მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ხშირად ეჯახებით ნივთებს? – რაზე მიანიშნებს წონასწორობის დარღვევა

11.09.2020 • 2957
ხშირად ეჯახებით ნივთებს? – რაზე მიანიშნებს წონასწორობის დარღვევა

შინ გადაადგილებისას გამუდმებით რაღაცას ეჯახებით და ამის გამო თავი მოუქნელი გგონიათ? შესაძლოა ეს მოუქნელობა კოორდინაციის დარღვევის ბრალია, რასაც ნევროლოგთან კონსულტაცია სჭირდება. ნევროპათოლოგი შორენა ვაშაძე ამბობს, რომ წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა სხვადასხვა ორგანული პათოლოგიის სიმპტომი შეიძლება იყოს.

  • ქალბატონო შორენა, რა სიმპტომები მიანიშნებს იმაზე, რომ არა უბრალოდ მოუქნელობასთან, არამედ რაიმე პათოლოგიასთან გვაქვს საქმე?

კოორდინაციის და წონასწორობის დარღვევა, რომელსაც მოჰყვება ხოლმე დაცემა, ტრავმები, ღებინების შეგრძნება, ხმაური ყურებში, უნებლიე ცახცახი კიდურებში, დიზართრია ანუ მეტყველების გაძნელება, ნათხემის დაზიანების მანიშნებელია, რადგან სწორედ ნათხემი გახლავთ კოორდინაციის ყველაზე დიდი მაკონტროლირებელი. შესაძლებელია ეს ნიშნები დაკავშირებული  იყოს ნათხემის პათოლოგიებთან, შუა ყურის ანუ ვესტიბულური აპარატის დაზიანებასთან;  შესაძლოა ეს იყოს ცერებრული კოორდინაციის დარღვევა, ან დაკავშირებული იყოს მეტაბოლურ დარღვევებთანაც, მაგალითად შაქრიან დიაბეტთან. გააჩნია რა სიმპტომებია, როგორ,  რა სიხშირით და რა თანმიმდევრობით ვლინდება.

როცა ეს სიმპტომები გრძელდება ერთ დღეზე მეტ ხანს, მდგომარეობა აუცილებლად შესასწავლია და ადამიანმა უნდა მიმართოს ნევროლოგს.

  • არიან თუ არა რომელიმე ასაკის ადამიანები რისკჯგუფში?

არ არის ისე, რომ წონასწორობის დარღვევა აუცილებლად ხანდაზმულს უნდა დაემართოს და არა – ახალგაზრდას. თუ ეს ნიშნები ახალგაზრდა ასაკში განვითარდა, აუცილებლად გამოსარიცხია საკმაოდ მძიმე და რთული დაავადებები, იშემიური პათოლოგიები, ნეიროპათიები…  ასე რომ დაავადებულთა ასაკობრივი ზღვარი საკმაოდ ფართოა.

  • შეიძლება თუ არა ასეთი გამოვლინებები უკავშირდებოდეს ნევროზს?

რასაკვირველია შეიძლება. ნევროზი არის საკმაოდ მძიმე დაავადება და შეიძლება სხვადასხვა სიმპტომის წარმოჩინებით გამოვლინდეს. ნევროზის შემთხვევაში სხვა სიმპტომებიც შესამჩნევია, თუმცა შესაძლოა მსგავსი გამოვლინებებიც დაფიქსირდეს.

  • როგორია მკურნალობა?

როცა გამოირიცხება სხვა სერიოზული პათოლოგიები, შესაძლოა არ იყოს მკურნალობა საჭირო და ისწავლოთ როგორ აირიდოთ თავიდან შეტევა, მოერიდოთ მაპროვოცირებელ ქცევას.

მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ საქანელაზე დაჯდომას, ტრიალს… ეს ვესტიბულური თავბრუხვევებია და შეიძლება იყოს ვერტიგო. ამ დროს გარკვეულმა რითმულმა მოძრაობებმა შეიძლება გამოიწვიოს თევბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა, ანუ არსებობს მაპროვოცირებელი ქცევები, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია. ასევე, მაგალითად, არ უნდა მოგხვდეთ ცხელი და ცივი წყლის წვეთი შუა ყურში, რომლის შემდეგაც იწყება წონასწორობის დარღვევები და თავბრუხვევა, მაგრამ თუ ასეთი სიმპტომები მოულოდნელად დაეწყო ადამიანს, ძალიან საყურადღებოა, შესაძლოა მიანიშნებდეს გარკვეული ორგანოს სერიოზულ დაზიანებაზე და აუცილებლად გამოსაკვლევია თუ რა დაზიანებაა ეს.

გადაბეჭდვის წესი