ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ვის გადაუხდის გაზის, დენის, წყლის გადასახადს სახელმწიფო ნოემბრიდან

01.11.2020 • 9918
ვის გადაუხდის გაზის, დენის, წყლის გადასახადს სახელმწიფო ნოემბრიდან

2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2021 წლის იანვარ-თებერვლის კომუნალურ გადასახადებს იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებს, რომლებიც თითოეულ თვეში 200 კუბურ მეტრ ან ამაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ასევე 200 კილოვატ/საათს ან ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზის, დენის, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხდიან.

მოქალაქეებს, როგორც წესი, ნოემბრის თვის გადასხადი მომდევნო, დეკემბრის თვეში მიუვათ, ხოლო თებერვლის თვის – მარტში. შესაბამისად, სახელმწიფო ზემოთ აღნიშნულ აბონენტებს ოთხი თვის კომუნალურებს დეკემბერ-მარტში გადაუხდის. ანუ, მოხმარებული 200 კუბური მეტრი გაზისა და 200 კილოვატი დენის ათვლა დღეიდან, 1-ლი ნოემბრიდან დაიწყო.

მაგალითად, თუ „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტი [საყოფაცხოვრებო მომხმარებელი] ნოემბრის თვეში დახარჯავს 114 ლარის, ან 114 ლარამდე ღირებულების გაზს, მას გაზის გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუფარავს.

ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების შემთხვევაში, თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ნოემბრის თვეში 36 ლარის და 43 თეთრის ან ამაზე ნაკლები თანხის ელექტროენერგიას მოიხმარს, მას დენის გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუფარავს.

ანალოგიურად შეეხებათ [მოხმარებული გაზისა და დენის ღირებულების მიხედვით] აბონენტებს სუბსიდია მომდევნო სამ [დეკემბერი-თებერვალი] თვეშიც.

ყველა აბონენტს, რომელსაც ნოემბერ-თებერვალში, რომელიმე თვეში დენის გადასახადზე სუბსიდია შეეხება, მას ბიუჯეტიდან ავტომატურად დაუფარავენ წყლისა და დასუფთავების გადასახადს, მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობის/ღირებულების წყალს მოიხმარს ამ კონკრეტულ თვეში და რამდენი ექნება დასუფთავების გადასახადი.

რაც შეეხება 1-ელ ნოემბრამდე არსებულ ასე ვთქვათ ძველ დავალიანებებს, ის აბონენტებმა თავად უნდა გადაიხადონ.

იმ აბონენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს და ეკუთვნით სუბსიდია, კვლავ შეეძლებათ უარი თქვან სახელმწიფო დახმარებაზე და კომუნალურები თავად გადაიხადონ.

მაგალითად, ნოემბრის თვის მოხმარების სუბსიდირებაზე უარის თქმა შეგიძლიათ 11 დეკემბრის ჩათვლით.

სუბსიდიაზე უარის თქმა შეგიძლიათ ამ ბმულზე

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესი და პირობები“ მთავრობამ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს დაამტკიცა და ის იმავე დღეს შევიდა ძალაში. თუმცა, ზამთარში კომუნალურების სუბსიდიის შესახებ პრემიერ-მინისტრმა აგვისტოში განაცხადა.

მთავრობის დადგენილებით, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს გადაუხდიან ყველა იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რომელიც ნოემბერ-თებერვალში, ყოველთვიურად 200 კილოვატ, ან ამაზე ნაკლებ დენს მოიხმარს, მიუხედავად იმისა, ეს აბონენტი წყლისა და გადასახადს იხდის ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით თუ არა.

თუ მოხდება ისე, რომ ასეთ აბონენტებს, რომელიმე გადასახადი წინასწარ აქვთ გადახდილი ან შემდგომში გადაიხდიან, აღნიშნულ თვეებში გადახდილი თანხა დაუბრუნდებათ – აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე.

ამასთან, ნოემბერ-თებერვალში აბონენტზე გადახდილი სუბსიდია არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.

„იურიდიულმა პირებმა საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყონ დასაფინანსებელი თანხის ოდენობის გაანგარიშება, ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროსთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნა. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. პასუხისმგებლობა წარდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

დადგენილებით, კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდება 2020 და 2021 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით „ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების“ პროგრამული კოდით გამოყოფილი თანხიდან.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ პროგრამისთვის ჯამში 780 მილიონი ლარია გაწერილი 2020 წლისთვის [მათ შორის კომუნალურების სუბსიდირებაც] თუმცა, 2021 წლისთვის მარტო იანვარ-თებერვლის კომუნალური გადასახადის სუბსიდირებისთვის 60 მილიონი ლარია გაწერილი.

გაზის, დენის, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადები, სახელმწიფო სუბსიდიით, 2020 წლის მარტში, აპრილსა და მაისშიც დაფინანსდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: