რამდენად რეალურია ოჯახიდან 9 შვილის იძულებით წაყვანის ამბავი

დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოში პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელია, თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას აჭარაში, სოფელ თხილნარში მცხოვრები 9 ბავშვის შესახებ, რომ თითქოს ბავშვები სოციალურმა სამსახურმა, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. ინფორმაცია, როგორც ახლა მომხდარი ფაქტი ისე ვრცელდება და მას სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი აზიარებს.

ლორთქიფანიძე წერს, რომ ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რუსეთშიც და მას სწორედ იქედან გამოეხმაურენ. „ეს წუთია, პეტერბურგიდან დამიკავშირდა ჩვენი თანამემამულე, ბატონი ილია ძოწენიძე და მთხოვა, საჯაროდ განმეცხადებინა, რომ მას აქვს სურვილი, ყოველმხრივი კომპლექსური დახმარება აღმოუჩინოს ფ.-ის მრავალშვილიან ოჯახს“, – წერს ის ფეისბუქში.

როგორც „ბათუმელებმა“ არაერთ ინფორმირებულ პირთან და სამსახურთან გაარკვია, თხილნარში  მართლაც ცხოვრობდა ოჯახი ცხრა არასრულწლოვანი ბავშვით, თუმცა ბავშვები არა ახლა, არამედ ერთი წელია, რაც მინდომით აღზრდაში იმყოფებიან.

რატომ გადაიყვანეს ბავშვები მინდობით აღზრდაში? – ვკითხეთ ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელს სოფელ თხილნარში თამაზ წულუკიძეს. მისი თქმით, ბავშვები არასათანადო პირობების გამო გადაიყვანა სოციალურმა სამსახურმა.

„ამ ოჯახს მერიამ ქალაქში ბინა უყიდა, თუმცა სამი წლის წინ ეს ბინა სოფლის სახლში გადაცვალეს და აქ დასახლდნენ. გამგეობამ უყიდა ძროხაც, ჰქონდათ ყოველთვიური დახმარებაც და ბავშვების თანხასაც იღებდნენ… მე ვფიქრობ, რომ სოციალური სამსახური სწორად მოიქცა“, – ამბობს წულუკიძე.

მისი თქმით, მშობლები სოცმუშაკს ყოველ ჯერზე ჰპირდებოდნენ, რომ ბავშვებს სათანადოდ მოუვლიდნენ, თუმცა მდგომარეობა იგივე რჩებოდა.

წულუკიძის თქმით, ბავშვების მამა მშენებლობაზე მუშაობდა ქალაქში, დედა კი ბავშვებთან სახლში იყო.

საკმარისი იყო ამ ოჯახისთვის გამოყოფილი შემწეობა ცხრა ბავშვის უზრუნველსაყოფად? – ვკითხეთ თამაზ  წულუკიძეს. მან თქვა, რომ – კი. „ბევრმა დამირეკა დღეს, სოციალურ ქსელში აჟიოტაჟია ატეხილიო. ჩემი აზრით, ამ ოჯახს ყურადღება არ მოკლებია“, – ამბობს წულუკიძე.

„ბათუმელები“ თხილნარის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, გულნაზ კარანაძესაც ესაუბრა, რომელიც ადასტურებს ბავშვების მინდობით აღზდაში გადაყვანას.

„ჩვენს სკოლაში მხოლოდ 5 ბავშვი დადიოდა. აქედან ოთხი ბავშვი იყო სპეციალური საჭიროების მქონე. გაცდენით იშვიათად აცდენდნენ. სპეცმოსწავლეები იყვნენ და დამატებით ვმუშაობდით ბავშვებთან“, – გვითხრა დირექტორმა.

დირექტორის თქმით, „სოცმუშაკს, რომელიც ხშირად დადიოდა ოჯახში, ბავშვები არასათანადო გარემოში ხვდებოდა“.

როგორც დირექტორი ამბობს, ბავშვები მხოლოდ ორი წლის განმავლობაში იყვნენ პირველ სკოლაში და ერთი წელია სხვა სოფელში გადაიყვანეს. „გასულ წელს, აგვისტოში მოხდა მობილობა და როგორც ვიცი, არც მშობლები იყვნენ ბავშვების მინდობით გადაცემის წინააღმდეგი“, – გვითხრა გულნაზ კარანაძემ.

დირექტორის თქმით, 5 ბავშვი ერთ ოჯახში ცხოვრობს, 4 კი ერთად  – მეორე ოჯახში.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის ცენტრის უფროსს ცისანა ჩიკვაიძეს. მისი თქმით, ოჯახიდან ბავშვების გაყვანის ძირითადი მიზეზი ბავშვების უგულებელყოფა იყო. „მიტოვებული ჰყავდათ“, – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.

„ორი შვილი სახელმწიფო ზრუნვაში ჰყავდა და სწორედ ჩვენ დავუბრუნეთ და რატომ ვიქნებით დაინტერესებული ბავშვების ბიოლოგიური ოჯახიდან გაყვანით? 2009 წლიდან მუშაობს სოციალური მუშაკი ამ ოჯახთან. აჭარაში არც ერთ ოჯახს არ უსარგებლია სახელმწიფოს იმდენი სერვისით, რაც ამ ოჯახმა ისარგებლა.

ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ოჯახი გაძლიერებულიყო, რადგან ორი ბავშვი იყო რეინტეგრაციის კომპონენტში ჩართული და მახინჯაურის ბავშვთა სახლიდან გამოვიყვანეთ, ოჯახის გაძლიერებაზე გვქონდა მხოლოდ ორიენტაცია. იქნება ეს განათლება, ჯანმრთელობა, როგორც მშობლის, ასევე ბავშვების და ათი წელია ამაზე ვმუშაობდით. ბოლოს მაინც დადგა ეს საშიშროება, ანუ გამოუვალი მდგომარეობა, ვინაიდან ბავშვების მიტოვების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა“, – ამბობს ცისანა ჩიკვაიძე.

მისი თქმით, სამი წლის წინ ბათუმის მერიამ ამ ოჯახს ხიმშიაშვილის ქუჩაზე (მაკდონალდსის გვერდით) საჩუქრად გადასცა 120 კვადრატული ბინა და 72 ათასი ლარი ჩაურიცხა ანგარიშზე ბინის კეთილმოწყობისთვის. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ოჯახმა ეს ბინა თხილნარში, ისეთ სახლში გადაცვალა, „სადაც ყველაფერი გასაკეთებელი იყო“. „როგორ ფიქრობთ, ამოდენა თანხა და ბინა იმ სოფელზე გადაიცვლებოდა?“ – ამბობს ჩიკვაიძე.

მისი თქმით, გარდა აღნიშნული დახმარებებისა, ოჯახს ყოველ შეძენილ ბავშვზე ეძლეოდა კვების ვაუჩერი ერთი წლით და 2 ათასი ლარი წელიწადში ორჯერ.

„ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას და ბავშვებისთვის განკუთვნილ ყოველთვიურ შემწეობასაც. გაკეთდა ქველმოქმედება და ერთი ბავშვი დადიოდა კერძო ბაღში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვები“ დაეხმარა და არაერთხელ მიუტანა საკვები, ავეჯი, ტექნიკა. კომპიუტერიც უყიდეს უფროს ბავშვს“, – ამბობს ჩიკვაიძე.

მისი თქმით, ბავშვებს არ აქვთ შშმ სტატუსი, არამედ აკადემიური ჩამორჩენა აქვთ და სწორედ ამიტომ სჭირდებოდათ მათ ინდივიდუალური სამუშაო გეგმა.

ცისანა ჩიკვაიძის თქმით, ბავშვები დღეისთვის გვერდიგვერდ ოჯახებში ცხოვრობენ და ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ. „ასევე, მშობლებს უფლება აქვთ მოინახულონ ბავშვები და გაიყვანონ კიდეც“.

ბავშვების მინდობით აღზრდაში გადასვლის შემდეგ მშობლებს შეუწყდათ ყველა სახის სოციალური დახმარება. „სერვისებს იღებენ მხოლოდ ბავშვები“ – ამბობს ჩიკვაიძე. მისი  თქმით, სოციალური სამსახური მიმართულია იქეთკენ, რომ ბიოლოგიური ოჯახი გაძლიერდეს და ბავშვი იზრდებოდეს მშობლებთან. თუმცა, არის გამოუვალი  შემთხვევებიც. „ამ შემთხვევაშიც ორივე მშობელმა კარგად იცის, რატომ გამოვიდნენ ეს ბავშვები ოჯახიდან“, – გვითხრა ცისანა ჩიკვაიძემ.

ჩვენ დავუკავშირდით ბავშვების დედას, მ.ფ-ს და ვკითხეთ, თუ რა იყო ბავშვების ოჯახიდან გაყვანის მიზეზი. „მიზეზად მეუბნებიან, რომ ტუალეტი და აბანო არ მქონდა მოწესრიგებული, „კუხნა“ არ მქონდა და მოუვლელი იყვნენ ბავშვები. სხვა არ ვიცი“, – გვეუბნება ქალი.

დედას ვკითხეთ, თუ რატომ გადაცვალეს ქალაქის ბინა კეთილმოუწყობელ სახლში ან რატომ ვერ გაარემონტეს სახლი იმ თანხით, რომელიც მერიამ გამოუყო. ქალი ამბობს, რომ რემონტისთვის საჭირო თანხა საკმარისი არ იყო: „31 ათასი ლარი მოგვცეს რემონტისთვის, მაგრამ სველი წერტილების მოწესრიგებას კი არა საერთოდ არაფერს არ ეყო. ამ ფულით ვიყიდე სარეცხი მანქანა, მაცივარი, საწოლები“.

დედის თქმით, ოჯახს ბევრი უწყება და ადამიანი ეხმარებოდა, თუმცა არც ეს დახმარება და არც სოციალური შემწეობა საკმარისი არ იყო. ქალი ამბობს, რომ ქმართან ერთად ახლა დასუფთავების სამსახურში მუშაობს და დილით 5 საათზე გადიან სახლიდან. მას ვკითხეთ, თუკი დაუბრუნებენ შვილებს, ვისთან დარჩებიან არასრულწლოვანი ბავშვები. დედა ამბობს, რომ ბინას იქირავებს „ან რამეს იზამს“.

დედის თქმით, ამჟამად მისი შვილები მშვიდ გარემოში ცხოვრობენ და აქამდე მათ გამოყვანასაც ახერხებდა, თუმცა სამუშაოს დაწყების შემდეგ ეჭვობს, რომ ხშირად მიკითხვას ვეღარ მოახერხებს.

___________________________________

მთავარი ფოტო: მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების სახლიდან/„ბათუმელების“ არქივი.

რუსეთში ყუბანის მიტროპოლიტი კორონავირუსით გარდაიცვალა

მიტროპოლიტ ისიდორეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „კუბანსკი ნოვოსტი“ «Кубанские новости» ავრცელებს. რუსული სააგენტოს ცნობით, ეკატერინოდარისა და ყუბანის მიტროპოლიტი ისიდორე, დღეს, 2020 წლის 8 აგვისტოს, ხანმოკლე, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მიტროპოლიტ ისიდორეს გარდაცვალების მიზეზი კოროვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებები იყო. ამ ინფორმაციას ადასტურებს კორონავირუსთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქთან არსებული სამუშაო ჯგუფი.

მიტროპოლიტი ისიდორე ამავდროულად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

დღეის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით 880 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის დაიღუპა თითქმის 15 ათასი ადამიანი.

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლო ქვეყნების ხუთეულშია.

რა მისწერა „ბათომმა“ მერს – რეკომენდაციების მოკლე ვერსია

2020 წლის 16 ივლისს ბათუმის მერთან არსებულმა მრჩეველთა საბჭომ ჩაატარა თავისი ბოლო სხდომა და მერის მოვალეობის შემსრულებელს ქალაქ ბათუმის პრიორიტეტების, პოლიტიკის და ასევე სხვა დოკუმენტთან დაკავშირებით თავისი რეკომენდაციები გაუგზავნა. არჩილ ჩიქოვანისთვის გაგზავნილი რეკომენდაციების მოკლე ვერსია, რაც ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვას უკავშირდება, საზოგადოება „ბათომმა“ მოგვაწოდა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

რეკომენდაცია – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტზე

ბათუმის მერიის 2021-24 წლების საშუალოვადიან პრიორიტეტებს შორის დასახელებულია [5.1.4.] კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა, რისთვისაც 2020 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებულია 572.9 ათასი ლარი. ეს თანხა რეალურად ერთი ძეგლის (თავდადებულის #35) რესტავრაციის ხარჯებია.

მუნიციპალიტეტი საკუთარ უფლებამოსილებად მიიჩნევს „ადგილობრივი მნიშვნელობის“ (ძეგლების ასეთ კატეგორიას კანონი არ იცნობს) კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვას, რეკონსტრუქციას და რეაბილიტაციას. ბათუმის მერიას არ გააჩნია ურბანული მემკვიდრეობის მონაცემთა ბაზა და ეყრდნობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მერია  მზადყოფნას გამოხატავს ერთად შეარჩიონ და დააფინანსოს ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  რეაბილიტაცია.

დოკუმენტიდან ჩანს, რომ მერიას არ აქვს გაცნობიერებული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის განადგურების რეალური საფრთხე და ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება-დაცვა ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული კონტექსტის შენარჩუნების გარეშე, შეუძლებელია. საჭიროა პოლიტიკური ნება ურბანული მემკვიდრეობის დაცვის სისტემის შესაქმნელად.

საზოგადოება „ბათომმა“ 2018-19 წლებში, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა და გამოსცა კვლევა – „ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სისტემური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. იმის მიუხედავად, რომ პროექტი მხარდაჭერილი იყო ქალაქ ბათუმის მერიის მიერ, მასთან გაფორმებული მემორანდუმით, პრიორიტეტებში არ არის ასახული პროექტის კვლევის შედეგები და რეკომენდაციები.

პრობლემა – ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხე რეალურია

ბათუმის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხე რეალურია. ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა არ არის ერთნაირად ფასეული ყველა ჩართული და დაინტერესებული მხარისთვის. ამას მოწმობს ადგილობრივი ხელისუფლების მერყევი პოზიცია და მყიფე პოლიტიკური ნება.

საქართველოს მიერ აღიარებული გაეროსა და ევროპის საბჭოს კონვენციების მიუხედავად, ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის არსებული სისტემა არ შეესაბამება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პრინციპებს და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს.

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კუთხით არსებული პრობლემები და მათი გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია და უკავშირდება, როგორც ურბანული მემკვიდრეობის მართვის არაჯანსაღ პრაქტიკას, ასევე პოლიტიკური ნების უქონლობას სისტემის ძირეული გაუმჯობესებისთვის.

მართვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მემკვიდრეობის ადეკვატურ დაცვას. მეტიც, რეალური სისტემური ცვლილებების გარეშე, ისტორიული ბათუმისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღების რისკი კვლავ მაღალი რჩება.

ეს მაშინ, როდესაც არსებობს ძველი ბათუმის ეფექტური განვითარების რეალური პერსპექტივები, თუ გავითვალისწინებთ მთელი რიგი მარეგულირებელი ინსტრუმენტების არსებობას, ბათუმის სამეცნიერო ცენტრების პოტენციალს, მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პოზიტიურ გამოცდილებასა და შესაძლებლობებს.

2007 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ბათუმისთვის შემუშავდა ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა. ამის მიუხედავად, არ მოხდა მისი ინტეგრირება ქალაქგეგმარებით რეგლამენტებში. იგივე არ უნდა განმეორდეს ბათუმის გენგეგმის შემუშავების მიმდინარე პროცესში.

