მთავარი,სიახლეები

რას პასუხობს „მედალფა“ მედპერსონალის პროტესტს

13.09.2020 • 1719
რას პასუხობს „მედალფა“ მედპერსონალის პროტესტს

ბათუმში კლინიკა „მედალფამ“ უკვე დაიწყო კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება. ეს პირველი კლინიკა იყო აჭარაში, რომელმაც კორონავირუსიანი პაციენტების მიღება ჯერ კიდევ მარტში დაიწყო და ორი თვის განმავლობაში მართავდა ინფიცირებულ პაციენტებს. ამ პერიოდში კლინიკაში მედპერსონალის ინფიცირების 7 შემთხვევა იყო. ახლა „მედალფა“ კვლავ კოვიდთან ბრძოლაში ჩაება, თუმცა  თანამშრომლების პროტესტის ფონზე – მედპერსონალმა იმავე პირობებში მუშაობა გააპროტესტა, მათ ანაზღაურებისა და ადამიანური რესურსის გაზრდა მოითხოვეს. როგორ პასუხობს კლინიკის მენეჯმენტი თანამშრომლების პროტესტს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ინგა ხოზრევანიძეს ესაუბარა, „მედალფას“ დირექტორს.

  • ქალბატონო ინგა, როგორც ვიცით „მედალფას“ მედპერსონალი აპროტესტებდა იგივე ანაზღაურებისა და ადამიანური რესურსების პირობებში მუშაობას კოვიდპაციენტებთან. დღესვე ითქვა, რომ კლინიკა მიიღებს პაციენტებს. როგორ შედგა მოლაპარაკება?

ეს მოლაპარაკება დაწყებული იყო ჯერ კიდევ გუშინ. უბრალოდ, ხომ არსებობს მოუთმენელი ხალხი, რომელიც დაუყოვნებლივ, მყისიერად ითხოვს შესრულდეს მისი პირობა. ხელშეკრულების მომზადება არის იურისტის პრეროგატივა, იურისტები ჩვენ ადგილობრივად არ გვყავს, იურისტები არიან სათავო ოფისში [თბილისში], მათ უნდა მოემზადებინათ სპეციალური ხელშეკრულება. იურისტები თბილისში მიემგზავრებოდნენ ყაზბეგიდან, ექსკურსიაზე იყვნენ წასული და ეს პრობლემა იყო. დალაგდა ახლა ყველაფერი.

  • თქვენს რამდენიმე თანამშრომელს ვესაუბრე და მითხრეს, რომ უფრო ნაკლები ანაზღაურება ჰქონდათ მაღალი რისკის პირობებში მუშაობისას, ვიდრე სხვა კლინიკაში დასაქმებულ მათ კოლეგებს. ადასტურებთ ამას?

როდესაც კოვიდზე დავიწყეთ მუშაობა, მაშინ ყველასთან სათითაოდ ვაწარმოეთ მოლაპარაკება. გვქონდა ის სტანდარტული ანაზღაურება, რაც გვქონდა საერთოდ, არაფერი არ შეგვითავაზებია და არც დავპირებივართ. თვითონვე დაგვთანხმდნენ და ის ანაზღაურება, რაზეც შევთანხმდით პირველ ჯერზე, მიიღეს. ამას დაემატა ისიც, რომ „თიბისი ბანკმა“, „გალფმა“ გამოიჩინეს კეთილი ნება და ამ ადამიანებს დაურიცხეს ბონუსები, როგორც კოვიდინფექციასთან ბრძოლაში მონაწილე პირებს. მაგრამ მათ ჰქონდათ განცდა, რომ სახელმწიფოსაც კიდევ უნდა გაეღო რაღაც. მე სახელმწიფოს ვერ დავავალდებულებ კიდევ დამატებით გადაუხადოს პერსონალს.

მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ დირექტორებზე გამოყოფილი ბონუსიც, რომელიც „გალფმა“ გამოყო, იმაზე ჩვენ  უარი ვთქვით და მედპერსონალს გადავუნაწილეთ. ვშრომობდით ჩვენც, არც ბატონი ლევანი [ლევან ანთაძე, „მედალფას“ ყოფილი რეგიონული დირექორი]  არ იყო ისე, რომ კაბინეტიდან გაეცა ბრძანებები. მე თვითონ ექიმი ვარ და ვმუშაობდი როგორც ექთანი, როგორც სანიტარი, მათთან ერთად, იმიტომ, რომ იყო კადრების დეფიციტი. ბევრმა უარი თქვა მუშაობაზე კოვიდპაციენტებთან და ვერ დავჯდებოდი დირექტორის კაბინეტში – „იმას არ გავაკეთებ, ამას არ გავაკეთებ“. ეს გზა ყველამ ერთად გავიარეთ საკმაოდ წარმატებულად.

  • ახლა ამატებთ მედპერსონალს, თუ იმავე ძალებით იმუშავებთ?

დამატების საშუალება რომ იყოს, ვგულისხმობ მსურველებს, სიამოვნებით მივიღებდით ახალ კადრებს. როცა ადამიანი სამედიცინო სფეროს ეჭიდება და პროფესიას ირჩევს, იქ უნდა გაისიგრძეგანოს ის, რომ ხან დაინფიცირებულ პაციენტთან იმუშავებს, ხან ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთან. ეს მისი პროფესიული ვალდებულებაა, რომ გაუმკლავდეს ამას. მე გარკვეულწილად არ მესმის ეს  – „არ ვიმუშავებ კოვოდიანთან“. მას რომ დაემართოს კოვიდი, არავინ არ უდნა იმუშაოს მასთან?

  • თუმცა ექთნებმა მითხრეს – ჩვენ უარს არ ვამბობთ პაციენტებზე, პირობების გაუმჯობესებას ვითხოვთ, ანაზღაურების გაზრდას და მედპერსონალის დამატებასო…

ვინმემ მათ უთხრა, რომ არ ექნებათ ანაზღაურება? ჩემთვისაც ძალიან კარგია, თუ ადამიანური რესურსი მეტი იქნება, როგორ ფიქრობთ, არის მსურველი და არ ვიღებთ? ნამდვილად არ არის. თქვენ არ იცით ჩვენ რა დღეები გამოვიარეთ. არავინ არ მოვიდა. ჯანდაცვის სამინისტრომ მითხრა, გვარები გადმომეცით, ვინ გითხრათ უარიო და ეს მე არ გამიკეთებია, ვთქვი, რომ ესეც გაივლის და ამ ხალხს მერე პრობლემები არ შეექმნას მუშაობისას.

  • ასევე მითხრეს, რომ თუ უარს იტყვიან მუშაობაზე, მონაცემებს სამინისტროს გადასცემენ….

მე არავის გვარი არ გადამიცია და არც გადავცემ. მირჩევნია მე ვიშრომო, ვიდრე ვიღაცას პრობლემა შეექმნას.

  • ლევან ანთაძე ახსენეთ. „მედალფა“ იყო პირველი კლინიკა აჭარაში, რომელმაც კოვიდით ინფიცირებული პაციენტების ტალღა მიიღო და ამ ამბის შემდეგ კლინიკის მთავარმა ექიმმა და რეგიონულმა მენეჯერმა დატოვეს კლინიკა. რა მოხდა?

ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ბევრი ნიუანსი იყო, რაზეც ლაპარაკი არ მგონია მართებული.

  • სათავო ოფისის გადაწყვეტილება იყო?

ბატონი ლევანი თავისი განცხადების საფუძველზე წავიდა. მათთან რომ განიხილოთ ეს საკითხი, აჯობებს.

  • რომ დავაზუსტოთ. ახლა ამ ადამიანებს, კოვიდზე მუშაობისას ხელფასი უფრო მეტი ექნებათ, ვიდრე ჰქონათ? რამდენია ეს მეტი?

საათში 7,5 ლარი. ესაა ხელზე 6 ლარი. [ექთნებმა „ბათუმელებს უთხრეს, რომ აქამდე მათი ანაზღაურება 2,60-3 ლარი იყო საათში] 

  • რამდენი პაციენტია ამჟამად „მედალფაში“? 

უკვე 26 პაციენტი მივიღეთ. ჩვენს კლინიკაში 55 საწოლია განთავსებული, მაგრამ სტაციონარში არის 39 საწოლი, 10 სუნთქვის აპარატი გვაქვს, ჯერ არავის სჭირდება, საბედნიეროდ.

________

ფოტოზე: ინგა ხოზრევანიძე. ფოტო: ტვ იმედი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: