მთავარი,სიახლეები

ქართული ფილმი „მარქსის ქუჩა #12″ ევროპული კინოდაჯილდოების კანდიდატია

27.10.2020
ქართული ფილმი „მარქსის ქუჩა #12″ ევროპული კინოდაჯილდოების კანდიდატია

ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მარქსის ქუჩა #12“ ევროპული კინოდაჯილდოების 2020 წლის  კანდიდატია მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში. ფილმი ირინე ჟორდანიას პირველი, დამოუკიდებელი კინოპროექტია, რომლის რეჟისორიც და სცენარისტიც თავადაა.

წელს ამავე კინოდაჯილდოებაზე  ლევან გელბახიანიცაა წარდგენილი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში, ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] შესრულებული მთავარი როლისთვის.

ირინე გელბახიანის მოკლემეტრაჟიანი, 15-წუთიანი ფილმი დაკარგულ სახლზეა. ქალი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს იმზადებს ფინჯან ყავას, ჯდება ერთსა და იმავე ადგილზე და რეკავს ყოველთვის ერთ, საკუთარ ნომერზე – ასეთია ფილმის სინოფსისი.

კანდიდატი ფილმების სია ევროპულმა კინოაკადემიამ გამოაქვეყნა, საკონკურსოდ სულ 24 ფილმი შეირჩა. ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმთან ერთად ამ სიაშია ფილმები საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, შვეიცარიიდან და ა.შ. 

ფილმები კანდიდატებად ევროპის სხვადასხვა კინოფესტივალმა წარადგინა, მათ შორის, ბერლინის, ვენეციის, ლოკარნოს, სარაევოს, კლერმონ ფერანისა და როტერდამის კინოფესტივალებმა. ირინე ჟორდანიას ფილმი კი კანდიდატად ტალინის მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა, PÖFF Shorts-მა წარადგინა.

ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც, რომელიც პირველიდან 8 დეკემბრამდე იმართება.

წარმოდგენილი 24 კანდიდატი ფილმიდან ევროპული კინოდაჯილდოების მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიის ნომინანტი მხოლოდ 5 ფილმი უნდა გახდეს.  ნომინანტების სრული სიის გასაჯაროების შემდეგ ევროპული კინოაკადემიის 3800 წევრი ხმის მიცემას დაიწყებს.

გამარჯვებულ ფილმებს ევროპული კინოს დაჯილდოების ცერემონიალზე, რეიკიავიკში გამოავლენენ 12 დეკემბერს.

ევროპული კინოდაჯილდოების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელიან. წითელ ხალიჩაზე თავს იყრიან მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, ცერემონია გადაიცემა არაერთი ევროპული წამყვანი ტელეარხის პირდაპირ ეთერში, რადგან იგი ევროპული კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს აფასებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: