Batumelebi | არასწორია ინფორმაცია, რომ ნაწლავური ჩხირი ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა – განცხადება არასწორია ინფორმაცია, რომ ნაწლავური ჩხირი ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა – განცხადება – Batumelebi
RU | GE  

არასწორია ინფორმაცია, რომ ნაწლავური ჩხირი ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა – განცხადება

„ბათუმის წყალი“ განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ნაწლავური ჩხირი Escherichia coli ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა. „ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ბათუმის წყლის“ მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს – აცხადებს კომპანია.

„ბათუმის წყალს“ აქვს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომლის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი. წყლის ხარისხის უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგს ლაბორატორია სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესაბამისად ახორციელებს.

ხარისხის კონტროლი სათაო ნაგებობებზე, რეზერვუარებში და ქალაქის წყალსადენის ქსელში ყოველდღიურად ხორციელდება. ონკანებთან მისვლამდე სასმელი წყალი დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის. წყალმიმღებიდან აღებული წყალი გადის ორჯერად ქლორირებას, იფილტრება და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის წყალგაყვანილობის სისტემაში.

„ბათუმის წყლის“ ლაბორატორია ტექნიკური აღჭურვილობისა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.

საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიაში ყოველწლიურად გეგმიური მონიტორინგის სამუშაოებს ახორციელებს. ლაბორატორია უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი უახლესი გერმანული და ამერიკული (HACH და IDEXX) მეთოდით ტარდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, უმოკლეს ვადაში დავადგინოთ სასმელი წყლის ხარისხი. ეს მეთოდები საქართველოში პირველად ჩვენ დავნერგეთ.

ინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხის შესახებ სრულიად გამჭვირვალეა და საზოგადოებას მედიის საშუალებით პერმანენტულად ვაწვდით.
კომპანია „ბათუმის წყლის“ ლაბორატორია ISO 17025-ის 2017:2018 მფლობელია. ISO სტანდარტის და აკრეტიდაციის დაცვა უმკაცრესი მოთხოვნების შესრულებას ნიშნავს.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ,,ბათუმის წყალის“ მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ბათუმში წყალი შეიცავდეს ნაწლავურ ჩხირს, ფეისბუქზე გავრცელდა გუშინ, 5 აგვისტოს. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ნაწლავური ჩხირით გამოწვეული მიმართვიანობა ყოველ ზაფხულს იზრდება და ეს სეზონს უკავშირდება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, Escherichia coli, იგივე ნაწლავის ჩხირი, ფართოდ გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც ბუნებაში მრავალი შტამით (სახეობით) არის წარმოდგენილი. მათი უმეტესობა უვნებელია ჯანმრთელობისთვის, ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მიკროფლორასაც კი წარმოადგენს, თუმცა არსებობს პათოგენური შტამებიც, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც დიარეით მიმდინარე დაავადება, ასევე ნაწლავგარე ინფექციები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com