მთავარი,სიახლეები

რა მოუვა ეკონომიკას – ინტერვიუ

17.04.2020 • 1406
რა მოუვა ეკონომიკას – ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა სტატისტიკა საქართველოში ყოველდღიურად  ათეულობით იზრდება, უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ გონივრულად უნდა გამოიყენოს დრო ეპიდაფეთქებამდე პროპორციული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან იგივე სიმწვავით დგას საკითხი ე.წ. მეორე ფრონტზეც. მოქმედების რა შესაძლებლობებს ხედავს ექსპერტი და როგორ აფასებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ ამ დრომდე გადადგა. ამ და სხვა კითხვებს ეკონომისტი აკაკი ცომაია პასუხობს.

  • ბატონო აკაკი, ვიდრე კონკრეტულ საკითხებს შევეხებოდეთ, ზოგადად რომ შეგვიფასოთ, რა ვითარება გვაქვს ე.წ. მეორე ფრონტზე, რომ აგვიხსნათ ვითარების სიმწვავე, მისი ხარისხი რომ გახდეს უფრო მარტივად აღქმადი?

რაც ხდება იქედან გამომდინარე, საქართველოს ვერ განვიხილავთ იზოლირებულად მსოფლიოსგან – საქართველოში იწყება ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრი შემცირება. პირველი, ცხადია, გახლავთ ტურიზმი. ტურიზმის სექტორი, ფაქტობრივად, მთლიანად გაჩერდა, ასევე მასთან ასოცირებული სექტორები – კაფეები, რესტორნები და ასე შემდეგ. უკვე გვაქვს მასშტაბური უმუშევრობა. ამასთან, თანდათან ზომები გაამკაცრეს, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა, დაიხურა თითქმის ყველა საცალო სავაჭრო ობიექტი, რამაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა. ამას დაემატა ონლაინ გაყიდვების აკრძალვა უმეტესი მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა უმუშევრობის დონე საქართველოში. ფაქტობრივად, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისის, ანუ რეცესიის ზღვარზე ვართ და არც უახლოესი მომავალი გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის შესაძლებლობას. როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ ველოდებით პიკს და უფრო მეტად მოსალოდნელია ზომების გამკაცრება, ვიდრე მათი შერბილება.

ამ ფონზე ყოველი შემდგომი დღე უფრო მძიმე იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. ყოველი მეტი დღე მოგვიტანს მეტ დანაკარგს, თანაც ეს დანაკარგი პროგრესირდება. როგორც ვირუსის გავრცელება იწყებს ზრდას, ასევე დანაკარგიც პროგრესირდება. რაც უფრო მეტ ხანს ვიქნებით გაჩერებული, უფრო მეტ და მეტ დანაკარგს იღებს საქართველოს ეკონომიკა, ეს არის რეალობა.

  • რამდენად სწორი, ეფექტური და საკმარისი იყო ხელისუფლების ნაბიჯები ამ მიმართულებით?

სხვადასხვა ტიპის აქტივობის შეზღუდვა იყო აუცილებელი, ამაზე შეგვიძლია ვიდავოთ, ყოველი შემთხვევისთვის დღის წესრიგში არ დგას ახლა საკითხი, უნდა შეგვეზღუდა თუ არა აქტივობები. დავუშვათ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. გარკვეული მოქმედებები მთავრობის მაინცა და მაინც არ არის ახსნადი. მაგალითად, კომენდანტის საათი საღამოს ცხრა საათის შემდეგ.

როდესაც რაღაცას ვზღუდავთ, ამ შეზღუდვის სარგებელი და ხარჯი უნდა შევადაროთ ერთმანეთს, ამ კონკრეტულმა შეზღუდვამ უნდა მოახდინოს რაღაცის პრევენცია. საღამოს ცხრა საათის შემდეგ შეზღუდვამ, რამდენით შეამცირა ვირუსის გავრცელების ტემპი, ეს უნდა დავითვალოთ და მეორე მხარეს დავითვალოთ პირობითად ზარალი, რომელიც შეიძლება მიეღო საზოგადოებას. ონლაინ გაყიდვების აკრძალვა მაშინ, როცა ჰიპერმარკეტებში, სუპრემარკეტებში უამრავი ადამიანი შედის დახურულ სივრცეში, რომელიც არ ნიავდება, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი, ონლაინ გაყიდვების აკრძალვამ რა სარგებელი მისცა დამატებით საზოგადოებას? – უფრო მეტად ხომ ვერ გაიზრდებოდა გავრცელების ალბათობა, ვიდრე სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში შეიძლება გაიზარდოს. ზოგადად, ონლაინ გაყიდვების სპეციფიკა არის ძალიან მცირეა კონტაქტი. ეს კონტაქტი ხდება ღია სივრცეში და მათი რაოდენობა მცირეა, ანუ გავრცელების მასშტაბი არ იყო მაღალი. ონლაინ გაყიდვების აკრძალვით ჩათვალეთ, რომ მაღაზიებს, რომლებიც ახლა დახურულია – ტექნიკის იქნება ეს თუ სხვა, აღარა აქვთ შესაძლებლობა, რომ პროდუქცია გაყიდონ, ზარალი აქ ძალიან დიდია. ანუ კიდევ უფრო მეტი უმუშევარი დაემატა, კიდევ უფრო ნაკლები ეკონომიკური აქტივობა გვაქვს. შესაბამისად, ნაკლები ტრანზაქცია სრულდება, ანუ  დანაკარგი აქ ცალსახად არის, მაგრამ გაურკვეველია ამით რა მოვიგეთ.

აგრარული ბაზრებში, რომლებიც ღია სივრცეს, ვკრძალავთ  ეკონომიკურ აქტივობას და ისევ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში ვუშვებთ. იქ არის უფრო მეტად გავრცელების რისკი, ვიდრე აგრარულ ბაზრებში, ღია სივრცეში შეიძლება იყოს? რატომ ვზღუდავთ ამ აქტივობებს? – ეს ხომ ისევ და ისევ ადამიანების შემოსავლებზე მოქმედებს. რა აზრი აქვს ამას – ამით ვახდენთ დაავადების გავრცელების პრევენციას?  მინიმალური პრევენცია და დიდი ზარალი რამდენად შეესაბამება ერთმანეთს? – ასიმეტრია გვაქვს, თითოეული მოქმედება უნდა განვიხილოთ ამ ჭრილში.

ბევრი ასეთი მოქმედება არის გაუგებარი, განსაკუთრებით, როდესაც ისეთი მკაცრი შეზღუდვები წესდება, რაც ეკონომიკურ აგენტებს მთლიანად აჩერებს. ამ დროს ძალინ დიდი რისკის კერებს, ეს არის ეკლესიებში შეკრება, სადაც ნამდვილად არსებობს დავადების გავრცელების რისკი,ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფს, მთავრობა ვერ აკონტროლებს. შესაბამისად, ფასი, რომელსაც ვიხდით – ვართ გაჩერებულები, ეკონომიკური აქტივობა დაღმასვლის გზაზეა და ეს ძალიან მწვავედ მოგხვდება, კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს სახლში გამოკეტვა, ანუ კიდევ უფრო მეტი ზარალი უნდა მივიღოთ იმის გამო, რომ ყველაზე მაღალი რისკის კერები სადაც არის, მათ მთავრობა უბრალოდ ვერ უვლის, არის ძალიან მაღალი. არ ვიცი, რა დავარქვა ამ მოქმედებას. აი, ეს მოქმედებები არის გაუგებარი და ძალიან არაეფექტური.

ცხადია, ჯობს თითოეული ჩვენგანი უფრო აქეთკენ იყოს მიმართული, ევროპაც ხომ ამაზე გადადის, ყველა მთავრობამ და საზოგადოებებმა დაინახა, რომ ამ ვირუსთან ერთად უნდა მოგვიწიოს ცხოვრება. უკვე ემზადება მსოფლიო ამისათვის და ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ ერთმანეთთან ურთიერთობების წესები, რომლებიც უნდა შეიცვალოს. ამ წესების დაცვით უნდა გაგრძელდეს  ეკონომიკური აქტივობა.

  • რამდენიმე სცენარი რომ განვიხილოთ, თუ კრიზისი ზაფხულის განმავლობაში ან შემდეგაც გაგრძელდა, რა შეიძლება მივიღოთ? – თუ ზაფხულში შესუსტდა ვირუსის გავრცელება და შესაძლებელი გახდა შეზღუდვების მოხსნა, მაშინ რას მივიღებთ?

გრძელვადიანი პერიოდიც საკმაოდ არასახარბიელო ჩანს მოცემულ მომენტში საქართველოსთვის – ჩვენი ეკონომიკის სექტორული განვითარება იყო ისეთნაირად მოწყობილი, რომ მეხუთედი შემოსავლებისა მოდიოდა ტურიზმზე. სავარაუდოდ, ტურიზმი ასე სწრაფად ვერ აღდგება მთელი მსოფლიო რომც გაიხსნას, ისეთი გახდეს, როგორიც იყო პანდემიამდე. ტურისტები ვერ დაიწყებენ ასე სწრაფად სიარულს, საქართველო ვერ მიიღებს ტურისტების იმ ნაკადს, რასაც იღებდა ადრე. ამას დრო სჭირდება, ადამიანები ჯერ ფეხზე უნდა წამოდგნენ, ეკონომიური შემოსავლები უნდა ჰქონდეთ, დანაზოგები უნდა შექმნან, ამას ალბათ დასჭირდება წლები. ამიტომ ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ზრდის იმავე ტემპს და თუ ტურიზმი ვერ დაბრუნდება ზრდის ტემპს, ეს ნიშნავს, რომ მშენებლობა, რომელიც იყო ნაწილობრივ დამოკიდებული ტურიზმის ზრდის ტემპზე, იმავე ტემპით ვეღარ გაიზრდება, ტრანსპორტი, რომელიც ასევე დამოკიდებული იყო ტურიზმის ზრდის ტემპზე, იმავე ტემპით ვერ გაიზრდება. ანუ ჩვენი ეკონომიკა უფრო დაბალი ტემპით დაიწყებს  განვითარებას, ჩვენ დაგვაკლდება შემოსავლები და კიდევ უფრო მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამიტომ საჭიროა რაღაც ახალი ძრავა, ლოკომოტივი, ინვესტიცია, რომელმაც ეს ქვეყანა უნდა გაიყვანოს გლობალურ ბაზარზე.

ეს ინვესტიცია შეიძლებოდა ყოფილიყო თუნდაც ანაკლიის პორტი, ის იყო კარგი ტრამპლინი ამ მიმართულებით. ერთგვარი ტრამპლინი იქნებოდა იმისათვის, რომ რაღაცა ახალი მიმართულება, ახალი გეზი მიგვეცა, საერთაშორისო ბაზარზე ახალი ადგილი დაგვემკვიდრებინა. მთავრობა ამ მიმართულებითაც დუმს. თუ ჩუმად მუშაობს და სიურპრიზსს გვიმზადებს, არ ვიცი, მაგრამ მე ამის იმედი ნამდვილად არა მაქვს. ეს მატარებელი ჩაივლის, ანუ გაივლის ეს შესაძლებლობა, ცხადია, დაიკარგება და მერე ძალიან რთული იქნება ათვისებულ ბაზარზე შესვლა. ანაკლიის პორტს ჰყავდა საკმაოდ კარგი ინვესტორები, სერიოზული კორპორაციები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ. მათ უარი უთხრა და ახლა რთული იქნება ელაპარაკო მსხვილ ინვესტორებს, რომ საქართველოში რამე გააკეთონ. იმისათვის, რომ ეს ინვესტიცია მოიზიდო, უნდა გქონდეს დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა, სამართლიანი სასამართლო და გამართული სასამართლო პროცესი. ამისთვის არ არის მზად ეს ქვეყანა. შესაბამისად, უშვებს შანსს, რომ გახდეს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაგალითი.

  • რა შეიძლება დაემართოს ამ პერიოდში ლარს?

პროგნოზი შეუძლებელია. სცენარი ბევრნაირი შეიძლება იყოს, შემიძლია ისეთი სცენარიც გითხრათ, რომ ლარი გამყარდეს, მოთხოვნა ბაზარზე მცირდება, ყველაფერი გაჩერებულია, არაფერი აღარ იყიდება. შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა არ არის და ლარი მყარდება. სცენარი მეორე: მთელი მსოფლიო ყიდულობს დოლარს, რადგან სურს დაარეზერვოს თავისი დანაზოგი დოლარში. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი ქვეყნების ვალუტები უფასურდება და ეს გამოიწვევს ანალოგიურ ტალღას საქართველოში. ვისაც აქვს დანაზოგები ლარში, გადაიყვანენ დოლარში, რაც გამოიწვევს ლარის გაუფასურებას. ვთქვათ, უცხოური ვალუტის შემოდინების კლებამ დაასწროს იმპორტს, ანუ აღმოჩნდეს, რომ დოლარის მიწოდება შემცირდა, ეს გამოიწვევს დოლარის დეფიციტს, რაც ასევე გამოიწვევს ლარის გაუფასურებას, ანუ  ყველაფერია მოსალოდნელი – შეიძლება ლარი გამყარდეს, შეიძლება გაუფასურდეს. ჯერჯერობით, ლარი სტაბილურია და ასე თუ გაგრძელდა შეიძლება უფრო მეტად გამყარდეს, ვიდრე გაუფასურდეს.

  • ბიზნეს-ჯგუფებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები მთავრობისთვის, რაც გულისხმობს რიგი გადასახადების [საშემოსავლო და ქონების გადასახადების, საპენსიო შენატანის] შეჩერებას 6 თვით და დღგ-ს გადახდის გადავადებას პროდუქციის განბაჟებიდან მისი რეალიზაციის ეტაპამდე – რას იტყვით ამაზე? ასეთ შემთხვევაში წლის ბოლოს ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი დააკლდება?

ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ივსება არა მცირე და საშუალო ბიზნესით, არამედ მსხვილი ბიზნესით. დიდი კომპანიები ასე თუ ისე აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. ცხადია, ბიუჯეტის შემოსავალს დააკლდება რაღაცა თანხა და საშემოსავლო ნაწილი ვერ შესრულდება. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ამ ორმილიარდიან დახმარებაზე, სინამდვილეში ეს არის არა დახმარება – ჩვენ ასე გვაწვდიან, ასე ფუთავენ თითქოს ორი მილიარდი ლარი იდება ეკონომიკაში – ეს არის გადავადება. ამ ორ მილიარდში საბანკო სექტორის ვალების გადავადებაც ითვლება. ამ შემთხვევაში დახმარება გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ კრიზისის პერიოდში გვეძლევა შესაძლებლობა, ხელში დავიჭიროთ ლიკვიდობა, ფულის ქრონიკული დეფიციტის მდგომარეობაში რომ  არ აღმოვჩნდეთ. საბანკო კრედიტების გადავადებაც ამის მაგალითია. გადასახადის გადავადებაც ამის მაგალითია, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ ხომ უნდა გადავიხადოთ ის გადასახადები, რომლებიც გადავადდა, იმასთან ერთად, რაც დამატებით დაირიცხება. ანუ აქ კერძო სექტორში ფულის ჩატოვებაზე არ არის საუბარი. ეს არის ამ ექვსი თვის განმავლობაში ლიკვიდობის მართვის, შერბილების მცდელობა. ერთადერთი, რაც დარჩა კერძო სექტორში არის ის, რომ მთავრობამ კომუნალური გადასახადები დაგვისუფსიდირა კონკრეტულ ჯგუფს.

  • რამდენად შეიძლება ასეთ ვითარებაში საერთაშორისო დახმარების იმედი გვქონდეს, როცა ყველაგან კრიზისია?

იმ პირობებში, როგორშიც არის მსოფლიო დღეს, საქართველოს საკმაოდ სოლიდური დახმარება ექნება. ყოველ შემთხვევაში ცნობილია, რომ 1.5 მილიარდი დოლარი ფინანსურ სექტორს მოხმარდება საჭიროების შემთხვევაში. თუ ფინანსურ სექტორს შეექმნა ლიკვიდობის პრობლემა, მაგალითად მოხდება ისე, რომ გადავადების შემდეგაც ადამიანები ვერ აბრუნებენ კრედიტებს და ფინანსურ სექტორს არ აქვს უკვე საკმარისი ვალუტა, რომ დააკმაყოფილოს კლიენტის მოთხოვნები.  ფინანსური სექტორი ამ ვალდებულებებს ვერ გადაავადებს, ლიკვიდობა, რომელიც უნდა ჰქონდეს მისი მდგრადობისთვის, ეს აუცილებელია და თუ ფინანსურ სექტორს გაუჭირდება, მაშინ ამისთვის მზადყოფნა არსებობს. მეორე მხრივ არის სავალუტო ფონდის 87 მილიონი, რომლის ნაწილიც ეროვნულ ბანკში შევა რეზერვის სახით. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა შეძლოს ცეცხლის ჩაქრობა დოლარის დეფიციტის შემთხვევაში, რაც იმიტომ არის მოსალოდნელი, რომ ტურიზმი გაჩერებულია და ფულადი გზავნილები მკვეთრად შემცირდება.

  • აერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4%-ით შემცირდება, ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ს 8.5%-მდე გაიზრდება. ეს რას ნიშნავს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის?

ეს პროგნოზები არაფერს ნიშნავს, ჯერ ერთი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთული საკითხია, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას, სავალუტო ფონდი იქნება ეს თუ სხვა. ძალიან ბევრი სცენარი გაქვს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ამ მოვლენების განვითარების შესაძლო ალბათობებს ადგენ და ამ ალბათობების მიხედვით ითვლი კონკრეტულ მაჩვენებლებს. ამის მიხედვით გამოგყავს გრაფიკები და შემდეგ იღებ გამოსახულებას. ეს არ ნიშნავს, რომ რეალობაც ასეთი იქნება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. სულ მცირე უნდა ვიცოდეთ, როდის მორჩება მსოფლიო სახლში ჯდომას და დაიწყებს მუშაობას. მანამდე შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპი. ეს პროგნოზი მე, პირადად, არაფერს მეუბნება, პირიქით ვვარაუდობ, რომ უფრო მაღალი იქნება რეცესია, ვიდრე სავალუტო ფონდი პროგნოზირებს. ვგრძნობ, რომ 10 მაისს არ დასრულდება კარანტინი და კიდევ გაგრძელდება.

ჩვენთან შემოსავლები ასიმეტრიულად არის გადანაწილებული, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ. არ ვიცი რატომ მოხდა ასე, მაგრამ საზოგადოებაში გამოიკვეთა ძალიან მდიდარი ადამიანები და ეს ადამიანები განსაკუთრებით გამდიდრდნენ ბოლო პერიოდში, კლასტერი შეიქმნა [მოდაშია ეს სიტყვა], რომლებიც ბიუჯეტს ჭამენ. ასევე აქვთ არანორმალური ხელფასებიც, გარდა იმისა, რომ საბიუჯეტო ტენდერებში სავარაუდოდ მონაწილეობენ. არის კომპანიები, რომლებიც ამ ტენდერებს იგებენ, შემდეგ საერთო ფონდში რიცხავენ თანხებს არჩევნების წინ, შემდეგ კი ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც უგროვდებათ არანორმალური ოდენობის ქონება… საშუალო შემოსავალიც გვაქვს, რომელიც სტაბილურად იზრდებოდა ეკონომიკის კვალდაკვალ, მაგრამ გადანაწილება ძალიან არაპროპორციულია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ძალიან გაღარიბდა, მაშინ როცა მცირე ნაწილი ძალიან გამდიდრდა. ეს კიდევ უფრო მეტ მწვავე ფონს შექმნის, ანუ რეცესია ამ სურათს კიდევ უფრო დაამძიმებს. სოციალური ფონი ძალიან დამძიმდება.

  • პრემიერმა განცხადა, რომ მოიცლის ყველასთვის, ვინც თანამშრომელს ხელფასი არ გადაუხადა – ამაზეც მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. ვიცით, რომ დიდი კომპანიების უმეტესობამ მარტის ხელფასები გადაუხადა დასაქმებულებს, მაგრამ მათ არ ჰქონდათ პასუხი კითხვაზე აპრილთან დაკავშირებით, თუ შეზღუდვები გაგრძელდებოდა.

მოგაკითხავთ ყველას, ასეთი მსჯელობა, მეტყველების ასეთი სტილი პრემიერისგან, რომელიც ბიზნესს ელაპარაკება, არათუ არაეთიკურია, ძალიან საგანგაშოა. ქვეყანაში, რომელიც ამბობს, რომ კერძო საკუთრებაზე დგას [კონსტიტუციურად საზოგადოება ქმნის დოვლათს კერძო საკუთრების მეშვეობით], ელაპარაკო ბიზნესს ასეთი ენით, ეს, რა თქმა უნდა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასწორია, არც ეთიკურია. პრემიერმა იგულისხმა სამართლებრივი ასპექტი – შრომის კოდექსით როცა უშვებ ადამიანს, კომპენსაცია უნდა გადაუხადო. მაგრამ ბიზნესი არ გაჩერებულა თავისი ნებით და თავისი არასწორი გადაწყვეტილებებით, მთავრობამ გააკეთა, თქვა – თქვენ უნდა გაჩერდეთ, სახლში უნდა იჯდეთ, ეს ფორსმაჟორია. ეს ტონი და მეტყველების სტილი დაუშვებელია, მით უმეტეს ეს ის პრემიერია, რომელმაც ახალგაზრდებს თვალები დათხარა, ეს ის პრემიერია, რომელიც რევერანსებს უკეთებს საპატრიარქოს, ვერ მიუხედია ელემენტარული პრობლემისთვის და საზოგადოებისკენ იშვერს ხელს, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხიმგებლობა იმაზე, რაც ცალსახად მისი პასუხისმგებლობაა. ის ამ ლაქას ვერასოდეს ვერ მოიშორებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: