აჭარის გზების დეპარტამენტის ახალ უფროსად ზაზა შავაძე დანიშნეს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. ზაზა შავაძე დღეს, 1-ელ ივნისს, დანიშნეს ამ პოსტზე. ის აქამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

რაც შეეხება საგზაო დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მუხრან კაკაბაძეს, აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ იგი მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად გააგრძელებს მუშაობას.

აჭარის მთავრობაში არ აკონკრეტებენ, რას უკავშირდება აღნიშნული ცვლილება.

____________

ფოტო: კადრი აჭარის ტელევიზიის ვიდეომასალიდან

 

„უცხო ენის მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიაში“ – საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ ჩატარდება

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ ორგანიზებით 20 ივნისს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “უცხო ენის მნიშვნელობა სხვადასხვა პროფესიაში”.

ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ონლაინრეჟიმში ჩატარდება.

კონფერენციის მიზანია ცნობიერების ამაღლება უცხო ენების მნიშვნელობის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობა აკადემიურ პერსონალის გარდა სტუდენტებსაც შეუძლიათ.

მნიშვნელოვანი თარიღები:

[checklist]

  • 2020 წლის 20 მაისი- რეგისტრაციის ბოლო დღე
  • 2020 წლის 1-ლი ივნისი- სათაურის გადმოგზავნის ბოლო დღე
  • 2020 წლის 10 ივნისი- თეზისის წარდგენის ბოლო დღე
  • 2020 წლის 20 ივნისი- კონფერეცნიის გახსნა
  • 2020 წლის 1-ლი სექტემბერი – ნაშრომების გადმოგზავნის ბოლო დღე

[/checklist]

ნაშრომები გადმოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: conference@mtc-anri.edu.ge

მოთხოვნები კონფერენციის მასალების კრებულში მოხსენების გამოსაქვეყნებლად:

  1. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე
  • თეზისი ინგლისურ ენაზე

2. ფურცლის ფორმატი – A4; რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ნაბეჭდ გვერდს
(ინტერვალი-1,5; არეები-2სმ); შრიფტი – Sylfaen; ზომა – 12.

3. ნაშრომი უნდა შეიცავდეს:

  • რუბრიკას (მეცნიერების დარგი)
  • სტატიის სათაურს
  • ავტორის გვარს, სახელს
  • ინფორმაციას აკადემიური ხარისხის შესახებ
  • უმაღლესი სასწავლებლის დასახელებას
  • თეზისი არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას
  • დამოწმებული ლიტერატურა სასურველია იყოს ათი და მეტი
  • მითითებული უნდა იყოს საკვანძო სიტყვები

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ბმულზე, რის შემდგომაც შეტყობინების სახით გაეგზავნებათ ბმული, რომლის საშუალებითაც შეძლებენ 20 ივნისს ჩაერთონ კონფერენციაში: https://forms.gle/yWw2QZSmjk3dwVNT7

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ელფოსტით: info@mtc-anri.edu.ge / conference@mtc-anri.edu.ge

ან ეწვიეთ ვებგვერდს: www.mtc-anri.edu.ge

EMC-ი აზარტული ინდუსტრიისგან ბავშვთა დაცვას ითხოვს – მიმართვა მთავრობას და პარლამენტს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უმოკლეს დროში შეიმუშავოს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმები და არ დაუშვას მათში არასრულწლოვანთა მონაწილეობა.

„კვლევის მიხედვით საქართველოში 15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი – ბოლო 1 წლის განმავლობაში. ამგვარი აქტივობების ადრეული ასაკიდან დაწყება ზრდასრულ ასაკში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

EMC-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზარტულ თამაშებში ბავშვების მონაწილეობა ოჯახებისთვის დამატებით ეკონომიკურ სირთულეებს აჩენს, არასწრულწლოვანთათვის კი ქრონიკული სიღარიბის რისკს ზრდის.

„საქართველოში აზარტული თამაშების ფართო გავრცელება და სათამაშო ბიზნესის ზომა მძიმე სოციალური ფონის სიმპტომიცაა და მისი შენარჩუნების ინსტრუმენტიც. არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე – უახლესი მონაცემებით საქართველოში ყოველი მესამე ანუ დაახლოებით 200 000 ბავშვი სიღარიბეში იზრდება – აზარტული თამაშებისა და მათში არასრულწლოვანთა ჩართულობის გავრცელება გადაუდებელი სახელმწიფო ინტერვენციის აუცილებლობას ქმნის.

მოვუწოდებთ, საქართველოს პარლამენტს: განახორციელონ საკანონმდებლო ცვლილებები აზარტული თამაშებისა და მისი რეკლამირების აკრძალვის ან მკაცრად და დეტალურად დარეგულირების მიზნით, მათ შორის, არასრულწლოვნების საჭიროებებისა და გამოწვევების მხედველობაში მიღებით.

საქართველოს მთავრობას: გამოავლინოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები, ასევე, დამოკიდებული ადამიანებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, განახორციელოს ეფექტიანი პრევენციული და რეაგირებითი ინტერვენციები; განახორციელოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხის პრიორიტეტიზაცია ჯანდაცვის პოლიტიკაში და თამაშებზე დამოკიდებული პირები უზრუნველყოს სარეაბილიტაციო და სხვა ტიპის მხარდამჭერი სერვისებით და უზრუნველყოს აზარტულ თამაშებთან დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების ეფექტიანი აღსრულება,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეცდომის გასწორება – თურქული მედიის ცნობით, ბარიშ ჩაქანი ქურთული მუსიკის მოსმენისთვის არ მოუკლავთ

შეცდომის გასწორება და განახლებული ინფორმაცია: „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის თავდაპირველი სათაური იყო: “ანკარაში 20 წლის კაცი ქურთული მუსიკის მოსმენისთვის მოკლეს”. მასალა მომზადებული იყო თურქულ გამოცემა, „ბიანეტზე“ დაყრდნობით, თუმცა, „ბათუმელების“ მიერ მასალის თარგმნის შემდეგ „ბიანეტმა“ ინფორმაცია განაახლა.  გთავაზობთ განახლებულ ინფორმაციას, რომელიც მომზადებულია თურქულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით.

__________________________

თურქეთში, ქალაქ ანკარაში 20 წლის ახალგაზრდა, ბარიშ ჩაქანი მოკლეს 31 მაისს.

თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ბარიშ ჩაქანის მკვლელობის მიზეზი ქურთული მუსიკის მოსმენა იყო, სწორედ ეს ვერსია გააჟღერა გარდაცვლილის ოჯახმა, თუმცა, თურქული მედიის ცნობით, მოგვიანებით ინფორმაცია დაზუსტდა და ამჟამად მედია წერს სხვა გარემოებების შესახებ, რომელიც წინ უძღოდა მკვლელობას.

კერძოდ, თურქული მედიის ცნობით, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბარიშ ჩაქანი მოკლეს ქუჩაში კონფლიქტისას. კონფლიქტი მას და მის მეგობარს, ბ.ა.-ს მოუხდათ ანკარაში, ქუჩაში, მანქანაში მსხდომ პირებთან, რომლებიც ხმამაღლა უსმენდნენ მუსიკას მუსლიმური სალოცავი მოწოდების, აზანის დროს. კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა, რის დროსაც ბარიშ ჩაქანი ცივი იარაღით დაჭრეს და იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

გუშინ, 1 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ დააკავა ბარიშ ჩაქანის მკვლელობაში ბრალდებული 3 პირი.

_____________________________________

მთავარი ფოტო: Bianet

დაღლილობის შეგრძნება და უგუნებობა – D ვიტამინი ხომ არ გაკლიათ?

უგუნებობა, დაღლილობის შეგრძნება მაშინაც კი, როცა დაღლილი არ უნდა იყოთ, ძილის დარღვევა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თმის ცვენა – გეცნობათ? თქვენ შესაძლოა D  ჰიპოვიტამინოზი ანუ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა გაწუხებთ. გამომდინარე იქიდან, რომ  D ვიტამინის ძირითადი წყარო მზის პირდაპირი სხივებია, გასაკვირი არაა, რომ კორონავირუსის პანდემიისას, იზოლაციის პერიოდში, ეს პრობლემა ბევრს შეეხო.

“ეს მოსალოდნელია მაშინაც, როცა ადამიანი დღის დიდ ნაწილს ატარებს სამსახურში, დახურულ სივრცეში და მას ვერ ხვდება მზის სხივები. არ აქვს მნიშვნელობა სეზონს და ადგილს, ზაფხულობითაც კი ძალიან ხშირად პაციენტები მოდიან ისეთი ჩივილით, როგორიცაა: დაღლილობა, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, უმადობა, აპათია, გუნება-განწყობის გაუარესება… ასეთ დროს, როცა ვზომავთ D ვიტამინს, ხშირ შემთხვევაში იგი ნორმაზე დაბალია, ზაფხულობითაც კი, რადგან ეს ხალხი ფაქტიურად არ ხვდება მზეზე,”– ამბობს ექიმი თერაპევტი თამარ დონდუა. ჩვენ მას D ვიტამინის დეფიციტის შესახებ ვესაუბრეთ. 

  • D ვიტამინის შესახებ გვითხარით, რისთვის არის საჭირო და რატომ შეინიშნება ხშირად მისი ნაკლებობა?

D ვიტამინი გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმში, კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად და პასუხისმგებელია ძალინ ბევრ პროცესზე ადამიანის ორგანიზმში, მას მნიშვნელოვანი როლი აქვს მინერალური ცვლის პროცესში (კალციუმი და ფოსფორის ცვლა) და, ასევე, მოქმედებს ჩვენს იმუნურ სისტემაზე.

Mayo Clinic: D ვიტამინი აუცილებელია ჯანმრთელი ძვლების ფორმირებისა და შენარჩუნებისთვის. ეს იმიტომ, რომ კალციუმი – ძვლის ძირითადი კომპონენტი, შეიძლება ორგანიზმმა აითვისოს მხოლოდ მაშინ, როცა მასში D ვიტამინის საკმარისი რაოდენობაა.

D ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლოა ჩვილის შემთხვევაში განავითაროს რაქიტი, მაგრამ ეს ჩვენთან იშვიათია, რადგან ბავშვები მზეზეც ხვდებიან და ხელოვნური კვებიდანაც იღებენ ამ ვიტამინის დღიურ ნორმას, რასაც ის დანამატის სახით შეიცავს.

D ვიტამინის ნაკლებობა მნიშვნელოვანია განისაზღვროს ასაკოვან ადამიანებში, რადგან D ჰიპოვიტამინოზის  დროს ორგანიზმში არ ხდება კალციუმის შეწოვა. მოგეხსენებათ, ასაკოვან პაციენტებში ხდება ძვლის ქსოვილის განლევა და ამიტომ მათთან ხშირია მოტეხილობები. რაც არ უნდა ბევრი კალციუმი მიიღო, D ვიტამინთან თუ ბმა არ ხდება, არ ჩალაგდება ძვლის ქსოვილში. ასევე ფოსფორიც – ჩვენ გვჭირდება D ვიტამინი, რომ დავეხმაროთ სხეულს, აითვისოს კალციუმი და ფოსფორი საკვებიდან. 

  • როდის არის ყველაზე კარგი დრო მზეზე გასასვლელად და რა დრო გვჭირდება D ვიტამინის გამოსამუშავებლად?

აბსოლუტურად საკმარისია დილის საათებში 15-20-წუთიანი სეირნობა მზეზე იმისთვის, რომ ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის  D ვიტამინი გამომუშავდეს. ყველაზე სასურველია დილის მზე 11-11:30 საათამდე.

დიდი ხნით მზეზე გაჩერება არ ნიშნავს, რომ მეტი რაოდენობის D ვიტამინი წარმოიქმნება. გადაჭარბებული მზის სხივები, პირიქით, საზიანოა. მაგალითად, როცა ადამიანი ირუჯება, მის ორგანიზმში უფრო ნაკლებად ხდება D ვიტამინის წარმოქმნა, რაც ორგანიზმის ერთგვარი დამცველობითი ფუნქციაა, რომ ჭარბი რაოდენობით არ წარმოქმნას D ვიტამინი, რადგან ჰიპერვიტამინოზი ასევე საზიანოა ორგანიზმისთვის.

მზეზე დიდხანს გაჩერება არ ნიშნავს, რომ ორგანიზმი უფრო ბევრ ან ზედმეტი რაოდენობით გამოიმუშავებს D ვიტამინს. WebMED-ი წერს, რომ გარუჯულ კანში პიგმენტის ზრდა ბლოკავს D ვიტამინის სინთეზს და ზღუდავს კანის შესაძლებლობას წარმოშვას D ვიტამინი. აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი NIH-ი წერს:  კანის ეპიდერმულ ფენაში პიგმენტ მელანინის დიდი რაოდენობის შედეგია მუქი კანი, ეს კი ამცირებს კანის შესაძლებლობას, მზის სხივიდან წარმოქმნას D ვიტამინი. მუქკანიან ადამიანებს სჭირდებათ ულტრაიისფერი სხივების უფრო მეტი ზემოქმედება, ვიდრე ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს ერთი და იმავე რაოდენობის D ვიტამინის წარმოსაქმნელად. 

ასევე, D ვიტამინის საკმარისი რაოდენობის წარმოქმნა ფერხდება მზის დამცავი კრემის გამოყენებისას.

NIH: D ვიტამინთან დაკავშირებული ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ კვირაში ორჯერ მაინც, 10:00 -დან 15:00 საათამდე პერიოდში, დაახლოებით 5-30-წუთიანი მზის დასხივება სახეზე, ხელებზე, ფეხებზე ან ზურგზე (მზისგან დამცავი კრემის გარეშე), საკმარისი რაოდენობის D ვიტამინს გამოგიმუშავებთ.

NIH: ულტრაიისფერი სხივები შუშაში ვერ აღწევენ, ამიტომ მზის ზემოქმედება ფანჯრებიდან არ ეხმარება D ვიტამინის წარმოქმნას.

  • რა საკვები შეიცავს D ვიტამინს?

არის D ვიტამინის საკვები დანამატები და არის საკვების შემცველობაში შემავალი D ვიტამინი – ეს არის ძირითადად ცხოველური წარმოშობის საკვები, კვერცხი, ზღვის პროდუქტები… მაგრამ როცა უკვე D ვიტამინის ნაკლებობაა ორგანიზმში, იმას საკვებით ვერ აღვადგენთ, აქ ერთვება მედიკამენტოზური თერაპია.

თუ დააკვირდებით პროდუქტის შეფუთვაზე, მაგალითად, ზოგიერთი იოგურტის, მიუსლის, ფორთოხლის წვენის და ა.შ., აღმოაჩენთ, რომ ისინი დანამატების სახით შეიცავენ D ვიტამინს. რაც შეეხება არაცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ბუნებრივად D ვიტამინს შეიცავს ზოგიერთი სახის სოკო. PETA წერს, რომ ერთ-ერთი მათგანია შამპინიონი.

  • როგორ მკურნალობენ D ვიტამინის ნაკლებობას?

ჯერ უნდა განისაზღვროს სისხლში ჰიპოვიტამინოზი D და ნაკლებობის შემთხვევაში ადამიანს ენიშნება აუცილებლად D ვიტამინის დამატება მედიკამენტოზური თერაპიის სახით, ეს ვიტამინი არის ბევრი ფორმით – წყალში ხსნადი, ზეთში ხსნადი, არის ტაბლეტირებული ფორმით და აბების სახითაც. ცხადია, არ არის რეკომენდებული თვითნებურად მიღება ამ ვიტამინის, რადგან მისი ჭარბი რაოდენობა ანუ ჰიპერვიტამინოზი D-ც ასევე საზიანოა ორგანიზმისთვის.

გამოფენა ბათუმის თოჯინების თეატრთან [ფოტო]

დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრთან ტრადიციული ჟრიამული არ არის – კორონავირუსის პანდემიის გამო სპექტაკლები დღეს არ იმართება, თუმცა თოჯინების თეატრი ბავშვთა დღეს გამოფენით გაეხმაურა.

თეატრმა შენობის წინ დეკორაციები გამოფინა, რომლის დათვალიერებაც დღის ბოლომდეა შესაძლებელია.

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

 

საქართველოსა და მონტენეგროს საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზია

ავტორი: მულტიმედია პლატფორმა „ვირაგო“

საქართველოსა და მონტენეგროს საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზია

ეროზია, წყლის ნაკადის დამანგრეველი ზემოქმედება კალაპოტის ამგებელ ქანებზე ანუ ნიადაგის წარეცხვა, კლიმატის ცვლილებასთან ერთად ჩვენი დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. სანაპირო ზოლის გაქრობა, ეკოსისტემების განადგურება, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა იმ შედეგების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ეროზიის პროცესს ახლავს თან.

ლავასოღლის მხარდამჭერები 4 ივნისამდე დაშლას არ აპირებენ – აქცია პროკურატურასთან

დღეს, 1-ელ ივნისს, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთანაც გამართეს. ისინი ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადაციას ითხოვენ.

ლავასოღლის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად არ სურს ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. ლავასოღლის თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 28 თებერვალს გაუვიდა, თუმცა ის მეორე დღესვე ხელახლა დააპატიმრეს. მორიგი სასამართლო პროცესი თურქეთში 4 ივნისს გაიმართება.

ადვოკატის, ლექსო კობაიძის თქმით, მინდია ლავასოღლი ციხეში ამჯერად მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ ჩაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

პროკურატურის ოფიციალური განცხადებით, ლავასოღლის ექსტრადაცია მოთხოვნილია და თურქეთის მხარეს დამატებითი კითხვებით საქართველოსთვის არ მოუმართავს. ხელისუფლებას არ განუმარტავს, რის გამო ვერ ხერხდება უკვე მეორე წელია მინდია ლავასოღლის ექსტრადაცია საქართველოში.

მინდია ლავასოღლის განაჩენი საქართველოში 2018 წელს გამოიტანეს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეებმა დღეს, პირველ ივნისს, საპროტესტო აქცია ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან დაიწყეს, შემდეგ კი პირდაპირი ეთერი მოითხოვეს აჭარის ტელევიზიასთან. სატელევიზიო ჩართვის შემდეგ აქციის მონაწილეები პროკურატურასთან მივიდნენ.

“ჩვენ დავბრუნდებით ისევ თურქეთის საკონსულოსთან, საიდანაც დავიწყეთ, აქცია არ იშლება, ვიდრე პასუხს არ მივიღებთ,” – მიმართა აქციის მონაწილეებს ლავასოღლის ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ.

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს საპროტესტო აქცია, თუკი თურქეთის საკონსულო ან საქართველოს ხელისუფლება ახალს ამ საკითხზე არაფერს იტყვის? – ვკითხეთ ლექსო კობაიძეს. მან გვითხრა, რომ აქციები სავარაუდოდ 4 ივნისამდე გაგრძელდება თურქეთის საკონსულოს შენობასთან, ვიდრე სტამბოლის სასამართლო მინდია ლავასოღლის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თუკი სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ლავასოღლის ხელახალი საექსტრადაციო პატიმრობის ვადა აგვისტოს ბოლოს ამოიწურება.

ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით აქცია აჭარის პროკურატურასთან

სამინისტრო 15 ივნისის შემდეგ 200 000 ლარს დახარჯავს „ტელესკოლის“ პოპულარიზაციაზე

განათლების სამინისტრო 199 996 ლარად ყიდულობს პროექტს, რის შესახებაც საზოგადოება უკვე ინფორმირებულია. სამინისტრო „ტელესკოლის“ საინფორმაციო კამპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემა, მომსახურებას ყიდულობს სასწავლი წლის დასრულების შემდეგ. სამინისტრო შესყიდვის აუცილებლობას ასე ასაბუთებს:

„აღნიშნული საკითხი (ანუ „ტელესკოლის“ და სწავლის დასრულების შესახებ ინფორმაცია) წარმოადგენს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინტერესის ღონისძიებას…

2020 წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო წელი მთავრდება ივნისის შუა რიცხვებში, აუცილებელია, რომ აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდოს დროულად და შეუფერხებლად“.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დისტანციური სწავლების მეთოდი არის განათლების სისტემაში მომუშავე კომპეტენტური ადამიანების დაუღალავი, ოპერატიული შრომის შედეგი, რომელიც ღირსეულად აგრძელებს სწავლის უზრუნველყოფასა და განათლების სისტემის რეფორმირების პროცესს. პროექტი „ტელესკოლა“ ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას“, – წერს დასაბუთებაში სამინისტრო.

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლება თითქმის ორი თვეა მიმდინარეობს და „ტელესკოლის“ შესახებ სამიზნე აუდიტორია, წესით, ინფორმირებული უნდა იყოს, სამინისტრო მაინც აპირებს 200 ათასამდე ლარი დახარჯოს ამ ინფორმაციის გავრცელებაში.

„აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები სწავლას აგრძელებენ ივლისის თვის ჩათვლით და აუცილებელია მოვიცვათ როგორც ივნისის, ასევე ივლისის თვეც.

სამინისტროს სურს, აღნიშნული მომსახურება შეისყიდოს ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით, 2020 წლის 15 ივნისიდან 2020 წლის 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში.

აქედან გამომდინარე, დროის სიმცირის გათვალისწინებით, ვერ მოესწრება ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადაში მოხდეს დისტანციური სწავლების საინფორმაციო, საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით“, – წერს განათლების სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, ამ ინფორმაციის ცოდნა ყველაზე მეტად აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, „ვინც აცნობიერებს ხარისხიანი განათლების მნიშვნელობას და მის პირდაპირ კავშირს მათი შვილების კეთილდღეობასთან მუდმივად ცვალებად სამყაროში და საკუთარი თავის დაცულ, მშვიდ სიბერესთან“.

განათლების სამინისტრო ასევე წერს დოკუმენტში, რომ „აღნიშნული მეთოდიკის დანერგვა“ ანუ „ტელესკოლა“ და დისტანციური სწავლება გაგრძელდება მომავალშიც, „მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა“.

საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, რამდენი დახარჯა განათლების სამინისტრომ „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელებისთვის და რამდენის დახარჯავს აპირებს სამომავლოდ ბიუჯეტიდან.

საინფორმაციო/საკომუნიკაციო კამპანიის მომსახურება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
* კრეატივი:
– კრეატიული კონცეფცია

* აღსრულება:
– ქეის ისტორიები | ფოტოგადაღება
– ეპოქები | ფოტოგადაღება
– რესპონდენტები | ვიდეოგადაღება
– მთავარი ვიდეო

* სარეკლამო:
– ქეის ისტორიები | ფოტო პოსტები
– ეპოქები | ფოტო პოსტები
– რესპონდენტები | ვიდეო პოსტები
– მთავარი ვიდეო

* პიარ გაშლა:
– სტატიები

შიმშილობის მე-4 დღე აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა – „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტი ალექსანდრე მილორავა უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაყენებას ითხოვს.

ალექსანდრე მილორავამ დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უკვე მიმართა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უნდობლობის პროცედურის დაწყების მოთხოვნით, მაგრამ საბჭოს წევრები არ გამოხმაურებიან.

დღეს, პირველ ივნისს ალექსანდრე მილორავა აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართავს და მოითხოვს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის უნდობლობის გამოცხადებას.

სწორედ ამიტომ, ალექსანდრე მილორავამ, რომელსაც კარავი ტელევიზიის შესასვლელიდან ერთ მეტრში ჰქონდა გაშლილი, თავისი კარვით უშუალოდ ტელევიზიის შესასვლელში გადაინაცვლა.

“ფეხს არ მოვიცვლი აქედან, სანამ დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი არ დადგება,” – უთხრა მან “ბათუმელებს”.

ალექსანდრე მილორავა ამბობს, რომ თავს ჯერჯერობით კარგად გრძნობს. გუშინ მოშიმშილესთან გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ალექსანდრე მილორავამ თქვა, რომ დღეს სამედიცინო ჯგუფი მასთან არ მოსულა.

_____

ალექსანდრე მილორავა მხარდაჭერას უცხადებს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მაუწყებლის დირექტორმა სხვადასხვა მიზეზით ჩამოაშორა რედაქცია. ზოგი მათგანი სამსახურიდან საერთოდ გაუშვა, ზოგი კი სხვა პოზიციაზე გადაიყვანა. გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ სასამართლოში 9 სარჩელია შესული – დირექტორს თავისი ყოფილი თანამშრომლები უჩივიან, თუმცა დღემდე არც ერთი სასამართლო სხდომა არ გამართულა.

მთავარი ფოტო: მარცხნივ, ალექსანდრე მილორავა

ლავასოღლის მხარდამჭერები აჭარის ტელევიზიას პირდაპირ ეთერს სთხოვენ

მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად შეკრებილებმა აჭარის ტელევიზიას საპროტესტო აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქება მოსთხოვეს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად თურქეთის საკონსულოსთან შეიკრიბნენ და საკონსულოს პიკეტირება დააანონსეს, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ ტელევიზიასთან მივლენ. საბოლოოდ, აქციის მონაწილეები პროკურატურასთან გააგრძელებენ საპროტესტო აქციას.

აქციაზე შეკრებილები ქურდული სამყაროს წევრობისთვის მსჯავრდებული მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. ის საექსტრადაციო პატიმრობაშია თურქეთში.

მინდია ლავასოღლი 2018 წელს გაასამართლეს ქურდული სამყაროს წევრობისთვის, თუმცა განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. გასულ წელს ლავასოღლი თურქეთში დააკავეს და იგი ამ დრომდე საქართველოსთვის არ გადმოუციათ.

საექსტრადაციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 2020 წლის 28 თებერვალს ამოიწურა, თუმცა მეორე დღესვე ლავასოღლო ხელახლა დააპატიმრეს.

ადვოკატის, ლექსო კობაიძის თქმით, მინდია ლავასოღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ხულოში 8-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა

დღეს, პირველ ივნისს, ხანძრის შედეგად ხულოში, სოფელ წაბლანაში შაინიძეების ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხულოს მერიის ცნობით, შაინიძეების ოჯახში 8 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, 4 არასრულწლოვანია.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მერიისვე ცნობით, ოჯახი დროებით მეზობელთან იმყოფება და მათი საცხოვრებელი ბინის ქირას ხულოს მერია უზრუნველყოფს.

__________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ბათუმში 126 პირის კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია – აჭარა კვლავ მწვანე ზონად რჩება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში, ლაბორატორიებში ჩატარებული 126 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია.

დღეს აჭარაში ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 47 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

სამინისტროს ცნობით, ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 13 047 პირს.

აჭარაში უკვე ერთი თვეა Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი.

“ლავასოღლი მიწიდან 4 სართულით ქვემოთ, ჯურღმულში გადაიყვანეს”- აქცია საკონსულოსთან

მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან, საპროტესტო აქცია იმართება. მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვისაა მსჯავრდებული და ამ დროისთვის თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. აქციაზე ითქვა, რომ თუ საკონსულოდან 10 წუთის განმავლობაში არ გამოეხმაურებიან, დაიწყება საკონსულოს შენობის პიკეტირება.

ადვოკატი ლექსო კობაიძე ამბობს, რომ მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულით ქვემოთ მოწყობილ საკანში მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

“ამჯერად ეუბნებიან, რომ მისი მგზავრობის საკითხი არის გაურკვეველი… მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ის მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთაა, სადღაც ჯურღმულში, პერიოდულად გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ეს საკმარისი არაა,” – გვითხრა ლექსო კობაიძემ.

მინდია ლავასოღლის საქმეს სტამბოლის სასამართლო 4 ივნისს განიხილავს. აქციის მონაწილეები ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. მათ ეჭვი აქვთ, რომ მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში ყოფნა საქართველოს ხელისუფლებას არ სურს.

მინდია ლავასოღლი საქართველოში კანონიერი ქურდობის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა განაჩენის მიღების დროს, 2018 წელს, იგი ქვეყანაში აღარ იმყოფებოდა.

გასულ წელს მინდია ლავასოღლი თურქეთში დააკავეს, თუმცა იგი ამ დრომდე საქართველოსთვის ექსტრადაციის წესის შესაბამისად არ გადმოუციათ. მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ვადა თურქეთში 2020 წლის 28 თებერვალს ამოეწურა, თუმცა 29 თებერვალს მას ხელახლა შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ გაურკვეველია პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი.

1-ელი ივნისი. ლავასოღლის ახლობლების აქცია ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან

მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია თურქეთის საკონსულოსთან არაერთხელ გაიმართა.

ამ თემაზე:

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა

 

იწყება პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია

დღეს, პირველ ივნისს, იწყება პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ანუ საყოველთაო რეგისტრაცია, რომელიც 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. სრული დოკუმენტაციის წარდგენა კი 2 ივნისიდან დაიწყება და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge.

ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

რეგისტრაციის ბოლო, IV ეტაპი, 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ, ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მე-4 ეტაპისთვის დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

94 წლის ელისაბედ II უინძორის სასახლის პარკში [ფოტო]

დიდ ბრიტანეთში, კარანტინის შემოღებიდან პირველად, დედოფალი ელისაბედ II სახალხოდ გამოჩნდა. მას უინძორის სასახლის ტერიტორიაზე გადაუღეს ფოტო, როცა დედოფალი პონით სეირნობდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, დედოფალი ხშირად სეირნობს პონით პარკში, რომელიც სასახლეს აკრავს გარს. უინძორის სასახლეში ელისაბედ II მეუღლესთან, ედინბურგის ჰერცოგთან ერთად იმყოფება თვითიზოლაციაში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან.

ელისაბედ II 21 აპრილს 94 წლის გახდა.

______________

 

საკომპენსაციოდ დასაქმებულთა მონაცემების გადაგზავნის ბოლო დღე 1-ლი ივნისია

ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ვინაიდან დამსაქმებელი კომპანიების მიერ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ განაცხადების  წარდგენის სავალდებულო ვადა – 30 მაისი დაემთხვა არასამუშაო დღეს, ეს ვადა გახანგრძლივდა და აღნიშნული განცხადების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 1-ლი ივნისის ჩათვლით.

ეს დრო ეხება მაისის თვეში გადასაგზავნ მონაცემებს. ეს ბოლო ვადა ჯერ 20 მაისი, შემდეგ კი 30 მაისი იყო.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის მიხედვით – გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე.

კერძოდ, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს: დაქირავებულს, მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში, თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდა ხელფასს და 2020 წლის 1-ელ ივნისამდე შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან.

ამ თემაზე:

თვითდასაქმებულებს 300 ლარის მისაღებად განაცხადის შევსება დღეიდან შეუძლიათ – ინსტრუქცია

 

ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს – საუკეთესო პირობები დეპოზიტზე

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალი მუდამ წინა ხაზზეა – ექიმები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ ვირუსის დამარცხებას და ჩვენს გადარჩენას. საქართველოში ვირუსის, შედარებით ნაკლებად და სტაბილურად გავრცელებაში ამ ადამიანებს უდიდესი წვლილი მიუძღვით.

ფინკა ბანკი მადლიერების გამოხატვის ნიშნად დეპოზიტებზე განსხვავებულ, საუკეთესო პირობებს სთავაზობს სამედიცინო პერსონალის სრულ შემადგენლობას: არ აქვს მნიშვნელობა, თბილისში მუშაობთ თუ საქართველოს სხვა ნაწილში – ჩვენ თქვენი სურვილებისა და მიზნების სწრაფად ასრულებაში დაგეხმარებით!

ამისთვის საკმარისია ეწვიოთ ფინკა ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრს, წარმოადგინოთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის ნებისმიერი საბუთი და ჩვენ ისედაც ყველაზე მაღალ, სტანდარტულ საპროცენტო სარგებელზე მეტ პროცენტს შემოგთავაზებთ ზრდად დეპოზიტზე, უფასოდ გაგიხსნით ინტერნეტ და მობაილ ბანკს, ასევე ტელეფონ ბანკს რათა უფრო მარტივად შეძლოთ დაგროვება და თქვენი სურვილებისა და თუ მიზნების სწრაფად ასრულება.

შეთავაზება ძალაშია მთელი ივნისის განმავლობაში.

ფინკა ბანკი მადლობას გიხდით თქვენს მიერ გაწეული შრომისთვის და ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ.

*დეტალებისათვის დაგვიკავშირდით *4949

„ნასას“ ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე გადადიან – SpaceX-ი დანიშნულების ადგილზეა

19-საათიანი ფრენის შემდეგ „ნასას“ ასტრონავტებმა  – დაგ ჰარლიმ და ბობ ბენკენმა დანიშნულების ადგილს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურრს მიაღწიეს, რომელსაც წარმატებით მიუერთეს SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის კაფსულა, რაც ურთულესი პროცედურაა ასტრონავტიკაში.

ამ დროს ასტრონავტების მომზადების მაღალი ხარისხი უნდა იყოს გარანტირებული, რადგან მათ ხშირად უშუალოდ ხელით უწევთ რთული მანევრების ჩატარება, რომ ხომალდები ერთმანეთს მიუერთონ და დაუკავშირონ. თუ ეს დაკავშირება სწორად არ მოხდა, რაკეტის კაფსულის კარი ვერ გაიხსნება და ასტრონავტები თანამგზავრზე ვერ გადავლენ. ამ შემთხვევაში „ნასას“ კოსმონავტებმა მიერთების პროცესს თავი წარმატებით გაართვეს, კარი გაიღო და ამ წუთებში [19:49] ისინი კაფსულიდან თანამგზავრზე გადავლენ, სადაც რამდენიმე დღეს გაატარებენ, უკან კი, დედამიწაზე იმავე კაფსულით დაბრუნდებიან.

 

ეს არის SpaceX-ის საცდელი ფრენა NАSА-ს კომერციული ეკიპაჟის პროგრამის ფარგლებში, რომელმაც რაკეტა Falcon 9-ის, კოსმოსური ხომალდის Crew Dragon-ის აფრენა-დაფრენის, ორბიტაზე მუშაობის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მახასიათებლები უნდა აჩვენოს.

საცდელი ფრენის წარმატებული შედეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება SpaceX-ის ეკიპაჟის ტრანსპორტირების სისტემის სერტიფიცირებისთვის, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება რეგულარული ფრენები.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ 9 წლის განმავლობაში ამერიკის კონტინენტიდან კოსმოსში 30 მაისს პირველად გაფრინდნენ.

აქცია აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით, გრძელდება

მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ალექსანდრე მილორავას აქცია აჭარის ტელევიზიის შენობის წინ  გრძელდება. მან პარასკევს, 29 მაისს დაიწყო აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა.

ალექსანდრე მილორავა ითხოვს, ხვალ, 12 საათამდე შეიკრიბოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო და დააყენონ მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საკითხი.

„ხვალ, 12 საათამდე მივეცით ვადა ბორდის თავმჯდომარეს, ჩხარტიშვილს, შეკრიბოს ბორდი, სადაც მოხდება განხილვა და მსურველები დააყენებენ ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს“ – გვითხრა ალექსანდრე მილორავამ. მისივე თქმით, ამ დრომდე პირადად მას მრჩეველთა საბჭოს წევრები არ გასაუბრებიან, თუმცა რამდენიმე მათგანმა მოიკითხა მისი ჯანმრთელობა.

მან გვითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ალექსანდრე მილორავა აცხადებს, რომ იგი გააგრძელებს შიმშილობას მანამ, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ – „მე მიყვარს ბათუმი“, აქცია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ 26 მაისსაც გამართა ტელევიზიასთან დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით.  

ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]

დღეს, 31 მაისს, ბათუმის პლაჟზე უკვე არიან ზღვისა და მზეზე გარუჯვის მოყვარულები. ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

ბათუმის პლაჟი. 31 მაისი, 2020. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე
ბათუმის პლაჟი. 31 მაისი, 2020. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე
ბათუმის პლაჟი. 31 მაისი, 2020. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 მაისის 21 საათიდან პირველი ივნისის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18-23 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18-23 გრადუსი 
  • ღამით: 8-13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 ივნისს ბათუმში და მთლიანად აჭარის ტერიტორიაზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

26 ახალი შემთხვევა არ არის შეზღუდვების მოხსნის შედეგი – გამყრელიძე

„შემსუბუქებული რეგულაციების შემდეგ შესაძლებელია იყოს ინფიცირების შემთხვევების მატება“ – განაცხადა დღეს, 31 მაისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე, თუმცა, იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში სიტუაცია კონტროლს ქვეშაა.

„ეპიდსიტუაცია ემორჩილება კონტროლს“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც შეზღუდვების მოხსნის პირდაპირი შედეგი, რადგან ბოლნისში, სოფელ მუშევანში მოსალოდნელი იყო შემთხვევების რაოდენობის ზრდა:

„მუშევანი გქონდა ყველაზე ცხელი წერტილი ქვეყანაში და იქ ველოდებოდით, რომ გვექნებოდა შემთხვევები, ამიტომ ჩატარდა პარასკევს კვლევა სოფელში, თითქმის მთელი მოსახლეობა გამოვიკვლიეთ და დამატებით კიდევ 18 შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული.

ამავე დროს, საბურთალოს კლასტერში, სადაც ინფიცირებული გახლდათ ჩვენი კოლეგა, სამედიცინო მუშაკი, ასამდე კონტაქტი შევისწავლეთ და კიდევ მიმდინარეობს კვლევები. ამ კლასტერში დადასტურდა 15 შემთხვევა, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში და 30 პირი გადაყვანილია კარანტინში.

დღევანდელი 26 და გუშინდელი 11 შემთხვევა ყველა იდენტიფიცირებულია, ყველა სამკურნალო დაწესებულებაშია და სიტუაცია კონტროლს ქვეშაა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ყველა ქვეყანაში ჰქონდა ადგილი შემთხვევათა მატებას და, მოსალოდნელია, საქართველოშიც იყოს შემთხვევათა მატება, მაგრამ „ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი“.

ხელვაჩაურში შველი იპოვეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავში მოქალაქემ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა და ცხელ ხაზზე დარეკა.

„შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს.

მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში გაუშვებენ“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მითია, რომ ნიკოტინს შეუძლია კორონავირუსისგან დაიცვას ადამიანი – გამყრელიძე

დღეს, 31 მაისს, თამბაქოსგან თავისუფალი მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველოც უერთდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ თამბაქოს მოხმარება ახალი კორონავირუსის გართულებებს იწვევს და მითია ის მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს უნარი კორონავირუსისგან დაიცვას ადამიანი.

„რაც შეეხება თამბაქოს და კოვიდს, ორივე აზიანებს სასუნთქ სისტემას. სწორედ თამბაქოს და კოვიდის შეუღლება არის კოვიდის დამძიმების და უარესი გამოსავლის პირობა.

მითი იმის შესახებ, რომ თითქოს ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის ინფექციის საწინააღმდეგოდ,  ხრიკია [თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების], არც ერთი მტკიცებულებით ეს არ დასტურდება და გთხოვთ, მოვეშვათ დისკუსიას ამის შესახებ.

თამბაქო, პირიქით, ამძიმებს კოვიდ ინფექციას, მწეველებს უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულება, მათ შორის, სამწუხაროდ, არის ფატალური გამოსავალი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თამბაქო საქართველოში ყოველწლიურად იწვევს სიკვდილიანობის 22 პროცენტს.

ვრცლად ამ თემაზე: 

მწეველების რისკები COVID 19-ის პირობებში იზრდება

 

 

„ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, შეიძლება სერიოზული აფეთქება მოხდეს“

დღეს, 31 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ინფიცირების შემთხვევების ბოლო დღეებში მატებას პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოეხმაურა.

„დღეს 26 ახალი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. კი, ვაკონტროლებთ, ვიცით საიდან არის, წყარო ვინ იყო, მაგრამ ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, მეტრო იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება, შეიძლება სერიოზული აფეთქება მოხდეს. ეს ყოველდღე უნდა გვახსოვდეს. არ არის ეს რაღაც ფუჭი მოთხოვნა“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის კომენტარს საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა. მათგან ინფიცირების 18 შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანს უკავშირდება, 4 საკარაინტინე სივრციდანაა, ხოლო კიდევ 4 — დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტიდან.

 

6 მილიონზე მეტია მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 31 მაისს მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 6 მილიონს აღემატება, მსოფლიოში სულ დადასტურებულია Covid-19-ის 6 065 624 შემთხვევა. ახალი კორონავირუსისგან მსოფლიოში გარდაიცვალა  369 274 ადამიანი.

პანდემიის ეპიცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ინფიცირების 1 770 384 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან გარდაიცვალა 103 781 ადამიანი, განიკურნა – 416 461.

კორონავირუსის გავრცელებით მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც დადასტურებული შემთხვევების რიცხვი უკვე ნახევარ მილიონს უახლოვდება. ქვეყანაში სულ დადასტურებულია 498 440 შემთხვევა, მათგან 200 892 განიკურნა, ხოლო 28 834 გარდაიცვალა.

მესამე ადგილზეა რუსეთი, სადაც დადასტურებულია Covid-19-ის 396 575 შემთხვევა. ოფიციალური მოსკოვის მონაცემებით განიკურნა – 167 469, ხოლო გარდაიცვალა 4 555 ადამიანი.

კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთში, ვუჰანში გავრცელდა. 2020 წლის იანვარში მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 200-მდე დადასტურებული შემთხვევა იყო, ხუთი თვის შემდეგ ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 6 მილიონს აჭარბებს.

ბათუმში 444 პირის კვლევის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 444 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ამ დროისათვის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამჟამად კი რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი. 30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 31 მაისის მონაცემებით, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი.

მთლიანობაში, საქართველოში დადასტურდა 783 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, გარდაიცვალა 12.

რატომ იყენებენ საჯარო მოხელეები ოკუპანტი ქვეყნის ელექტრონულ ფოსტას

„როცა მითხრეს, შენს მეილზე გადმოგიგდებ რაღაცასო, არ მქონდა და მერე შემიქმნეს ეს მეილი… რუსული ფოსტა პრობლემაა, მაგრამ საერთოდ არ ვიყენებ, პაროლიც არ მახსოვს მაგის, სხვა ელექტრონული ფოსტა არ მაქვს, რუსული პრობლემაა, მაგრამ რა ვქნა?“ – ეს თერჯოლის საკრებულოს წევრმა როლანდ მესხიმ გვითხრა, როცა მას ვკითხეთ, რატომ იყენებს სამსახურში რუსულ ელექტრონულ ფოსტას.

როლანდ მესხი არაა ერთადერთი საჯარო მოხელე, რომელიც რუსულ ელ.ფოსტას – mail.ru-ს იყენებს. არც თერჯოლის საკრებულოა გამონაკლისი და საერთოდ, რთული არაა საჯარო მოხელეების, ან უნივერსიტეტის პროფესორის პოვნა, რომლებიც საფრთხეების მიუხედავად ოკუპანტი ქვეყნის ელექტრონულ ფოსტის გამოყენებას არჩევენ – მაგალითად, ქობულეთის მერიაში 10 სამსახურიდან 5 სამსახურის უფროსი mail.ru-ს იყენებს.

რატომ ირჩევენ საჯარო მოხელეები mail.ru-ს, როცა არსებობს კონკრეტული საფრთხეები და ჰიბრიდულ ომში ინფორმაცია, განსაკუთრებით ოკუპანტი ქვეყნის ხელში, განსაკუთრებული იარაღია? – ჩვენ რამდენიმე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს ვესაუბრეთ. ყველა თვლის, რომ რუსული ელ.ფოსტა პრობლემაა, თუმცა ვერ განმარტავენ ზუსტ მიზეზს, რის გამო ვერ ელევიან რუსულ ელექტრონულ მეილს.

განსხვავებული იყო პროფესორების მიდგომა, „შეჩვეული ვართ და ამიტომ ვიყენებთო,“ – ასე გვითხრეს.

„…მგონი, საკრებულოში გამიკეთეს, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: საერთოდ არ ვსარგებლობ… რაზე უნდა დავრეგისტრირდე, მითხარით და იქ დავრეგისტრირდები მაშინ,“ – საბოლოოდ ეს „გამოსავალი“ იპოვა სატელეფონო საუბრის ბოლოს თერჯოლის საკრებულოს წევრმა, როლანდ მესხიმ.

თერჯოლის საკრებულოს სხვა წევრებსაც ეუხერხულებათ რუსულ ელექტრონული ფოსტა.

„Gmail.com-ს ვიყენებ, მაგრამ ეს mail.ru რატომ მაქვს მითითებული საიტზე, არ მახსოვს… ვფიქრობ, პრობლემაა რუსული მეილი, არასასიამოვნოა მინიმუმ… საფრთხეები არის თუ არა, არ ვიცი. ვარაუდები ყველაფერზე შეიძლება. როგორც კი მივალ კომპიუტერთან, შევცვლი,“ – გვითხრა გიორგი ფანჩულიძემ.

მაგალითად, ქობულეთში მერი და მისი მოადგილეები არა, მაგრამ 10 სამსახურიდან 5 სამსახურის უფროსი იყენებს mail.ru-ს. ამას ქობულეთის მერიის ოფიციალური ინტერნეტგვერდზე ნახავთ, თუკი აირჩევთ კატეგორიას – „სამსახურები“.

„თუ ასეთი მეილები არსებობს, მე ვერ დავადასტურებ,“ – გვითხრა ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ იმის მიუხედავად, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდიდან პირდაპირ ჩანს ხუთი სამსახურის უფროსი mail.ru მათ საკონტაქტო ინფორმაციაში. ქობულეთის მერის თქმით, სამსახურებრივად ქობულეთის მერიაში მხოლოდ ერთ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტას იყენებენ, რომელიც Gmail.com-ზეა დარეგისტრირებული.

მირიან ქათამაძემ თავი შეიკავა შეფასებისგან – არის თუ არა პრობლემა, თუკი მასზე დაქვემდებარებული თანამდებობის პირები რუსულ ელექტრონულ ფოსტას იყენებენ. „სამსახურებრივი მიზნებისთვის ასეთი მეილების გამოყენება დადგენილი არ არის… “ – დასძინა მირიან ქათამაძემ და დაგვპირდა, რომ რუსულ მეილების გამოყენებას მერიის ინტერნეტგვერდის გადამოწმების შემდეგ შეაფასებდა.

ქობულეთში, ბათუმსა და ქედაში რუსული ელექტრონული ფოსტის აქტიური გამოყენების შესახებ „ბათუმელები“ ადრეც წერდა. ზოგიერთ საჯარო მოხელეს რუსული ელ.ფოსტა შეუცვლია სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს წევრს, მიხელ ართმელაძეს, ასევე ქედის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

ისევ რუსული ელფოსტა აქვს მითითებული ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – თამაზ სალუქვაძეს.

„პრობლემას ვხედავ და მაგაზე ნუ მალაპარაკებთ, შესაცვლელია, მესმის და აუცილებლად შევცვლი,“ – გვიპასუხა თამაზ სალუქვაძემ. მან განმარტა, რომ ოჯახური პრობლემების გამო ვერ მოიცალა მეილის შესაცვლელად.

რუსულ ელექტრონულ ფოსტებს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში აქტიურად იყენებენ, ზოგან – ნაკლებად, მაგალითად, რუსული ელექტრონული ფოსტა აქტუალურია ახალციხეში, სადაც mail.ru საკრებულოს ოთხ წევრს აქვს, ოზურგეთის მერიაში კი, მხოლოდ ერთი სამსახურის უფროსს აქვს mail.ru. რუსული ელფოსტა პოპულარულია მარნეულის საკრებულოსა და მერიაშიც.

საინტერესო შემთხვევაა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ლექტორ-მასწავლებლებს საერთო ელფოსტა აქვთ. თუკი ამ უნივერსიტეტის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე პროფესორების საკონტაქტო ინფორმაციას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ თითოეულ მათგანს აქვს ელექტრონული ფოსტა bsu.edu.ge-ზე. რეალურად კი, ზოგიერთი პროფესორი mail.ru-ს იყენებს.

არ დაგვითვლია, რამდენი პროფესორი იყენებ რუსულ ელექტრონულ ფოსტას, თუმცა, მაგალითად, მხოლოდ ფიზიკა-მათემატიკის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ ორმა პროფესორმა – ონისე სურმანიძემ და იაშა დიასამიძემ დაუდასტურა ის, რომ რეალურად mail.ru-ს იყენებენ. ამ პროფესორებსაც ოფიციალურ ელ.ფოსტად bsu.edu.ge-ზე რეგისტრირებული ელფოსტა აქვთ მითითებული, თუმცა თუ მათ დაურეკავთ და ჰკითხავთ, რეალურად სად შეიძლება მათთვის კონკრეტული ინფორმაციის გაგზავნა, mail.ru-თი დაბოლოებულ მეილს გეტყვიან.

„შეჩვეული ვარ… ისიც მაქვს, რაც საიტზეა მითითებული, მაგრამ ამას ვიყენებ onisesurmanidze@mail.ru,“ – გვითხრა ბსუ-ს პროფესორმა ონისე სურმანიძემ.

რას ფიქრობს სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური, რომელიც მსგავს საკითხებზე უნდა მუშაობდეს? – თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოს უფროსმა, დავით უჩაძემ გვიპასუხა, რომ ამ თემაზე მას შემდეგ ისაუბრებდა, როცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან ნებართვას მიიღებდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა კი კატეგორიული უარი ისე გვითხრა, რომ არც კი განმარტა, რატომ არ სურდა საუბარი თავდაცვის სამინისტროს ამ პრობლემაზე.

სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური თავდაცვის სამინისტროში თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს შეიქმნა. ეს სამსახური რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა მუშაობდეს. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ რუსული ელ.ფოსტების გამოყენება დიდი პრობლემაა და ამ საკითხის მოგვარება მარტივად შეუძლია ხელისუფლებას, თუკი ამის ნება ექნება.

„საჯარო უწყებების დიდ ნაწილში დაბლოკილია, მაგალითად, სხვადასხვა სოციალური ქსელი, ასევე ონლაინ კაზინოების საიტები… მსგავსი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული – დაიბლოკოს რუსული მეილები… მე ასევე არ მესმის, რატომ იყენებენ საჯარო მოხელეები „ბილაინს“. საერთოდ რატომ უნდა იყენებდე იმ კომპანიის მომსახურებას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია კრემლთან. იცი, რომ მიერთებულია და მაინც არ გაქვს პრობლემა“, – უკვირს თინა ხიდაშელს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიურ ფაქტორზეც.

„თავი რომ დავანებოთ საფრთხეებზე საუბარს, რაც ძალიან პირდაპირი და ცხადია, ფსიქოლოგიური ამბავია ხომ? ადამიანებს არ აქვთ განცდა, რომ რაღაც ფუნდამენტური საფრთხე, წინააღმდეგობა არსებობს, როცა ნებისმიერ რუსულ საკომუნიკაციო საშუალებას იყენებ,“ – დასძინა თინა ხიდაშელმა.

„არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, როგორ აკონტროლებენ რუსული სპეცსამსახურები ამ სახის კომპანიების მუშაობას,“ – საფრთხეების რეალურობაზე გვესაუბრება მიხეილ ბასილაია, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი კომპანიიდან  CYBERHOUSE.

სპეციალისტი ეთანხმება გავრცელებულ მოსაზრებას – „თუ უნდათ, ყველგან შევლენ და ყველაფერს ნახავენ“. თუმცა, ტექნიკურად ბევრად რთულია, მაგალითად, Gmail.com-ის და სხვა სისტემებიდან ინფორმაციის მოპარვა, ვიდრე რუსული mail.ru-დან.

„ეს დაახლოებით ასეა, რომ წარმოვიდგინოთ: ცხვირწინ ვუდებთ ინფორმაციას რუსულ სპეცსამსახურებს, აღარ უწევთ დაჰაკვა, გატეხვა, სხვა სირთულეების გადალახვა…“ – დასძენს მიხეილ ბასილაია.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი იხსენებს რუსეთში, ან რუსეთთან დაკავშირებულ რამდენიმე შემთხვევას, რამაც აჩვენა, რამდენად მარტივია რუსული სპეცსამსახურისთვის რუსული კომპანიებიდან სასურველი ინფორმაციის მიღება.

„მაგალითად, ამერიკის ადმინისტრაციამ აკრძალა კონკრეტული სოფტების გამოყენება, რადგან შეამჩნიეს რუსული სპეცსამსახურების კვალი იგივე „კაშპერსკის ანტივირუსზე“. იგივე აღმოჩნდა „იანდექს ტაქსზე“, როცა დადასტურდა, რომ ამ კომპანიამ მიაწოდა ინფორმაცია სპეცსამსახურს კონკრეტულ ადამიანზე და ამაზე იყო სკანდალი… კონკრეტულად რომელ კომპანიებს აკონტროლებენ რუსეთში, ასე ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთში ეს კომპანიები არიან წნეხის ქვეშ… ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, მაგალითად, კონკრეტული პროცედურის გავლაა საჭირო, სასამართლო ნებართვა და ასე შემდეგ, რომ დაშვება მიიღოს სპეცსამსახურმა კონკრეტული ინფორმაციის მიღებაზე, რუსეთში კი, დახურული სისტემაა, ვერაფერს გაიგებ, რა როგორ ხდება,“ – გვიყვება მიხეილ ბასილაია.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც რუსულ mail.ru-ს იყენებენ, იმ ქვეყანას აძლევენ ზოგიერთ შემთხვევაში კონფიდენციალურ, ან სენსიტიურ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს.

„…ჩვენ, ფაქტობრივად, ისევ საომარ ვითარებაში ვართ, არავინ იცის, ამ ინფორმაციას, რომელსაც ასე პირდაპირ მიიღებენ, ვინ როგორ გამოიყენებს. არსებობს სხვა საფრთხეც – ამ გზით რუსულ სპეცსამსახურებს იოლად შეეძლებათ კონკრეტული საჯარო მოხელის პერსონალური მონაცემების გაგება და შემდეგ მისი სახელით სხვა კონტაქტებთან მეილ სისტემის გამოყენებით ინფორმაციების გაგზავნა, რომელიც შესაძლოა იყოს ვირუსი, ანუ სანდოდ შეფუთავს და მარტივად დააინფიცირებს იმ კონტაქტებს, რომელიც ამ პირს აქვს,“ – განმარტავს მიხეილ ბასილაია.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურებში mail.ru-ს და სხვა რუსული პროდუქტების გამოყენება სამსახურებრივი მიზნებისთვის აკრძალული უნდა იყოს. მისი რეკომენდაციაა საჯარო სამსახურებმა ცალკე სერვერები შექმნან კორპორატიული მეილსისტემისთვის.

„ეს არის საშუალება, რომ მართო სისტემა და ის იყოს მეტად დაცული… შესაძლოა, ვირჩევდე უსაფრთხო მეილსისტემას, მაგრამ არ ვიცოდე მისი მართვა, უსაფრთხოებას ვერ უზრუნველვყოფდე. დაცული მეილსისტემების უსაფრთხოდ მართვის გამოცდილება უკვე არსებობს ჩვენს ქვეყანაში,“ – დასძინა „ბათუმელებთან“  კომპანიის CYBERHOUSE-ის დამფუძნებელმა, მიხეილ ბასილაიამ.

_____

2019 წლის 28 ოქტომბერს ჰაკერულად დაესხნენ თავს საქართველოს სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებს, ასევე, კერძო საიტებს. გაითიშა დაახლოებით 15 000 ვებგვერდი, მათ შორის: საქართველოს პრეზიდენტის, საერთო სასამართლოების, სააპელაციო სასამართლოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, უნივერსიტეტების და მედიების საიტები. ამ ვებგვერდებზე ერთდროულად გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით – “I’LL BE BACK” მე დავბრუნდები.

რუსეთის მიერ საქართველოზე კიბერშეტევა დადასტურდა საერთაშორისო გამოძიებით, რომელშიც მონაწილეობდნენ „გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველო და საერთაშორისო პარტნიორები“.

2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის [გრუ] მთავარმა სამმართველომ განახორციელა.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის სპეცსამსახურები თავს დაესხნენ ქართულ სამთავრობო თუ არასამთავრობო ვებგვერდებს. მაგალითად, კიბერშეტევა წინ უძღოდა 2008 წლის აგვისტოს ომსაც – ვიდრე შეიარაღებული თავდასხმა დაიწყებოდა, რუსეთმა საქართველოზე სწორედ კიბერიერიში განახორციელა.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/428535/

 

სალიბაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, შემთხვევის გამომწვევი მიზეზი კი დადგენილი არ არის.

თვითმხილველის ინფორმაციით ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა „სახლი ხის ფიცრული, დაახლოებით 55 კვადრატული მეტრი ზომის იყო და სწრაფად დაიწვა“

ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის ინფორმაციით ოჯახს მერია სახოვრებელს დაუქირავებს, იმ შემთხვევაში თუ მათ ალტენატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ:

„ ქირის თანხას გადავუხდით ვიდრე დავეხმარებით“ – განაცხადა მერმა.

იეჰოვას მოწმეების შეუწყნარებლობის 20 შემთხვევა ერთ წელში

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის ინფორმაციით, 2019 წელს იეჰოვას მოწმეების მიმართ, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი 20 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ამ თემის წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ ამბობს, აგრესია უმეტესად საჯარო სივრცეში ვლინდება და თემის წევრებს ქუჩაში მსახურების დროს უსწორდებიან.

მიხეილ ქოჩორაშვილი, იეჰოვას მოწმეების ადვოკატი ამბობს, რომ 2019 წლის განმავლობაში არაერთი საქმეა, რომელიც შეეხება იეჰოვას მოწმეების დევნას მათი რელიგიური მრწამსის გამო. როგორც ქოჩორაშვილი ამბობს, ამ საქმეებიდან ზოგიერთ ნაწილში დადგენილია კონკრეტული პირების ვინაობა, ზოგიერთი დასჯილია და არის შესაბამისი შედეგიც დამდგარი, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ვერ მოხერხდა დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირების დადგენა.

„არის ისეთი შემთხვევებიც, როცა დამნაშავე ცნობილია, თუმცა პროკურატურა დღემდე თავს იკავებს ამ საქმეების გამოძიებისგან“, – ამბობს მიხეილ ქოჩორაშვილი.

ერთ-ერთი ასეთი საქმე უკავშირდება ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას, რომელიც თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე მოხდა. „ცნობილია, რომ იეჰოვას მოწმეები კარდაკარ ქადაგებენ, ერთ-ერთი ასეთი მსახურების დროს, კარზე დააკაკუნეს და შესთავაზეს მოსაწვევი ქალს, რომელიც იქ ცხოვრობდა.

ეს ქალი გაღიზიანდა, გადავიდა აგრესიაზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მრწამსის გამო და შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა. მოსაწვევი დაკუჭა და უკან ესროლა, შემდეგ კი თმებში წვდა და ითრია ახალგაზრდა გოგო“, – ამბობს მიხეილ ქოჩორაშვილი.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ქუჩაში, საჯარო სივრცეში ხდებოდა და რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა ამ ინციდენტს. საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, დღემდე არანაირი შედეგი არ არის დამდგარი. ქოჩორაშვილი ამბობს, რომ იეჰოვას მოწმეები დაზარალებულადაც არ სცნეს ამ საქმეში, რის გამოც მათთვის გამოძიების მასალები ხელმისაწვდომი არ არის.

„რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ჩვენთვის დღემდე უცნობია. გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ქალი, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა იეჰოვას მოწმეებს, ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატის ოჯახის წევრია და ამიტომ აჭიანურებს პროკურატურა გამოძიებას“, – ამბობს ქოჩორაშვილი.

კიდევ ერთი საქმე, სადაც დანაშაულის ჩამდენი ვერ დადგინდა, გასული წლის ივნისში მოხდა – მცხეთაში იეჰოვას მოწმეების დარბაზის გადაწვა სცადეს და ფანჯრებს ცეცხლი წაუკიდეს.

ქოჩორაშვილის თქმით, ვიდეოკამერებში დაფიქსირებულია ნიღბიანი კაცი, რომელმაც უცნობი ხსნარი მიასხა ფანჯრებს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. „ამ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, იგივე აღნაგობის, ჩაცმულობის პირი, ნიღბის გარეშე სხვებთან ერთად იმყოფებოდა ამ დარბაზთან  ღამით, რაღაცას ყვიროდა (ხმა არ არის ჩაწერილი) და შემდეგ შეურაცხყოფის მიზნით დარბაზის კარებთან მოშარდა. აქედან რამდენიმე საათში გაუკიდეს ცეცხლი“, – ამბობს ქოჩორაშვილი.

გამოკითხა თუ არა გამოძიებამ აღნიშნული პიროვნება ან რა ფაქტები დევს საქმეში, იეჰოვას მოწმეებს არც ამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

20 შემთხვევიდან, რომელიც გასულ წელს იეჰოვას მოწმეების მიმართ ჩაიდინეს, უცნობმა თუ დადგენილმა პირებმა, უმეტესობა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობაა. არის იეჰოვას მოწმეების ქონების დაზიანების და რელიგიურ მსახურებაში ხელის შეშლის ფაქტები. 20-დან 13 შემთხვევაში არ დამდგარა სამართლებრივი შედეგი. „ეს, თავის მხრივ, დაზარალებულ პირს ართმევს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და გამოძიების მონიტორინგის შესაძლებლობას“, – ამბობს EMC-ი თავის შეფასებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, თემის წევრების მიმართ გამოვლენილ შემთხვევებზე მიმდინარე სამართალწარმოების პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ კონკრეტულ საქმეებზე სამართლებრივი შედეგის დადგომისა და ბრალდებულების მიმართ ლოალობის პრობლემა, წინა წლების შედეგების გათვალისწინებით კვლავ არსებობს.

„მხოლოდ 7 შემთხვევაში დადგა სამართლებრივი შედეგი და კონკრეტული პირების მიმართ განისაზღვრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულია სრულყოფილი გამოძიება, მოპოვებულია მტკიცებულებები და დადგენილია დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირის ვინაობა, პროკურატურა დაუსაბუთებლად არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას“, – ამბობს EMC-ი.

ორგანიზაცია ასევე საუბრობს იმაზე, რომ გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს არ აქვს პოზიტიური ურთიერთობის გამოცდილება იეჰოვას მოწმეებთან. „სამმართველოს ერთ-ერთ ფუნქციას პროკურატურის სისტემაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის მონიტორინგი წარმოადგენს. თუმცა, იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის შეფასებით, სამმართველო უმეტეს შემთხვევაში მათ მიმართვებსა და საჩივრებზე არ რეაგირებს და წარდგენილ საჩივრებს უმეტესად საქმის ზედამხედველ პროკურორს უბრუნებს. ეს, რა თქმა უნდა, სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება“, – ამბობს თავის შეფასებაში EMC-ი.

ორგანიზაციის შეფასებით, სწორედ პროკურატურის უმოქმედობის გამო არ ხერხდება საქმეზე სამართლებრივი შედეგის დადგომა.

 

მთავარი ფოტო: იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი/„ბათუმელების“ არქივი

თურქეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში, ერთ-ერთ საწარმოში გუშინ, დაახლოებით 11 საათზე აფეთქება მოხდა და საწარმოს გარკვეული ნაწილი ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად  გარდაცვლილია ორი პირი,  მათგანი ერთ-ერთი 45 წლის ქართველი კაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ. უწყების ცნობით, სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახს უკვე დაუკავშირდა.

თურქული მედიის ცნობით, მსხვერპლი შეიძლებოდა ბევრად მეტი ყოფილიყო, მაგრამ საწარმო სრული დატვირთვით არ მუშაობდა.

”ჩვენ მოვისმინეთ დიდი აფეთქება. გამოვედით და დავინახეთ, რომ ქვაბის ოთახი აფეთქდა. ალი და ცეცხლი გაიზარდა, ყველა გავიქეცით. ძალიან შეგვეშინდა. ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენი ორი მეგობარი გარდაიცვალა“.

როგორ იმუშავებენ კლინიკები, რესტორნები, ოფისები ზაფხულში კონდიციონერების გარეშე?

როგორ შეიძლება უმკურნალონ პაციენტებს კლინიკებში, სადაც ზაფხულში არ იქნება კონდენციონერი, ან როგორ იმუშავებენ, მაგალითად, რესტორნები სიგრილის გარეშე? – შეკითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ არც მთავრობას აქვს და არც ორგანიზაციებს, რომლებსაც კონდიციონერების გამოყენება შესაძლოა აუკრძალონ. გუშინ, 28 მაისს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილე, პაატა იმნაძემ თქვა, რომ საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება პანდემიის დროს საშიშია.

„ის კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან გამოიყენება, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჰაერს შიგნით ატრიალებენ, სამწუხაროდ, მათი გამოყენება ჯერჯერობით არსებული ყველა მონაცემით არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდენციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, რომელიც გრილდება და თუ მას არ აქვს სისტემები, რომლებსაც გარეთ გააქვს ჰაერი … ასეთი არ არის აბსოლუტური უმრავლესობა იმ კონდიციონერებისა, რომელსაც საყოფაცხოვრებო კონდიციონერები ჰქვია – მათი გამოყენება საშიშია,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, არსებობს კონდიცირების სხვა სისტემებიც, ისეთი, როგორიც თვითმფრინავებში და ლაბორატორიებშია. იმნაძე ყვება, რომ ასეთ სისტემებს ე.წ. ჰეპაფილტრები აქვს – ფილტრები, რომლებიც ვირუსებს აკავებს. ჩვეულებრივ კონდიციონერებში კი მტვრის დასაჭერი ფილტრებია, რომლებიც ვირუსებს ვერ აჩერებენ.

დაჯარიმდებით თუ არა კონდიციონერის გამოყენების დროს, ან რამდენ ხანს შესაძლოა გაგრძელდეს ეს აკრძალვა? – მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცხელ ხაზზე – 144-ზე გვიპასუხეს, რომ კონკრეტული სამართლებრივი აქტი ჯერ მიღებული არ არის და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე „გაგვარკვევდენ სხვა დეტალებში“. 15 05-ზე სატელეფონო ზარს არ უპასუხეს, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კი მხოლოდ ის თქვეს, რომ „ჯარიმები ამ კუთხით ჯერ არ არსებობს“.

საია-ს იურისტის, პაატა დიასამიძის განმარტებით, კონდიციონერებზე შეზღუდვის, ან აკრძალვის ასამოქმედებლად ჯანდაცვის სამინისტრომ ცვლილება უნდა შეიტანოს  ბრძანებაში – „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“.

კონდიციონერების აკრძალვის, ან შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აქვთ. თუმცა უწყების პრესცენტრში განმარტეს, რომ კლინიკებში ცენტრალიზებულია ვენტილაციის სისტემა და მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველ შენობაში იყენებენ კონდიციონერებს, რეანიმაციის გარდა, სადაც ასევე საერთო ვენტილაციის სისტემაა.

„ჯერ ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. არ ვიცით ზუსტად, რა იქნება მოთხოვნა,“ – გვიპასუხა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, სოლომონ ფუტკარაძემ.

„ჩვენს კლინიკაში ცენტრალიზებული კონდიცირების სისტემაა და არა მგონია, შეგვეხოს ეს შეზღუდვა… ცალკე კონდიციონერები გვიდგას მხოლოდ მისაღებში და რამდენიმე ოთახში, სადაც პაციენტები არ არიან. იქ როგორმე გავუძლებთ,“ – გვითხრა კლინიკა „მედალფას“ რეგიონულმა მენეჯერმა, ლევან ანთაძემ. ამ კლინიკაში მკურნალობდნენ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები.

ვინაიდან ამ დრომდე არ დაზუსტებულა ტექნიკური მონაცემი იმაზე, თუ რა ტიპის კონდენციონერი შესაძლოა იყოს დასაშვები, მოლოდინებზე საუბარი უჭირთ კაფეებსა და რესტორნებში. „თავისთავად ვერ ვიმუშავებთ ზაფხულში, თუკი კონდიციონერი არ გვექნება“, – გვითხრეს აქ. იმ რესტორნებში კი, სადაც ცენტრალიზებული გაგრილების სისტემა აქვთ, სჯერათ, რომ მათ შეზღუდვებს არავინ დაუწესებს.

„ჯერ დეტალები უცნობია, იმედია, 8 ივნისამდე გაირკვევა… ჩვენ გვაქვს ცენტრალიზებული სისტემა, რაც მთლიანობაში 90 ათას დოლარამდე დაგვიჯდა. იმედი მაქვს, ამ სისტემის გამორთვას არ მოგვთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ტერასას გამოყენება შეგვეძლება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რესტორან „ბერნის“ მენეჯერმა, როლანდ დევაძემ.

რა დაუჯდება რომელიმე ორგანიზაციის, ან, მაგალითად, რესტორნის მენეჯერს ჰეპაფილტრებიანი კონდიციონერის შეძენა? – ჩვენ სამ მაღაზიაში დავრეკეთ, სადაც კონდიციონერებს ყიდიან, თუმცა არცერთ მათგანში მსგავსი კონდიციონერი არ აქვთ და ვერც ის გვითხრეს, მოვახერხებდით თუ ვერა მსგავსი კონდიციონერის შეძენას სადმე.

ბათუმის მერი უკანონო მშენებლობებზე: მინდა, ძალიან გავამკაცრო ამ ნაწილში კონტროლი

უნებართვოდ დაშენება, აშენება ან მიშენება ბათუმში კვლავაც აქტუალურია. არჩევის დღიდან ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აცხადებდა, რომ მშენებლებში გააქრობდა განცდას: „მაინც შეგვრჩება“. მისივე განმარტებით, ამის მისაღწევად ჯერ ზედამხედველობის სამსახური დაუქვემდებარა არქიტექტურას, შემდეგ კი, „მეტი კონტროლისთვის“, მუნიციპალური ინსპექცია შექმნა, ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად გაზარდა ადამიანური რესურსები და ბიუჯეტი. თუმცა შედეგი მაინც არ დადგა, ბათუმში ისევ გვხვდება უნებართვო მშენებლობები. რატომ? – ამ თემაზე ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა 28 მაისს ჩაწერილ ინტერვიუში.

  • ცოტა ხნის წინ მუნიციპალური ინსპექცია შექმენით, თუმცა უნებართვოდ მაინც აშენებენ, რაც მერიის და პირადად თქვენს მიმართ უკმაყოფილებას, მწვავე კრიტიკის იწვევს. როგორია თქვენი პასუხი?

ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც ჩემი მოსვლის დღიდან იდგა ქალაქში და დღის წესრიგში დგას დღესაც. რა თქმა უნდა, ამაზე თვალს ვერავინ ვერ და არც დახუჭავს. ყოველდღიურად მიდის ფიქრი და მუშაობა იმაზე, როგორ გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ამ მიმართულებით, ჩვენ გავაკეთეთ მერიაში პასუხისმგებლობების რესტრუქტურიზაცია.

პირველი მცდელობა იყო ის, რომ მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური დავუქვემდებარეთ არქიტექტურის სამსახურს, რათა მომხდარიყო უკეთესი კოორდინაცია. გვქონდა მაგალითები იმისა, რომ ადრინდელი კოორდინაცია იწვევდა მნიშვნელოვანი ორი და სამი დღის გაქცევას. მშენებლის კეთილსინდისიერებაზე ბევრია დამოკიდებული, ყველა ცდილობს მოასწროს ფაქტის ჩადენა. ამ შემთხვევაში ყველა დგება დარტყმის ქვეშ, დაწყებული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლიდან, დამთავრებული ხელმძღვანელ პირამდე, ვინაიდან ჩნდება კითხვები. არავინ იცის, ვერავინ ვერ ხედავს რა სამუშაოები მიდის რეალურად, რადგან ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი და როდესაც არ ჩანს სამუშაოების ნაწილი და უბრალოდ გამოჩნდება დარღვევის ფაქტი, ადამიანები სვამენ კითხვებს. ჩვენ ვპასუხობთ, მაგრამ ეს პასუხები საკმარისი არ არის. ამიტომაც პირველი მცდელობა იყო ის, რომ გაგვეკეთებინა  ეს დაქვემდებარება და შეგვეხედა, რამდენად გამოასწორებდა სიტუაცია.

  • თქვენ ამბობთ, რომ ფაქტები შემცირდა, რომ მკვეთრად ჩანს დარღვევა და არ ჩანს ის, რასაც აკეთებთ, ანუ შედეგი. როგორ უნდა დავინახო, მაგალითად, მე, ეს შედეგი, როცა არ ვიცით, რამდენი დარღვევა გამოავლინეთ, სად, როგორ, რამდენით შემცირდა და ასე შემდეგ.

პირველ რიგში გიყვებით იმას, რა გავაკეთე როგორც მენეჯერმა, რომ ეს ფაქტები შემემცირებინა. გავაკეთე ის, რომ სტრუქტურული ცვლილების შედეგად, უფრო ეფექტური გავხადე კოორდინაცია სამსახურებს შორის, რომელთა პირდაპირ ურთიერთკავშირი განაპირობებს სწორ მონიტორინგს. ამან რაოდენობრივად შედეგი მოგვცა, მაგრამ არ აღმოუფხვრია პრობლემა. გამომდინარე იქიდან, რომ მაინც ყოველთვის მიდიოდა ფიქრი ამ სიტუაციის გაუმჯობესებაზე, სწორედ მუნიციპალური ინსპექციის შექმნა იყო პასუხი.

ვფიქრობ, საქალაქო ინსპექციის შექმნა არის სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენ გავაძლიერეთ თითოეული მიმართულება რაოდენობრივადაც, ქალაქი იგივე ზედამხედველობის ნაწილში იმავე რაოდენობის თანამშრომლებით აგრძელებდა მუშაობას, რა რაოდენობის თანამშრომლებითაც ის მუშაობდა, მაგალითად, 2007 წელში, როდესაც ჩვენ გვაქვს 3-ჯერ უფრო დიდი ქალაქი. ძალიან რთულია ხუთი კაცით აკეთო 15 კაცის საქმე – სად რესურსი არ იყო, სად ტექნიკა არ იყო საკმარისი. დავსხედით, გავაკეთეთ სერიოზული ანალიზი და ამის საფუძველზე ჩამოვაყალიბეთ სამსახური, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ელემენტარულად სამუშაო პირობები არა აქვთ. ამ თვის დასაწყისში უკვე შევლენ ახალ სამუშაო გარემოში.

რაც შეეხება იმას, რა ექნებათ განსხვავებული წინა ყოფისგან, როგორც ვთქვი, ექნებათ ადამიანური რესურსი, გაძლიერებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც საშუალებას მოგვცემს ჩანასახში ბევრ რაღაცაზე გავაკეთოთ რეაგირება, რაზეც ადრე ვერ ვაკეთებდით.  

კორონას გამო, რა თქმა უნდა, ეს პერიოდი გაჩერებული ვიყავით, მაგრამ ახლა ვანახლებთ დაკონტრაქტებას კომპანიებთან, რომლებიც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით მოგვამარაგებენ, სანამ საკუთარს ვიყიდით, რომ  დარღვევის ფაქტები ჩანასახშივე აღმოვფხვრათ.

  • ამ პერიოდით ხომ ისარგებლებდნენ ისინი, რომლებიც ელიან სათანადო მომენტს დაშენება-მიშენებისთვის? 

ისარგებლეს და თქვენი საშუალებით გაშუქდა კიდეც. მათ შორის ერთი, მერვე სართულზე დაშენება, დაშლილია და მეორესთან მიმდინარეობს ასევე მუშაობა დაშენების დემონტაჟზე. ვგულისხმობ შპს „ძმების სახლს“ – სამწუხაროდ, ისარგებლეს  და მე ამას მხოლოდ და მხოლოდ ვუკავშირებ იმას, რომ მუნიციპალური ინსპექცია გადართული იყო კორონასთან ბრძოლაზე. საპატრულოს და ინსპექციის დახმარებით ვუმკლავდებოდით იმ გამოწვევებს, რასაც კორონასთან ბრძოლა ითხოვდა ჩვენგან: წარმოიდგინეთ, ათასობით ობიექტის მონიტორინგი, შემოწმება, შეზღუდვები სასაფლაოებთან დაკავშირებით, რაშიც 24-საათიან რეჟიმში იყვნენ ჩართული.

  • თქვენი აზრით, სწორი იყო მშენებლების ასე უკონტროლოდ მიტოვება?

ამ შეკითხვის დასმა ასეთ კონტექსტში მე მიმაჩნია… ეს არ ნიშნავს, რომ მათ მოეხსნათ ვალდებულება ზედამხედველობაზე. უბრალოდ, ჩვენ, დაწყებული რიგითი მოქალაქიდან, დასრულებული რიგითი წევრით, ყველა ორიენტირებული ვიყავით იმაზე, რაც ეხებოდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და  კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვას. ის, რომ აჭარა და ბათუმი არის მწვანე ზონა, ამაში სხვასთან ერთად მუნიციპალური ინსპექციის სამსახურსაც აქვს კონტრიბუცია და დავუკარგოთ მას ეს  – არ შეიძლება. ამით მე არ ვამართლებ იმას, რომ რაღაც უკანონო მშენებლობა გამოგვეპარა. მე  არ ვამბობ იმას, რომ ეს ფაქტი მეორესთან პირდაპირ კავშირშია, ამითი არ ხდება იმის გაკეთება, რომ იცით რა, პასუხისმგებლობისგან თავს ვითავისუფლებთ, არა. პასუხიმგებლობა რჩება ჩვენთან, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც სწორედ არქიტექტურული ზედამხედველობის კუთხით იყო ძალიან მკაცრი მითითებები გაცემული. მითითებები მაქვს მიცემული მუნიციპალურ ინსპექციაზე, სადაც მე მათ მადლობა გადავუხადე კორონავირუსის დროს გაწეული სამუშაოსთვის, მაგრამ ძალიან მკაცრად მოვთხოვე რეაგირება ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც ყოფილა ან აწი იქნება ამის მცდელობა. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს იქნება ადამიანების სამუშაოზე მიბმული.

მე ამ ორგანიზაციის შექმნით ავიღე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს დაახლოებით 3.5 მილიონი ლარი ამ ეტაპზე წლიური ბიუჯეტი და ეს პასუხიმგებლობა არ ამიღია იმისთვის, რომ ყველაფერი დარჩეს იგივე მოცემულობაში, რაც იყო მანამდე. დამრღვევი ყოველთვის იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორი რეაგირება გაქვს ამაზე და რამდენად ეფექტური ხარ ამ დამრღვევებთან ბრძოლაში.

თუ კი რეაგირება იქნება დროული, სრულ შესაბამისობაში კანონთან და თუკი ეს არის გულით გაკეთებული, გარდა სამსახურეობრივი მოვალეობისა… როცა ვამბობ გულით გაკეთებაზე, იმას ვგულისხმობ, რომ ყოველთვის შეიძლება პირადი მონდომებით უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე ამას კანონი და სამსახური გავალდებულებს, მაშინ ხარ ეფექტური. ამაზე მე მაქვს ძალიან სერიოზული მოთხოვნები დაყენებული ჩემი თანამშრომლების მიმართ.

ის, რომ ჩვენ დავაკომპლექტეთ მუნიციპალური ინსპექციის მენეჯმენტის ნაწილი ადამიანებით, რომლებსაც აქვთ სერიოზული გამოცდილება სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის, იმ მიზნით გაკეთდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამოვუცხადოთ ბრძოლა დამრღვევებს და მენეჯმენტის ნაწილშიც გვყავდეს ადამიანები, რომლებსაც აქვთ დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილება. ამას აღიქვამენ დანაშაულად, პოლიციის გადმოსახედით და არა უბრალოდ ადმინისტრაციული გადმოსახედით. გვინდა და მინდა, რომ ძალიან გავამკაცროთ ამ ნაწილში კონტროლი. მართალია ჯერ ვერ დაიქოქა ეს ორგანიზაცია კორონავირუსის გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ დაიქოქება და შედეგებსაც დადებს.

მე ძალიან ვუფრთხილდები ჩემი თანამშრომლების რეპუტაციას, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ჩემი თანამშრომლების რეპუტაციის შელახვა და არ მინდა დავიჯერო, რომ ვინმე არასათანადო დამოკიდებულებით ეპყრობა საკუთარ [საქმეს] და ეს ჰპოვებს შედეგებზე ასახვას. თუ ასეთი რამ იქნება, ყველამ იცის, რომ ამაზე აგებს პასუხს.

ერთი თვეა აჭარაში კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, დღეის, 30 მაისის მონაცემებით,  ბათუმში 426 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე უარყოფითია.

სამინისტროს მონაცემებით, დღეს ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 37 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

სამინისტროს ცნობით, ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 12 477 პირს.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს, მათგან 2 გარდაიცვალა, დანარჩენები კი გამოჯანმრთელდნენ. ამჟამად აჭარაში კოვიდ დადებითი პაციენტი არ არის.

საკრებულოს ოპოზიციის ფრაქცია ბათუმის მერის შესაძლო იმპიჩმენტზე 

„ადრეც გვქონდა ჩვენ მერის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი, უბრალოდ ამას  საკმარისი ხმები სჭირდება,  ამიტომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, ხმები გვეყოფა თუ არა. ორ-სამ დღეში შევხედავთ. მათი პოზიციაც გვაინტერესებს, ვინც ამბასადორის საკითხს მხარი არ დაუჭირა, ანუ ჩვენი ოთხი ხმა არ ჰყოფნის“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

29 მაისს,  საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ბათუმის ბულვარის ცენტრში „ამბასადორი ბათუმისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემას – კომპანია ამ ნაკვეთის მიმდებარედ ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და პროექტის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს. სწორედ ამ კომპანიისთვის ბულვარის ცენტრში მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხს განიხილავდა  ბათუმის საკრებულო, როდესაც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს SMS -ით მისწერა, არ ამოეღო „ამბასადორი“ საკრებულოს განსახილველი საკითხებიდან. აღნიშნული SMS-ის მიღების ფაქტი TV 25-ის ოპერატორმა გადაიღო.

სწორედ ამ შემთხვევას განიხილავს შესაძლო კორუფციის კიდევ ერთ დადასტურებად საკრებულოს ოპოზიციის ფრაქცია.

ფრაქციის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე საკითხის კენჭისყრამდე ითხოვდა ამ საკითხთან მიმართებაში საკრებულოს წევრები მხოლოდ ხელის აწევით არ შემოფარგლულიყვნენ და გაეკეთებინათ განმარტებები, თუ რატომ უჭერდნენ მხარს ან ეწინააღმდეგებოდნენ  ნაკვეთის კომპანიისთვის გადაცემას, თუმცა ასე არ მოხდა.

მირდატ ქამადაძის განმარტებით, ფრაქცია განიხილავს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რაც მერის იმპიჩმენტის დაწყებას ითვალისწინებს, მათ შორის, შესაძლოა, ფრაქციამ ბათუმში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმების ოცი პროცენტის შეგროვებაც დაიწყოს.

„რადიოში მქონდა ჩართვა, სადაც მერმა განაცხადა, რომ დიახ, მას შეატყობინეს მერიის თანამშრომლებმა, რომ უმრავლესობის წევრი ითხოვდა საკითხის ამოღებას. მერმა თქვა, რომ უმრავლესობის წევრებისგან ამის მოთხოვნა მისთვის იყო მოულოდნელი და ამიტომ გაგზავნილი შეტყობინება  ჩემი მხრიდან რეკომენდაცია იყო და დარბაზში რომ ვყოფილიყავი, ამავე შინაარსის მოწოდებას გავაჟღერებდიო. ბუნებრივია, სხვას რას იტყოდა, ჩავერიე უხეშადო, ხომ არ იტყოდა. თუ საჯარო განცხადებები კეთდება პოლიტიკაში, მერს შეეძლო ამის შესახებ პოსტი გამოექვეყნებინა, ან საჯარო განცხადება გაეკეთებინა. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როდესაც კონსპირაციულად წერ სხდომის მიმდინარეობისას თავმჯდომარეს, ცალსახაა, რომ მერი ცდილობს ზეწოლას, ეს დადასტურებულად პირველი შემთხვევაა, მაგრამ ზოგადად  პირველი შემთხვევა არ არის“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

ოპოზიციის ფრაქციაში ვარაუდობენ, რომ თავად მერმაც მიიღო მკაცრი შეტყობინება საკითხის შესაძლო ჩავარდნასთან დაკავშირებით, შემდეგ კი დავალება საკრებულოს თავმჯდომარესთან სულიკო თებიძესთან გადააგზავნა:

„მას შემდეგ რაც გაჟღერდა საკითხის ამოღებაზე დიმა ჭეიშვილისგან და ჩემგან, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მერმაც მკაცრი შეტყობინება მიიღო მთავრობისგან.  ჩვენ ვართ ფარული ჩანაწერების მომსწრე, სადაც მერი დეველოპერულ კომპანიას პასუხობს, რომ მის კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებში ვერ იღებს გადაწყვეტილებას, მას ეუბნება, იქნებ თბილისში ნახო გამოსავალიო. რამდენად სწორად ითხოვდა დეველოპერი ნებართვას, მე  ამ შინაარსში არ შევდივარ – მერს გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ან ისეთი ან ასეთი. ის ეუბნებოდა თბილისში მოძებნე გზაო, ეს არის მისი სიტყვები, რომელიც გასაჯაროვდა და მას არ უარყვია“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

ოპოზიციის ფრაქციაში კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ გავლენებზეც გაამახვილეს ყურადღება:

„დიდი ალბათობით ამ კომპანიას ჰყავს ლობისტი მთავრობაში  და ბუნებრივია, როგორც კი ეს საკითხი გაჟღერდა, მე დარწმუნებული ვარ, მერმაც მიიღო მკაცრი ზარი. მან თქვა, ამ დროისთვის [როცა „ამბასადორის“ საკითხი განიხილებოდა საკრებულოში] მე მთავრობის სხდომას ვესწრებოდიო, შეიძლება იქვე უთხრეს პირდაპირ, დროზე მოაგვარე საკითხი და რას ქვია დღის წესრიგიდან ამოღებაო. მერმაც მესიჯი გამოუგზავნა თავმჯდომარეს და დავალება მისცა სულიკო თებიძეს,  რადგან მისი პოლიტიკური წონა არის ნული. წარმოიდგინეთ, სულიკო თებიძე, როგორი ზეწოლის ქვეშ იყო, სხდომაზე პირდაპირ მერი კარნახობდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, რომ კითხვები დასვეს, პასუხის გაცემასაც არ აპირებდა, ისე გადაწყვიტა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

29 მაისს, ბათუმის საკრებულომ შპს „ამბასადორი ბათუმს“ ბულვარის ცენტრში მიწა გადასცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად.

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

 

Exit mobile version