Batumelebi | ინგლისურად ვისწავლი – რატომ აირჩია სტუდენტმა ხულოდან ქუთაისის უნივერსიტეტი ინგლისურად ვისწავლი – რატომ აირჩია სტუდენტმა ხულოდან ქუთაისის უნივერსიტეტი – Batumelebi
RU | GE  

ინგლისურად ვისწავლი – რატომ აირჩია სტუდენტმა ხულოდან ქუთაისის უნივერსიტეტი

ნათია სოლომონიძე პირველი სტუდენტია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხა ხულოდან. ის სოფელ დიაკონიძეებში, მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობს. ქუთაისის უნივერსიტეტი სხვა ქართული უნივერსიტეტებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ სწავლება მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება.

ნათიას სოფელში, დიაკონიძეებში სკოლა მხოლოდ საბაზო – 9 კლასია, ამიტომ ის საჯარო სკოლის დასასრულებლად დაბის სკოლაში გადავიდა. ყოველდღიურად 3 კილომეტრის გავლა უწევდა სკოლაში და პირიქით. ამბობს, რომ 2.5 წელი სკოლის ავტობუსით დადიოდა. პანდემიამდე ცოტა ხანი კი ბაბუამ ატარა მანქანით. რეპეტიტორებთანაც მას დაჰყავდა.

„მათემატიკა ძალიან მიყვარს. ერთხანს ვფიქრობდი, რომ სამედიცინო მესწავლა, მაგრამ საბოლოდ მათემატიკური მიმართულება ავირჩიე. უნივერსიტეტში მენეჯმენტს ვისწავლი. ძალიან მიხარია, რომ სტუდენტი გავხდი, ემოციებში ვარ“, – გვეუბნება ნათია.

ქუთაისის უნივერსიტეტის შესახებ მათემატიკის მასწავლებლისგან გაიგო. „მირჩია და მეც დავფიქრდი, რადგან კარგი პერსპექტივა აქვს ამ უნივერსიტეტს, ინფრასტრუქტურაც კარგია და კამპუსიც. მაღალმთიანი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან წამოსულ სტუდენტებზეც შეღავათები აქვთ, ამ მხრივაც კარგი არჩევანი იყო ჩემთვის“, – გვეუბნება ნათია.

ნათიას აზრით, მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის, ზოგადად, ბევრი რესურსია მიუწვდომელი, ამიტომ კარგ სკოლას და მასწავლებელს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ოჯახში 4 ბავშვი ვართ. როცა რეპეტიტორთან ვემზადებოდი, სულ მეფიქრებოდა იმაზე, ჩემს პატარა და-ძმის წილს ხომ არ ვითვისებდი რამეს, მათაც ხომ სჭირდებოდა რაღაც. ამიტომ ვცდილობდი, რომ დაფინანსება მომეპოვებინა, რომ ოჯახსაც შეღავათი ჰქონოდა, რადგან ოჯახში მეორე სტუდენტი ვარ“, – გვეუბნება ნათია.

ნათიას უფროსი და ბათუმში სწავლობს, მესამე კურსელია. მასზე უმცროსი კი შემდეგ წელს იქნება აბიტურიენტი. რეპეტიტორი მასაც დასჭირდებაო – გვითხრა. თავად ნათიას მხოლოდ ცხრა თვე დასჭირდა რეპეტიტორი – ინგლისურში, მათემატიკასა და ქართულში მეცადინეობდა დამატებით. ოჯახი ამისთვის ყოველთვიურად 180 ლარს იხდიდა.

გოგონას თქმით, მათემატიკის და ინგლისურის მასწავლებლებში ძალიან გაუმართლა, რადგან ყოველთვის ცდილობდნენ სახელმძღვანელოს იქეთაც მოეძიებინათ მასალა და მიეწოდებინათ მოსწავლეებისთვის.

„განათლების სისტემის ხარვეზი ის არის, რომ სკოლა არ გვამზადებს ეროვნული გამოცდებისთვის და იძულებული ვართ დამატებით ვიმეცადინოთ მასწავლებლებთან. არც სახელმძღვანელოებია საკმარისი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად“, – ამბობს ის.

რთული იყო პანდემიის პერიოდში სწავლაც, მაგრამ მასწავლებლებთან ურთიერთობას მეილებით ახერხებდა. „დავალებებს ვუგზავნიდი მეილზე და ასე მიმოწმებდნენ“, – ამბობს ნათია.

ნათიას აზრით, სტერეოტიპი, რომ – „მათემატიკა ბიჭების მეცნიერებაა“, დღეს აღარ მუშაობს, რადგან ტექნიკურ და ზუსტ მეცნიერებებში ბევრი გოგოა წარმატებული. „კლასშიც ყველაზე კარგად გოგოები ვსწავლობდით მათემატიკას. მასწავლებელიც მაგულიანებდა. ვფიქრობ, მასწავლებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის წარმატებაში, იმას თუ რამდენად უქმნის მოტივაციას ბავშვს და უჭერს თუ არა მხარს მის ოცნებებში“, – ამბობს ნათია.

დიაკონიძეების სკოლაში ნათიას კლასში 4 მოსწავლე იყო. „სამმა ჩავაბარეთ უნივერსიტეტებშიო“ – გვითხრა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკაში 25 ქულიდან იწყება ბარიერი, ნათიამ 34 ქულა დააგროვა. ინგლისურში კი 66 ქულა აიღო. მოსწონს, რომ გერმანული საგანმანათლებლო პროგრამებით ისწავლის და უცხოელი ლექტორებიც ეყოლება. „რადგან გერმანია პარტნიორი ქვეყანაა, იმედი მაქვს ამ ქვეყანაშიც შევძლებ წასვლას და სწავლის გაგრძელებას.

ბევრი მეუბნებოდა „რა გინდა ქუთაისში“, ყველა შენი მეგობარი ბათუმშია, იქ არავინ გეყოლება ახლობელი, მეგობარი, თუმცა მასწავლებლები მეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელია არაფერია და მიზანს უნდა მივყვე. ასე რომ მასწავლებლების მხარდაჭერამ დიდი როლი ითამაშეს ჩემს არჩევანში“, – ამბობს ნათია.

ნათია ბედნიერია სტუდენტობით და მომავალი პერსპექტივებით. და კიდევ, ფიქრობს ერთ რამეზე, უნდა მომავალში ობოლ, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დაეხმაროს.

„ჩემს ირგვლივ როცა ვხედავდი ასეთ ბავშვებს, სულ მათზე ვფიქრობდი ხოლმე. რადგან უნივერსიტეტში დაფინანსება მოვიპოვე, ვფიქრობ, რაღაც თანხებს მოვუყარო თავი და ასეთი ბავშვებისთვის რაიმე მაინც გავაკეთო“, – ამბობს ნათია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com