არ არსებობს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის ორგანო, რომელიც კოორდინაციას გაუწევდა პროცესებს. სისტემაში თეორიულადაც არ ფიგურირებს მემკვიდრეობის დაცვის ფუნდამენტური პრინციპის – მოვლა-პატრონობის ვალდებულება, კვლევა და შეფასება. ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სისტემა მთლიანად პროცედურულ საკითხებზეა დაფუძნებული და დაცლილია შინაარსისგან. მხოლოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აქვს დებულებით განსაზღვრული მართვის პროცესში ჩართულობა. ყველა დანარჩენი ინსტიტუცია (მათ შორის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური) მხოლოდ ნებართვების გაცემის პროცესში მონაწილეობს, რომელიც არათუ ემსახურება მემკვიდრეობის დაცვას, არამედ საპირისპირო შედეგს იძლევა. ამ სისტემას შეიძლება ვუწოდოთ ნებართვების გაცემის სისტემა, რომელიც პროფესიული ექსპერტიზის გარეშე ფუნქციონირებს.

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარების და ურბანული პოლიტიკის სამსახურში ფუნქციონირებს “ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილება”, რომელსაც ურბანული მემკვიდრეობის მართვის ფართო და მნიშვნელოვანი უფლებამოსილებანი უნდა გააჩნდეს, დაწყებული საინფორმაციო ბაზის შექმნიდან, დაცვისა და განვითარების დაგეგმვით და ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის მართვით დამთავრებული. ამ იდეის განხორციელება არ დაწყებულა, თანამშრომელთა დაკომპლექტებაც კი არ მომხდარა და არც რაიმე აქტივობა მიმდინარეობს.

ცხრა რეკომენდაცია

[checklist]

    • აუცილებელია მოხდეს ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ინტეგრირება მარეგულირებელ დოკუმენტებში და გათვალისწინებული იქნას სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცესში.
    • საჭიროა ისტორიული ბათუმის დაცვით ზონებში სამშენებლო ნებართვების გაცემის სისტემაში და პროცედურებში ჩართულ საბჭოებს და კომისიებს ჰქონდეთ მკაფიოდ გაწერილი დებულება, სადაც მითითებული იქნება, რომელ დარგობრივ დოკუმენტებს და კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობით გაწერილ დებულებებს უნდა ეყრდნობოდეს საბჭოს გადაწყვეტილებები. საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან გაეცნონ ყველა შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტს, კულტურული მემკვიდრეობის კანონის შესაბამის დებულებებს, განმარტებებს და გაითვალისწინონ ისინი გადაწყვეტილების მიღების დროს.
    • აუცილებელია უწყებათაშორისი საბჭოები თუ კომისიები, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოები ჰქვიათ, შეიცვალოს რეალურად დარგობრივ, პროფესიულ საბჭოებად, როგორც ეს კანონით არის დადგენილი. გადაუდებელია პროფესიული ექსპერტიზის გაძლიერება და შემოტანა არსებულ პროცესში.
    • ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცების შემდეგ საჭიროა შემუშავდეს ამ ზონების ქალაქგეგმარებითი დეტალური რეგლამენტი და ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაციის სახელმძღვანელო პრინციპები. ფაქტია, რომ კანონით გათვალისწინებული ზოგადი რეჟიმები არ მუშაობს და ჩინოვნიკებზე აწყობილ სისტემას მეტი დეტალიზაცია სჭირდება.
    • უაღრესად მნიშვნელოვანია მერიაში გაჩნდეს გამართული, მაღალკვალიფიციური ერთეული, რომელიც სააგენტოსთან მკაფიო უფლებამოსილების გამიჯვნით, მასთან მჭიდრო თანამშრომლობით იმუშავებს და კოორდინაციას გაუწევს ბათუმის მემკვიდრეობის მართვის პროცესს.
    • საჭიროა დამუშავდეს და განხორციელდეს დარგობრივი კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები, როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ექსპერტებისთვის, ჩინოვნიკებისთვის, ისე მერიაში შექმნილი ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების“ მომავალი თანამშრომლებისთვის. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ორი შტოს რესურსების გაძლიერებას და მათ თანამშრომლობას.
    • სასურველია, მოხდეს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის რესურსების და მათი დაცვის მეთოდოლოგიის კვლევითი ბაზის გაანალიზება და საჭიროებათა გამოვლენა, რათა მოხდეს მათი ინტეგრირება ბათუმის სამეცნიერო კერების კვლევით გეგმებში, კვლევით ცენტრებში არსებული ანალიტიკური მასალა უნდა გამოიყენოს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სისტემამ.
    • ურბანული მემკვიდრეობის საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ერთადერთი წარმატებული გზა ინტეგრირებული კონსერვაციის მისაღწევად არის ადგილობრივი თემის, საზოგადოების და ყველა დაინტერესებული ჯგუფის აქტიური ჩართულობა მემკვიდრეობის მართვის პროცესის ყველა ეტაპზე. 2008 წელს საქართველო მიუერთდა ევროპის საბჭოს საზოგადოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობათა შესახებ ჩარჩო–კონვენციას. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სექტორის გააქტიურება და ინტერესი ხელისუფლებამ გამოიყენოს მემკვიდრეობის სექტორის პოზიციების გასამყარებლად პოლიტიკურ დონეზე და ითანამშრომლოს სამოქალაქო სექტორთან. /checklist]

იმის მიუხედავად, რომ პროფესიული, ფინანსური რესურსები არასაკმარისია და ხშირ შემთხვევაში ფორმალური, სწორი მართვის სისტემის შემთხვევაში შესაძლებელია ამ რესურსების უფრო ეფექტურად ამოქმედება.

შესაბამისად სასურველია

ისტორიულ ბათუმში დაიგეგმოს და განხორციელდეს, ერთი მიკრო-კვარტლის ადგილობრივ თემზე დაფუძნებული რეაბილიტაციის საცდელი/საპილოტე პროექტი. ასეთი პროექტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ექსპერტებს, აქტივისტებს ისე მოსახლეობას, უფრო მკაფიოდ დაინახონ თანამონაწილეობრივი პროექტის უპირატესობა და შედეგიანობა. მნიშვნელოვანია პროექტში ისტორიული ურბანული ლანდშაფტების (HUL) მიდგომის ადგილობრივ რეალობასთან ადაპტირება და გამოცდა. HUL-ის 6 მნიშვნელოვანი ნაბიჯია: რესურსების “რუკის შედგენა”; თანამონაწილეობა დაგეგმვაში და კონსულტაციები ფასეულობებთან დაკავშირებით; მოწყვლადობის შეფასება; მემკვიდრეობის ფასეულობათა ინტეგრაცია ფართო კონტექსტში; კონსერვაციისა და განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრა; საპარტნიორო და მართვის ქსელების შექმნა; ასეთი პროექტი სისტემის ხარვეზების დეტალებს გამოავლენს და გაადვილებს მომავალში ამ სისტემის დახვეწას.

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებათა სწორად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის უნდა შეიქმნას კონსენსუსზე დაფუძნებული, რეალისტური ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის გეგმა, სადაც მკაფიოდ იქნება გაწერილი რას ვიცავთ, რისი განვითარება გვინდა, ვინ, როდის, როგორ, რა ფინანსური რესურსებით, რომელი საპილოტე პროექტებით. როგორც წესი, ასეთი გეგმები რამდენიმე ეტაპისგან შედგება (მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები), რომელიც ეტაპობრივად მიდის “იდეალისტური” მართვის სისტემისკენ.

მემკვიდრეობის დაცვის სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა

კულტურული მემკვიდრეობა თავისი მრავალგვარი ფასეულობებით ამოუწურავი რესურსია საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის.

მემკვიდრეობის დაცვის ისტორია და საფუძვლები ისეთ უმთავრეს ფასეულობებს უკავშირდება, როგორიცაა: კულტურული, ისტორიული, ესთეტიკური, ეროვნული თვითშეგნების განმსაზღვრელი და საგანმანათლებლო. ჩამოყალიბდა სისტემა ეკონომიკური არგუმენტებისა, რომლითაც აღიჭურვენ მემკვიდრეობის დაცვის პროფესიონალები და აქტივისტები გადაწყვეტილების მიმღებთა წრეში იმ გაბატონებულ აზრზე გავლენის მოსახდენად, რომლის მიხედვით, მემკვიდრეობის დაცვა ფუფუნების საგანია და მისი ადგილი მხოლოდ ძლიერ ეკონომიკურ გარემოშია.

მემკვიდრეობის დაცვის ეკონომიკის წარმატებული საერთაშორისო მაგალითები მიუთითებს, რომ იგი ხელს უწყობს ახალი ბიზნესის ფორმირებას, ტურიზმის სტიმულირებას, უძრავი ქონების ფასის გაზრდას, ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, სიღარიბის დაძლევას, საზოგადოების თვითრწმენას.

აუცილებელია, შესწავლილ იქნას აჭარის (კერძოდ, ბათუმის) ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკური პოტენციალი – გამოვლინდეს და ჩამოყალიბდეს კონკრეტული ეკონომიკური არგუმენტები. მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი მემკვიდრეობის რესურსის სრულყოფილი ადაპტაცია და დაცვა. საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ოკუპაცია დროებითია

ავტორი: სულხან ღლონტი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

დღეს 8 აგვისტოა, აგვისტოს მოვლენების მთავარი დღე, ასე დამკვიდრდა ეს დღე ჩვენს ცნობიერებაში.

ზოგადად, ოკუპანტის, დამპყრობლის მთავარი მიზანია, დაპყრობილი ხალხების თავისუფლების გაცნობიერების განცდების მინიმუმამდე დაყვანა და შემდეგი ეტაპისთვის საერთოდ გაქრობა. ასე იყო მაგალითად მეფის რუსეთის დროს. დაპყრობილი ერების აზროვნება დაჰყავდათ პრიმიტიულ დასკვნამდე – „ჩვენ მარტონი ვერაფერს შევძლებთ“, ანუ მომავალი (დამპყრობლის) გარეშე არ გვაქვს. პრიმიტიული დასკვნები კი პრიმიტიულ საზოგადოებას, ან ინდივიდს ახასიათებს, კოლექტიური თანხმობა მსგავს ნარატივზე, უკვე იყო დამპყრობლის გამარჯვება. ამიტომ ჩვენი ისტორიის ცალკე თავი უნდა იყოს აჯანყებების ისტორია. როგორი სტიქიურიც არ უნდა ყოფილიყო აჯანყება, ბუნებრივია, სამხედრო ელიტების, ან ცალკეული ლიდერების გარეშე იგი ვერ ხორციელდებოდა და ამიტომაც ისტორიულად იყო და არის სამხედრო ელიტა დამპყრობლის მთავარი სამიზნე ყველა დროში. ისინი ყველგან ეძებდნენ წინააღმდეგობის ენერგიას, მათი საბოლოო განადგურების მიზნით და ასე იქნება მომავალშიც.

8 აგვისტოს მოვლენები ჩემთვის და ალბათ ყველასთვის არის ქართული შეიარაღებული ძალების პასუხი მომავლისთვის, რომ პასუხი იქნება სულ, ხან სუსტი, ხან ორგანიზებული, ხანაც ძლიერი, მაგრამ პასუხი მტრისთვის, რომ ქართველი სამხედროები და, ზოგადად, ქართული საზოგადოება მზად არის ქართული სახელმწიფოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის იდეის დასაცავად. აქ მასშტაბები და შესაძლებლობები სხვა მოსაზრების თემაა.

ჩვენთან, საქართველოსთან ყველა დამპყრობელმა დააგვიანა, ჩვენი კულტურული და გეოგრაფიული იდენტობა უკვე სხვა გზას არ ტოვებდა გარდა იმისა, რომ თუნდაც საკუთარი თავის რიტუალური მსხვერპლშეწირვის ხარჯზეც კი წავსულიყავით ბოლომდე, მაშინ, როცა ეს ბოლო მართლაც ბოლო და უკანასკნელი შეიძლება ყოფილიყო.

შინაგანად ვიცით, გრძნობების დონეზე ვიცით, ოკუპაციის დროს, როცა ჩვენი სხეულის ერთი მცირე, სუსტი ნაწილი გარბის საზღვრებისკენ „თავის გადასარჩენად“, უფრო დიდი ნაწილი მზადაა იბრძოლოს ბოლომდე. გამქცევი იყო და იქნება მუდამ, საზღვრებიც (თავშესაფრები) სხვადასხვა ფორმით იყო სულ, სულ იყო მტერიც, უფრო სწორად უმტროდ არც ვიცით, როგორები ვართ სინამდვილეში, ანუ განცდით, როცა ვიღაც არ ლამობს შენს დაპყრობას. ასეთი ეპოქა ერთხელ იყო და „ვეფხისტყაოსანი“ დაიწერა. დიდი გამარჯვებების შემდეგ, ქართული შემოქმედების გვირგვინის ძირითადი შინაარსი მაინც სიყვარული, თავგანწირვა, ერთგულებაა და ქაჯეთის ციხე. თემა იქაც ჰეროიკული და საბოლოო ჯამში უცვლელია.

ზოგადად, დღეს, გამოკითხულთა უმრავლესობას, პირველ რიგში, უნდა დასაქმება და სადღაც შემდეგ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ანუ ეს არის ზუსტად ის პრობლემა, რასაც ზემოთ ვწერდი – „მაინც ვერ მოვიგებთ“ [დასაქმება პირველადი ინსტინქტია, რომ ოჯახი შევინახოთ და მისი საბოლოო ფორმაა გავმდიდრდეთ].

მტერმა იცის, როგორი იქნება ჩვენი ეროვნული ქცევა, ქართული იდენტობის დაცვა, ქართული სახელმწიფოს დაცვა. თუმცა განსხვავებით ბევრი სხვა, თუნდაც უფრო რაციონალური ხალხებისა, ეს არ იქნება პირობითად დაგროვებული დოვლათის, სიმდიდრის დაცვა, რაღაც სხვას ვიცავთ ამ დროს, უფრო დიდის, უფრო მისტიკურს, უფრო მარადიულს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცავთ შვილებისთვის. ანუ მომავლისთვის, რადგან „აწმყო, ძირითადად, არ გვწყალობს“.

ყველა დისკურსი, რომელიც ამბობს, რომ თითქმის არაფერი არ გვივარგა ქართველებს, არაფრის შემქმნელები არ ვართ, არის ზემო აღნიშნული მტრული დისკურსის გაგრძელება, რომელიც სისუსტეს და უუნარობას ჩვენს ეროვნულ ქცევას მიაწერს, არის მტრის ხან რბილი და ხანაც უხეში ძალის პირდაპირი ან ირიბი რეპრეზენტირება და მისი ავტორები, თითქმის ყველა, ნებსით თუ უნებლიეთ, საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა საოცნებო იდეების გამავრცელებლები ხდებიან. ვისაც არ მოსწონს ქართული თითქმის არაფერი (მაგრამ რატომღაც ამ ქართულში მხოლოდ საკუთარი თავი მოსწონთ, როგორც წესი), თუ მათ მოვუსმენთ, 21-ე საუკუნეში ვართ არაკონკურენტუნარიანები, უუნაროები, არაფრის შემოქმედნი, ანუ უპერსპექტივოები და, შესაბამისად, რეტროგრადები. ასეთი პალიტრის შემქმნელები არიან არა მამხილებლები, არამედ ოკუპაციის ჰიბრიდული ომის გამტარები. არ ვგულისხმობ ყველას, მაგრამ ვგულისხმობ ძალიან ბევრს.

თანამედროვე ოკუპაციის მიზნები გლობალიზაციის პირობებს მორგებულად იცვლება. ბოლო წლებია ქვეყნის შინაური მტრების (თითქმის რუსული ძალები) გზავნილები ნაწილობრივ თავისუფლებას „გვპირდება“. ეს არის ის, რაც ჩვენს მიზნებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ან განვაგებთ ჩვენს ბედს, ან ვერ შევთანხმდებით. ოკუპაცია იქნება მაინც დროებითი. როგორც გრიგოლ რობაქიძე ამბობს, გაბედულებას და ბედნიერებას ერთი ფუძე აქვს და ბოლოს, რომელიმე თაობაში ისევ გავბედავთ, როგორც გავბედეთ ბევრჯერ, ათასჯერ და ბევრჯერ შედეგიანადაც.

არ მინდა ვინმეს ჩემი მოსაზრების წაკითხვისას დარჩეს განცდა, რომ ეს არის იმ ადამიანის მოსაზრება, რომელიც რაღაც დროში ისურვებდა საომარ მოქმედებებს, არა!

კონსტანტინე გამსახურდიას სენტენციის გამზიარებელი ვარ სრულად, რომელიც ქართულ პატრიოტიზმს თავდაცვითი ხასიათით სახავს და ვაჟა- ფშაველას „სამშობლოს არვის წავართმევთ“ იდეებს აფუძნებს. ზუსტად თავდაცვითი პატრიოტიზმის ნაწილია, 8 აგვისტოს გარდაცვლილთა შვილებს და ოჯახებს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ღიად გამოვუცხადოთ დიდი სიყვარული, მადლიერება და ქედი მოვიხაროთ გარდაცვლილ გმირთა წინაშე, რომელთა წყალობით დღეს საქართველოს თავზე ქართული დროშა ფრიალებს!

და ბოლოს, ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც უომია ყველას, ბარბაროსს, თუ ელინური თუ რომაული კულტურის გამავრცელებელს. რაღაც ფორმით დამპყრობლად მოვიდა ყველა, მაგრამ საბოლოო ჯამში დავრჩით ჩვენ, ჩვენი იდენტობით, რომელიც ყველა მეტად თავისუფლებისადმი სიყვარულში მჟღავნდება და ამიტომ, საბოლოო ჯამში, მიდის ყველა და ვრჩებით ჩვენ იმ სახლში, რომელიც ჩვენია და რომელსაც საქართველო ჰქვია!

BIAFF-ი ბათუმის ბულვარში თავისუფალ კინოჩვენებებს იწყებს

8 აგვისტოდან BIAFF ბათუმის კინოფესტივალი კინოჩვენებებს იწყებს. კინოჩვენები ბათუმის ბულვარში, რესტორან „ქართული/პონტოს“ ტერასაზე გაიმართება, სადაც დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნება BIAFF-ის მენეჯმენტის მიერ შერჩეული ფილმები – ახალი ქართული და ევროპული კინო.

მენეჯმენტის ინფორმაციით, კინოსეანსები გაიმართება კვირაში სამჯერ – პარასკევს, შაბათს და კვირას. დასაწყისი – 21.00 საათზე.  დღეში ერთი სეანსი.

კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია.

ამავე წყაროს ცნობით, პროექტი BIAFFIADA / ბიაფფიადა 2019 წელს დაიწყო, რომლის მხარდამჭერი იყო აჭარის კულტურის სამინისტრო. ამავე წლის აგვისტოს და ოქტომბრის პერიოდში კინოჩვენებები გაიმართა ბათუმში, ქედასა და შუახევში.

„სილქ+” შეთავაზება მთელი ოჯახისთვის მეტ ფასდაკლებას ითვალისწინებს

სილქნეტის ტელევიზიის, ინტერნეტის და მობილური მომსახურების გაერთიანებულ პაკეტში “სილქ+ ” პირობები განახლდა და მეტი ფასდაკლებაა გათვალისწინებული.

 ეს არის ახალი ერთიანი შეთავაზება  მთელი ოჯახისთვის, რომელიც ფიქსირებულ, მობილურ პროდუქტებს და დამატებით მომსახურებებს მოიცავს. 

 აბონენტებისთვის შეღავათიანი და მოსახერხებელი პირობების შექმნისთვის  სილქნეტმა დაიწყო სამთვიანი აქცია, რომლის პირობებით  ინსტალაცია იქნება უფასო.

ყველა მსურველი, რომელიც ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურებას  მობილურ კომპონენტს დაუმატებს, მიიღებს: ერთ მობილურის ნომერისთვის არჩეულ პაკეტზე 15% ფასდაკლებას, 2 და მეტ ნომერზე – 20% ფასდაკლებას.
შესაძლებელია ოჯახის წევრების მაქსიმუმ 5 მობილურის გაერთიანება პაკეტი „მეტის“ კატეგორიის გააქტიურების შემთხვევაში; ასევე – თითო ნომერისთვის სხვადასხვა პაკეტის არჩევა.  

სილქ+ ოჯახის” პაკეტები უფრო მეტ აბონენტს აძლევს საშუალებასექსკლუზიური პირობით ისარგებლოს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური სერვისი და რამდენიმე დამატებითი მომსახურება უფასოდ, როგორიცაა: სატელევიზიო აპლიკაცია Silk GO- პაკეტი ყველა ტიპის მობილური მოწყობილობისთვის, 50 ლარის ან მეტი ღირებულების „სილქ+“ კომბინაციებზე – YouTube სერვისი; 75 ლარის ან მეტი ღირებულების კომბინაციებზე – კინო კატალოგი AMEDIATEKA, სადაც მსოფლიოს წამყვანი სტუდიების HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC უახლესი სერიალები და ფილმებია განთავსებული;

სილქნეტი საინსტალაციო სამუშაოებს აგრძელებს  თბილისსა და რეგიონებში. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტალაციის ჯგუფებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. თითოეული სპეციალისტი აღჭურვილია სრული პრევენციული ეკიპირებით

შეთავაზების პირობებზე ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის მუშაობს 24 საათიანი ცხელი 2 100 100.

ბათუმში კორონავირუსი კიდევ 2 მძღოლს დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი კიდევ ორ მძღოლს დაუდასტურდა. მძღოლები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. ინფიცირებული პირები ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

StopCov.ge-ს 8 აგვისტოს, 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1216 შემთხვევაა სულ გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 996 ადამიანი.

კარანტინში 7 166 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 282, 17 კი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 საქართველოს მოქალაქე.

 

12 წელი აგვისტოს ომიდან – ბათუმში მემორიალი ყვავილებით შეამკეს

დღეს, 2020 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-12 წელი შესრულდა. ომში დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად, ქვეყნის მასშტაბით სამთავრობო უწყებებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ბათუმში ომში დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და სხვა ოფიციალური პირები.

„ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ არ დასრულებულა. ჩვენი, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის ვალია გააგრძელოს ეს ბრძოლა, რომელიც უნდა იყოს თანმიმდევრული, პრაგმატული.

ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, რომ ჩვენი ერთად დგომით დავძლიოთ ეს უდიდესი გამოწვევა რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მემორიალთან.

აჭარის მთავრობის წევრები აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან

_________________________________________

ამავე თემაზე:

ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელს ეხმაურება

მთავარი ფოტო: აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ბათუმში / 2020 წლის 8 აგვისტო /ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

როგორ წავიდეთ თურქეთში სამუშაოდ – ნახეთ ვიდეოინსტრუქცია [ვიდეო]

ასობით მოქალაქე ბოლო დღეების განმავლობაში წერს „ბათუმელებს“, რომ ვერ ახერხებენ დარეგისტრირებას თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად. „დაგვეხმარეთ დარეგისტრირებაში“ – გვწერენ მოქალაქეები.

„ბათუმელებმა“ მოამზადა დეტალური ვიდეოინსტრუქცია, თუ რა არის საჭირო რეგისტრაციის გასავლელად.

მაშ ასე, როგორ მივიღოთ მიწვევა თურქეთიდან და როგორ დავრეგისტრირდეთ თურქეთში დროებით მომუშავე პირთა ბაზაში? – ნახეთ ვიდეო, რომელიც დაგეხმარებათ დარეგისტრირებაში.

 
3 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში სამუშაოდ წასვლის დროებითი წესი მოქმედებს. თურქეთში შესვლისთვის აუცილებელია ოფიციალური მიწვევა დამსაქმებლისგან, თუნდაც სტუმრის სტატუსით.

თვეში 7 ლარი – რით ეხმარება სახელმწიფო საბჭოთა რეპრესიების 10 ათას მსხვერპლს

ბათუმელ მერი თევთიძეს გუშინდელივით ახსოვს 1951 წლის 26 დეკემბრის ღამე, როცა კარზე ბრახუნი გაისმა და ოთახში უცნობი ადამიანები შემოიჭრნენ. მაშინ 6 წლის იყო და ყველაზე დიდი სტრესიც ალბათ ამ დღეს უკავშირდება, როცა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე თევთიძეების ოჯახი, 6 სული, სოფელი ჭარნალიდან ყაზახეთში გადაასახლეს. მერი იხსენებს, რომ დეკემბრის იმ ცივ ღამეს თავის საყვარელ ბოჩოლებთან გამოსამშვიდობებლად მივიდა, მათ კოცნიდა და ტიროდა – უჩემოდ ვინ მოგივლითო.

თევთიძეების ოჯახი 2 წლითა და 6 თვით გადაასახლეს ყაზახეთში. მერის გადასახლებაში დაეღუპა მცირეწლოვანი ძმისშვილი. ოჯახი მხოლოდ 1953 წელს დაბრუნდა საქართველოში, სტალინის გარდაცვალების შემდეგ.

ახლა მერი თევთიძე 85 წლისაა. მას დეტალურად ახსოვს გზა საქართველოდან ყაზახეთამდე, როგორ ეძინათ მიწაზე გადასახლებაში, როგორ დადიოდა 6 -7 წლის ასაკში სკოლის ნაცვლად ბამბის პლანტაციებში სამუშაოდ და სანახევროდ მშიერი იყო. გადასახლებაში გატარებულ წლებს მას ყოველ თვე პენსიის აღების დღეც ახსენებს, როცა მერი პენსიასთან ერთად იღებს 7 ლარს, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისათვის განკუთვნილ სუფსიდიას.

მერი თევთიძის გადასახლებაში გატარებული დრო და ზიანი საქართველოს სახელმწიფომ 7 ლარად შეაფასა. ეს საყოფაცხოვრებო სუბსიდიაა, რომელსაც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული საპენსიო ასაკის პირები ყოველ თვე იღებენ, მათ შორის მერიც.

სახელმწიფო, სოციალური პაკეტი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისთვის ყოველ თვე 107 ლარის გადახდას ითვალისწინებს, თუმცა როგორც კი რეპრესირებული ადამიანი საპენსიო ასაკის ხდება, მან უნდა აირჩიოს: მიიღოს 107 ლარი, როგორც  პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლმა თუ სტანდარტული პენსია – 220 ლარი. უმეტესობა სწორედ 220-ლარიან პენსიას ირჩევს, რომელსაც ემატება საყოფაცხოვრებო სუბსიდია, 7 ლარი – ამ თანხით სახელწიფო ეხმარება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლს.

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლების ფინანსური მხარდაჭერის, კომპენსაციის საკითხი საქართველოს ხელისუფლებას 2007 წლის შემდეგ არ განუხილავს. სწორედ ამ წელს დადგინდა მათთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა – 7 ლარი. რეპრესირებული პირები საქართველოში ვერც კომუნალური შეღავათებით სარგებლობენ, მსგავსი შეღავათები 2006 წლიდან გაუქმდა, ისევე როგორც საცხოვრებელი ფართობის ქირის შეღავათი.

2020 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოში 7-ლარიან სუფსიდიას 10 396 რეპრესირებული იღებს.

გუშინ, 6 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ სოციალური დახმარების პროგრამები დააანონსა, რომლის ღირებულებას 410 მილიონი ლარია, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებისთვის კი ბოლო 13 წელია საქართველოს ბიუჯეტში თანხა ვერ გამოინახა.

„ეს არის დაცინვა ადამიანების, რომელთაც თავიანთ თავზე გამოსცადეს ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც კი შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდეს ადამიანს. ეს არის მშობლების დახვრეტა, გადასახლება, დევნა… ეს არიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს მშობლები, დაკარგეს საცხოვრებელი ადგილი. საბჭოთა პერიოდში, სანამ მათი რეაბილიტაცია მოხდებოდა, მათ ეძახდნენ ხალხის მტრებს და ხალხის მტრის შვილებს“, – ამბობს გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც წლებია მუშაობს რეპრესირებულთა საკითხებზე.

„პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა სოციალური დაცვის პაკეტები და საყოფაცხოვრებო სუბსიდია არ არის საკმარისი. ის არ არის პროპორციული იმ ზიანთან შედარებით, რომელიც რეპრესირებულმა პირებმა და მათმა შთამომავლებმა განიცადეს“, – მიიჩნევს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი [IDFI]. ორგანიზაციამ წელს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სახელწიფო პოლიტიკაზე მოამზადა შეფასება.

გიორგი კლდიაშვილი გვეუბნება, რომ საზოგადოება „მემორიალმა“, მის ორგანიზაციასთან ერთად, არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავრობას საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, თვეში 7 ლარის 44 ლარამდე გაზრდის თხოვნით. მიმართვა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გადამისამართდა, სადაც ორგანიზაციას უპასუხეს, რომ ამისთვის თანხა ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული.

გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ვალდებულებაა.

კითხვას, რით აიხსნება ხელისუფლების გულგრილობა ამ ჯგუფის მიმართ, გიორგი კლდიაშვილი ასე პასუხობს:

„მთავრობისთვის არ არის პრიორიტეტული იმ 10 000 მოქალაქეზე ზრუნვა, რომელთაც განიცადეს ძალიან დიდი უსამართლობა, არიან საპენსიო ასაკს მიღწეული, რომლებიც ელემენტარულს ითხოვენ სახელმწიფოს მხრიდან. აქ არის საუბარი გამდიდრებასა და ფუფუნებაზე, 7 ლარის გაზრდა 44 ლარამდე არის ელემენტარული ზრუნვა და ამის გაკეთებაც არ უნდა ხელისუფლებას“.

იგი ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მინიმალური მხარდაჭერას საქართველოში იღებენ საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაზარალებული პირები. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითები, სადაც აღდგენილია ჩამორთმეული ქონებრივი უფლებები და რეაბილიტირებულები სარგებლობენ მნიშვნელოვანი სოციალური დახმარებით.

IDFI-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე მასობრივი რეპრესიები 1921 წლის თებერვლიდან – 1990 წლის 28 ოქტომბრამდე განიცადეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობა სსრკ-ის ტერიტორიაზე 6-დან 20 მილიონამდე მერყეობდა.

„2010 წლიდან, როდესაც საქართველოში სასამართლომ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების პროცესი, ასეთი იყო 20 ათასამდე ადამიანი. დღეის მდგომარეობით ეს რიცხვი განახევრდა, ეს ძირითადად საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები არიან“, – ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

ერთი თვის წინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა „მემორიალთან“ ერთად კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გაიზარდოს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სუბსიდიის ოდენობა და გაუთანაბრდეს სხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებული სუბსიდიის ოდენობას – 44 ლარს. ამისათვის, დაახლოებით 6 მილიონამდე ლარია საჭირო. „ვფიქრობ, ეს არ დააზარალებს საქართველოს ბიუჯეტს. ვნახოთ, რას გვიპასუხებენ“, – ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

__________

 

რა შენიშვნები აქვს ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე სახელმწიფოს

ფოთში „ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სკოპინგის დასკვნა გასცა. დასკვნის მიხედვით, კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში მოამზადოს.

