განათლება,მთავარი,სიახლეები

რამდენწუთიანი იქნება დისტანციური გაკვეთილები – სამინისტროს რეკომენდაცია

13.09.2020 • 3133
რამდენწუთიანი იქნება დისტანციური გაკვეთილები – სამინისტროს რეკომენდაცია

განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, დისტანციური გაკვეთილების ხანგრძლივობა I-IV კლასებში უნდა იყოს 15-20 წუთი; V-IX კლასებში – 25-30 წუთი; ხოლო X-XII კლასებში – 35-40 წუთი. ამასთან, სამინისტროს მიერ რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

სკოლა ვალდებულია „მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს“ იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს სასწავლო პროცესის ჩატარება საკლასო ოთახებში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქების – ბათუმის, ქობულეთის, თბილისის, გორის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის და ფოთის გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან საკლასო ოთახებში დაიწყება. რაც შეეხება აღნიშნულ ქალაქებს, აქ სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან სწავლა ამ ქალაქებშიც საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სწავლა ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად ხელვაჩაურშიც 1-ელ ოქტომბერს განახლდება საკლასო ოთახებში, 15 სექტემბრიდან კი სასწავლო პროცესი ხელვაჩაურში ონლაინ, დისტანციურად დაიწყება.

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები“ 9 სექტემბერს დაამტკიცა.

ამ წესის მიხედვით, განსაზღვრულია დისტანციური სწავლების რამდენიმე მოდელი: სინქრონული, ასინქრონული და ჰიბრიდული.

დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა კი არის შემდეგი:

  • I-IV კლასებში – 15-20 წუთი;
  • V-IX კლასებში – 25-30 წუთი;
  • X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

ამასთან, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, „რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება“.

საჯარო სკოლაში ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში დასაშვებია კლასის გაყოფა დასწრებით გაკვეთილების დაგეგმვისას, ხოლო დისტანციური გაკვეთილების ჩატარება რეკომენდებულია მთელი საკლასო ჯგუფისთვის.

ამ თემაზე, ასევე სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის წესი და პირობები სრულად, იხილეთ ბმულზე:

მაქსიმუმ 3 გაკვეთილი და შესვენება თვალის 6-ჯერ დახამხამებით – მინისტრის ბრძანება ონლაინსწავლებაზე

13 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა:

ბათუმში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: