მთავარი,სიახლეები

როდის გაანათებენ გონიოს ბულვარს და დადგამენ სკამებს – მერიაში ფულს ეძებენ

14.06.2020
როდის გაანათებენ გონიოს ბულვარს და დადგამენ სკამებს – მერიაში ფულს ეძებენ

„გონიოსა და კვარიათში ბულვარი ჯერ კიდევ წინა წელს მოეწყო, მაგრამ ახლა განათებაც აღარ გვაქვს, გასულ წელს გაფუჭდა და მას შემდეგ ჩაბნელებულია… არც სკამები დაგვიდგეს, არც ნაგვის ურნებია…“ – გვითხრა გონიოში მცხორებმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

გონიოელების თქმით, ბათუმის მერიისგან კონკრეტული პასუხს წლების განმავლობაში ვერ იღებენ. ბოლო მიზეზი პანდემიაა.

„ახლა გვითხრეს, პანდემიააო, მაგრამ მანამდე ხომ შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება? ან ახლა, განათება რომ მაინც ჩართონ, რატომაა ამხელა პრობლემა? ბათუმია ესეც, ასე გვინდა ტურიზმი?“ – კითხულობენ გონიოელები.

„პანდემიის გამო შევჩერდით. ვგეგმავდით ტენდერის გამოცხადებას, განათებაზე „აჭარგანათება“ მუშაობს და მალე მოგვარდება, როგორც ვიცი,“ – გვითხრა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა, სულხან ევგენიძემ. მან ვერ გვითხრა მიზეზი, რის გამო არ გამოცხადდა ტენდერი პანდემიამდე, ან როდის მოახერხებს ბათუმის მერია გონიოს ბულვარის კეთილმოწყობას.

სულხან ევგენიძის თქმით, გონიოს და კვარიათის ბულვარში სკამების შესაძენად, ასევე კიბეების და პანდუსის მოსაწყობად დაახლოებით 390 ათასი ლარია საჭირო. „ბათუმელებთან“ საუბრის დროს სულხან ევგენიძემ არ გამორიცხა, რომ ამ მიმართულებით ტენდერი წელს საერთოდ ვერ გამოცხადდეს.

„არ ვიცით, როგორი იქნება შემოსავლები, მაგალითად, შემოსავალი იყო კაზინოები, ახლა ყველაფერი გაჩერებული იყო… ამ თვის ბოლომდე უნდა გადაწყდეს, რა თანხას მოგვცემენ, შესაძლოა, გადაიდოს მომავალი წლისთვის,“ – აღნიშნა სულხან ევგენიძემ.

 

გონიო / 14.06.2020 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: