მთავარი,სიახლეები

რამდენად რეალურია ოჯახიდან 9 შვილის იძულებით წაყვანის ამბავი

08.08.2020 • 2810
რამდენად რეალურია ოჯახიდან 9 შვილის იძულებით წაყვანის ამბავი

დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოში პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელია, თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას აჭარაში, სოფელ თხილნარში მცხოვრები 9 ბავშვის შესახებ, რომ თითქოს ბავშვები სოციალურმა სამსახურმა, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. ინფორმაცია, როგორც ახლა მომხდარი ფაქტი ისე ვრცელდება და მას სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი აზიარებს.

ლორთქიფანიძე წერს, რომ ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რუსეთშიც და მას სწორედ იქედან გამოეხმაურენ. „ეს წუთია, პეტერბურგიდან დამიკავშირდა ჩვენი თანამემამულე, ბატონი ილია ძოწენიძე და მთხოვა, საჯაროდ განმეცხადებინა, რომ მას აქვს სურვილი, ყოველმხრივი კომპლექსური დახმარება აღმოუჩინოს ფ.-ის მრავალშვილიან ოჯახს“, – წერს ის ფეისბუქში.

როგორც „ბათუმელებმა“ არაერთ ინფორმირებულ პირთან და სამსახურთან გაარკვია, თხილნარში  მართლაც ცხოვრობდა ოჯახი ცხრა არასრულწლოვანი ბავშვით, თუმცა ბავშვები არა ახლა, არამედ ერთი წელია, რაც მინდომით აღზრდაში იმყოფებიან.

რატომ გადაიყვანეს ბავშვები მინდობით აღზრდაში? – ვკითხეთ ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელს სოფელ თხილნარში თამაზ წულუკიძეს. მისი თქმით, ბავშვები არასათანადო პირობების გამო გადაიყვანა სოციალურმა სამსახურმა.

„ამ ოჯახს მერიამ ქალაქში ბინა უყიდა, თუმცა სამი წლის წინ ეს ბინა სოფლის სახლში გადაცვალეს და აქ დასახლდნენ. გამგეობამ უყიდა ძროხაც, ჰქონდათ ყოველთვიური დახმარებაც და ბავშვების თანხასაც იღებდნენ… მე ვფიქრობ, რომ სოციალური სამსახური სწორად მოიქცა“, – ამბობს წულუკიძე.

მისი თქმით, მშობლები სოცმუშაკს ყოველ ჯერზე ჰპირდებოდნენ, რომ ბავშვებს სათანადოდ მოუვლიდნენ, თუმცა მდგომარეობა იგივე რჩებოდა.

წულუკიძის თქმით, ბავშვების მამა მშენებლობაზე მუშაობდა ქალაქში, დედა კი ბავშვებთან სახლში იყო.

საკმარისი იყო ამ ოჯახისთვის გამოყოფილი შემწეობა ცხრა ბავშვის უზრუნველსაყოფად? – ვკითხეთ თამაზ  წულუკიძეს. მან თქვა, რომ – კი. „ბევრმა დამირეკა დღეს, სოციალურ ქსელში აჟიოტაჟია ატეხილიო. ჩემი აზრით, ამ ოჯახს ყურადღება არ მოკლებია“, – ამბობს წულუკიძე.

„ბათუმელები“ თხილნარის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, გულნაზ კარანაძესაც ესაუბრა, რომელიც ადასტურებს ბავშვების მინდობით აღზდაში გადაყვანას.

„ჩვენს სკოლაში მხოლოდ 5 ბავშვი დადიოდა. აქედან ოთხი ბავშვი იყო სპეციალური საჭიროების მქონე. გაცდენით იშვიათად აცდენდნენ. სპეცმოსწავლეები იყვნენ და დამატებით ვმუშაობდით ბავშვებთან“, – გვითხრა დირექტორმა.

დირექტორის თქმით, „სოცმუშაკს, რომელიც ხშირად დადიოდა ოჯახში, ბავშვები არასათანადო გარემოში ხვდებოდა“.

როგორც დირექტორი ამბობს, ბავშვები მხოლოდ ორი წლის განმავლობაში იყვნენ პირველ სკოლაში და ერთი წელია სხვა სოფელში გადაიყვანეს. „გასულ წელს, აგვისტოში მოხდა მობილობა და როგორც ვიცი, არც მშობლები იყვნენ ბავშვების მინდობით გადაცემის წინააღმდეგი“, – გვითხრა გულნაზ კარანაძემ.

დირექტორის თქმით, 5 ბავშვი ერთ ოჯახში ცხოვრობს, 4 კი ერთად  – მეორე ოჯახში.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის ცენტრის უფროსს ცისანა ჩიკვაიძეს. მისი თქმით, ოჯახიდან ბავშვების გაყვანის ძირითადი მიზეზი ბავშვების უგულებელყოფა იყო. „მიტოვებული ჰყავდათ“, – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.

„ორი შვილი სახელმწიფო ზრუნვაში ჰყავდა და სწორედ ჩვენ დავუბრუნეთ და რატომ ვიქნებით დაინტერესებული ბავშვების ბიოლოგიური ოჯახიდან გაყვანით? 2009 წლიდან მუშაობს სოციალური მუშაკი ამ ოჯახთან. აჭარაში არც ერთ ოჯახს არ უსარგებლია სახელმწიფოს იმდენი სერვისით, რაც ამ ოჯახმა ისარგებლა.

ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ოჯახი გაძლიერებულიყო, რადგან ორი ბავშვი იყო რეინტეგრაციის კომპონენტში ჩართული და მახინჯაურის ბავშვთა სახლიდან გამოვიყვანეთ, ოჯახის გაძლიერებაზე გვქონდა მხოლოდ ორიენტაცია. იქნება ეს განათლება, ჯანმრთელობა, როგორც მშობლის, ასევე ბავშვების და ათი წელია ამაზე ვმუშაობდით. ბოლოს მაინც დადგა ეს საშიშროება, ანუ გამოუვალი მდგომარეობა, ვინაიდან ბავშვების მიტოვების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა“, – ამბობს ცისანა ჩიკვაიძე.

მისი თქმით, სამი წლის წინ ბათუმის მერიამ ამ ოჯახს ხიმშიაშვილის ქუჩაზე (მაკდონალდსის გვერდით) საჩუქრად გადასცა 120 კვადრატული ბინა და 72 ათასი ლარი ჩაურიცხა ანგარიშზე ბინის კეთილმოწყობისთვის. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ოჯახმა ეს ბინა თხილნარში, ისეთ სახლში გადაცვალა, „სადაც ყველაფერი გასაკეთებელი იყო“. „როგორ ფიქრობთ, ამოდენა თანხა და ბინა იმ სოფელზე გადაიცვლებოდა?“ – ამბობს ჩიკვაიძე.

მისი თქმით, გარდა აღნიშნული დახმარებებისა, ოჯახს ყოველ შეძენილ ბავშვზე ეძლეოდა კვების ვაუჩერი ერთი წლით და 2 ათასი ლარი წელიწადში ორჯერ.

„ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას და ბავშვებისთვის განკუთვნილ ყოველთვიურ შემწეობასაც. გაკეთდა ქველმოქმედება და ერთი ბავშვი დადიოდა კერძო ბაღში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვები“ დაეხმარა და არაერთხელ მიუტანა საკვები, ავეჯი, ტექნიკა. კომპიუტერიც უყიდეს უფროს ბავშვს“, – ამბობს ჩიკვაიძე.

მისი თქმით, ბავშვებს არ აქვთ შშმ სტატუსი, არამედ აკადემიური ჩამორჩენა აქვთ და სწორედ ამიტომ სჭირდებოდათ მათ ინდივიდუალური სამუშაო გეგმა.

ცისანა ჩიკვაიძის თქმით, ბავშვები დღეისთვის გვერდიგვერდ ოჯახებში ცხოვრობენ და ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ. „ასევე, მშობლებს უფლება აქვთ მოინახულონ ბავშვები და გაიყვანონ კიდეც“.

ბავშვების მინდობით აღზრდაში გადასვლის შემდეგ მშობლებს შეუწყდათ ყველა სახის სოციალური დახმარება. „სერვისებს იღებენ მხოლოდ ბავშვები“ – ამბობს ჩიკვაიძე. მისი  თქმით, სოციალური სამსახური მიმართულია იქეთკენ, რომ ბიოლოგიური ოჯახი გაძლიერდეს და ბავშვი იზრდებოდეს მშობლებთან. თუმცა, არის გამოუვალი  შემთხვევებიც. „ამ შემთხვევაშიც ორივე მშობელმა კარგად იცის, რატომ გამოვიდნენ ეს ბავშვები ოჯახიდან“, – გვითხრა ცისანა ჩიკვაიძემ.

ჩვენ დავუკავშირდით ბავშვების დედას, მ.ფ-ს და ვკითხეთ, თუ რა იყო ბავშვების ოჯახიდან გაყვანის მიზეზი. „მიზეზად მეუბნებიან, რომ ტუალეტი და აბანო არ მქონდა მოწესრიგებული, „კუხნა“ არ მქონდა და მოუვლელი იყვნენ ბავშვები. სხვა არ ვიცი“, – გვეუბნება ქალი.

დედას ვკითხეთ, თუ რატომ გადაცვალეს ქალაქის ბინა კეთილმოუწყობელ სახლში ან რატომ ვერ გაარემონტეს სახლი იმ თანხით, რომელიც მერიამ გამოუყო. ქალი ამბობს, რომ რემონტისთვის საჭირო თანხა საკმარისი არ იყო: „31 ათასი ლარი მოგვცეს რემონტისთვის, მაგრამ სველი წერტილების მოწესრიგებას კი არა საერთოდ არაფერს არ ეყო. ამ ფულით ვიყიდე სარეცხი მანქანა, მაცივარი, საწოლები“.

დედის თქმით, ოჯახს ბევრი უწყება და ადამიანი ეხმარებოდა, თუმცა არც ეს დახმარება და არც სოციალური შემწეობა საკმარისი არ იყო. ქალი ამბობს, რომ ქმართან ერთად ახლა დასუფთავების სამსახურში მუშაობს და დილით 5 საათზე გადიან სახლიდან. მას ვკითხეთ, თუკი დაუბრუნებენ შვილებს, ვისთან დარჩებიან არასრულწლოვანი ბავშვები. დედა ამბობს, რომ ბინას იქირავებს „ან რამეს იზამს“.

დედის თქმით, ამჟამად მისი შვილები მშვიდ გარემოში ცხოვრობენ და აქამდე მათ გამოყვანასაც ახერხებდა, თუმცა სამუშაოს დაწყების შემდეგ ეჭვობს, რომ ხშირად მიკითხვას ვეღარ მოახერხებს.

___________________________________

მთავარი ფოტო: მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების სახლიდან/„ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: