მთავარი,სიახლეები

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში კოვიდ-19-ის ოთხი ახალი შემთხვევა გვაქვს

18.04.2020
ნინო ნიჟარაძე: აჭარაში კოვიდ-19-ის ოთხი ახალი შემთხვევა გვაქვს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში კოვიდ 19 -ის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ოთხივე  პაციენტი კარანტინში იმყოფებოდა, ამათგან  ერთი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ხოლო სამს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ოთხივე პაციენტი ზრდასრულია.

პაციენტები კლინიკა „მედალფაში“ არიან გადაყვანილი, შესაბამისად კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდ-19-ით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს.

ამ მონაცემის მიხედვით, აჭარაში, ქობულეთის კლასტერს უკავშირდება ინფიცირების უკვე 33 შემთხვევა. მათ შორის არიან ბავშვები.

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით მოძიებულია 465 კონტაქტი, მათგან 230 პირთან ჩატარებულია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ამ 230-დან არის სწორედ ის 33 კონტაქტი, რომლებსაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ.

ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. მას შემდეგ, რაც მას კორონავირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადასტურდა ახალი შემთხვევები. კორონავირუსი აღმოაჩნდათ მასთან კონტაქტში მყოფ პირებს, მათ შორის, ოჯახის წევრებს, მეზობლებს და მეზობლებთან კონტაქტში მყოფ პირებსაც.

18 აპრილის დილის მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში, გუშინდელთან შედარებით 15-ით გაიზარდა და არის 385.

მათ შორის გამოჯანმრთელდა – 84, ხოლო გარდაიცვალა – 3.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 5053 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 527.

ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 385-მდე გაიზარდა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: