კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

„საბჭოთა ბელადის მიერ მოყენებულ ტკივილს ვერასდროს დავივიწყებ“

09.11.2014 • 3278
„საბჭოთა ბელადის მიერ მოყენებულ ტკივილს ვერასდროს დავივიწყებ“

„ჟანდარმები ჩვენს სახლშიც შუაღამით მოვიდნენ. კარზე ბრახუნი რომ ატეხეს, გასაღებად ჩემი ძმა გავიდა. ავტომატიანები რომ დავინახე ვიკივლე, მეგონა ძმას მიკლავდნენ, მას შემდეგ ყვირილზე ცუდად ვხვდები. შემოცვივდნენ, ხელები აგვაწევინეს და მუხლებზე დაგვაჩოქეს“, –  ასე იხსენებს რეპრესიების პირველ წუთებს მერი თევთიძე.

„სახლი თავიდან ბოლომდე გაჩხრიკეს, აკვანში ჩვილი რომ იწვა, იმის ქვეშაგებშიც კი ჩაყეს ხელი. მოსამზადებლად სამი საათი მოგვცეს. მე ჩემს საყვარელ ბოჩოლებთან გამოსამშვიდობებლად წავედი და რაც ბალახი გვქონდა გადანახული, სულ ბაგაში ჩავუტენე. „უჩემოდ რა გეშველებათ, ვინ მოგივლით-მეთქი“ ვეუბნებოდი და ვტიროდი. ძროხას ხბო ახალმოგებული ჰყავდა და დედას თივაში ვერცხლის ხანჯალი ჩაედო. სამხედროები უკან გამომყვნენ, ბალახები ბაგიდან გადმოყარეს და ის ხანჯალიც ამოიღეს. ყველაფერი წაიღეს სახლიდან, გაგვძარცვეს“, – გვეუბნება მერი.

ოჯახიდან ექვსი ადამიანი გადაასახლეს. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. გადასახლება შეეხო რძლის ოჯახსაც. ცდილობს ნაკლები ისაუბროს ეშელონში გატარებულ დღეებზე. „ყველაფერს ნუ მომაყოლებ, თორემ დავგლახდები“, – გვეუბნება ის და აგრძელებს: „მუხლებში ახლაც ჭინჭარივით მსუსხავს, როცა ის დღეები მახსენდება. საბრალო მამაჩემს 16 დღე არ დაუძინია, არც დაწოლილა. იჯდა ფიცარზე და ამბობდა, ჩემი მშობლებისკენაც კი არ გამიხედავს და რატომ გამიკეთეს ასეო. მამაჩემის მშობლები და ნათესავები საზღვრის გაყოფის შემდეგ თურქეთის მხარეს დარჩნენ და ისედაც დარდით ჰქონდა გული სავსე. ჩვენ თავიდან მაჭახლის ხეობაში ვცხოვრობდით და სწორედ ამის გამო ჩამოგვასახლეს ჭარნალში. მამა არ მოდიოდა, მშობლებს თვალს თუ ვერ მოვკრავ, იქედან ჩამომავალ მდინარეს მაინც დაველაპარაკებიო, მაგრამ ბოლოს მაინც მიატოვა სოფელი და წამოვიდა. ჭარნალში, იქედან გადასახლებული ქურთების სახლში შეგვასახლეს, მამა ჩემს ძმებს ეუბნებოდა, სხვისი ნაცოდვილარი არ გვინდა, ხელი არაფერს ახლოთ, მოვა დრო და ისინიც დაბრუნდებიანო“.

მერი თევთიძე წიგნის თემას აგრძელებს: „რომ იცოდეთ როგორ მიყვარდა სწავლა, სულ ხუთები მყავდა. ერთხელ შემეშალა, რუკაზე სკანდინავიის ნახევარკუნძული შეცდომით შემოვხაზე და დამცინეს, მე კი ვიტირე. ეშელონში კბილი ამტკივდა, ერთ გონიოელ კაცს მაშა აღმოაჩნდა და ამომიღო. არ მიტირია, ხელებში ისევ წიგნი მქონდა ჩაბღუჯული. გაგიჟდა კაცი, ასეთი რამ არსად მინახავსო. მერი მასწავლებელმა დამარქვა, აიშე მერქვა. ისინი ძალიან განიცდიდნენ ჩემ გადასახლებას. ჩემს სოფელში ხის ყლორტები დაკრიფეს, შიგ წერილები ჩადეს და ისე გამომიგზავნეს ყაზახეთში. ორი წელი გულით ვატარებდი ამ წერილებს“, – გვეუბნება ქალბატონი მერი.

გადასახლებაში წიგნები ბამბის პლანტაციებმა შეცვალა. „სულ გაუხეშებული და დაჩხვლეტილი მქონდა ხელები. საკვები არ გვქონდა, ბერძნებს შევეცოდეთ და დილაობით რძეს გვაძლევდნენ. იქაურმა საკვებმა რძალი მოწამლა და ძლივს გადავარჩინეთ. ვერ ვუშველეთ პატარა ძმისშვილს, ის იქ დაიღუპა. ყველანი დავიხოცებოდით, სოფლიდან ფული რომ არ გამოეგზავნათ. ფულით ძროხა ვიყიდეთ და მხოლოდ რძის ნაწარმს ვიღებდით. ასე გადავრჩით“.

საქართველოში 1953 წლის 13 ივნისს დაბრუნდნენ: „სტალინი რომ მოკვდა, ჯარისკაცები მოვიდნენ და შავი ლენტები მოგვიტანეს. „მამა გარდაიცვალა და უნდა ვიგლოვოთო“. მამა კი არა და ჯანდაბა მაგის თავს, სიცოცხლე გაგვიმწარა. გადასახლებაში ჩემი თანაკლასელი, ქავთარაძის გოგონაც მოკვდა. როცა ცუდად იყო, სულ ჩემს ნახვას თხოულობდა. არ მიშვებდნენ ჯარისკაცები, მაგრამ მაინც ვნახე. დედამისი მეუბნებოდა, გთხოვ ბაფთები ისე გაიკეთე, როგორც ჩემს გოგონას უყვარდა და ხშირად მნახეო. სანამ ცოცხალი იყო, ასე დავდიოდი მასთან.

არასდროს დამავიწყდება კილაძეების ტრაგედია. უკან დაბრუნებისას მატარებელი სოხუმში გაჩერდა, გადასახლებულ შვილიშვილებს ბაბუამ მოაკითხა, მაგრამ ვაი იმ დახვედრას. 22-23 წლის ულამაზესი გოგო-ბიჭის ცხედრები დაუსვენეს წინ. ისეთი ამბავი ატყდა, იმ წივილ-კივილის ხმა დღემდე არ ამომდის ყურიდან“.

მერი თევთიძე ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სკოლაში აღარ უვლია. „არც ვინმეს მოუცია ბიძგი. 1200 მეტრი ჩაი მომიზომეს და იქ გავაგრძელე შრომა“. ათას ორასს ათას ხუთასი დაემატა. ქალბატონი მერი შრომის ორდენოსანი, ჯერ საბჭოს, შემდეგ კი ქალაქის დეპუტატიც გახდა. თუმცა, საბჭოეთის ბელადის მიერ მიყენებულ ტკივილს დღემდე ვერ იშუშებს. „ჩემს ქმარს ჰყვარებია სტალინი და მისი ფოტოები დამხვდა კედელზე. ჩამოვხსენი და სხვენში შევყარე. თუ მოგენატრება, იქ ადი და ნახე-მეთქი… დღემდე მძულს მახინჯაურის გზა, საიდანაც ეშელონები გავიდა, როცა ჩავივლი, სულ ზღვისკენ ვიხედები ხოლმე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: