბარება უსაფუძვლოა.

მირტაგ ასადოვი „ბათუმელებს“ უყვება, რომ მას სუს-ში დაკითხვამდე ეგონა, სატელევიზიო გამოსვლის შესახებ ჰკითხავდნენ, სადაც მან პრემიერს შეახსენა, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და იგი თანასწორი უნდა იყოს ყველა ჯგუფისთვის, თუმცა მუსლიმ ლიდერს სუს-ში კითხვები მარნეულში გამართული საპროტესტო აქციის შესახებ დაუსვეს.

„…როცა გამოცხადდა საკარანტინე რეჟიმი, მე ვიდეო მიმართვაც გავავრცელე ფეისბუქით და მოვუწოდე ყველას სახლში დარჩენილიყვნენ, მაგრამ შემდეგ გავიდა დღეები და ისედაც მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდა, ადამიანები მოწეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ვეღარ ჰყიდდნენ, შემოსავალი აღარ ჰქონდათ. ადამიანებმა დაგეგმეს აქცია – საღამოს 9 საათზე, როცა კომენდანტის საათი დაიწყო, აივნებიდან ტაში დაუკრეს და დაუსტვინეს, ხოლო ვისაც ავტომანქანა ჰქონდა, საყვირები ჩართეს. ჩვენ ამ გზით ვცადეთ ხელისუფლების ყურადღების მიქცევა. როცა ამ აქციის შესახებ პოსტი ვნახე ფეისბუქში, მე ის კანონსაწინააღმდეგოდ არ ჩამითვლია და გავაზიარე, სულ ეს იყო…

ჩემი მოწოდება არის არა მხოლოდ რელიგიური საქმიანობა, არამედ სოციალური აქტივიზმი. კითხვები არ ყოფილა ჩემს სატელევიზიო კომენტარებზე, ან რელიგიურ საქმიანობაზე, მაგრამ ამ დაბარებას სუს-ში მივიჩნევ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად,“ – აღნიშნა მირტაგ ასადოვმა „ბათუმელებთან“.

მირტაგ ასადოვის თქმით, სუს-ში არც მარნეულის მერიის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავის შესახებ უკითხავთ, მაგრამ მუსლიმი ლიდერი თვლის, რომ ეს დაბარება ამ სარჩელსაც უკავშირდება და პრემიერის კრიტიკასაც. მირტაგს მარნეულის მერიის წინააღმდეგ სარჩელი ბოლნისის სასამართლოში შეუტანია, მერიიდან მარნეულის ეპარქიის დაფინანსების გამო, რასაც ის დისკრიმინაციად მიიჩნევს.

„მე რელიგიური უფლებებისთვის ვიბრძვი წლებია… არ ვიცი, როგორ დამთავრდება ამ საქმის გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაგვიდენია. პირიქით, ადგილობრივი ხელისუფლება შეშინდა, ლიდერის გარეშე ამ მასშტაბის აქცია რომ მოეწყო და მეორე დღეს ადამიანები უსამართლოდ დააჯარიმეს, თითოს კარანტინის პირობები დაარღვიეს… “ – დასძინა მირტაგ ასადოვმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: