მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ოკუპაცია დროებითია

08.08.2020 • 2101
ოკუპაცია დროებითია

ავტორი: სულხან ღლონტი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

დღეს 8 აგვისტოა, აგვისტოს მოვლენების მთავარი დღე, ასე დამკვიდრდა ეს დღე ჩვენს ცნობიერებაში.

ზოგადად, ოკუპანტის, დამპყრობლის მთავარი მიზანია, დაპყრობილი ხალხების თავისუფლების გაცნობიერების განცდების მინიმუმამდე დაყვანა და შემდეგი ეტაპისთვის საერთოდ გაქრობა. ასე იყო მაგალითად მეფის რუსეთის დროს. დაპყრობილი ერების აზროვნება დაჰყავდათ პრიმიტიულ დასკვნამდე – „ჩვენ მარტონი ვერაფერს შევძლებთ“, ანუ მომავალი (დამპყრობლის) გარეშე არ გვაქვს. პრიმიტიული დასკვნები კი პრიმიტიულ საზოგადოებას, ან ინდივიდს ახასიათებს, კოლექტიური თანხმობა მსგავს ნარატივზე, უკვე იყო დამპყრობლის გამარჯვება. ამიტომ ჩვენი ისტორიის ცალკე თავი უნდა იყოს აჯანყებების ისტორია. როგორი სტიქიურიც არ უნდა ყოფილიყო აჯანყება, ბუნებრივია, სამხედრო ელიტების, ან ცალკეული ლიდერების გარეშე იგი ვერ ხორციელდებოდა და ამიტომაც ისტორიულად იყო და არის სამხედრო ელიტა დამპყრობლის მთავარი სამიზნე ყველა დროში. ისინი ყველგან ეძებდნენ წინააღმდეგობის ენერგიას, მათი საბოლოო განადგურების მიზნით და ასე იქნება მომავალშიც.

8 აგვისტოს მოვლენები ჩემთვის და ალბათ ყველასთვის არის ქართული შეიარაღებული ძალების პასუხი მომავლისთვის, რომ პასუხი იქნება სულ, ხან სუსტი, ხან ორგანიზებული, ხანაც ძლიერი, მაგრამ პასუხი მტრისთვის, რომ ქართველი სამხედროები და, ზოგადად, ქართული საზოგადოება მზად არის ქართული სახელმწიფოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის იდეის დასაცავად. აქ მასშტაბები და შესაძლებლობები სხვა მოსაზრების თემაა.

ჩვენთან, საქართველოსთან ყველა დამპყრობელმა დააგვიანა, ჩვენი კულტურული და გეოგრაფიული იდენტობა უკვე სხვა გზას არ ტოვებდა გარდა იმისა, რომ თუნდაც საკუთარი თავის რიტუალური მსხვერპლშეწირვის ხარჯზეც კი წავსულიყავით ბოლომდე, მაშინ, როცა ეს ბოლო მართლაც ბოლო და უკანასკნელი შეიძლება ყოფილიყო.

შინაგანად ვიცით, გრძნობების დონეზე ვიცით, ოკუპაციის დროს, როცა ჩვენი სხეულის ერთი მცირე, სუსტი ნაწილი გარბის საზღვრებისკენ „თავის გადასარჩენად“, უფრო დიდი ნაწილი მზადაა იბრძოლოს ბოლომდე. გამქცევი იყო და იქნება მუდამ, საზღვრებიც (თავშესაფრები) სხვადასხვა ფორმით იყო სულ, სულ იყო მტერიც, უფრო სწორად უმტროდ არც ვიცით, როგორები ვართ სინამდვილეში, ანუ განცდით, როცა ვიღაც არ ლამობს შენს დაპყრობას. ასეთი ეპოქა ერთხელ იყო და „ვეფხისტყაოსანი“ დაიწერა. დიდი გამარჯვებების შემდეგ, ქართული შემოქმედების გვირგვინის ძირითადი შინაარსი მაინც სიყვარული, თავგანწირვა, ერთგულებაა და ქაჯეთის ციხე. თემა იქაც ჰეროიკული და საბოლოო ჯამში უცვლელია.

ზოგადად, დღეს, გამოკითხულთა უმრავლესობას, პირველ რიგში, უნდა დასაქმება და სადღაც შემდეგ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ანუ ეს არის ზუსტად ის პრობლემა, რასაც ზემოთ ვწერდი – „მაინც ვერ მოვიგებთ“ [დასაქმება პირველადი ინსტინქტია, რომ ოჯახი შევინახოთ და მისი საბოლოო ფორმაა გავმდიდრდეთ].

მტერმა იცის, როგორი იქნება ჩვენი ეროვნული ქცევა, ქართული იდენტობის დაცვა, ქართული სახელმწიფოს დაცვა. თუმცა განსხვავებით ბევრი სხვა, თუნდაც უფრო რაციონალური ხალხებისა, ეს არ იქნება პირობითად დაგროვებული დოვლათის, სიმდიდრის დაცვა, რაღაც სხვას ვიცავთ ამ დროს, უფრო დიდის, უფრო მისტიკურს, უფრო მარადიულს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცავთ შვილებისთვის. ანუ მომავლისთვის, რადგან „აწმყო, ძირითადად, არ გვწყალობს“.

ყველა დისკურსი, რომელიც ამბობს, რომ თითქმის არაფერი არ გვივარგა ქართველებს, არაფრის შემქმნელები არ ვართ, არის ზემო აღნიშნული მტრული დისკურსის გაგრძელება, რომელიც სისუსტეს და უუნარობას ჩვენს ეროვნულ ქცევას მიაწერს, არის მტრის ხან რბილი და ხანაც უხეში ძალის პირდაპირი ან ირიბი რეპრეზენტირება და მისი ავტორები, თითქმის ყველა, ნებსით თუ უნებლიეთ, საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა საოცნებო იდეების გამავრცელებლები ხდებიან. ვისაც არ მოსწონს ქართული თითქმის არაფერი (მაგრამ რატომღაც ამ ქართულში მხოლოდ საკუთარი თავი მოსწონთ, როგორც წესი), თუ მათ მოვუსმენთ, 21-ე საუკუნეში ვართ არაკონკურენტუნარიანები, უუნაროები, არაფრის შემოქმედნი, ანუ უპერსპექტივოები და, შესაბამისად, რეტროგრადები. ასეთი პალიტრის შემქმნელები არიან არა მამხილებლები, არამედ ოკუპაციის ჰიბრიდული ომის გამტარები. არ ვგულისხმობ ყველას, მაგრამ ვგულისხმობ ძალიან ბევრს.

თანამედროვე ოკუპაციის მიზნები გლობალიზაციის პირობებს მორგებულად იცვლება. ბოლო წლებია ქვეყნის შინაური მტრების (თითქმის რუსული ძალები) გზავნილები ნაწილობრივ თავისუფლებას „გვპირდება“. ეს არის ის, რაც ჩვენს მიზნებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ან განვაგებთ ჩვენს ბედს, ან ვერ შევთანხმდებით. ოკუპაცია იქნება მაინც დროებითი. როგორც გრიგოლ რობაქიძე ამბობს, გაბედულებას და ბედნიერებას ერთი ფუძე აქვს და ბოლოს, რომელიმე თაობაში ისევ გავბედავთ, როგორც გავბედეთ ბევრჯერ, ათასჯერ და ბევრჯერ შედეგიანადაც.

არ მინდა ვინმეს ჩემი მოსაზრების წაკითხვისას დარჩეს განცდა, რომ ეს არის იმ ადამიანის მოსაზრება, რომელიც რაღაც დროში ისურვებდა საომარ მოქმედებებს, არა!

კონსტანტინე გამსახურდიას სენტენციის გამზიარებელი ვარ სრულად, რომელიც ქართულ პატრიოტიზმს თავდაცვითი ხასიათით სახავს და ვაჟა- ფშაველას „სამშობლოს არვის წავართმევთ“ იდეებს აფუძნებს. ზუსტად თავდაცვითი პატრიოტიზმის ნაწილია, 8 აგვისტოს გარდაცვლილთა შვილებს და ოჯახებს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ღიად გამოვუცხადოთ დიდი სიყვარული, მადლიერება და ქედი მოვიხაროთ გარდაცვლილ გმირთა წინაშე, რომელთა წყალობით დღეს საქართველოს თავზე ქართული დროშა ფრიალებს!

და ბოლოს, ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც უომია ყველას, ბარბაროსს, თუ ელინური თუ რომაული კულტურის გამავრცელებელს. რაღაც ფორმით დამპყრობლად მოვიდა ყველა, მაგრამ საბოლოო ჯამში დავრჩით ჩვენ, ჩვენი იდენტობით, რომელიც ყველა მეტად თავისუფლებისადმი სიყვარულში მჟღავნდება და ამიტომ, საბოლოო ჯამში, მიდის ყველა და ვრჩებით ჩვენ იმ სახლში, რომელიც ჩვენია და რომელსაც საქართველო ჰქვია!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: