მთავარი,რეკლამა,სიახლეები

,,პროკრუსტეს სარეცელი“ – ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში

27.10.2020 • 2588
,,პროკრუსტეს სარეცელი“ – ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში

ლალი ანთიძე

პარტია ,,გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი  აჭარის უმაღლეს საბჭოში

ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად

პროკრუსტე იყო ავაზაკ, რომელიც  

შეპყრობილ მგზავრებს ერთ საწოლზე აწვენდა.

თუ შეპყრობილი ლოგინის სიგრძეზე მეტი აღმოჩნდებოდა,

ზედმეტ ნაწილს წააჭრიდა, მოკლეს კი – საწოლის ზომაზე გაჭიმავდა.

საბჭოთა ადამიანის – ადამიანის ახალი ტიპის ფორმირებაზე მთელი სისტემა მუშაობდა. იმთავითვე ტერორის ძალით, ხოლო მოგვიანებით იდეოლოგიის ძალით მეცნიერება, განათლების სისტემა, ხელოვნება (სოცრეალიზმი) სრულად იყო  მობილიზებული სტანდარტულად მოაზროვნე ადამიანების უსახური მასის შესაქმნელად. დისიდენტური მოძრაობის ყველა ტალღა ჩაიხშო. სისტემამ მოახერხა და ადამიანთა ყოველდღიური ყოფაც საბჭოთა სტანდარტებში მოაქცია. ყველაზე ტრაგიკული და ვერაგული გეგმა – ადამიანების ცნობიერებაში შეღწევაც განხორციელდა.

თანასწორობის სახელით შემოსაღებული იქნა კიდევ ერთი საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელსაც მენტალიტეტში იმდენად ძლიერად აქვს ფესვი გადგმული, რომ დღესაც კი ყველაზე რთულად დასაძლევი აღმოჩნდა. ,,თანასწორობის“ ეს ფორმა სინამდვილეში თანაბრობის (ერთნაირობის) მოთხოვნაა და სოციალური სამართლიანობის ეგიდით ხორციელდება.

თანასწორობის ცნების მხოლოდ ერთი გაგება შეიძლება განვიხილოთ. ეს არის უფლებების თანასწორობა, კანონის წინაშე თანასწორობა. მისი სხვა ფორმებისკენ სწრაფვა, როგორიცაა შედეგების თანაბრობა და ყველა ადამიანის შესაძლებლობის ინტერესების და სურვილების გათანაბრება  არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ მისი მიღწევის ყველანაირი მცდელობაც კი ბოროტებაა.

სწორედ საბჭოთა მემკვიდრეობად შეიძლება განვიხილოთ ის სისტემები, რომლებიც კვლავ უნიფიცირებულია და ისევ ვერტიკალის ძალით იმართება: მართლმსაჯულებაში, ძალოვან სტრუქტურებში, განათლების სისტემაში. სახელისუფლებო შტოებს შორისაც ვერ მოხერხდა ურთიერთდაბალანსებული ჰორიზონტალური მმართველობის დაფუძნება. უფრო მეტიც, საქართველოში ხელისუფლებების ცვლილებებიც ამომრჩეველთა ტოტალური უპირატესობით ხდებოდა, რაც საბოლოო ჯამში საბჭოთა ხელისუფლების ელფერს იძენდა. შეიქმნა ერთგვარი სიმბიოზი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც მთლიანად პარაზიტულ პრინციპებზე დაფუძნდა: ხელისუფლებებმა მოირგეს ,,მოწყალე პატრონის“ როლი, ხოლო საზოგადოება მოწყალების მომლოდინე მასის პოზიციაში აღმოჩნდა, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებას, მისი ცხოვრების განკარგვას და მიზნების განსაზღვრას ხელისუფლებებს უნდა უმადლოდეს.

დღეს, როგორც არასდროს, სახეზეა ტოტალური კრიზისი, რაც თანასწორობის ერთგვარობად გაგებამ მოიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ყინული გალღვა. საზოგადოებაში, მათ შორის ჟურნალისტიკაშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც გამოჩნდნენ განსხვავებულად მოაზროვნე ძალები, რომლებიც რაციონალური გამოსავლის ძიებას ესწრაფვიან. დღეს, როგორც არასდროს, საქართველოში გაჩნდა წინაპირობა კოალიციური ხელისუფლების ფორმირებისთვის. გამოსავალი მხოლოდ მრავალფეროვნებაშია. მხოლოდ განსხვავებული, თუნდაც რადიკალური პოზიციების გატარების საფუძველზეა შესაძლებელი განვითარება და საბჭოთა მემკვიდრეობის დაძლევა.

ახლა ჯერი საზოგადოებაზეა. ბევრს აქვს გააზრებული მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა და მისი გადამწყვეტი როლი ქვეყნის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ,,პროკრუსტეს სარეცელიდან“ წამოდგომას და ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობაში – მრავალფეროვნებისა და თვითგანვითარების მდგომარეობაში დაბრუნებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: