მთავარი,სიახლეები

ბათუმელი ექიმი დღეში 12 საათი ეკიპირებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულებთან 

17.04.2020 • 4104
ბათუმელი ექიმი დღეში 12 საათი ეკიპირებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულებთან 

დილის ათის ნახევრისთვის უკვე ეკიპირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ აცვია სპეციალური ტანსაცმელი, უკეთია ნიღაბი, ფარი და ხელთათმანები, ექიმი თეა დანელია დღის განმავლობაში ასე „შეიარაღებული“ 12 საათს ატარებს საავადმყოფოში, სადაც Coivid 19-ით  დაინფიცირებულებს მკურნალობენ. თეა  „მედალფას“ ექიმია და, შესაბამისად, თავადაც დაინფიცირების რისკის ქვეშაა.

„12 სათის შემდეგ, 24 საათი უნდა დავისვენო. ასეთია რეჟიმი, მაგრამ უკვე რამდენი ხანია ამ რეჟიმით არც ვცხოვრობთ და არც ვმუშაობთ, ჩვენი ყოველი წუთი დაკავებულია“, – ამბობს თეა.

გვიყვება, რომ დავირუსებულ პაციენტებთან მუშაობის დაწყებამდე ეკიპირების სწორად ტარების ტრენინგები გაიარა და კარგად აქვს გააზრებული, რომ ეს წესები ყოველ წამს უნდა ახსოვდეს. თუმცა ამბობს, რომ პაციენტის და ექიმის ურთიერთობაში დაინფიცირებისგან დაზღვევა არ არსებობს. მისი თქმით, ამას 100 პროცენტით ეკიპირება და ვერც წესების დაცვა უზრუნველყოფს.

„რამდენად  დისტანციურია ექიმის და ექთნის მუშაობა პაციენტთან, ვერასდროს გაზომავ – ზოგს დახმარება უნდა, თავისით ვერ იღებს საკვებს. მანიპულაცია უნდა ჩაატარო, ეს საკმაოდ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული, რადგან ამ დროს ზოგს ხველა აქვს “.

როცა საქმე გადამდებ ვირუსთან გაქვს, დღის მძიმე რეჟიმს სხვა დამატებითი წესებიც ახლავს: „12 საათის განმავლობაში საკვების, წყლის მიღებაც კი შეზღუდულია ჩვენთვის. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დაინფიცირების რისკი არ გავზარდოთ“.

როგორც მოგვიყვა, მისთვის ერთნაირი მნიშვნელობის სამუშაოა ბრძოლა ვირუსთან და პაციენტის განწყობასთან, მის ემოციებთან გამკლავება.

„პაციენტების უმეტესობა გაღიზინებულია, მოგეხსენებათ ისეთი ვირუსია, რომ  შეშინებულები, აფორიაქებულები არიან. ჩვენი პირველი კონტაქტი სწორედ ემოციას უკავშირდება, ჩივილებზე მეტად ემოციებს გვიზიარებენ. ზოგი აგრესიულია, ჩვენ კი მაქსიმალურ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, ეს გვევალება. ხანდახან თანადგომა კოლეგასაც სჭირდება, ერთმანეთის დახმარება, გამხნევება ჩვენი დამატებითი ფუნქციაა“.

დილის ათის ნახევრიდან პაციენტების შემოვლა იწყება, შემდეგ საორგანიზაციო საკითხების დრო დგება:

„ამ 12 საათის განმავლობაში პაციენტებს მაქსიმალური ყურადღება, დინამიკაში მეთვალყურეობა სჭირდებათ – სასიცოცხლო მაჩვენებელი ყოველ წამს უნდა ვაკონტროლოთ“.

ექიმის თქმით, დავადებას მომენტალური დამძიმება ახასიათებს:

„შესაძლოა მიმდინარეობდეს სტაბილურად და უცებ, რამდენიმე წუთში დამძიმდეს. ეს იწვევს ფილტვებში ძალიან მძიმე მდგომარეობას, ანუ იწყება ფილტვის შეშუპება. თუ ჩვენება შესაბამისია, პაციენტი გადაგვყავს აპარატზე. დამძიმების წინა პერიოდი არ არის ხანგრძლივი – იწვევს სუნთქვის უკმარისობას და ამ დროს შესაძლოა დასჭირდეს ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. ამის შემდეგ როგორ გამოვა მდგომარეობიდან და გადალახავს ამას ორგანიზმი, ეს დაავადების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული, ამიტომ პნევმონია ვისაც აქვს, ყველა რისკის ქვეშაა.“

ექიმის ნაამბობით, პაციენტები მათ ხშირად უსვამენ კითხვებს როგორი შეიძლება იყოს პროგნოზი, ითხოვენ თანადგომას:

„ჩვენ გვიწევს ვირუსის მიმდინარეობაზე, მის სიმძიმეზე მივიტანოთ ინფორმაცია პაციენტამდე თავიანთი ენით. ბევრი იგებს, იმედიანიც არის და მოგყვება. ზოგადად, მორალურად დატვირთულები არიან. ეს ჩვეულებრივი სიტუაცია არ არის, ეს სხვა დაავადებაა, ამიტომაც ვართ მთელი დღე დაძაბულები და მობილიზებულები“.

ექიმმა გვიამბო იმის შესახებაც, რომ განსაკუთრებით ემოციურები არიან პაციენტები, რომელთა ოჯახის წევრებიც იმავე კლინიკაში მკურნალობენ, მათ ერთმანეთის ნახვა უნდათ: „ამ მხრივ უფრო ჯიუტები არიან ასაკოვნები, ისინი ხშირად აგრესიითაც გამოირჩევიან. მეტ-ნაკლებად ვუმკლავდებით, მაგრამ ძალიან რთულია… მესმის, ძნელია იზოლირებულად ყოფნა“.

ექიმი ამბობს, რომ ნაკლები ინფორმაცია ვირუსზე და ოჯახთან დიდი ხნით დაშორება, მათ მუშაობასაც ართულებს:

„ძალიან გვიჭირს ჩვენც, ჩვენც არ ვიცით რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, მთელი მსოფლიო ჯერ მისი შესწავლის რეჟიმშია. ჩვენც ვართ ადამიანები, რომლებმაც გამოვიხურეთ ოჯახის კარები და არ ვიცით, რამდენ ხანს ვერ ვნახავთ ოჯახის წევრებს და ვერ გავუზიარებთ ჩვენს განცდებს. კიდევ კარგი, რომ ამაზე ფიქრისთვის დიდი დრო არ გვრჩება.“

თეა ამბობს, რომ მერამდენე კვირაა, სამსახურიდან სახლში არ მიდის, არ ნახულობს მეგობრებს:

„იზოლირებული ვარ, ასევე ჩემი კოლეგებიც ჩვენი სამსახურიდან დასასვენებლად სახლში კი არა, სასტუმროში მივდივართ და იქაც ერთმანეთისგან იზოლირებულად ვცხოვრობთ“.

თეა სათქმელი აქვს მათთვისაც, ვინც არ დაინფიცირებულა, ეშინია და წესებს ითვალისწინებს, ან საფრთხე ჯერ გააზრებული არ აქვს:

„მე მესმის თქვენი, მესმის, რომ რთულია უცებ ყველაფერს მოწყდე, მაგრამ იმდენად გამოუცნობი სიტუაციაა, იმდენად რთული ვირუსია. აუცილებლად გამოვიჩინოთ ყურადღება. თუნდაც შიდა გადადება რომ შევზღუდოთ, აუცილებლად გვჭირდება, რომ დროებით ერთმანეთისგან აბსოლუტურად იზოლირებული ვიყოთ. დავიცვათ ერთმანეთი, ძნელი წარმოსადგენია რა ხდება შიგნით, იქ, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. არ ვიცით, ეს დაავადება როგორ წარიმართება და როდის დამძიმდება, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. როგორმე შევასრულოთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული და მალე დავამარცხოთ ეს საფრთხე“.

და როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, თეა აპირებს, რომ რაც აქამდე არ გაუკეთებია, გააკეთოს ყველაფერი, საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხარა:

„პირველ რიგში დავრწმუნდები, რომ ყველასთვის უსაფრთხო ვარ, ეს აუცილებელია. იმდენად დავიტვირთე ემოციურად, რომ ალბათ ყველაფერს გავაკეთებ – ჩემი ცხოვრების წესი შეიცვლება, ყველას ვნახავ, ყველასთან მივალ, ოჯახი უსაშველოდ მენატრება, ქალაქი, მეგობრები, ხალხი მენატრება. თუ იყო მომენტი დაღლის და რაღაცას ვერ ვაკეთებდი, ვამბობდი არ შემიძლია, ამის შემდეგ აღარ ვიტყვი, ყველაფერს შევძლებ, ყველა კარგად უნდა ვიყოთ“.

თეა დანელიამ გვთხოვა, აუცილებლად მოხვდეს მასალაში მისი მადლობა, რომელსაც ის მთელი მსოფლიოს ექიმებს უთვლის, რომლებიც ახლა, ამ წუთებში კორონავირუსისგან პაციენტების დაცვას ცდილობენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: