მთავარი,სიახლეები

Covid19-ის 7 ახალი შემთხვევა აჭარაში – ინფიცირებულია მედპერსონალი

16.04.2020
Covid19-ის 7 ახალი შემთხვევა აჭარაში – ინფიცირებულია მედპერსონალი

აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ეს ის პირები არიან, რომლებიც ამ კლასტერთან დაკავშირებით საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ – ამის შესახებ 16 აპრილს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

5 ინფიცირებული კი სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალია. მინისტრმა არ დააზუსტა, უკავშირდება თუ არა ეს ხუთი შემთხვევაც ქობულეთის კლასტერს, რადგან, მისივე თქმით, ამ დეტალების დაზუსტების შემთხვევაში მედიკოსების პირადი მონაცემები გახდება ცნობილი.

„მათი თხოვნით, არ ვასახელებთ სამედიცინო პერსონალის ადგილსამყოფელს, საიდანაც ისინი არიან.

მათი ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არ იციან, მათ არ სურთ ოჯახის წევრებს დამატებით სტრესული მდგომარეობა შეუქმნან. ეს ადამიანები იყვნენ იზოლაციაში და არ ჰქონდათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მინისტრის განცხადებით, ქობულეთის კლასტერთან სულ 445 კონტაქტირებული პირია დაკავშირებული. იგი არ გამორიცხავს, რომ ამ კლასტერიდან უახლოეს დღეებში კიდევ გამოვლინდნენ ინფიცირებული პირები.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

შვიდივე პაციენტი ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ გააგრძელებს მკურნალობას. ამჟამად „მედალფაში“, ახალი შემთხვევების ჩათვლით, 37 პაციენტს მკურნალობენ ახალ კორონავირუსზე.

ქობულეთის კლასტერს კი დადასტურებულად უკვე ინფიცირების 31 შემთხვევა უკავშირდება, თუმცა, თუ კი მედპერსონალი, რომელთაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ, ამ კლასტერთან არიან კავშირში, მაშინ კლასტერი კიდევ უფრო მრავალრიცხოვანია.

ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. მას შემდეგ, რაც მას კორონავირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადასტურდა ახალი შემთხვევები. კორონავირუსი აღმოაჩნდათ მასთან კონტაქტში მყოფ პირებს, მათ შორის, ოჯახის წევრებს, მეზობლებს და მეზობლებთან კონტაქტში მყოფ პირებსაც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: