აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხი უმუშევრად დარჩენილებს, რომლებიც მეორე დღეა შიმშილობენ

„ვწუხვარ და ყოველდღე, როცა შემოვდივარ, მართლა ძალიან მაწუხებს. ეს ახალგაზრდები აგრძელებენ სხვადასხვა ფორმით პროტესტის გამოხატვას,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე.

აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების საპროტესტო აქცია. მეორე დღეა შიმშილობ 8 ადამიანი.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ამ დღეებში ჯამში 954 უმუშევრად დარჩენილი ადამიანის განაცხადი შევიდა აჭარის მთავრობაში.

„ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკს და იმ მანდატის ფარგლებში, რაც აქვს აჭარის მთავრობას, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. იცით, რომ ეს არის იმდენად დიდი სისტემური პრობლემა, რომ ვერ წყდება ერთ დღეში, ორ დღეში და ასე შემდეგ,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია გასულ კვირას, 6 ოქტომბერს დაიწყეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად კვირის ბოლომდე შეისწავლიდნენ.

„პარტიაში იყო გარჩევა“ – თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ნუ სთხოვთ ახლა ამ კონტექსტში თვითმმართველობის საქმეებში ჩარევას“, – აღნიშნა დღეს, 17 ოქტომბერს, ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მას ჟურნალისტებმა ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის გინების ფაქტზე ჰკითხეს. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ  ეს საკითხი „პარტიის შიგნით გაარჩიეს“.

„როცა წინა შემთხვევებში თვითმმართველობებში ყოფილა კონკრეტული გადაადგილებები, ბრალს მდებდით თვითმმართველობის საქმეებში ჩარევაში, ახლა, როცა თქვენს კოლეგას ეხება და სამწუხარო და ამაზრზენია, როცა ჟურნალისტის მიმართ ხორციელდება ესეთი მიმართვა, ახლა მთხოვთ, რომ თვითმმართველობაში პირდაპირ ჩავერიო. მე პირდაპირ ვთქვი და განვაცხადე, რომ ამ კონკრეტული თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა, შეეშალა ბევრი მიმართულებით და ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, როგორც გუნდის შიგნით, ასევე სხვა მიმართულებებით მიდის მსჯელობა. როცა შინაარსობრივად იქნება დასკვნები გაკეთებული, რა თქმა უნდა, ყველას უნდა ეყოს იმის პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება… პირდაპირ გეუბნებით, რომ პარტიის შიგნით, გუნდის შიგნით ყოფილა ამაზე გარჩევა მათ შორის და მომავალშიც იქნება ეს,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს ხელვაჩაურის მერის ფეშენებულური სახლის შესახებ, რომელსაც ის უკანონოდ აშენებს.

„იქ თუ არის ნებართვის პრობლემა, ან თუ საერთოდ უნებართვოა, მერწმუნეთ, რომ შესაბამის თვითმმართველობა და ადმინისტრაციული ორგანო გაატარებს უმკაცრეს ზომებს მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მერი, მინისტრი თუ მთავრობის თავმჯდომარე,“ – დასძინა თორნიკე რიჟვაძემ.

საუბარია Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე“ გამოყენებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ისმის ჟურნალისტის მისამართით ხელვაჩაურის მერის გინება.

ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო, შენიშვნის შემდეგ კი, რომ მას, როგორც არჩეულ მერს და უმაღლესი სასწავლებლის ლექტორს, არ აქვს უფლება მოქალაქეებს და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და გინებაზე გადავიდა.

„ვემიჯნებით თავდასხმას“ – პარლამენტის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე

„რა თქმა უნდა,  ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას, შეურაცხყოფას მედიის წარმომადგენლების, ეს ჩვენთვის ყოველთვის იყო მიუღებელი და მომავალშიც იქნება მიუღებელი. მე იმედი მაქვს, მას ექნება საშუალება ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია და რეაქცია დააფიქსიროს, იმიტომ, რომ ის გახლავთ საჯარო მოხელე, პოლიტიკოსი და ამის საშუალება უნდა მისცეთ,“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრმა „აჭარის ტელევიზიასთან“. პარლამენტის თავმჯდომარეს ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის გინების ფაქტის შეფასება სთხოვეს.

საუბარია Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე“ გამოყენებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ისმის ჟურნალისტის მისამართით ხელვაჩაურის მერის გინება.

ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო, შენიშვნის შემდეგ კი, რომ მას, როგორც არჩეულ მერს და უმაღლესი სასწავლებლის ლექტორს, არ აქვს უფლება მოქალაქეებს და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და გინებაზე გადავიდა.

შემთხვევას გამოეხმაურა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, სადაც მიიჩნევენ, რომ ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო პასუხი უნდა აგოს.

ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში – ასე შეაფასა ჯუმბერ ვარდმანიძის გინება 14 ოქტომბერს თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ხულოს სოფელ ბეღლეთში მდებარე ხიდს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში მდებარე ხიდს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2020 წლის 12 ოქტომბერს მოაწერა.

ბრძანება, რომლითაც ძეგლის სტატუსი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე კიდევ 11 ობიექტს [მათ შორის ბორჯომის რკინიგზის სადგურს] მიენიჭა, 16 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში.

ბეღლეთის ხიდის აგების თარიღად ბრძანების დანართში XII საუკუნეა მითითებული.

ისტორიკოსი შოთა მამულაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ბეღლეთის და სხვა თაღოვანი ხიდები აჭარაში, გაცილებით ადრე, IX-X საუკუნეებშია აგებული.

„ამას ადასტურებს, როგორც ქართული, ასევე უცხოური წერილობითი წყაროები. ეს თაღოვანი ხიდები IX-X საუკუნეებში ძირითადად შენდება სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე, როცა ისტორიული არტანუჯი გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ახლო აღმოსავლეთში. ბიზანტიის იმპერატორიც კი აღნიშნავდა, რომ არტანუჯი არის დიდი ქალაქი, სადაც გზები მოდის სირიიდან, არმენიიდან, იბერიიდან, აფხაზეთიდან და აქვს უზარმაზარი შემოსავლები… რომ დავაკვირდეთ, ეს ხიდები აგებულია სწორედ იმ გზებზე, რომლებიც მიდის არტანუჯისკენ. მათ შორის აჭარაში 35-მდე ასეთი ხიდია ფიქსირებული. აქედან 13-მდე ხიდია მოღწეული დღემდე, ერთ-ერთია სწორედ ბეღლეთის ხიდი. ამ ხიდების მშენებლობა უკავშირდება სწორედ IX-X საუკუნეებს და ამ პერიოდში არტანუჯი წარმოადგენდა სამხრეთ დასავლეთ საქართველოს, მათ შორის აჭარის პოლიტიკურ ცენტრსაც“ – ამბობს შოთა მამულაძე.

მისივე თქმით, ბეღლეთის ხიდზე გაჩნდა თანამედროვე ელემენტებიც, თუმცა, ისტორიული ძველი ხიდი მაინც კარგად არის შემონახული. ხიდი სოფლის გზაზე მდებარეობს და ის დღესაც მოქმედია.

ბეღლეთი ხულოდან 13 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1120 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ამავე სოფელშია ბეღლეთის ჯამე, რომელსაც 2006 წლიდან ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.

თაღოვანი ხიდი სოფელ ბეღლეთში / ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

მერია ტენდერში ერთ კომპანიას ამარჯვებინებს, გარანტიას კი სხვა კომპანიას სთხოვს

ბათუმის მერიის ა[ა]იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ლერმონტოვის ქუჩა N96-ის მიმდებარედ სკვერის და იქვე საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობას გეგმავს, რაზედაც ტენდერი 806 684 ლარით აქვს გამოცხადებული.

სამმართველოს სატენდერო კომისიამ, 2020 წლის 13 ოქტომბრის ოქმის მიხედვით, ერთ-ერთი პრეტენდენტი, შპს „მონოლითი-2005“ ხელშეკრულების დასადებად მიიწვია, თუმცა, ამავე ოქმით, საბანკო გარანტიის წარმოდგენა სულ სხვა კომპანიას – შპს „იბერია ჯ“-ს მოსთხოვა.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის 2020 წლის 13 ოქტომბრის ოქმიდან [N78-5]
„ბათუმელები“ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა.

„იბერია ჯ“ საერთოდ არ მონაწილეობდა ტენდერში, ეს არის მექანიკური შეცდომა და გამარჯვებული კომპანია არის „მონოლითი-2005“ – გვითხრეს სამმართველოს პრესსამსახურში.

ამ ოქმს კი, რომელიც შესყიდვების გვერდზეა ატვირთული, სატენდერო კომისიის 8 წევრი აწერს ხელს.

კიდევ ერთი „მექანიკური შეცდომაა“ ტენდერის ტექნიკურ დავალებაში. პრეტენდენტს ამ დავალებით არა მარტო ლერმონტოვის ქუჩა N96-ის მიმდებარედ სკვერის  და საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობას სთხოვენ, არამედ „თამარ მეფის გამზირზე არსებული სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებსაც“.

ამონარიდი ტენდერიდან

„ბათუმელებს“ სამმართველოში უთხრეს, რომ აღნიშნული ტენდერი თამარ მეფის გამზირზე სკვერის კეთილმოწყობას არ ითვალისწინებს.

აღნიშნული ტენდერის გამო, სამმართველოს დავების საბჭოშიც უჩივლეს. შპს „გია კონსტრაქშენ“ სატენდერო კომისიის იმ ოქმის გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც მას დისკვალიფიკაცია მისცეს.

„გაცნობებთ, რომ არ ვეთანხმებით სატენდერო კომისიის სხდომის გადაწყვეტილებას, რადგან პირველ რიგში არასწორად არის დაანგარიშებული გამოცდილების ჯამური თანხა ჩვენს მიერ ატვირთული გამოცდილების ცხრილის მიხედვით, ამასთანავე გამოცდილებაში არ ჩაგვითვალა ერთ-ერთ კომპანიასთან შესრულებული სამუშაო…“ – აღნიშნულია საჩივარში.

შესყიდვების დავების საბჭომ „გია კონსტრაქშენის“ საჩივარი იმ მიზეზით არ მიიჩნია დასაშვებად, რომ გასაჩივრების ვადა, საჩივრის მიღების წინა დღით იყო ამოწურული. შესაბამისად, გაურკვეველია, სატენდერო კომისიამ კანონის დაცვით საგულდაგულოდ შეისწავლა პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები თუ უბრალოდ, „მექანიკურად“ გადახედეს.

„გაცნობებთ, რომ საჩივრის დაუშვებლად ცნობის გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში“ – მიწერეს დავების საბჭოს აპარატიდან „გია კონსტრაქშენს“ 15 ოქტომბერს.

„გია კონსტრაქშენი“ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სამუშაოების შესრულებას 722 222 ლარად სთავაზობდა. მისი დისკვალიფიკაციის შემდეგ ხელშეკრულების გასაფორმებლად მიწვეული „მონოლითი-2005“ კი, იგივე სამუშაოებს სამმართველოს 15 555 ლარით ძვირად – 737 777 ლარად სთავაზობს.

 

მთავარი ფოტო: სკვერის ვიზუალი ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ / ფოტო ტენდერიდან

„ადგილი აღარ გვაქვს საწოლების ჩასადგმელად“ – ინტერვიუ რესპუბლიკურის დირექტორთან

„ახლა სისტემა მიჩვენებს, რომ საწოლების რაოდენობა არის ნული, არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის,“ – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ, ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორია. სოლომონ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა სამუშაო გარემოს, თუმცა ამბობს, რომ სრული დატვირთვით ჯერ კიდევ არ მუშაობს და დრო სჭირდება რეაბილიტაციისთვის. სოლომონ ფუტკარაძე კორონავირუსით იყო ინფიცირებული და თავად მკურნალობდა რესპუბლიკურში.

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეალობაზე სოლომონ ფუტკარაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

  • ბატონო სოლომონ, რამდენი საწოლი დაამატეთ ბოლო დღეებში და გაქვთ თუ არა სივრცე, რომ უფრო მეტი პაციენტის მიღება შეძლოთ? 

ჩვენი კლინიკა არის გათვლილი 170 პაციენტზე და ამჟამად გვაქვს 212 საწოლი, ბოლო დღეებში დავამატეთ ეს საწოლები. მეტი სივრცე აღარ გვაქვს, უფრო ზუსტად სივრცე გვაქვს, მაგრამ იქ არ არის სველი წერტილები და ვერ დააკმაყოფილებს ნორმალური სერვისის პირობებს. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ მასობრივი ეპიდემია წავიდა, ყველაფერი შეიძლება, შესაძლებელია საოპერაციოები ჩვეულებრივ პალატებად გადაკეთდეს, რამდენიმე საწოლით გავზარდოთ.

  • რესპუბლიკურში მყოფი პაციენტები გვწერენ, რომ ბევრგან დაზიანებულია წყლის მილები და სველი წერტილებში ანტისანიტარიაა. 

ყოველდღე ხდება შემოვლა სამეურნეო ნაწილის მხრიდან და ასეთი ინფორმაცია არ შემოსულა ჩვენთან. შესაძლებელია, სადღაც ერთ პალატაში რაღაც მოხდა და ტექნიკურმა სამსახურმა გამოცვალა, ასეთი ამბავი ხვალაც შესაძლოა მოხდეს, ზეგაც და ოჯახშიც, ახალი საავადმყოფოა. ასეთ წვრილმან დეტალებზე თუ ვინმე გაამახვილებს ყურადღებას. არ ვიცი, მაქსიმალურად ჩართულია ტექნიკური სამსახური. ამას არ აქვს სისტემატური ხასიათი.

  • პაციენტების ნაწილი ამბობს, რომ მედპერსონალი აგვიანებს მათთან მისვლას და შესაბამის მომსახურებას. 

როცა პაციენტი თავსდება საავადმყოფოში, ვიდრე ანალიზები არ გაკეთდება, ხდება ლოდინი, ჯერ ექიმი ნახულობს და აფასებს მდგომარეობას. პაციენტების უმრავლესობას უნდა, რომ რადგან მოთავსდა პალატაში, ექიმი და ექთანი მიუჯდეს გვერდით, ეს ასე არ ხდება. ჯერ ერთი, პაციენტი თვითონ ინფიცირებულია და არ შეიძლება ყველა წუთში სიარული. გამოკვლევების და პროტოკოლის მიხედვით, დანიშნულების მიცემა ხდება და, შესაბამისად, ექთანი შედის და უკეთებს ინექციას, ასევე სანიტარი სხვადასხვა დროს ალაგებს პალატას და, შესაბამისად, ექიმთა გუნდი დღეში ორჯერ ატარებს შემოვლას, პაციენტებთან გასაუბრებაც ხდება, ექთანი შედის და რამდენჯერმე მანიპულაცია ხდება. სამედიცინო პერსონალს აქვს საკმარისი კონტაქტი.

  • სამედიცინო პერსონალის დეფიციტი არ გაქვთ? 

20 ექიმიც რომ დავიმატოთ, მაინც არ შევა პალატაში იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. რაღაც დეფიციტი გვექმნება პერიოდულად, როცა რამდენიმე [ექიმი] დაინფიცირდა, მაგრამ ახლა თბილსიდანაც ჩამოვიდნენ ექიმები, რამდენიმე სპეციალისტი… ასევე არსებობს გუნდი, რომელიც ზრუნავს მედპერსონალის გაძლიერებაზე და ვნახოთ.

  • პაციენტების აღწერით საუბარია კონკრეტული საჭიროების დროს ექიმის არარსებობაზე, როცა ექიმის დახმარებაა მთავარი. 

ახლა არ ვიცი, წინასაარჩევნო პერიოდია და შეიძლება პერიოდულად რაღაც გააკეთონ… გუშინ ჩემი ახლობელიც მოათავსეს კლინიკაში, მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რეგისტრაცია გაატარეს და 45 წუთი იცდიდა. იცით, როგორი ინტენსიური მოძრაობაა, ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ მიაქციეს, წინ ხალხია და უკეთდება შესაბამისი პროცედურები, ამიტომ მოთმინების უნარი აკლიათ პაციენტებს – რადგან მოვიდა კლინიკაში, უნდა, რომ უცებ ყველაფერი გაკეთდეს. გაჭირვებულ კაცს, ხომ იცით, ყველაფერი იმ წამში უნდა, ყველაფერი იმ წამში ვერ იქნება.

  • მენეჯმენტში გყავთ ახალი დირექტორი თბილისიდან – ზაზა ავალიანი, რაში გეხმარებათ ის? 

ის გვეხმარება კლინიკურ ნაწილში. დაგვეხმაროს. ეს ჩვენთვისაც უკეთესია. თანაც, მე ჯერ კიდევ აქტიურად ვერ ვმუშაობ, ორშაბათიდან სრული დატვირთვით ვიმუშავებ, ჯერ დრო მჭირდება რეაბილიტაციისთვის, მკურნალობის კურსი სრულად არ დამისრულებია.

სოლომონ ფუტკარაძე

 

შეცვლილი მითი ქალთა მოძრაობის მხარდასაჭერად და მედუზა გორგონას ახალი ქანდაკება

ნიუ იორკში, მანჰეტენის საქალაქო სასამართლოს წინ მედუზა გორგონას ქანდაკება დადგეს. უფლებადამცველების ნაწილი თვლის, რომ ეს ქანდაკება სამართლიანობის ერთგვარი სიმბოლო გახდება. ქანდაკება მოძრაობა #metoo-ს მიეძღვნა და უყურებს საქალაქო სასამართლოს შენობას.

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, მედუზა გორგონა პოსეიდონმა გააუპატიურა, თუმცა პოსეიდონის ნაცვლად ქალი დასაჯეს – გორგონა ურჩხულად იქცა.

ქანდაკების ახალი ვერსია იტალიერმა ხელოვანმა ლუჩანო გარბატიმ შექმნა – მედუზა გორგონას სიმბოლურად მოძალადე კაცის თავი უჭირავს ხელში.

„…ეს ადგილი შემთხვევითი არ არის, რადგან აქ ისინი განიხილავენ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებს. ეს ქანდაკება მრავალი ქალის სამართლიანობის სიმბოლო გახდება,“ – ამბობს მოქანდაკე ლუჩანო გარბატი.

პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება“. ქანდაკება 6 თვის განმავლობაში დარჩება ამ ადგილას.

ფოტო: lucianogarbati.com
ფოტო: lucianogarbati.com

_______________

მთავარი ფოტო: მედუზა გორგონას ქანდაკება ნიუ-იორკში, GrlzWave – ის ფოტო.

 

შიმშილობის მეორე დღე – უმუშევრად დარჩენილები დაშლას არ აპირებენ

მეორე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან 8 ადამიანი შიმშილობს. ისინი უმუშევრად დარჩენილები არიან და ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

„ჩვენ არ ვიშლებით. გუშინ იყო მცდელობა შეგვხვედროდა მოსალაპარაკებლად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, მაგრამ ჩვენ მას ვუთხარით, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ გვჭირდება. ჩვენი მოთხოვნები ცნობილია და ვითხოვთ კონკრეტულ რეაგირებას… ორშაბათს მთავრობის აპარატში გვითხრეს, რომ ჩვენი მონაცემები გადაგზავნილია ეროვნულ ბანკში და მუშავდება, მაგრამ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა,“ – გვითხრა აქციის მონაწილე ქეთი ქუთათელაძემ.

გუშინ შიმშილობა შეწყვიტა ასევე უმუშევრად დარჩენილმა გიორგი გორგილაძემ. ის აჭარის მთავრობის სახლთან ორშაბათიდან შიმშილობდა.

უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია გასულ კვირას, 6 ოქტომბერს დაიწყეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად კვირის ბოლომდე შეისწავლიდნენ. ამ დრომდე აჭარის მთავრობის პოზიცია უცნობია.

მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | იაგო ხვიჩია

2020 წლის 13 ოქტომბერი. ბათუმი.

ნაწილი პირველი:

ამ ნაწერებს ძველი ბათუმის ერთ-ერთ ძალიან ლამაზ და მყუდრო ეზოში ვაკეთებ და ვფიქრობ,  გულწრფელად მოვყვე ის, რასაც ცხოვრების ამ ეტაპზე ამ ქალაქში ყოფნისას განვიცდი.

იაგო ხვიჩია

ბათუმში ერთი თვის წინ ჩამოვედი, ერთობ უცნაური მიზეზით – არჩევნების მოსაგებად და ბათუმში „გირჩის“ მომავალი დასაყრდენი ბირთვის შესაქმნელად.

ამ არჩევნების მოგება ჩემთვის ხმათა 5%-ს და  ერთი ადამიანის შეყვანას ნიშნავს აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კანდიდატი გვყავს, ბათუმში ცნობილი მასწავლებელი ლალი ანთიძე და ერთ ადგილს ნამდვილად ვიმსახურებთ. ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს აჭარის საკანონმდებლო ორგანოში.

ერთი თვეა ვცდილობ ეს ქალაქი გავიცნო და საინტერესო ადამიანებს დაველაპარაკო.

რაც ჩამოვედი, ყველას ვთხოვ გამაცნონ ასეთი ადამიანები.

ფეხით სასიარულოდ საქართველოში ბათუმზე უკეთესი ადგილი არ არსებობს, ამიტომ სულ ფეხით დავდივარ და ვისაც ჩემთან ქუჩაში გასაუბრება უნდა, ყოველთვის სიამოვნებით ველაპარაკები.

აჭარული კერძების მოყვარული ვარ და ვცდილობ სხვადასხვა ადგილას გავსინჯო ადგილობრივი კერძები, რაც ასევე საშუალებას მაძლევს კომუნიკაციაში შევიდე როგორც პერსონალთან, ასევე  დაწესებულების სხვა სტუმრებთან, რომლებიც ხშირად სახეზე მცნობენ.

ბათუმი საცხოვრებლად ძალიან კარგი და სასიამოვნო ქალაქია, მაგრამ ახლა მთავრობის დამსახურებით ამ ქალაქში პოლიტიკაზე საინტერესო არაფერი ხდება.

90-იანი წლების მიწურულიდან მოყოლებული  ბოლო 20 წელია ყოველწლიურად რამდენჯერმე ჩამოვდივარ აქ და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ვინმეს შეეძლო „მიეღწია“ იმისთვის, რომ ამ ქალაქში არაფერი ხდებოდეს და ღამის ათი საათის მერე ვახშმობაც კი მხოლოდ „დახლქვეშ“ იყოს შესაძლებელი.

(ერთი-ორჯერ ასე ვივახშმეთ, ათი საათის მერე დახურულ რესტორანში).

ქალაქში მხოლოდ სამი პაბი ფუნქციონირებს, სადაც ჩვენი საარჩევნო შტაბებია გახსნილი  („ადგილი“, „სამი ლუდი“ და „ Popye Craft Beer), რადგან კორონასთან ბრძოლის ფარგლებში ადამიანთა შეკრება მხოლოდ პოლიტიკური აგიტაციის დროსაა შესაძლებელი და დახურვის პირას მყოფ კაფე-ბარებს  ამ ფორმით ვეხმარებით.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ კორონაცირკის მოწყობა შეძლო და სამწუხაროდ ამას ძალიან ცოტა ადამიანი თუ აპროტესტებს.

კორონასთან ბრძოლის ფარგლებში ბათუმის სასტუმროთა დიდი ნაწილი გადაკეთდა საპატიმროებად, სადაც კარანტინში ჰყავთ ადამიანები დატყვევებული, ხოლო ყოფილი სასტუმრო პერსონალი უნებურად ასრულებს ციხის ზედამხედველების როლს.

სამწუხაროდ, ქალაქში ამ მდგომარეობას საჯაროდ ცოტა ვინმე აპროტესტებს,   რამდენიმე კაზინოს თანამშრომელი და ადამიანები, რომლებიც საზღვრების ჩაკეტვის გამო თურქეთში ვერ გადადიან და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ.

ეს ადამიანებიც სულ რამდენჯერმე გამოვიდნენ. მათი რიცხვი თანდათან შემცირდა. როგორც  ქალაქში ამბობენ, აქციის მონაწილეებს მთავრობა დაელაპარაკა და რაღაცას შეჰპირდაო.

მაღაზიები და კაფე-ბარები დღითიდღე იკეტება და მათ ადგილას წარწერა „ქირავდება“ ჩნდება, რაც ძალიან მთრგუნავს.

ქალაქის ცენტრალური უბნები მოწესრიგებული და დასუფთავებულია, ხალხი მშვიდადაა, თითქოსდა არ აღელვებთ პოლიტიკური საკითხები, ერთი შეხედვით, არაფერს აპროტესტებენ, მაგრამ ვინაიდან გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებზე წასვლა, ვფიქრობ, იქ აპირებენ მთავრობაზე „შურისძიებას“.

მხოლოდ ერთი ადამიანი შემხვდა, რომელიც არ აპირებს  არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იმ მოტივით, რომ არაფერს აზრი არ აქვს სამყაროში.

მითხრა, აზრი არ აქვს, ვერ გადამარწმუნებო, მაგრამ ამასწინათ „გირჩის“ ერთ-ერთ შტაბში იყო მოსული ლუდის დასალევად და მითხრა, შეიძლება თქვენ გამო მივიდეო.

სხვა ყველა, ვისაც ვესაუბრე, არჩევნებზე მიდის, ხმას ვის და რატომ აძლევენ, ეს ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ არჩევნებზე წასვლა თითქოს მოვალეობასავითაა იმ ხალხისთვის, ვისთანაც ძირითადად მიწევს ურთიერთობა.

„გირჩს“ ძველ ბათუმში, კომახიძის 15 ნომერში, ძალიან ლამაზი ოფისი აქვს, ჩვენი სახლი კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლია, პატარა ეზოთი და წინ ბათუმური ფართო ტროტუარით.

„გირჩის“ არც ერთ ოფისში თავი ასე კომფორტულად არ მიგვრძვნია, ყოველდღიურობა თავისით შემოდის, ოფისი ტროტუარზე გაქვს და ადამიანები, ვისზეცაა დამოკიდებული შენი წარმატება, შენს სამუშაო მაგიდასთან მიდი-მოდიან.

ოფისი ლევან ბაკურიძემ დაგვითმო, მიიჩნია, რომ სახლში შესაშვები ხალხი ვართ და გვმასპინძლობს.

ლევანი ამბიციური ბიზნესმენია და ქვეყანაში პირველი კოფიშოპის გახსნა უნდა იმ სახლში, სადაც ახლა „გირჩი“ ცხოვრობს.

თუ ჩვენ გვესტუმრებით, დაგარწმუნებთ, რომ ამაზე უკეთესი ადგილი პირველი კოფიშოპის გასახსნელად ამ ქვეყანაში არ არსებობს.

მჯერა, რომ ამდენი დამთხვევა უტყუარი ნიშანია იმისა, რომ  ბათუმში დაწყებული საქმე ბათუმში უნდა დამთავრდეს და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში (აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით) პირველი კოფიშოპი ამ ქალაქში უნდა გაიხსნას და იმ სახლში, სადაც ახლა „გირჩი“ ცხოვრობს.

წინასაარჩევნოდ ხშირად მიწევს თქმა, რომ ჩემი ერთადერთი პოლიტიკური მიზანი ამ პარლამენტში საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლა და ახალი ქართული ჰუმანური სისტემის აშენებაა, რომელიც მთავარ სიკეთედ ადამიანს აღიქვამს და არა გამოგონილ წესრიგს ან კორონაუსაფრთხოებას.

პარლამენტში ამისთვის შევდივარ, ამომრჩეველთანაც  ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ რადგან არსებობს ბათუმის მაჟორიტარული არჩევნები და მე ამ ქალაქში ვეძებ მეგობრებს და თანამოაზრეებს, ჩემი ბათუმური დაპირება მინდა ასეთი იყოს:

„შემდეგი 4 წლის განმავლობაში ქალაქ ბათუმში, კომახიძის 15 ნომერში გაიხსნება პირველი კოფიშოპი საქართველოში“.

მე ამ დაპირებას შევასრულებ, ნებისმიერი ოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში, მხოლოდ იმის გამოც, რაც ამ ქალაქმა მომცა ცხოვრებაში, მაგრამ რაც უფრო მეტ ხმას მივიღებ, მით უფრო მალე შევასრულებ.

თუ მაჟორიტარულ არჩევნებს მოვიგებ, დაპირებას არჩევნების მეორე დღესვე შევასრულებ.

მგონია, რომ ამაზე უკეთესს ვერაფერს დავპირდები ბათუმელებს და ვფიქრობ, პირნათელი ვიქნები მთელ ქალაქთან, როცა მის შესრულებას შევძლებ.

პირველი ნაწილის დასასრული.

აჭარაში კოვიდის 226 შემთხვევა დადასტურდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

17 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 131 პაციენტი.

გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 3 პაციენტი გარდაიცვალა: 77 წლის ორი ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და 81 წლის კაცი კლინიკა „მედცენტრში“.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 590 პაციენტი, რეანიმაციაშია 53 ინფიცირებული.

დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 885 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 1300-ზე მერი ინფიცირებული.

 

დადასტურდა კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

17 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 4 პაციენტი; გამოჯანმრთელდა – 214.

stopcov.ge-ს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 16 285 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 7 827; პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 128 პაციენტი.

 

პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს – ვაშაძე რეგულაციების დარღვევით გამართულ აქციაზე

16 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში გამართული გაერთიანებული ოპოზიციის აქციის შემდეგ ჟურნალისტებმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხეს, იღებდა თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობას აქციაზე, სადაც შეკრებილების ნაწილს პირბადე არ ეკეთა და, ასევე, დაცული არ იყო დისტანცია.

„პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას” – უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს.

„სამწუხაროდ ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში, წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, ოთხი წელი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მოსახლეობის მილიონ ორასიათასამდე გაყარა ემიგრაციაში, ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმიც გააჩერეს, მთელი საქართველოც გააჩერეს, ნუ რას იზამ“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა რეგულაციების დაცვა აქციაზე, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, რასაც არ ელოდნენ.

ამავე თემაზე:

ხალხმრავალი აქცია ბათუმში პირბადეების გარეშე

 

სააკაშვილის მიმართვა ეკრანიდან და ოპოზიციის ხალხმრავალი აქცია ბათუმში

16 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხალხმრავალ აქციაზე 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა.

„31 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“ – მიმართა გიორგი კირთაძემ, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ ჩამოთვალა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები:

  • ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში
  • გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში
  • გია აბულაძე – ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში
  • მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში
  • ბონდო თედორაძე – ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში
  • ელგუჯა ბაგრატიონი – ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი უმაღლეს საბჭოში

აქციაზე გამოვიდა მურმან დუმბაძე, რომელმაც 2004 წლის მაისი, ასლან აბაშიძის წასვლის პერიოდი გაიხსენა და ივანიშვილს მიმართა:

„არაფერი შეგეშალოს, ამის ნახევარმა ხალხმა გააგდო ასლან აბაშიძე. …საქართველოს მოქალაქე ითხოვს ცვლილებას და ეს ცვლილება არის გარდაუვალი. უმორჩილესი თხოვნაა საქართველოს მოქალაქის მიმართ, არ გავაჩეროთ ხელისუფლებაში 8 წელზე მეტად არც ერთი ხელისუფლება“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

აქცია ბათუმში

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელმა, ხათუნა სამნიძემ, რომელის გაერთიანებული ოპოზიციის სიის მეათე ნომერია და გრიგოლ ვაშაძემ,  „ნაციონალური მოძრაობამ“- „ძალა ერთობაშია“ სიის მეორე ნომერმა, თუმცა აქციის კულმინაცია დიდ მონიტორზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა იყო, რომელმაც უკრაინიდან მიმართა ბათუმის ბულვარში შეკრებილ მხარდამჭერებს.

„ვერ წარმოიდგენთ, როგორ მადგება ცრემლები, როდესაც გიყურებთ. …მე შემოვლილი მაქვს მთელი შავი ზღვისპირეთი, მე ვმართავდი შავიზღისპირეთის მეორე მხარეს, ოდესის ოლქს და ზუსტად ვიცი, არაფერი არ არის ბათუმის ტოლი, არავის არ გაუკეთებია ასეთი დიდი აღმშენებლობა, ასეთი წარმატებისთვის არავის მიუღწევია, როგორსაც ჩვენ მივაღწიეთ იმ რამდენიმე ისტორიულ წელიწადში.

ბრძოლის დამთავრება არის სულ ახლოს, გამარჯვება არის სულ ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე. ცოტა კიდევ მოთმინება, ცოტა კიდევ მიწოლა, ცოტა კიდე გაძლება, ცოტა კიდე მეტი ერთიანობა და სულ რამდენიმე დღეში საქართველო გათავისუფლდება ამ კოშმარისგან, ტყუილის კოშკები დაინგრევა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსის თემასაც შეეხო:

„მინდა გითხრათ შემდეგი, ჩემო მეგობრებო, ჩვენ გვაქვს დიდი გამოწვევები, ჩვენ გვემუქრება ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად გაავრცელეს ბათუმში, როდესაც შემოიყვანეს ყველაზე დაავადებული ქვეყნიდან, ხელოვნურად, დიდი რაოდენობით, ეგრეთ წოდებული დამსვენებლები.

…მე გპირდებით, რომ მომავალში ვერც ერთი დაავადება ვეღარ მოგვერევა და ვეღარ შემოგვეჩვევა ისე, როგორც შემოგვეჩვია და შემოგვეპარა ბოლო დღეებში ეს კოვიდი, იმ უბედურების გამო, იმის გამო, რომ აბსოლუტურად ხელოვნურად კეთდება, იმისათვის, რომ ხალხი არ წავიდეს არჩევნებზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აქცია ბათუმში

მისი მიმართვის დროს ბათუმის ბულვარში პერიოდულად ისმოდა მოქალაქეების ხმა – „მიშა! მიშა!“

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ბათუმის ბულვარში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგად გაგრძელდა და  დროშების ფრიალით დასრულდა.

ამავე თემაზე: 

ხალხმრავალი აქცია ბათუმში პირბადეების გარეშე

„ალო ჰიგიენა“ დეზინფექციის ჩატარებას სააქციო ფასად გთავაზობთ

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად საჭირო გახდა ხშირი დეზინფექციის ჩატარება დახურულ სივრცეებში. ამიტომ კომპანია „ალო ჰიგიენამ“ დაიწყო ფასდაკლების აქცია, რათა ჩვენი მომსახურება ყველა ორგანიზაციისა და კერძო პირისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

დეზინფექცია ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადეზინფექციოდ გამოიყენება ის ქიმიური მინარევები, რომლებიც რეკომენდებულია ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციისა და დაავადებების კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ჩვენი კომპანია სწორედ ასეთ სადეზინფექციო ხსნარებს იყენებს დეზინფექციის დროს.

„ალო ჰიგიენა“ ასევე აგრძელებს რბილი ავეჯის, მატრასების, ლეიბების, ხალიჩებისა და ავტომობილების ქიმწმენდას. ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის საწმენდ ხსნარებს, რომლებიც არ იწვევს ალერგიას, არ აზიანებს ქსოვილს. ხალიჩები, რბილი ავეჯი და მატრასები ირეცხება ნახევრად მშრალი ტექნიკით, რაც იმას ნიშნავს, რომ 3-4 საათის შემდეგ სრულიად მშრალი და სუფთა იქნება.

დაგვიკავშირდით: 

ტელ: 514 20 00 40 ქართული

ტელ: 558 67 19 79 ინგლისური, თურქული

მისამართი: ჰ.აბაშიძის 66/ბათუმი

www.alohigiena.ge

instagram

facebook

ალო ჰიგიენა – დასუფთავების საუკეთესო სამსახური ბათუმში, ადგილზე მისვლით

ხალხმრავალი აქცია ბათუმში პირბადეების გარეშე

დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა. ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც ბათუმის ბულვარში შედგა, აქციას მოქალაქეები ძირითადად პირბადეების გარეშე ესწრებოდნენ.

აქციაზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა: ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში, გია აბულაძე – ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და ამავე მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში – მიშა ბოლქვაძე, ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში – ბონდო თედორაძე და აჭარის უმაღლეს საბჭოში სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატი –  ელგუჯა ბაგრატიონი.

აქციაზე დღეს არ იმყოფებოდა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში, ლევან ვარშალომიძე, მამის, გურამ ვარშალომიძის გარდაცვალების გამო. ლევან ვარშალომიძის მამა დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა.

სექტემბრიდან დღემდე ბათუმი საქართველოს კოვიდრუკაზე ყველაზე ცხელი წერტილია. ქალაქში ყოველ დღე კოვიდის ასობით ახალი შემთხვევა ვლინდება. 16 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გადატვირთულია კოვიდკლინიკები, ათასზე მეტი ადამიანი სახლში მკურნალობს კორონავირუსის დიაგნოზით.

„ერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირს”- საბჭოთა პლაკატები ჰიგიენაზე

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში XX საუკუნის სხვადასხვა წლის აგიტაციური პლაკატების მრავალფეროვანი კოლექცია ინახება პირადი ჰიგიენის შესახებ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებშიც ხშირად გვესმის მოწოდებები ხელების დაბანის, ჰიგიენის მნიშვნელობაზე ვირუსის პრევენციის მიზნით.

ვნახოთ, როგორ მოუწოდებდნენ საბჭოთა ეპოქაში ჰიგიენის დაცვისკენ დიზინტერიის, მუცლის ტიფის, გრიპისა და სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

პლაკატების ორიგინალების ფრულებული ასლები შეგიძლიათ იხილოთ ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელის” პლაკატების კოლექციაში.

_____________________________

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

რა აწუხებს ხალხს აჭარაში? – გამოკითხვა

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ საქართველოს რეგიონებში გამოკითხვა ჩაატარა.  გამოკითხვისას მოსახლეობას ჰკითხეს, რა პრობლემები აწუხებდათ და რის მოგვარებას ელოდნენ პოლიტიკური პარტიებისგან.

აჭარაში, ისე როგორც სხვა კუთხეებში, გამოკითხვა ფოკუს ჯგუფებთან ჩატარდა. შეხვედრებზე გამართული დისკუსიების შედეგად, მთელი რიგი საკითხები გამოიკვეთა.

გამოკითხულებმა მთავარ საკითხად სიღარიბე და უმუშევრობა დაასახელეს.  აღმოჩნდა რომ:

[checklist]

  • თურქეთში სეზონური სამუშაო იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბევრი ოჯახისთვის;
  • პანდემიამ სეზონური შრომითი მიგრაცია გააჩერა და სიღარიბე გაამწვავა;
  • ერთჯერადად გაცემული დახმარება არასაკმარისია ოჯახებისთვის.

[/checklist]

ილუსტრაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვიდან

პრობლემურ საკითხად დასახელდა განათლების სისტემის გაუმართაობა. კერძოდ, გამოკითხულებს არ აკმაყოფილებთ, საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და განათლების ხარისხი. რეგიონში არის საჯარო საბავშვო ბაღების დეფიციტი.

გამოკითხულებმა მნიშვნელოვან პრობლემად დაასახელეს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და მისი ხარისხი.

  • „სამედიცინო მომსახურებით ბოლოს როდის ვისარგებლე, ვერ ვიხსენებ, რადგან ძალიან ძვირია,“ – 46 წლის ქალი, უმუშევარი.
  • „ვინც კი მაღალ ქულებს იღებს [მისაღებ გამოცდებზე], ყველა თბილისში მიდის, იმიტომ რომ აქ ვერ მიიღებს განათლებას, ხარისხიან განათლებას,“ – 52 წლის კაცი, დასაქმებული.
  • „უფრო ნაცნობებს და სანათესავოს ნიშნავენ თავისუფალ ადგილებზე. ქობულეთში, ხელვაჩაურში – კიდევ უფრო მეტად. ცოლისძმებს, ახლო ნათესავებს და ივსება ამასობაში თავისუფალი ადგილები,“ – 29 წლის ქალი, დასაქმებული.
  • „ქობულეთში წყალმომარაგების სისტემაში ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა სასმელი წყლის მიწოდება კვლავ პრობლემად რჩება. მოსახლეობას მღვრიე წყალი მიეწოდება და დასალევად საშიშია,“ – 52 წლის კაცი, უმუშევარი.
  • „რამდენი კორპუსი აშენდა ბათუმში, რომელიმეს თუ აქვს ეზო? არც ერთს თითქმის. მუნიციპალიტეტმა არ უნდა გასცეს ნებართვა, სანამ არ ექნებათ მშენებლებს წარმოდგენილი ისეთი პროექტები, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება ეზოც, მწვანე სივრცეც, პარკინგიც და საბავშვო ზონებიც,“ – 25 წლის ქალი, დასაქმებული.

აჭარაში გამოკითხულთა აზრით, რეგიონში სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია და, უკიდურესი მდგომარეობის გარდა, ექიმთან ვერ ახერხებენ მისვლას. გარდა ამის, მეზობელ  თურქეთთან შედარებით, ძვირია წამლები.  მოუწესრიგებელი გზების გამო კი მაღალმთიან დასახლებებში  გართულებულია სამედიცინო დახმარების მიღება.

ილუსტრაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვიდან

ასევე, პრობლემად დასახელდა წყლისა და კანალიზაციის გაუმართავი სისტემა. გამოკითხულთა აზრით, სასმელი წყლის მილები ავარიულია, ხოლო წყალი სასმელად უვარგისი. გაუმართავია სანიაღვრე სისტემა და კოლექტორები.

გამოკითხულებმა ცალკე პრობლემად დაასახელეს, ქაოტური განაშენიანება და ურბანული განვითარება. კერძოდ:

[checklist]

  • ძველი ბათუმი მოუვლელია, ისტორიული უბნები ავარიულია და არაფერი კეთდება მათი შენარჩუნებისთვის;
  • დაუგეგმავი და მოუვლელია რეკრეაციული ზონები;
  • საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა მოუვლელია ან უხარისხო.

[/checklist]

მოქალაქეები ყურადღებას ამახვილებენ კორუფციაზე, რომელიც  უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ვლინდება. ისინი პრობლემად განიხილავენ ნეპოტიზმს საჯარო სამსახურში.

დაუცველობის შიში არის ის, რასაც ასევე პრობლემად განიხილავენ გამოკითხული მოქალაქეები. ეს გამოიხატება ფიზიკური დაუცველობის და სამომავლო მდგომარეობის გაუარესების შიშში. მოქალაქეები ხაზს უსვამენ, რომ არ არსებობს სურსათის ხარისხის კონტროლი, განსაკუთრებით გარე ვაჭრობის პირობებში.

2 მილიარდ ადამიანს ხელი არ მიუწვდება უვნებელ და სასარგებლო საკვებზე – FAO

16 ოქტომბერი მსოფლიო სურსათის დღეა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტ ადამიანს მუდმივად ხელი არ მიუწვდება უვნებელ და სასარგებლო საკვებზე.

„2050 წლისთვის კი მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით 10 მილიარდს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სურსათზე მოთხოვნას. ამ გლობალურ გამოწვევას, რომელიც საფრთხეს უქმნის სურსათის უსაფრთხოებას, კვების რაციონსა და საარსებო პირობებს, წელს COVID-19-ის პანდემია დაემატა“- წერს FAO.

„მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

FAO მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, რომ სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებით, კიდევ უფრო მიუახლოვდეს გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანს – შიმშილის აღმოფხვრას დედამიწაზე და ჯანსაღი საკვების საყოველთაო ხელმისაწვდომობას.

„ვისურვებ, ამომრჩეველს ჰქონდეს ნდობა“ – ბრიტანეთის ელჩი პანდემიისას არჩევნების ჩატარებაზე

ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას, თავისუფალი მედიის მუშაობა და ამომრჩევლის უფლება მიიღოს კანდიდატებისგან მკაფიო საარჩევნო პროგრამა – ამ საკითხებს განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი მარკ კლეიტონმა, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, როცა მას წინასაარჩევნო გარემოს გათვალისწინებით არჩევნების ძირითად რისკებზე ვკითხეთ. მარკ კლეიტონი დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმში საარჩევნო პროცესში ჩართულ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

„უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან პროცესს. შესაბამისად, მხარს არ ვუჭერთ ინდივიდუალურ პარტიებს და კანდიდატებს, არამედ თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ ხალხს აირჩიოს საკუთარი პარლამენტი და მთავრობა ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კამპანია, საარჩევნო პროცესი წარიმართოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე, მედიას ჰქონდეს თავისუფლად მუშაობისა და სხვადასხვა მოსაზრების გაშუქების საშუალება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პარტიებისა და კანდიდატების პასუხისმგებლობა, რომ ამომრჩეველს მკაფიო საარჩევნო პროგრამა შესთავაზონ, რათა ხალხმა გაიგოს, თუ ვის და რას ირჩევს საკუთარი ხედვიდან გამომდინარე,“ – აღნიშნა მარკ კლეიტონმა.

ბრიტანეთის ელჩს „ბათუმელებმა“ ჰკითხა პანდემიის გამო ამომრჩეველთა აქტივობის შესაძლო შემცირებაზეც.

„კორონავირუსი რთული საკითხია ყველგან, ჩემს ქვეყანაშიც ახლახანს ახალი მკაცრი შეზღუდვები დავაწესეთ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ამიტომ აბსოლუტურად შემიძლია ხალხის შიში გავიგო, მაგრამ ასევე, რასაც ვადევნებ თვალყურს, მთავრობა აკეთებს ყველაფერს პროცესის უსაფრთხოებისთვის. ვიცი, ცენტრალური საარჩევნო კომისია ძალიან სერიოზულად ეკიდება არჩევნების უსაფრთხოების თემას, ამიტომაც ვისურვებ, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნდობა პროცესთან დაკავშირებით და მივიდნენ უბნებზე. ეს უმნიშვნელოვანესი ჯანსაღი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის,“ – გვიპასუხა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა.

კოვიდზე გადაღებული ვიდეოებით YouTube-ზე თანხას ვეღარ გამოიმუშავებთ

YouTube-ის ერთ-ერთი მიმართულების დირექტორის, ტომ ლუნგის თქმით, დემონეტიზებული იქნება კორონავირუსის თემასთან დაკავშირებული ყველა ვიდეო.

2020 წლის დასაწყისში, პანდემიის საწყის ეტაპზე, როცა იუთუბმა ვირუსთან დაკავშირებული ვიდეოების ცენზურა დაიწყო, პლატფორმის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ყოველი მეოთხე ვიდეოთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა.

იუთუბის სარეკლამო წესების მიხედვით, დელიკატური თემები, განსაკუთრებით კი ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხები, არ შეიძლება იყოს რეკლამირებული, მით უფრო, თუ ეს მასალები ბოროტი განზრახვითაა დამზადებული.

ხშირად გაიგებთ, რომ ვაქცინა კლავს, იწვევს უნაყოფობას, ვაქცინის დროს ადამიანთა სხეულებში მიკროჩიპები შეჰყავთ და ა.შ.

კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები  სხვადასხვა სოციალურ ქსელში პანდემიის დაწყებიდანვე მალევე გავრცელდა.

ვიდეოები კორონავირუსის თემაზე იუთუბის პლატფორმაზე დარჩება, თუმცა  ვეღარ იქნება მონეტიზებული და შესაბამისად იუთუბის სარეკლამო წესების თანახმად, მათი დამამზადებლები ნახვების ზრდის პარალელურად ფულს  ვეღარ გამოიმუშავებენ.

ბერლინში რესტორნის მფლობელებმა შეზღუდვა გააპროტესტეს და სასამართლო მოიგეს

ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ  უკანონოდ ცნო ბერლინის სენატის მიერ დაწესებული შეზღუდვა, რომელიც აიძულებდა ბერლინში რესტორნის მფლობელებს დაეკეტათ დაწესებულებები საღამოს 11 საათიდან დილის 6 საათამდე – იუწყება „ევრონიუსი“.

კორონავირუსის მორიგი ეპიდაფეთქების შესაჩერებლად დაწესებული ეს შეზღუდვა ბერლინში რესტორნების მფლობელებმა გააპროტესტეს.

სასამართლომ დაასკვნა, რომ აღნიშნული შეზღუდვა გაუმართლებელი იყო, რადგან რესტორნები ითვალისწინებენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და მათ არ აქვთ მნიშვნელოვანი როლი ინფექციის გავრცელებაში.

სასამართლოში რესტორნების მფლობელების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ რესტორნების დაკეტვას ექნება უკუშედეგი, რადგან ახალგაზრდები შეიკრიბებიან იმ ადგილებში, სადაც ეპიდემიოლოგიურ მოთხოვნებს არავინ იცავს.

სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ შესულა ძალაში, რადგან შესაძლოა გასაჩივრებულ იქნას სააპელაციო ინსტანციაში.

პედაგოგი ამბობს, რომ კოვიდი დაუდასტურდა, თუმცა მის სკოლაში სწავლება გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგს, ნათია მანიას კორონავირუსი 14 ოქტომბერს დაუდასტურდა. პედაგოგი ამჟამად კარანტინში იმყოფება, თუმცა სკოლაში, სადაც მან გაკვეთილები ჩაატარა, სასწავლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

„დილით გაკვეთილები ჩავატარე, საღამოს კი გამომივლინდა სიმპტომები. ცემინებით დამეწყო, ტემპერატურა დაიწყო 37 გრადუსი, შემდეგ 38-მდე ავიდა“, – ამბობს ნათია მანია.

მისი თქმით, აუცილებელია სკოლის პედაგოგების ტესტირება კორონავირუსზე.

„პირბადე მეკეთა, თუმცა ვვარაუდობ, რომ მეც სკოლაში გადამედო, რადგან ჩემამდე რამდენიმე პედაგოგს უკვე ჰქონდა სურდოს სიმპტომები. სამასწავლებლოში ვიყავი, ვლაპარაკობდით.

რაც შეეხება ბავშვებს, პირველ მერხზე ვინც ზის, ის ბავშვები კი არიან შედარებით ახლოს ჩემს მაგიდასთან, მაგრამ სხვებთან დისტანციურად ვიყავი“, – ამბობს პედაგოგი.

ნათია მანია სიმპტომების გამოვლენის შემდეგ დაუკავშირდა სასწრაფო დახმარების სამსახურს, „მომაკითხეს და სახლში ამიღეს ფასიანი ტესტი“.

„ბათუმელები“ სადახლოს საჯარო სკოლის დირექტორს, ადილ შარიფოვსაც ესაუბრა. მან იცის, რომ მასწავლებელს კოვიდი აქვს, თუმცა ამბობს, რომ არ იცის, როგორ უნდა იმოქმედოს.

„სიმართლე გითხრათ, მეც გამოუვალ და გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ. რესურსცენტრს ამის თაობაზე ვაცნობე, თუმცა ჯერჯერობით არავის უთქვამს, როგორ უნდა გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, დისტანციურად თუ ჩვეულებრივ“, – ამბობს დირექტორი.

ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში – საკლასო ოთახებში მიმდინარეობს და თვითიზოლაციაში არც კლასი გადასულა და არც მასწავლებლები.

აჭარის რეგიონის და რამდენიმე დიდი ქალაქის გარდა სასწავლო პროცესი ძირითადად სკოლაში, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.

_______________________

მთავარი ფოტო: ნათია მანია/პედაგოგი

ხელვაჩაურში აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 16 ოქტომბერს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ხელვაჩაურის დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩისა და ჩიხების ახალი ქსელის აბონენტებს.
“წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,” – წერს კომპანია.

Skate Park -ი ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარი სკეიტის მოყვარულთათვის საუკეთესო სივრცეა.

ექსტრემალური სპორტის ამ სახეობით დაკავებული ახალგაზრდები ბევრგან შეგვხვდებათ, თუმცა მათთვის ყველაზე საყვარელი ადგილი ბულვარის განახლებული სკეიტპარკია.

ბათუმის ბულვარი განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს „Skate Park Batumi”-ის ჯგუფს ჯანსაღი, სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციითვის. მათ შეძლეს და გააერთიანეს ბათუმელი აქტიური სპორტის მოყვარული ბავშვები და ახალი სიცოცხლე შესძინეს ბულვარის სკეიტპარკს.

ვუსურვებთ წარმატებებს „Skate Park Batumi”-ის ჯგუფს და ამავდროულად, მოვუწოდებთ გამოიჩინონ სიფრთხილე უსაფრთხოების და დისტანციის დაცვის კუთხით.

10 ათასმა მოსწავლემ სწავლის გაგრძელება დისტანციურად არჩია – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარის სკოლების გარდა სრული დისტანციური სწავლების რეჟიმზე ოთხ ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საჯარო სკოლა და 55 სკოლის ცალკეული კლასია გადასული.

„განათლების სამინისტრომ შესთავაზა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაეკეთებინათ არჩევანი დისტანციურ სწავლებასა და საკლასო ოთახში სწავლის განახლებას შორის.

დღეისათვის I- VI კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების სურვილი 10 000-მდე მოსწავლემ გამოთქვა“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროში ასევე ადასტურებენ, რომ კოვიდინფიცირების ფაქტები არსებობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორისაც. თუმცა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, საჯარო სკოლებში სისტემატური მონიტორინგი ხორციელდება კოვიდუსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, დაგეგმილია სკოლის მასწავლებლების შერჩევითი ტესტირება კორონავირუსზე.

აჭარაში კორონავირუსისგან გარდაიცვალა ერთი პედაგოგი.

______________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

კოვიდი: აქვს თუ არა მნიშვნელობა სისხლის ჯგუფს? – ორი კვლევის შედეგები

აქვს თუ არა კორონავირუსით ინფიცირებასა და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმისთვის მნიშვნელობა ადამიანის სისხლის ჯგუფს? – ჟურნალ Blood Advances-ში გამოქვეყნებულ ორ ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ – აქვს.

ერთი კვლევის ფარგლებში შეისწავლეს თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი დანიაში, რომელთაგან კოვიდდადებითი იყო 7422, ხოლო 466 232 – კოვიდუარყოფითი. აღმოჩნდა, რომ სისხლის პირველი ჯგუფის (O) წარმომადგენლები ნაკლებად ინფიცირდებიან კორონავირუსით, ვიდრე სისხლის სხვა ჯგუფების მქონე ადამიანები.

მეორე კვლევამ, რომელიც სწავლობდა კანადაში პაციენტებს, აჩვენა, რომ II (A) ან IV (AB) ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად უვითარდებათ COVID19-ის მძიმე სიმპტომები, ვიდრე I (O) და III (B) სისხლის ჯგუფების მქონე ადამიანებს.

კვლევა: COVID19-ის მქონე პაციენტებს II ან IV სისხლის ჯგუფით უფრო მეტი რისკი აქვთ, რომ დასჭირდეთ სასუნთქი აპარატები, ვიდრე I და III ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებს. 

II და IV სისხლის ჯგუფის მქონე კოვიდპაციენტებში, როგორც ჩანს, დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე I ან III სისხლის ჯგუფის პაციენტებში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სისხლის ჯგუფები კორონავირუსთან მიმართებაში გამოიკვლიეს. ივნისში გერმანელი და ნორვეგიელი მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგადაც ჩანდა, რომ იმ პაციენტებში, რომელთაც მეორე ჯგუფის სისხლი აქვთ, COVID19-ის მძიმედ მიმდინარეობის რისკი ორჯერ უფრო მაღალია პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებთან შედარებით. თუმცა მაშინდელი კვლევით III და IV ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში არ გამოვლენილა COVID19-ის მიმდინარეობის მკაფიო ტენდენცია სისხლის ჯგუფის მიხედვით.

BBC წერს, რომ ზოგიერთი გენეტიკური კვლევა, რომელიც ზაფხულში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ABO გენს, რომელიც სისხლის ჯგუფთან არის დაკავშირებული, შეუძლია გარკვეული როლის შესრულება კორონავირუსით ინფიცირების შედეგებზე, თუმცა კვლევებმა მათ შორის ძლიერი კავშირი ვერ იპოვა, ამიტომ საკითხს, ნამდვილად ახდენს თუ არა ზეგავლენას Covid19-ის ინფექციაზე სისხლის ჯგუფი და თუ ასეა, რამდენად – უფრო მეტი კვლევა სჭირდება.

„8 ადამიანი შიმშილობას ვიწყებთ“ – უმუშევრად დარჩენილების აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა, ყველანაირი ლიმიტი ამოწურულია. არანაირი ნაბიჯი ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად, არ გადადგმულა. ჩვენ ვიწყებთ შიმშილობას,“ – ამბობს ქეთი ქუთათელაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პანდემიის პირობებში უმუშევარი დარჩა. უმუშევრად დარჩენილებმა დღეს, 16 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია განაახლეს.

ქეთი ქუთათელაძის თქმით, შიმშილობას რვა ადამიანი იწყებს, ხოლო მათგან ერთი – გიორგი გორგილაძე აჭარის მთავრობის სახლთან მეხუთე დღეა, რაც შიმშილობს. უმუშევრად დარჩენილები ამბობენ, რომ ისინი აღარ დაიშლებიან, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია გასულ კვირას, 6 ოქტომბერს დაიწყეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად კვირის ბოლომდე შეისწავლიდნენ.

დღეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, დაკმაყოფილდება თუ არა ამ ეტაპზე აქციის მონაწილეების რომელიმე მოთხოვნა.

ლევან ვარშალომიძის მამა კოვიდით გარდაიცვალა

გაერთიანებული ოპოზიციიდან ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ვარშალომიძის მამა, გურამ ვარშალომიძე დღეს, 16 ოქტომბერს, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის „მედცენტრში“ მკურნალობდა.

ინფორმაციას ადასტურენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. გურამ ვარშალომიძე კლინიკაში 20 სექტემბერს გადაიყვანეს, მას კორონავირუსის გარდა სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

დღევანდელი მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა ორი პაციენტი.

რამდენმა პირმა მიიღო 200-ლარიანი კომპენსაცია და რამდენმა დაკარგა სამსახური

პანდემიის გამო საქართველოში შემოსავალი სულ ცოტა 161 905-მა დასაქმებულმა დაკარგა. ეს არის კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობა, რაც დასაქმების სააგენტომ მოგვაწოდა და რომლებზეც 200-ლარიანი დახმარება გაიცა.

„200 ლარი კომპენსაციის მიმღები პირები, რომელთა მონაცემებიც დამქირავებელმა 2020 წლის 1-ელ მაისამდე წარადგინა [შემოსავლების სამსახურში], კომპენსაციას [ბოლო ჩარიცხვას] ოქტომბრის ბოლოს მიიღებენ; ხოლო იმ კატეგორიას, რომელთა ინფორმაციაც 1-ელ ივლისამდე წარადგინეს, მათი კომპენსაციის თანხის ბოლო ჩარიცხვა 2020 წლის დეკემბერში იქნება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

200 ლარი კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში გაიცემა იმ დასაქმებულზე, რომელიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდა ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს [ამ 6 თვის განმავლობაში პირს კომპენსაციის მიღება უწყდება იმ მომენტიდან, როგორც კი მასზე ხელფასის გაცემა დაფიქსირდება].

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, 200-ლარიანი დახმარება 161 905-მა უნიკალურმა ბენეფიციარმა/დასაქმებულმა მიიღო და სულ დაირიცხა 106 288 400 ლარი:

  • მაისის თვეში – 72 131 პირს გადაერიცხა 14 426 200 ლარი;
  • ივნისის თვეში – 143 801 პირს გადაერიცხა 28 760 200 ლარი;
  • ივლისის თვეში – 127 430 პირს გადაერიცხა 25 486 000 ლარი;
  • აგვისტოს თვეში – 96 765 პირს გადაერიცხა  19 353 000 ლარი;
  • სექტემბრის თვეში – 91 315 პირს გადაერიცხა  18 263 000 ლარი;

გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, ერთჯერადი კომპენსაცია [300 ლარი] მიიღო ასევე 248 823-მა თვითდასაქმებულმა, რომლებიც ასევე შემოსავლის გარეშე დარჩნენ პანდემიის გამო. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 2020 წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდა.

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, 10 აგვისტოს მდგომარეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 251 690 პირი. აქედან, თუ სააგენტოს მონაცემებს შევადარებთ, დღევანდელი მდგომარეობით, კომპენსაცია [300 ლარი] არ მიუღია 2 867 დარეგისტრირებულ პირს. გადარიცხვები აგვისტოში დასრულდა, თუმცა, დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ, ოქტომბერში თანხა დამატებით 538 პირს გადაერიცხა.

სააგენტოს მონაცემებით, 248 823 თვითდასაქმებულს სულ დაერიცხა 74 646 800 ლარი:

  • მაისის თვეში -29 981 პირს გადაერიცხა 8 994 300 ლარი;
  • ივნისის თვეში – 74 558 პირს გადაერიცხა 22 367 400 ლარი;
  • ივლისის თვეში – 58 831 პირს გადაერიცხა 17 649 200 ლარი;
  • აგვისტოს თვეში – 84 915 პირს გადაერიცხა 25 474 500 ლარი;
  • ოქტომბრის თვეში – 538 პირს გადაერიცხა 161 400 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მარტში, ანუ პირველ კვარტალში, საქართველოში 22 700 კაცით ნაკლები დასაქმებული იყო, ვიდრე 2019 წელს.

2020 წლის აპრილ-ივნისში კი, ანუ მეორე კვარტალში, როცა ქვეყანაში პანდემია და კომენდანტის საათი იყო შემოღებული, დასაქმებულთა რაოდენობა, თუ საქსტატს დავეყრდნობით, 16 500-ით გაიზარდა პირველ კვარტალთან შედარებით.

2020 წლის მეორე კვარტალში, საქსტატის მონაცემებით, სულ დასაქმებული იყო 1 684 000 ადამიანი. თუმცა აქედან მინიმუმ, 138 227 საჯარო მოხელეა, რომლებიც ხელფასს სხვადასხვა დონის ბიუჯეტიდან იღებს [112 643 – საქართველოს ბიუჯეტიდან, 3 917 – აჭარისა და აფხაზეთის ბიუჯეტებიდან, 9 667 – თვითმმართველი ქალაქების, ხოლო 12 ათასი – დანარჩენი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან [აქ ერთ მუნიციპალიტეტში, საშუალოდ 200 დასაქმებული ავიღეთ. ამასთან, არიან დამატებით კიდევ შტატგარეშე თანამშრომლებიც, რომლებიც ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ, თუმცა, მათი რაოდენობის შესახებ სრული მონაცემები ამ დროისთვის არ გვაქვს -ავტ.].

აქედან გამომდინარე, საჯარო სამსახურების გამოკლებით, კერძო სექტორში 1,5 მილიონი ადამიანი გამოდის დასაქმებული – ეს ოფიციალური მონაცემებით.

არსებულ სიტუაციაში, რა მდგომარეობაა უმუშევრობის კუთხით ქვეყანაში, რთული დასადგენია. 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღები პირებიდან რამდენი შედის სტატისტიკის ოფიციალურ მონაცემებში, როგორც დასაქმებული, უცნობია [კომპენსაციის მიმღები პირებიდან ზოგი კვლავ დასაქმებულად ითვლება, თუმცა ხელფასს ვერ იღებს, ზოგი კი – შემცირებაში მოყვა. ფაქტობრივად გაჩერებულია ტურიზმის სფერო, სათამაშო ბიზნესი, სარიტუალო დარბაზები, გასართობი ცენტრები და სხვა].

ვინ რას და როგორ გეგმავს უმუშევრობის დასაძლევად მაშინ, როცა ამომრჩეველი ნომერ პირველ პრობლემად სწორედ უმუშევრობას ასახელებს. ამ საკითხზე ვრცელ და დეტალურ განმარტებებს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამაში ვერ იპოვით. „ოცნების“ საარჩევნო პროგრამას კი საერთოდ ვერ იპოვით, რადგან მმართველი პარტია მხოლოდ ვიდეოპრეზენტაციით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ კონკრეტულ ხედვებს, სფეროების მიხედვით, მოგვიანებით გააცნობდნენ ამომრჩეველს.

ამ თემაზე დეტალურად:

„ოცნებას“ უმუშევრობის დაძლევის პროგრამა არ აქვს, რას გეგმავენ სხვა პარტიები

 

როგორ მოვიქცეთ, თუ კონტაქტი გვქონდა კოვიდით ინფიცირებულთან – რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს გასცემს მათთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა კოვიდ 19-ის მქონე პირებთან. თვითიზოლაცია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის სავალდებულოა.

  • დარჩით თვითიზოლაციაში ბოლო კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში
  • ამ პერიოდში არ წახვიდეთ სკოლაში, სამსახურში, საყიდლებზე. არ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ მიიღოთ სტუმრები
  • თუ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობთ, მინიმუმამდე დაიყვანეთ საერთო სივრცეში მათთან შეხვედრის ალბათობა
  • თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრა გარდაუვალია, გამოიყენეთ პირბადე და დაიცავით უსაფრთხო დისტანცია – სულ მცირე 1 მეტრი
  • აწარმოეთ თვითმონიტორინგი, გაიზომეთ სიცხე დღეში 2-ჯერ
  • Covid 19-ისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში (ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით 112-ს ან ოჯახის ექიმს
  • დაიცავით ხელების ჰიგიენა, ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით
  • დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი: ხველისა და ცემინებისას აიფარეთ ცხვირსა და პირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ
  • საგულდაგულოდ გაწმინდეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები
  • თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში, დაავადების ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმი ან ეპიდემიოლოგი გადაწყვეტს, ექვემდებარებით თუ არა ტესტირებას
  • არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები, ამით თქვენ დაიცავთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.

______________

ფოტო: pexels

საპენსიო სააგენტოს ყალბი გვერდიდან ადამიანებს ფულს ჰპარავენ, რა დაადგინა გამოძიებამ

„ყალბი ფეისბუქგვერდი, საიდაც ადამიანებს შეიძლება თანხა მოჰპარონ, ისევ აქტიურია, ისევ საბანკო ბარათის პირადი ნომრის შეყვანა მთხოვეს,“ – გვითხრა მოქალაქემ, რომელსაც ფეისბუქში დასპონსორებული გვერდიდან თავისი საპენსიო დანაზოგის ოდენობის გაგება შესთავაზეს. ყალბი ფეისბუქგვერდი საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ სიმბოლიკას იყენებს და მომხმარებელს თითქოს ვერიფიკაციისთვის 1 ლარის გადასახდელად პირადი საბანკო მონაცემების შეყვანას სთხოვს.

ყალბი ფეისბუქგვერდის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპენსიო სააგენტომ ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში მიმართა, თუმცა ყალბი ფეისბუქგვერდი ისევ აქტიურია.

„…სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებგვერდები, რომლებსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ვებგვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვენ. ყალბი ვებგვერდები უკანონოდ იყენებენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება,“ – ეს 2019 წლის 19 აგვისტოს ფეისბუქპოსტია.

რა დაადგინა გამოძიებამ და რატომაა ისევ აქტიური ყალბი ფეისბუქგვერდი? – საპენსიო სააგენტოს პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ მათთვის უცნობია, რა გაირკვა გამოძიების შედეგად და უცნობია თაღლითური სქემაც. აქ მომხმარებლებს ისევ მოუწოდებენ, პირადი საბანკო მონაცემები არსად შეიყვანონ.

საპენსიო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საპენსიო დანაზოგის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მომხმარებელს ინტერნეტბანკინგის საშუალებით, მარტივად შეუძლია.

„ჩვენ მოგვმართეს არაერთხელ დაზარალებულმა მოქალაქეებმა და დაუყონებლივ მივაწოდეთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენთვის უცნობია, რა სახის ზარალი მიიღეს ამ ადამიანებმა… “ – გვითხრეს საპენსიო სააგენტოს პრესცენტრში. აქ განმარტეს, რომ თაღლითური საქმიანობით საფრთხე არ დამუქრებია საპენსიო დანაზოგს და ყალბი გვერდების გამოყენებით საფრთხე ადამიანების საბანკო ანგარიშებს ექმნება.

რა ეტაპზეა გასულ წელს დაწყებული გამოძიება? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის შესაბამისად ინტენსიურად გრძელდება, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა, ყალბი ფეისბუქგვერდები კი, პერიოდულად აქტიურდება.

„ნიკოლი“ მომხმარებელს ტანსაცმლის ახალ კოლექციას სთავაზობს

ბავშვის ტანსაცმლის ადგილობრივი წარმოება კომპანიამ “ნიკოლი” 2017 წლიდან დაიწყო. „ნიკოლი“ ერთიდან ათ წლამდე ბავშვებისთვის წელიწადში რამდენიმე კოლექციას ქმნის, რომლის ნახვა და შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი და ბრენდის მაღაზიებშიც.

კომპანიამ პანდემიის პერიოდში თიბისის მხარდაჭერით ისარგებლა და თურქეთიდან ტანსაცმლის დასამზადებლად საჭირო ქსოვილების იმპორტი განახორციელა.

„თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ამ რთულ პერიოდში ქსოვილის შემოტანა საქართველოში და ახალი კოლექცია შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს,“ – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა ნიკოლაიშვილი.

„ნიკოლი“ თიბისის პროგრამა სტარტაპერის ბენეფიციარია, დაარსებიდან დღემდე კომპანიის საწარმოსა და მაღაზიებში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. „ნიკოლის“ პროდუქციის შეძენა თბილისსა და ბათუმში, თბილისი მოლში, ისთ ფოინთში და ბათუმის მოლში მდებარე ბრენდის საკუთარ მაღაზიებში შეიძლება.

ვის არ აწყობს არჩევნების გადადება და როგორ აიყოლეს მათ ექიმები პოლიტიკურ პროექტში

„არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის არ არსებობს,“ – განაცხადა 15 ოქტომბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსი ქვეყანაში ანტირეკორდებს ხსნის და 15 ოქტომბერს, მაგალითად, 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხელისუფლება არჩევნების გადადებას არ განიხილავს. საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების გადადებას არც ოპოზიცია ითხოვს იმის მიუხედავად, რომ ეპიდემიის ამ მასშტაბით გავრცელების ფონზე, დღითიდღე მცირდება ამომრჩევლის აქტიურობის შანსი.

ცესკოს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას კოვიდინფიცირებულები კლინიკებიდან, კოვიდსასტუმროებიდან და სახლებიდან. მზარდი ციფრების ფონზე უცნობი რჩება კოვიდინფიცირებული პირების ახლო კონტაქტების რაოდენობა – მათ ზუსტ ოდენობას რომელიმე სახელმწიფო უწყებაში ვერ გეტყვიან. პასუხგაუცემელია ამ ეტაპზე კითხვა – როგორ მისცემენ თვითიზოლაციაში მყოფი პირები ხმას.

„…მაინტერესებს პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების განცხადება, რამდენად უსაფრთხოა ადამიანების ჯანმრთელობისთვის ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება. გაითვალისწინეთ, რომ არჩევნების დღეს, ამომრჩევლების საარჩევნო უბნებზე მისვლის გარდა, უამრავ ადამიანს უწევს დახურულ სივრცეში, თითქმის 24 საათის განმავლობაში ყოფნა,“ – წერდა დღეს ფეისბუქში ელენე ნიჟარაძე, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი.

ელენე ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა განმარტონ, არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში რამდენად უსაფრთხოა არჩევნების ჩატარება.

„გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ უბანზე საკმაოდ პატარა სივრცეა და იქ უნდა გაატაროს ათობით ადამიანმა დაახლოებით 24 საათი… რაოდენობა მკვეთრად იზრდება, ორი კვირაა დაახლოებით არჩევნებამდე დარჩენილი, ხვალ და ზეგ რომ იყოს, კიდევ გასაგებია, მაგრამ ეს რისკები დღითიდღე მატულობს,“ – ამბობს ელენე ნიჟარაძე.

იურისტი განმარტავს, რომ არჩევნების გადადება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი – თუ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და მის დასრულებამდე არჩევნების თარიღი არ გამოცხადდება.

„თუმცა ამ საკითხზე არ საუბრობს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია, შეხვედრებიდან ასე ჩანს,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ელენე ნიჟარაძემ.

ცესკოს სამუშაო ჯგუფი უკვე მუშაობს იმაზე, თუ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას კოვიდინფიცირებულები, ასევე მათთან დაკავშირებული კონტაქტები, თუმცა, მაგალითად, დღეს სამ უწყებაში – შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვერ გვითხრეს, რამდენი ასეთი პირია ქვეყანაში და რომელი უწყება ითვლის ამ კონტაქტების რაოდენობას.

კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტირებული პირი დიდი ალბათობით 112-ს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა თავადაც იყოს ინფიცირებული. 112-ის პრესცენტრში დაგვიდასტურეს, რომ ეს ასეა, თუმცა ისინი არ აგროვებენ მონაცემებს და ამას ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს. ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ეს 112-ის საქმეა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესცენტრში კი გვიპასუხეს, რომ მონაცემები აქვთ, მაგრამ ამას ვერ მოგვაწვდიან.

დღის ბოლოს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ვკითხეთ კოვიდკონტაქტების რაოდენობის შესახებ.

„…რამდენიმე ათასობით ასეთი პირია, 10-15 ათასამდე მერყეობს, აჭარაში, ბუნებრივია, ეს მაღალია,“ – ზუსტი მონაცემი ვერ გვითხრა თამარ გაბუნიამ. თუმცა განმარტა, რომ „ახლო კონტაქტების მიდევნებაზე“ მუშაობს რამდენიმე უწყება, მათ შორის, შსს და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდემიოლოგებთან ერთად.

„კონტაქტების მონიტორინგისთვის ჩვენ დამატებითი ბერკეტის ამოქმედებას ვგეგმავთ, თუმცა ეს დაახლოებთ ორ კვირაში იქნება,“ – დასძინა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

როცა არჩევნებზე მისვლით დაავადების გავრცელების რისკი იმატებს და ამომრჩეველთა პასიურობის მიზეზიც, რატომ არ საუბრობს პოლიტიკური ოპოზიცია არჩევნების გადადებაზე?

„ზუსტად იმიტომ, რომ მერე ისევ ოპოზიციისკენ არ გამოიშვირონ ხელი, სრულად ანდობს პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან არჩევნების კანონიერად და სამართლიანად ჩატარება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, – ამბობს თამარ კორძაია, „რესპუბლიკელებიდან“, „გაერთიანებული ოპოზიციის“ საპარლამენტო სიის წევრი. თამარ კორძაიას აზრით, ამ ვითარებაში მმართველი პოლიტიკური ძალის მოგების შანსი იმატებს.

„დიდი რისკია, რომ მოქალაქეები არ და ვერ მივიდნენ არჩევნებზე, ხოლო ჩვენ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უხერხულ მდგომარეობაში ვართ, რთულია ამ დროს ვინმეს მიმართო არჩევნებზე მოვიდეს… „ქართულ ოცნებას“ კი ყოველთვის აქვს რესურსი, თავისი ამომრჩეველი გამოიყვანოს და ეს ყოველდღიურად დასტურდება. ჩვენ ვხედავთ არათუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, არამედ პირდაპირ მოსყიდვაზე არიან გადასულები… ხელისუფლება ახლაც მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს,“ – ამბობს თამარ კორძაია.

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში, როცა სახელმწიფო არ ამბობს, ზუსტად რამდენი ადამიანია თვითიზოლაციაში, მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში ციფრებით მანიპულაციის შანსებიც იზრდება.

„ცესკო საუბრობს სპეცუბნების მოწყობაზე იქ, სადაც კოვიდკლინიკებია და კოვიდსასტუმროები, მაგრამ არავინ იცის, შევა თუ არა იქ დამკვირვებელი, მედიის წარმომადგენელი, ან თუ შევა, როგორ იქნება იქ უსაფრთხოება დაცული… საუბარია გადასატან ყუთებზეც მათთვის, ვინც იზოლაციაშია, შესაძლოა, ბევრი ადამიანი შეიყვანონ გადასატანი ყუთის სიაში, მაგრამ დროში დაგვითვალონ, როგორ მოასწრებს ერთი კომისია წესების დაცვით ამდენ ადამიანთან ადგილზე მისვლას?“- კითხულობს თამარ კორძაია.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი ორ მიზეზს ასახელებს, რის გამოც პოლიტიკური ოპოზიცია, მისი შეფასებით, ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს: პასუხისმგებლობა და დამატებითი ფინანსები, რაც გადადებულ არჩევნებს დასჭირდება.

„…ოპოზიციამ ვერ და არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, არჩევნები გადაიდოს თუ არა, რადგან ეს ძალიან დიდი ფინანსური დარტყმაა… მინიმუმ, რაც ხელისუფლებას ევალება, ესაა ის, რომ ზუსტი სტატისტიკა გვითხრას, საკარანტინო სივრცეში რამდენი და თვითიზოლაციაში რამდენი ადამიანი იმყოფება. როცა ამას ვერ გვეუბნება, ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნების დღისთვის ის იტოვებს მანიპულაციის მძლავრ ბერკეტს. ჩემი აზრით, არ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციამ, როცა მინიმუმ სრულყოფილი ინფორმაცია არ არსებობს რეგიონებთან დაკავშირებით. როდესაც ზუსტი მონაცემები დაიდება, შემდეგ შეიძლება დასაბუთებული პოზიცია ვთქვათ…“ – გვითხრა თამარ კორძაიამ.

„ოპოზიციას დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს, ხელისუფლება კი თვლის, რომ არჩევნების დროულად ჩატარებით რეალობის ნაწილობრივ გადაფარვას შეძლებს,“ – ასეთია კორნელი კაკაჩიას დასკვნა, როცა ის ეპიდსიტუაციის პარალელურად პოლიტიკურ ელიტას აკვირდება. კორნელი კაკაჩია „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელია. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში, როცა ადამიანებისთვის ზოგჯერ კლინიკებში ადგილიც არ არსებობს, რთულია ამომრჩეველს მამაცობა და არჩევნებზე მისვლა მოსთხოვო.

„ხელისუფლებამ გაზაფხულისთვის რომ გადადოს არჩევნები, სერიოზული რისკია, რომ მათ ეს რეიტინგი ვერ შეინარჩუნონ, რაც აქვთ… ეუბნებიან კიდევ ხომ „ოცნებას“, კორონას სულზე რომ არ მოესწრო თქვენს დავარდნილ რეიტინგს, რა გეშველებოდათო. გაზაფხულამდე პანდემია სერიოზულად აისახება ადამიანების ჯიბეებზე, დიდი შანსია, რომ გაუარესდეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და თითქმის გარანტირებული ხდება ხელისუფლების წაგება. ამიტომაც, ხელისუფლება თითქოს არ იმჩნევს ამას. ჯერ ამბობდნენ, რომ კარგი მენეჯერები ვართო, მაგრამ შემდეგ, როცა გაექცათ სიტუაცია, მიხვდნენ, რომ ეს რიტორიკა აღარ გამოადგებათ… ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს ნებისმიერ ფასად ჩაატაროს არჩევნები და გააქტიურებული პრობლემები მიჩქმალოს, მათ აიყოლიეს პროფესიონალები, ექიმები ამ პოლიტიკურ პროექტში და ისინიც არ საუბრობენ იმ რეალურ რისკებზე, რაც არსებობს,“ – აღნიშნა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ „ბათუმელებთან“.

რატომ არ სურს ოპოზიციას არჩევნების გადადება, თუკი მმართველი პოლიტიკური ძალის დამარცხების შანსი ამით იზრდება?

„ყველას სურს, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით, მეტი ხმა მიიღოს და ალბათ იმედი აქვთ, რომ ამ პარლამენტში, ასე ვთქვათ, უკეთეს შედეგს დადებენ, ვიდრე წინა პარლამენტში…

დამაჯერებელია ოპოზიციის არგუმენტი ფინანსურ ხარჯებზეც, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჩვენთან პოლიტიკა უფრო წინ დგას, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინების წინაც,“ – გვითხრა კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგს ეჭვი არ ეპარება, რომ დაავადების გავრცელების ფონზე იზრდება იმის ალბათობაც, რომ ე.წ. „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი,“ რომელიც პოტენციურად ოპოზიციის ამომრჩეველია, საერთოდ აღარ გავიდეს სახლიდან კენჭისყრის დღეს. ამ ფონზე კი, მმართველ პოლიტიკურ ძალას საკუთარი ელექტორატის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება გაუიოლდეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსებს პირდაპირ იყენებს „ქართული ოცნება“ რეგიონებში… თუ ასეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება გაგრძელდა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივა და ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს ოპოზიციის საერთო ხმებზე,“ – დასძინა კორნელი კაკაჩიამ.

აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 წლის კაცი და 55 წლის ქალი

16 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა 2 პაციენტი, 63 წლის კაცი და 55 წლის ქალი.

63 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. დიაგნოზში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს, ვკითხულობთ:
„კოვიდ 19, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, შოკი“.

55 წლის ქალი გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში.  „კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია დაუზუსტებელი, გულის გაჩერება. ჰიპერტონული დაავადება, თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი,“ – აღნიშნულია დიაგნოზში.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 11 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

აჭარაში კოვიდის 342 ახალი შემთხვევა დადასტურდა

16 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 169 პაციენტი.

გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 2 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 567 პაციენტი, რეანიმაციაშია 55 ინფიცირებული.

დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 822 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 1200-მდე ინფიცირებული.

დადასტურდა კორონავირუსის 887 შემთხვევა, 11 პაციენტი გარდაიცვალა

16 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში  გარდაიცვალა 11 პაციენტი.

დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 15327 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 7613. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 124 ადამიანი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5721 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდსასტუმროში კი – 1090.

Exit mobile version