თუკი ნამდვილი, მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოს დაგემოვნება გსურთ, აუცილებლად აჭარას უნდა მიაშუროთ. აქაური კერძები განსაკუთრებით ნოყიერია, კერძების უმრავლესობის ძირითადი ინგრედიენტები რძის პროდუქტებია: იაღი, იგივე ერბო, ყველი, კარაქი, ნადუღი, ხაჭო და ა.შ.
აჭარის მთიან სოფლებში მცხოვრებლები დაუღალავად შრომობენ. მთელი დღის განმავლობაში გარეთ მოფუსფუსე გლეხს ნოყიერი საკვები სჭირდება, რომ მხნედ გრძნობდეს თავს. აჭარის მთისა და ბარის ყუათიანი კერძები, რომლებიც საუკუნეებმა შემოგვინახა, დღემდე აღაფრთოვანებს გურმანებს. ყველა კერძს საკუთარი დანიშნულება, ისტორია და გეოგრაფია აქვს.
[checklist]
-
იახნი [/checklist]
ყველაზე გემრიელი იახნის დასაგემოვნებლად გირჩევთ, ქობულეთს ეწვიოთ, აჭარაში საუკეთესო იახნის სწორედ აქ ამზადებენ. ინგრედიენტებად საქონლის ხორცი, ნიგოზი და სანელებლები გამოიყენება. იახნის განსაკუთრებულ შემთხვევებში ამზადებენ და ახალი წლის ერთ-ერთ მთავარ კერძად მოაქვთ ქობულეთში სუფრასთან. მიირთმევენ ცხელს, თუმცა ამბობენ, რომ იახნი მეორე დღეს კიდევ უფრო გემრიელია – სანელებლები და ნიგოზი კარგად ერევა ერთმანეთს და დაუვიწყარ გემოს ქმნის.
[checklist]
-
ბორანო [/checklist]
აჭარულ სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე ნოყიერი კერძი ბორანოა. ეს კერძი სულ ორი ინგრედიენტისგან შედგება, თუმცა ნამდვილი ბორანო მხოლოდ აჭარის მთიანეთში დამზადებული რძის პროდუქტებით გამოდის. რეცეპტი მარტივია: ახალ, რბილ ყველს ადუღებულ მთის კარაქს ასხამენ, სურვილისამებრ ამატებენ მარილს და მიირთმევენ ცხელს – უმეტესად ახალგამომცხვარ მჭადთან ერთად. ბორანოს აკეთებენ როგორც ქედაში, ასევე, შუახევსა და ხულოში. ეს კერძი აჭარული სამზარეულოს ნამდვილი სიამაყეა.
[checklist]
-
ფხალლობიო
[/checklist]
ამ კერძის სახელწოდება მის ინგრედიენტებზე მიგვანიშნებს. ცალ-ცალკე ხარშავენ ფხალსა და ლობიოს მარცვლებს, მერე ერთმანეთს ურევენ, ნაყავენ ნიგოზს, ნიორს, გემოვნებისამებრ ამატებენ წიწაკას, მარილს და კერძიც მზადაა. ფხალლობიოსაც, ბორანოს მსგავსად, ძალიან უხდება ცხელი მჭადი.
[checklist]
-
აჭარული ხაჭაპური[/checklist]
აჭარული ხაჭაპური აჭარის სამზარეულოს ყველაზე გამორჩეული კერძია. ცომგამოცლილი და ჩვეულებრივი, ყველით, კვერცხითა და უკვერცხოდ, ფუმფულა ან ხრაშუნა ცომით – ყველა თავისებურად ამზადებს აჭარულ ხაჭაპურს.
რა შეიძლება იყოს ზღვისპირა რეგიონის კულინარიული სიმბოლო, თუ არა ნავის ფორმის აჭარული ხაჭაპური? რთულად იპოვით ადამიანს, ვინც აჭარაში ჩამოდის და აქაურობას აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნების გარეშე ტოვებს. ოჯახებსა და კაფე-ბარებში, სახელდახელო ბისტროებსა და რესტორნებში – აჭარაში აჭარულ ხაჭაპურს თითქმის ყველგან დააგემოვნებთ.
[checklist]
-
აჩმა[/checklist]
ყველის, კარაქისა და ხორბლის ფქვილის კიდევ ერთი კომბინაცია აჭარულ სამზარეულოში. ინგრედიენტების მიხედვით აჩმა – ხაჭაპურია, ოღონდ განსაკუთრებული. თხლად გაბრტყელებულ ცომს ხარშავენ და ფენებად ალაგებენ, ხოლო ფენებს შორის ყველი და კარაქია. აჩმა ჰაერღუმელში იბრაწება და რა გამოდის ამ ყველაფრისგან, გადმოსაცემად ძალიან რთულია, უბრალოდ უნდა დააგემოვნოთ.
[checklist]
-
სინორი[/checklist]
სინორი მაღალმთიანი აჭარის კერძია. მზადდება ცომის თხელი, შემწვარი ფირფიტებისგან, რასაც ადრე შინ აკეთებდნენ, თუმცა ახლა ასეთი ფირფიტები უკვე მზა სახით იყიდება მაღაზიებში. უსაფუარო ცომის შემწვარ ფირფიტებს ადუღებულ წყალს ავლებენ, ამატებენ მომწვარ კარაქსა და ნადუღს, გემოვნებისამებრ მარილსა და ნიორს, რაც ამ კერძს ძალიან უხდება. სინორის დაგემოვნება აჭარაში ყველგან შეგიძლიათ, ამ კერძს საუზმეზეც ამზადებენ, სადილზე და ვახშამზეც.
[checklist]
-
ყურუთი[/checklist]
ეს რძეში გადაზელილი ნადუღია, რომელსაც დამუშავების შემდეგ წაგრძელებულ ფორმას აძლევენ, ხის ყავარზე აშრობენ, ახმობენ და ლუდთან ან ჩაისთან მიირთმევენ. ყურუთი ერთგვარი თავშესაქცევი სასუსნავია, შემოდგომისა და ზამთრის სუსხიანი დღეებისთვის ზედგამოჭრილი. განსაკუთრებით გემრიელი იალაღებში – მემთეურთა სოფლებში დამზადებული ყურუთია, სადაც რძის პროდუქტებს სულ სხვანაირი გემო აქვს.
[checklist]
-
ბაქლავა[/checklist]
აჭარის სამზარეულოს მთავარი კერძების სია აუცილებლად დესერტით უნდა დასრულდეს. ყველაზე გავრცელებული და გემრიელი დესერტი კი აჭარაში ბაქლავაა. შაქრის, ნიგვზისა და ხრაშუნა ფენების კომბინაცია იდეალურია ჩაისა და ყავის თანხლებით. როგორც აჭარაში ამბობენ საუკეთესო ბაქლავა მირთმევისას უნდა დნებოდეს.
აჭარულ სუფრას ხშირად სწორედ ყავა და ბაქლავა ასრულებს. ამ დესერტის მომზადებას დიდი ძალისხმევა და ოსტატობა სჭირდება. თუ აჭარაში დიასახლისს ბაქლავის მომზადება კარგად გამოსდის, ეს მის დიდ კულინარიულ შესაძლებლობად მიიჩნევა.