კორპორაციამ პროექტის სკოპინგის ანგარიში სამინისტროს 2020 წლის 14 მაისს წარუდგინა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ დაგეგმილია ფოთის პორტის ჩრდილოეთისკენ გაფართოება [სადაც კორპორაცია ფლობს 100 ჰა მიწის ფართობს] – ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მოწყობა, „რადგან ფოთის არსებული ნავსადგურის ტექნიკური პარამეტრებით დიდი საკონტეინერო გემების მიღება ვერ ხერხდება.“

სამინისტროს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები, სკოპინგის ანგარიშის მიმართ, რის გამოც პროექტის განხილვა შეაჩერა, მოგვიანებით კი განაახლა.

შენიშვნები სამინისტროს კორპორაციის მიმართ ამჯერადაც აქვს, იმის მიუხედავად, რომ სკოპინგის დასკვნა უკვე გაცემულია. სამინისტროს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფოთის პორტმა ეს შენიშვნები გზშ-ს მომზადებისას უნდა გაითვალისწინოს.

რა შენიშვნები აქვს სამინისტროს:

[crosslist]

  • „სკოპინგის ანგარიშის მიხედვით – მშენებლობის ეტაპზე რეზერვუარში შეგროვილ სამეურნეო ჩამდინარე წყლებს წყალკანალის მუნიციპალური სამსახური გაიტანს – აღნიშნული საჭიროებს დაზუსტებას, ვინაიდან წყალკანალის მუნიციპალური სამსახური დღეისთვის აღარ არსებობს;
  • გარკვეულ თავებში მოცემული ინფორმაცია შეუსაბამოა, რაც გზშ-ის ეტაპზე საჭიროებს დაზუსტებას, მაგალითად: „…ხაზგასასმელია, რომ პროექტი არ ითვალისწინებს ფსკერდაღრმავებითი ან/და ზღვის ფსკერის ამაღლებითი სამუშაოების შესრულებას”, ხოლო სხვა ქვეთავი ეხება კაპიტალური ფსკერდაღრმავების სამუშაოებს და მოცემულია კაპიტალური ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისას ამოღებული მასალის მოცულობის შესახებ ინფორმაცია;
  • გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი იქნეს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს პოზიცია ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისა და ზღვიდან მასალის/სასარგებლო წიაღისეულის ამოღების შესახებ;
  • ნავსადგურის კონფიგურაციის ალტერნატივებიდან შერჩეული ალტერნატივის აღწერა საჭიროებს დაზუსტებას და საპროექტო მონაცემებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას;
  • შერჩეული ალტერნატივის მიხედვით, პირველ ფაზაზე მოწყობილ დროებით მოლოს დემონტაჟი მოხდება ახალი პორტის შიდა აკვატორიის გაფართოების პროცესში (ფაზა II). ეს საკითხი არ არის განხილული საპროექტო ფაზების აღწერით ნაწილში და საჭიროებს დაზუსტებას;
  • წარმოდგენილი სკოპინგის ანგარიში ძირითადად ეყრდნობა 2015 წელს ჩატარებულ კვლევებს და ამავე წელს მომზადებულ გზშ-ის ანგარიშს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გზშ-ის ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს განახლებული კვლევების საფუძველზე, შესაბამისი თარიღებისა და კვლევის განმახორციელებლების მითითებით;
  • ვინაიდან საპროექტო ტერიტორია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის [თიზ] სიახლოვეს მდებარეობს, ხოლო საპროექტო ნავსადგურთან დამაკავშირებელი კომუნიკაციები თიზ-ის ტერიტორიაზე გაივლის, გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს თიზ-თან შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტების შესახებ შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია“.

[/crosslist]

ბევრ საკითხთან ერთად, ნიშანდობლივია, რომ გზშ-ის ანგარიშში უნდა აისახოს ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე და ჰაბიტატებზე მოსალოდნელი ზემოქმედების, ამ ზემოქმედების თავიდან აცილებისა და/ან საკომპენსაციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.

„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მდ. რიონის დელტის უშუალო სიახლოვეს და წარმოადგენს ერთადერთ სამიგრაციო დერეფანს ზუთხებისათვის, მდ. რიონიდან შავ ზღვაში მოსახვედრად. აღსანიშნავია, რომ მდ. რიონი შედის გლობალურად მნიშვნელოვან 12 მდინარეთა ნუსხაში, სადაც ზუთხისებრები ჯერ კიდევ ბუნებრივ პირობებში ქვირითობენ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ზუთხისებრთა სატოფო მიგრაცია ჩრდილოეთი ტოტის მეშვეობით ხორციელდება, საპროექტო ტერიტორიის 1 კმ-ით დაშორება ზუთხების სატოფო ადგილებიდან, სიმღვრივის მატების დროს არ წარმოადგენს დიდ მანძილს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზუთხი მიგრაციის დროს იყენებს საზღვაო სივრცესაც, რომელიც მშენებლობის დროს ზემოქმედების ქვეშ იქნება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გზშ-ის ანგარიშში უნდა აისახოს ინფორმაცია ზუთხისებრებზე პროექტით გამოწვეულ შესაძლო ზემოქმედებაზე, ამ ზემოქმედების თავიდან აცილებაზე და საჭიროების შემთხვევაში საკომპენსაციო ღონისძიებებზე“, – აღნიშნულია სკოპინგის დასკვნაში.

გზშ-ში მოცემული უნდა იყოს სრულყოფილი/დეტალური შეფასება, თუ რა შესაძლო ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ობიექტის მშენებლობა-ოპერირებით გამოწვეულმა ხმაურმა და წყლის სხვა მაჩვენებელთა გაუარესებამ ზუთხისებრთა საქვირითე მიგრაციაზე, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების მითითებით.

ამ თემაზე:

სამინისტრომ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხილვა შეაჩერა

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო 10 წლამდე ბავშვების დისკრიმინაციას ეწევა – „საფარი“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო 10 წლამდე ბავშვების დისკრიმინაციას ეწევა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „საფარმა“ 2019 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას გაანალიზების გარეშე გასცემდა, „რაც 10 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ ასაკის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს“.

„სახალხო დამცველმა შეისწავლა საქმე და დაადგინა, რომ 10 წლამდე ბავშვების შემოწმება ბლანკეტურ ხასიათს ატარებს, სადაც ბიურო ასკვნიდა, რომ 10 წლამდე ბავშვს, მცირეწლოვანების გამო, არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება“, – წერს „საფარი“.

„საფარი“ განცხადებაში ასევე დასძენს, რომ მისი მუშაობის პრაქტიკაში გამოიკვეთა რამდენიმე საქმე, სადაც ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან გაიცა უარყოფითი დასკვნა ასაკზე აპელირების არგუმენტით და შეფასება არ მისცემია არასრულწლოვან მოწმეთა რამდენიმესაათიანი გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას.

„საფარის“ განცხადების საპასუხოდ, სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაცია და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა თანხვედრაში არ მოდის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ბავშვის უფლებათა კოდექსთან.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ბავშვის გამოკითხვა კონკრეტული გარემოებების შესახებ სისხლის სამართლის საქმეში, უაღრესად მნიშვნელოვანია. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ 10 წლამდე ასაკის ბავშვებს, 10 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებთან შედარებით, მათი გონებრივი მომწიფებულობის გათვალისწინებით, განსხვავებული მოპყრობა სჭირდებათ. ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები, 10 წლამდე არასრულწლოვან პირებს არათანაბარ მდგომარეობაში აქცევს მათზე ასაკით უფროს პირებთან შედარებით.

მსგავსი პრაქტიკა წარმოადგენს ასაკის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას, ვინაიდან არსებული საერთო წესი უარყოფითად აისახება 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე“, – წერს „საფარი“.

ამავე წყაროს ცნობით, აღნიშნულ საკითხზე ომბუდსმენი ზოგადი წინადადებით მიმართავს:

  1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

„ნორმატიულ დონეზე შემუშავდეს სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები და რეგულაციები 10 წლამდე და 10 წლის ზემოთ 18 წლამდე არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქიატრიული და კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ;

  1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს:

„10 წლამდე ასაკის სასამართლო-ფსიქიატრიული და კომპლექსური ფსიქიატრიულ- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისა და შედეგების შეფასების პროცესში არსებითად იქნას გათვალისწინებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი და საჭიროებები; თითოეული შემთხვევა შეფასდეს ინდივიდუალური და ფაქტობრივი გარემოებებისა და მახასიათებლების საფუძველზე.

„საფარის“ განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეცედენტულია თავისი შინაარსით და სისტემურ დონეზე გააუმჯობესებს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში.

#6 დაწესებულებიდან პატიმარი წერს, რომ ის აწამეს – საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს

#6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი, გიორგი ოქროპირიძე სახალხო დამცველს სწერს, რომ 13-18 ივლისის პერიოდში ის აწამეს. პატიმარს სახალხო დამცველის წარმომადგენელი 2020 წლის 29 ივლისს შეხვდა და ოქმიც შეადგინა. პატიმარი სახალხო დამცველის რწმუნებულს უყვება, რომ ციხის ადმინისტრაცია მას აიძულებს ევროსასამართლოდან გამოითხოვოს საჩივარი, რომელსაც პრიორიტეტი აქვს მინიჭებული და უკვე გადაწყვეტილების მიღების ეტაპზეა. გიორგი ოქროპირიძემ ევროსასამართლოს სარჩელით 2015 და 2016 წლებში მიმართა.

[red_box]გიორგი ოქროპირიძის საქმე[/red_box]

„საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 დაწესებულებაში შეხვდა და ესაუბრა მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძეს. გიორგი ოქროპირიძის განმარტებით, 2020 წლის 13 ივლისს, დაწესებულების დირექტორი, მისი მოადგილე და თანამშრომელი აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, თავზე აფურთხებდნენ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და მშობლების დახოცვით.

ამასთან, გიორგი ოქროპირიძის მტკიცებით, დაწესებულების თანამშრომელმა დაადო ხელბორკილები, ორივე იდაყვში და მარჯვენა ფეხში ურტყამდა, თავი დაარტყმევინა ლოგინზე და ახრჩობდა, რის შედეგად ოდნავ ჩამოუტყდა ზედა მარჯვენა წინა კბილი. გიორგი ოქროპირიძის თქმით, ორივე მაჯაზე ხელბორკილები ისე ჰქონდა მოჭერილი, რომ ორივე მაჯაზე ჰქონდა სისხლჩაქცევები, ასევე, პატიმრის თქმით, ორივე იდაყვზე ჰქონდა კვალი და მარჯვენა მუხლზე – ჩალურჯებები“, – ეს ტექსტი და შესაბამისი ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა 31 ივლისს გადაუგზავნა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოადგილეს, გიორგი გამეზარდაშვილს.

სახალხო დამცველი ინსპექტორისგან ელის „შემდგომ რეაგირებას“ და ასევე ითხოვს, რომ რეაგირების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია სახალხო დამცველს წარუდგინოს.

საქმე იმაშია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გიორგი ოქროპირიძის დედის თხოვნით მოინახულეს პატიმარი #6 დაწესებულებაში. დედა ამბობს, რომ 11 ივლისის შემდეგ გიორგი ოქროპირიძეს არ დაურეკია. „ყოველ კვირაში რეკავდა, რადგან ამდენ ხანს არ დარეკა, მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე და მივმართე სახალხო დამცველს“, – გვითხრა ცირა გოდერძიშვილმა.

სახალხო დამცველის რწმუნებულს პატიმარი მოუყვა, რომ 13 ივლისს, საპატიმრო დაწესებულების სასეირნო ეზოში დაუძახა ციხის უფროსმა და მოსთხოვეს „კაბინეტში წაყოლოდა მის საქმეზე მოსალაპარაკებლად“, რაზედაც პატიმარმა უარი განაცხადა. პატიმარი ჰყვება, რომ მუქარის და შეუარცხყოფის შემდეგ  ის ხელისკვრით ჩაიყვანეს მე-14, დეესკალაციის ოთახში.

პატიმრის მონათხრობის თანახმად, რაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ასახა ოქმში, პატიმარზე სწორედ ამ ოთახში იძალადეს ფიზიკურად. „გიორგი ოქროპირიძის თქმით, ორივე მაჯაზე ხელბორკილები ისე ჰქონდა მოჭერილი, რომ ორივე მაჯაზე ჰქონდა სისხლჩაქცევები, ასევე ორივე იდაყვზე ჰქონდა ნაცემის კვალი და მარჯვენა ფეხზე ჰქონდა ჩალურჯება. ამასთან, გიორგი ოქროპირიძის თქმით, მას ეუბნებოდნენ, რომ იმის გამო აწამებდნენ, რომ ის არ წავიდა მოლაპარაკებაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მის საქმეს პრიორიტეტი აქვს“, – წერია სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილ ოქმში.

პატიმრის მონათხრობის თანახმად, მას 6 დღის განმავლობაში აწამებდნენ.

გიორგი ოქროპირიძის ინფორმაციით, დეესკალაციის #14 ოთახში, სადაც მასზე ძალადობდნენ, დამონტაჟებულია ვიდეოკამერა. შესაბამისად, სახალხო დამცველმა კიდევ ერთი წერილით მიმართა პენიტენციური დეპარტამენტის ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსს, ნანა ჯიმშელაძეს და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, „დაარქივებულია თუ არა მსჯავრდებულის მიერ მითითებული პერიოდის და ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერები“ და ასევე მოითხოვა ამ ჩანაწერების გაცნობა.

ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსს სახალხო დამცველმა ჰკითხა:

  • დაარქივებულია თუ არა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 დაწესებულების სასეირნო ეზოს ვიდეოკამერების 2020 წლის 13 ივლისის ჩანაწერები, სადაც ასახულია მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის სასეირნო ეზოში ყოფნის პერიოდი;
  • დაარქივებულია თუ არა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 დაწესებულების დეესკალაციის N14 ოთახის და დერეფნის 2020 წლის 13 ივლისის ჩანაწერები;
  • დაარქივებულია თუ არა მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის საკნის და დერეფნის ვიდეოკამერების 2020 წლის 19 ივლისის დროის იმ პერიოდის ჩანაწერები, სადაც ასახულია პატიმრისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების განმაპირობებელი ქმედება/ფაქტი“.

კიდევ ერთი წერილით სახალხო დამცველმა #6 დაწესებულების ხელმძღვანელს, შოთა ტრაპაიძეს მიმართა და მოითხოვა ყველა ის დოკუმენტი, რის საფუძველზეც 13-18 ივლისს გიორგი ოქროპირიძე დეესკალაციის საკანში მოათავსეს. ასევე იმ საჩივრების რეგისტრაციის ნომრები და თარიღები, რისი გაგზავნის უფლებაც გიორგი ოქროპირიძეს არ მისცეს:

სახალხო დამცველის წარმომადგენელს პატიმარი მოუყვა, რომ მას სურდა დამატებითი კომენტარის და საჩივრის გაგზავნა ევროსასამართლოსთვის, თუმცა საპატიმრო დაწესებულების თანამშრომელმა ეს საჩივრები წაართვა და უკან აღარ დაუბრუნა.

გიორგი ოქროპირიძემ სახალხო დამცველის წარმომადგენელს უთხრა, რომ მას ამ ყველაფრის შესახებ სურდა სახალხო დამცველთან დარეკვა, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს იმ მიზეზით, რომ მას დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი „საკანში ხმაურის გამო“.

კიდევ ერთი ამონაწერი სახალხო დამცველის წარმომადგენლის ოქმიდან: გიორგი ოქროპირიძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არის ცრუ, რადგან დეესკალაციის ოთახში აყვანის შემდეგ, შიმშილობდა, ფიზიკურად იყო ცუდად და დაუძლურებული ვერ იხმაურებდა.

გიორგი ოქროპირიძე დეესკალაციის საკანში მის მიმართ ჩადენილ ძალადობას კიდევ ერთი გარემოებით ხსნის. ამონაწერი ოქმიდან, რომელიც სახალხო დამცველის რწმუნებულმა შეადგინა:

„გიორგი ოქროპირიძის განმარტებით, დაწესებულების თანამშრომლები სისტემატურად, 6 დღის განმავლობაში სთხოვენ ხელი მოაწეროს ჩვენებას წაკითხვის გარეშე ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, რომელსაც, მისი თქმით, არ იცნობს, რომელთანაც არ აქვს და არასდროს ჰქონია არც საქმიანი და არც პირადი რაიმე“.

ამ საქმეს სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს.

____

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/202542/

ქობულეთში, კინტრიშის ხეობაში, საპიკნიკეები, ცხენების თავლა და სხვა ტურისტული ობიექტები მოეწყობა 

დაცული ტერიტორიების სააგენტო ქობულეთში, კინტრიშის ხეობის სოფლებში: ცხემვანში, ზერაბოსელსა და ხინოწმინდაში სხვადასხვა ტიპის ტურისტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას გეგმავს.

ობიექტები კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსდება, რისთვისაც ტენდერი 139 500 ლარით არის გამოცხადებული.

განმარტებითი ბარათის მიხედვით:

[highlight color=”red”]სოფელ ცხემვანში[/highlight] გათვალისწინებულია: ორი საპიკნიკისა და ცხენების თავლის მშენებლობა. ასევე არსებული სველი წერტილის რეაბილიტაცია.

თავლის პროექტი ითვალისწინებს 74 კვ/მ ფართობის კაპიტალურ შენობას ოთხი ცხენისთვის; შენობის გადახურვა – ფერადი თუნუქის ფურცლებით, შენობის მზიდი კედლებისა და ტიხრების აშენება – ბეტონის ბლოკებით; კარები ლითონის, ხოლო ფანჯრები მეტალოპლასტმასის. გათვალისწინებულია ელექტროენერგიის მიწოდება 150მ მანძილიდან, ასევე სასმელი წყლით მომარაგება არსებული ქსელიდან.

[highlight color=”red”]სოფელ ზერაბოსელში[/highlight] გათვალისწინებულია: ახალი საპიკნიკის მშენებლობა და არსებული სველი წერტილის რეაბილიტაცია.

[highlight color=”red”]სოფელ ხინოწმინდაში[/highlight] გათვალისწინებულია: ახალი საპიკნიკის მშენებლობა და არსებული სველი წერტილის რეაბილიტაცია.

დაგეგმილია საპიკნიკეებთან წყლის მიყვანა, წყაროს მოწყობა, ელექტრომომარაგება.

ტენდერში წინადადებების მიღება 21 აგვისტოს დაიწყება და 26 აგვისტოს შეწყდება. სამუშაოები კი უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე და დასრულდეს არაუგვიანეს 2020 წლის 10 დეკემბრისა.

„კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში და მისი საერთო ფართობი 13 514 ჰა-ს შეადგენს. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე. დაცულ ტერიტორიებს ჩრდილოეთით ქობულეთის სატყეოს ადმინისტრაციის ტერიტორიები, სამხრეთ აღმოსავლეთით შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სამხრეთით ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სამხრეთ-დასავლეთით კი მტირალას ეროვნული პარკი ესაზღვრება. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ორ სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას – სახელმწიფო ნაკრძალსა და დაცულ ლანდშაფტს მართავს“ – განმარტებითი ბარათიდან.

სანახაობა კინტრიშის ხეობაში: ტურისტულ ბილიკებზე მდებარე ჩანჩქერი, 2500-წლოვანი უთხოვარი, ქვის თაღოვანი ხიდი, ეკლესია, ტბიყელის ტბა, ენდემური სახეობის მცენარეები, ბზის კორომი და სხვ.

 

მთავარი ფოტო: კინტრიშის ხეობა / ივლისი, 2020 წ. / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

 

მუნიციპალურმა ინსპექციამ აკუსტიკური ხმაურის გამო ბათუმში 9 პირი დააჯარიმა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ადგილების შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ხაზობრივი ნაგებობების, გარე რეკლამისა და იერსახის მონიტორინგის მიმართულებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში 64 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 9 სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა, ცხრა პირი დაჯარიმდა აკუსტიკური ხმაურის გამოც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აკუსტიკურ ხმაურზე სულ 34 შეტყობინება შევიდა ინსპექციაში.

„ასევე, ქალაქი ათეულობით სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციისა და უსახური ჯიხურისგან გაიწმინდა, 187 000 -მდე კვ.მ. ტერიტორია დეზინფექცია-დერატიზაციის და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო პრეპარატებით დამუშავდა. ხოლო ქუჩიდან აყვანილ 900 უპატრონო ცხოველს შესაბამისი ღონისძიება ჩაუტარდა – დაბირკული და უვნებელი ცხოველები კანონის შესაბამისად აყვანის ადგილს დაუბრუნდნენ“, – ნათქვამია მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.

ინსპექციის თქმით, ქუჩიდან 900 უპატრონო ცხოველი აიყვანეს.

ამავე უწყების ცნობით, დაჯარიმებამდე „ობიექტები ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა გააფრთხილა და გამოსწორებისთვის გონივრული ვადა მისცა“.

პირველ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 31 აგვისტოს იწურება

მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში შემოტანილი აქვთ 2020 წლის პირველ მაისამდე, მათი განბაჟება ჯარიმის გადახდის გარეშე, 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოუწოდებს ამ მოქალაქეებს „რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები“.

„მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით“, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

მიმდინარე წლის მაისში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 1-ელ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ.

ამ პერიოდში სატრანსპორტო საშუალების განბაჟების შემთხვევაში არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები. ამასთან სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.

ამ თემაზე:

პირველ მაისამდე შემოტანილ ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგრძლივდა

აქ და ახლა სასტუმრო „ესკიზი“ თელავში თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა

სასტუმრო „ესკიზის“ იდეა, რომელიც ლევან თორაძეს სამი წლის წინ გაუჩნდა, სისრულეში აქ თელავში და ახლა თიბისის მხარდაჭერით მოიყვანა. 

სასტუმროს გახსნით პოსტ-პანდემიურ პერიოდში ლევან თორაძე რისკზე წავიდა, მაგრამ რისკმა გაამართლა – დღეს 57 ადგილიან სასტუმროში შეიძლება ნომრის დაჯავშნა გაგიჭირდეთ. სტუმრები  ძირითადად თელავში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული დამსვენებლები არიან, რომლებსაც „ესკიზი“ მოსწონთ განსაკუთრებული დიზაინის, კომფორტის და დასვენებისთვის საჭირო იმ ინფრასტრუქტურის გამო, რომელიც აქ არის. 

„რისკიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ამან გაამართლა, სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტზე მუშაობა. პროექტში იმხელა ინვესტიცია და შრომა ჩაიდო, რომ არ გვინდოდა ეს დაკარგულიყო. „ესკიზის“ კონცეფცია გასტრონავტს ეკუთვის, ხოლო დიზაინი ესმა ხეცურიანმა შექმნა, აქ ყველგან იგრძნობა მათი ხელწერა. ალბათ ამ კონცეფციამ და დიზაინმა განაპირობა მეტწილად ის მოწონება, რაც ჩვენმა სასტუმრომ მომხმარებლების მხრიდან დაიმსახურა,“ – აცხადებს „ესკიზის“ დამფუძნებელი ლევან თორაძე. 

„ესკიზის“ კონცეფცია შექმნილია მე-19 საუკუნეში არსებულ სახლებში შეკრების კულტურითა და ესთეტიკით, „ესკიზი თელავის“ შემთხვევაში შთაგონება ღვინო, ლიტერატურა, არქიტექტურა და ბიბლიოთეკა იყო. სასტუმროს ნომრები გაფორმებულია ძველი კავკასიური ხელით ნაკეთი ტექსტილით – სუზანით, ხოლო ამ თემატიკაზე შექმნილი ირმა შარიქაძის ფოტო კოლექცია კი სასტუმროს კედლებს ამშვენებს.  

„ესკიზის“ სტუმრებს აქ დახვდებათ: აუზი და სპა, ქართული მარანი და ვენახები, ორი რესტორანი, ტერასა და საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 120 ადამიანზეა გათვლილი. შემოდგომაზე „ესკიზის“ მარანში, რომელიც 16 ათას ლიტრს ღვინოს იტევს, ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან 5 სახეობის ღვინო დაიწურება. ამაჟამად „ესკიზში“ 70 ადამიანია დასაქმებული, რომლებმაც მასპინძლობის ხელოვნებაში სპეციალური ტრენინგები გაირეს. 

უახლოეს მომავალში, „ესკიზის“ ახალი კონცეპტუალური სასტუმროების ბრენდს კიდევ ორი  სასტუმრო შეემატება თბილისსა და გუდაურს. 

19 მილიონზე მეტი შემთხვევა – კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა დღეს

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 7 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 19 102 072 შემთხვევა.

ბოლო ხუთ დღეში დადასტურდა 1 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა.

იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 715 024 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 160 104 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, 98 493 – ბრაზილიაში და 50 517– მექსიკაში.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 4 883 657 ადამიანი, ასევე, ბრაზილია –2 912 212 ინფიცირებული და  ინდოეთი – 2 027 074 ინფიცირებული.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან განიკურნა 11 571 536 ადამიანი.

_________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FEHIM DEMIR

ატესტატის ელექტრონულ ვერსიას ორიგინალის ძალა ექნება – მინისტრის ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში.

ცვლილების მიხედვით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებულია ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტთან ერთად გასცეს განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ელექტრონული ასლიც, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც ორიგინალ დოკუმენტს.

ბრძანების მიხედვით, „მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი დამოწმდება სააგენტოს ელექტრონული შტამპით და დაინტერესებული პირისთვის ოფიციალურად გასაცნობად, განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“

ატესტატის აღება უფასოა ათი დღის ვადაში, იმ შემთხევაში, თუ  ათ დღეზე ადრე სურს პირს მისი გატანა, საფასური უნდა გადაიხადოს.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადის გაკეთების დღეს ატესტატის გატანის შემთხვევაში პირმა უნდა გადაიხადოს 50 ლარი, მეორე დღეს გატანის შემთხვევაში – 40 ლარი, სამ დღეში – 30 ლარი და ხუთ სამუშაო დღეში – 20 ლარი.

სააგენტოს ინფორმაციით, თუ პირი ოფიციალურად არ მიმართავს სააგენტოს, დოკუმენტის ელექტრონულ ასლს ვერ გამოიყენებს. „როცა ატესტატზე განაცხადი კეთდება, განცხადებას აქვს რეგისტრაციის ნომერი და კოდი. შემდეგ, სააგენტოს ვებგვერდზე შესვლისას, შეგიძლიათ ნახოთ რეგისტრირებული განცხადების ელექტრონული ვერსიაც რეგისტრაციის ნომრით და კოდით. შესაბამისად, გამზადებული დოკუმენტის გადმოწერის შესაძლებლობაც იქნება“, – ამბობენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ელექტრონული სერვისების სარგებლობისას, მომხმარებელს დამატებითი საფასურის გადახდა არ მოუწევს. „ვებგვერდიდან დოკუმენტის ამოღება რა ვადაც აქვს პირს მითითებული, იმაზე ადრე ვერ მოხერხდება. ვებგვერდიდან დოკუმენტის ამოღება უფასო იქნება“, – ამბობენ სააგენტოში.

ბრძანება მიმდინარე წლის 4 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მომღერალი ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს

მომღერალი ქეთი მელუა აჭარაში იმყოფება. იგი რეგიონში ვიდეოკლიპებს იღებს ახალი სიმღერებისთვის.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში მიმდინარეობდა.

გადაღებებისთვის შესაფერისი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში ჩართულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ვიდეორგოლის რეჟისორი – მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძე ზრუნავს, რომელმაც თითოეული სამოსი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა. გადაღებები რეგიონში დღეს, 7 აგვისტოს დასრულდება.

ქეთი მელუას აჭარაში გადაღებულ ვიდეორგოლებს მაყურებელი შემოდგომაზე ნახავს.

გადამღები ჯგუფი მერისში
გადამღები ჯგუფი მერისში

21-23 აგვისტოს ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 21-23 აგვისტოს ბათუმი ტრადიციულად შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს.

წლევანდელი ფესტივალი დაკომპლექტებულია მხოლოდ ქართველი მუსიკოსებით. ფესტივალს 21 აგვისტოს გიორგი მიქაძე გახსნის პროექტით – Giorgi Mikadze Micro BeatZ-ი, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე ნინო ქათამაძე Black Sea Jazz Project-ით წარდგება.

22 აგვისტოს, ფესტივალის მეორე დღეს, სცენას ახალგაზრდა მუსიკოსის, ლუკა თოფურიას ტრიო დაიკავებს. შემდეგ კი, მსმენელის წინაშე სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით სტეფანე წარდგება. შავი ზღვის ჯაზფესტივალს 23 აგვისტოს Young Georgian Lolitaz-ი და ჯგუფი Moku Moku დახურავენ.

კომპანია Eastern Promotions-მა წელსაც არ უღალატა ტრადიციას და მიუხედავად არსებული მსოფლიო პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, ერთგულ მსმენელს ტრადიციულად ბათუმში, შავი ზღვის ჯაზფესტივალის ზეიმზე ეპატიჟება.

“ის ფაქტი, რომ წლევანდელი ფესტივალი სრულად არის დაკომპლექტებული ქართველი შემსრულებლებით, ხაზს უსვამს, რომ Eastern Promotions-ი პანდემიის გამო დაზარალებული ქართული მუსიკალური ინდუსტრიის გვერდით დგას,” – აცხადებენ კომპანიაში.

ფესტივალის ოფიციალური სპონსორია VISA,  მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის მედიამხარდემჭერები: ნეტგაზეთი და გაზეთი ბათუმელები, მარკეტერი, რადიო ფორტუნა, ავტორადიო.

ბილეთები იყიდება ონლაინ TkT.GE-ზე.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის პროგრამა

[checklist]

  • 21 აგვისტო: Giorgi Mikadze  Micro BeatZ; ნინო ქათამაძე Black Sea Jazz Project
  • 22 აგვისტო: ლუკა თოფურიას ტრიო
    სტეფანე სპეციალურად შავი ზღვის ჯაზფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით
  • 23 აგვისტო: Young Georgian Lolitaz Moku Moku

[/checklist]

Doors Open: 20:00

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აგვისტოს 21 საათიდან 8 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 9 აგვისტოს, უნალექო ამინდი შენარჩუნდება, მომდევნო 2 დღეს კი, 10-11 აგვისტოს, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო კახიშვილი

დადასტურდა კორონავირუსის 7 შემთხვევა, განიკურნა 7 პაციენტი – ახალი მონაცემები

7 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 7 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა, 5 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია.

საქართველოში კორონავირუსის სულ 1213 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 994 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 7166 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 282.

დოკუმენტების გაყალბებისთვის 3 კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის აპრილის თვეში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ურთიერთშორის განახორციელეს 40 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ფიქტიური ოპერაციები, რითაც შექმნეს დაახლოებით 6 200 000 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.

სისხლის სამართლის საქმეზე ეფექტიანად გატარებული ათეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დროულად იქნა აღკვეთილი აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც, ბრალდებულებმა ხსენებული თანხიდან მოახერხეს მხოლოდ 98 905 ლარის ოდენობის აქტივის გამოყენება, რითაც ბიუჯეტზე აცილებულ იქნა უფრო დიდი ოდენობის ზიანის მიყენების შესაძლებლობა“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

ბათუმში ორი პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განიკურნა 2 პაციენტი.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც რეგიონის კოვიდცენტრია, 18 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე.

7 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1213 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 994 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელს ეხმაურება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შორის ომის მე-12 წელს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ მრავალი გლობალური გამოწვევის მიუხედავად, ევროკავშირის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა ისეთივე მყარია, როგორც ყოველთვის.

„სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბულობა ძლიერი რჩება და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით ე.წ. „ბორდერიზაციის“, კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტების დროებითი დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ადგილზე მნიშვნელოვანი როლის მქონე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს, 7 აგვისტოს, გამოქვეყნდა.

ამ წერილში ევროკავშირი ასევე გამოთქვამს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გარემოვაჭრე 500 ლარით მერიამ დამსახურებულად დააჯარიმა – სასამართლო გადაწყვეტილება

დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გარემოვაჭრე მზევინარ ქარცივაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, 152-ე მუხლის შესაბამისად, 500 ლარით დააჯარიმეს.

მოქალაქე ფალავანდიშვილის ჩიხში წინდებით, ხელსახოცებითა და სხვა წვრილმანი საქონლით ვაჭრობდა. მოსამართლე კობა გოცირიძემ მიიჩნია, რომ ის საზოგადოებრივ სივრცეში მოძრაობას ზღუდავდა. კობა გოცირიძემ პროცესზე აღნიშნა, რომ პირველ ჯერზე მოვაჭრე მან „შეიცოდა“ და გაფრთხილებით შემოიფარგლა, მაგრამ სამართალდარღვევის მეორე შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

„ვერ გადავიხდი ვერანაირად ამ ჯარიმას, მეგონა შეღავათს გამიწევდნენ და არ დამაჯარიმებდნენ. მე სხვა შემოსავალი არ მაქვს, რომ არ ვივაჭრო, ოჯახში ვერაფერს მივიტან. ჩემი ერთადერთი შემოსავალი წვრილმანებით ვაჭრობაა. საარსებო წყაროს ვითხოვ. გაჭირვებაა ჩემი მთავარი პრობლემა და მხოლოდ მცირე ადგილს ვითხოვ წვრილმანებით სავაჭროდ, მაღაზიის დაქირავების საშუალება არ მაქვს. 7 დღე მაქვს ჯარიმის გადასახდელად, მაგრამ როგორ, რანაირად, არ ვიცი…“ – ამბობს დაჯარიმებული წვრილმანებით მოვაჭრე.

მზევინარ ქარცივაძე მესამე მოვაჭრეა ფალავანდიშვილის ჩიხიდან, რომელიც 500 ლარით დააჯარიმეს, ქმედების განმეორების შემთხვევაში მათ 1500-ლარიანი ჯარიმა ელით.

მზევინარ ქარცივაძის უფლებებს დღეს სასამართლო პროცესზე მერაბ ღოღობერიძე იცავდა – „საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი.

„უშემოსავლოდ დარჩენილ მოვაჭრეებს პანდემიაში არცერთი ლარით დახმარებია მთავრობა. სპეციალურად არ აღიარებს მერია ფალავანდიშვილის ჩიხში წვრილმანებით მოვაჭრეებს გარემოვაჭრეებად, რომ დახმარება არ გასცენ მათთვის, მაგრამ დაჯარიმებისას კი მათზე გარემოვაჭრეთა დაჯარიმების წესი მოქმედებს.

ვთხოვეთ მოსამართლეს გაეთვალისწინებინა პანდემიის მძიმე გავლენა და ამ ადამიანების სოციალური ყოფა, მაგრამ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო“, – ამბობს მერაბ ღოღობერიძე.

ის ამბობს, რომ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან გეგმავს შეხვედრას ფალავანდიშვილის ქუჩის მოვაჭრეთა მძიმე სოციალური მდგომარეობის მათთვის შესაძლო შეღავათების განსახილველად.

,,ჩვენ არ ვენდობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბათუმის მერიის ზედამხედველობის ინსპექციას ორმაგი სტანდარტი აქვს, მთელ ქალაქში ვხედავთ გარემოვაჭრეებს და გავლენიანი პირების ოჯახის წევრები დარეკვით ახერხებენ მსგავს ამბებს. ფალავანდიშვილის ჩიხის წინ, მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკების ახლობლებს აქვთ მაღაზიები. იმათი დავალებით ჯარიმდებიან ესენი, რადგან მათ უწევენ კონკურენციას – იაფად ყიდიან იმავე საქონელს.

დღევანდელ პროცესზე ცხადი იყო, რომ მოსამართლე კობა გოცირიძემ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე დასვა ბეჭედი და ხალხის დუხჭირი მდგომარეობის, პანდემიის, ყველაფრის გაუთვალისწინებლად გამოაქვს 500 – 500-ლარიანი განაჩენები. რომ ვუთხარი პროცესზე ეს ქალები გარემოვაჭრეებად მაინც აღიაროს სახელმწიფომ, რომ ერთჯერადი დახმარება მაინც მიიღონ-მეთქი, მიპასუხა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის“, – ამბობს მერაბ ღოღობერიძე.

„კარფურმა“ და ირმა ინაშვილმა თეატრის თანამშრომლებს წინასაარჩევნოდ სურსათი დაურიგეს

ბათუმის დრამატული და თოჯინების თეატრების მსახიობებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, „კარფურისა“ და ირმა ინაშვილის სახელით სასურსათო კალათები დაურიგეს. „ბათუმელებთან“ სურსათის დარიგების ფაქტი დრამატული თეატრის დირექტორმა თავდაპირველად უარყო, თუმცა დავით ოქიტაშვილთან ჩვენი საუბრის შემდეგ, კალათების გადაცემის ფაქტი დაადასტურა. ოქიტაშვილის თქმით, სასურსათო კალათა დღეს, 6 აგვისტოს, 77 ადამიანს გადასცეს.

„დაახლოებით ორი კვირის წინ მთხოვეს სია, თუმცა არაფერი მოუტანიათ. თუ მოიტანენ, გეტყვით. არც ის მახსოვს, ვისთან გადავაგზავნე სია“, – გვითხრა თავდაპირველად თეატრის დირექტორმა ოთარ კალანდაძემ. თუმცა მოგვიანებით, როცა „ბათუმელები“ კულტურის პალატის ხელმძღვანელს, დავით ოქიტაშვილს ესაუბრა, აღნიშნული ინფორმაცია თეატრის დირექტორმაც დაგვიდასტურა.

როგორც ოქიტაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, „სასურსათო კალათების დარიგება კულტურის მუშაკებისთვის“ ჯერ კიდევ მარტიდან, „პანდემიის დროს დაიწყო“ საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიულ კავშირთან ერთად.

როცა დავით ოქიტაშვილს ვკითხეთ, თუ ვისი დაფინანსებით შეისყიდეს სურსათი მსახიობებისთვის, მან თქვა, რომ ფინანსური დახმარება „კარფურმა“ და ირმა ინაშვილმა გაუწია.

„პანდემიის დროს გავაკეთე განცხადება, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა,  გამოგვხმაურებოდა, რომ შეჭირვებული ხელოვანი ადამიანებისთვის თანადგომა აღმოგვეჩინა და ყველანაირი აფიშირების და რეკლამის გარეშე დავხმარებოდით. დაახლოებით 300 ადამიანს დავეხმარეთ.

არც პასპორტები მოგვითხოვია მათთვის და არც არაფერი. ახლა რასაც ვუყურებ ქობულეთში, კიტრს და პომიდორს რომ არიგებენ, მეცინება. მე რამდენი კიტრი-პომიდორიც არ უნდა მომცე, ხმას მაინც იმას მივცემ, ვინც მინდა“, – ამბობს ოქიტაშვილი.

თქვენ ფიქრობთ, რომ ბოსტნეული საარჩევნო ხმებისთვის რიგდება? – ვკითხეთ დავით ოქიტაშვილს, რაზეც მან გვიპასუხა: „მე როცა ვუყურებდი ამ ფაქტს, დღეს, ქობულეთში, მეცინებოდა. ჩვენ ჩუმად ვაკეთებთ. „კარფურმა“ გამოგვიყო, ქალბატონმა ირმა ინაშვილმა გამოგვიგზავნა, მაგრამ გვთხოვეს, რომ ჩვენი სახელი არ ახსენოო“.

დავით ოქიტაშვილს ვკითხეთ, თუ აქვს ინფორმაცია, რა ფინანსებს ხარჯავს ირმა ინაშვილი ამ აქციაში, პირადს თუ პარტიულს? – ოქიტაშვილმა გვითხრა, რომ არ იცის.

„რაში გაინტერსებთ, მე მივიტანე და გინდა მოსყიდვა დაარქვით და გინდა სხვა რამ. ჩვენ ჩავაბარეთ დირექციას და ვუთხარით,  საერთოდ არ ეხსენებინათ ვინც მიუტანა. მე ამიტომ ვთქვი, რომ რამდენი ზეთი და კიტრი-პომიდორიც არ უნდა მომიტანო, ვისაც მინდა იმას მივცემ ხმას-თქო. ეს ქვეყანა დაიღუპება, თუ ყველაფერს მოსყიდვას მივაბამთ“, – ამბობს ოქიტაშვილი.

რაც შეეხება ბათუმს, დავით ოქიტაშვილის თქმით, სასურსათო კალათები დარიგდა დრამატულ და თოჯინების თეატრში, ასევე მუსიკალურ ცენტრში.

„ყველას ხომ ვერ მივეხმარებოდით, ამიტომ რა სიებიც გადმოგვცეს, იმ სიებით დაარიგეს. 40 კაცი იყო დრამატული თეატრიდან, 14 – თოჯინების და 23 იყო მუსიკალური ცენტრის“, – გვითხრა მან.

__________

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ იგი არის Carrefour-ის ერთ-ერთი აქციონერი, ხოლო 2013 წლის დეკლარაციაში აღარ არის ეს ინფორმაცია.

მარადიდში ოჯახებს სახელმწიფომ მიწა და სახლები ჩამოართვა – “სტრასბურგამდე ვიჩივლებთ” [ვიდეო]

ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მცხოვრებ ალი დიდმანიძეს სახელმწიფომ საკუთრება ჩამოართვა. სახლი, რომელიც თავის ხელით ააშენა, ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.

ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 29 ივლისს მიიღო. ექსპროპრიაციის მოთხოვნის საფუძველი გახდა კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ის მიმართვა ეკონომიკის სამინისტროსადმი.

„აჭარ ენერჯი 2007“-მა მდინარე ჭოროხზე კირნათი ჰესი ააშენა. ჰესის მშენებლობა სასოფლო სამეურნეო და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვას ითვალისწინებს. ალი დიდმანიძე, რომლის სახლიც უნდა დაიტბოროს ამბობს, რომ ის თანახმა იყო საკუთრება გაეყიდა, ოღონდ ადეკვატურ ფასად. თუმცა კომპანია მასთან მოლაპარაკებაზე არ წამოვიდა.

ალი დიდმანიძე

„1985 წელს ავიშენე ეს სახლი. 437 კვადრატია. ევროპული რემონტი, როგორც ასეთი არ მაქვს, მაგრამ საშუალოდ მოწყობილი ვარ. მაქვს 4885 კვადრატი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

ჩემი მეუღლის, ირინა დიდმანიძის სახელზე მქონდა ერთი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული. „აჭარ ენერჯი 2007“ რომ შემოვიდა ხეობაში და ჰესის შენება დაიწყო, მივყიდე ამ კომპანიას. საბაზრო ფასზე ნაკლებად. 33 ათასი ლარი გადამიხადეს სულ. იმ მიწის რეალური ღირებულება 54 ათასი ლარი იყო, მაგრამ დავთანხმდი, რადგან ფული სამკურნალოდ მჭირდებოდა. მეც ავად ვიყავი და ჩემი ცოლიც.

შემდეგ კომპანიას დასჭირდა უკვე სახლიც და დანარჩენი მიწაც. მოვიდა კომპანიის წარმომადგენელი, დამიწყეს ლაპარაკი. მე ვუთხარი, რომ ჩემს ქონებაში 230 ათასი დოლარი უნდა გადამიხადოთ-მეთქი. ორი წლის წინ დოლარის კურსით 530 ათასი ლარი მიწევდა. მაგრამ – არაო. მერე 30 ათასი დოლარი დავაკელი და 200 ათას დოლარზე ვცადე მოლაპარაკება, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა. კომპანია მეუბნება, რომ 300 ათასს გადამიხდის სახლსა და მიწაში. ეს აბსურდია. ამას  არ დავთანხმდები.

არავინ არ გაითვალისწინა, არც სასამართლომ საერთოდ არ ნახა, რაიმე ხელმოსაკიდი თუ  მქონდა. ვიყავი თბილისში, ეკონომიკის სამინისტროში დაბარებული და ვიფიქრე, ალბათ არ აწვდიან სწორ ინფორმაციას, ჩავალ და მე მივაწვდი ინფორმაციას-მეთქი. როცა ჩავედით და დავსხედით, კომისია იყო, არავინ არ მომისმინა. ჩვენ ექსპროპრიაციაზე უნდა მივცეთ უფლებაო. მაშინ მე ვუთხარი, რაზე ჩამომიყვანეთ, მე მეგონა, რომ რაღაცას აგიხსნიდით, მომისმენდით, ტყუილად რაზე დამახარჯინეთ ფული-მეთქი.

მერე გადასცეს სასამართლოს, სასამართლო თავიდან ვითომ დადებითად გვესაუბრა, მაგრამ მერე გამოჩნდა მათი სახე, არაფერი არ გაითვალისწინა და ყველას ერთად გამოგვიტანეს ექსპროპრიაციის განაჩენი,“ –  უყვება ალი დიდმანიძე „ბათუმელებს“.

ექსპროპრიაცია შეეხო მარადიდში მცხოვრებ ახმედ დიასამიძესაც. ახმედ დიასამიძე კაპიტალური სახლის და სასოფლო-სამეურნეო მიწის გარდა, მარადიდში კერძო ბიზნესსაც ფლობს. ის წლებია თევზსაშენში თევზებს აშენებს და ყიდის. ახმედ დიასამიძემ თავისი ბიზნესი აუდიტის სამსახურს შეაფასებინა და ამ დოკუმენტაციით სცადა კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-თან მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ.

„მიწას რომ არ ვაძლევდეთ და პრობლემა იყოს, მაშინ შეიძლება გავიგო სახელმწიფოსი, რომელმაც სასამართლოს ექსპროპრიაციაზე მიმართა. ჩვენ ვაძლევთ მიწას, მაგრამ კომპანია არ იხდის იმ თანხას, რამდენიც გვეკუთვნის. ეკონომიკის სამინისტროში რომ ვიყავი დაბარებული, ვუთხარი, ვყიდი მე ამ მიწას, მაგრამ გადამიხადეთ ადეკვატური ანაზღაურება,“ – ამბობს ახმედ დიასამიძე.

ის არ აკონკრეტებს თანხის ოდენობას, თუ რა თანხად შეაფასა მისი ბიზნესი და კერძო  საკუთრება აუდიტმა. თუმცა გვეუბნება, რომ კომპანიამ მას მხოლოდ აუდიტის სამსახურის მიერ შეფასებული თანხის ნახევრის გადახდა შესთავაზა. რაზეც არ დასთანხმდა.

„როცა თანხაზე დაიწყო საუბარი, წავედი და გავაკეთებინე დოკუმენტაცია. ყველა საბუთი შევაგროვე, ბიზნეს ასოციაციიდან მომცეს დოკუმენტაცია. კომპანია „აჭარ ენერჯი 2007-მა“ სასტიკი უარი განაცხადა ამ საბუთების ცნობაზე. ხალხთან მოლაპარაკებაზე არ მოდიოდნენ. 63 წლის ვარ, ბაბუაჩემი, მამაჩემი და მერე მე, საუკუნეებს ითვლის ჩემი ოჯახის ცხოვრება სოფელ მარადიდში. ეს ყველაფერი რაც მაქვს, ჩემი ნაშრომია, მონაპოვარი მაქვს ჩემი შრომით. არავისთვის არაფერი წამირთმევია,“ – ამბობს ახმედ დიასამიძე.

ახმედ დიასამიძე

ახმედ დიასამიძე იხსენებს, რომ კირნათი ჰესის გამო ერთხელ უკვე დაზარალდა.

„2019 წლის მარტის თვეში, ჭოროხში წყალი გაუშვეს, წყლის დონემ მოულოდნელად მოიმატა და ჩემი საინკუბაციო აუზი დამიტბორა. 50 ათასი ლიფსიტა გავიდა ჭოროხში. 112-შიც დავრეკე. ყველა საქმის კურსში ჩავაყენე. მერე საბუთები მოვაგროვე, სრული დოკუმენტაცია და სასამართლოში შევიტანე. ერთი წელი გადის და ჯერ კიდევ არ დანიშნულა სასამართლო. ერთი წლის განმავლობაში სასამართლომ არ უნდა გადაწყვიტოს მტყუანი ვარ თუ მართალი?“- კითხულობს ახმედ დიასამიძე.

განსხვავებით ახმედ დიასამიძის სარჩელისგან, სასამართლომ განიხილა და გადაწყვეტილებაც გამოიტანა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელზე. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 29 ივლისს დააკმაყოფილა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე. მოსამართლის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის მიენიჭა  ექსპროპირიაციის უფლება სოფელ მარადიდში მდებარე რამდენიმე სასოფლო- სამეურნეო და საკარმიდამო მიწის  ნაკვეთზე.

გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებისთვისაა გადაცემული.

არც ალი დიდმანიძეს და არც ახმედ დიასამიძეს სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ ჰყოლიათ.

„იცით რატომ არ გვყავდა ადვოკატი? აზრი არ ჰქონდა და იმიტომ. ჩვენთან ერთად ვისაც შეეხო ექსპროპრიაცია, ორ მოსახლეს ჰყავდა, მაგრამ მოსამართლემ არავის არ მოუსმინა. არაფერი არ გაითვალისწინა საერთოდ. ახლა ველოდები, როდის ჩამბარდება მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ გავასაჩივრო,“ – ამბობს ალი დიდმანიძე.

ბრძოლას აპირებს ახმედ დიასამიძეც.

„თუნდაც სტრასბურგამდე მივიდე, თუნდაც ყველაფერი ვიზარალო და დავკარგო, არ დავთმობ არაფერს, რაც ჩემია. სახელმწიფოს გავუგებდი, რომ არ ვყიდდე მაშინ. მესმის სტრატეგიული ობიექტია და ჩამომართმევენ, მაგრამ ვყიდი. ვყიდი იმის ნაცვლად, რომ ადეკვატური თანხა მომცენ, მართმევს სახელმწიფო. მე არავის ვებრძვი. მე ვიბრძვი ჩემი ქონების დასაცავად.

ბიზნესის ასეთი ფორმით წართმევა მე ჩემს თავზე ვიწვნიე. ტელევიზორში გამოდიან და ამბობენ, მიშა ართმევდა ბიზნესსო. ესენი რას შვრებიან? მიშა უკანონოდ ართმევდა, ამათ კანონი მიიღეს და კანონით მართმევენ. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, როგორ წამართმევ – კანონით თუ უკანონოდ? შედეგი მაინც ერთია.

აუდიტმა ჩემი ქონება შეაფასა. ერთი თეთრით მეტს არ ვითხოვ და არც ერთი თეთრით ნაკლებს არ დავთანხმდები,“ – ამბობს ახმედ დიასამიძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ს. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კომპანიისგან ოფიციალური პასუხი მიგვეღო, რატომ ვერ მოხერხდა მორიგება, კომპანიასა და მოსახლეობას შორი, ვერ მოვახერხეთ.

გონიო-კვარიათის სანაპიროს მოწესრიგებას ბათუმის მერია ზაფხულის ბოლოს გეგმავს

გონიო-კვარიათში ზღვისპირა ბილიკის [პრომინადის] რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა ბათუმის მერიის გათვლებით 2020 წლის სექტემბერში დაიწყება და ამავე წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 6 აგვისტოს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 27 აგვისტოს დასრულდება. სამუშაოებისთვის 324 764 ლარია გათვალისწინებული.

ბათუმში, გონიო-კვარიათში, ზღვისპირა ბილიკის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა გულისხმობს სხვადასხვა სამშენებლო, სადემონტაჟო და სამონტაჟო სამუშაოებს, ასევე: საფარის დაგებას ბეჭდური ბეტონით, ველობილიკის, პანდუსების, ბარიერების, კიბეების, საპარკე სკამების მოწყობას და სანაგვე ურნების განთავსებას.

ტენდერის პირობის მიხედვით, საპარკე სკამის საგარანტიო პერიოდი შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 36 თვეს; სხვა დანარჩენ სამუშაოებზე კი – 12 თვეს.

„საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“, დაახლოებით 2 თვის წინ, ტენდერის არგამოცხადების მიზეზად კორონავირუსის პანდემია და ქალაქის ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება დაუსახელეს.

„არ ვიცით, როგორი იქნება შემოსავლები, მაგალითად, შემოსავალი იყო კაზინოები, ახლა ყველაფერი გაჩერებული იყო… ამ თვის ბოლომდე უნდა გადაწყდეს, რა თანხას მოგვცემენ, შესაძლოა, გადაიდოს მომავალი წლისთვის,“ – აღნიშნა მაშინ „ბათუმელებთან“ მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა, სულხან ევგენიძემ.

ამ თემაზე:

როდის გაანათებენ გონიოს ბულვარს და დადგამენ სკამებს – მერიაში ფულს ეძებენ

200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებს რეგისტრაცია 15 აგვისტოდან შეეძლებათ – მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მშობლებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად დარეგისტრირება 15 აგვისტოდან შეეძლებათ. ამის შესახებ ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის 15 აგვისტოდან დარეგისტრირება.

დარეგისტრირების შემდეგ, ჩვენი მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება, პირველიდან 15 სექტემბრამდე, ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს პრემიერმა ისაუბრა“, – განაცხადა მან.

ტიკარაძის თქმით, რეგისტრაცია სავალდებულო იქნება. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადს მშობელი არ შეავსებს, კომპენსაციას ვერ მიიღებს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი მარტივი იქნება: „გვესაჭიროება მშობლის და ბავშვის რეკვიზიტები და ანგარიშის ნომერი, სადაც თანხა უნდა გადაირიცხოს“ – განაცხადა მან.

საქართველოში 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი მიიღებს ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას სექტემბრამდე – ამის შესახებ დღეს, 6 აგვისტოს, განაცხადეს მთავრობაში.

ამავე თემაზე:

17 წლამდე მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ – გახარია

 

 რა წესებით შეიძლება დარბაზში ქორწილის გადახდა – ახალი რეკომენდაციები

ღია და დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებებისთვის [ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.] საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ზოგადი რეკომენდაციები და მოთხოვნები დამტკიცდა.

ამ მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა, როგორც დახურულ სივრცეში [დარბაზში] ასევე ღია სივრცეებში, თუმცა ქორწილისა და სხვა ღონისძიებების გამართვა დახურულ სივრცეში [დარბაზში] ამ დროისთვის კვლავ აკრძალულია.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესებით, დახურულ დარბაზში ღონისძიების ჩატარებისას რეკომენდებულია ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდის გამოყენება; მაგიდების და დასაჯდომი ადგილების კი უნდა განლაგდეს შემდეგნაირად:

  • მაგიდებს შორის უნდა იყოს დაცული უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
  • ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია;
  • ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25 კვ/მ-ს;
  • სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი უნდა იყოს;
  • ერთ მაგიდასთან დაუშვებელია 6-ზე მეტი ადამიანის განთავსება.

რეკომენდაციების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. ამასთან: 30 მ2-მდე დარბაზში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება; 31 მ2-დან ზემოთ კი, შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართობის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2).

დახურულ სივრცეებში აუცილებელია ბუნებრივი ვენტილაცია, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არ არის, დაშვებულია „ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. ამასთან, აუცილებელია საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე“.

დარბაზში სტუმრებს უნდა შესთავაზონ ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ. „ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით; სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით“, – აღნიშნულია რეკომენდაციებში.

ამ მოთხოვნების საილუსტრაციოდ კი, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

[toggle title=”რეკომენდაციების სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ღია და დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებებისთვის (მაგ: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.)

 ზოგადი რეკომენდაციები:

  • მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით;
  • წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით);
  • მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს, ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ, ხოლო მომხმარებლებისთვის, ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განათავსეთ განცხადებები ხელმისაწვდომ ადგილას;
  • უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი ვიდეოსკანერის ან დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით;
  • აკონტროლეთ დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა;
  • დახურული სივრცის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • ბართან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი – მომხმარებელთა პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით;
  • სამუშაო ადგილზე უზრუნველყავით ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება.

მოთხოვნები ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

განმარტება:

ტერასა/ვერანდა – გადახურული/ნახევრად გადახურული ან გადახურვის გარეშე სივრცე, რომლის არანაკლებ 1 მხარე უკავშირდება ღია სივრცეს და სადაც მოხვედრა შესაძლებელია მათ შორის კვების ობიექტის შიდა სივრცის გავლით;

 ღია რესტორანი – გადახურული/ნახევრად გადახურული ან გადახურვის გარეშე სივრცე, რომლის არანაკლებ 1 მხარე უკავშირდება ღია სივრცეს და სადაც მოხვედრა შესაძლებელია დამოუკიდებელი შესასვლელით. 

  • მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
  • სკამების საზურგეებს შორის – მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;
  • 1 მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
  • დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მაგიდებს შორის 2-მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;
  • მაგიდებთან მომსახურებისას გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
  • სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
  • უზრუნველყავით შენობების გარეთ (ღია სივრცეში) მაგიდების განლაგება იმგვარად, რომ მოხერხდეს სათანადო დისტანციის შენარჩუნება საფეხმავლო ბილიკებზე, საერთო სივრცეებში მოძრავ პირთა მიმართ.

მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  • გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
  • მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
  • ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია;
  • ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს;
  • სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;
  • ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
  • გამონაკლისი სახით შესაძლებელია მხოლოდ 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. ამასთან:
  • 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება;
  • 31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2);
  • დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
  • უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
  • ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პროცედურები:

  • სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში:
  • ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;
  • გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;
  • გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;
  • გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;
  • დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;
  • წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი უნდა გაირეცხოს ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით;
  • ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰ C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;
  • ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისთვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობისათვის;
  • დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;
  • ლუდის ბარებში ჭიქები და ბოკალები ირეცხება არანაკლებ 45-50⁰C ტემპერატურის ცხელი წყლითა და სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
  • სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.

მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების  ჰიგიენური  რეჟიმის  დაცვის წესი:

  • გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;
  • ნახმარი ხელსახოცების   შეგროვება  მოხდეს  სპეციალურად  ამ  მიზნისთვის  განკუთვნილ  ტომარაში  ან  სხვა  თავდახურულ  მოცულობაში.

დასუფთავება და დეზინფექცია:

  • გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები  საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.);
  • დასუფთავებისთვის დააწესეთ პერიოდული 2 საათიანი რეჟიმი;
  • დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ  იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: სახელურები, ლიფტის ღილაკები, ჩამრთველები, კარის ღილაკები და ა.შ.;
  • დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარდეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი;
  • მრავალჯერადი გამოყენების დასალაგებელი ინვენტარი (მაგ. იატაკის საწმენდი ტილო) გამოყენების შემდეგ გარეცხეთ და დაამუშავეთ სადეზინფექციო საშუალებებით; არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საერთო სარგებლობის სივრცეების დალაგება/დეზინფექცია უნდა მოხდეს სველი წესით, ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად.

მოთხოვნები ღონისძიების ადგილისადმი ღია სივრცეებში:

  • უზრუნველყავით ღონისძიების ადგილის ორგანიზება იმგვარად, რომ მოხდეს უსაფრთხო (2 მეტრი) დისტანციის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტაქტების თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენეთ დამცავი ბარიერები;
  • თუ ღონისძიება ითვალისწინებს ფეხზე დგომით დასწრების შესაძლებლობას, ღონისძიების პერიმეტრზე მონიშნეთ უსაფრთხო მანძილები;
  • უზრუნველყავით ღონისძიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის წინასწარ სანიტარიული დასუფთავება/დეზინფექცია შესაბამისი წესით;
  • უზრუნველყავით ღონისძიებისთვის განკუთვნილი აპარატურის, მიკროფონების და სხვა საშუალებების წინასწარ  და შემდგომ დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით.

ღონისძიების ორგანიზატორის ვალდებულებები:

  • განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • ობიექტის შესასვლელში, დასაქმებულებისა და სტუმრებისთვის, განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
  • უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა: წყლითა და თხევადი საპნით;
  • უზრუნველყავით სამუშაო ადგილებზე ერთჯერადი ხელსახოცების განთავსება;
  • დასაქმებულები უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, პირბადეები, დამცავი ფარები/ სათვალეები, წინსაფრები, სპეც.ფეხსაცმელი);
  • ყოველი მომხმარებლის გამასპინძლების შემდგომ, მოახდინეთ მაგიდების წმენდა სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით;
  • მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
  • პერიოდულად, რამდენჯერმე (არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით), გაანიავეთ სამუშაო სივრცეები;
  • უზრუნველყავით ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დასუფთავება რამდენჯერმე (2-საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
  • უზრუნველყავით დასაქმებულთა/ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყავით სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება და დამუშავება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
  • უზრუნველყავით სპეც.ტანსაცმლის ცენტრალიზებული რეცხვის შესაძლებლობა;
  • გაზრდილი სიხშირით განახორციელეთ ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან;
  • გამოიყენეთ ყველა სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;
  • ღონისძიების ორგანიზატორი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.

დასაქმებულთა ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
  • სამუშაოების შესრულებისას   გამოიყენეთ   სრულად   ის  ინდივიდუალური   დაცვის  საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;
  • სამუშაოს დამთავრებისას სადეზინფექციო  საშუალებებით  დაამუშავეთ  სამუშაო  ადგილები  და  ის  ხელსაწყოები,  რომელსაც  იყენებთ  სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
  • ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას, გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
  • მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება (შესაძლებელია ჩაჩის, ან სპეციალური თავსაბურავის გამოყენება);
  • ხელთათმანების შეცვლა მოახდინეთ ხშირად. შეცვლისას აუცილებელია ხელების დაბანა. ხელთათმანები  არ  განიხილოთ როგორც ხელების დაბანის შემცვლელი საშუალება. ხელის ჰიგიენის ჩატარების გარეშე ხელთათმანების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ზედაპირზე არსებული არაპათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლება და კანის საფარველის დაზიანება;
  • ხელთათმანები შეცვალეთ დაბინძურებისთანავე, მაგალითად, ხელით კარების გახსნა / დახურვა, ყუთების დაცლა, გადაუმუშავებელი სასურსათო პროდუქტების დამუშავების (რეცხვა, გასუფთავება) შემდეგ და ა.შ.

[/toggle]

 

დღეს მოქმედი იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით, „იზღუდება დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.)“.

აღნიშნული შეზღუდვის გამო ბათუმში სარიტუალო დარბაზების მფლობელებმა აქციაც გამართეს:

იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით, „ღია სივრცეში 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა კი, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად“.

ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო, რიტუალური და სხვა ღონისძიებების ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა, 20 ივლისიდანაა ნებადართული.

ამ თემაზე:

როდის შეძლებთ ქორწილის გადახდას და რა შემთხვევაში დააჯარიმებენ სიძე-პატარძალს

სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს სწავლის საფასურს დაუფინანსებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო აპირებს ფინანსურად დაეხმაროს სამხედროებს, მათი ოჯახის წევრებს და დაუფინანსოს სწავლის საფასური.

„ახალი პროექტი ითვალისწინებს განათლების ხელშეწყობას, ამიტომ თავდაცვის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50-პროცენტიან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2 250 ლარის ნახევარის დაფარვას“, – ინფორმაციას წერილობით ავრცელებს განათლების სამინისტრო.

ამავე წყაროს ცნობით, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდიაც“ დაენიშნებათ“.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის – „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში იგეგმება თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ სტუდენტებისთვის პრეზენტაციების გამართვა საქართველოს სამხედრო ისტორიის, ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის და სხვა თემატური საკითხების შესახებაც.

ამავე თემაზე:

17 წლამდე მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ – გახარია

ამ შაბათ-კვირას ბათუმში ხომ არ მოდიხარ? | ყველა საჭირო ინფორმაცია ერთად

დასაწყისშივე გეტყვით, რომ ეს სტატია 8-9 აგვისტოს ბათუმში გასატარებელი შაბათ-კვირის გეგმების დალაგებაში დაგეხმარებათ, იქნება თქვენი გიდი წვიმასა თუ მზეში და მოდით, ამინდით დავიწყოთ:

8-9 აგვისტოს ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. წყარო: meteo.gov.ge

დილა ბათუმში

კვირის ბოლო დღეებში დილა ბათუმში ზანტად იწყება. თუმცა დილაადრიან ნახავთ მხარზე პირსახოცგადაკიდებულ ადამიანებს, რომლებიც სანაპიროსკენ საცურაოდ მიემართებიან. ბათუმში ზღვამდე თუ ზღვის შემდეგ ყავის დალევა მაგიური რიტუალია, რომელიც ერთნაირად გემრიელად სრულდება, როგორც საკუთარ სამზარეულოში, ისე სანაპიროზე მდებარე კაფეებში. ბათუმის შემოსასვლელში, პორტისა და ნავსადგურის მიმდებარედ მარტივად იპოვით თქვენი გემოვნების შესაბამის, ღია თუ დახურულ კაფეს, სადაც ბათუმურ, ნალექიან ყავას ქვიშაზე მოგიხარშავენ.

ფოტო “ბათუმელები”

სანამ აჭარულ ხაჭაპურს შეუკვეთდეთ…

სანამ მზე მთელი ძალით გაათბობს და გაანათებს ქალაქს, ყავის სმის შემდეგ, გირჩევთ, სანაპიროდან ჭავჭავაძის ქუჩით დაუყვეთ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმამდე და იხილოთ არაჩვეულებრივი კოლექციები, რომელთა უმეტესობაც აჭარის ტერიტორიაზე ადგილობრივი არქეოლოგების მიერაა აღმოჩენილი, მათ შორის ოქროს ფონდი, მდიდარი ულამაზესი ნაკეთობებით, რომელიც თვალწინ გაგიცოცხლებთ, მაგალითად, როგორ იმკობდნენ თავს კოლხი ასულები.

ოქროს ყელსაბამი ჩიტისა და ჯიხვის გამოსახულებიანი საკიდებით, ძვ.წ. V ს.
აღმოჩენის ადგილი: ქობულეთი, ფიჭვნარის ძვ.წ. V ს ბერძნული ნეკროპოლისი.
წყარო: ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

მუზეუმიდან გამოსულებს სადილამდე კიდევ ერთ გამოწვევას გთავაზობთ: 12 სიმბოლური ადგილი ბათუმში საუკეთესო ფოტოების გადასაღებად. თუ ყველას შემოვლას ვერ მოასწრებთ, ბათუმელი ძაღლის, კუპატას სტენსილთან მაინც არ გამოგრჩეთ სელფი, შეიძლება გაგიმართლოთ და თავად კუპატასაც გადააწყდეთ თავისი პორტრეტის სიახლოვეს.

აჭარული ხაჭაპური და სხვები

დარწმუნებულები ვართ, რომ ბათუმში ვიზიტი არავითარ შემთხვევაში არ ჩაივლის აჭარული ხაჭაპურის გარეშე, და ასეც უნდა იყოს. ალბათ, უცნაური არცაა, ქალაქის ყველა რესტორანი და კაფე ერთმანეთს რომ ეჯიბრება, ვის გამოსდის ყველაზე კარგად ამ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის “გამოქანდაკება”, თუმცა არჩევანი თქვენთვის მოგვინდვია.

აჭარული ხაჭაპური ჰო, მაგრამ სინორი ან ყურუთი გაგისინჯავთ? იახნი? თუ ამ სახელებს თქვენს წარმოსახვაში არცერთი გემოს რეცეპტორი არ გამოეხმაურა, მაშინ დროა აჭარული კულინარიის სიმაღლეებზე, უფრო ზედა საფეხურისკენ წახვიდეთ. ჩვენის მხრივ გირჩევთ იმ ტრადიციულ კერძებს, რომელიც უნდა დააგემოვნოთ ბათუმში ვიზიტისას.

საიდან ვნახავთ ლამაზ დაისებს?

რა თქმა უნდა, სანაპიროზე. იქნება ეს უშუალოდ ნაპირი და შემაღლებული შენობის აივნები და ფანჯრები. მზიან დღეს უფერადესი დაისი მოჰყვება. აუცილებლად ღირს ამ დროს მარტო თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად ჩუმად ჯდომა და იმაზე ფიქრი, მზე მართლა ზღვაში ჩადის თუ დედამიწა ტრიალებს მის ირგვლივ.

მზის ჩასვლის შემდეგ

მზეს ყველა რომ გამოეთხოვება, ქალაქი უამრავი ფერადი შუქით ინთება. თუ გინდათ სრული მოხაზულობა იხილოთ, ნავსადგურს ეწვიეთ. მზის ჩასვლის შემდეგ ნავსადგურში ზღვის ქარს მთის ქარი ცვლის, ადამიანებიც დასასვენებლად უფრო მეტად სანაპირო ზოლს ირჩევენ. ნავსადგურში უამრავი იახტა და ნავია, რომლით გასეირნებაც საოცარ შესაძლებლობას მოგცემთ, ჩახედოთ ბათუმს თვალებში და ყველა სენისგან განიკურნოთ.

ღონისძიებები – როგორ გავერთოთ?

ვინც გართობას ან კულტურულ დასვენებას გეგმავთ, გაგიმართლათ, მთელი შაბათ-კვირა ქალაქში უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი. მაშ მივყვეთ:

ბიაფფიადა  ბათუმის კინოფესტივალის პროექტია, რომლის ფარგლებშიც მთელი აგვისტოს მანძილზე პარასკევს, შაბათსა დ აკვირას 21 საათზე უფასო კინოჩვენებებს შემოგთავაზებთ.

ამ შაბათ-კვირას ემთხვევა საქართველოს მერვე ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში “ბრეინრინგი”. თუ მეგობრებთან ერთად ისვენებთ და საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოცდა გინდათ, გაქვთ შანსი ითამაშოთ “რა?სად?როდის?” , ბრეინრინგი და ჯეპარდი. ტურნირი ორ დღეს გასტანს და გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონებს.

მუსიკალურ ღონისძიებებს რაც შეეხება, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის 8 და 9 აგვისტოს სანაპიროს კლუბებში ისეთი მუსიკოსები დაუკრავენ, როგორებიც არიან SUMO, Hatsvali / HTSVL , Kura და სხვები.

9 აგვისტოს ასევე დიდი ვარსკვლავთცვენაა მოსალოდნელი. ბათუმში მყოფი მსმენელისთვის დაუკრავენ და იმღერებენ Bedford Falls, Killages, ერეკლე დეისაძე ბენდით და ანა გოგიაშვილი.

ერეკლე დეისაძე /kibe

გზადაგზა შეგიძლიათ ბარებიც შემოიაროთ და გაიგოთ, სად გიმასპინძლებენ ღამით ბათუმში.

დაუვიწყარ დასვენებას გისურვებთ!

როგორ დავიცვათ ბავშვები ნაწლავის ჩხირისა და მწვავე დიარეული დაავადებებისგან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ზაფხულის პერიოდში მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს აქვეყნებს.

სამინისტროს ცნობთ, ზაფხულზე მოდის მწვავე დიარეული დაავადებების რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც დაკავშირებულია მაღალ ტემპერატურაზე მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.

შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვებზე.

დიარეით მიმდინარე დაავადებათა შორის ნაწილი შესაძლებელია გამოწვეული იყოს პათოგენური ნაწლავის ჩხირით, რომელთა მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პატარა ასაკის ბავშვები და მოხუცები.

გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში ხვდება პირის ღრუს გზით დაბინძურებული რძის (არაპასტერიზებული), ხილის, ბოსტნეულის და სხვა პროდუქტის, ან დაბინძურებული სასმელი წყლის მიღებით, შეიძლება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტისას. შემთხვევათა დაახლოებით 5-10%-ში შეიძლება განვითარდეს გართულებები და ჰემოლიზურ ურემიული სინდრომი (ჰუსი). ყოველწლიურად, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, აღირიცხება ჰუს-ის ერთეული შემთხვევები, რაც შეიძლება აიხსნას თვითმკურნალობით და სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებული მიმართვით, რადგან გართულებები ძირითადად ვლინდება დაავადების სიმპტომების დაწყებიდან 7 დღის შემდეგ.

დიარეულ დაავადებათა და მათგან გამოწვეულ გართულებათა თავიდან აცილების მიზნით საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

  • წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;
  • გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:
  • მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს;
  • მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
  • მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი და მოხარშული პროდუქტი. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მოხარშული პროდუქტი შენახული თავდახურულ პატარა ზომის ჭურჭელში;
  • სამზარეულოში აუცილებელია მოიხმაროთ უმი და მოხარშული პროდუქტისათვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისათვის) იზოლირებული დასამუშავებელი დაფები;
  • არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი;
  • სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
  • მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;
  • სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტების და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი, სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი და ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები დაცულია;
  • დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;
  • დაავადებათა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს;
  • ექიმის მოსვლამდე თავი შეიკავეთ საკვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს;
  • დაუშვებელია თვითმკურნალობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს აღინიშნება შემთხვევათა დაახლოებით 38%-ით კლება გასული წლების იმავე პერიოდებთან შედარებით.

ამავე თემაზე: 

ბათუმიდან თბილისში 7 ბავშვი გადაიყვანეს თირკმელთან დაკავშირებული პრობლემებით

საშიშია თუ არა წითელი ხალი – ექიმის განმარტება

წითელი შეფერილობის ხალები სხეულზე დიდი იშვიათობა ნამდვილად არ არის, თუმცა კითხვებზე – რატომ არის ის წითელი, როდის ჩნდება და საშიშია თუ არა  – პასუხები არ გვაქვს. “ბათუმელებს” ამ თემაზე ექიმი ონკოლოგი მზია ხალვაში ესაუბრა.

  • ქალბატონო მზია, რას წარმოადგენს წითელი ხალი?

ეს არის კაპილარული ჰემანგიომა, რომელიც წარმოადგენს სისხლძარღვოვან კეთილთვისებიან წარმონაქმნს. ჩვეულებრივ იგი ღია წითელი ფერისაა, ზოგჯერ მოლურჯო მუქი შეფერილობა დაჰკრავს. ყველაზე ხშირად გვხვდება სახის მიდამოებში. როგორც წესი, არ არის საფრთხისშემცველი, მას ახასიათებს კეთილსაიმედო მიმდინარეობა. მისი განვითარება ხდება წვრილი კაპილარული სისხლძარღვიდან. მიზეზებზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლოა ეს განვითარდეს კანქვეშა კაპილარული ქსელის დაზიანების ფონზე, შესაძლოა განვითარდეს დამოუკიდებლადაც.

იგი შესაძლოა იყოს მრავლობითი ფორმით კანზე განფენილი, შესაძლოა იყოს წერტილოვანი ფორმით, შეიძლება მთელი სხეულის პერიმეტრზეც ჰქონდეს ადამიანს… მაგრამ იმისთვის, რომ დაზუსტებით ითქვას საყურადღებოა მათი გაჩენა თუ არა, მნიშვნელოვანია კლინიკური დათვალიერება. უმეტესად, შემთხვევათა 99%-ში მას კეთილსაიმედო მიმდინარეობა აქვს, არ წარმოადგენს საფრთხეს ორგანიზმისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი მონიტორინგი.

  • რა შემთხვევაში შეიძლება იყოს წითელი ხალი საყურადღებო? 

წესით, ასეთი წარმონაქმნი სანერვიულო არ არის, ოღონდ მანამ, სანამ იგი ფორმას, ზომასა და ფერს არ იცვლის. ჩვეულებრივ იგი ღია წითელი ფერისაა, ზოგჯერ მოლურჯო მუქი შეფერილობა აქვს.

ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია ვიზუალური დათვალიერება ამ წარმონაქმნის, რათა შეფასდეს აქვს თუ არა მას სამომავლოდ რაიმე რისკები. თუ იგი დროთა განმავლობაში იცვლის ფორმას, ზომას, კონსისტენციას, შეფერილობას – ასეთი ტიპის ჰემანგიომა კონტროლზეა ასაყვანი.

  • ვიცით, რომ, ზოგადად, ხალის დაზიანება საშიშია, ეხება თუ არა ეს წითელ ხალს? 

თუ ჰემანგიომა მდებარეობს სხეულის ისეთ ადგილზე, სადაც მუდმივად შეხებაშია რაიმესთან (მაგალითად, სამკაულთან) და ტრამვირდება, გართულებების თვიდან ასაცილებლად

ექიმი ონკოლოგი მზია ხალვაში

სასურველია მისი  დროული ლიკვიდაცია. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა არსებობს.

  • როგორ შეიძლება ახალი ჰემანგიომის მონიტორინგი სახლის პირობებში?

კარგია, თუ გადაიღებ ფოტოს სხვადასხვა დროს და დინამიკაში  დააკვირდები – ხომ არ გაჩნდა რაიმე წანაზარდი, ხომ არ  განიცადა ფორმის ცვლილება.

ზოგადად, ჰემანგიომა სხვადასხვა ფორმის, ზომისა და შეფერილობის შეიძლება იყოს, შესაძლოა ჰემანგიომა კანიდან მილიმეტრით აწეული იყოს, შესაძლოა სულაც კანქვეშ იყოს – ანუ არის ისეთი ჰემანგიომა, რომელიც ღრმად არის კანქვეშ და, ფაქტობრივად, კანის საფარველიდან იძლევა ოდნავ მუქ შეფერილობას. რთულია წინასწარ დაზუსტებით რაიმეს თქმა ამა თუ იმ ფორმისა თუ ზომის ჰემანგიომაზე.

  • ეჭვის შემთვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?

სიმშვიდისთვის უკეთესია ნახოს ონკოლოგმა, დათვალიერდეს დერმატოსკოპიით და შეაფასოს  ნამდვილად უსაფრთხოა თუ არა. ასევე მნიშვნელოვანია მისი გაკონტროლება დინამიკაში წლების  განმავლობაში. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვეულებრივი ხალი ბევრად უფრო საყურადღებოა, უფრო ზუსტად – რისკისშემცველია, თუ მასში გაჩნდა რაიმე ცვლილება თუნდაც ფერის მხრივ, ასეთ დროს აუცილებელია მისი აქტიური კონტროლი დინამიკაში.

Exit mobile version