მთავარი,სიახლეები

როცა ეს ვკითხეთ, პარტიების წარმომადგენლებმა თავები დახარეს – შშმ თემი საარჩევნო პროგრამებში

27.10.2020 • 1123
როცა ეს ვკითხეთ, პარტიების წარმომადგენლებმა თავები დახარეს – შშმ თემი საარჩევნო პროგრამებში

რა ადგილი უკავია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვის როგორ ესმის მათი უფლებები და რა რჩება ძირითად გამოწვევად ამ სფეროში? თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს ნინო ჩხაიძეს ესაუბრა, რომელიც აქტიურად არის ჩართული შშმ პირების გარემოსთან ადაპტაციის გაზრდის პროექტებში და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა შეხვედრას, რომელიც მათი უფლებების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

  • ნინო, როგორც ვიცით, პოლიტიკური პარტიები გყავდათ მოწვეული შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, რომელი პარტიისთვის აღმოჩნდა ეს თემა საინტერესო, ვინ როგორ ხედავს საზოგადოების ამ ნაწილის გაძლიერებას და ვინ ვერა?

ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მოვიწვიეთ დისკუსიაზე, მაგრამ სამწუხაროდ, პირისპირ შეხვედრას მხოლოდ სამი პოლიტიკური პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“ დათანხმდა. „ქართული ოცნება“ ამ შეხვედრაზე არ მოვიდა. როგორც ვიცი, ZOOM შეხვედრა ჰქონდათ გარკვეულ შშმ პირებთან. მე, პირადად, გადავხედე „ქართული ოცნების“ პროგრამას, უფრო სწორედ, ბუკლეტს, რასაც ავრცელებენ ხოლმე კარდაკარ სიარულის დროს. ვერაფერი ვიპოვე სამწუხაროდ ამ ბუკლეტში, არსად არ არის ნახსენები შშმ პირები.

შესაძლოა ვიღაცისთვის არ იყოს საგანგაშო ის, რომ პროგრამაში შშმ თემი არ ჰყავთ ნახსენები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ისეთი განვითარებული რომ იყოს, სადაც  დაცული იქნება თანასწორობის და თანაბარუფლებიანობის პრინციპი, მაშინ არც გვექნებოდა პრეტენზია. მაგრამ ამ ადამიანების სიცოცხლე რომ დღემდე, ისევ იმ ერთი პენსიის თემაზე და „გეხვეწებით პროგრამა შეიმუშავეთ“ ასეთ რამეებზე იხარჯება, ვფიქრობთ, წინასაარჩევნო პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ცალკე და კონკრეტულად იყო წარმოდგენილი მათი ხედვები შშმ პირებთან დაკავშირებით.

  • როგორია იმ პარტიების ხედვები, რომლებიც მოვიდნენ  ამ შეხვედრაზე?

ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ ჰქონდათ ნაფიქრი ამ თემაზე, მაგრამ კონკრეტიზაცია მაინც აკლდა ამ ყველაფერს.

გიორგი კირთაძის [ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში] პოზიციები უფრო კონკრეტული იყო, იქედან გამომდინარე, რომ ერკვეოდა პრობლემების არსში. ევროპული საქართველოს კანდიდატმა საერთოდ „ინვალიდი“ გამოიყენა საუბრის დროს, მით უმეტეს ექიმია ეს ადამიანი.

  • შესაძლოა იმიტომ, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში შშმ პირი დღემდე მოიხსენიება როგორც „ინვალიდი“?

ახალი კანონი, რომელიც შშმ პირების დაცვის კუთხით მიიღეს, თავისთავში მოიაზრებს ამ ტერმინის ამოღებას და აკრძალვას ყველა სფეროში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რეალურად, ამ ადამიანების ხედვა მაინც მხოლოდ სამედიცინო კუთხით მიდის შშმ პირების აღქმის თვალსაზრისით და სოციალური მოდელი მათთვის ჯერ კიდევ არ არის აღქმადი. სოციალური მოდელი შშმ პირების პრობლემას გარემოში ხედავს და არა ადამიანში. ამ შემთხვევაში კი ისევ სამედიცინო მოდელის მიხედვით ხდებოდა თუნდაც პრობლემების იდენტიფიცირება.

ასევე ძალიან საინტერესო იყო მშობლების ჩართულობა დისკუსიაში, მაგალითად,  სმენისარმქონეთა პრობლემებზე დასვეს კითხვები. იყო შეკითხვა, წინასაარჩევნო შეხვედრებზე იყენებდნენ თუ არა სურდო თარჯიმანს და ამ თემს რამდენად აღიქვამენ პარტიები მათ რეალურ ამომრჩევლად. სამწუხაროდ, სამივე პარტიამ თავი დახარა და ვერც ერთმა ვერ თქვა, რომ ეს მიმართულება მათთვის მნიშვნელოვანია.

ყველაფერზე ამბობდნენ, რომ „კი, ეს მნიშვნელოვანია“ და „ჩვენი არჩევის პირობებში გავითვალისწინებთ“, მაგრამ მე შევახსენე მათ, რომ წინასაარჩევნოდ კარდაკარ პრინციპით სიარული, შემდეგ იცვლება კაბინეტ-კაბინეტ ჩაკეტილობით და რეალობა სხვა ხდება.

  • რა აწუხებთ შშმ ბავშვების მშობლებს ყველაზე მეტად, კიდევ რა პრობლემა დაასახელეს?

მშობლებისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მათი შვილების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თავის გადადება უწევთ. ისინი ითხოვენ ასისტენტის პროგრამის შემუშავებას. რეალურად ეს მშობლები არიან ბავშვების მომვლელების პოზიციაზე და განვითარებულმა ქვეყნებმა ცალკე კადრი შექმნეს, რომელიც პროფესიონალია და შშმ ადამიანებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში ეხმარება. სწორედ ამას გულისხმობს ასისტენტის პროგრამა. ეს აძლევს მშობელს შესაძლებლობას, რომ იმუშაოს, სახლიდან გავიდეს. როცა მშობელი ვერ მუშაობს, ეს ამძიმებს მათ სოციალურ ყოფას.

  • რა პოზიცია ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს და მიაჩნიათ თუ არა რეალურად ამ პროგრამის დანერგვა საქართველოში?

თავიანთ პროგრამებში გაწერილი არ აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ შეთავაზებული იდეა მოეწონათ. საინტერესო იყო ერთ-ერთი შშმ პირის მიერ დასმული შეკითხვა – თქვენ თვითონ როგორ აღიქვამთ შშმ პირებს, ვინ არიან ისინი თქვენთვისო და აქ წამოვიდა ზუსტად საუბარი თემის სენსიტიურობაზე. მე პირადად დავინახე, რომ აქაც მთავარი პრინციპი ის კი არ იყო, რომ ამ ადამიანებს აღიქვამდნენ თანასწორად და სხვა დანარჩენი მოქალაქეების მსგავსად.

  • გულისხმობთ იმას, რომ სიბრალული გამოხატეს?

კი. სამწუხაროდ, შშმ პირები ისევ მოწყალების ობიექტად რჩებიან. „მე შენ მოგიმატებ პენსიას“, – ეს დამოკიდებულებაა და არა ის, რომ მე შენ მოგცემ შესაძლებლობას მიიღო განათლება, დასაქმდე, იყო დამოუკიდებელი და ასე შემდეგ. ეს ნაკლებად ისმის პოლიტიკოსების მხრიდან და ესაა პრობლემა.

ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც, რომელსაც თვითონაც აღიარებენ, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობდა, რომ არ ცოდნის გამო მოხდა ეს ყველაფერი, რომ სადღაც არასწორი ბილიკია გაკეთებული, ვიღაცამ ტენდერის დროს იცუღლუტა და ჩამბარებელმაც თვალი დახუჭა, რომ ხშირად, ფასადურობა თუნდაც ამ ბილიკების, პანდუსების და ასე შემდეგ არსებობა.

საბოლოო ჯამში, ამ სამი პარტიის პოზიცია მაინც იყო ზოგადი და თვითონ სფეროს მიმართ ცოდნა არის ნაკლები. რომ ვთქვა, რომ გულწრფელი ინტერესით საუბრობდნენ შშმ თემის გაძლიერებაზე, ეს ვერ შევამჩნიე, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კირთაძე უფრო აქტიურად იყენებდა საუბარში თემის გაძლიერების ნაწილს.

  • ბოლო ოთხი წელია რა მიმართულებითა პროგრესი შშმ თემთან მიმართებაში?

სახელმწიფო დონეზე თუ ვიტყვით, ტერმინების დონეზე არსებობს ცვლილება და ასევე, ცვლილებაა იმ კუთხით, რომ თვითონ შშმ თემი გახდა უფრო აქტიური და გაიზარდა მოტივაცია რომ უფრო მეტად იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის.

რაც შეეხება პარტიებს, ისევ ვრჩებით ტრაფარეტული დამოკიდებულების დონეზე. განსაკუთრებული არაფერია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: