ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

უწყლო სოფელი ხულოში – როგორ მოაგვარა არასამთავრობომ წლობით გადაუჭრელი პრობლემა

12.09.2020 • 2064
უწყლო სოფელი ხულოში – როგორ მოაგვარა არასამთავრობომ წლობით გადაუჭრელი პრობლემა

შუახევში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან სხალთის ისტორიული ხეობისკენ რომ გადაუხვევთ, დაახლოებით 17 კილომეტრში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი მახალაკურია. ხეობის ცენტრალურ სამანქანე გზასა და სოფელს ერთმანეთისგან მდინარე სხალთის ღრმა ხეობა ჰყოფს. ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ამ სოფელში, ადგილობრივების თქმით, 105 კომლია, თუმცა, ძირითადად, დღეს 75 ოჯახი ცხოვრობს. თანაც, მათი უმეტესობა აქ მხოლოდ ზაფხულობით ამოდის.

სოფელი მახალაკური, ხულო /6.09.2020

მახალაკურში არის უბანი, სადაც 14 ისეთი ოჯახია, ვინც სოფელს ზამთარშიც არ ტოვებს. ამ მაღალმთიან დასახლებაში არაერთი პრობლემაა, თუმცა, აქ მუდმივად მცხოვრები ოჯახები მთავარ პრობლემად მაინც წყალს ასახელებენ.

ეთერ მიქელაძე

„ზაფხულში სოფელში მეტ-ნაკლებად წყალი ყველგან მოდის, მაგრამ ზამთარში, როცა წყალი წყდება, 2 კილომეტრიდან გვიწევს მოტანა. განსაკუთრებით იანვარ-თებერვალში სოფელში დიდი თოვლია. კაცები თხილამურებს იცვამენ და გზას კვალავენ, ქალები გავალთ და წყალს გამოვიტანთ…

ხშირად კაცები არ არიან სახლში და ამხელა გზაზე გასვლა-გამოსვლა გინდა… ხუთლიტრიანი „ბაჩონკებით“ კიდევ, რამდენი წყალი უნდა მოზიდო – სასმელად, სარეცხისთვის, საჭმლისთვის, საქონელს რომ დაალევინო – ამიტომ ხშირად თოვლს ვადნობთ და იმ წყალს ვიყენებთ.

სხვა არაფრიდან ასე არ გვიჭირს – შეშას ვიმარაგებთ, თივასაც, წყალია პრობლემა. ამ წყლის საკითხიც თუ მოგვარდება, ზამთარში ნაკლები პრობლემა გვექნება“, – ამბობს მახალაკურში მცხოვრები ეთერ მიქელაძე.

სოფელი მახალაკური, ხულო / არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით აქ წყლის სისტემა მოეწყობა / 6.09.2020

სოფელში დაწყებულია წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც 14 ოჯახს პრობლემას სრულად მოუხსნის. 3-კილომეტრი სიგრძის მილი სოფლისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ შეიძინა. სპეციალური ტექნიკა კი სოფელში მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით [ტენდერის საფუძველზე] მუშაობს. წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებში მოსახლეობაცაა ჩართული.

სოფელ მახალაკურში წყლის პრობლემა ზამთარში აქვთ, როცა წყალი საერთოდ არ მოდის / 6.09.2020

ლევან შაინიძე

„სოფელში 3 კილომეტრიდან მოგვყავს წყალი. სისტემა კაპიტალურად ეწყობა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეგვიძინეს წყლის მილი, მუნიციპალიტეტმა ტენდერით ტრაქტორი გამოყო ამ საქმისთვის. აქ ხელით თხრილის გაჭრა, შეუძლებელი იყო. ტრაქტორი თხრის არხს და შემდეგ მილების ჩალაგებაში სოფელიც დავეხმარებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით წყლის სათავე ნაგებობაზე მოეწყობა ერთტონიანი რკინის ავზი. მილები ამ თხრილში დაცული იქნება და 14 ოჯახს, ვინც აქ მუდმივად ვცხოვრობთ, წყლის პრობლემას მოგვიხსნის.

წყალი სათავეზე იმდენია, რომ ზამთარ-ზაფხულ საკმარისი იქნება სასმელად, სარწყავად და ახალი სისტემის მოწყობით ისეთი წნევა ექნება, რომ სარეცხი მანქანაც იმუშავებს.

ძველი მილები, რითაც წყალი გვაქვს გამოყვანილი, მიწაში არ არის სათანადოდ ჩაფლული და ყოველ წელს ზიანდება, ხშირად წყდება კიდეც – ზამთარში შეუძლებელია შეკეთება, წყალიც ნაკლებია და არ მოდის იმ რაოდენობით, რაც საკმარისი იქნებოდა მოსახლეობისთვის“, – ამბობს სოფლის მკვიდრი ლევან შაინიძე.

ლევან შაინიძე იმ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია მახალაკურში, რომელიც სოფელში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. სწორედ ამ ჯგუფმა იმუშავა აქ იმ პრობლემების გამოსავლენად, რომლის მოგვარებაც მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და მუნიციპალიტეტის ჩართულობით, პრიორიტეტული იქნებოდა სოფლისთვის. ასეთად პირველ რიგში წყლის პრობლემის მოგვარება დასახელდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეძენილი და სოფელ მახალაკურში დასაწყობებული წყლის მილები / 6.09.2020

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ წყლის მილები შეიძინა პროექტის ფარგლებში – „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“. ორგანიზაციას ეს პროექტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] დაუფინანსა.

საიამ კი, ფინანსები მოიძია პროექტის  – „ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში, რომლის დონორია გერმანული ფონდი – „პური მსოფლიოსთვის პროტესტანტული განვითარების სამსახური“ (BFDW).

სოფელში წყლის სისტემის სათავეზე მოსაწყობი ავზის პროექტს განიხილავენ / 6.09.2020

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი, ასლან ჭანიძე ამბობს, რომ მახალაკურში მოსახლეობას წყლის გამანაწილებლის მოწყობაშიც დაეხმარებიან. შეუძენენ შესაბამის მასალებს, სამუშაოებს კი, ადგილობრივები შეასრულებენ.

„ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, მოსახლეობისა და თვითმმართველობის ჩართულობით“, – ამბობს ასლან ჭანიძე

მახალაკური / სოფელში წყალი ამ მთებიდან, 3 კილომეტრი მანძილიდან მოჰყავთ / 6.09.2020

ნოდარ სურმანიძე

მახალაკურში მცხოვრები 76 წლის ნოდარ სურმანიძე გვიხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია წყლის პრობლემის მოგვარება ადგილობრივებისთვის, თუმცა, სხვა პრობლემებზეც საუბრობს.

„ჩვენ ყველას მადლობელი ვიქნებით, ვინც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება. ჩაყარე თოვლი ქვაბში, გაადნე, გადმოასხი – ასე ვწვალობთ წლებია ზამთარში… ეს შლანგი კაია, რაც კეთდება, მაგრამ ახლა სილაც გვინდა, რომ მილი დავფაროთ თხრილში. შლანგს რომ ის ქვები დავაყაროთ, დაზიანდება, ამიტომ გვინდა ჯერ სილა დავაყაროთ… იმედია მერია ამაშიც დაგვეხმარება.

სხვა პრობლემებიცაა სოფელში, მაგალითად, პუნქტი არის, ექიმი არაა. არაა არც ექთანი. ექიმი ბათუმიდან დადის და ოთხი სამსახური აქვს, კვირაში თუ თვეში ერთხელ, როდის მოდის და მიდის ვერ ვგებულობ, რომ წამალი გამოვაწერინო…

პენსიას მაძლევს სახელმწიფო და წამალს, საჭმელს რაღაცას ვყიდულობ, მაგრამ ბადიშებმა რა ქნან – სამუშაო არ არის, შემოსავალი არაა… ამ მთავრობამ უნდა აამუშაოს ეს ახალგაზრდობა, რომ იცხოვრონ სოფელში. ახალგაზრდებისთვის ფეხბურთის სტადიონი მაინც რომ იყოს, წაითამაშონ… არაფერია და არიან მოწყენილი. ზამთარში იხრჩობიან თოვლში და ამიტომაა ყველა გარბის ბათუმში“, – ამბობს ნოდარ სურმანიძე.

მახალაკურის სოფლის გზა [მარჯვნივ] და მდინარე სხალთის ხეობის გაღმა [მარცხნივ], ამავე ხეობის ცენტრალური საავტომობილო გზა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს/ 6.09,2020

მანუჩარ აბაშიძე

„ახლა წყალს რომ გავიყვანთ, ეს გზაც სასწრაფოდ იქნება მოსაწესრიგებელი“, – ამბობს მანუჩარ აბაშიძე. – „ამ გზას სოფელი სარგებლობს შეშის გამოსატანად. მაისის თვიდან ვიმარაგებთ შეშას, თუმცა, ამ გზაზე, რომელიც 3 კილომეტრია და მგონი სატყეოს ეკუთვნის, ჩამონაშალი მიწა იყო ბევრ ადგილზე, სამხიდიანი მანქანებიც ვერ გადაადგილდებოდა, ამიტომ ვერ მოვიმარაგეთ შეშა. სექტემბერია. ოქტომბრის ბოლოს აქ იწყება ზამთარი. სოფელში კი შეშა ჯერ არავის აქვს.“

სოფელში შემოსავლის ძირითადი წყარო, როგორც მანუჩარ აბაშიძე ამბობს, მესაქონლეობაა, „მოგვყავს სიმინდიც, კარტოფილი, ლობიო, რასაც ვყიდით… მოსახლეობა ზაფხულობით 2550 მეტრ სიმაღლეზე მდებარე იალაღებზე გადის, რომელიც 7 კილომეტრითაა სოფლიდან დაცილებული. მთის გზაც მოსაწესრიგებელია – მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა ვერ ადის. სათიბიც მოშორებით გვაქვს და გზა იქაც პრობლემაა. რთული და მოსაწესრიგებელი გზებია. მერია გვეხმარება, რა თქმა უნდა – ერთ დღეს გაწმენდენ, მაგრამ მეორე დღეს შეიძლება იგივე პრობლემა დარჩეს, მთელ მუნიციპალიტეტში ანალოგიური პრობლემაა.“

მანუჩარ აბაშიძე კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას – სოფელში, სათიბ მინდვრებზე მეწყრული პროცესებია ხშირად: „გეოლოგები იყვნენ და დასკვნაც კი ვერ დაწერეს ვერაფერი – იცხოვრება, არ იცხოვრება. ამ კუთხითაც საჭიროა, რომ სპეციალისტებმა შეისწავლონ აქაურობა“.

სოფელი მახალაკური. ხულო. მზადება ზამთრისთვის / სათიბიდან ბალახი სოფელში ხარებით გადააქვთ / 6.09.2020

გზა სოფელ მახალაკურში, რომელიც ტყეში იმ ადგილამდე მიდის, სადაც მოსახლეობა შეშას ამზადებს / გზა სარეაბილიტაციოა . ამ გზაზე გაივლის პროექტის ფარგლებში შეძენილი წყლის მილებიც/ 6.09.2020

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან შაინიძე ამბობს, რომ ჯგუფში სულ 6 წევრია და სოფლის პრობლემებზე და პრიორიტეტების გამოკვეთაზე მუშაობას გააგრძელებენ. მათ მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაციებიც უცხადებენ.

„ჩვენ, ჩართულები ვიქნებით საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებაში სხვადასხვა კუთხით – ეს იქნება ადგილობრივ დონეზე პრობლემების გამოკვეთა, ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობასთან, თუ სხვა. ვეცდებით, რომ ყველა ეს მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მათ წინაშე იქნება, ადვოკატირების გზით დავაყენოთ თვითმმართველობაში და ასევე ჩვენი პროექტის ფარგლებში უზრუნველვყოთ შემდგომი გაგრძელება ამ აქტივობების, რათა მოსახლეობა გააქტიურდეს. მნიშვნელოვანია მათი ჩართულობით გადაწყდეს სწორედ ის პრობლემები, რომლებიც მათ წლებია აწუხებთ“, – ამბობს ირმა პავლიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადმინისტრაციული დირექტორი.

„ხეობაში ბევრია ძველი ეკლესია, ციხე, მაგრამ ჩვენს სოფელში ტურისტები არ მოდიან. ერთი ძველისძველი ნაეკლესიარია სოფლის ცენტრში… ადრე მოვიდნენ თხარეს [მაშინ გავიგეთ ჩვენც, რომ იქ თურმე ადრე ეკლესია ყოფილა], რაც ნახეს, მგონი წაიღეს და ვითომ უნდა აეშენებინათ, მაგრამ არავინ გამოჩენილა. რამე შენობა რომ იყოს, ტურისტები რომ მოვიდოდეს, არ ვიცი, ამ კუთხით თუ შეიძლება რამე გაკეთდეს… გზაც ახლა კეთდება სოფელში მოსასვლელი“, – გვეუბნება ნოდარ სურმანიძე.

მთავარი საავტომობილო გზა სხალთის ხეობაში, რომლის რეაბილიტაციაც დაწყებულია / 6.09.2020

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სხალთის ხეობაში / 6.09.2020

სხალთის ხეობაში, ხიხაძირის მიმართულებით, გზა ნაწილობრივ კაპიტალურადაა გაკეთებული, თუმცა არის რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც რეაბილიტაცია ახლა მიმდინარეობს. ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჰქონდა გამოცხადებული. ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ტენდერის ფარგლებში, ზამლეთი-ხიხაძირის 7 კილომეტრი სიგრძის გზა უნდა გაკეთდეს. პროექტი 18 თვიანია და სამუშაოები აგვისტოში დაიწყო.

„სამუშაოებისთვის განსაზღვრულ პერიოდში ორი ზამთარი გვიწევს. აქ კი შესაძლოა დიდი ზამთარი დარჩეს, რის გამოც შეწყდება სამუშაოები და შემდეგ გაგრძელდება. შესაბამისად, სამუშაოების ვადაც გადაიწევს ალბათ“, – გვითხრეს ზედამხედველ კომპანიაში.

მდინარე სხალთის ხეობა / 6.09.2020

სხალთის ეკლესია

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: