მთავარი,სიახლეები

ბათუმში გავაფრთხილეთ 600 და დავაჯარიმეთ 15 ბიზნესობიექტი – შრომის ინსპექცია

13.09.2020 • 1418
ბათუმში გავაფრთხილეთ 600 და დავაჯარიმეთ 15 ბიზნესობიექტი – შრომის ინსპექცია

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმში კვების ობიექტების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების, ქსელური მარკეტების შემოწმებისას ინსპექციამ ხარვეზები გამოავლინა, რის შედეგადაც გაფრთხილება მიეცა ექვსასი ობიექტის მეპატრონეს, ხოლო დაჯარიმდა 15. ასევე გააფრთხილეს 300 მძღოლი.

„ქსელური მარკეტების მიმართ მოგვიხდა საჯარიმო სანქციების გამოყენება, დაფიქსირდა ასევე სოციალური ღონისძიებები, რის გამოც შვიდ შემთხვევაში იურიდიულ პირს დაეკისრა ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით, ფიზიკურ პირს კი – 2000 ლარის ოდენობით. ეს არის სარიტუალო ღონისძიებები – როგორიც არის ქორწილი, ქელეხი, იუბილე და მსგავსი ღონისძიებები“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექციის უფროსის ინფორმაციით, სურსათის სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სხვადასხვა საზედამხედველო უწყებამ ბოლო დღეების განმავლობაში 1000-მდე ბიზნესსუბიექტი შეამოწმა, გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები და გაფრთხილებები.

ბექა ფერაძე დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის რეგიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი საზედამხედველო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აჭარის რეგიონში არსებულ ვითარებასა და რეგულაციების კონტროლის გამკაცრებაზე ისაუბრეს.

ბექა ფერაძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დაცვის მხრივ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მონიტორინგი გაგრძელდება.

___

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბათუმში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: