ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით, გაიზარდა – სტატისტიკა

11.09.2020 •
აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით, გაიზარდა – სტატისტიკა

2020 წლის პირველ 6 თვეში აჭარაში 73 160 300 აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9 494 700 დოლარით მეტია. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა [საქსტატი] გამოაქვეყნა.

ამავე მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 140 მილიონი აშშ დოლარითაა შემცირებული.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში / წყარო: საქსტატი

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში „მაღალი საინვესტიციო აქტივობით გამოირჩევა მშენებლობის [28.9 მლნ აშშ დოლარი] და ენერგეტიკის [15.5 მლნ აშშ დოლარი] სექტორები. ტრადიციული ქვეყნების გარდა ინვესტიციის დაახლოებით 35% ნიდერლანდები-ავსტრია-შვეიცარიაზე მოდის“.

„მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში მეორე კვარტალის ინვესტიციის უდიდესი ნაწილი სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციისგან ფორმირდება. კერძოდ, მთლიან ინვესტიციებში სააქციო კაპიტალში ინვესტირების წილი 90%, ხოლო რეინვესტირების მაჩვენებელი 7%-ია. 2020 წლის II კვარტლის მონაცემებით, სააქციო კაპიტალი 46,5 მლნ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებლი პირდაპირი ინდიკატორია იმის, რომ აჭარაში ბიზნესი თავისი საქმიანობის გაფართოებას თავისივე ფინანსური რესურსით და კაპიტალით ახორციელებს“, – აცხადებს აჭარის მთავრობა.

„ბათუმელებმა“ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2020 წელს უცხოური ინვესტიციების შესახებ აჭარაში. საქსტატში გვითხრეს, რომ კონკრეტული ინვესტორების/საწარმოების დონეზე ინფორმაცია კონფიდენციალურია, შესაბამისად, მოგვაწოდეს მონაცემები მხოლოდ სექტორების მიხედვით.

წყარო: საქსტატი

ამ ცხრილში „უძრავ ქონებაში“ იგულისხმება ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა; ხოლო „დანარჩენ სექტორებში“ – განათლება, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება, კავშირგაბმულობა და საფინანსო სექტორი.

რას ნიშნავს მონაცემები „-“ ნიშნით ანუ უარყოფითი მაჩვენებელი? – როგორც საქსტატში განმარტეს, „შესაძლოა ინვესტორმა მიიღო ზარალი ან დივიდენდები გასცა, შესაძლოა საწესდებო კაპიტალი შეუმცირდა. ამასთან, ინვესტორის მიერ სესხის აღება აისახება დადებითად, თუმცა, თუ დაფარა სესხი [რაც საწარმოსთვის კარგია], ინვესტიციაში აისახება უარყოფითი ნიშნით. ასევე, უცხოელი დამფუძნებლისგან რომ ქართულმა საწარმომ შეიძინოს წილი, ანუ გამოისყიდოს, ესეც უარყოფითი ნიშნით აისახება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. ინვესტიციებში დადებითად აისახება, როგორც აღვნიშნეთ, სესხი, ასევე საწარმომ მოგება რომ მიიღოს, საწესდებო კაპიტალი გაიზარდოს, ან კონკრეტულ პერიოდში არ გასცეს დივიდენდი, ან ნაკლები გასცეს; ასევე უცხოელმა რომ ჩადოს ინვესტიცია, ეს თავისთავად, დადებითად აისახება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში“.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ რეგიონში „საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, ახალი კორონავირუსის გავრცელების სხვადასხვა ეტაპზე, არაერთი ინიციატივა განხორციელდა. კერძოდ, ინვესტორებს ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, დამატებითი 12-თვიანი საშეღავათო ვადა განესაზღვრათ“.

აღსანიშნავია, რომ 12-თვიანი საშეღავათო ვადა აჭარის მთავრობამ ერთი კვირის წინ, 2020 წლის 4 სექტემბერს დაამტკიცა:

რა შემთხვევაში აპატიებენ ინვესტორს პირგასამტეხლოს აჭარაში – ახალი წესი

 

მთავარი ფოტო: ბათუმი / მანანა ქველიაშვილის ფოტო /2020 წლის იანვარი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: