მთავარი,სიახლეები

ვფიქრობთ აჭარის მთავრობის ერთპიროვნულ ფორმირებაზე – თორნიკე რიჟვაძე

01.11.2020
ვფიქრობთ აჭარის მთავრობის ერთპიროვნულ ფორმირებაზე – თორნიკე რიჟვაძე

„უკვე შეგვიძლია წინასწარი მონაცემებით დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დღეის მდგომარეობით, ვიფიქროთ ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირებაზე… მოსალოდნელი მეორე ტურები, რომელიც გაიმართება სხვადასხვა ოლქში, კიდევ უფრო გაამყარებს უმრავლეობას აჭარის უმაღლეს საბჭოში,“ – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ. ის ასევე „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერია.

დღეს, პირველ ნოემბერს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავს თბილისში. ისინი არჩევნების შედეგს ასაჩივრებენ და მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. საპროტეტსო აქციები დააანონსეს ბათუმელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც და თქვეს, რომ „მხოლოდ ბიულეტენებით რეჟიმის შეცვალს ვერ შევძლებთ“.

ოპოზიციას თორნიკე რიჟვაძე ურჩევს, რომ არჩევნების შედეგი მიიღოს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე რამდენჯერმე ახსენა ეუთოს დასკვნა, სადაც დადებით შეფასებებთან ერთად აღნიშნულია ისიც, რომ უბნებთან მობილიზებული კოორდინატორები დამაშინებელ ეფექტს ქმნიდნენ.

„ყველა საერთაშორისო შეფასებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებით, ეს არჩევნები შეფასდა, როგორც სამართლიანი, კონკურენტუნარიან გარემოში გამართული, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო პოზიციონირებისთვის და ჩვენ მივდივართ ჩვენი დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებისკენ“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე. ის არ მიიჩნევს „ქართული ოცნების“ და ქვეყნის პრობლემად იმას, თუკი ოპოზიცია არჩევნების შედეგს ბოიკოტს გამოუცხადებს და მანდატებზე უარს იტყვის.

„ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, ამომრჩევლის პატივისცემის საკითხი, რომელთა ნაწილმა მათ გარკვეულწილად ნდობა გამოუცხადა… არავის მივცემთ საშუალებას, რომ რევოლუციური სცენართ დააშინოს ან პოლიტიკური ძალები, ან ყველაზე მეტად მოსახლეობა და, რა თქმა უნდა, იქნება სიმშვიდე, სტაბლურობა,“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა ასევე საია-ს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კრიტიკული დასკვნები გუშინ ჩატარებულ არჩევნებზე. „სხვადასხვა ორგანიზაციას აქვს თავისი კრიტიკული შეფასებები“, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ და კიდევ ერთხეულ ეუთოს შეფასება გაიმეორა.

საია-ს შეფასებით, ეს იყოს „ოცნების“ პირობებში ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნები.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008