მთავარი,სიახლეები

იურისტი ამბობს, რომ უჩივლებს სახელმწიფოს, რადგან ის კოვიდ 19-ისგან სათანადოდ არ გვიცავს

16.04.2020 • 1886
იურისტი ამბობს, რომ უჩივლებს სახელმწიფოს, რადგან ის კოვიდ 19-ისგან სათანადოდ არ გვიცავს

„ვიღაცამ უნდა უთხრას სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში, ამ შემთხვევაში კი, სასამართლომ, რომ, აი, ასე უნდა მოქცეულიყავი,“ – მიიჩნევს ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივას“ იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი, იგი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელისუფლებისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

„გაგვწირა ერმაც და ბერმაც!… პირობას ვდებ, როდესაც გადაივლის ეს ყველაფერი, ერთ ძალიან დიდ სამართალწარმოებას დავიწყებ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის. ძირითადი მოთხოვნა იქნება მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, დაიცვას ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს იქნება საქმე “ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ”- ეს პოსტი ედუარდ მარიკაშვილმა „ფეისბუქში“ დაწერა და აქვე მიუთითა, რომ მოსარჩელე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს.

რა იქნება დავის საგანი და კონკრეტულად რომელი მუხლით არის დავის წარმოება შესაძლებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს და არ უფრთხილდება, მაგალითად, ჩვენს ჯანმრთელობას, როცა ტაძრებში ათასობით ადამიანის შეკრებას არ ზღუდავს?

ედუარდ მარიკაშვილს აქვს მოლოდინი, რომ კანონმდებლობაში ამ კუთხით კონკრეტული მუხლების არარსებობას შეახსენებენ, „მაგრამ კონსტიტუციის ზოგადი მიზნებიდან გამომდინარე, დავის დაწყების სამართლებრივი საფუძვლები არსებობს – სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს იქნება ადმინისტრაციული დავა. შესაძლოა, გამოვიყენოთ სამოქალაქო კანონმდებლობაც,“ – აღნიშნავს იურისტი.

„დემოკრატიული ინიციატივის“ იურისტი პარალელს ავლებს საფრანგეთსა და ამერიკის  რამდენიმე შტატთან, სადაც ექიმებმა დაიწყეს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა სამედიცინო ეკიპირების არასათანადო მომარაგების გამო.

იურისტი ედუარდ მარიკაშვილი ჩვენთან საუბრისას იხსენებს საქართველოში ამ კუთხით მოგებულ დავასაც, როცა ქალი პოლიციას მიმართავდა და ითხოვდა მოძალადისგან დაცვას, მაგრამ ის მოკლეს – სასამართლომ ამ საქმეზე სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რადგან ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო პოზიტიური ვალდებულების – ადამიანის სიცოცხლის დაცვა, როცა ეს შესაძლებელი იყო. ედუარდ მარიკაშვილს განცდა აქვს, რომ სასამართლოში რთული იქნება იმის მტკიცება, რამდენად განაპირობა კონკრეტული შედეგი ხელისუფლების ქმედებამ ან უმოქმედობამ.

იურისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ დგამს მკაფიო ნაბიჯებს ადამიანების თავშეყრის შეზღუდვისთვის და ეს ეხება ეკლესიასაც.

„მათ განცხადებებში არსებობს გარკვეული დათმობის ნიშნები… სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ შეზღუდოს ადამიანების თავშეყრა, მათ შორის, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს გარკვეული აღმსარებლობის ადამიანების რიტუალებში მონაწილეობის უფლებას. ლიბერალური დემოკრატიის ფარგლები ითვალისწინებს იმას, რომ კონსტიტუციის ჩარჩოებში შეიზღუდოს ასეთი შეკრებები. კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსვლას არავინ ითხოვს, აქ არის საუბარი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებაზე,“ – დასძენს იურისტი ედუარდ მარიკაშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: