მე და არქეოლოგი თამარ ფარტენაძე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ოქროს ფონდში კოლხი ქალის ოქროს სამკაულებს ვათვალიერებთ. მინის კარადაში დალაგებულ ნივთებს რამდენიმე სანტიმეტრი და დაახლოებით 17 საუკუნე გვაშორებს. ვცდილობთ გამოვიცნოთ, როგორ ცხოვრობდა და ვინ იყო ქალი, რომლის სამკაულებიც 2005 წელს, ფიჭვნარში იპოვეს არქეოლოგებმა ახ. წ. აღ. დათართებულ სამარხში.
თამარი მიამბობს, რომ ფიჭვნარში არქეოლოგები სამარხებში ძირითადად იმ ნივთებს პოულობენ, რაც გარდაცვლილს ჩაატანეს ოჯახის წევრებმა „იმ ქვეყანაში“ წასაღებად. ფიჭვნარში არსებული მაღალი ტენიანობის გამო სამარხში სხვა არაფერი რჩება, თუმცა ასეთ სამარხებსაც შეუძლიათ ამბების მოყოლა. არქეოლოგებს მათი ესმით.
„ბეჭედი მცირე ზომისაა, შეიძლება ახალგაზრდა ქალი იყო, ან გოგონა. რადგან ოქრო ჩაატანეს სიკვდილის შემდეგ, მის სოციალურ სტატუსზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, შესაძლოა დიდგვაროვანი იყო, ყოველ შემთხვევაში, მისი სოციალური სტატუსი უფრო მაღალი იყო, რადგან ამ პერიოდის სხვა სამარხებში ოქრო არ გვხვდება.
მის გემოვნებაზეც შეგვიძლია ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, სამკაულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, ძალიან დახვეწილი გემოვნება ჰქონია, საყურე მინის თვლებითაა შემკული, ბეჭედი კი ძალიან კარგი ნამუშევარია, ნებისმიერი ქალი არც ახლა არ იტყვის უარს ამ სამკაულებზე, ოქროს ფონდში შემოსული ბევრი დამთვალიერებელი აქცევს ამ სამკაულებს ყურადღებას“, – მიამბობს თამარი.
კოლხი ქალის საყურეებსა და ბეჭედს ანალოგიც მოეპოვება, მსგავსი სამკაულები არქეოლოგებმა საქართველოს ერთ-ერთ უძველეს, ურბნისის ნაქალაქარში და ქართლის პიტიახშების რეზიდენციად ცნობილ არმაზისხევში იპოვეს და კიდევ უფრო შორს, უნგრეთში. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? თამუნა მიხსნის, რომ ეს ზუსტი ასლები არ არის და შეუძლებელია იყოს, რადგან ამ პერიოდში დამზადებული თითოეული ნივთი უნიკალურია, ოქრომჭედლები მათ ხელით, სათითაოდ ამზადებდნენ. თუმცა ეს მსგავსება იმაზე მიუთითებს, თუ რა ტენდენციები იყო, მარტივად რომ ვთქვათ, რა იყო „მოდაში“ მაშინ. ეს ის შემთხვევაა, როცა მოდა არქეოლოგებს იმის დადგენაში ეხმარება, რომელ საუკუნეში იყო დამზადებული ესა თუ ის ნივთი თუ სამკაული, რადგან ყველა მათგანი ატარებს ინფორმაციას, იმ საუკუნის ნიშნებს, რა დროსაც ის დაამზადეს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შუასაუკუნეებზე ვსაუბრობთ“, – მეუბნება თამარი, „და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ადრე შუასაუკუნეების სამარხში ოქრო აღმოჩნდა, ამ პერიოდის სამარხებში ძირითადად თიხის ნივთები გვხვდება, ერთგან რკინის ცულიც იყო. ეს მნიშვნელოვანი, გარდამტეხი პერიოდია, ახალი სოციალური წყობა, ფეოდალური ხანა დაიწყო, ქრისტიანობა სულ უფრო ვრცელდება… ამ პერიოდის სამარხების აღმოჩენა ფიჭვნარში იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ჩავარდნის შემდეგ, მოსახლეობა აქ ისევ გამოჩნდა და ცხოვრება ფიჭვნარში ისევ გამოცოცხლდა. ამის მაგალითია ადრე შუასაუკუნოვანი სამარხების აღმოჩენა.“
კოლხი ქალის სამკაულებზე საუბარს ვასრულებთ და სხვა ნივთებს ვათვალიერებთ. ოქროს ფონდში ყველაზე ძველი ნივთი ძვ.წ.მეხუთე საუკუნის მეორე მეოთხედით თარიღდება. ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს, ამ ისტორიის უკან ადამიანები დგანან, მდიდარი კოლხები, ელინები, რომლებიც ოცი და მეტი საუკუნის წინ ფიჭვნარში ცხოვრობდნენ და თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებს „იმ ქვეყანაში“ წასაღებად ნივთებს საფლავებში ატანდნენ. ასე იქმნებოდა ფიჭვნარში სხვადასხვა საუკუნის ნეკროპოლები, გარდაცვლილების ქალაქები, სამაროვნები, რომლებიც ახლაც, ათეულობით საუკუნის შემდეგ, ყვებიან ამბებს.
„ფიჭვნარში არის ძველი წელთაღრიცხვის კოლხური, ბერძნული და ელინისტური სამაროვნები. აქ ბერძნები და კოლხები ცხოვრობდნენ და ერთმანეთთან მტრული კი არა, მეზობლური ურთიერთობა რომ ჰქონდათ, ამაზეც მათი სამარხები მეტყველებს, ხშირად ბერძნულ სამარხებში ვპოულობთ კოლხურ ნივთებს და პირიქით. ანუ მათ შორის მჭიდრო კულტურული და ეკონომიკური კავშირი იყო“, – მიხსნის თამარი.
საუკუნეების წინ საფლავებში ჩატანებული ოქრო ახლაც ძვირად ფასობს და „ცოცხლობს“ არა მხოლოდ ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით. არქეოლოგიურ მუზეუმში მიამბობენ, როგორ აღმოაჩინა სოფელ კაბანდიბში მცხოვრებმა ოქროს სამკაულები, სახელმწიფოს ჩააბარა საკმაოდ სოლიდურ თანხად და ამ ალბათ ახალი ცხოვრების დაწყება შეძლო. მიამბობენ გონიოს განძზეც, რომელიც 1974 წელს გზის გაყვანისას, შემთხვევით აღმოაჩინეს და კიდევ სხვა ამბებზეც, მაგრამ ამაზე სხვა დროს.