მთავარი,სიახლეები

„ფონი რევოლუციურია, ჩვენ მარტო ბიულეტენებით რეჟიმის შეცვლას ვერ შევძლებთ“ – ოპოზიცია

01.11.2020 • 1747
„ფონი რევოლუციურია, ჩვენ მარტო ბიულეტენებით რეჟიმის შეცვლას ვერ შევძლებთ“ – ოპოზიცია

ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრა გამართეს და 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგი განიხილეს.

იქნება თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მეორე  ტურში – ამ საკითხებზე ოპოზიცია ჯერ შეჯერებული არაა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციის შეკრებას არ ესწრებოდა „ლელოსა“ და „გრიჩის“ წარმომადგენლები. თუმცა, როგორც სპიკერებმა განმარტეს, ოპოზიცია  ერთიანია ხმების დაცვის გადაწყვეტილებაში.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში ყველა ხელისუფლება შეიცვალა ან რევოლუციით, ან რევოლუციის ფონზე. ფონი არის რევოლუციური. ჩვენ მარტო ბიულეტენებით რეჟიმების შეცვლას ვერ შევძლებთ – დაგვჭირდება სხვა რესურსების გამოყენება. სხვა რესურსი ეს არის საქართველოს  მტკიცე ნება, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ  და სამუდამოდ თავისუფალ  გარემოს მივაღწიოთ საარჩევნო ყუთთან. აი, ამ მოთხოვნას წავუყენებთ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. რევოლუციები არ იგეგმება, რევოლუციები იბადება. არცერთი რევოლუცია, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში მოხდა წინასწარ არ დაგეგმილა. ის სპონტანურად წარმოიშვება იმ წამს და იმ წუთს, როცა  მას საქართველოს მოქალაქე დააყენებს საკუთარი თავის წინაშე,“ – თქვა სპეციალურ ბრიფინგზე მურმან დუმბაძემ, რომელიც „ძალა ერთობაშია გაერთიანებული ოპოზიციას“ წარმოადგენს.

ლევან ვარშალომიძემ, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბათუმში, თქვა რომ ხელისუფლებამ ხალხის არჩევნები მიიტაცა.

„გუშინ ივანიშვილი გასცდა საკონსტიტუციო ჩარჩოს. ფაქტობრივად მიიტაცა არჩევნები და ხალხის ნება. ჩვენ ვიმსჯელეთ და მყარი გადაწყვეტილება მივიღეთ –  ყველა  ოპოზიციური პარტია დადგება იქ, სადაც იქნება ქართველი ხალხი.  ჩვენ ვიქნებით მათთან ერთად და ჩვენ გავიმარჯვებთ მათთან ერთად,“ – თქვა ლევან ვარშალომიძემ.

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არმაზ ახვლედიანმა კი განაცხადა რომ ისინი ყველანაირად დაიცავენ ხმებს.

„დღეს ჩვენ გვაქვს უპრეცენდენტო ერთიანობა. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ ვინმეს, ყველაზე უფრო  მზაკვარ პოლიტიკურ ლიდერსაც კი ის გაეკეთებინა რაც გააკეთა თავკერძა ივანიშვილმა. მან საქართველოში გააუქმა არჩევნები. უბრალოდ გააუქმა. ვინც შეეგუება საქართველოში არჩევნების გაუქმებას, ვინც მზად არის რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს ზურგი აქციოს ნიშნავს, რომ ის გარიგებულია ივანიშვილთან. ჩვენ ივანიშვილთან გარიგებას არცერთი პირობით, არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ. იმიტომ, რომ ამასთან გარიგება ნიშნავს საქართველოს დაქცევას და კრემლის ორბიტაზე დაბრუნებას.  ჩვენ ამას ხელს  არ მოვაწერთ.

ყველამ იცოდეს ბათუმშიც, თბილისშიც და სხვაგანაც, გაიხსნება დემოკრატიული დაპირისპირების მძლავრი ფრონტი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შიგნითაც ქვეყნის და გარეთაც ყველამ ერთად აღიაროს, რომ რაც ივანიშვილმა გააკეთა, ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ,“ –  თქვა არმაზ ახვლედიანმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: