ბათუმის ბულვარში 8 ხეს ჭრიან

ბათუმის ბულვარში რამდენიმე ადგილას ფიჭვის ხეებს ჭრიან. როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ხეები გახმა და ზამთარში შესაძლოა წაიქცეს. ფიჭვის გარდა სხვადასხვა ლოკაციაზე მოიჭრება მაგნოლიის, ქაფურის და ცხემლის ხეებიც. სულ რვა ხე.

ფიჭვის ხე ბათუმის ბულვარში, რესტორან „პარკბათუმის“ ტერიტორიაზე.

„გამხმარია 8 ხე, ზამთრისთვის ავარიული სიტუაცია რომ არ გამოიწვიოს, ამიტომ ვჭრით. აქტები შედგენილია, რომ ხეები გამხმარია“, – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე.

მოჭრილი ხეები ბულვარში.
ადმინისტრაციის განცხადებით, ბულვარის ტერიტორიაზე 8 ხე მოიჭრება.

ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ წიწვოვან ხეებს ყოველ წელს აახლებენ, თუმცა დიდ ხეებს იშვიათად ჭრიან. „იგივე მცენარეებით ჩავანაცვლებთ, რაც მოიჭრება. სადაც ფიჭვნარია, ფიჭვნარი უნდა იყოს და სადაც არის პალმები, უნდა იყოს პალმა. ამჯერად ფიჭვებია დაზიანებული, დიდი ხეებია, მაგრამ ძველია“, – ამბობს ჯინჭარაძე.

ბულვარში ფიჭვის ხეები გახმა.

თუმცა, ბულვარის ადმინისტრაციაში მოგვიანებით აზუსტებენ, რომ ფიჭვების გარდა, გამხმარია მაგნოლიის, ქაფურის და ცხემლის ხეებიც, რომელიც ასევე მოიჭრება.

29 მილიონზე მეტი შემთხვევა – კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა დღეს

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 14 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 29 007 970 შემთხვევა.

იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 924 116 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 194 081 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, 131 625  – ბრაზილიაში და 79 722 – ინდოეთში.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 6 520 235 ადამიანი, ასევე, ინდოეთი –4 846 427  ინფიცირებული და  ბრაზილია – 4 330 455 ინფიცირებული.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან განიკურნა 19 627 002 ადამიანი.

_________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FEHIM DEMIR

ხულოში 1 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში დადასტურდა კორონავირუსის შემთხვევა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხულოში დაუდასტურდა თუ არა პოლიციელს და რესურსცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი, რუსუდან შავიშვილმა თქვა: „გამოკვეთილი არის შემთხვევა, რომელსაც ვიკვლევთ“.

14 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რუსუდან შავიშვილის თქმით, შემთხვევებს უკვე აღარ ითვლიან კლასტერების მიხედვით, „რადგან შიდა გავრცელება გვაქვს მაღალი“.

აჭარაში კოვიდპაციენტები უკვე 4 კლინიკაში გადიან მკურნალობის კურსს. ამ ეტაპზე ბათუმში, სტაციონარში მკურნალობს 238 პაციენტი. უსიმპტომო 97 პაციენტი კოვიდკარანტინში ჰყავთ გადაყვანილი.

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებულ იქნა 2530 – PCR ტესტი.

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 165 პირს დაუდასტურდა.

ბათუმში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა

14 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 2530 PCR ტესტი.

სტაციონარში მკურნალობს 238 პაციენტი, კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 97 კოვიდინფიცირებული.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

___________

ფოტოზე: NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge

ბათუმში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 სექტემბრის 21 საათიდან 15 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამშვებით ზოგან ელვა-ჭექა და წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 16-17 სექტემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

დადასტურდა კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა – 14 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს ცნობით, 14 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 2392 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 390. 

პირველი სექტემბრიდან საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება.

რატომ მიიღეს დაინფიცირებულმა პაციენტებმა sms-ები, რომ ვირუსი არ აქვთ – მინისტრის განმარტება

„8 რიცხვში გავიკეთე PCR ტესტი, 10 რიცხვში დამირეკეს ტესტი დადებითია და გადამიყვანეს ავადსახსენებელ რესპუბლიკურში. 11 რიცხვში მომივიდა შეტყობინება NCDC.ge-დან, სადაც მატყობინებენ, რომ 8 რიცხვში აღებული ტესტის პასუხი უარყოფითია. ვაჩვენე შეტყობინება ექიმებს და მიშვებდნენ სახლში, შევეწინააღმდეგე გაშვებასთან დაკავშირებით, რადგან ერთი დღე მომიწია აქ ღამის გათენება და მოვითხოვე განმეორებითი ტესტის ჩატარება. ეხლა მოვიდა პასუხი დადებითი! გამაგებინეთ რა ხდება ჯანმრთელი ადამიანი დამაინფიცირეთ?

პ.ს. რესპუბლიკურის მენეჯმენტი ნული…
არავინ არაფერი არ იცის, განუკითხაობა… “

ეს პოსტი ბათუმელმა ბექა ხალვაშმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. ბექა ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში მკურნალობს. მან საკუთარ სტატუსზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრი ნინო ნიჟარაძე მონიშნა, გამოაქვეყნა ასევე sms შეტყობინება, რომელიც მიიღო.

 

როგორც ჩანს, ბექა მარტო არ არის ბათუმში და მსგავსი შეტყობინება სხვა პაციენტებმაც მიიღეს, რომლებიც კორონავირუსის ინფექციით ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში მკურნალობენ.

ამასთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განმარტა, რომ ეს იყო შეცდომით გადაგზავნილი შეტყობინება და კლინიკაში გადაყვანილი ყველა პაციენტის პასუხი დაინფიცირებასთან დაკავშირებით უტყუარია:

„ეს იყო ტექნიკური პორტალის შეცდომა, რომელიც იყო მუშა პროცესში, თუმცა ვისთანაც მივიდა ეპიდემიოლოგის ზარი, ეს იყო ასპროცენტიანი დადასტურებული და დაზუსტებული ინფორმაცია. ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ ასეთი შეხმიანება და კონტაქტი არის ნამდვილად სარწმუნო. რაც შეეხება ამ შეცდომას, აღმოფხვრილია და მსგავსი ტიპის შეცდომები აღარ განმეორდება“, – თქვა ნინო ნიჟარაძემ აჭარის ტელევიზიასთან.

ბათუმის ბაღებში ხელფასები 100 ლარით არ იზრდება – გახარიას შეუსრულებელი დაპირება

2019 წლის აგვისტოში მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა: „2020 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასი გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით“. ბათუმის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომელმა „ბათუმელებს“ აცნობა, რომ პრემიერის ეს დანაპირები ტყუილი აღმოჩნდა – მათ უკვე უთხრეს, რომ 2020 სასწავლო წლიდან ხელფასები არ გაეზრდებათ.

საბავშვო ბაღში დასაქმებულმა პირმა, ვინც ამის შესახებ „ბათუმელებს“ აცნობა, შემდგომი სირთულეების თავიდან ასაცილებლად კონფიდენციალობის დაცვა ითხოვა.

„2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება (მასწავლებლები, აღმზრდელები და სხვა, 32 ათასზე მეტი მოქალაქე), რაზედაც მიიმართება 15.0 მლნ ლარამდე“, – წერია „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კითხვაზე, რატომ არ შესრულდა პრემიერის დაპირება, ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა შამილიშვილმა გვიპასუხა, რომ ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი არ იყო:

„მხოლოდ თბილისში გაიზარდა ბაღების მასწავლებლების ხელფასები. ალბათ, იქ მერიას შესაბამისი რესურსი ჰქონდა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ბათუმის ბაღებში დასაქმებულ აღმზრდელებს ბევრად კარგი სამუშაო პირობები აქვთ, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტებში დასაქმებულებს.“

მამუკა შამილიშვილის განმარტებით, უკეთესი პირობები გულისხმობს იმას, რომ ბათუმის საბავშვო ბაღებში აღმზრდელები ცვლებში მუშაობენ, ხელფასის სახით კი იღებენ 600 ლარს, მაშინ, როცა სხვა მუნიციპალიტეტში იმავე ხელფასზე აღმზრდელი მთელი დატვირთვით, სრულ სამუშაო დღეს მუშაობს:

„სამი წელია ამ მოდელით ვმუშაობთ და ძალიან კარგი, გამართლებული მოდელია. მეორე ცვლის მასწავლებელი დასვენებული მოდის. ორი საათი ერთად მუშაობს ორი მასწავლებელი ჯგუფში ანუ მეორე ცვლა რომ მოდის, პირველი საათიდან სამამდე არის გადაბარების პერიოდი. სამის შემდეგ მიდის დილის მასწავლებელი და რჩება მეორე.“

მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, ბათუმში ბაღების მასწავლებლების, ასევე სხვა პერსონალის ხელფასების 20-პროცენტიანი ზრდა 2021 წლიდან განიხილება.

ამ ეტაპზე ბათუმში, 33 მუნიციპალურ საბავშვო ბაღში 560 აღმზრდელი და 270 ძიძა მუშაობს. საერთო ჯამში ბათუმის ბაღების გაერთიანებაში 1 338 პირია დასაქმებული.

„მცოცავი ოკუპაციის“ ოფიციალური დანაკარგი და თვითკმაყოფილი ხელისუფალი

„ადამიანებს როცა იტაცებენ, ეს ხომ არ არის ნორმა? მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, როცა გვეუბნებიან, რომ ეს არის ნორმა…“ – ამას ერგნეთში მცხოვრები ლიკა კასრაძე ამბობს. იგი არ ეთანხმება მმართველი პოლიტიკური პარტიის მთავარ გზავნილს: ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ ერთადერთი მთავრობა ვართ, რომლის მმართველობის პერიოდში ომი არ მომხდარა და ტერიტორია არ დაგვიკარგავს.

ხელისუფლების გზავნილი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით 2020 წლისთვისაც ასე ჟღერს: „ეს მოღალატე ადამიანები ბედავენ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომელმაც განაპირობა გრძელვადიანი, უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა”. ეს სიტყვები ეკუთვნის ქვეყნის თავდაცვის მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის 8 აგვისტოს ჟურნალისტებთან ზუსტად ამ სიტყვებით შეაფასა მდგომარეობა. 21 აგვისტოს კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „ოცნების“ ინიცირებულ ნორმალიზების კურსს მხარდაჭერა გამოუცხადა.

რა არის მშვიდობის ფასი, რაზეც საქართველოს ხელისუფლება აქცენტს აკეთებს და კრემლიც, რომელსაც 2020 წლის აგვისტოში, საქართველოსთან აგვისტოს ომის გახსენებაზე ეს გზავნილი აქვს – „შეტევა საქართველომ დაიწყო და ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეები დავიცავით“.

რა დაკარგა ქვეყანამ მცოცავი ოკუპაციის შედეგად? – სუს-ის ოფიციალური პასუხი

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყნის რომელიღაც სოფელში ოკუპანტმა ახალი მავთულხლართები გააბა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პერიოდულად ავრცელებს.

შესაბამისად, იმის გასაგებად, თუ რამდენ კვადრატულ მეტრ მიწაზე დაკარგა საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში, „ბათუმელებმა“ სუს-ს მიმართა. ოფიციალურ წერილზე მიღებული პასუხით თუ ვიმსჯელებთ, სუს-ში ამ კითხვას ან საგანგებოდ არ პასუხობენ, ან, უბრალოდ, ეს მონაცემები არ აქვთ.

სუს-ს ოფიციალური წერილით ვთხოვეთ, მოეწოდებინა იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც მიმდინარეობს ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია. უწყებიდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს სოფლების სრულ ჩამონათვალს, სადაც საოკუპაციო ძალები მავთულხლართებს აბამენ. უწყებაში ასევე არ უპასუხეს კითხვას, რამდენ კვადრატულ კილომეტრზე დაკარგა ქვეყანამ კონტროლი. უწყებიდან მოწოდებული ინფორმაცია ძირითადად იმით შემოიფარგლება, რისი პოვნაც საძიებო სისტემა google-შიც კი შეიძლება: „ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სულ ოკუპირებულია დაახლოებით 8,7 ათასი კმ² ტერიტორია, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით – 3,8 ათასი კმ²“.

სუს-ისგან მიღებულ ოფიციალურ წერილში ტერმინი – „მცოცავ ოკუპაცია“ ნახსენებიც კი არ არის. ბორდერიზაციის შესახებ კი ეს გვაცნობეს:

„ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 2011 წელს დაიწყო, რომლის პირველი ნიშნები 2009 წელს გამოვლინდა. იგი ხელოვნური ბარიერების, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციას, მიწათხრილების, ტრანშეების და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მოწყობას გულისხმობს…

უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე ფიქსირდება და პირდაპირ ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ხაზის მიმდებარედ არსებული ყველა სოფლის მკვიდრზე. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ზე მეტს შეადგენს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჯამში 53 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეები დუშეთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ონის და საჩხერის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ არის გავლებული.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 145 კმ-ია, ხოლო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ მოწყობილი ღობეების, მავთულხლართების, ტრანშეების, მიწათხრილებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების საერთო სიგრძე 49 კმ-ზე მეტია. ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი ოკუპირებული გალის რაიონის ფიჩორის, ოტობაიას, ნაბაკევის, თაგილონის, დიხაზურგას, საბერიოს და ლეკუხონას მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „მშვიდობის“ პერიოდში დაღუპული და გატაცებული ადამიანების შესახებაც ვკითხეთ. უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმების მონაწილეობით, დაიღუპა 4 ადამიანი: დავით ბაშარაული – 2014 წელი, გიგა ოთხოზორია – 2016 წელი, არჩილ ტატუნაშვილი – 2018 წელი და და ირაკლი კვარაცხელია – 2019 წელი. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით „დაკავებულია“ – 1033 პირი, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით კი – 1603.

[toggle title=”აქ ნახეთ ბორდერიზაციის შესახებ სუს-ის მიერ მედიაში გავრცელებული მონაცემები წლების მიხედვით”]

  • 2020 წლის 12 სექტემბერი სოფელი ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა – სუს-ი
  • 2020 წლის 6 აგვისტოს ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი კიდევ ერთხელ, ამჯერად ტახტისძირის მიმართულებით გადმოწიეს და უკანონო ინსტალაციები აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაცის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
  • 2020 წლის 22 მაისი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 12 სოფელში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაიწყეს. “მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – ცერონისისა და კნოლევის, ტახტისძირისა და დვანის, კოდასა და ჭვრინისის, ატოცის; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფახულანისა და მუჟავას, აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე”, – ეწერა უწყების განცხადებაში.
  • 2020 წლის 20 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ ოკუპანტებმა დამატებით უკანონო ინსტალაციები აღმართეს.
  • 2020 წლის 16 მაისის მონაცემებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს.
  • 2020 წლის 1-ელ მარტს ერგნეთში საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი მწვანე ფერის ღობე უკანონოდ რამდენიმე მეტრით გადმოწიეს.
  • 2020 წლის 14 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა პროვოკაციული აქტივობების შედეგად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციები აღმართეს, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება.
  • 2019 წლის 19 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ.
  • 2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალებმა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განაახლეს.
  • 2018 წლის 6 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ბორდერიზაციის შედეგად ატოცელებმა 30 ჰა-ზე მეტი სახნავ-სათესი და საძოვარი დაკარგეს.
  • 2018 წლის 17 იანვარს ხურჩაში უკანონო ბორდერიზაციის საკითხი დაფიქსირდა
  • 2017 წლის 3 აგვისტოს შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ოკუპანტები საზღვრის უკანონოდ გადმოწევას სოფელ არცევში ცეცხლის საწინააღმდეგო თხრილების გავლებით აპირებენ
  • რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტოში სოფელ სობისში დაახლოებით 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიიტაცეს.
  • 2017 წლის 5 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან, კერძო მოსახლეების ქერის ყანაში ახალი ბანერები გაჩნდა წარწერით “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა”. ოკუპირებული ტერიტორია დაახლოებით 700 მეტრით გაიზარდა ბერშუეთისა და სობისის მიმართულებით.

[/toggle]

აქტივისტის მონაცემები

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ხელმძღვანელი, დავით ქაცარავა, რომელიც ხშირად არის საოკუპაციო ხაზთან და ოკუპაციას სხვადასხვა ფორმით უპირისპირდება, ვერ ახერხებს დათვალოს – რამდენი კვადრატული მეტრი მიწა მიითვისეს ოკუპანტებმა ბორდერიზაციის პირობებში. დავით ქაცარავას არასრული მონაცემებით, სამხრეთ ოსეთში 11 სოფლის მაგალითზე მიიტაცეს დაახლოებით 1 657 ჰექტარი, ანუ 16 570 000 კვადრატული მეტრი მიწა.

დავით ქაცარავას აქვს კონკრეტული სოფლების ჩამონათვალი და მონაცემებიც, რომელიც, ცხადია არ არის ოფიციალური: ბერშუეთში მიიტაცეს – 130, 000 კვ. მ. პერევში – 2 400, 000, ჩორჩანა-პერევი – 8, 000, 000, წაღვლი – ჩორჩანა – 3, 000, 000; ალევის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია – 250, 000; ხურვალეთი – 780, 000, ტახტისძირი – 290, 000, მეჯვრისხევი – 700, 000; კირბალი – 340, 000; ქერე – 280, 000; ქვემო ჭალა – 400, 000

მოკლედ – რას ამბობენ პოლიტიკოსები

თავდაცვის მინისტრი არ არის ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც „უპრეცედენტო მშვიდობასა და სტაბილურობაზე” საუბრობს. ქვეყნის შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასე პასუხობს: ეს „არ არის მცოცავი ოკუპაცია, ეს თემა დაიწყო 2008-ში, შეთანხმდა, ხელი მოეწერა“. მასვე ეკუთვნის შეფასებაც: „[რუსმა სამხედროებმა] ერთი თვის წინ დააყენეს ბოძები, დღეს მოვიდნენ და უკვე რკინის ე.წ. სეტკის გაკვრა დაიწყეს ამ ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზზე. იქ რამე განსაკუთრებული არ ხდება, კონტროლს ექვემდებარება”.

იგივე უთხრა ჟურნალისტებს მისმა მოადგილემ, იოსებ ჭელიძე: „მე ვერ დაგეთანხმებით ტერმინებს – მცოცავი ოკუპაცია… ბორდერიზაცია, კი გეთანხმებით, მაგრამ ბორდერიზაციის პროცესი დაიწყო 2009 წლიდან და ფრაგმენტულად შემდეგ გაგრძელდა 2011 წლიდან“.

[toggle title=”დააწკაპუნეთ და ნახეთ, რას ნიშნავს ტერმინები – ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია”] ბორდერიზაცია ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს საზღვრის გადაწევას, მონიშვნას. ოკუპაცია კი ლათინური სიტყვაა და სხვისი ტერიტორიის სამხედრო ძალის გამოყენებით დაპყრობას ნიშნავს. [/toggle]

„მცოცავ ოკუპაციას“ აღიარებს, თუმცა ამას „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს ბიძინა ივანიშვილი.

„აღმაშფოთებელია ის, რასაც აკეთებს მეზობელი სახელმწიფო… ბოლომდე ვერ ამიხსნია, ეს დაშინების პოლიტიკაა, თუ 200-300 მეტრით გადმოწევა, ვთქვათ, ამით კოლოსალურად ვერავინ გამდიდრდება, მაგრამ ეს არის უაღრესად მძიმე და დანაშაულებრივი პროვოკაცია. მთავრობა აკეთებს ადეკვატურ რეაგირებებს. ის, რაც შეგვიძლია რეალობიდან. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას ის, რის გაკეთებაც შეუძლია… ახლა ყველაზე მეტი კრიტიკოსები, რომელიც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, არის „ნაციონალური მოძრაობა“, მათ გააკეთეს სწორედ ეს უბედურება მათ დაგვიტოვეს,“ – თქვა ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს.

ვიცე-სპიკერი: იმას აფიქსირებენ, რისი ოკუპაციაც 2008 წელს მოახდინეს

რის მაჩვენებელია, როცა სუს-ი და არც რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყება არასდროს აკონკრეტებს, რა ტერიტორიები დაიკარგა „ბორდერიზაციის“, ანუ საოკუპაციო ღობეების მოწყობის დროს? რაზე მიანიშნებენ მაღალი თანამდებობის პირები, როცა ხაზგასმით ამბობენ, რომ „მცოცავი ოკუპაცია“ კი არა „ბორდერიზაციის“ პროცესი გვაქვს?

„რუსეთის ადვოკატად ვერ გამოვალ… ოკუპაცია მოახდინეს ჩვენი ტერიტორიის 2008 წელს და ახლა აკეთებენ ბორდერიზაციას. ახლა რა ბორდერიზაციასაც აკეთებენ, იმას აფიქსირებენ, რისი ოკუპაციაც მოახდინეს. თქვენ რა გგონიათ, რომ ოკუპაციის ხაზი რაღაც სხვა არის და ბორდერიზაციის ხაზი რაღაც სხვა არის?“ – კითხულობს გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი.

გია ვოლსკი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რეალურად შეცდომა სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუშვა, როცა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ყოფილ საზღვრებში ახალი ადმინისტრაცია შექმნა, ხოლო დღეს რთულია იმის დადგენა, საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის პროცესი რომელი რუკის შესაბამისად ხორციელდება.

„დავა ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეიძლება, რომელი რუკით სარგებლობენ, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა თავისი ადმინისტრაციული ოლქისთვის, თუ სხვა რაიმე რუკები არსებობს? ვთქვათ, 1986 წლის რუკაში ეს ტერიტორია არ შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, თუმცა სხვა პერიოდის გამოცემის რუკაში შედიოდა… 2007 წელს სააკაშვილმა შექმნა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და დე იურედ არა, მაგრამ დე ფაქტოდ მიუთითა, რომ ასეთი ტერიტორია არსებობს… ახლა ეს ყველაფერი არის ოკუპანტის ხელში აღებული სახელმძღვანელოდ, ჰოდა, ჯიპიარესების გამოყენებით მიყვებიან სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვარს და ახდენენ ფაქტობრივად დაპყრობილი ტერიტორიის ბორდერიზაციას,“ – მიიჩნევს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

„თქვენ არ აღიარებთ მცოცავ ოკუპაციას?“ – ამ კითხვის ორჯერ გამეორების მიუხედავად, გია ვოლსკისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ხელისუფლებაში მყოფი გია ვოლსკი თვლის, რომ კითხვას „მცოცავ ოკუპაციაზე“ მიხეილ სააკაშვილმა უნდა უპასუხოს. ამ რეპლიკის შემდეგ გია ვოლსკიმ ჩვენს კითხვებს აღარ უპასუხა და ტელეფონი გაგვითიშა, თუმცა მანამდე მოასწრო იმის თქმაც, რომ ბორდერიზაციაზე აქცენტით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რუსეთთან შეთანხმებით, „ნაციონალური მოძრაობა“  ებრძვის.

„…როდესაც წამოვა თუ არა საუბარი, იმ წუთში წამოიჭრება საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ აი, ბორდერიზაცია მიმდინარეობს და არსებული ხელისუფლება რას აკეთებს, რომ ეს ბორდერიზაცია შეაჩეროს? ამ თემაზე გადადის მთელი ყურადღება მაშინ, როდესაც ბოროტება ჩადენილია იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც სააკაშვილმა ფეხქვეშ გათელა პრაქტიკულად სტრატეგიული გეგმა, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჰქონდათ და რუსეთს მისცა საშუალება განეხორციელებინათ აგრესია და შემდეგ მოეხდინათ ამ მიწების ოკუპაცია.

ახლა რუსეთი და „ნაციონალები“ ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბორდერიზაციით იკარგება მიწები და არა ოკუპაციით… ბორდერიზაციის პირობებში კი არ წაგვართვეს, არამედ ომით და ოკუპაციით წაგვართვეს… ეჭვი მაქვს, რომ თქვენ სხვა მიმართულებაზე გინდათ გადაიტანოთ ყურადღება, რათა დანაშაული, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, როგორღაც გაიბნეს და გაიფანტოს,“ – გვითხრა გია ვოლსკიმ.

როგორ რეაგირებს საქართველო ბორდერიზაციას?

„წარმოუდგენელი ვითარებაა შექმნილი ბორდერიზაციის ხაზზე – რუსეთი იმას აკეთებს, რაც უნდა და ჩვენ არ გვაქვს არც აქტიური და არც პასიური პასუხი,“ – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი. ის „რონდელის ფონდის“ მკვლევარია და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში.

ბორდერიზაციაზე საუბრის დროს ვალერი ჩეჩელაშვილი მთავარ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს საერთოდ აღარ ახსენებენ.

„…როცა სიმართლე და საერთაშორისო სამართალი არის ჩვენს მხარეს, ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. გულსატკენია, რომ ჩვენ ამ შესაძლებლობებს თანდათან ვკარგავთ… სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჩვენი პოლიტიკა არის ასეთი უსახური, სუსტი, თანდათან ვკარგავთ ავტორიტეტს და რეპუტაციას… გაუმართლებელია, რომ დიდი შვიდიანის ქვეყნების შეხვედრების რეზოლუციებიდან საქართველო გაქრა. ამ დოკუმენტებში ისევ არის მხარდაჭერა გამოხატული უკრაინის, აღიარებულია რუსეთი, როგორც რეგიონის მთავარი საფრთხე და რა გამოდის: ფანტასტიკური რამე რომ მოხდეს და რუსეთმა ურთიერთობა მოაგვაროს უკრაინასთან, რუსეთი გახდება სრულუფლებიანი მონაწილე საერთაშორისო ურთიერთობების?“ – კითხულობს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში.

ვალერი ჩეჩელაშვილი რამდენიმე პირობას ასახელებს, რაც მისი შეფასებით ოკუპაციის პროცესს შეაჩერებდა:

„იქ, სადაც არის უპირობოდ ჩვენი კონტროლი და არ არის რუსული მავთულხლართები, დღესვე მასობრივად უნდა მოხდეს ჩვენი შინაგან საქმეთა ჯარის განლაგება და შესაბამისი ბლოკპოსტების ჩამოყალიბება. აუცილებლად ტექნიკური დაკვირვების საშუალებები უნდა გავაძლიეროთ, გამოვიყენოთ დრონები და ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ ე.წ. მცოცავი ოკუპაციის ინტერაქტიული რუკა, რომელსაც შემდეგ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ეს იქნება პირდაპირი მტკიცებულება. ეს უნდა გავაკეთოთ ევროკავშირის დამკვირვებლების მისიის ჩართულობით, რომ ამას მეტი წონა შევძინოთ. ასევე უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური და ნებისმიერი დახმარება იმ ხალხის მიმართ, ვინც ცხოვრობს ბორდერიზაციის ხაზზე და არის მარტო, პირისპირ მტერთან“.

„რონდელის ფონდის“ მკვლევრის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მცდარი სტრატეგია და ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგს ელის, ანუ ნორმალიზებას, რასაც 21 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც მხარდაჭერა გამოუცხადა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ნორმალიზებას 2012 წლიდან ცდილობს საქართველო.

„მოსაზრება, რომ ჩვენ ორმხრივ მოლაპარაკებების ფორმატში შესაძლოა მოვაგვაროთ პრობლემები, არის ილუზია. მე, პირადად, 25 წელი ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს რუსეთთან სხვადასხვა ფორმატში და ძალიან კარგად ვიცი, რომ რუსეთთან ხელშეკრულებას მოაწერო ხელი, ეს არაფრის გარანტიას იძლევა. საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთანაც ათეულობით შემთხვევის ჩამოთვლა შემიძლია, როცა რუსეთს სანაგვე ყუთში მოუსვრია ეს ხელშეკრულება, რა წუთშიც მას დასჭირვებია მისი იგნორირება…“ – გვითხრა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

პოლიტოლოგი: რუსეთი „მცოცავი ოკუპაციით“ ცდილობს საგარეო არჩევანი შეგვახსენოს

როგორ უნდა პასუხობდეს ქვეყანა რუსულ პროპაგანდას „მცოცავ ოკუპაციაზე“? – ეს პოლიტოლოგ ლევან კახიშვილს ვკითხეთ.

„რუსულ პროპაგანდას საქართველო შესაბამისი სტრატეგიული კომუნიკაციით უნდა დაუპირისპირდეს, რათა მოხდეს პროპაგანდის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე დაყვანა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პოლიტიკაში…“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან კახიშვილი. იგი არასწორად მიიჩნევს ხელისუფლების თვითკმაყოფილებას „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში მშვიდობის შენარჩუნებაზე.

„სახელმწიფოებრივი მიდგომებია საჭირო არა მხოლოდ ომის თავიდან აცილების საკითხში, არამედ ბორდერიზაციის შემთხვევებზე რეაგირებაშიც. თუ ხელისუფლება ომზე მეტისმეტად დიდ ყურადღებას ამახვილებს და ამით ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას, ხელისუფლება ოპოზიციისგან ბორდერიზაციის საკითხში გრძნობს მხარდაჭერის ნაკლებობას. ეს საკითხები პარტიულ კონკურენციაზე მაღლა უნდა იყოს, თუ გვსურს, რომ ეროვნული კონსოლიდაცია მოვახერხოთ მათ გარშემო… ის ფაქტი, რომ ომი არ არის, არ უნდა გახდეს „ქართული ოცნების“ თვითკმაყოფილების მიზეზი,“ – გვითხრა ლევან კახიშვილმა.

ლევან კახიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთს ამ ეტაპზე შეუქცევადი ნაბიჯების გადადგმა არ სჭირდება, რადგან „საქართველო მწყობრად მიყვება დემოკრატიზაციისა და პროდასავლური პოლიტიკის გზას ისე, რომ ამ მხრივ რაიმე დიდი გარდატეხა არ ხდება. შესაბამისად, რუსეთიც მშვიდადაა…“ – ამბობს ლევან კახიშვილი.

მისი აზრით, რუსეთი „მცოცავი ოკუპაციის“ გზით ცდილობს საქართველოში საგარეო არჩევანი პერიოდულად შეგვახსენოს.

„სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში არ დაავიწყდეთ ე.წ. „ახალი რეალიები“, რუსეთი თავს გვახსენებს ისეთი ქმედებებით, როგორიცაა ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია. ასეთივე შემთხვევებია ცხინვალში რუსეთთან მიერთების საკითხის განხილვა გარკვეული პერიოდულობით, სამხედრო-თავდაცვითი ინტეგრაცია რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის და ა.შ. – ყველა ის ქმედება, რომელიც საქართველოში ემოციურ რეაქციას გამოწვევას და რომელმაც პოტენციურად შესაძლოა დააფიქროს ქართული საზოგადოება საკუთარ საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე,“ – გვითხრა ლევან კახიშვილმა.

ლიკა კასრაძე ერგნეთიდან: მგონი, გვაგუებენ ოკუპაციას

საოკუპაციო ღობეებთან მცხოვრები ადამიანები გვიყვებიან, როგორ იძინებენ და იღვიძებენ სროლების ფონზე, როგორ ცარიელდება სოფლები, რადგან აქ უსაფრთხოდ თავს ვერავინ გრძნობს. პირობითი საზღვრის იქითაც და აქეთაც ადამიანები ყველაზე ხშირად ახსენებენ ფრაზას: „არავინ იცის, რა იქნება ხვალ“.

„ყოველდღე ისევ ვიძინებთ სროლების ფონზე, ახლოს საწვრთნელი ბაზებია…“ – გვიყვება ლიკა კასრაძე სოფელი ერგნეთიდან. – „სიტუაცია ისევ სტაბილურად დაძაბულია. ჩვენი სოფლის პლუსი ისაა, რომ ჩვენთან მაღალი ღობეა, საგუშაგოა და აქედან არ იტაცებენ, თუმცა სახიფათო ვითარება იგრძნობა ყველგან, აქ გაჩერება აღარავის უნდა, ვერავინ ხედავს განვითარებას, იმას, რომ მისი უსაფრთხოება, ან საკუთრება იქნება დაცული… საშინელებაა, როცა შენს მიწაზე შეიძლება იდგე, შენს ბაღს ამუშავებდე და გაგიტაცონ.

ასე ვამბობთ ხოლმე: ვინ იცის, რა იქნება ხვალ. არა, მგონი, უფრო არა ხვალ, არამედ ახლა. ახლა, როცა მე თქვენ ტელეფონით გესაუბრებით, არავინ იცის, რა მოხდება.

მცოცავი ოკუპაცია ჩემთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიების მიტაცება… იქეთ სოფლებში, რაც მიიტაცეს, ქართული ენაც შეზღუდეს. რუსეთი არ იცვლება და არ ჩერდება. არ ვიცი, რაა გამოსავალი, მაგრამ რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს… მგონი, გვაგუებენ ოკუპაციას. ჩვენ მედიიდან ვიგებთ ინფორმაციას, არავინ მოდის, ამ პანდემიის დროს, როცა ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდა, არც სოციალურად დახმარებია ვინმეს ხელისუფლება.

ომი საშინელებაა. ჩვენ ძალიან ცუდი შედეგი მოგვცა ომმა, მაგრამ რამდენადაც ამ ომმა დაგვაზარალა, ისე გვაზარალებს ეს მდგომარეობა, რაღაცნაირად გაყინულები ვართ – ხალხს ისევ იტაცებენ, ხოცავენ, ისევ მოლაპარაკებები, ისევ არაფერი იცვლება… მიჩუმებული მდგომარეობაა რაღაცნაირად“.

თამარი ახალგორიდან: ხელისუფლება საკუთარი უუნარობის გამართლებას ცდილობს

„ქუჩაში რომ დავდივარ ახლა და არავინ მესვრის, ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდობაა…“ – ამბობს თამარ მეარაყიშვილი. ის ახალგორში ცხოვრობს და სამოქალაქო აქტივისტია. თამარი არაერთხელ გახდა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის სამიზნე. ის გატაცებულიც იყო.

„რა გითხრათ, სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – ზოგს შიმშილის კვალი, ზოგს – ცუდი კვება. ყველა კითხულობს ფასს, რა ღირს, ესა თუ ის პროდუქტი, მეც რამდენჯერმე უკან დავდე, რაღაცის ყიდვა მინდოდა, მაგრამ ისე მეძვირა… ახალგორში 1500 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა 800 თუ იქნება, სკოლაში მხოლოდ 180 მოსწავლეა… არ ვიცით, ხვალ რა იქნება, არ ვიცით, ხვალ ცოცხალი ვიქნები თუ არა. რა გამოდის, რას ვიხდით ჩვენ მშვიდობაში?“ – კითხულობს თამარ მეარაყიშვილი.

სამოქალაქო აქტივისტი თვლის, რომ „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში საქართველოს ხელისუფლება საკუთარი უუნარობის გამართლებას ცდილობს და საერთაშორისო რესურსებს შესაბამისად არ იყენებს.

„როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ომი არ არის, ამით ის პასუხისმგებლობას იხსნის და ცდილობს, საკუთარი უუნარობა გაამართლოს… არ ჩანს, რომ იყენებს ხელისუფლება საერთაშორისო ინსტრუმენტებს…

რაღაცნაირად თითქოს ერიდებიან, არგაღიზიანების პოლიტიკას ეწევიან ისევ, რომ აი, თვალებში არ მოხვდნენ, ფეხებში არ აეხლართონ…. ამჯობინებენ, რომ ყური წაუყრუონ…“ – ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

____

მთავარი ფოტო – რეგინფო: უცხოელი დიპლომატები საოკუპაციო ხაზთან. 2017 წელი.

ბათუმში გავაფრთხილეთ 600 და დავაჯარიმეთ 15 ბიზნესობიექტი – შრომის ინსპექცია

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმში კვების ობიექტების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების, ქსელური მარკეტების შემოწმებისას ინსპექციამ ხარვეზები გამოავლინა, რის შედეგადაც გაფრთხილება მიეცა ექვსასი ობიექტის მეპატრონეს, ხოლო დაჯარიმდა 15. ასევე გააფრთხილეს 300 მძღოლი.

„ქსელური მარკეტების მიმართ მოგვიხდა საჯარიმო სანქციების გამოყენება, დაფიქსირდა ასევე სოციალური ღონისძიებები, რის გამოც შვიდ შემთხვევაში იურიდიულ პირს დაეკისრა ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით, ფიზიკურ პირს კი – 2000 ლარის ოდენობით. ეს არის სარიტუალო ღონისძიებები – როგორიც არის ქორწილი, ქელეხი, იუბილე და მსგავსი ღონისძიებები“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექციის უფროსის ინფორმაციით, სურსათის სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სხვადასხვა საზედამხედველო უწყებამ ბოლო დღეების განმავლობაში 1000-მდე ბიზნესსუბიექტი შეამოწმა, გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები და გაფრთხილებები.

ბექა ფერაძე დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის რეგიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი საზედამხედველო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აჭარის რეგიონში არსებულ ვითარებასა და რეგულაციების კონტროლის გამკაცრებაზე ისაუბრეს.

ბექა ფერაძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დაცვის მხრივ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მონიტორინგი გაგრძელდება.

___

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბათუმში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რას პასუხობს „მედალფა“ მედპერსონალის პროტესტს

ბათუმში კლინიკა „მედალფამ“ უკვე დაიწყო კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება. ეს პირველი კლინიკა იყო აჭარაში, რომელმაც კორონავირუსიანი პაციენტების მიღება ჯერ კიდევ მარტში დაიწყო და ორი თვის განმავლობაში მართავდა ინფიცირებულ პაციენტებს. ამ პერიოდში კლინიკაში მედპერსონალის ინფიცირების 7 შემთხვევა იყო. ახლა „მედალფა“ კვლავ კოვიდთან ბრძოლაში ჩაება, თუმცა  თანამშრომლების პროტესტის ფონზე – მედპერსონალმა იმავე პირობებში მუშაობა გააპროტესტა, მათ ანაზღაურებისა და ადამიანური რესურსის გაზრდა მოითხოვეს. როგორ პასუხობს კლინიკის მენეჯმენტი თანამშრომლების პროტესტს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ინგა ხოზრევანიძეს ესაუბარა, „მედალფას“ დირექტორს.

  • ქალბატონო ინგა, როგორც ვიცით „მედალფას“ მედპერსონალი აპროტესტებდა იგივე ანაზღაურებისა და ადამიანური რესურსების პირობებში მუშაობას კოვიდპაციენტებთან. დღესვე ითქვა, რომ კლინიკა მიიღებს პაციენტებს. როგორ შედგა მოლაპარაკება?

ეს მოლაპარაკება დაწყებული იყო ჯერ კიდევ გუშინ. უბრალოდ, ხომ არსებობს მოუთმენელი ხალხი, რომელიც დაუყოვნებლივ, მყისიერად ითხოვს შესრულდეს მისი პირობა. ხელშეკრულების მომზადება არის იურისტის პრეროგატივა, იურისტები ჩვენ ადგილობრივად არ გვყავს, იურისტები არიან სათავო ოფისში [თბილისში], მათ უნდა მოემზადებინათ სპეციალური ხელშეკრულება. იურისტები თბილისში მიემგზავრებოდნენ ყაზბეგიდან, ექსკურსიაზე იყვნენ წასული და ეს პრობლემა იყო. დალაგდა ახლა ყველაფერი.

  • თქვენს რამდენიმე თანამშრომელს ვესაუბრე და მითხრეს, რომ უფრო ნაკლები ანაზღაურება ჰქონდათ მაღალი რისკის პირობებში მუშაობისას, ვიდრე სხვა კლინიკაში დასაქმებულ მათ კოლეგებს. ადასტურებთ ამას?

როდესაც კოვიდზე დავიწყეთ მუშაობა, მაშინ ყველასთან სათითაოდ ვაწარმოეთ მოლაპარაკება. გვქონდა ის სტანდარტული ანაზღაურება, რაც გვქონდა საერთოდ, არაფერი არ შეგვითავაზებია და არც დავპირებივართ. თვითონვე დაგვთანხმდნენ და ის ანაზღაურება, რაზეც შევთანხმდით პირველ ჯერზე, მიიღეს. ამას დაემატა ისიც, რომ „თიბისი ბანკმა“, „გალფმა“ გამოიჩინეს კეთილი ნება და ამ ადამიანებს დაურიცხეს ბონუსები, როგორც კოვიდინფექციასთან ბრძოლაში მონაწილე პირებს. მაგრამ მათ ჰქონდათ განცდა, რომ სახელმწიფოსაც კიდევ უნდა გაეღო რაღაც. მე სახელმწიფოს ვერ დავავალდებულებ კიდევ დამატებით გადაუხადოს პერსონალს.

მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ დირექტორებზე გამოყოფილი ბონუსიც, რომელიც „გალფმა“ გამოყო, იმაზე ჩვენ  უარი ვთქვით და მედპერსონალს გადავუნაწილეთ. ვშრომობდით ჩვენც, არც ბატონი ლევანი [ლევან ანთაძე, „მედალფას“ ყოფილი რეგიონული დირექორი]  არ იყო ისე, რომ კაბინეტიდან გაეცა ბრძანებები. მე თვითონ ექიმი ვარ და ვმუშაობდი როგორც ექთანი, როგორც სანიტარი, მათთან ერთად, იმიტომ, რომ იყო კადრების დეფიციტი. ბევრმა უარი თქვა მუშაობაზე კოვიდპაციენტებთან და ვერ დავჯდებოდი დირექტორის კაბინეტში – „იმას არ გავაკეთებ, ამას არ გავაკეთებ“. ეს გზა ყველამ ერთად გავიარეთ საკმაოდ წარმატებულად.

  • ახლა ამატებთ მედპერსონალს, თუ იმავე ძალებით იმუშავებთ?

დამატების საშუალება რომ იყოს, ვგულისხმობ მსურველებს, სიამოვნებით მივიღებდით ახალ კადრებს. როცა ადამიანი სამედიცინო სფეროს ეჭიდება და პროფესიას ირჩევს, იქ უნდა გაისიგრძეგანოს ის, რომ ხან დაინფიცირებულ პაციენტთან იმუშავებს, ხან ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთან. ეს მისი პროფესიული ვალდებულებაა, რომ გაუმკლავდეს ამას. მე გარკვეულწილად არ მესმის ეს  – „არ ვიმუშავებ კოვოდიანთან“. მას რომ დაემართოს კოვიდი, არავინ არ უდნა იმუშაოს მასთან?

  • თუმცა ექთნებმა მითხრეს – ჩვენ უარს არ ვამბობთ პაციენტებზე, პირობების გაუმჯობესებას ვითხოვთ, ანაზღაურების გაზრდას და მედპერსონალის დამატებასო…

ვინმემ მათ უთხრა, რომ არ ექნებათ ანაზღაურება? ჩემთვისაც ძალიან კარგია, თუ ადამიანური რესურსი მეტი იქნება, როგორ ფიქრობთ, არის მსურველი და არ ვიღებთ? ნამდვილად არ არის. თქვენ არ იცით ჩვენ რა დღეები გამოვიარეთ. არავინ არ მოვიდა. ჯანდაცვის სამინისტრომ მითხრა, გვარები გადმომეცით, ვინ გითხრათ უარიო და ეს მე არ გამიკეთებია, ვთქვი, რომ ესეც გაივლის და ამ ხალხს მერე პრობლემები არ შეექმნას მუშაობისას.

  • ასევე მითხრეს, რომ თუ უარს იტყვიან მუშაობაზე, მონაცემებს სამინისტროს გადასცემენ….

მე არავის გვარი არ გადამიცია და არც გადავცემ. მირჩევნია მე ვიშრომო, ვიდრე ვიღაცას პრობლემა შეექმნას.

  • ლევან ანთაძე ახსენეთ. „მედალფა“ იყო პირველი კლინიკა აჭარაში, რომელმაც კოვიდით ინფიცირებული პაციენტების ტალღა მიიღო და ამ ამბის შემდეგ კლინიკის მთავარმა ექიმმა და რეგიონულმა მენეჯერმა დატოვეს კლინიკა. რა მოხდა?

ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ბევრი ნიუანსი იყო, რაზეც ლაპარაკი არ მგონია მართებული.

  • სათავო ოფისის გადაწყვეტილება იყო?

ბატონი ლევანი თავისი განცხადების საფუძველზე წავიდა. მათთან რომ განიხილოთ ეს საკითხი, აჯობებს.

  • რომ დავაზუსტოთ. ახლა ამ ადამიანებს, კოვიდზე მუშაობისას ხელფასი უფრო მეტი ექნებათ, ვიდრე ჰქონათ? რამდენია ეს მეტი?

საათში 7,5 ლარი. ესაა ხელზე 6 ლარი. [ექთნებმა „ბათუმელებს უთხრეს, რომ აქამდე მათი ანაზღაურება 2,60-3 ლარი იყო საათში] 

  • რამდენი პაციენტია ამჟამად „მედალფაში“? 

უკვე 26 პაციენტი მივიღეთ. ჩვენს კლინიკაში 55 საწოლია განთავსებული, მაგრამ სტაციონარში არის 39 საწოლი, 10 სუნთქვის აპარატი გვაქვს, ჯერ არავის სჭირდება, საბედნიეროდ.

________

ფოტოზე: ინგა ხოზრევანიძე. ფოტო: ტვ იმედი

„ეს არის შიდა გავრცელება, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის“ – სიტუაცია ბათუმში

„ეს არის შიდა გავრცელება, მაგრამ კონტროლს ქვეშაა სიტუაცია, პანიკის საფუძველი არ არის“ – განაცხადა დღეს, 13 სექტემბერს, ჟურნალისტებთან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ამ შემთხვევების უმრავლესობა დაკავშირებულია უკვე არსებულ შემთხვევებთან. დღეს მან არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას კლასტერების შესახებ. „ყველგან არის გავრცელება“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

მისივე თქმით, აჭარის ჰოსპიტალურ სექტორში ამჟამად იმყოფება 277 პირი და „მათ შორის 78 გახლავთ ე.წ. კოვიდკარანტინში, ანუ ეს გახლავთ ასიმპტომური, მსუბუქი ფორმები“.

ბათუმში უკვე სამი კლინიკა მუშაობს კოვიდპაციენტებთან: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ინფექციური საავადმყოფო და კლინიკა „მედალფა“.

პირველი სექტემბრიდან მოყოლებული აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. კორონავირუსის შემთხვევები აჭარაში დაფიქსირდა: საკონდიტროში, ბაზრობაზე, ტელევიზიაში, აჭარის მთავრობაში, სკოლაში, ბანკში, იუსტიციის სახლში, გარემოსდაცვით დეპარტამენტში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქობულეთის მერიაში და ა.შ.

რამდენწუთიანი იქნება დისტანციური გაკვეთილები – სამინისტროს რეკომენდაცია

განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, დისტანციური გაკვეთილების ხანგრძლივობა I-IV კლასებში უნდა იყოს 15-20 წუთი; V-IX კლასებში – 25-30 წუთი; ხოლო X-XII კლასებში – 35-40 წუთი. ამასთან, სამინისტროს მიერ რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

სკოლა ვალდებულია „მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს“ იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს სასწავლო პროცესის ჩატარება საკლასო ოთახებში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქების – ბათუმის, ქობულეთის, თბილისის, გორის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის და ფოთის გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან საკლასო ოთახებში დაიწყება. რაც შეეხება აღნიშნულ ქალაქებს, აქ სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან სწავლა ამ ქალაქებშიც საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სწავლა ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად ხელვაჩაურშიც 1-ელ ოქტომბერს განახლდება საკლასო ოთახებში, 15 სექტემბრიდან კი სასწავლო პროცესი ხელვაჩაურში ონლაინ, დისტანციურად დაიწყება.

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები“ 9 სექტემბერს დაამტკიცა.

ამ წესის მიხედვით, განსაზღვრულია დისტანციური სწავლების რამდენიმე მოდელი: სინქრონული, ასინქრონული და ჰიბრიდული.

დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა კი არის შემდეგი:

  • I-IV კლასებში – 15-20 წუთი;
  • V-IX კლასებში – 25-30 წუთი;
  • X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

ამასთან, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, „რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება“.

საჯარო სკოლაში ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში დასაშვებია კლასის გაყოფა დასწრებით გაკვეთილების დაგეგმვისას, ხოლო დისტანციური გაკვეთილების ჩატარება რეკომენდებულია მთელი საკლასო ჯგუფისთვის.

ამ თემაზე, ასევე სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის წესი და პირობები სრულად, იხილეთ ბმულზე:

მაქსიმუმ 3 გაკვეთილი და შესვენება თვალის 6-ჯერ დახამხამებით – მინისტრის ბრძანება ონლაინსწავლებაზე

13 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა:

ბათუმში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა

 

ბულვარში კარვები აიღეს – სად ჩაიტარებთ ბათუმში PCR ტესტს უფასოდ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის ბულვარში კარვები დაბალი მიმართვიანობის გამო აიღეს, ამ დროისთვის აქტიური PCR ტესტირება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში ხორციელდება.   ტესტირების ჩატარების მსურველებს შუძლიათ მიმართონ:
  •  ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2
  • საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30
  • ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20 4.
  •  პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7
  • თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ.N4

სამინისტროს ინფრომაციით მოქალაქეებს შეუძლიათ ზემოაღნიშნულ კლინიკებს მიმართონ 10:00 – 17:00 საათამდე. გარდა ამისა PCR ტესტირებისთვის კარვები გაშლილია ორ ლოკაციაზე, ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მერიის შენობის მიმდებარედ.

სამინისტროს განმარტებით აჭარაში კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად ჩაერთო კლინიკა მედალფა და ინფექციური საავადმყოფო, რომელთაც გუშინ უკვე მიიღეს კოვიდინფიცირებული პაციანტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 300-მდე საწოლის მობილიზება.

სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ რეგიონში არის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ინფიცირებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში განსათავსებლად. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც სტაციონარში განთავსებას საჭიროებს, მიიღებს შესაბამის სრულყოფილ სერვისს.

„18-65 წლამდე პაციენტები, რომელთა დაავადებაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გადაყვანილ იქნებიან შესაბამის საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის მუდმივი კონტროლის ქვეშ.“- განმარტავს სამინიტრო.

ბათუმში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა

13 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 2025 PCR ტესტი.

დღეის მონაცემებით, აჭარაში სტაციონარში და კრანტინში იმყოფება 277 პაციენტი: რესპუბლიკურში – 136 პაციენტი, ინფექციურ საავადმყოფოში – 21, „მედალფაში“ – 42, ხოლო კარანტინში 78 კოვიდინფიცრებული პაციენტია.

პირველი სექტემბრიდან მოყოლებული აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.

ამჟამად აჭარაში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2932 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
____________

ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა. მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, ლ.ჯ. მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა.

გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დადასტურდა კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა – 13 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს ცნობით, 13 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, განიკურნა 6 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 2227  შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი.

ბათუმის ყოფილი მერის პოსტი ფეისბუქში: გთხოვთ არ ენდოთ თაღლითებს

ბათუმის ყოფილი მერი, ლაშა კომახიძე ფეისბუქზე წერს, რომ მისი სახელით ფეისბუქის ერთ-ერთი გვერდიდან, რომელზეც მისი ფოტოა გამოქვეყნებული, ადამიანებს თანხის მოთხოვნით უკავშირდებიან.

„გთხოვთ არ ენდოთ თაღლითებს და არ მოტყუვდეთ!“ – წერს ლაშა კომახიძე და გვერდის დარეპორტებისკენ მოუწოდებს ფეისბუქის მომხმარებლებს.

 

რა იქნება სასჯელი ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენისა და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევისთვის

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, ამავე კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის ახალი 164​4 მუხლი – „ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა“.

ცვლილებით, რომელიც 2020 წლის 4 სექტემბერს შევიდა ძალაში:

[checklist]

  • ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა, ჩადენილი იძულებით ან მუქარით, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;
  • ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობით, მატერიალური ან სამსახურებრივი დამოკიდებულების გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

[/checklist]

აღნიშნული ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;
ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
გ) ჯგუფურად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.“.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.

8 სექტემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

 

[toggle title=”არჩევნებთან დაკავშირებული რამდენიმე მუხლი სს კოდექსიდან:“]

მუხლი 164. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება

არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში რწმუნებულად ან მეთვალყურედ დანიშნულის მიერ საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო დოკუმენტის გაყალბება, ხმების განზრახ არასწორად დათვლა, არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება ანდა რეფერენდუმის ან პლებისციტის შედეგების განზრახ არასწორად დადგენა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 მუხლი 164​1 . ამომრჩევლის მოსყიდვა

1. საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება, თუ ასეთი გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს, −

ისჯება ჯარიმით.

2. საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება, თუ ასეთი გარიგების ღირებულება აღემატება 100 ლარს, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ ქონებაში არ იგულისხმება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარები − მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავსი ნივთები.

2. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სადღესასწაულო ღონისძიების აღნიშვნის ფარგლებში მცირე ღირებულების მქონე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 5 000 ლარის საერთო ღირებულების ნივთების საჩუქრად შეთავაზებისათვის, დაპირებისათვის ან გადაცემისათვის, აგრეთვე ამგვარი საჩუქრის მიღებისათვის.

3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება პირი, რომელსაც შესთავაზეს ან დაჰპირდნენ საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის გადაცემას ან გაწევას, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებით, თვალთმაქცურ ან სხვა გარიგებაში მონაწილეობას, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.

4. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პოლიტიკური და საარჩევნო დაპირებებისათვის, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი (გარდა პარტიისა, რომელსაც არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა) ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.

მუხლი 164​2. ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის მიღება

არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დროს სხვისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ან არაერთგზის ხმის მიცემა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მუხლი 164​3. არჩევნების გაყალბება

არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება, –  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

[/toggle]

 

ამ თემაზე ნახეთ სტატია „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

https://netgazeti.ge/news/326382/

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

უწყლო სოფელი ხულოში – როგორ მოაგვარა არასამთავრობომ წლობით გადაუჭრელი პრობლემა

შუახევში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან სხალთის ისტორიული ხეობისკენ რომ გადაუხვევთ, დაახლოებით 17 კილომეტრში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი მახალაკურია. ხეობის ცენტრალურ სამანქანე გზასა და სოფელს ერთმანეთისგან მდინარე სხალთის ღრმა ხეობა ჰყოფს. ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ამ სოფელში, ადგილობრივების თქმით, 105 კომლია, თუმცა, ძირითადად, დღეს 75 ოჯახი ცხოვრობს. თანაც, მათი უმეტესობა აქ მხოლოდ ზაფხულობით ამოდის.

სოფელი მახალაკური, ხულო /6.09.2020

მახალაკურში არის უბანი, სადაც 14 ისეთი ოჯახია, ვინც სოფელს ზამთარშიც არ ტოვებს. ამ მაღალმთიან დასახლებაში არაერთი პრობლემაა, თუმცა, აქ მუდმივად მცხოვრები ოჯახები მთავარ პრობლემად მაინც წყალს ასახელებენ.

ეთერ მიქელაძე

„ზაფხულში სოფელში მეტ-ნაკლებად წყალი ყველგან მოდის, მაგრამ ზამთარში, როცა წყალი წყდება, 2 კილომეტრიდან გვიწევს მოტანა. განსაკუთრებით იანვარ-თებერვალში სოფელში დიდი თოვლია. კაცები თხილამურებს იცვამენ და გზას კვალავენ, ქალები გავალთ და წყალს გამოვიტანთ…

ხშირად კაცები არ არიან სახლში და ამხელა გზაზე გასვლა-გამოსვლა გინდა… ხუთლიტრიანი „ბაჩონკებით“ კიდევ, რამდენი წყალი უნდა მოზიდო – სასმელად, სარეცხისთვის, საჭმლისთვის, საქონელს რომ დაალევინო – ამიტომ ხშირად თოვლს ვადნობთ და იმ წყალს ვიყენებთ.

სხვა არაფრიდან ასე არ გვიჭირს – შეშას ვიმარაგებთ, თივასაც, წყალია პრობლემა. ამ წყლის საკითხიც თუ მოგვარდება, ზამთარში ნაკლები პრობლემა გვექნება“, – ამბობს მახალაკურში მცხოვრები ეთერ მიქელაძე.

სოფელი მახალაკური, ხულო / არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით აქ წყლის სისტემა მოეწყობა / 6.09.2020

სოფელში დაწყებულია წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც 14 ოჯახს პრობლემას სრულად მოუხსნის. 3-კილომეტრი სიგრძის მილი სოფლისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ შეიძინა. სპეციალური ტექნიკა კი სოფელში მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით [ტენდერის საფუძველზე] მუშაობს. წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებში მოსახლეობაცაა ჩართული.

სოფელ მახალაკურში წყლის პრობლემა ზამთარში აქვთ, როცა წყალი საერთოდ არ მოდის / 6.09.2020
ლევან შაინიძე

„სოფელში 3 კილომეტრიდან მოგვყავს წყალი. სისტემა კაპიტალურად ეწყობა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეგვიძინეს წყლის მილი, მუნიციპალიტეტმა ტენდერით ტრაქტორი გამოყო ამ საქმისთვის. აქ ხელით თხრილის გაჭრა, შეუძლებელი იყო. ტრაქტორი თხრის არხს და შემდეგ მილების ჩალაგებაში სოფელიც დავეხმარებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით წყლის სათავე ნაგებობაზე მოეწყობა ერთტონიანი რკინის ავზი. მილები ამ თხრილში დაცული იქნება და 14 ოჯახს, ვინც აქ მუდმივად ვცხოვრობთ, წყლის პრობლემას მოგვიხსნის.

წყალი სათავეზე იმდენია, რომ ზამთარ-ზაფხულ საკმარისი იქნება სასმელად, სარწყავად და ახალი სისტემის მოწყობით ისეთი წნევა ექნება, რომ სარეცხი მანქანაც იმუშავებს.

ძველი მილები, რითაც წყალი გვაქვს გამოყვანილი, მიწაში არ არის სათანადოდ ჩაფლული და ყოველ წელს ზიანდება, ხშირად წყდება კიდეც – ზამთარში შეუძლებელია შეკეთება, წყალიც ნაკლებია და არ მოდის იმ რაოდენობით, რაც საკმარისი იქნებოდა მოსახლეობისთვის“, – ამბობს სოფლის მკვიდრი ლევან შაინიძე.

ლევან შაინიძე იმ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია მახალაკურში, რომელიც სოფელში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. სწორედ ამ ჯგუფმა იმუშავა აქ იმ პრობლემების გამოსავლენად, რომლის მოგვარებაც მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და მუნიციპალიტეტის ჩართულობით, პრიორიტეტული იქნებოდა სოფლისთვის. ასეთად პირველ რიგში წყლის პრობლემის მოგვარება დასახელდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეძენილი და სოფელ მახალაკურში დასაწყობებული წყლის მილები / 6.09.2020

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ წყლის მილები შეიძინა პროექტის ფარგლებში – „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“. ორგანიზაციას ეს პროექტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] დაუფინანსა.

საიამ კი, ფინანსები მოიძია პროექტის  – „ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში, რომლის დონორია გერმანული ფონდი – „პური მსოფლიოსთვის პროტესტანტული განვითარების სამსახური“ (BFDW).

სოფელში წყლის სისტემის სათავეზე მოსაწყობი ავზის პროექტს განიხილავენ / 6.09.2020

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი, ასლან ჭანიძე ამბობს, რომ მახალაკურში მოსახლეობას წყლის გამანაწილებლის მოწყობაშიც დაეხმარებიან. შეუძენენ შესაბამის მასალებს, სამუშაოებს კი, ადგილობრივები შეასრულებენ.

„ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, მოსახლეობისა და თვითმმართველობის ჩართულობით“, – ამბობს ასლან ჭანიძე

მახალაკური / სოფელში წყალი ამ მთებიდან, 3 კილომეტრი მანძილიდან მოჰყავთ / 6.09.2020
ნოდარ სურმანიძე

მახალაკურში მცხოვრები 76 წლის ნოდარ სურმანიძე გვიხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია წყლის პრობლემის მოგვარება ადგილობრივებისთვის, თუმცა, სხვა პრობლემებზეც საუბრობს.

„ჩვენ ყველას მადლობელი ვიქნებით, ვინც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება. ჩაყარე თოვლი ქვაბში, გაადნე, გადმოასხი – ასე ვწვალობთ წლებია ზამთარში… ეს შლანგი კაია, რაც კეთდება, მაგრამ ახლა სილაც გვინდა, რომ მილი დავფაროთ თხრილში. შლანგს რომ ის ქვები დავაყაროთ, დაზიანდება, ამიტომ გვინდა ჯერ სილა დავაყაროთ… იმედია მერია ამაშიც დაგვეხმარება.

სხვა პრობლემებიცაა სოფელში, მაგალითად, პუნქტი არის, ექიმი არაა. არაა არც ექთანი. ექიმი ბათუმიდან დადის და ოთხი სამსახური აქვს, კვირაში თუ თვეში ერთხელ, როდის მოდის და მიდის ვერ ვგებულობ, რომ წამალი გამოვაწერინო…

პენსიას მაძლევს სახელმწიფო და წამალს, საჭმელს რაღაცას ვყიდულობ, მაგრამ ბადიშებმა რა ქნან – სამუშაო არ არის, შემოსავალი არაა… ამ მთავრობამ უნდა აამუშაოს ეს ახალგაზრდობა, რომ იცხოვრონ სოფელში. ახალგაზრდებისთვის ფეხბურთის სტადიონი მაინც რომ იყოს, წაითამაშონ… არაფერია და არიან მოწყენილი. ზამთარში იხრჩობიან თოვლში და ამიტომაა ყველა გარბის ბათუმში“, – ამბობს ნოდარ სურმანიძე.

მახალაკურის სოფლის გზა [მარჯვნივ] და მდინარე სხალთის ხეობის გაღმა [მარცხნივ], ამავე ხეობის ცენტრალური საავტომობილო გზა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს/ 6.09,2020
მანუჩარ აბაშიძე

„ახლა წყალს რომ გავიყვანთ, ეს გზაც სასწრაფოდ იქნება მოსაწესრიგებელი“, – ამბობს მანუჩარ აბაშიძე. – „ამ გზას სოფელი სარგებლობს შეშის გამოსატანად. მაისის თვიდან ვიმარაგებთ შეშას, თუმცა, ამ გზაზე, რომელიც 3 კილომეტრია და მგონი სატყეოს ეკუთვნის, ჩამონაშალი მიწა იყო ბევრ ადგილზე, სამხიდიანი მანქანებიც ვერ გადაადგილდებოდა, ამიტომ ვერ მოვიმარაგეთ შეშა. სექტემბერია. ოქტომბრის ბოლოს აქ იწყება ზამთარი. სოფელში კი შეშა ჯერ არავის აქვს.“

სოფელში შემოსავლის ძირითადი წყარო, როგორც მანუჩარ აბაშიძე ამბობს, მესაქონლეობაა, „მოგვყავს სიმინდიც, კარტოფილი, ლობიო, რასაც ვყიდით… მოსახლეობა ზაფხულობით 2550 მეტრ სიმაღლეზე მდებარე იალაღებზე გადის, რომელიც 7 კილომეტრითაა სოფლიდან დაცილებული. მთის გზაც მოსაწესრიგებელია – მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა ვერ ადის. სათიბიც მოშორებით გვაქვს და გზა იქაც პრობლემაა. რთული და მოსაწესრიგებელი გზებია. მერია გვეხმარება, რა თქმა უნდა – ერთ დღეს გაწმენდენ, მაგრამ მეორე დღეს შეიძლება იგივე პრობლემა დარჩეს, მთელ მუნიციპალიტეტში ანალოგიური პრობლემაა.“

მანუჩარ აბაშიძე კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას – სოფელში, სათიბ მინდვრებზე მეწყრული პროცესებია ხშირად: „გეოლოგები იყვნენ და დასკვნაც კი ვერ დაწერეს ვერაფერი – იცხოვრება, არ იცხოვრება. ამ კუთხითაც საჭიროა, რომ სპეციალისტებმა შეისწავლონ აქაურობა“.

სოფელი მახალაკური. ხულო. მზადება ზამთრისთვის / სათიბიდან ბალახი სოფელში ხარებით გადააქვთ / 6.09.2020
გზა სოფელ მახალაკურში, რომელიც ტყეში იმ ადგილამდე მიდის, სადაც მოსახლეობა შეშას ამზადებს / გზა სარეაბილიტაციოა . ამ გზაზე გაივლის პროექტის ფარგლებში შეძენილი წყლის მილებიც/ 6.09.2020

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან შაინიძე ამბობს, რომ ჯგუფში სულ 6 წევრია და სოფლის პრობლემებზე და პრიორიტეტების გამოკვეთაზე მუშაობას გააგრძელებენ. მათ მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაციებიც უცხადებენ.

„ჩვენ, ჩართულები ვიქნებით საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებაში სხვადასხვა კუთხით – ეს იქნება ადგილობრივ დონეზე პრობლემების გამოკვეთა, ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობასთან, თუ სხვა. ვეცდებით, რომ ყველა ეს მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მათ წინაშე იქნება, ადვოკატირების გზით დავაყენოთ თვითმმართველობაში და ასევე ჩვენი პროექტის ფარგლებში უზრუნველვყოთ შემდგომი გაგრძელება ამ აქტივობების, რათა მოსახლეობა გააქტიურდეს. მნიშვნელოვანია მათი ჩართულობით გადაწყდეს სწორედ ის პრობლემები, რომლებიც მათ წლებია აწუხებთ“, – ამბობს ირმა პავლიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადმინისტრაციული დირექტორი.

„ხეობაში ბევრია ძველი ეკლესია, ციხე, მაგრამ ჩვენს სოფელში ტურისტები არ მოდიან. ერთი ძველისძველი ნაეკლესიარია სოფლის ცენტრში… ადრე მოვიდნენ თხარეს [მაშინ გავიგეთ ჩვენც, რომ იქ თურმე ადრე ეკლესია ყოფილა], რაც ნახეს, მგონი წაიღეს და ვითომ უნდა აეშენებინათ, მაგრამ არავინ გამოჩენილა. რამე შენობა რომ იყოს, ტურისტები რომ მოვიდოდეს, არ ვიცი, ამ კუთხით თუ შეიძლება რამე გაკეთდეს… გზაც ახლა კეთდება სოფელში მოსასვლელი“, – გვეუბნება ნოდარ სურმანიძე.

მთავარი საავტომობილო გზა სხალთის ხეობაში, რომლის რეაბილიტაციაც დაწყებულია / 6.09.2020
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სხალთის ხეობაში / 6.09.2020

სხალთის ხეობაში, ხიხაძირის მიმართულებით, გზა ნაწილობრივ კაპიტალურადაა გაკეთებული, თუმცა არის რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც რეაბილიტაცია ახლა მიმდინარეობს. ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჰქონდა გამოცხადებული. ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ტენდერის ფარგლებში, ზამლეთი-ხიხაძირის 7 კილომეტრი სიგრძის გზა უნდა გაკეთდეს. პროექტი 18 თვიანია და სამუშაოები აგვისტოში დაიწყო.

„სამუშაოებისთვის განსაზღვრულ პერიოდში ორი ზამთარი გვიწევს. აქ კი შესაძლოა დიდი ზამთარი დარჩეს, რის გამოც შეწყდება სამუშაოები და შემდეგ გაგრძელდება. შესაბამისად, სამუშაოების ვადაც გადაიწევს ალბათ“, – გვითხრეს ზედამხედველ კომპანიაში.

მდინარე სხალთის ხეობა / 6.09.2020
სხალთის ეკლესია
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ინგლისურად ვისწავლი – რატომ აირჩია სტუდენტმა ხულოდან ქუთაისის უნივერსიტეტი

ნათია სოლომონიძე პირველი სტუდენტია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხა ხულოდან. ის სოფელ დიაკონიძეებში, მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობს. ქუთაისის უნივერსიტეტი სხვა ქართული უნივერსიტეტებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ სწავლება მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება.

ნათიას სოფელში, დიაკონიძეებში სკოლა მხოლოდ საბაზო – 9 კლასია, ამიტომ ის საჯარო სკოლის დასასრულებლად დაბის სკოლაში გადავიდა. ყოველდღიურად 3 კილომეტრის გავლა უწევდა სკოლაში და პირიქით. ამბობს, რომ 2.5 წელი სკოლის ავტობუსით დადიოდა. პანდემიამდე ცოტა ხანი კი ბაბუამ ატარა მანქანით. რეპეტიტორებთანაც მას დაჰყავდა.

„მათემატიკა ძალიან მიყვარს. ერთხანს ვფიქრობდი, რომ სამედიცინო მესწავლა, მაგრამ საბოლოდ მათემატიკური მიმართულება ავირჩიე. უნივერსიტეტში მენეჯმენტს ვისწავლი. ძალიან მიხარია, რომ სტუდენტი გავხდი, ემოციებში ვარ“, – გვეუბნება ნათია.

ქუთაისის უნივერსიტეტის შესახებ მათემატიკის მასწავლებლისგან გაიგო. „მირჩია და მეც დავფიქრდი, რადგან კარგი პერსპექტივა აქვს ამ უნივერსიტეტს, ინფრასტრუქტურაც კარგია და კამპუსიც. მაღალმთიანი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან წამოსულ სტუდენტებზეც შეღავათები აქვთ, ამ მხრივაც კარგი არჩევანი იყო ჩემთვის“, – გვეუბნება ნათია.

ნათიას აზრით, მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის, ზოგადად, ბევრი რესურსია მიუწვდომელი, ამიტომ კარგ სკოლას და მასწავლებელს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ოჯახში 4 ბავშვი ვართ. როცა რეპეტიტორთან ვემზადებოდი, სულ მეფიქრებოდა იმაზე, ჩემს პატარა და-ძმის წილს ხომ არ ვითვისებდი რამეს, მათაც ხომ სჭირდებოდა რაღაც. ამიტომ ვცდილობდი, რომ დაფინანსება მომეპოვებინა, რომ ოჯახსაც შეღავათი ჰქონოდა, რადგან ოჯახში მეორე სტუდენტი ვარ“, – გვეუბნება ნათია.

ნათიას უფროსი და ბათუმში სწავლობს, მესამე კურსელია. მასზე უმცროსი კი შემდეგ წელს იქნება აბიტურიენტი. რეპეტიტორი მასაც დასჭირდებაო – გვითხრა. თავად ნათიას მხოლოდ ცხრა თვე დასჭირდა რეპეტიტორი – ინგლისურში, მათემატიკასა და ქართულში მეცადინეობდა დამატებით. ოჯახი ამისთვის ყოველთვიურად 180 ლარს იხდიდა.

გოგონას თქმით, მათემატიკის და ინგლისურის მასწავლებლებში ძალიან გაუმართლა, რადგან ყოველთვის ცდილობდნენ სახელმძღვანელოს იქეთაც მოეძიებინათ მასალა და მიეწოდებინათ მოსწავლეებისთვის.

„განათლების სისტემის ხარვეზი ის არის, რომ სკოლა არ გვამზადებს ეროვნული გამოცდებისთვის და იძულებული ვართ დამატებით ვიმეცადინოთ მასწავლებლებთან. არც სახელმძღვანელოებია საკმარისი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად“, – ამბობს ის.

რთული იყო პანდემიის პერიოდში სწავლაც, მაგრამ მასწავლებლებთან ურთიერთობას მეილებით ახერხებდა. „დავალებებს ვუგზავნიდი მეილზე და ასე მიმოწმებდნენ“, – ამბობს ნათია.

ნათიას აზრით, სტერეოტიპი, რომ – „მათემატიკა ბიჭების მეცნიერებაა“, დღეს აღარ მუშაობს, რადგან ტექნიკურ და ზუსტ მეცნიერებებში ბევრი გოგოა წარმატებული. „კლასშიც ყველაზე კარგად გოგოები ვსწავლობდით მათემატიკას. მასწავლებელიც მაგულიანებდა. ვფიქრობ, მასწავლებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის წარმატებაში, იმას თუ რამდენად უქმნის მოტივაციას ბავშვს და უჭერს თუ არა მხარს მის ოცნებებში“, – ამბობს ნათია.

დიაკონიძეების სკოლაში ნათიას კლასში 4 მოსწავლე იყო. „სამმა ჩავაბარეთ უნივერსიტეტებშიო“ – გვითხრა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკაში 25 ქულიდან იწყება ბარიერი, ნათიამ 34 ქულა დააგროვა. ინგლისურში კი 66 ქულა აიღო. მოსწონს, რომ გერმანული საგანმანათლებლო პროგრამებით ისწავლის და უცხოელი ლექტორებიც ეყოლება. „რადგან გერმანია პარტნიორი ქვეყანაა, იმედი მაქვს ამ ქვეყანაშიც შევძლებ წასვლას და სწავლის გაგრძელებას.

ბევრი მეუბნებოდა „რა გინდა ქუთაისში“, ყველა შენი მეგობარი ბათუმშია, იქ არავინ გეყოლება ახლობელი, მეგობარი, თუმცა მასწავლებლები მეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელია არაფერია და მიზანს უნდა მივყვე. ასე რომ მასწავლებლების მხარდაჭერამ დიდი როლი ითამაშეს ჩემს არჩევანში“, – ამბობს ნათია.

ნათია ბედნიერია სტუდენტობით და მომავალი პერსპექტივებით. და კიდევ, ფიქრობს ერთ რამეზე, უნდა მომავალში ობოლ, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დაეხმაროს.

„ჩემს ირგვლივ როცა ვხედავდი ასეთ ბავშვებს, სულ მათზე ვფიქრობდი ხოლმე. რადგან უნივერსიტეტში დაფინანსება მოვიპოვე, ვფიქრობ, რაღაც თანხებს მოვუყარო თავი და ასეთი ბავშვებისთვის რაიმე მაინც გავაკეთო“, – ამბობს ნათია.

ბათუმის დელფინარიუმი დროებით დაიკეტა

ბათუმის დელფინარიუმი კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით შოუებს წყვეტს და დროებით იკეტება. ასევე, დამთვალიერებლებს დროებით აღარ მიიღებს ბათუმის აკვარიუმიც.

„ჩვენი ბინადრების, თანამშრომლებისა და თქვენი უსაფრთხოება და კეთილდღეობა პრიორიტეტია ჩვენთვის.

ბოლო დღეებში, დელფინარიუმსა და აკვარიუმში ვიზიტორთა მწირი რაოდენობისა და ამასთან, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის დელფინარიუმმა და აკვარიუმმა დროებით შეწყვიტა ვიზიტორთა მიღება“ – ნათქვამა განცხადებაში, რომელსაც შპს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

პირველი სექტემბრიდან დღემდე აჭარაში იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. ბოლო 24 საათში ბათუმში ინფიცირების 80 შემთხვევა დადასტურდა.

ქობულეთის მერიის თანამშრომელს კოვიდი დაუდასტურდა

ქობულეთის მერიის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნული პირი ათი დღეა დისტანციურად მუშაობდა და თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია. მერიაში ამბობენ, რომ ყველა ის პირი, ვისაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მასთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაშია, ხოლო ოჯახის წევრები კარანტინში იმყოფებიან.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კოვიდი დაუდასტურდა აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელსაც.

ვინ არის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი გენრი დოლიძე

პოეტმა გენრი დოლიძემ, გასული წლის ივნისის მოვლენების დროს, პარლამენტის წინ გამართული აქციების დარბევისას ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილებით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას: ის ხალხისკენ მიმავალი სპეცრაზმის წინ გაწვა. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში დაწერა: „სხვა ვერაფერი შევძელი“. ამ ფაქტის ამსახველი კადრი ბევრ უცხოურ მედიაშიც გავრცელდა. გენრი დოლიძე არ უარყოფს, რომ გარკვეულწილად ამ ფაქტმაც განაპირობა, რომ დღეს ალეკო ელისაშვილის პარტიის – „მოქალაქეები“, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. რა გეგმები აქვს მას საკანონმდებლო ორგანოში და რა საარჩევნო დაპირებებს გასცემს? – „ბათუმელების“ კითხვებს განრი დოლიძე პასუხობს:

  • ბატონო გენრი, როგორ ფიქრობთ, პარლამენტში მაჟორიტარობის კანდიდატად რომ ხართ წარდგენილი, ამ ერთი კადრის „დამსახურება“ ხომ არ არის?
გენრი დოლიძე. თბილისი. 20.11.2019 წელი

ჩვენს მოძრაობაში მე მანამდეც ვიყავი ბათუმის წარმომადგენელი და დიდი ალბათობით ალბათ მაინც მე ვიქნებოდი ბათუმის წარმომადგენელი. თუმცა ამან ბევრი რამ შეცვალა იმ კუთხით, რომ ეს იყო ჩემი მხრიდან უკვე წყალგამყოფი ნაბიჯი პროსახელისუფლებო ადამიანებთან. ამით სრულად გავემიჯნე ნეიტრალურ დამოკიდებულებებს, აბსოლუტურად ლუსტრაცია მოვახდინე ხელისუფლების და მათთვის ავტომატურად ვიქეცი მტრად, რომელმაც მოახდინა საერთაშორისო დონეზე მათი მხილება – ეს ფოტო ძალიან გავრცელდა და ალბათ შთამბეჭდავი იყო, როცა სახელმწიფო მშვიდობიან დემონსტრანტს თავზე გადაუვლის. დიახ, ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ნაბიჯი, რამაც იმოქმედა ჩემს პოლიტიკურ იმიჯზე, გუნდში პოზიციების გამყარებაზე და ასე შემდეგ.

  • შეგიძლიათ დამისახელოთ ბათუმისთვის მნიშვნელოვანი სამი მთავარი პრობლემა, რომელზეც საკანონმდებლო მიმართულებით აპირებთ მუშაობას პარლამენტში?

პირველი პრობლემა ეს არის დეცენტრალიზაციის არარსებობა. ბათუმი არ არის საკუთარი ბედის გადამწყვეტი და წლების განმავლობაში ბათუმს არ ჰყოლია მაჟორიტარი, რომელიც პარლამენტში თუნდაც ბათუმის ერთ პრობლემას გააჟღერებდა. გვყავს მდუმარე მაჟორიტარები.

  • ეს არ არის საკანონმდებლო ხარვეზი, მათ კანონი ხმის ამოღებას არ უკრძალავს.

დიახ, კანონმა უნდა მოაგვაროს, პარლამენტმა უნდა მოაგვაროს, მეტი დეცენტრალიზაცია უნდა მისცეს. ამ შემთხვევაში არსებობს ისეთი პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც არის მუდმივი და რომლებიც დროში ცვალებადია. ისეთი საკითხებია, რომლებიც შეიძლება ამ წუთში არ ჩანდეს, მაგრამ ამას სჭირდება ადეკვატური რეაგირება პარლამენტის მხრიდან. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ … ეს შეიძლება თვითმმართველობას ეხებოდეს, არის ელიტური კორუფცია… მოგეხსენებათ „რივიერას“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ის საკითხები, რომლებიც თვითმმართველობის საკითხს სცდება, მიუხედავად იმისა, რომ სწორი ურბანული განვითარება მერიის კომპეტენციაა, მაინც საჭიროა, თუნდაც საპარლამენტო კომისიის შექმნა.

ჩემი აზრით, „რივიერას“ და სხვა ბევრ შემთხვევაში არსებობდა მაგის საჭიროება. პარლამენტში ჩვენი მაჟორიტარები კი დუმდნენ.

  • ეს ალბათ მათი ინდივიდუალური პრობლემაა, ეს ხომ საკანონმდებლო დონეზე ვერ მოგვარდება?

იმიტომ არ იღებენ ხმას, რომ გუნდის ნაწილი, ამ კორუმპირებული სისტემის ნაწილი არიან. ჩვენ არა ვართ ხელისუფლების ნაწილი, ჩვენ ვართ მებრძოლი გუნდი, ვიბრძვით გარედან. ვაპირებთ ვიბრძოლოთ შიგნიდანაც – უფრო მეტი ბერკეტი, მეტი შესაძლებლობა გვექნება ამისთვის.

  • ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ მე მაინტერესებდა, რაიმე საკანონმდებლო ხარვეზები თუ გაქვთ მონიშნული, რაზეც გინდათ მუშაობა, რითაც ამომრჩევლის მდგომარეობა რეალურად გაუმჯობესდება?

ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა პოზიციაში ვიქნებით ჩვენ. რა თქმა უნდა, გვაქვს  ჩანიშნული, პირველ რიგში რა საკანონმდებლო ინიციატივები გვექნება. თუმცა მოცემულობა არის ცვალებადი და ჩვენი პრინციპები უცვლელი – მე შემიძლია ვთქვა რა პრინციპით ვიხელმძღვანელებ პარლამენტში, თუმცა ყველა საკანონმდებლო ინიციატივას წინასწარ ვერ ჩამოვთვლით. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შემადგენლობით შევალთ პარლამენტში. ვიქნებით კოალიციაში ოპოზიციურ ფლანგთან თუ არა.

  • ერთი დამისახელეთ, არ მინდა ყველას ჩამოთვლა.

მაგალითად, ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რომ შემცირდეს პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა, ასამდე გვინდა, რომ დეპუტატების რაოდენობა შემცირდეს. ასევე გვინდა, რომ ბიუროკრატია შემცირდეს სახელმწიფოში და ამას დავუჭერთ მხარს. ამის გარდა, მხარს დავუჭერთ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას. მოვითხოვთ პარლამენტარებისთვის პრივილეგიების შემცირებას.

მაჟორიტარი არ გახლავთ თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენელი – ეს არის ადგილობრივი საზოგადოების მიერ არჩეული ადამიანი, რომელიც ცენტრალურ პოლიტიკას განსაზღვრავს. შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული ხედვები, თუნდაც თავდაცვის და უსაფრთხოების, განათლების, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რასაც ჩვენ მხარს დავუჭერთ. კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები დამოკიდებული იქნება იმაზე, ფართო მხარდაჭერა გვექნება თუ ვიქნებით ოპოზიციაში.

  • გაწერილი პროგრამა გაქვთ თუ მხოლოდ ზეპირი აგიტაციით შემოიფარგლებით?

მე, როგორც ბათუმის მაჟორიტარს, მექნება ჩემი ხედვები. მოგეხსენებათ, ჩვენ დაახლოებით ერთი თვის წინ დავრეგისტრირდით პარტიად, შესაბამისად, არის კონკრეტული სფეროები, რომლებზეც ჩვენ მკაცრად სტრუქტურირებული პროგრამა არ გაგვაჩნია. არის ხედვები, რომლებზეც უფრო მეტად გვიმუშავია, შესაბამისად, მექნება ჩემი ზოგადი ხედვები და ასევე გვექნება პარტიის ზოგადი ხედვები – საერთო კონცეფცია, რომელსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებთ, დავბეჭდავთ გაზეთსაც და მივაწვდით ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს.

  • წესით ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რას საქმიანობთ პოლიტიკაში აქტიურობის პარალელურად, რა შემოსავლით ცხოვრობთ?

ყველამ იცის, რომ ვარ ერთ-ერთი სოციალურად აქტიური მწერალი, მაქვს საკმაოდ ნორმალური ჰონორარებიც. ამის გარდა, მეუღლესთან ერთად მაქვს ივენთკომპანია, საიდანაც გვაქვს ასევე შემოსავალი. თუმცა კორონავირუსის დროს საკმაოდ დაზიანდა ჩვენი საოჯახო ბიზნესი და არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ასევე ჩემს ოჯახს აქვს მცირე საოჯახო ბიზნესი, თუმცა ძირითადად მაინც ვარ მწერალი, დრამატურგი და პოეტი, ეს არის უფრო საინტერესო საქმიანობა ჩემი ცხოვრების.

  • მარუხის ქუჩაზე იყავით გასული და შეხვდით იმ მოქალაქეს, რომელმაც სახლის ნაწილი ქუჩაზე ააშენა. თქვენ წერდით, რომ მედალს ორი მხარე აქვს – მინდა უფრო კონკრეტულად გვითხრათ – რას გულისხმობდით. ისე გამოჩნდა, თითქოს არ მიანიჭეთ მნიშვნელობა იმას, რომ შენობა უნებართვოდაა აშენებული, თუნდაც კერძო საკუთრებაში?

არა, არა, როგორ გეკადრებათ. მე ვთქვი, რომ როცა გავედი ორი ლეგიტიმური კითხვა მამოძრავებდა, ერთი – იყო თუ არა ტროტუარზე აშენებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ სავალ ნაწილზე აშენებს ადამიანი, აქ იყო ძალიან დიდი განგაშის ზარები შემოსაკრავი. მეორე – იყო თუ არა ეს უკანონო მშენებლობა. პირველი, რაც მოსახლეობასთან საუბრის დროს დავადგინეთ, ეს იყო ყოველთვის ღობე, კერძო ტერიტორია, მისი ეზო. საერთოდაც, როგორც ამიხსნეს, მანდ ჩიხი იყო და მერე გაიჭრა ის ვიწრო ქუჩა. რაც შეეხება კანონიერებას – ვთქვი, რომ ამაზე ველოდებოდით მერიის პასუხს. მერიამ გამოაქვეყნა, რომ ეს იყო უკანონო და ეს დანაშაულია.

როცა ადამიანს ვაბრალებთ, რომ მანქანის სავალ ნაწილზე ააშენა და ეს ასე არ არის… სიმართლე იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ორი აზრი არ არსებობს, რომ კანონი უნდა ეხებოდეს ყველას. ცივილურ სამყაროში ეს შეიძლება ეხებოდეს, როგორც დეველოპერულ კომპანიას, ასევე მოქალაქეს.

  • ლგბტ თემი ხშირად საუბრობს, რომ დაუცველია საქართველოში. გაუწევთ ლობირებას პარლამენტიდან საკითხებს, რაც მათი უსაფრთხოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი?

ჩემი და ჩემი გუნდის ხედვაც ასეთია, რომ საქართველოში არცერთი ჯგუფი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული.

  • ყოველთვის ასე ფიქრობდით? მე მახსოვს წლების წინ, როცა ბათუმში თითქოს გეიპარადის ჩატარება იგეგმებოდა და მოქალაქეები ამ „პარადის ჩასაშლელად“ ქუჩებში გამოვიდნენ. თქვენ მახსოვხართ ერთ-ერთი ასეთი შეკრებიდან, მაშინ ლექსიც წაიკითხეთ. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ მინდოდა მეკითხა, წლების შემდე რა გადააფასეთ? 

ვერ ვიხსენებ ასეთ შეხვედრას, ვერც იმას, რომ რაიმე ლექსი წამეკითხოს. ადამიანის შეხედულებები, რათ თქმა უნდა, იცვლება… ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში ძალადობა ჩემთვის მიუღებელია.

„მედალფა“ კოვიდპაციენტების მიღებას იწყებს – მედპერსონალი პირობებს აპროტესტებს

ბათუმში კლინიკა „მედალფა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებას იწყებს, თუმცა მედპერსონალის პროტესტის ფონზე.

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში „მედალფას“ თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ აპროტესტებენ კოვიდ კლინიკაში იგივე ანაზღაურებით და ადამიანური რესურსებით იმუშაონ, როგორც აქამდე იყო.

ბათუმში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რეგიონში 12 დღეში 288 ინფიცირების შემთხვევაა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს კი მხოლოდ 170 ადგილი აქვს რეანიმაციული განყოფილების საწოლების ჩათვლით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა სხვა კლინიკის ჩართვა კოვიდის სამართავად, „მედალფა“ კი ბათუმში სწორედ ის კლინიკაა, რომელმაც პირველმა დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება რეგიონში და კოვიდის მართვის გამოცდილება აქვს.

„ბათუმელები“ დღეს „მედალფას“ ექიმებსა და ექთნებს ესაუბრა. მათ ვინაობის დასახელება არ სურთ, რადგან მიიჩნევენ, რომ შესაძლოა მენეჯმენტთან პრობლემა შეექმნათ, თუმცა ასახელებენ პროტესტის მიზეზებს.

„ჩვენ არ ვამბობთ უარს პაციენტებზე, ჩვენ გვინდა მოგვცენ შესაბამისი ანაზღაურება, ხელშეკრულებით, ოფიციალურად და დაამატონ პერსონალი. იყო ბევრი დაპირება, რომელიც არ შესრულდა, ამას ვაპროტესტებთ“ – გვითხრა „მედალფას“ თანამშრომელმა. იგი ამბობს, რომ როცა „მედალფამ“ პაციენტების მიღება დაიწყო, მედპერსონალს დიდი შრომა დააწვა, სიტყვიერად მიიღეს პრემიების და ანაზღაურების დაპირება, თუმცა ამაზე არავის უზრუნია.

„ჩვენ ვიმუშავეთ კოვიდზე ორი თვე. არ იყო შესაბამისი ანაზღაურება, არ იყო შესაბამისი რაოდენობის მედპერსონალი, ათობით პაციენტთან იყო ერთი ექთანი და ერთი დამხმარე, ძალიან ცუდ დღეში ვიყავით, ექთნები ასრულებდნენ სანიტრის მოვალეობას. ახლა ისევ გადაერთო კლინიკა კოვიდპაციენტებზე, ჩვენ უარზე ვართ ამაზე პირობების გაუმჯობესების გარეშე და უნდათ სხვა მედპერსონალის მოყვანა“ – გვითხრა „მედალფას“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ერთ-ერთმა ექთანმა ასევე გვითხრა, რომ მათი ანაზღაურება „მედალფაში“, კოვიდზე მუშაობისას, გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე სხვა კლინიკებში და მათ „მადლობაც არ უთხრეს, მიუხედავად თავდაუზოგავი შრომისა“.

მედპერსონალი ასევე ამბობს, რომ კლინიკის მენეჯმენტთან შეხვედრისას იყო მუქარაც, რომ თუ ისინი უარს იტყოდნენ მუშაობაზე, მათი სია გადაეცემოდა ჯანდაცვის სამინისტროს და ისინი ვერ შეძლებდნენ სხვაგან მუშაობას.

„ბათუმელები“ „მედალფას“ დირექტორს, ინგა ხოზრევანიძეს დაუკავშირდა კომენტარისთვის. მან გვითხრა, რომ დღის ბოლოს უპასუხებს შეკითხვებს.

ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ საქართველოში აერთიანებს ოთხ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ორ პოლიკლინიკას: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის, მახინჯაურის  და  ბათუმის – ბონის კლინიკებს. „მედალფას“ დამფუძნებელი „ავერსი ფარმაა“, რომლის წილის მფლობელებიც პაატა და ნიკოლოზ კურტანიძეები არიან.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება ბათუმის ინფექციურმა საავადმყოფომაც განაახლა. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, ინფექციურში 39 საწოლია.

კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოჰყვა მედპერსონალის პროტესტი. ექიმები და ექთნები მაღალი რისკის ქვეშ არასათანადო მუშაობის პირობებს აპროტესტებდნენ.

სწავლა საკლასო ოთახებში ხელვაჩაურშიც პირველ ოქტომბრამდე გადაიდო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სწავლა ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად ხელვაჩაურშიც პირველ ოქტომბერს განახლდება საკლასო ოთახებში, 15 სექტემბრიდან კი სასწავლო პროცესი ხელვაჩაურში ონლაინ, დისტანციურად დაიწყება.

„ქობულეთსა და ბათუმს დაემატება ხელვაჩაურიც და იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება პირველი ოქტომბრიდან, მანამდე დისტანციურად მოხდება ამ სამ მუნიციპალიტეტში სწავლა. მაღალმთიან აჭარაში საკლასო ოთახებში შეძლებენ მოსწავლეები 15 სექტემბრიდან სწავლის გაგრძელებას“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში სკოლების 90 პროცენტზე მეტი უკვე აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს და მიმდინარეობს მათი შემოწმება.

საქართველოს დიდ ქალაქებში საკლასო ოთახებსა და აუდიტორებში პირველ ოქტომბრამდე სწავლის გადადების შესახებ გუშინ, 11 სექტემბერს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. გადაწყვეტილება ეხება სასწავლო პროცესს შენობაში, ხოლო დისტანციური სწავლების პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს.

 

კოვიდი დაუდასტურდა აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელს

აჭარის მთავრობის აპარატის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აჭარის მთავრობის ცნობით, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.

„სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება აჭარის მთავრობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აღნიშნულ პირთან ბოლო 10 დღის განმავლობაში არ ქონია კონტაქტი, თუმცა უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის აპარატის თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდინფექცია“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში კორონავირუსის 20-ზე მეტი შემთხვევა ქორწილებს უკავშირდება

კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაკავშირებულია ქორწილებთან – ამის შესახებ დღეს, 12 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა ჟურნალისტებთან.

„კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა დაკავშირებულია რიტუალურ პროცესებთან, ანუ საქორწილო დარბაზებში ყოფნის ფაქტს უკავშირდება. 22 გახლავთ უცნობი, შემთხვევა, ანუ პირველ წყარო არ ჩანს ჯერჯერობით. 7 არის სამედიცინო დაწესებულებთან დაკავშირებული შემთხვევა, სამი გახლავთ ხოფის სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებული, მათ შორის არის თანამშრომელი და მისი ოჯახის წევრები. ასევე პატარ-პატარა კერძო, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, სადაც არ არის ორზე და სამზე მეტი პირი დასაქმებული,“ – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 80 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საქართველოს მასშტაბით კი – 158.

შრომის ინსპექციის ცნობით, ბათუმში რეგულაციების გაუთვალისწინებლობისთვის დაჯარიმდა 3 სარიტუალო დარბაზის მფლობელი, საქმიანობა კი 17-მა სარიტუალო დარბაზმა შეაჩერა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან საქართველოში ისევ აიკრძალა ქელეხები და ქორწილები და იუბილეები.

__________

ფოტო: Pixels

ბათუმში კოვიდინფიცირებულებს ინფექციური საავადყოფოც მიიღებს

ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება ბათუმის ინფექციურმა საავადმყოფომ განაახლა. აქამდე რეგიონის კოვიდკლინიკა რესპუბლიკური საავადმყოფო იყო.

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, კლინიკაში 39 საწოლია, ორის გარდა კლინიკაში ყველა პალატა ბოქსირებული და იზოლირებულია, ინდივიდუალური სველი წერტილებით.

სამინისტროს ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფო შერეული პრინციპით იმუშავებს, მიიღებს კოვიდინფიცირებულ პაციენტებსაც და, ასევე პაციენტებს ცხელების ნიშნით.

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონში უკვე 288 ინფიცირებულია, რესპუბლიკურ საავადმყოფოს კი მხოლოდ 170 ადგილი აქვს რეანიმაციული განყოფილების საწოლების ჩათვლით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა სხვა კლინიკის ჩართვა კოვიდის სამართავად,

ბათუმში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევიდან 22-ის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში აჭარაში გამოვლენილი 80 ახალი შემთხვევიდან 22 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გახლავთ 80 დადასტურებული შემთხვევა და რამდენიმე შემთხვევა გახლავთ კვლევის ფაზაში, ანუ ჯერ არ არის ბოლომდე კვლევა დასრულებული, საეჭვო შემთხვევებია.

კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა დაკავშირებულია რიტუალურ პროცესებთან, ანუ საქორწილო დარბაზებში ყოფნის ფაქტს უკავშირდება. 22 გახლავთ უცნობი, შემთხვევა, ანუ პირველ წყარო არ ჩანს ჯერჯერობით. 7 არის სამედიცინო დაწესებულებთან დაკავშირებული შემთხვევა, სამი გახლავთ ხოფის სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებული, მათ შორის არის თანამშრომელი და მისი ოჯახის წევრები. ასევე პატარ-პატარა კერძო, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, სადაც არ არის ორზე და სამზე მეტი პირი დასაქმებული,“ – თქვა რუსუდან შავიშვილმა.

მანვე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელს.

„მთავრობის ადმინისტრაციაში დადასტურდა კორონავირუსის შემთხვევა. ყველა კონტაქტირებული პირი გადაყვანილია იზოლაციაში. კოვიდინფიცირებული არის ჰოსპიტალიზებული. ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, ყველას PCR ტესტი ჩაუტარდა და ყველას პასუხი არის უაყოფითი,“ – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 2697 ტესტის კვლევა დასრულდა. კარვებიდან და პოლიკლინიკებიდან კი 2185 ტესტი იყო დასრულებული.

დღეიდან ბათუმის ბულვარში განთავსებული კარვები წყვეტენ ფუნქციონირებას. კარვები დარჩება მხოლოდ ხოფის ბაზრობის და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა ბათუმში – 24 საათის მონაცემები

კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა ბათუმში – 24 საათის მონაცემები

12 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, თავდაპირველად განაცხადა რომ აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 87 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა მოგვიანებით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა თქვა, რომ დადასტურებული მხოლოდ 80 შემთხვევაა, დანარჩენ შემთხვევებზე კი ჯერჯერობით კვლევა მიმდინარეობს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს გამოვლენილი შემთხვევები, მიანიშნებს რომ ბათუმში ეპიდემიის გავრცელება ლოკალიზაციისკენ მიდის.

“ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება. მათი მყისიერი გამოკვლევა. ამ 158 ინფიცირებულიდან ყველაზე დიდი ოდენობა გახლავთ ბათუმი და ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზებისკენ მივდივართ. ასეთი სწრაფი კვლევები და დადასტურებული პაციენტების რაოდენობა იმის საშუალებას იძლევა, რომ მათი კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ. მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადების გავრცელებას შევწყვეტთ. ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია,” – თქვა მარინა ეზუგბაიამ.

პირველი სექტემბრიდან მოყოლებული აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.

დღეს საქართველოში, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დადასტურდა კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა – 12 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს ცნობით, 12 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ეს კორონავირუსის ახალი შემთხვევების 24 საათში გამოვლენის ანტირეკორდია საქართველოში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 2075 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1363 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი.

ხშირად ეჯახებით ნივთებს? – რაზე მიანიშნებს წონასწორობის დარღვევა

შინ გადაადგილებისას გამუდმებით რაღაცას ეჯახებით და ამის გამო თავი მოუქნელი გგონიათ? შესაძლოა ეს მოუქნელობა კოორდინაციის დარღვევის ბრალია, რასაც ნევროლოგთან კონსულტაცია სჭირდება. ნევროპათოლოგი შორენა ვაშაძე ამბობს, რომ წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა სხვადასხვა ორგანული პათოლოგიის სიმპტომი შეიძლება იყოს.

  • ქალბატონო შორენა, რა სიმპტომები მიანიშნებს იმაზე, რომ არა უბრალოდ მოუქნელობასთან, არამედ რაიმე პათოლოგიასთან გვაქვს საქმე?

კოორდინაციის და წონასწორობის დარღვევა, რომელსაც მოჰყვება ხოლმე დაცემა, ტრავმები, ღებინების შეგრძნება, ხმაური ყურებში, უნებლიე ცახცახი კიდურებში, დიზართრია ანუ მეტყველების გაძნელება, ნათხემის დაზიანების მანიშნებელია, რადგან სწორედ ნათხემი გახლავთ კოორდინაციის ყველაზე დიდი მაკონტროლირებელი. შესაძლებელია ეს ნიშნები დაკავშირებული  იყოს ნათხემის პათოლოგიებთან, შუა ყურის ანუ ვესტიბულური აპარატის დაზიანებასთან;  შესაძლოა ეს იყოს ცერებრული კოორდინაციის დარღვევა, ან დაკავშირებული იყოს მეტაბოლურ დარღვევებთანაც, მაგალითად შაქრიან დიაბეტთან. გააჩნია რა სიმპტომებია, როგორ,  რა სიხშირით და რა თანმიმდევრობით ვლინდება.

როცა ეს სიმპტომები გრძელდება ერთ დღეზე მეტ ხანს, მდგომარეობა აუცილებლად შესასწავლია და ადამიანმა უნდა მიმართოს ნევროლოგს.

  • არიან თუ არა რომელიმე ასაკის ადამიანები რისკჯგუფში?

არ არის ისე, რომ წონასწორობის დარღვევა აუცილებლად ხანდაზმულს უნდა დაემართოს და არა – ახალგაზრდას. თუ ეს ნიშნები ახალგაზრდა ასაკში განვითარდა, აუცილებლად გამოსარიცხია საკმაოდ მძიმე და რთული დაავადებები, იშემიური პათოლოგიები, ნეიროპათიები…  ასე რომ დაავადებულთა ასაკობრივი ზღვარი საკმაოდ ფართოა.

  • შეიძლება თუ არა ასეთი გამოვლინებები უკავშირდებოდეს ნევროზს?

რასაკვირველია შეიძლება. ნევროზი არის საკმაოდ მძიმე დაავადება და შეიძლება სხვადასხვა სიმპტომის წარმოჩინებით გამოვლინდეს. ნევროზის შემთხვევაში სხვა სიმპტომებიც შესამჩნევია, თუმცა შესაძლოა მსგავსი გამოვლინებებიც დაფიქსირდეს.

  • როგორია მკურნალობა?

როცა გამოირიცხება სხვა სერიოზული პათოლოგიები, შესაძლოა არ იყოს მკურნალობა საჭირო და ისწავლოთ როგორ აირიდოთ თავიდან შეტევა, მოერიდოთ მაპროვოცირებელ ქცევას.

მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ საქანელაზე დაჯდომას, ტრიალს… ეს ვესტიბულური თავბრუხვევებია და შეიძლება იყოს ვერტიგო. ამ დროს გარკვეულმა რითმულმა მოძრაობებმა შეიძლება გამოიწვიოს თევბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა, ანუ არსებობს მაპროვოცირებელი ქცევები, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია. ასევე, მაგალითად, არ უნდა მოგხვდეთ ცხელი და ცივი წყლის წვეთი შუა ყურში, რომლის შემდეგაც იწყება წონასწორობის დარღვევები და თავბრუხვევა, მაგრამ თუ ასეთი სიმპტომები მოულოდნელად დაეწყო ადამიანს, ძალიან საყურადღებოა, შესაძლოა მიანიშნებდეს გარკვეული ორგანოს სერიოზულ დაზიანებაზე და აუცილებლად გამოსაკვლევია თუ რა დაზიანებაა ეს.

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით, გაიზარდა – სტატისტიკა

2020 წლის პირველ 6 თვეში აჭარაში 73 160 300 აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9 494 700 დოლარით მეტია. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა [საქსტატი] გამოაქვეყნა.

ამავე მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 140 მილიონი აშშ დოლარითაა შემცირებული.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში / წყარო: საქსტატი

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში „მაღალი საინვესტიციო აქტივობით გამოირჩევა მშენებლობის [28.9 მლნ აშშ დოლარი] და ენერგეტიკის [15.5 მლნ აშშ დოლარი] სექტორები. ტრადიციული ქვეყნების გარდა ინვესტიციის დაახლოებით 35% ნიდერლანდები-ავსტრია-შვეიცარიაზე მოდის“.

„მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში მეორე კვარტალის ინვესტიციის უდიდესი ნაწილი სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციისგან ფორმირდება. კერძოდ, მთლიან ინვესტიციებში სააქციო კაპიტალში ინვესტირების წილი 90%, ხოლო რეინვესტირების მაჩვენებელი 7%-ია. 2020 წლის II კვარტლის მონაცემებით, სააქციო კაპიტალი 46,5 მლნ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებლი პირდაპირი ინდიკატორია იმის, რომ აჭარაში ბიზნესი თავისი საქმიანობის გაფართოებას თავისივე ფინანსური რესურსით და კაპიტალით ახორციელებს“, – აცხადებს აჭარის მთავრობა.

„ბათუმელებმა“ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2020 წელს უცხოური ინვესტიციების შესახებ აჭარაში. საქსტატში გვითხრეს, რომ კონკრეტული ინვესტორების/საწარმოების დონეზე ინფორმაცია კონფიდენციალურია, შესაბამისად, მოგვაწოდეს მონაცემები მხოლოდ სექტორების მიხედვით.

წყარო: საქსტატი

ამ ცხრილში „უძრავ ქონებაში“ იგულისხმება ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა; ხოლო „დანარჩენ სექტორებში“ – განათლება, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება, კავშირგაბმულობა და საფინანსო სექტორი.

რას ნიშნავს მონაცემები „-“ ნიშნით ანუ უარყოფითი მაჩვენებელი? – როგორც საქსტატში განმარტეს, „შესაძლოა ინვესტორმა მიიღო ზარალი ან დივიდენდები გასცა, შესაძლოა საწესდებო კაპიტალი შეუმცირდა. ამასთან, ინვესტორის მიერ სესხის აღება აისახება დადებითად, თუმცა, თუ დაფარა სესხი [რაც საწარმოსთვის კარგია], ინვესტიციაში აისახება უარყოფითი ნიშნით. ასევე, უცხოელი დამფუძნებლისგან რომ ქართულმა საწარმომ შეიძინოს წილი, ანუ გამოისყიდოს, ესეც უარყოფითი ნიშნით აისახება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. ინვესტიციებში დადებითად აისახება, როგორც აღვნიშნეთ, სესხი, ასევე საწარმომ მოგება რომ მიიღოს, საწესდებო კაპიტალი გაიზარდოს, ან კონკრეტულ პერიოდში არ გასცეს დივიდენდი, ან ნაკლები გასცეს; ასევე უცხოელმა რომ ჩადოს ინვესტიცია, ეს თავისთავად, დადებითად აისახება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში“.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ რეგიონში „საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, ახალი კორონავირუსის გავრცელების სხვადასხვა ეტაპზე, არაერთი ინიციატივა განხორციელდა. კერძოდ, ინვესტორებს ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, დამატებითი 12-თვიანი საშეღავათო ვადა განესაზღვრათ“.

აღსანიშნავია, რომ 12-თვიანი საშეღავათო ვადა აჭარის მთავრობამ ერთი კვირის წინ, 2020 წლის 4 სექტემბერს დაამტკიცა:

რა შემთხვევაში აპატიებენ ინვესტორს პირგასამტეხლოს აჭარაში – ახალი წესი

 

მთავარი ფოტო: ბათუმი / მანანა ქველიაშვილის ფოტო /2020 წლის იანვარი

დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადავიდეს ყველა სასწავლებელი, სადაც სწავლა უკვე დაიწყო

ბათუმში, ქობულეთში, თბილისში, ქუთაისში, გორში, ფოთში, რუსთავსა და ზუგდიდში მოსწავლეები სწავლას დისტანციურად 15 სექტემბერს დაიწყებენ, ხოლო ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს და, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებს – ამის შესახებ დღეს, 11 სექტემბერს, განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

მისი განცხადების თანახმად, ჩამოთვლილი ქალაქების გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება საკლასო ოთახებში და, ასევე, აუდიტორიებში.

„განათლების სისტემა მზად არის სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან აღნიშნა, რომ სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები დისტანციური სწავლების პროცესის დასახვეწად და დღეს მზად არიან სასწავლო პროცესი წარიმართოს როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად.

„შექმნილია და დამტკიცებულია დისტანციური სწავლების წესი, ასევე, ცვლილება შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში და ორივე დოკუმენტი აქვს მიწოდებული ყველა საჯარო სკოლას. სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელებისთვის კომპიუტერების სკოლებისთვის მიწოდება და სკოლები დააორგანიზებენ მოსწავლეებისადმი მიწოდების პროცესს.

ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა პროექტ ტელესკოლაზე და ცხრილის მიხედვით პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით უკვე არის ჩაწერილი გაკვეთილები, ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის გაკვეთილები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩაწერილია და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის სახით პროგრამა გავა ტელესკოლის ფარგლებში“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

16 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ. ლ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 იანვარს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ლ.ლ.-მ გენდერის ნიშნით, ყოფილ მეუღლეს ბ.ნ.-ს, რომელსაც ეძინა, ნაჯახით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ლ.ლ. იმავე დღეს ქ.ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ პრიმა და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ლ.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Exit mobile version