უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 2,3 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის წელს, აჭარის ბიუჯეტიდან, მთლიანობაში 2 320 000 ლარი დაიხარჯება.

აქედან:

[checklist]

  • შრომის ანაზღაურებისთვის – 1 498 800 ლარი;
  • საქონელი და მომსახურება – 791 200 ლარი;
  • სხვა ხარჯი – 25 000 ლარი;
  • არაფინანსური აქტივები – 5 000 ლარი.

[/checklist]

უშუალოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალი წლისთვის მთლიანობაში 100 ათასი ლარით გაიზრდება, თუმცა ხელფასებისთვის გათვალისწინებული თანხა უცვლელი დარჩება. უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მოქმედმა საბჭომ ივნისში დაამტკიცა. ამ პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5 216 800 ლარი გამოიყოფა.

2020 წლის 5 ივლისს აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სესიაზე კონსტიტუციური კანონის ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილება ითვალისწინებს 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო სამი დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] დადგენილებით კი, ქვეყნის მასშტაბით 73 საოლქო საარჩევნო კომისია პარლამენტის არჩევნებისთვის ჯამში 2 702 456 ლარს დახარჯავს. ამ თანხაში შედის არჩევნებისთვის საოლქო, საუბნო და დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები.

პარლამენტის არჩევნებისთვის მთლიანობაში 42 760 652 ლარი დაიხარჯება.

ამ თემაზე:

პარლამენტის არჩევნებისთვის 42,7 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

კონკურსი მოსწავლეებისთვის სკოლა პროგრესში

საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს კონკურსს ბათუმში მცხოვრები IX – X და XI კლასის მოსწავლეებისთვის!

სწავლა მოიცავს სასკოლო მოდულთან ერთად მოსამზადებელ პროგრამას  ეროვნული გამოცდებისთვის სამ საგანში: ქართული, მათემატიკა და არჩევითი საგანი.

თუ გსურს მოიპოვოთ 30 %-იანი გრანტი და გახდეთ პროგრესელი:

  • გამოაგზავნეთ განაცხადი 7 სექტემბრამდე!
  • წარმოადგინეთ გასული წლის აკადემიური ნიშნები!
  • გაიარეთ ინგლისური ენის ტესტირება და გასაუბრება!

დაგვიკავშირდით:

ტელ.: 571 01 90 50; 577 72 96 77

ან გადადით ბმულზე და დარეგისტრირდით ონლაინ

მისამართი: ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 11ა

რა მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური საკონკურსო სექციისთვის ფილმების შერჩევა.

მხატვრული ფილმების კონკურსზე ნაჩვენები იქნება 9 ფილმი.

  • „ბერლინი, ალექსანდერპლაცი“ – ბურჰან ქურბანი, გერმანია/ჰოლანდია, 2020
  • „კონფერენცია“ – ივან ტვერდოვსკი, ესტონეთი/იტალია/რუსეთი/დიდი ბრიტანეთი, 2020
  • „სიკვდილის პირას“ – ჰილალ ბაიდაროვი, აზერბაიჯანი/აშშ/მექსიკა, 2020
  • „მარე“-  ანდრეა სტაკა, შვეიცარია/ხორვატია, 2020
  • „სოლე“ – კარლო სირონი, იტალია/პოლონეთი, 2019
  • „ცრემლების მარილი“ – ფილიპე გარელი, საფრანგეთი, 2020
  • „ბოროტება არ არსებობს“ – მუჰამედ რასულოფი, გერმანია/ირანი/ჩეხეთი, 2020
  • „ყვითელი კატა“ – ადილხან ერზანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020
  • „პერსონა N2“ – ნინო ბასილია, საქართველო/გერმანია, 2020

მხატვრულ ფილმებს შეაფასებს ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური: ლანა ღოღობერიძე – ჟიურის თავმჯდომარე, კარმენ გრეი (გერმანია), ლეიტ აბდულამირი (საფრანგეთი), ნიკა აბრამიშვილი (საქართველო) და გიორგი ოვაშვილი (საქართველო).

დოკუმენტური ფილმების კონკურსში კინოფესტივალზე 7 ფილმს აჩვენებენ:

  • „აიუნი“ – იასმინ ფედდა, დიდი ბრიტანეთი /ყატარი, 2020
  • „ბაზილი“ – რომან შირმანი, უკრაინა, 2020
  • „დისკვალიფიცირებული“ – ჰამზა ოუნი, ტუნისი/საფრანგეთი/ყატარი, 2020
  • „პარიზის კალიგრამები“ – ულრიკე ოტინგერი, საფრანგეთი / გერმანია, 2020 წ
  • „აღთქმული მიწა“ – დანიელე ტომასო, იტალია, 2020
  • „ნიჭი“ – ჯულიანო ფრატინი, იტალია, 2019
  • „ვეშაპი ლორინოდან“ – მასიეჟ ჩუსკე, პოლონეთი, 2019

დოკუმენტურ ფილმებს  შეაფასებს ხუთკაციანი საერთშორისო ჟიური: ნინო კირთაძე (საფრანგეთი/საქართველო) – ჟიურის თავმჯდომარე, კრისტოფ გიერატი (პოლონეთი), ირინა რომანჩენკო (უკრაინა), ლევან კოღუაშვილი (საქართველო), მიხეილ კვირიკაძე (საქართველო).

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 13-20 სექტემბერს გაიმართება, კინოჩვენებები რამდენიმე ადგილას შედგება, მათ შორის, კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ. კინოფესტივალზე რამდენიმე სექცია იქნება წარმოდგენილი – საკონკურსო და არასაკონკურსო სექციები.

____________

ფოტოზე: კადრი ადილხან ერზანოვის ფილმიდან „ყვითელი კატა“. ფილმი წელს ვენეციის კინოფესტივალის პროგრამაშია. 

 ამ თემაზე: 

ბათუმის კინოფესტივალი 13-20 სექტემბერს გაიმართება – როგორ ჩატარდება და რას ნახავთ BIAFF-ზე

 

„არის ვარაუდი, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა“ – ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „დონას“ კლასტერთან დაკავშირებით აღებულია 600-ზე მეტი ტესტი და მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.

„დონას კლასტერში ჩვენ ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი, გამოვლენილი იქნა ერთი შემთხვევა, რაც არის კეთილსაიმედო მაჩვენებელი და ეს მიგვითითებს იმაზე, რომ არის ვარაუდი, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 3 სექტემბერს.

„დონას კლასტერი“ ბათუმში საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება. ამ კლასტერში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პირია, რომლებიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღის ბოლოს ელოდებიან PCR ტესტის პასუხებს ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისიდან“, სადაც 400 ექიმი ესწრებოდა კონფერენციას და ერთ-ერთ მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმრო ამ დროისთვის ჩაკეტილია.

„პასუხების შემდეგ მივიღებთ უკვე გადაწყვეტილებებს, თუ როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია იქ მყოფი დამსვენებლების მიმართ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ბათუმში ზღვამ წარეცხა 1 კილომეტრი პლაჟი, აქ ნაპირდაცვისთვის 55 მილიონი დაიხარჯა [ფოტო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები რომ შენდება, ახალი ამბავი არ არის. აქ სიახლე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი იყო, თუმცა ის, ერთკილომეტრიან მონაკვეთში, ზღვამ უკვე წარეცხა, ზოგან მთლიანად. ზღვამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ზოგიერთ ადგილზე ნაპირის დაცვის მიზნით ჩალაგებული ლოდების წყობის დაშლაც დაიწყო. ამ ხელოვნური პლაჟის მოწყობაზე ქვეყანამ უკვე დახარჯა 55 მილიონი ლარი.

„ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა იმის დასადგენად, იქნება თუ არა პლაჟი ზღვის გასწვრივ, იქ, სადაც ეს ლოდებია ჩალაგებული.

„ბინა ვიყიდე იმიტომ, რომ ზღვასთან, პლაჟთან იყო ახლოს. წელს ჩვენი კორპუსის წინ და მიმდებარედ ზღვაზე ჩასასვლელებიც გადაკეტილია, სანაპიროზე კი პლაჟის ნაცვლად ლოდები დაგვხვდა. ეს ლოდები ხომ სახიფათოა ნაპირზე. ლოდებია ზღვაშიც, სადაც ბანაობა უკვე საშიშია. ბათუმის ხიბლი ზღვა და პლაჟია და აქ თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, ტურიზმის განვითარებაზე თუ არა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ხომ უნდა იზრუნოს ვინმემ. ბათუმის მერიაშიც დავრეკეთ, სხვაგანაც, მაგრამ პასუხის გამცემი არავინაა“, – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ერთი რამ ამთავითვე ცხადია – თუ ლოდების გასწვრივ, ყოველწლიურად, მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში ხელოვნურად არ დაყარა ბათუმის მერიამ, პლაჟზე დალაგებულ ქვის ლოდებს ზღვა წაიღებს. პლაჟის ხელოვნურ კვებას კი, ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლის განხორციელებაშიც აქ 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ნაპირდამცავი ნაგებობისა და პლაჟის მოვლა-პატრონობის ვალდებულება საბოლოოდ ბათუმის მერიამ უნდა აიღოს. მერიაში გვითხრეს, რომ მათთვის ნაგებობა ჯერ არ გადაუციათ. მერიაში ვერც ის დაგვიკონკრეტეს, თუ არის თანხა ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის სამუშაო პროექტში, პლაჟის ხელოვნურად გამოკვებისთვის. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე კი ის ჩანს, რომ ზღვამ 8 თვეში მიიტაცა ის ხრეში, რომელიც აქ იანვარში ჩაყარეს. შესაბამისად, თუ მომავალი წლისთვის ხრეში ხელოვნურად არ შეიტანეს, ზღვა დროთა განმავლობაში აჭარის მთიდან ჩამოზიდულ და აქ ჩალაგებულ ლოდებს წაიღებს.

ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე პლაჟის ხელოვნურად მოწყობისთვის, ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 30 ათასი კუბ/მეტრი ხრეში, ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანებით გადაიტანეს.

სამუშაოები 2020 წლის იანვარში დასრულდა, თუმცა ზღვაზე ჩასასვლელები დღემდე რკინის ბადითაა შემოღობილი. მეტიც, რამდენიმე მონაკვეთზე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი ზღვამ უკვე გადარეცხა. სანაპირო უკვე წარეცხილია აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალი ბულვარის მიმართულებით, დაახლოებით ერთკილომეტრიან მონაკვეთში.

ეს ის ადგილია, სადაც თავის დროზე ზღვამ ჯერ სოფელ ადლიის მიწები და კერძო სახლები მიიტაცა, შემდეგ კი, ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლი დაანგრია.

ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი 2020 წლის იანვარში [ზემოთ] და იგივე ადგილი 8 თვის შემდეგ, როცა ხრეში ზღვამ უკვე წარეცხა [ქვემოთ]
„მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ არის, შესაბამისად, პასუხისმგებლობა სამშენებლო ობიექტსა და ტერიტორიაზე რჩება ისევ კონტრაქტორს. ვინაიდან პასუხისმგებლობა მისია, ამიტომ არის შემოღობილი. თუმცა ეს თემა უახლოეს დღეებში მოგვარდება და ტერიტორია გაიხსნება“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში დაახლოებით სამი თვის წინ.

„ბათუმელები“ ამჯერადაც [პირველ სექტემბერს] დაუკავშირდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომლის დაკვეთითაც, სანაპიროზე სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანია STRUIJK GROUP-მა შეასრულა.

„მიღება-ჩაბარების აქტი დიდი ალბათობით მიმდინარე თვეში გაფორმდება და პროექტი გამოცხადდება დასრულებულად. მიმდინარეობდა კონსულტაციები და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც დაელაპარაკებიან ბათუმის მერს, გავუგზავნით წერილსაც. პარალელურად მომზადდა ცვლილება პროექტში. რაც დარჩება შეუსრულებელი ვალდებულება, შეასრულებს კონტრაქტორი კომპანია დეფექტების აღმოფხვრის პერიოდში, რომელსაც გავზრდით ერთი წლით და იქნება 2 წელი. კონტრაქტორი კომპანია 2 წლის განმავლობაში ვალდებული იქნება მოუაროს ნაპირსამაგრ ნაგებობას“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

რაც შეეხება წარეცხილ პლაჟს, ფონდის განცხადებით, „ეს დეფექტი არ არის. ეგ არის ეროზიული პროცესი. ზღვა მანდ მუდმივად წარეცხავს. მაგ პროცესს ჩვენ ვერ გავაჩერებთ და მაგას უნდა კვება ყოველწლიურად“. ფონდში ასევე გვითხრეს, რომ „1700 მეტრია ეს ნაგებობა. მის გასწვრივ კი აშკარად ჩანს პლაჟის წარეცხვის პრობლემა 500 მეტრზე და არა ერთ კილომეტრზე“.

საკმარისი იქნება თუ არა ხრეშის იმ ოდენობით შეტანა ყოველწლიურად, რა ოდენობაც პროექტის ფარგლებში შეიტანეს და რომელიც უკვე წარეცხა ზღვამ 8 თვეში? – ფონდში ამ კითხვაზე გვიპასუხეს:

„ამ შემთხვევაში, თუ რა მოცულობით უნდა მოხდეს კვება, ეს დამოკიდებული იქნება მონიტორინგზე – რამდენიც იქნება საჭირო, იმ მოცულობის ქვიშა-ხრეშოვანი მასალა უნდა შეიტანონ, რომ აღდგეს სანაპირო ზოლი – პლაჟი, თუ ეს უნდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. ეს მათი გადასაწყვეტია. რამდენი დასჭირდება აწი, ამას დაადგენს მონიტორინგი – ბათიმეტრული [წყალქვეშა რელიეფის ამსახველი რუკა – ავტ.] კვლევა უნდა ჩატარდეს ყოველ წელს და ზამთარში, როცა არ არის ტურისტული სეზონი, უნდა შეიტანონ ხრეში. პლაჟის შენარჩუნება ამ შემთხვევაში არ იყო პროექტის ამოცანა, ვერც იქნებოდა – ერთი პროექტის ფარგლებში ეგ შეუძლებელია. ამოცანა იყო, რომ ჩვენ დაგვეცვა ბულვარი დაზიანებისგან“.

რა დეფექტებზეა საუბარი? – „ბულვარში დაგებულ ბეტონის ბილიკზე შეამჩნევთ ბზარებს. ჩვენ გვაფრთხილებდა ზედამხედველი კომპანია, რომ ეს ბზარები გაჩნდებოდა, ამიტომ შევთავაზეთ სხვა ფორმის საფარი – პატარა ფილების დაგება და არა ბეტონი, ასეთ დიდ ფართობზე. თუმცა, ბათუმის მერიის და ბულვარის ხელმძღვანელობის მოთხოვნით სასეირნო ბილიკზე დაიგო ისეთივე ბეტონის საფარი, რომელიც ბულვარის სხვა ადგილებში იყო. მინდა გითხრათ, რომ ეს დეფექტი ზედაპირულია, ბზარები შევსებულიც არის და პრობლემა არ იქნება. ეს შევსებული ბზარები თვალით შესამჩნევია იმიტომ, რომ მომხდარა მათი პიგმენტაცია. პიგმენტაციის შემდეგ ფერი დაჯდება და არ გამოჩნდება. შედგება კომისია, რომელიც მიღება-ჩაბარების დროს შეაფასებს ამ პროექტის მდგომარეობას, ჩამოვწერთ დეფექტებს და 2 წლის განმავლობაში მიხედავს კომპანია“, – გვითხრეს ფონდში.

არის თუ არა დეფექტი ის ლოდები, რომლებიც ნაპირის გამაგრებისთვის დაალაგეს, მაგრამ ახლა უკვე ზღვაშია? – ფონდში აცხადებენ, რომ – არა.

„ლოდები არის ზღვაში, გვაქვს რამდენიმე ფოტომასალაც, მაგრამ თუ დააკვირდებით, ის ლოდი არ არის ამოვარდნილი წყობიდან. იქ თუ ერთი და ორი ლოდი ამოვარდა, შეიძლება წყობა დაიშალოს. ეს ისეა იქ ჩალაგებული, რომ ერთმანეთს ამაგრებენ. საიდან წარმოიშვა და საიდან გაჩნდა ეს ლოდები იქ, ეს დასადგენია. უშუალოდ ნაგებობას აქვს 50-წლიანი გარანტია, რომ არაფერი მოუვა და იმედია არც შემდეგ. ასე, რომ, ბულვარი [ახალი ბულვარის გაგრძელება აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე – ავტ.] არის დაცული საიმედოდ და მას სჭირდება მოვლა. დამონტაჟებულია უსაფრთხოების მაჩვენებლებიც, რომ არ შეხტნენ ზედ და არ ირბინონ, მეც არ მომწონს, შეიძლება ბავშვი ჩავარდეს კიდეც… ეს არის საერთაშორისო სტანდარტით გაკეთებული, თუმცა საკმაოდ სახიფათოა… ლოდების წყობა ასე კეთდება მთელ მსოფლიოში, ეს ჩვენი გამოგონება არ არის“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ფონდიდან მიღებული ინფორმაციით, „ნაკლებად ეფექტური“ აღმოჩნდა ის ტექნიკაც, რომლითაც ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში ხრეში უნდა გადაექაჩათ: ვერ გადაჰქონდა ისე, რომ ეკონომიკურად გამართლებული ყოფილიყო მისი ექსპლუატაცია. ამიტომ გაჩნდა მიღება-ჩაბარების პრობლემა. სამხარაულის ექსპერტიზას მივეცით მასალები და დადგინდა, რომ ავტომობილებით გადატანა არის უფრო იაფი და უფრო მარტივი, ვიდრე ამ ტექნიკით გადაქაჩვა. თან ბათუმის მერიაც არ იყო მოხიბლული ამ ტექნიკით. მას სჭირდება მონტაჟი, დემონტაჟი, ექსპლუატაციის ცოდნა, რისი სპეციალისტებიც არ ჰყავს მერიას. ამასთან, რამე რომ გაფუჭებოდა – შესაკეთებლად სპეციალისტის ჩამოყვანა იქნებოდა პრობლემა. ეს ტექნიკა იქნება კომპანიის ზარალი. ხარჯი თავის თავზე აიღო“.

„ბათუმელებს“ ფონდში ისიც უთხრეს, რომ სამხარაულის დასკვნით მანქანებით ხრეშის შეტანა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ამ შემთხვევაში ჰოლანდიურმა კომპანიამ გადაუხადა დაქირავებულ კომპანიას.

რამდენი გადაიხადა კომპანიამ და რა დაადგინა სამხარაულმა, მნიშვნელოვნად განსხვავდება ეს ციფრებიც. ამასთან ტენდერი როცა გამოცხადდება, ყოველთვის ნაკლები ფასი ჯდება – მანქანები ბევრს ჰყავს და კონკურენცია იქნება. ჯერ არის პროცესი და ამ ციფრებს უახლოეს მომავალში გადავცემთ მერიას“, – გვითხრეს ფონდში.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა ღირს 1 კუბ.მ ხრეშის გადატანა ძველი ბულვარიდან ახალი ბულვარის გაგრძელებაზე პლაჟის შენარჩუნებისთვის. ფონდში ეს მონაცემები არ მოგვაწოდეს, თუმცა ერთ-ერთი დაქირავებული გადამზიდავისგან მიღებულ ინფორმაციასა და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, „ბათუმელებმა“ გამოთვალა, რომ ბათუმის მერიას 25-30 ათასი კუბ.მ ხრეშის შესატანად, ყოველწლიურად, ჯამში მინიმუმ 400 ათასი ლარი მაინც დასჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა ოდენობის ხრეშის შეტანა იქნება საჭირო მონიტორინგის შედეგად და იქნება თუ არა ხრეშის შესაბამისი რესურსი ძველ ბულვარში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილ „საქნაპირდაცვას“ ადრე 100 ათასი კუბ.მ ხრეში შეჰქონდა ყოველწლიურად ბათუმისა და აჭარის სანაპიროზე პლაჟების შესანარჩუნებლად. ხრეშს ძირითადად, ჭოროხის შესართავიდან იღებდნენ. ნატანი ახლა აქ მინიმუმამდეა შემცირებული საქართველოსა და თურქეთში მდინარე ჭოროხზე და აჭარისწყალზე ჰესების აშენების გამო.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2013 წელს დაგეგმილი პროექტებიდან ამოიღო ბათუმის 2-კილომეტირანი სანაპირო ზოლის [ბულვარის გაგრძელება] ე.წ. ოქროს ქვიშით მომარაგების პროექტი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო შემუშავებული.

ფოტოები სანაპიროდან, სადაც ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი ზღვამ 8 თვეში მიიტაცა
გადაკეტილი სანაპირო ბულვარის გაგრძელებაზე / 28.08.2020
ახალი ბულვარის გაგრძელებაზე ზღვამ ხელოვნური პლაჟი რამდენიმე მონაკვეთში უკვე წარეცხა / 28.08.2020
სანაპირო ბულვარის გაგრძელებაზე პლაჟის გარეშე – იანვარში ხელოვნურად დაყრილი ხრეში აქ ზღვამ უკვე მიიტაცა / 28.08.2020
სანაპირო ბულვარის გაგრძელებაზე პლაჟის გარეშე – იანვარში ხელოვნურად დაყრილი ხრეში აქ ზღვამ უკვე მიიტაცა / 28.08.2020
28.08.2020
სანაპიროზე ასე ამოშვერილ არმატურებსაც არაერთ ადგილზე შეხვდებით / 28.08.2020
28.08.2020
სახლები „ზღვის ხედით“ სანაპიროსთან, მაგრამ პლაჟის გარეშე / 28.08.2020
ამ ლოდებსა და ზღვას შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელოვნურად დაყარეს ხრეში და ასე მოწყობილ პლაჟზე მძიმე ტექნიკაც გადაადგილდებოდა. დღეს ეს პლაჟი აღარ არსებობს / 28.08.2020
ამ ლოდებსა და ზღვას შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელოვნურად დაყარეს ხრეში და ასე მოწყობილ პლაჟზე მძიმე ტექნიკაც გადაადგილდებოდა. დღეს ეს პლაჟი აღარ არსებობს / 28.08.2020
ამ ლოდებსა და ზღვას შორის მოწყობილი ხელოვნური პლაჟი ზღვამ 8 თვეში მიიტაცა / 28.08.2020
ამ ლოდებსა და ზღვას შორის მოწყობილი ხელოვნური პლაჟი ზღვამ 8 თვეში მიიტაცა / 28.08.2020
ლოდები ზღვაში. ფონდში აცხადებენ, რომ ეს ლოდები ნაგებობიდან ამოვარდნილი არ არის და საიდან გაჩნდა ისინი აქ, შესასწავლია / 28.08.2020
ზღვის ხედი სასეირნო ბილიკიდან /ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება/ 28.08.2020

„ოქროს ქვიშით მომარაგების პროექტის თანახმად, 2 კმ-იანი მონაკვეთის ქვიშით მომარაგება (ერთჯერადად) სახელმწიფოს 50 მლნ. ლარი დაუჯდებოდა… მიმდინარე წელს ფონდი გამოაცხადებს ტენდერს ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებაზე, რომლის განხორციელებაც სავარაუდოდ 20 მლნ. ლარს არ აღემატება“ – აცხადებდა ფონდი 2013 წელს.

სამუშაოები ფონდმა მხოლოდ 2017 წელს დაიწყო. თავდაპირველად კონტრაქტი 30 მილიონამდე ლარზე გაფორმდა, მოგვიანებით კი ეს თანხა 55 მილიონამდე გაიზარდა.

დაიცავს თუ არა 30-მილიონიანი პროექტის განხორციელება ბათუმის სანაპირო ზოლს და გადაიჭრებოდა თუ არა ამით ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა? – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას „ბათუმელები“ სამუშაოების დაწყებამდე, 2016 წელს შეეცადა. როგორც „ბათუმელებს“ მაშინ რამდენიმე სპეციალისტმა განუცხადა, პროექტის განხორციელებით ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიის წარეცხავს დაიწყებდა.

მშენებლობის პროცესში გეოლოგმა ტარიელ ტუსკიამ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ლოდების ჩაწყობის მეთოდმა გაამართლა მეზობელ თურქეთში, თუმცა ვერ ამართლებს აჭარის სანაპიროზე: „გონიოდან დაწყებული, სანაპიროზე, სადაც დიდი ლოდი ჩაიდო, ყველა ჩაიძირა ზღვაში. თურქეთში სანაპიროსთან კლდოვანი ქანები გამოდის და ეს ლოდები ამ ქანებზე დევს. შესაბამისად, მას ზღვა ძირს ვერ ურეცხავს [ასეთი ქანები გამოდის სარფში და კვარიათშიც]. ბათუმის სანაპირო კი ნატანი მასალითაა აგებული და ამ ლოდების ქვეშ არის ხრეში. დეტალურად არ ვიცნობ პროექტს, რა ტექნოლოგიით ჩააწყვეს, თუმცა, ეს ლოდები თუ ხრეშზე დევს, მას წლების განმავლობაში ზღვა ძირს გამოურეცხავს და კონსტრუქციას დაშლის. ასე ხდებოდა აქამდე“.

ამ თემაზე:

რატომ გადაკეტეს ზღვაზე ჩასასვლელები ახალ ბულვართან, სადაც ნაპირი გაამაგრეს

ბათუმის საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“, არჩილ მამულაძემ განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს.

„მე რამდენი ხანია ვითხოვდი ბიუროს მოწვევას პარტიაში რიგი საკითხების განსახილველად, მაგრამ ვერ მივაღწიე. რაც შეეხება ბანერის საკითხს, ეს არის ჩემთვის მიუღებელი“, – განაცხადა არჩილ მამულაძემ.

29 აგვისტოს „პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გვერდით, აჭარაც წითლად იყო მონიშნული, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. ბანერს ეწერა – „დაიცავი აჭარა“. ბათუმში „პატრიოტების“ საარჩევნო ბანერს სამარცხვინო უწოდეს. იმავე დღეს ბანერები „ლელოს“ აქტივისტებმა ჩამოხიეს, ხოლო ბათუმის მერიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურმა პარტიამ ბილბორდი უნებართვოდ განათავსა.

არჩილ მამულაძის განცხადებით, მასთან ერთად „პატრიოტთა ალიანსს“ სხვა წევრებიც ტოვებენ.

საკრებულოს წევრის გადაწყვეტილება პრინციპულ ნაბიჯად შეაფასა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ და „პატრიოტთა ალიანსს“ დესტრუქციული ძალა უწოდა.

2019 წლის ბოლოს ეს პარტია დატოვა მერაბ ბლადაძემაც, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. შესაბამისად, პატრიოტთა ალიანსს არც ბათუმის თვითმმართველობაში და არც აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმომადგენელი აღარ ჰყავს.

ამავე თემაზე:

მერაბ ბლადაძემ პატრიოტთა ალიანსი დატოვა: „ხედვების შეუთავსებლობა გვაქვს“

3 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში გუშინ უფასო PCR ტესტი ჩაუტარეს კორონავირუსზე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 2 სექტემბერს, უფასო PCR ტესტისთვის ბათუმსა და ქობულეთში საგანგებოდ მოწყობილ კარვებს მიმართა ჯამში 1494-მა მოქალაქემ, აქედან ბათუმში – 1443-მა მოქალაქემ, ხოლო ქობულეთში –  51 -მა.

უფასო PCR ტესტირება ხდება ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში. ბოლო 24 საათში პოლიკლინიკებს მიმართა 642-მა პირმა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღია კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და ღამის კლუბებში ტესტი ჩაუტარდა 79 დასაქმებულს. 924 ნიმუში იქნა აღებული ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“.

სამინისტროს ცნობით, პირველ სექტემბერს კარვებში აღებული 600 ნიმუშის კვლევა ჯერ არ დასრულებულა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გუშინ, 2 სექტემბერს საქართველოში 7186 PCR ტესტი აიღეს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 6 ბათუმში.

 

კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა ბათუმში – 3 სექტემბრის მონაცემები

ბოლო 24  საათში ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 2-ის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 2 სექტემბერს, გავრცელდა. ერთი შემთხვევა #7 ავტობუსის მძღოლს უკავშირდება, მეორე კი სასტუმრო “დრიმლედ ოაზისის” სტუმარს. რაც შეეხება დანარჩენ 4 კოვიდინფიცირებულს,  ერთი ინფიცირებული საკონდიტრო “დონას” თანამშრომლების კონტაქტია, ერთი – თურქი მძღოლია, ერთი – კარანტინიდან და ერთიც  – ცხელების ცენტრიდანაა.

3 სექტემბრის მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 49 პაციენტი, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და გაეწერა.

 

ბათუმში კარვების გარდა უფასო ტესტირებას 5 პოლიკლინიკაში ჩაატარებენ

დადასტურდა კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა – 3 სექტემბრის მონაცემები

3 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 9 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის სულ 1568 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1279 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 6185 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 215.

______________

 

საზღვრის უკანონო კვეთისთვის ინდოეთის 3 მოქალაქე დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, საზღვრის უკანონო კვეთისთვის ინდოეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში ედებათ.  „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“, – აცხადებს შს სამინისტრო.

დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე წყაროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ 2020 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა ქვეყნის 92 მოქალაქე, მათ შორის: თურქეთის რესპუბლიკის – 35, ინდოეთის – 9, ირანის – 4, პალესტინის – 4, მაროკოს – 1 და ალჟირის – 1 მოქალაქე.

დისტანციური სწავლების ესტონური მოდელი 100 ქართულ სკოლაში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრიდან სკოლებში დისტანციური სწავლების ესტონური მოდელი საქართველოს 100 სკოლაში დაიგეგმება. პროექტი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მას ესტონეთის მთავრობა დააფინანსებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების ადმინისტრაციები გაეცნობიან დისტანციური სწავლების ესტონურ პრაქტიკას და ამ კუთხით შემუშავებულ კონცეფციებს.

„დაწყებითი განათლების მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ მომზადება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიაში, სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები კი მოსწავლეებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისა და სკოლის მენეჯმენტის მიმართულებით გადამზადდებიან“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის შეიქმნება კვლევისა და უზრუნველყოფის მოდელი. პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლები მოემზადებიან სხვადასხვა პლატფორმის შექმნასა და მართვაში.

სამინისტროს ინფორმაციით, შერჩეული სკოლების მასწავლებლებსა და ადმინისტრატორებს შესაძლებლობა მიეცემათ ესტონური გამოცდილებისა და პრაქტიკის გასაცნობად ესტონეთსაც ეწვიონ და სასწავლო ტურში მიიღონ მონაწილეობა.

„შენი იდეა ბათუმს” – იდეების წარდგენის ვადა 5 სექტემბერს იწურება

თუ გსურთ საკუთარ ქალაქში რაიმეს შეცვლა, სიახლეების დანერგვა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება, პროექტი „შენი იდეა ბათუმს“ თქვენთვისაა.

იჩქარეთ, თუ რამის გაკეთება გსურთ ბათუმისთვის, პროექტში 2021 წლის იდეების მიღების ვადა 3 დღეში, 5 სექტემბერს იწურება.

იმისთვის, რომ 2021 წლისთვის ქალაქთან დაკავშირებული თქვენი იდეები რეალობად იქცეს, პროექტისთვის – „შენი იდეა ბათუმს“,  ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 500 000 ლარია გამოყოფილი.

იდეების რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ ვებგვერდზე  www.idea.batumi.ge

„ბათუმი ველოქალაქი”, „წერეთლის სკვერის ახალი სიცოცხლე”, „ლაქტაციის ოთახი”, „3D ზებრა – გადარჩენილი სიცოცხლე”  – ეს იმ იდეების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც პროექტის გვერდზე „შენი იდეა ბათუმს” უკვე დაარეგისტრირეს.

როგორ დავარეგისტრიროთ იდეა

იდეის რეგისტრაციისთვის საჭიროა  მოქალაქემ ვებგვერდზე www.idea.batumi.ge გაიაროს:

  1. რეგისტრაცია
  2. ავტორიზაცია

და შემდეგ დაარეგისტრიროს იდეა.

რა კატეგორიის იდეების დარეგისტრირებაა შესაძლებელი?

კონკურსზე „შენი იდეა ბათუმს“ შესაძლებელია დაარეგისტრიროთ იდეები, რაც ბათუმის მერიის კომპეტენციას მიეკუთვნება, ასეთი მიმართულებებია:

  • კეთილმოწყობა
  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა
  • ნარჩენების მართვა
  • გამწვანება
  • სკოლამდელი არაფორმალური და პროფესიული განათლება
  • შშმ პირთა ინკლუზია
  • კულტურული, სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები
  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა და ა.შ.

სიახლეა პროექტში – კატეგორია Covid-19, რომლის მიზანია პანდემიის შედეგების შემსუბუქებაზე ორიენტირებული იდეების წახალისება და დანერგვა ბათუმში.

იდეის წარდგენა შეუძლია ბათუმში რეგისტრირებულ საქართველოს სრულწლოვან ნებისმიერ მოქალაქეს.

გამარჯვებულ იდეებს ავლენენ მოქალაქეები ვებგვერდზე www.idea.batumi.ge ხმის მიცემის გზით. გამარჯვებული იდეების განხორციელების ვალდებულება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ეკისრება.

„შენი იდეა ბათუმს“ – ეს არის შენი გზა, შენი გადაწყვეტილება, შენი ქალაქისთვის

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებენ  ბათუმის მერია და  ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia,  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

„შენი იდეა ბათუმს“ ეს არის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, ჩაერთონ ქალაქის ბიუჯეტის მართვაში და გადაწყვიტონ რაში უნდა დაიხარჯოს მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

“ოაზისში” 400-მდე ექიმი ესწრებოდა კონფერენციას, სასტუმრო კორონავირუსის გამო ჩაიკეტა

დაბა ჩაქვში მდებარე სასტუმრო “ოაზისი” ჩაიკეტა. სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მნიშვნელოვანი ვითარება არის დღესდღეობით სასტუმრო ოაზისში, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ესწრებოდა იქ ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას, სადაც აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე, ქალბატონი თამარ გაბუნია და ასევე რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს. ვინაიდან სასტუმრო ოაზისში დაფიქსირდა კორონავირუსი, საიდანაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო ოაზისი ჩაიკეტება. ასევე მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ სასტუმრო ოაზისში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ტესტირება ექიმების, რათა მოხდეს მათი  უკვე შესაბამისი პროტოკოლით გადანაწილება თვითიზოლაციაში და კარანტინში,“ – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” ჩატარებული კონფერენციის მონაწილეს კორონავირუსი დღეს, 2 სექტემბერს დაუდასტურდა.

2 სექტემბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა დღიური რეკორდული – 38 შემთხვევა, მათგან 22 არის ბათუმში არსებული საკონდიტრო “დონას” კლასტერიდან.

დღესვე მთავრობამ განაცხადა, რომ #7 ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა კორონავირუსი.

უფასო ტესტირება ბათუმის ბულვარში შესაძლებელია სამ კარავში და 5 პოლიკლინიკაში.

თურქეთში დასაქმებული ქალები მრავალჯერად დახმარებას ითხოვენ საზღვრის გახსნამდე

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ თურქეთში დასაქმებული ქალები დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან ისევ შეიკრიბენ, ამჯერად ისინი აქ საპროტესტო აქციის გასამართად არ მისულან. მათ მთავრობასთან გააჟღერეს მოთხოვნა – მიიღონ მრავალჯერადი, სამასლარიანი დახმარება, სანამ თურქეთის საზღვარი არ გაიხსნება და ისინი სამსახურში დაბრუნებას შეძლებენ.

ერთ-ერთი მოქალაქის, მადონა შაინიძის ინფორმაციით, ისინი დღეს მთავრობის წარმომადგენელს კახა შაშიკაძეს შეხვდნენ, რომელმაც ურჩია მათ მოთხოვნა წერილობით ჩამოეყალიბებინათ და მთავრობის კანცელარიაში დაერეგისტრირებინათ განცხადების სახით. მათ იქვე მოამზადეს განცხადება, რომელსაც ასზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს და კანცელარიაში დაარეგისტრირეს.

თვითდასაქმებული ქალები ყოველდღიურად ან სეზონურად იყვნენ დასაქმებული თურქეთში და საზღვრის დაკეტვის შემდეგ უსახსროდ დარჩნენ.

საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდანაა შეჩერებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან.

ქალებმა, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ სამუშაოდ, რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმში. მათი აქტიურობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებული პირებისთვის გაეცა კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის.

ბათუმში #7 ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსი #7 ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა.

ავტობუსი მოძრაობს ურეხში [მთისძირის ქუჩაზე], ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის [ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩები], აბუსერიძის, გრიბოედოვის, რუსთაველის, თავდადებულის, ბარათაშვილის, ჯორჯიაშვილის, ვარშანიძის ქუჩების გავლით.

„მძღოლები 14 დღეში ერთხელ იტესტებოდნენ, ეს მძღოლიც იყო დატესტილი. ამიტომ ნებისმიერი მგზავრი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ დაიცვას ნორმები“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებმა, რომლებიც ამ ავტობუსით სარგებლობდნენ, უნდა ჩაიტარონ ტესტირება.

„გამკაცრდება კონტროლი საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დღის წესრიგში არ დგას აჭარის ჩაკეტვა, მაგრამ იმისთვის, რომ რისკები ვმართოთ, გვჭირდება საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ნინო ნიჟარაძის თქმით, კოვიდ19-ის შემთხვევები შესაძლოა გაიზარდოს.

დღეს, 2 სექტემბერს, დილით, ბათუმში კორონავირუსი 26 ადამიანს დაუდასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანი საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება.

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჩაქვში სასტუმრო „ოაზისშიც“. სასტუმროში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა.

ბათუმში, ბულვარში განთავსებულ 3 კარავსა და 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი უფასო ტესტირების ჩატარება.

შენიშვნა: აჭარის მთავრობაში დღეს, 2 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა მძღოლს, რომელიც „ნომერ მე -7, ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსის სამარშრუტო ხაზზე“ მუშაობს. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, რეალურად კორონავირუსი დაუდასტურდა #7 ავტობუსის მძღოლს.

 

მთავარი ფოტო: არქივი / „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ფოტო

უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელება 131 პირს სურს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის უმაღლესი დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელება 131 სტუდენტს სურს. ისინი საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად დღეს, 2 სექტემბერს, ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ.

გამოცდაზე 142 აპლიკანტი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდაზე 131 გავიდა.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ტესტი 45 არჩევითპასუხებიანი დავალებისგან შედგება და ტესტის თითოეულ ნაწილში (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) გამოსაცდელებს შესასრულებელი აქვთ 15 დავალება.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, თითოეულ დავალებას აქვს ხუთი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან  სწორი მხოლოდ ერთია. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით ფასდება.

გამოცდა იმ შემთხვევაში ჩაითვლება წარმატებულად, თუ აპლიკანტი ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50 პროცენტს (მინიმუმ 23 ქულას) დააგროვებს.

რა იწვევს ფეხების შეშუპებას და როგორ მოვიქცეთ – ექიმის რჩევები

დისკომფორტი და შეშუპება ქვედა კიდურებში განსაკუთრებით ზაფხულობით, დღის მეორე ნახევარში მწვავდება. ქვედა კიდურების შეშუპების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება, მაგალითად,  გულის ან თირკმლის უკმარისობა, თუმცა ყველაზე ხშირად  მიზეზი ქრონიკული ვენური დაავადება, იგივე ქრონიკული ვენური უკმარისობაა. ქრონიკული ვენური უკმარისობა უმეტესად ვითარდება ვენების თრომბოზის გადატანის შემდეგ, ასევე შესაძლოა საქმე გვქონდეს ვარიკოზულ დაავადებასთან. ვინ არიან ამ დაავადების რისკჯგუფში და როგორ მოვიხსნათ დისკომფორტი ქვედა კიდურებში – ამ და სხვა კითხვებს სისხლძარღვთა ქირურგი მერაბ მიქელაძე პასუხობს.

  • ბატონო მერაბ, რომ გვითხრათ, ვინ არიან ქრონიკული ვენური დაავადების რისკის ჯგუფში?

პირველ რიგში, რისკის ჯგუფს წარმოადგენს მდედრობითი სქესი, ქალებში გაცილებით მაღალია ქრონიკული ვენური უკმარისობის მაჩვენებელი, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში, რომელიც ორსულობა-მშობიარობისას ვითარდება. ვენური უკმარისობის რისკის ჯგუფში არიან პაციენტები სხვადასხვა თანმხლები დაავადებით, ასევე ის ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ გენეტიკური წინასწარგანწყობა ანუ მსგავსი გართულებები ჰქონდათ მათ მშობლებს, ბებიებსა თუ ბაბუებს და ადამიანები, რომლებზეც ზემოქმედებს მექანიკური ფაქტორები. საუბარია სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე, რომლებიც სამსახურის სპეციფიკის გამო დღის განმავლობაში დიდი ხანი სხედან ან დგანან ფეხზე. საერთოდ, ვარიკოზის რისკ-ფაქტორებია დიდხანს ფეხზე დგომა, დიდხანს ჯდომა, ჭარბი წონა, ასევე დაავადების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მავნე ჩვევები, მაგალითად, თამბაქოს მოხმარება.

  • რა უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, ვისაც სამსახურის გამო უწევთ ხანგრძლივად ჯდომა ან დგომა?

ისეთი პროფესიის ადამიანმა, რომელსაც მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგალითად, სტილისტს ან სხვას, უწევს დიდხანს დგომა ან ჯდომა, უნდა შეეცადოს, მიიღოს გარკვეული პრევენციული ღონისძიებები. ასეთი ადამიანი, პირველ რიგში, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს არასამუშაო დროს, მაგალითად, სახლში, მოერიდოს დიდხანს ჯდომას და დგომას, წიგნის წაკითხვა იქნება თუ ტელევიზორის ყურება, გააკეთოს ეს წამოწოლილმა. მუშაობის დროს ხშირად მოხაროს და გაშალოს ფეხი, გაიარ-გამოიაროს როცა კი მოახერხებს, ასევე ფეხის თითებზე წამოიწიოს და დაეშვას. მოერიდოს ისეთ ტანსაცმელს, რომელიც მჭიდროდ იქნება წელის არეში შემოჭერილი, მოერიდოს წონაში მომატებას, ასევე ცხელ წყალსა და ცხელი წყლის პროცედურებს.

ზაფხულში ვენური უკმარისობის პროგრესირება უფრო ხშირია იმიტომ, რომ სიცხეში სისხლძარღვი ფართოვდება. ძალიან კარგია ცივი წყალი, ზღვა და ცურვა, ოღონდ რუჯის გარეშე. მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ თავისუფალ დროს იცხოვროთ აქტიური ცხოვრების წესით. დასვენებისას – ჰორიზონტალური მდგომარეობა და კიდურები მაღლა – ეს არის ყველაზე კარგი პროფილაქტიკა.

ამის გარდა, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებისთვის პროფილაქტიკა შეიძლება ელასტიური ტრიკოტაჟით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც პრევენციული, ისე სამკურნალო, იმის მიხედვით, თუ რომელ სტადიაშია დაავადება. თუ, უბრალოდ, რისკის ჯგუფია და არ ხერხდება რისკ-ფაქტორების არიდება – პრევენციულიც საკმარისია, თუ აქვს დაავადების პირველი სტადია –  აუცილებლად სჭირდება პირველი კლასის კომპრესიის სპეციალური ჩულქები, რომელსაც აქვს როგორც სამკურნალო, ისე პროფილაქტიკური დანიშნულება.

  • როგორ მკურნალობენ?

ქრონიკული ვენური უკმარისობისას მკურნალობა არის კომპლექსური, აუცილებელია პაციენტმა დაიცვას რეჟიმი, მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა ცალკეულად ვერ იმუშავებს.

საქმე ის არის, რომ როცა ადამიანი დგას ფეხზე, სისხლის ნაკადი ვენებსა და ძარღვებს აწვება ზემოდან ქვემო მიმართულებით. შესაბამისად, იწვევს ამ ვენური უკმარისობის პროგრესირებას. გრავიტაციული კანონის წინააღმდეგ ვერც ერთი მედიკამენტი ვერ იმუშავებს. დღეისთვის არსებობს მედიკამენტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ სისხლის უკუდინების გაუმჯობესებას და პლუს ამას სისხლძარღვის კედლის ტონუსის გაზრდას, დადებითად მოქმედებენ სარქველზე, მაგრამ მხოლოდ წამალი გრავიტაციის წინააღმდეგ ვერაფერს გახდება. ამიტომ მაღალი რისკის მქონე პაციენტმა, ასევე პაციენტმა დაავადების საწყის სტადიაში, პირველ რიგში, უნდა დაიცვას რეჟიმი. თუ ამას ვერ ახერხებს და მაინც უწევს დიდხანს ფეხზე დგომა ან ჯდომა, ატაროს პირველი კლასის კომპრესიის ჩულქები. შემდეგ მოდის კონსერვატიული ანუ მედიკამენტოზური მკურნალობა, შემდეგი მეთოდი კი ოპერაციული ჩარევაა, რომელიც სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. თუმცა რეჟიმის დაცვა აუცილებელია ქირურგიული ჩარევის შემდეგაც. იგივე ფაქტორები, რამაც განაპირობა დაავადების განვითარება, არც ოპერაციის შემდეგ უნდა განმეორდეს.

მისცემთ თუ არა ხმას პირბადის გარეშე – ცესკომ შენობებში ყოფნისას ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა

ცესკომ საარჩევნო კომისიების კუთვნილ და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა. ეს მოთხოვნები კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნასა და შესვლა-გამოსვლაზე არ ვრცელდება. რა წესები იმოქმედებს უშუალოდ კენჭისყრის დღეს, ჯერ დადგენილი არ არის.

ცესკოს დადგენილებით, კენჭისყრის დღის გარდა პირბადის გამოყენება სავალდებულოა:

[checklist]

  • საარჩევნო კომისიების შენობების ლიფტებში
  • საარჩევნო კომისიების შენობების მისაღებებში
  • საარჩევნო კომისიებში შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა
  • საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებისას
  • დამკვირვებლებს – საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში ყოფნისას [საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას]

[/checklist]

ცესკოს დადგენილებით, პირი ვალდებულია დაიცვას პირბადის  ტარების წესი. „წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ექვემდებარება გაფრთხილებას და ამ წესის დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდება მისი შენობიდან გაძევება“.

პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება:
  • გამომსვლელს/მომხსენებელს საარჩევნო კომისიის შენობებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ 2 მეტრის სოციალურ დისტანციას;
  • პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით;

ამავე დადგენილებით:

[crosslist]

  • „საარჩევნო ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი. ცხელების – 37°С ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში). განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში“;
  • „საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირი ვალდებულია საჩივრის განხილვაზე პირის დაბარებისას, საჩივრის ავტორს მოსთხოვოს, რომ იგი ვალდებულია გადაიმოწმოს ტემპერატურა და ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში იგი უფლებამოსილია უზრუნველყოს მისივე წერილობითი განცხადების საფუძველზე მისი ჩამნაცვლებელი პირის წარმოდგენა. აღნიშნულის თაობაზე მხარის ტექნიკური საშუალებით დაბარების აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. თუ ცხელება დაუფიქსირდა საჩივრის ავტორს/უფლებამოსილ პირს, ზემოხსენებული გაფრთხილების შემდეგ, საარჩევნო კომისიაში შესვლისას იგი უფლებამოსილია საარჩევნო კომისიას მიმართოს წერილობითი განცხადებით საჩივრის განხილვაში მის ნაცვლად სხვა პირის მონაწილეობის შესახებ და უზრუნველყოს ამ პირის საარჩევნო კომისიის სხდომაზე გონივრულ დროში გამოცხადება, რისთვისაც შესაძლებელია აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდოს გონივრული ვადით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ უნდა იქნეს დარღვეული ამ საჩივრის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადა. განცხადებაში უნდა მიეთითოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი“;
  • „საარჩევნო კომისიის შენობებში უნდა განთავსდეს ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი“.

[/crosslist]

საარჩევნო კომისიის შენობაში მყოფი ნებისმიერი პირი ასევე ვალდებულია, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიცვას შემდეგი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები:

  • დაიცვას ჰიგიენის წესები
  • მოერიდოს თავშეყრას, დაიცვას რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (შეძლებისდაგვარად)
  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს სამუშაო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია
  • სამუშაოს დაწყებისას და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავოს სამუშაო ინვენტარი, რომელსაც იყენებს სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას
  • ტექნიკისა და ინვენტარის მომხმარებელმა უზრუნველყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის, კლავიატურის ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით
  • საარჩევნო კომისიის შენობაში მისვლამდე გააკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით
  • ატაროს პირბადე ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

როგორც ზემოთ არის აღნიშნული – ცესკოს ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნასა და შესვლა/გამოსვლაზე.

შენიშვნა: ინფორმაცია თავდაპირველად გამოქვეყნდა სათაურით: „ხმას პირბადის გარეშე მისცემთ – ცესკომ შენობებში ყოფნისას ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა“, თუმცა მოგვიანებით ცესკოში განმარტეს, რომ უშუალოდ კენჭისყრის დღისთვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნისას და შესვლა-გამოსვლისას რა წესები იმოქმედებს, ამ ეტაპზე მუშავდება.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

მთავარი ფოტო: ბათუმის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

2 სექტემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში 1548-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა – 1270, გარდაიცვალა – 19, კარანტინშია – 6185.

ჩაქვში ძალოსნობის ბაზის მშენებლობისთვის 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი

აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ [ყოფილი შპს „სტადიონი“] ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ბაზის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 4 543 455 ლარია გამოყოფილი. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დასრულდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება.

ახალი ბაზა მეგენეიშვილის ქუჩა №17-ში მდებარე 2256 კვ/მ მიწის ნაკვეთზე [სადაც დგას ამორტიზებული შენობა, რომელშიც ძალოსნები ვარჯიშობენ] ხელახლა დააპროექტეს. საპროექტო ტერიტორიაზე მდებარე შენობა უნდა დაინგრეს. მანამდე ბაზის მშენებლობა ჩაქვში სხვა მისამართზე იგეგმებოდა.

ტერიტორიის შეცვლის მიზეზსა და თავად პროექტის შესახებ დეტალურად ნახეთ ბმულზე:

 

ძალოსნები უშუქოდ და ცივი შხაპით სხვის შენობაში

„ყოველი მეოთხე ქალი საარჩევნო სიაში“ – „გირჩის“ სარჩელს საკონსტიტუციო განიხილავს 

გენდერული კვოტირების წინააღმდეგ „გირჩის“ სარჩელს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს, 2 სექტემბერს, განიხილავს. დავის საგანი საარჩევნო კოდექსის ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიის ყოველი მეოთხე მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

ამ კუთხით რეგისტრაციის პრობლემა წელს „გირჩს“ შეექმნა, როცა საპარლამენტო სიის პირველ ათეულში არც ერთი ქალი კანდიდატი არ არის.

სარჩელის ავტორი „გირჩთან“ ერთად არის: „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო და ანა ჩიქოვანი.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიმუშავა სისტემა, რომლის საფუძველზეც არჩევნებში მონაწილეობისათვის პარტიული სიის ფორმირება სრულად დამოკიდებულია პარტიის პარტნიორთა მიერ გამოხატულ ნებაზე. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ მსგავსი ვალდებულებების დაკისრება გაუმართლებლად ზღუდავს საარჩევნო უფლებას და პოლიტიკურ პარტიას აიძულებს, საკუთარი პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების უგულებელყოფას.

სწავლის დაწყებამდე სკოლებს შეამოწმებენ – მინისტრის მოადგილე

სასწავლო პროცესის დაწყებამდე განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შეამოწმებს რამდენად დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები თითოეულ სკოლაში. სწორედ ამ ჯგუფის დასკვნის საფუძველზე დაიწყებს სკოლა სასწავლო პროცესს. ეს შეეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს. ამის შესახებ დღეს, 2 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, შემოწმებას ინსპექტირების ჯგუფი 15 სექტემბრამდე განახორციელებს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, იმისთვის, რომ მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება საკლასო ოთახში მოსწავლეების დასაშვებ რაოდენობასთან დაკავშირებით, სკოლებს მიეცემათ საშუალება, თავად დააორგანიზონ სასწავლო პროცესი, ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად:

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარულისა და გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში“, – განაცხადა მან.

იმ შემთხვევაში, კი თუ კონკრეტულ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევა, მას ეძლევა შესაძლებლობა, გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილი გრაფიკი შეიმუშაოს:

„სწავლის დაწყების დროს განსაზღვრავს უშუალოდ სკოლა და ასევე მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ცვლის მიხედვით დააორგანიზონ სასწავლო დღე“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სკოლას შეუძლია სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის გამოიყენოს შაბათი დღე: „ეს, რა თქმა უნდა, იქნება მათი არჩევანი“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სკოლებს კოვიდ 19-ის პრევენციისთვის საჭირო ინვენტარით სახელმწიფო უზრუნველყოფს

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, სკოლებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა სასწავლო პროცესის იმ რეკომენდაციების ორგანიზებისთვის, რაც შემუშავებული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ინვენტარით სკოლების აღჭურვას სახელმწიფო უზრუნველყოფს:

„უკვე დაწყებულია შესაბამისი შესყიდვა და ათი სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით , დეზობარიერით, შესაბამისი სითხეებით და თერმოსკრინინგის აპარატებით“.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის  ინფორმაციით, სასწავლო პროცესი სკოლებში არ დაიწყება, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს თითოეულ სკოლას. ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს: „სწორედ ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის შემდეგ მოხდება კონკრეტულ სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყება“.

მინისტრის მოადგილემ დღეს, 2 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ასევე, რომ პირველიდან მეთორმეტე კლასამდე მოსწავლეებს სასწავლო კლასებში დახვდებათ სახელმძღვანელოები, დამატებით, პირველკლასელებს – კომპიუტერები.

„საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იგეგმება ვიდეორგოლების მომზადება, რომელიც უნდა დაეხმაროს სკოლებს რეკომენდაციების დაცვაში, კამპანიის ფარგლებში იგეგმება ასევე შეხვედრები მოსწავლეების მშობლებთან,“ – განაცხა დგებუაძემ.

“დონას” განმარტება თანამშრომლების ინფიცირებაზე

საკონდიტრო „დონა“, რომლის თანამშრომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, განცხადებას ავრცელებს. „დონას“ მენეჯმენტის მტკიცებით, საკონდიტრო ზედმიწევნით ასრულებდა კორონავირუსის პრევენციისთვის განსაზღვრულ ყველა  რეკომენდაციას.

„ძვირფასო მომხმარებლებო, კოვიდინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილნი არიან კარანტინში,“ – ნათქვამია საკონდიტროს ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში საკონდიტრო „დონას“ თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ გუშინ, პირველ სექტემბერს, გახდა ცნობილი, საღამოს საათებში კი „დონას“ კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი. მათი ინფიცირების წყარო უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ შემთხვევასთან დაკავშირებულ 80-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 სექტემბრის მდგომარეობით, 26 ახალი შემთხვევიდან 21 არის „დონას“ კონტაქტი, აქედან 1 არასრულწლოვანია [ შესაბამისად „დონას კლასტერიდან“ სულ 22 ინფიცირებულია. აქედან ერთს კორონავირუსი პირველად გუშინ დაუდასტურდა]. დანარჩენი 5 კი, კარანტინიდანაა.

ბათუმში კარვების გარდა უფასო ტესტირებას 5 პოლიკლინიკაში ჩაატარებენ

ბათუმში შაბათამდე უნალექო ამინდი იქნება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში შაბათამდე, 5 სექტემბრამდე, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ძირითადად უნალექო ამინდი; 5 სექტემბერს კი, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 სექტემბრის 21 საათიდან 3 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში,

ჰაერის ტემპერატურა, 3 სექტემბერს, სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი,
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო;

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი,
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო.

ზღვის წყლის ტემპერატურა კვლავ +27 გრადუსია.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება / აგვისტო, 2020

ბათუმში გვაქვს მიკროაფეთქება, ღამის კლუბები არ დაიხურება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსის გავრცელების ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით სიტუაცია საყურადღებოა. გამყრელიძემ „დონას“ კლასტერთან დაკავშირებულ შემთხვევების ზრდას მიკროაფეთქება უწოდა. მან განაცხადა, რომ ბათუმში, მიუხედავად კოვიდის ახალი შემთხვევებისა, ღამის კლუბები არ დაიკეტება.

„მოვუწოდებ ბათუმის კლუბებს და იმ ბარებს, სადაც ინტენსიურად იკრიბება ხალხი, არ დასმულა საკითხი მათ დაკეტვაზე, მაგრამ იქ უნდა იყვეს დაცული ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება. კერძოდ, ყოველდღიურად კარგი დალაგება მსუბუქი დეზინფექციით და ორ-სამ დღეში ერთხელ სრული დეზინფექცია ამ დაწესებულებების.

სამწუხაროდ, არ იყო დამყოლობა, როცა მოვუწოდეთ ბათუმში და ქობულეთში კაფე-ბარებში დასაქმებულებს, რომ აუცილებელი იყო, მათ ტესტირება გაევლოთ. დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ და მოვუწოდებ მათ, რომ აუცილებელია ტესტირება გაიარონ და ამისთვის არსებობს ყველა პირობა ბათუმში.

ბათუმის რეზიუმე რომ გავაკეთო, საყურადღებოა სიტუაცია, გვაქვს, დიახ, მიკროაფეთქება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მას ქვეყანა შესაბამისად მოუვლის და მალე ეს ეპიდაფეთქება ჩაქრება, რა თქმა უნდა, თქვენის დახმარებით, ვეცადოთ პრევენცია გავაკეთოთ ინფექციის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართული უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ.

გუშინ, პირველ სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ბათუმში ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა, რომელიც საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება. ამ კლასტერში უკვე 22 ადამიანია ინფიცირებული.

კორონავირუსით ახალი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა საქართველოში მკვეთრად გაიზარდა, ბოლო 24 საათში დადასტურდა 38 ახალი შემთხვევა.

ბათუმი არ ჩაიკეტება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ეპიდსიტუაციის დამძიმების მიუხედავად, ბათუმი არ ჩაიკეტება.

“მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეს 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილში.

ყველამ უნდა ვიზრუნოთ ახლა იმაზე, რომ ბათუმში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება არ გადაეცეს სხვა ქალაქებს, სადაც დამსვენებლები დაიწყებენ დაბრუნებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.

პრემიერის განცხადებით, რადგან ბათუმში ბევრი ადამიანი ისვენებს, გასაძლიერებელია უფასო ტესტირების ჩატარება.

დღესვე ითქვა, რომ უფასო ტესტირება ბულვარში გაშლილი კარვების გარდა 5 სხვადასხვა პოლიკლინიკაში ჩატარდება.

ნახეთ პოლიკლინიკების ჩამონათვალი:

ბათუმში კარვების გარდა უფასო ტესტირებას 5 პოლიკლინიკაში ჩაატარებენ

 

 

38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის „დონას“ კლასტერია – ეზუგბაია

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 22 ბათუმის „დონას“ კლასტერია – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა ჟურნალისტებთან.

„ეს ახალი წყარო გველაპარაკება იმაზე, რომ თავი უნდა დავიცვათ და რეგულაციები უნდა დავიცვათ. საუკეთესო საშუალება თავის დაცვის არის დისტანცირება და პირბადე, სადაც 10 კაცზე მეტი შეიკრიბება, იქ დისტანცირება სავალდებულოა,“ – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 5 პირის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.

„7 არის დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 – შემოტანილი, 2 სატვირთოს მძღოლია,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღეს, 2 სექტემბერს, კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი 1548-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა – 1270, გარდაიცვალა – 19, კარანტინშია – 6185.

თვალის ჩაკვრა და შეჯიბრი ხელების დაბანაში – ახალი თამაშები საბავშვო ბაღებისთვის

საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას პირველი ოქტომბრიდან განაახლებენ. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებები დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

ბაღებმა, ზოგად რეკომენდაციებთან ერთად, უნდა უზრუნველყონ სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; ბავშვი სიმპტომების გამოვლენისთანავე დროებით უნდა გადაიყვანონ საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე;

მშობლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით;

დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა. შ.) პირების (მათ შორის მასწავლებლების, აღმზრდელების, თანამშრომლებისა და აღსაზრდელების) დაშვება დაწესებულების შენობაში;

ბაღის ადმინისტრაციამ აღმზრდელები, აღმზრდელთა თანაშემწეები, ძიძები, დამლაგებლები და სხვა პერსონალი უნდა გადაამზადოს (მათ შორის, COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ) დაწესებულების გახსნამდე და გარდამავალ პერიოდში, რათა შეძლონ უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ რეკომენდაციების დაცვა თავიანთ სამუშაო ადგილზე;

ბაღებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვებისთვის ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთების შექმნა ისე, რომ სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს თითოეულმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი;

იკრძალება სახლიდან სათამაშოების მოტანა; ბაღში ხმარებიდან უნდა ამოიღონ ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება.

ბაღებმა უნდა მოახერხონ ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის იმგვარი თამაშების დანერგვა, როგორიცაა, მაგალითად:

  • შეჯიბრი ხელების დაბანაში
  • მეგობრებთან შეხვედრის, მისალმების და ურთიერთობის ახალი უნარების სწავლა
  • სახალისო თამაშები სახეზე ხელის შეხებისგან თავშეკავებაზე
  • როგორ უნდა დავაცემინოთ და დავახველოთ ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ
  • უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის მაგალითად, მისალმება ჟესტებით, მშვიდობის ნიშნის ჩვენება, ხელის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ა.შ.

ბაღებმა ბავშვებისთვის ხელების დაბანის დროს უნდა გამოიყენონ გართობის სხვადასხვა საშუალება იმგვარად, რომ ხელების დაბანის პროცესი არანაკლებ 20 წამი იყოს;

ამასთან, ბავშვებს ხელები უნდა გაუმშრალონ ერთჯერადი ხელსახოცით ან ინდივიდუალური პირსახოცით (პირსახოცის გამოყენების შემთხვევაში მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს თითოეული ბავშვის მიერ მხოლოდ საკუთარი პირსახოცის გამოყენების პრაქტიკა და დაცული იყოს თეთრეულის რეცხვის ჰიგიენური რეჟიმი);

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ხელების დაბანა და გაშრობა, ხელების დასამუშავებლად რეკომენდებულია არა უმცირეს 70%-იანი სპირტის შემცველობის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება. ამასთან, მასწავლებლებს და ძიძებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ თითოეულ ბავშვზე ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში.

მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რომ ბავშვებისთვის უფროსების მეთვალყურეობის გარეშე არ იყოს ხელმისაწვდომი სადეზინფექციო ხსნარები; ბავშვებისთვის ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების წესები ახსნილი უნდა იყოს მათთვის გასაგებ ენაზე და ამ ტიპის ნივთიერებებს (მათ შორის ხელის სადეზინფექციო სითხე) უნდა იყენებდნენ სათანადო ზედამხედველობის ქვეშ.

ბაღებში თეთრეული უნდა გამოიცვალოს საჭიროების მიხედვით; ნახმარი თეთრეული უნდა შეგროვდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში.

კატეგორიულად იკრძალება გამონაცვალი თეთრეულის იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება.

იკრძალება ასევე, აღმზრდელის, მასწავლებლის და ძიძის გარდა სხვა პირების შესვლა ისეთ სივრცეებში, სადაც იმყოფებიან ბავშვები.

[toggle title=”რეკომენდაციები ბაღებისთვის სრულად ნახეთ აქ:“]

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის

ზოგადი რეკომენდაციები:

შეიმუშავეთ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;
არ დაუშვათ საბავშვო ბაღის შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა. ბავშვების მიღება განხორციელდეს ბაღის თანამშრომლის მიერ;
დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პერსონალის, ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს არანაკლებ 1 მეტრიან დისტანციას;
თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, შენობის შესასვლელში უზრუნველყავით შესაბამისი მოსაცდელი სივრცის მოწყობა;
თერმოსკრინინგისას, ცხელების 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15 წუთიან შუალედში. ყოველი გამოყენების შემდეგ სავალდებულოა ვერცხლისწყლის თერმომეტრი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
უზრუნველყავით სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
რესპირატორული სიმპტომების/ცხელების მქონე ბავშვი, სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროებით გადაყვანილ უნდა იქნეს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით;

 საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

– შესაძლებელია ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;
– აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი);
– ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის სანიტაიზერი;
– ყოველი გამოყენების შემთხვევაში უნდა დამუშავდეს სველი წესით;
სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:
– მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაიშვება დაწესებულებაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
– აღსაზრდელი განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია ბავშვის დაწესებულებიდან დროულად გაყვანაზე;
– მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს, შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით;

– საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა 6 წელზე მეტი ასაკის პირს უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;
დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები აღრიცხეთ შესაბამის ფორმაში;
დღის განმავლობაში დაწესებულების თანამშრომლის ან ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, გადაამოწმეთ ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად;
დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა. შ.) პირების (მასწავლებლების, აღმზრდელების, თანამშრომლების და აღსაზრდელების) დაშვება დაწესებულების შენობაში;
თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
ობიექტის შესასვლელში განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
დაწესებულების შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი გამოყენების სავალდებულო ნიშნის მითითებით;
აღმზრდელები, აღმზრდელთა თანაშემწეები, ძიძები, დამლაგებლები და სხვა პერსონალი, რომლებიც სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობენ, გადაამზადეთ (მათ შორის ახალი კორონავირუსის COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ) დაწესებულების გახსნამდე და გარდამავალ პერიოდში, რათა შეძლონ უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ რეკომენდაციების დაცვა თავიანთ სამუშაო ადგილზე;
შეადგინეთ გეგმა ჯგუფების ოთახებისა და ოთახებში ბავშვების რაოდენობის შესახებ;
უზრუნველყავით ბავშვების ხელების დაბანა სათანადო წესით ჯგუფურ ოთახში შესვლის წინ;
უზრუნველყავით პერსონალისა და სხვა პირების (გარდა ბავშვებისა) შესვლა დაწესებულებაში მხოლოდ ნიღბით;
კომუნიკაციის გაძლიერების სტრატეგიისა და ბავშვების ოჯახთან დიალოგის წახალისების მიზნით, გამოიყენეთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები (მაგ. მოკლე ტექსტური შეტყობინება ან ვიდეო ზარი, პოსტერები);
დაწესებულებაში უზრუნველყავით ბავშვის მიღებისა და გაშვების დროში გაწერილი გრაფიკის დაცვა, ამასთან, რაიმე მიზეზით გრაფიკის დარღვევის აუცილებლობის შემთხვევაში, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ბაღში მისვლამდე არანაკლებ 10 წუთით ადრე უნდა აცნობოს ტელეფონით ჯგუფის ხელმძღვანელს, რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში წასასვლელად;
გამოიყენეთ ე.წ. „ჩეკლისტები“ იმისთვის, რომ დაეხმაროთ ოჯახებს სწორად იქნეს დაგეგმილი მათ მიერ ბავშვის ბაღში მიყვანის და გაყვანის დროები, რათა თავიდან იყოს აცილებული მშობლებისა და ბავშვების ერთდროული თავშეყრა დაწესებულების შესასვლელში;
შეიმუშავეთ საერთო სივრცეში (ეზო, დარბაზი და ა.შ.) ბავშვების გაყვანის გრაფიკი იმგვარად, რომ კონკრეტულ დროის მონაკვეთში სათამაშო მოედანზე ან სხვა საერთო სივრცეში ბავშვების მცირე ჯგუფმა ითამაშოს/დაისვენოს;
უზრუნველყავით ბავშვებისთვის ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთების შექმნა ისე, რომ სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს თითოეულმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი;
აკრძალეთ სახლიდან სათამაშოების მოტანა;
ხმარებიდან ამოიღეთ ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება;
უზრუნველყავით საძინებლებში ბავშვების საწოლების ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით განლაგება იმგვარად, რომ ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ;

ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარება-ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის დანერგეთ იმგვარი თამაშები, როგორიცაა მაგალითად: შეჯიბრი ხელების დაბანაში;

– მეგობრებთან შეხვედრის, მისალმების და ურთიერთობის ახალი უნარების სწავლა;
– სახალისო თამაშები სახეზე ხელის შეხებისგან თავშეკავებაზე;
– როგორ უნდა დავაცემინოთ და დავახველოთ ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ;
– უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის მაგალითად, მისალმება ჟესტებით, მშვიდობის ნიშნის ჩვენება, ხელის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ა.შ.;

ასაკისთვის შესაფერისი აქტივობები/თამაშები ჯგუფებში დაგეგმეთ იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად მოახერხოთ ფიზიკური დისტანცირების დაცვა;
უზრუნველყავით ბავშვებისთვის სასწავლო გარემოს იმგვარად შედგენა, რომ მიეცეთ ყოველდღიური შესაძლებლობა, იყვნენ გარეთ (ღია სივრცეში), ითამაშონ ბუნებაში/ეზოში და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში;
აკრძალეთ ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას;
უზრუნველყავით გარე სივრცეში ხანგრძლივად თამაშის ხელშეწყობა (თამაშებისთვის გამოიყენეთ ბავშვების დაყოფა მცირე ჯგუფებად;
შეზღუდეთ აღმზრდელის/მასწავლებლის/ძიძის გარდა სხვა პირების შესვლა ისეთ სივრცეებში, სადაც იმყოფებიან ბავშვები;
უზრუნველყავით დაწესებულებაში ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები) სარგებლობა;
ბავშვებისთვის ხელების დაბანის დროს გამოიყენეთ გართობის სხვადასხვა საშუალება იმგვარად, რომ ხელების დაბანის პროცესი არანაკლებ 20 წამს შეადგენდეს;
ხელების გამშრალება მოხდეს ერთჯერადი ხელსახოცით ან ინდივიდუალური პირსახოცით, (პირსახოცის გამოყენების შემთხვევაში მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს თითოეული ბავშვის მიერ მხოლოდ საკუთარი პირსახოცის გამოყენების პრაქტიკა და დაცული იყოს თეთრეულის რეცხვის ჰიგიენური რეჟიმი);
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ხელების დაბანა და გაშრობა, ხელების დასამუშავებლად გამოიყენეთ არა უმცირეს 70%-იანი სპირტის შემცველობის სადეზინფექციო საშუალებები;
სათანადო ადგილებში (საპირფარეშო, ონკანის სიახლოვეს) განათავსეთ ხელის ჰიგიენის წესები, მათ შორის ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე, სათანადო ილუსტრაციებით;
გამოყავით ჰიგიენის კუთხეები, ხელის ჰიგიენის საშუალებების განთავსებისთვის და მიაწოდეთ პერსონალს/აღსაზრდელებს ინფორმაცია ჰიგიენის საშუალებების სწორად გამოყენების შესახებ;
პერსონალისა და სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომ, სათანადოდ დაცულ, ადგილას განათავსეთ ხელის სადეზინფექციო ხსნარები;
პერსონალი უზრუნველყავით სათანადო სწავლებით, რათა მათ ხელი შეუწყონ ბავშვების მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვას;

გაითვალისწინეთ, რომ:
– წინასწარ უნდა გქონდეთ თითოეულ ბავშვზე ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში;
– ბავშვებისთვის უფროსების მეთვალყურეობის გარეშე არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სადეზინფექციო ხსნარები;
– ბავშვებისთვის ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების წესები ახსნილ უნდა იყოს მათთვის გასაგებ ენაზე და ამ ტიპის ნივთიერებების (მათ შორის ხელის სადეზინფექციო სითხე) გამოყენება უნდა ხდებოდეს სათანადო ზედამხედველობის ქვეშ.
პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე (არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით), უზრუნველყავით სათამაშო და საძინებელი სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;

სათამაშო სივრცეებში და ბავშვთა განთავსების ადგილებში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება იმგვარად, რომ მაგიდებს შორის, ასევე მაგიდასთან განთავსებულ პირთა შორის, ისევე როგორც დასაჯდომ ადგილებს შორის დაიცავათ უსაფრთხო მანძილი;
უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით;

 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პერსონალი აღჭურვეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
– ნიღაბი;
– სახის დამცავი ფარი;
– ხელთათმანი;
– ერთჯერადი ხალათი (დამლაგებლისთვის);

განახორციელეთ მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე. განსაკუთრებულად მიადევნეთ თვალყური:
ბავშვებმა საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლისა და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალონ ერთჯერადი ხელის გასამშრალებელი საშუალებებით;
ბავშვებს დაეხმარეთ/ასწავლეთ/გამოუმუშავეთ ჩვევა, რომ დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარონ სახეზე სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ქცევების დემონსტრირებისთვის გამოიყენეთ სათამაშოები/თოჯინები;
თუ რომელიმე ბავშვი თავს შეუძლოდ იგრძნობს (მაგ. ექნება მუცლის ტკივილი, დაუფიქსირდება ტემპერატურის მატება) დაუყოვნებლივ უზრუნველყავით მისი გადაყვანა საიზოლაციო ოთახში.

მოთხოვნები სამზარეულოსთვის:

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზება უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტის − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №487 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ბავშვებისთვის განკუთვნილი სურსათის მომზადებისას დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების დაცვა:
– სისუფთავის დაცვა;
– მზა და ნედლი პროდუქტების განცალკევება;
– სურსათის სათანადო თერმული დამუშავება;
– სურსათის შენახვა სათანადო ტემპერატურის პირობებში;
– უვნებელი წყლისა და ნედლეულის გამოყენება.
პერსონალის მიერ სამზარეულოში მუშაობის დროს გამოყენებული იქნეს ერთჯერადი ნიღაბი, თავსაბურავი და ხელთათმანი;
ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით;
სურსათთან შეხებაში მყოფი ყველა ზედაპირის/ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

გაატარეთ სპეციალური ზომები იმისათვის, რომ კვების ბლოკის თანამშრომლებმა არ განახორციელონ სამუშაო აქტივობა ინფექციურ დაავადებაზე ეჭვის (მაღალი ტემპერატურა, სურდო, დიარეა) არსებობის ან ისეთი დაავადებით ინფიცირების შემთხვევაში, რომლის გავრცელება სურსათის მეშვეობით შესაძლებელია მოხდეს (მაგალითად, ინფიცირებული ჭრილობა, კანის ინფექცია, წყლული და სხვ.);

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნას შემდეგი პროცედურები:
სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში, შემდეგნაირად:
– ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;
– გაირეცხოს არანაკლებ 400C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;
– გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 400C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;
– გაივლოს არანაკლებ 650C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;
– დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;
– წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს;
– სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით.
ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის (დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში);
სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.

დასუფთავება და დეზინფექცია:

გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.);
დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: სახელურები, ლიფტის ღილაკები, ჩამრთველები, კარის ღილაკები და ა.შ.;
დღის განმავლობაში, როდესაც ბავშვები არ იმყოფებიან ოთახებში (მაგ. არიან ეზოში) უზრუნველყავით სათამაშო და საძინებელი ოთახების დასუფთავება/დეზინფექცია და განიავება;
ბავშვების გაყვანის შემდგომ კარადები დატოვეთ ღია და ცარიელი, რათა მოხდეს მათი განიავება/დეზინფექცია;
იმ ზედაპიებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ნატრიუმის ჰიპოქლორიდის გამოყენების შედეგად, გამოიყენეთ არანაკლებ 70% კონცენტრაციის სპირტის ხსნარები;
დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი;
უზრუნველყავით სანიტარული წერტილების დასუფთავება/დეზინფექცია დაბიძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ;

უზრუნველყავით სათამაშოების რეცხვა/დამუშავება შემდეგი წესით:

ახლად შეძენილი სათამაშოები (რბილის გარდა), სანამ სათამაშოდ გადაეცემათ ბავშვებს, უნდა გაირეცხოს 15 წუთის განმავლობაში, 370C-ის ტემპერატურის წყლითა და საპნით, შემდეგ კი უნდა გაშრეს ჰაერზე;
სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%-იანი ხსნარით;
დაწესებულების ყველა სივრცეში უზრუნველყავით სველი წესით დალაგება/დეზინფექცია და სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმი „ტექნიკური რეგლამენტის − ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილებით, „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საბავშო ბაღში“- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №01-172/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაიდლაინითა და ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი დანართით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინსტრუქცია სანიტარიული კვანძის დასუფთავებისთვის:

სანიტარულ კვანძში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, რისთვისაც წინასწარ უნდა განისაზღვროს საპირფარეშოების დასუფთავების წესი, პერიოდულობა, დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები;
კერამიკული ფილებით მოპირკეთებული კედლების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების წმენდა და დეზინფიცირება ხორციელდება დაბიძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ;
საწმენდი და სადეზინფექციო ინვენტარი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს და გაშრეს;

დალაგების დროს გამოყენებული უნდა იქნეს ინდივიდუალური დამცავი საშუალებები:

ხელთათმანები, სახის ფარი, წყალგაუმტარი წინსაფარი (რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება რეცხვასა და დეზინფიცირებას), ან ერთჯერადი წყალგაუმტარი ხალათი;
დასუფთავების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული შხეფებისა და აეროზოლების წარმოქმნა;
დასუფთავების პროცედურების ჩატარების დასრულებისთანავე, ხელთათმანების გახდის შემდეგ, აუცილებელია ხელების დაბანა;
სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი დაწესებულების ბენეფიციარებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.

თეთრეულის ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:

თეთრეული გამოიცვალოს საჭიროების მიხედვით;
ნახმარი თეთრეულის შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში;
კატეგორიულად იკრძალება გამონაცვალი თეთრეულის იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება;
თეთრეულის (ასევე, პირსახოცების) რეცხვა განხორციელდეს დაწესებულების სამრეცხაოში ან სპეციალურ სამრეცხაოებში ხელშეკრულების საფუძველზე (ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელია თეთრეულის რეცხვის მთელი ციკლისათვის (მიღება, დახარისხება, რეცხვა, გაშრობა, გაუთოვება, დასაწყობება, შენახვა და გაცემა) დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზის არსებობა);
თუ თეთრეულის მართვისთვის გამოიყენება გარე მომსახურება, გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი ეტაპები:
– თეთრეულის შეკრება;
– ტრანსპორტირება;
– რეცხვა და დეზინფექცია;
– დაუთოება;
– შეფუთვა;
– სუფთა თეთრეულის შენახვა;
სამრეცხაოში თეთრეულის დასამუშავებლად უზრუნველყავით ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა, რათა გამოირიცხოს ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის
ნაკადების გადაკვეთა (თუ დაწესებულებაში ვერ ხერხდება ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის მოძრაობის ნაკადების სრული გამიჯვნა, მაშინ შესაძლებელია მისი
შეფუთვა გასაცემად);
დაბინძურების ხარისხისა და თეთრეულის ტიპის მიხედვით შეირჩეს რეცხვის შესაბამისი პროგრამა. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით,
მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს რეცხვის არანაკლებ 600C ტემპერატურა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაცია. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა წარმოებს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით (მაგ., 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი) დეკონტამინაციის შემდეგ.

დასაქმებულთა/მესამე პირთა ვალდებულებები:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.
შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით შესაბამისი რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვის (არანაკლებ 2მ) შესახებ;
სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად, ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.

[/toggle]

 

კერძო საბავშვო ბაღების გახსნის მოთხოვნით ბათუმში, ევროპის მოედანზე, გუშინ, პირველ სექტემბერს, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, კერძო საბავშვო ბაღები მზად არიან შეასრულონ პანდემიასთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები და საჯარო ბაღების გახსნას არ უნდა ელოდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, კერძო და საჯარო ბაღები, კერძო და საჯარო სკოლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კინოთეატრები და თეატრები, შრომის ინსპექციის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე შეძლებენ საქმიანობის განახლებას.

იმისათვის, რომ დადებითი დასკვნა მიიღონ ამ დაწესებულებებმა, ანუ საქმიანობა განაახლონ, პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებგვერდზე და გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები.

ამ თემაზე:

რა შემთხვევაში განაახლებენ სკოლები მუშაობას – სავალდებულო რეგისტრაცია

ბათუმში კარვების გარდა უფასო ტესტირებას 5 პოლიკლინიკაში ჩაატარებენ

დღეიდან, 2 სექტემბრიდან, ბათუმში კარვების გარდა ხუთ პოლიკლინიკაში იქნება კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარება შესაძლებელი.

ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მოქალაქეებს ნიმუშის აღება – N1 პოლიკლინიკაში, N4 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში და ევექსის ბათუმის ამბულატორიაში 10:00 დან 17:00 საათამდე შეეძლებათ.

ამასთან ბულვარის ტერიტორიაზე დაემატა კარავიც. ერთი კარავი ბათუმის ცენტრალურ ბულვარში, კოლონადების გვერდითაა განთავსებული, მეორე კი ახალ ბულვარში – რესტორან „აჭარული სახლის“ მიმდებარედ. მესამე კარავი განთავსებულია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარვებში ტესტირება შესაძლებელი იქნება დილის 11:00-დან საღამოს 23:00 საათამდე.

გარდა ბათუმისა, კარავი გაშლილია ქობულეთში, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე კვლევის ჩატარება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაში.

 

კორონავირუსის 26 დადასტურებული შემთხვევა ბათუმში, 1 არასრულწლოვანია – 2 სექტემბერი

ბათუმში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შემთხვევების უმეტესობა „დონას კლასტერს“ უკავშირდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 სექტემბრის მდგომარეობით,  26 ახალი შემთხვევიდან 21 არის „დონას“ კონტაქტი, აქედან 1 არასრულწლოვანია [ შესაბამისად „დონას კლასტერიდან“ სულ 22 ინფიცირებულია. აქედან ერთს კორონავირუსი პირველად გუშინ დაუდასტურდა].  დანარჩენი 5 კი, კარანტინიდანაა.

„ყველას მდგომარეობა სტაბილურია, ზოგ პაციენტში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – აცხადებენ სამინისტროში.

ბათუმში საკონდიტრო „დონას“ თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ გუშინ, პირველ სექტემბერს, გახდა ცნობილი, საღამოს საათებში კი „დონას“ კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი. მათი ინფიცირების წყარო უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ შემთხვევასთან დაკავშირებულ 80-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება.

გუშინ დილითვე ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც ორი კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდა საკონდიტრო მაღაზიასთან, ბულვარში გაშლილ კარვებში მომუშავე მედიკოსებთან ჩაეტარებინათ ტესტირება. კარვებს ასობით ადამიანმა მიმართა.

უფასო PCR  ტესტირებისთვის ბათუმში ორ ადგილზეა კარვები განთავსებული. ერთი კარავი ბათუმის ცენტრალურ ბულვარში, კოლონადების გვერდითაა განთავსებული, მეორე კი – ახალ ბულვარში, რესტორან „აჭარული სახლის“ მიმდებარედ. ტესტირება კარვებში 16:00 საათიდან ღამის 10 საათამდეა შესაძლებელი.

შენიშვნა: „დონას“ კონტაქტებიდან დღეს დილით 21 ინფიცირებული იყო, მოგვიანებით კიდევ ერთი დაემატა.

ამავე თემაზე: 

ბათუმში კარვების გარდა უფასო ტესტირებას 5 პოლიკლინიკაში ჩაატარებენ

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა საქართველოში – 2 სექტემბერი

ბოლო 24  საათში საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 1 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 239. ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ 41 საქართველოს მოქალაქე გადმოიყვანეს.

„გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი ლალი ანთიძე – „ვიქნები აქტიური მასწავლებელიც“

„ქალს რა უნდა გირჩში“ – ეს კომენტარი ლალი ანთიძეს დაუწერეს, როცა ცნობილი გახდა, რომ იგი „გირჩის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი იქნებოდა. ლალი ანთიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და „ზოგადი უნარების“ ცნობილი მასწავლებელი ბათუმში. რას ფიქრობს ლალი ანთიძე მოქალაქეების ერთი ნაწილის აგრესიაზე, როცა ქალები პოლიტიკურად აქტიურდებიან და თან იმ ფონზე, როცა თავად „გირჩს“ საპარლამენტო სიის პირველ ათეულში ერთი ქალიც არ ჰყავს – „გირჩი“ გენდერულ კვოტირებას ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს. ლალი ანთიძეს „ბათუმელებმა“ ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ქალბატონო ლალი, ალბათ ნახეთ სოციალურ ქსელში გამოხმაურება, როცა „გირჩის“ უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველ ნომრად დასახელდით. 

მე აბსოლუტურად მესმის ამ რეაქციის, რადგან „გირჩის“ შეხედულებები მეც, პირადად, ცოტათი გვიან აღმოვაჩინე. ეს შეხედულებები აღმოვაჩინე მას შემდეგ, როცა თავად ჩამოვაყალიბე საკვირაო სკოლა და მქონდა კონკრეტული კონცეფცია. რეპეტიტორად მუშაობის წლებში მივხვდი, რა იყო გასაკეთებელი, რა სჭირდებათ ბავშვებს… როცა განვახორციელე ეს იდეა, დავინახე, რომ მართლაც სწორ გზაზე ვიდექი. შემდეგ აღმოვაჩინე სრულიად შემთხვევით, რომ ეს შეხედულებები „გირჩს“ თავის კონცეფციაში ჰქონდა.

  • რას ითვალისწინებს თქვენეული ხედვა, რაც „გირჩის“ კონცეფციას დაემთხვა?

მაგალითად, ლიბერალური განათლების სისტემა, არ უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული გაკვეთილების მოცულობა, სკოლები უნდა იყვნენ რეგულაციებიდან თავისუფალი, გაკვეთილის პროცესში მენეჯმენტი უნდა იყოს განსხვავებული…

  • როცა რეგულაციების გაუქმებაზე საუბრობთ, არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, მშობლის მიდგომა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს აზიანებდეს? თუკი ბავშვი მხოლოდ მშობლის იმედად რჩება და მას არ დაიცას სახელმწიფო, ეს სამართლიანი იქნება? 

ბავშვი, ბუნებრივია, მშობლის მზრუნველობის ქვეშ არის. ყველა მშობელი დამეთანხმება, დღეს თუ მშობელმა მოახერხა და შვილს მისცა განათლება, თავად საზღვრავდა ამ პოლიტიკას. თუკი აზიანებს მშობელი ბავშვის ინტერესებს, აქ უკვე უნდა ჩაერიოს საზოგადოება, მაგრამ ეს ხომ ერთეული ფაქტებია? ერთეულ ფაქტებს ხომ არ უნდა გადავაყოლოთ მთლიანად სისტემა? ძირითადად მშობლებს სწორად ესმით, რა სურთ ბავშვებს.

  • საზოგადოება რა უფლებით მოსთხოვს პასუხს მშობელს, თუკი რეგულაციები სახელმწიფოს არ ექნება? 

მესმის, რომ თქვენ კონკრეტული შემთხვევებიდან გამოდიხართ. ჩვენი მიდგომა არ გულისხმობს იმას, რომ ყველანაირი რეგულაცია გამოირიცხოს, იდეა ეს არის, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ვერც მოხდება. თუკი არსებობს მოლოდინი, რომ მშობელმა შესაძლოა დაარღვიოს ბავშვის უფლებები, ამ შემთხვევაში არსებობენ სოციალური სამსახურები, რომლებმაც ეს პრობლემა უნდა დაარეგულირონ. ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რა გვინდა. ადამიანმა შესაძლოა თავისი შვილი თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ მშობელს შვილი ზოგადად არ ვანდოთ?

  • ფეისბუქრეაქციას რომ დავუბრუნდეთ და აქვე რომ გვითხრათ, რამდენად მოგწონთ, როცა „გირჩს“ საპარლამენტო სიის პირველ ათეულში ქალი საერთოდ არ ჰყავს? 

რეაქცია მესმის, რადგან ფიქრობენ, რომ „გირჩი“ არის პარტია, რომელიც, მაგალითად, ნარკოტიკების დეკლარირებით არის დაკავებული. მე კი მგონია, რომ „გირჩი“ არის პარტია, რომელიც ფიქრობს, რეალურად როგორ დაიყვანოს მინიმუმამდე ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა. რეალურად „გირჩი“ აბსოლუტურად ჰუმანისტურ იდეებზე დგას. მე ვეპატიჟები ამ კომენტარის ავტორს, ქალბატონ მაყვალას ჩვენთან, პარტიაში… მე მგონია, რომ „გირჩს“ სჭირდება და მეც მჭირდება სწორი პოზიციონირება იმისა, თუ რა სურს „გირჩს“ და რა იდეებით შემოდის პოლიტიკაში. მართალი გითხრათ, პოლიტიკაში ჩართვა ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური ვიყავი.

  • რატომ გაგიჩნდათ პოლიტიკურად გააქტიურების სურვილი ახლა? 

ამდენი ხანია, განათლების სისტემას ვებრძვი შიგნიდან, ვუტრიალებ, ვუტრიალებ, რაღაც მოდელები შევქმენი, სტუდენტები, მოსწავლეები, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ტიპის კლასტერი შევქმენი ამ კონცეფციის გარშემო, მაგრამ შიგნიდან ვერ ვერევი ამას. იქნებ ამ გზით მაინც მოხერხდეს ცვლილებების მიღწევა, რაც მე მგონია, რომ სწორია და გააკეთილშობილებს განათლების სისტემას. მე პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას თავს არ ვანებებ, ვიქნები აქტიური მასწავლებელი. მინდა, ეს პოლიტიკური ტრიბუნა გამოვიყენო, რომ ბევრი თანამოაზრე გავიჩინო.

  • გენდერულ კვოტირებაზე ეთანხმებით „გირჩის“ პოზიციას? 

ჩემთვის „გირჩს“ ან რომელიმე სხვა პარტიას რომ შემოეთავაზებინა მეოთხე ადგილი, ამას ძალიან დიდ შეურაცხყოფად აღვიქვამდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე ვარ სიის პირველი ნომერი. ეს ნიშნავს, რომ, უბრალოდ, იმისთვის კი არ მიმიწვიეს, რომ ქალი ვარ, არამედ აჭარაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში ორთქმავლის როლი უნდა ვითამაშო და ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. „გირჩს“ გადაწყვეტილი აქვს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების მთელი სია ქალებით დააკომპლექტოს და კვოტით ჩავსვამთ მამაკაცებს – სიაში ყოველი მეოთხე იქნება კაცი.

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ გენდერული კვოტირება ხელოვნურია. ყველას ესმის, რომ პარტიულ სიაში არსებული კანდიდატების მიმდევრობა მნიშვნელოვანია, რათა სწორად მოხდეს პარტიის შეხედულებების პოზიციონირება. სასურველია და მგონია, ძალიან კარგი იქნება, ქალი თუ შეძლებს საკუთარი პოზიციის და ადგილის ქონას და მის მანიფესტირებას, მაგრამ ეს პროცესი თავისთავად უნდა ხდებოდეს. როცა გყავს პარტიულ სიაში კონკრეტული ადამიანი, მას კონკრეტული შეხედულებები აქვს და მისი ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია. ამ დროს გეუბნებიან, რომ ქალი ჩასვი, რადგან ეს საჭიროა… ქალების როლი უნდა გაიზარდოს პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე ხელოვნურად არა. ვიღაცის ჩასმა პარტიულ საარჩევნო სიაში მხოლოდ გენდერული ნიშნით, ჩემთვის მიუღებელია.

კორონავირუსი დაუდასტურდა „დონას“ მეორე თანამშრომელს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, პირველ სექტემბერს, კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონასთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ პირს.

ეს ბათუმში „დონასთან“ დაკავშირებული კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევაა. საკონდიტროს ერთ თანამშრომელს, კონსულტანტს რომ ვირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. მისი ინფიცირების წყარო უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ 80-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება.

საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა „დონაში“, რომელიც ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარეობს.

უფასო PCR  ტესტირებისთვის ბათუმში ორ ადგილზეა კარავი განთავსებული. ერთი კარავი – ბათუმის ცენტრალურ ბულვარში, კოლონადების გვერდით, მეორე კი ახალ ბულვარში, რესტორან „აჭარული სახლის“ მიმდებარედაა. ტესტირება კარვებში 16:00 საათიდან ღამის 10 საათამდეა შესაძლებელი.

_____________

შეცდომის გასწორება: მასალაში თავდაპირველად აღნიშნული იყო, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა საკონდიტროს თანამშრომლის ქმარს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. 

ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ბანკისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.

დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ვითიბი ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა.

ახალი შეთანხმების თანახმად ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი ორი წლის განმავლობაში იქნება. თანამშრომლობა მოიცავს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატის, სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას. ამასთან ერთად ვითიბი ბანკი საქართველოს ეროვნული, ყველა ასაკობრივი, ქალთა და ფუტსალის ნაკრებების გენერალური სპონსორი იქნება.

მხარეებს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მოაწერეს.

ლევან კობიაშვილი – სფფ-ის პრეზიდენტი: „4 წლის წინ ვითიბი ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჩვენი ირწმუნა და საინვესტიციოდ ყველაზე რთულ პერიოდში ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა. ჩვენ ერთად ვიზეიმეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება უეფას ერთა ლიგაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ვითიბის ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პარტნიორთან ერთად წინ მრავალი წარმატების აღნიშვნას შევძლებთ.“

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა:

„უკვე 4 წელზე მეტია, რაც ვითიბი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი და მხარდამჭერია. ჩვენი სურვილია პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ და 2020 წლიდან ეროვნული ნაკრების სპონსორობასთან ერთად გავხდეთ,  ფეხბურთის ფედერაციის და ყველა ასაკობრივი ნაკრების გენერალური სპონსორი. პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლობის მიზანია ქართული ფეხბურთის, როგორც ლიდერი სპორტის სახეობის ხელშეწყობა, ჩვენ გვჯერა ქართული ფეხბურთის წარმატების და ამიტომ ვუჭერთ მხარს მის წინსვლას და განვითარებას.“

რა შემთხვევაში განაახლებენ სკოლები მუშაობას – სავალდებულო რეგისტრაცია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო და საჯარო სკოლები, კერძო და საჯარო ბაღები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კინოთეატრები და თეატრები შრომის ინსპექციის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე შეძლებენ საქმიანობის განახლებას.

იმისათვის, რომ დადებითი დასკვნა მიიღონ ამ დაწესებულებებმა ანუ საქმიანობა განაახლონ, პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებგვერდზე და გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები:

[checklist]

  • სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირების შემდეგ, შრომის ინსპექცია სხვადასხვა საზედამხედველო უწყებების ჩართულობით, შეამოწმებს დაწესებულებებს.
  • ინსპექტირების დაკმაყოფილების შემთხვევაში ობიექტის სტატუსი განისაზღვრება როგორც დადებითი და სწორედ ასეთი ობიექტები შეძლებენ საქმიანობის განახლებას.

[/checklist]

რეკომენდაციები კონკრეტული უწყებებისთვის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ელექტრონული პეტიციის განსახილველად 5 ათასი მომხმარებლის თანხმობაც საკმარისი იქნება

ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად, 2021 წლის პირველი იანვრიდან საჭირო იქნება ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 5 000-მა მომხმარებელმა, ნაცვლად დღეს არსებული 10 000 მომხმარებლისა.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. მხარდამჭერთა რაოდენობის გარდა სხვა დანარჩენი დარჩა უცვლელი. ახალი დადგენილებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან:

„ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 5 000-მა მომხმარებელმა. ელექტრონულმა პეტიციამ აღნიშნული რაოდენობის ხელმოწერები უნდა შეაგროვოს ინიცირებული ელექტრონული პეტიციის ichange-ის პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ პეტიცია მითითებული დროის განმავლობაში ვერ მოიპოვებს საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს, იგი მიიჩნევა ვადაგასულად, ichange-ის პორტალზე ის დაიხურება და შეუძლებელი გახდება ხელმოწერის დამატება.“

„საქართველოს მთავრობა ამ წესებისა და პირობების შესაბამისად წარმოდგენილ ელექტრონულ პეტიციას, რომელიც მისი ichange-ის პორტალზე  გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ხელმოწერილი იქნება არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) მომხმარებლის მიერ, განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის მეშვეობით. ამავე კომისიის   ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ელექტრონული პეტიცია შეიძლება, განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.“

„ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის რეფორმებისა და ინოვაციების სამმართველოს ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ პეტიციაზე ოფიციალური წერილობითი პასუხი უნდა მოამზადოს და ელექტრონული პეტიციის პორტალზე გამოსაქვეყნებლად გადასცეს ichange-ის მოდერატორს ელექტრონული პეტიციის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ხელმოწერის შეგროვებიდან 3 თვის ვადაში.“.

პეტიციების პორტალზე შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულიდან

Exit mobile version