მთავარი,სიახლეები

„მედალფა“ კოვიდპაციენტების მიღებას იწყებს – მედპერსონალი პირობებს აპროტესტებს

12.09.2020 • 2216
„მედალფა“ კოვიდპაციენტების მიღებას იწყებს – მედპერსონალი პირობებს აპროტესტებს

ბათუმში კლინიკა „მედალფა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებას იწყებს, თუმცა მედპერსონალის პროტესტის ფონზე.

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში „მედალფას“ თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ აპროტესტებენ კოვიდ კლინიკაში იგივე ანაზღაურებით და ადამიანური რესურსებით იმუშაონ, როგორც აქამდე იყო.

ბათუმში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რეგიონში 12 დღეში 288 ინფიცირების შემთხვევაა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს კი მხოლოდ 170 ადგილი აქვს რეანიმაციული განყოფილების საწოლების ჩათვლით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა სხვა კლინიკის ჩართვა კოვიდის სამართავად, „მედალფა“ კი ბათუმში სწორედ ის კლინიკაა, რომელმაც პირველმა დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება რეგიონში და კოვიდის მართვის გამოცდილება აქვს.

„ბათუმელები“ დღეს „მედალფას“ ექიმებსა და ექთნებს ესაუბრა. მათ ვინაობის დასახელება არ სურთ, რადგან მიიჩნევენ, რომ შესაძლოა მენეჯმენტთან პრობლემა შეექმნათ, თუმცა ასახელებენ პროტესტის მიზეზებს.

„ჩვენ არ ვამბობთ უარს პაციენტებზე, ჩვენ გვინდა მოგვცენ შესაბამისი ანაზღაურება, ხელშეკრულებით, ოფიციალურად და დაამატონ პერსონალი. იყო ბევრი დაპირება, რომელიც არ შესრულდა, ამას ვაპროტესტებთ“ – გვითხრა „მედალფას“ თანამშრომელმა. იგი ამბობს, რომ როცა „მედალფამ“ პაციენტების მიღება დაიწყო, მედპერსონალს დიდი შრომა დააწვა, სიტყვიერად მიიღეს პრემიების და ანაზღაურების დაპირება, თუმცა ამაზე არავის უზრუნია.

„ჩვენ ვიმუშავეთ კოვიდზე ორი თვე. არ იყო შესაბამისი ანაზღაურება, არ იყო შესაბამისი რაოდენობის მედპერსონალი, ათობით პაციენტთან იყო ერთი ექთანი და ერთი დამხმარე, ძალიან ცუდ დღეში ვიყავით, ექთნები ასრულებდნენ სანიტრის მოვალეობას. ახლა ისევ გადაერთო კლინიკა კოვიდპაციენტებზე, ჩვენ უარზე ვართ ამაზე პირობების გაუმჯობესების გარეშე და უნდათ სხვა მედპერსონალის მოყვანა“ – გვითხრა „მედალფას“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ერთ-ერთმა ექთანმა ასევე გვითხრა, რომ მათი ანაზღაურება „მედალფაში“, კოვიდზე მუშაობისას, გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე სხვა კლინიკებში და მათ „მადლობაც არ უთხრეს, მიუხედავად თავდაუზოგავი შრომისა“.

მედპერსონალი ასევე ამბობს, რომ კლინიკის მენეჯმენტთან შეხვედრისას იყო მუქარაც, რომ თუ ისინი უარს იტყოდნენ მუშაობაზე, მათი სია გადაეცემოდა ჯანდაცვის სამინისტროს და ისინი ვერ შეძლებდნენ სხვაგან მუშაობას.

„ბათუმელები“ „მედალფას“ დირექტორს, ინგა ხოზრევანიძეს დაუკავშირდა კომენტარისთვის. მან გვითხრა, რომ დღის ბოლოს უპასუხებს შეკითხვებს.

ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ საქართველოში აერთიანებს ოთხ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ორ პოლიკლინიკას: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის, მახინჯაურის  და  ბათუმის – ბონის კლინიკებს. „მედალფას“ დამფუძნებელი „ავერსი ფარმაა“, რომლის წილის მფლობელებიც პაატა და ნიკოლოზ კურტანიძეები არიან.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება ბათუმის ინფექციურმა საავადმყოფომაც განაახლა. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ცნობით, ინფექციურში 39 საწოლია.

კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოჰყვა მედპერსონალის პროტესტი. ექიმები და ექთნები მაღალი რისკის ქვეშ არასათანადო მუშაობის პირობებს აპროტესტებდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: