ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის დაიწყება შეჩერებული საარსებო შემწეობების გაცემა

17.04.2020 • 2402
როდის დაიწყება შეჩერებული საარსებო შემწეობების გაცემა

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საარსებო შემწეობას მიიღებს ყველა ის ოჯახი, ვისაც 1-ლი იანვრიდან დღემდე პერიოდში შეჩერებული ჰქონდა ამ დახმარების მიღება.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ასეთ ოჯახებს შემწეობა აპრილის დასაწყისში უნდა მიეღოთ, ბევრმა ოჯახმა ის დღემდე ვერ მიიღო:

სააგენტოში დღეს, 17 აპრილს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ოჯახებს, რომლებსაც ამ პერიოდში შეჩერებული ჰქონდათ შემწეობის გაცემა და მასთან არ მისულან სოციალური აგენტები, აღუდგათ გაცემა და იანვარ-თებერვლის შემწეობები უკვე დაერიცხათ.

„რაც შეეხება ისეთ ოჯახებს, რომლებსაც შეჩერებული ჰქონდათ შემწეობა, მაგრამ მათთან იმყოფებოდნენ აგენტები, ეს ოჯახებიც აუცილებლად მიიღებენ ამ შემწეობას, თუმცა, ისინი  განაცდურს [მაგალითად მარტის და აპრილის თვისას] აიღებენ [ჩაერიცხებათ] მაისის თვეში“, – გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.

რას ამბობს კანონი:

მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებზე სააგენტომ უწყვეტად უნდა გააგრძელოს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემა, მათ შორის იმ ოჯახებზეც, რომლებსაც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან შეჩერებული ჰქონდათ შემწეობის მიღება.

ამასთან, მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამ ნორმის საფუძველზე გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვლება ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარება უკან დაბრუნებას.

დადგენილების მიხედვით, შემწეობა უნდა მიიღოს ყველამ, „მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ“.

ასეთ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა) საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლისა, რა დროსაც კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით:

გარდაცვალებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან; სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია მომდევნო თვიდან); ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან.

მთავრობის ახალი დადგენილებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს არ აქვს უფლება შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი არ დარეგისტრირდა „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge. შესაბამისად, სარეიტინგო ქულის მინიჭება უნდა განხორციელდეს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების შესაბამისად. ამ პირობის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 1-ლი მარტიდან;

სააგენტოს ასევე არ აქვს უფლება შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, თუ ოჯახის მიერ დარღვეულია შემდეგი ვალდებულება – „ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში; გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას ან ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე.

ასევე:

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის [2014 წლის 31 მარტის №262] დადგენილების ფარგლებში, სააგენტო არ განახორციელებს ამ პროგრამის ბენეფიციარი ოჯახების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმებას (ბენეფიციარების ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით) და ფულადი დახმარება გაიცემა ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით.

ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია, იმ ოჯახებს, რომელთაც თებერვლის ჩათვლით ერიცხებოდათ ფულადი დახმარება და მარტში შეუჩერდათ დახმარების გაცემა, გაუგრძელოს თანხის გაცემა მიმდინარე წლის აპრილიდან და აუნაზღაუროს მარტის მიუღებელი თანხა, გარდა ამ პროგრამის ფარგლებში დადგენილი გამონაკლისებისა.

სააგენტო უფლებამოსილია ასევე, ამ პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის სანაცვლოდ ეკვივალენტურ დოკუმენტად მიიჩნიოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: