მთავარი,სიახლეები

რესპუბლიკურის ექთანი: ექიმები ვირუსით დაავადებულების შემდეგ რიგით პაციენტებს იღებენ

17.04.2020 • 3264
რესპუბლიკურის ექთანი: ექიმები ვირუსით დაავადებულების შემდეგ რიგით პაციენტებს იღებენ

„…ექიმები, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ, მუშაობენ სხვა პაციენტებთანაც. ეს გვაშინებს და ამას არავინ ითვალისწინებს,“ – ეს ინფორმაცია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექთანმა მოგვაწოდა. ის ამ კლინიკის ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობს ექთნად და ამბობს, რომ მისი განყოფილების ექიმები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებიც არიან.

„არიან სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც გადაჰყავთ ცხელების ცენტრში ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა კორონავირუსი ჰქონდეთ. სასწრაფოს ცვლის შემდეგ ეს ექიმები ჩვენს განყოფილებებში რიგით პაციენტებს იღებენ, რისკის ქვეშ ვართ ჩვენც…“ – გვითხრა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანმა.

სამედიცინო პერსონალი, რომელიც კონკრეტულად Coivid 19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს ემსახურებიან, მუშაობენ თუ არა ჩვეულებრივ ექიმებად და აქვთ თუ არა მათ შემხებლობა სხვა პაციენტებთან, ან ექიმებთან? – კითხვით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, რომლის პრესცენტრში გვითხრეს, რომ სამედიცინო პერსონალს სხვებთან, მათ შორის, რიგით პაციენტებთან შეხება არ აქვთ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, კლინიკა „მედალფაში“, სადაც COVID 19-ით დაინფიცირებული ადამიანები მკურნალობენ, სამედიცინო პერსონალი საერთოდ აღარ მიდის სახლში და მათთვის სპეციალურად სასტუმრო დაიქირავეს. ინფექციურ საავადმყოფოში მომუშავე ექიმები კი, სხვაგან არსად მუშაობენ და ცვლის დასრულების შემდეგ ოჯახებში ბრუნდებიან.

რაც შეეხება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც ახალ შენობაში მოწყობილ ცხელების ცენტრში პაციენტების მიღება 14 აპრილიდან დაიწყეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი ორკვირიანი ცვლით მორიგეობს, 14 დღის გასვლის შემდეგ მათ ექიმების სხვა შემადგენლობა ჩაანაცვლებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტმა უარყო სასწრაფო დახმარების ექიმების ჩვეულებრივ განყოფილებაში მუშაობის შემთხვევები, თუმცა მას შემდეგ, რაც პრესცენტრს კონკრეტული სამი ექიმის ვინაობა დავუსახელეთ, გვითხრეს, რომ რესპუბლიკურის დირექტორმა ექიმები უკვე გააფრთხილა და ისინი ამავე კლინიკის ჩვეულებრივ განყოფილებაში აღარ იმუშავებენ.

ექთანი, რომელიც ჩვენ დაგვიკავშირდა, გვითხრა, რომ დღეს უკვე შეუზღუდეს სამედიცინო პერსონალს, რომელიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან მუშაობენ, რესპუბლიკურის სხვა რომელიმე განყოფილებაში მუშაობა.

მედპერსონალში 5 პირის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაზე ინფორმაცია გუშინ, 16 აპრილს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: