მთავარი,სიახლეები

ბათუმიდან თბილისში 7 ბავშვი გადაიყვანეს თირკმელთან დაკავშირებული პრობლემებით

06.08.2020 • 2705
ბათუმიდან თბილისში 7 ბავშვი გადაიყვანეს თირკმელთან დაკავშირებული პრობლემებით

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბათუმიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში, 7 ბავშვი გადაიყვანეს ჰემოლიზურ ურემიული, ე.წ. ჰუს-ის სინდრომით, რომელიც წარმოადგენს ნაწლავის ჩხირის ტოქსინის გამომყოფი შტამით გამოწვეულ დიარეის (ხშირად სისხლიანი დიარეის) შემდეგ განვითარებულ სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას. სხვა გართულებებთან ერთად, მას ახასიათებს თირკმლის მწვავე უკმარისობა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, ბათუმიდან გადაყვანილი პაციენტების მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობს. იგი გამორიცხავს ამ შემთხვევების კავშირს ერთმანეთთან.

„ჯგუფური სტატუსი ამ კონკრეტულ შემთხვევებს არ აქვს. აჭარის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დღეს არის დარეგისტრირებული. ინფიცირების საერთო წყარო გამორიცხულია. გამომწვევი შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს ორგანიზმში. გართულების მიზეზი შეიძლება იყოს თვითმკურნალობა, გვიანი მიმართვა – ეს გართულებები არ იწყება პირველივე დღიდან, ძირითადად დაავადების სიმპტომების გამოჩენიდან დაახლოებით 7 დღის შემდეგ ვითარდება“, – ამბობს ნონა ეფაძე.

იგი აღნიშნავს, რომ, ზოგადად, ზაფხულში ყოველთვის აღინიშნება დაავადებები დიარეით, რომელთა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს და თვითგანკურნებით სრულდება, მაგრამ არის გართულების შემთხვევებიც.

„ზოგიერთი პათოგენი, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ პათოგენური ნაწლავის ჩხირი, შეიძლება იყოს გართულების გამომწვევი. დაავადება 90-95 პროცენტში მსუბუქად მიმდინარეობს და შესაძლოა თვითგანკურნებით დასრულდეს, მაგრამ 5-10 პროცენტში შესაძლოა განვითარდეს ეს მდგომარეობა“, – ამბობს ნონა ეფაძე.

ბათუმიდან თბილისში გადაყვანილი 7 ბავშვიდან 5 აჭარის მკვიდრია, ორი კი საქართველოს სხვა რეგიონიდან იყო ჩამოსული აჭარაში.

რატომ გახდა საჭირო პაციენტების თბილისში გადაყვანა? – ნონა ეფაძე ამბობს, რომ ყველა კლინიკას აქვს განსაზღვრული დაავადებების ჩამონათვალი, რომელსაც მკურნალობენ: „ბათუმის ბავშვთა საავადმყოფო არის იაშვილის კლინიკის და ძირითადად, ასეთ მდგომარეობაში ბავშვების გადაყვანა ხდება თბილისში, იაშვილის კლინიკაში, მარტო წელს – არა“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსაც თბილისში. საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა ივანე ჩხაიძემ გვითხრა, რომ მართალია, თბილისის იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ ბათუმიდან ან ბათუმში ყოფნის ისტორიით პაციენტებს, მაგრამ ეს ნაწლავური ჩხირის სეზონურ მატებას უკავშირდება და ზაფხულისთვის დამახასიათებელია.

„ეს არ არის საგანგაშო მატება, ეს არის სეზონური მატება. ფაქტია, რომ ივლის-აგვისტოში ასეთი შემთხვევები მატულობს. წინა თვეებთან შედარებით სეზონური მატება წელსაც აღინიშნება და ჩვენთან ხვდება პაციენტების გარკვეული რაოდენობა. ახლაც გვყავს პაციენტები ბათუმიდან, მარნეულიდან, თბილისიდან… პაციენტების რიცხვი, რა თქმა უნდა, მეტია, ვიდრე იყო მაგალითად, მაისში.

ნაწლავური, ბაქტერიული ინფექციები ზაფხულში უფრო ხშირია და შესაბამისად, მათი გართულებებიც უფრო ხშირია ზაფხულის პერიოდში“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, Escherichia coli-ის, იგივე ნაწლავის ჩხირის ორგანიზმში მოხვედრის წყარო შეიძლება გახდეს თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი; დაბინძურებული წყალი; გაურეცხავი ან არასათანადოდ გარეცხილი ბოსტნეული და ხილი; აუდუღარი რძე და პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობა. 

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ უმთავრესი პრევენცია, ისევე როგორც კორონავირუსის შემთხვევაში, ხელების ხშირად დაბანაა:

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხილისა და ბოსტნეულის გამდინარე წყალში ხანგრძლივად და გულდასმით გარეცხვა. მალფუჭებადი პროდუქტები აუცილებლად უნდა შევინახოთ მაცივარში და არავითარ შემთხვევაში, თუნდაც ნახევარი საათით მაცივრის გარეშე არ შეიძლება. ესაა რძის პროდუქტები, ხორცის ფარში, ბავშვის მზა საკვები, მაგალითად, ფაფა ან პიურე – მათი გაჩერება ოთახის ტემპერატურაზე ზაფხულში კატეგორიულად დაუშვებელია. ხანმოკლე პერიოდიც საკმარისია, რომ დაიწყოს ამ პათოგენურმა ბაქტერიებმა გამრავლება.
ბოსტნეულის, მწვანილისა და ხილის კარგად გარეცხვა გამდინარე წყალში, ხელების ხშირად დაბანა და ტემპერატურული რეჟიმის სწორად გამოყენება საკვების მომზადების შემდეგ, შენახვისთვის ძალიან მარტივი და ეფექტურია“.

დღეს, 6 აგვისტოს, განცხადება გაავრცელა კომპანია „ბათუმის წყალმა“. კომპანია აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს შესაძლოა, ნაწლავური ჩხირი Escherichia coli ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს აღინიშნება მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა დაახლოებით 38%-ით კლება გასული წლების იგივე პერიოდებთან შედარებით.

_________________

ფოტოზე: ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

გადაბეჭდვის წესი