მთავარი,სიახლეები

მოსყიდვა, გათავისუფლება და სხვა დარღვევები აჭარაში არჩევნების წინ – კვლევა

08.09.2020 • 1450
მოსყიდვა, გათავისუფლება და სხვა დარღვევები აჭარაში არჩევნების წინ – კვლევა

დღეს, 8 სექტემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშში  განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო.

ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 17 ფაქტი;
  • წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 შემთხვევა;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 4 შემთხვევა;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 1 შემთხვევა;
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 შემთხვევა;
  • ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის 6 შემთხვევა;
  • მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის 2 შემთხვევა;
  • ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.

პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

სამსახურიდან, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებით ანგარიშში მოხვდა  პოლიტიკური პარტია „ლელოს“  შუახევის შტაბის ხელმძღვანელის ზვიად დაიასამიძის ამბავიც.  ის „ხულოში წმინდა აბუსერიძე ტბელის სახელობის სკოლაში“ მუშაობდა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად და ამავე სკოლაში – დირექტორის მოადგილედ  სასწავლო აღმზრდელობით დარგში.

„ბათუმელებთან“ საუბარში ზვიად  დიასამიძე ამბობს, რომ  სკოლიდან წამოსვლის გადაწყვეტილება თვითონ მიიღო.  „არჩევანის წინაშე დამაყენეს. მითხრეს, რომ ან სკოლაში უნდა ვყოფილიყავი ან პოლიტიკაში. გადაწყვეტილება მივიღე და სკოლიდან წამოვედი“ – ამბობს ის.

კითხვაზე, სკოლის დირექტორისთვის მიუღებელი იყო ზოგადად მისი, როგორც პედაგოგის პოლიტიკური აქტიურობა თუ ოპოზიციურ პარტიაში ყოფნა, ზვიად დაიასამიძე ამბობს, რომ „უფრო პოლიტიკური შეხედულებები“.

მან სკოლა 1 სექტემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

როგორც ზვიად დიასამიძე ამბობს, ის სკოლაში მუშაობის დაწყებამდე შუახევის გამგეობაშიც მუშაობდა გამგებლის მოადგილედ  და „ქართული ოცნების “ შტაბშიც, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს.  „თუმცა შემდეგ განცხადება დავწერე და იქედანაც წამოვედი“ – ამბობს დიასამიძე.

მედიაზე ზეწოლა

აჭარასთან დაკავშირებით ISFED-ის ანგარიშში კიდევ ერთი ფაქტი მოხვდა. შემთხვევა უკავშირდება ჟურნალისტებისთვის ხელისშეშლის ფაქტს ქობულეთში, 5 აგვისტოს.

„ქობულეთში, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შესახებ გადასაღებად მისულ ტვ პირველის ჟურნალისტებს და გადამღებ ჯგუფს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აგრესიულად დახვდნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ჟურნალისტმა ერეკლე ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მას ნამდვილად დაემუქრა მამუკა შათირიშვილი (რომელიც ბოსტნეულის დარიგებისას ინიშნავდა მისული პირების სახელ-გვარსა და პირად ნომერს) შემდეგი სიტყვებით „ქუჩაში გავლა არ გინდა?!” ასევე, ადგილობრივებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოსტნეულის დარიგებაში, ჟურნალისტებს მოუწოდეს, რომ ინფორმაცია არ გაეშუქებინათ ტელევიზიით“ – ნათქვამია ანგარიშში.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ბათუმელებიც“ წერდა 31 აგვისტოს. საუბარია შემთხვევაზე, როცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახი კალაძემ ხელვაჩაურში „ქართული ოცნების” კანდიდატები წარადგინეს. წინასაარჩევნო შეხვედრა სამუშაო საათებში ჩატარდა და მას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე მათგანის ინდენტიფიცირება შეძლო, მათ შორის: მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ტარიელ ნაკაშიძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი – მირზა ბახტაძე, განათლების და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი – ქეთევან დევაძე“ – წერია ანგარიშში.

ამომრჩევლის მოსყიდვა

19 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეის“ თავმჯდომარე, ლევან ჩაჩუა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად სტუმრობდა ხელვაჩაურში მცხოვრებ ფუტკარაძეების ოჯახს.

„ლევან ჩაჩუამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ სხვა პირებთან ერთად ფუტკარაძეების ოჯახს საჩუქრად სამზარეულოს ინვენტარი, ავტომობილი, შინაური ცხოველები და სხვა მატერიალური ქონება გადასცეს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის დასახმარებლად, 45 000 ლარი რუსეთის მოქალაქემ გაიღო. ფაქტის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები მოიპოვება როგორც „პრიმაკოვის ფონდის“ დირექტორის დიმიტრი ლორთქიფანიძის, ასევე, „ქართული იდეას“ თავმჯდომარის „ფეისბუქის“ პირად გვერდებზე“ – წერია ანგარიშში.

სავარაუდო მოსყიდვის კიდევ ერთ შემთხვევაზე ვკითხულობთ ანგარიშში:

„22 აგვისტოს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ეწვია ც.დ., მეზობელი უბნიდან, რომელმაც განუცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დავალებით მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებდა.

კითხვარში აღნიშნული იყო მოქალაქის სახელი, გვარი, მისამართი და ასევე გრაფა „პარტიული“, რაც პარტიის კოორდინატორის განმარტებით ნიშნავდა იმის აღნიშვნას, თუ ვისთვის აპირებს ამომრჩეველი ხმის მიცემას. როგორც ,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან საუბრისას ც.დ.- მ განაცხადა, მას დავალებული ჰქონდა კარდაკარ გამოკითხვისას ჩაენიშნა შეჭირვებული ოჯახების სია, რომელსაც, მათი თანხმობის შემთხვევაში, მიაწვდის „ქართულ ოცნებას” და, ამის შემდეგ, პარტია ამ ოჯახებს მედიკამენტებს და სხვა ფასიან საჩუქრებს გადასცემს“.

კიდევ ერთ შემთხვევაზეა საუბარი ანგარიშში.  კერძოდ, 5 აგვისტოს ქობულეთში   „ქართული ოცნების“ მიერ ბოსტნეულის უსასყიდლოდ დარიგების შესახებ.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ ბოსტნეულის, კერძოდ, ქობულეთის სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციის, დარიგება აჭარის სოფლის მეურნეობის პროგრამით განხორციელდა. მისივე თქმით, ქობულეთში მერის წარმომადგენელმა დავით ზოიძემ, რომელსაც დაევალა დახმარების გადანაწილება ადგილობრივ მოსახლეობაზე, აღნიშნული პროდუქცია მამის კუთვნილ ფართში დაასაწყობა და იქედან გასცემდა. რადგანაც დავით ზოიძის მიერ არ იქნა ახსნილი მოსახლეობისათვის დახმარების წყარო და მიზანი, ადგილობრივებმა ეს „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირეს“ – ნათქვამია აღნიშნულ ანგარიშში.

იმისათვის, რომ საარჩევნო პერიოდში არ მოხდეს ამომრჩევლის მოსყიდვა და კანონდარღვევა, აღნიშნული ორგანიზაციები ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევენ.

ორგანიზაციის რეკომენდაციები მიმართულია სასულიერო პირების მიმართაც, სადაც ნათქვამია, რომ სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

___________

კადრი 31 აგვისტოს ხელვაჩაურში გამართული შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: