მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

დიახ, კოვიდით მეორედ ინფიცირება შესაძლებელია, მაგრამ რამდენ ხანში?

27.10.2020 • 10585
დიახ, კოვიდით მეორედ ინფიცირება შესაძლებელია, მაგრამ რამდენ ხანში?

დადასტურებულია, რომ კოვიდ19-ით ინფიცირება ხელმეორედაც შესაძლებელია. რეინფიცირების პირველი შემთხვევა აგვისტოში, ჰონგ-კონგელმა მეცნიერებმა დააფიქსირეს, როცა 33 წლის გამოჯანმრთელებულ კაცს კორონავირუსი ოთხ თვენახევრის (18 კვირაში) შემდეგ მეორედ შეეყარა.

ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით რეინფიცირების ათამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა, კორონავირუსის (SARS-CoV-2) ინფექციით გამომუშავებული დამცავი იმუნიტეტის ხარისხი და ხანგრძლივობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი.

მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების უმრავლესობასთან რეინფიცირების დროს დაავადება უფრო მსუბუქად ან საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

  • პაციენტი აშშ-დან – რეინფიცირება დაახლოებით 48 დღის ინტერვალით

ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც კოვიდ-19 ხელმეორედ შეეყარა, 25 წლის ახალგაზრდა კაცია აშშ-დან, რომელსაც პირველად ვირუსი 2020 წლის 22 აპრილს დაუდასტურდა, მეორედ კი – 5 ივნისს, ანუ დაახლოებით 6 კვირის შემდეგ. ჰონგკონგელი პაციენტისგან განსხვავებით, რომელიც რეინფიცირებისას ასიმპტომური იყო, ამერიკელ პაციენტთან მეორედ ინფექცია სიმპტომურად უფრო მწვავედ მიმდინარეობდა, ვიდრე პირველ შემთხვევაში – ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია.

გენომურმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტი SARS-CoV-2– ით ორჯერ, გენეტიკურად განსხვავებული ვირუსის მიერ იყო ინფიცირებული. ამრიგად, SARS-CoV-2– ის წინა ზემოქმედება შეიძლება არ უზრუნველყოფდეს სრულ იმუნიტეტს ყველა შემთხვევაში. გენეტიკურმა ანალიზმა ჰონგ-კონგელი პაციენტის შემთხვევაშიც დააფიქსირა სხვაობა კორონავირუსის შტამებს შორის – წერს CNN.

  • პაციენტი ბელგიიდან – რეინფიცირება დაახლოებით 90 დღის ინტერვალით

ბელგიაში კოვიდით ხელმეორედ დაინფიცირებული პაციენტი 51 წლის ქალი იყო, რომელსაც აღენიშნებოდა თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ხველა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება და ანოსმია (ყნოსვის დაკარგვა). პაციენტი იმუნოკომპეტენტური იყო, ანუ გააჩნდა ნორმალური იმუნური პასუხის აღძვრის უნარი, თუმცა ასთმის საწინააღმდეგო ყოველდღიურ მედიკამენტს იღებდა.

ბელგიელი პაციენტი თვითიზოლაციაში მკურნალობდა, მას სიმპტომები 5 კვირის განმავლობაში უფიქსირდებოდა. მისი საწყისი სიმპტომებიდან სამი თვის შემდეგ (2020 წლის 10 ივნისი) პაციენტს კვლავ აღენიშნებოდა თავის ტკივილი, ხველა, დაღლილობა და რინიტი. მას კოვიდზე ტესტმა კვლავ დადებითი უჩვენა. ამჯერად სიმპტომები მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა და პაციენტი კვლავ ჰოსპიტალიზაციის გარეშე განიკურნა.

„გენომის სრულმა თანმიმდევრობამ აჩვენა 11 განსხვავება ორი ეპიზოდის იზოლატებს შორის, რაც ადასტურებს ვირუსის განსხვავებული შტამებით ინფიცირებას“ – წერია დავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ანგარიშში.

  • პაციენტი ეკვადორიდან – რეინფიცირება დაახლოებით 60 დღის ინტერვალით

ეკვადორში კოვიდით რეინფიცირება მაისში, 46 წლის, ასევე იმუნოკომპეტენტურ კაცს დაუფიქსირდა, როცა მას ძირითადი სიმპტომების სახით თავის ტკივილი და ძილიანობა აღენიშნებოდა. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ, 3 ივნისს გაკეთებულმა ტესტმა პაციენტს კოვიდზე უარყოფითი უჩვენა.

გამოჯანმრთელებულ პაციენტს, ივლისის ბოლოს ახლო კონტაქტი ჰქონდა ნათესავთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი აღმოაჩნდა. უკვე აგვისტოს თვეში, ეკვადორელ პაციენტს კოვიდ-19 კვლავ დაუდასტურდა.

“მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის სიმპტომები მეორე ეპიზოდისას უფრი მძიმე იყო ვიდრე პირველი ეპიზოდისას, პაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭრდა” – ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ანგარიშში.

დაინფიცირების ორივე ეპიზოდიდან აღებულმა ნიმუშების თანმიმდევრობამ, გენომის ანალიზთან ერთად, A პაციენტთან გამოავლინა ნიმუშებს შორის 9 ვარიაციული განსხვავება, B პაციენტთან კი 10.

  • პაციენტები ინდოეთიდან – რეინფიცირება დაახლოებით 110 დღის ინტერვალით

ინდოეთში კოვიდით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა, ორივე მათგანი იმუნოკომპეტენტური ჯანდაცვის მუშაკი იყო.

25 წლის ახალგაზრდა კაცს, პაციენტ А-ს, კორონავირუსი 5 მაისს, გეგმიური შემოწმებისას დაუდასტურდა. ის ასიმპტომური იყო და სისხლში ვირუსის გაქრობამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც მან გააგრძელა საქმიანობა და 17 აგვისტოს კვლავ კოვიდი დაუდასტურდა. პაციენტი იზოლაციაში გადავიდა და მეორე ეპიზოდის განმავლობაშიც ასიმპტომური დარჩა.

28 წლის ქალს, B პაციენტს, კორონავირუსი, ასევე გეგმიური შემოწმებისას, 17 მაისს დაუდასტურდა. სიმპტომები არც მას აღენიშნებოდა, თუმცა ისიც სისხლში ვირუსის გაქრობამდე იზოლაციაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ისიც დაუბრუნდა სამსახურს და უკვე 5 სექტემბერს ხელმეორედ დაინფიცირდა კორონავირუსით. ის მეორეჯერაც ასიმპტომური იყო.

ამ პაციენტების დაინფიცირების ორივე ეპიზოდიდან აღებულმა ნიმუშების თანმიმდევრობამ, გენომის ანალიზთან ერთად, A პაციენტთან გამოავლინა ნიმუშებს შორის 9 ვარიაციული განსხვავება, B პაციენტთან კი 10.

შვედი პაციენტირეინფიცირება დაახლოებით 90 დღის ინტერვალით

შვედეთში განმეორებით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაუფიქსირდა 53 წლის ქალს, რომელსაც კოვიდზე დადებითი ტესტი ჰქონდა ჯერ მაისში, შემდეგ კი აგვისტოში.

სალგრენსკას საუნივერსიტეტო კლინიკამ ორი ვირუსის შტამის გენომის ანალიზის შემდეგ დაადასტურა, რომ იგი ორჯერ დაინფიცირდა.

„მაისის ვირუსის შტამი ათი პოზიციით განსხვავდებოდა აგვისტოს თვეში შემოწმებული შტამისგან”, – ამბობს ექიმმი იოჰან რინგლანდერი შვედურ გამოცემა Dangens Niheter-თან – „ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი ცალკეული ინფექციაა და არა იგივე, მიძინებული ინფექცია“.

ექიმების შეფასებით ქალმა პირველი ინფიცირების შემდეგ ნაწილობრივი იმუნიტეტი გამოიმუშავა. მისი დაავადება ძალიან მსუბუქად მიმდინარეობდა მეორე ჯერზე. სექტემბერში შემოწმებისას პაციენტს ანტისხეულების დაბალი დონე დაუფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ანგარიშში წერია, რომ შემთხვევების ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტთა უმეტესობას აქვს იმუნური რეაქცია პირველი SARSCoV-2 ინფექციის შემდეგ, მაგრამ ეს იმუნიტეტი შეიძლება დროთა განმავლობაში შესუსტდედ. განიხილება, რომ ანტისხეულების რეაქციის სიმძლავრე ასოცირდება დაავადების სიმძიმესთან და არსებობს მინიშნებები, რომ ანტისხეულებთან დაკავშირებული იმუნიტეტი SARS-CoV-2– ის წინააღმდეგ შეიძლება არ იყოს ხანგრძლივი იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ასიმპტომური ინფექცია ან მსუბუქი დაავადება.

SARS-CoV-2-ის გამანეიტრალებელი ანტისხეულები პაციენტების უმრავლეობას უვითარდება ინფიცირებიდან დაახლოებით მე-10 და 21-ე დღეებს შორის. სხვადასხვა ანგარიშების თანახმად, SARS-CoV-2-ით პირველადი დაინფიცირებისას პაციენტთა უმეტესობას (> 91%) უვითარდება IgG სეროპოზიტიურობა და გამანეიტრალებელი ანტისხეულები (> 90%) .

SARS-CoV-2 ანტისხეულების დონე, როგორც ჩანს, ინფიცირებიდან 94 დღის განმავლობაში რჩება სისხლში და ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ანტისხეულების ტიტრები პიკს აღწევს 3-4 კვირის განმავლობაში და დიაგნოზიდან 4 თვემდე შედარებით სტაბილური რჩება. ამის მიუხედავად, განეიტრალების ფუნქცია დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იკლებს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები ხელმეორედ ინფიცირების მიმართ საშუალოდ რამდენიმე თვე რჩებიან იმუნურები, ამიტომ პირმა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა აქამდე დადასტურებული COVID-19 დიაგნოზი, უნდა მიიღოს სიფრთხილის ზომები, რათა თავიდან აიცილოს SARS-CoV-2-ის ინფექცია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აპრილში განაცხადა, რომ ანტისხეულები, სავარაუდოდ, „გარკვეული დონის დაცვას“ წარმოადგენენ ხელახალი დაინფიცირებისგან, მაგრამ ამის ზუსტი მტკიცებულებები არ არსებობს.

_______

ფოტო: pexels

გადაბეჭდვის წესი


ასევე: