“გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება” – რა იცვლება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება.

აეროპორტის მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას, ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის  ტერმინალის არსებულ 8,000 მ²-ს დახლოებით 1000 მ² ფართობის ახალი სივრცეები ემატება.

ეს სივრცეები მოიცავს, როგორც საოპერაციო ასევე ადმინისტრაციულ ზონებს. ამ სივრცეების ხარჯზე აეროპორტის გამტარუნარიანობა ჯამში 22-25%-მდე გაიზრდება.

„სარეგისტრაციო ზონაში არსებული დახლების რაოდენობა 14-დან 18-მდე იზრდება,  რაც დააჩქარებს რეგისტრაციის პროცესს.

ასევე პროექტის ფარგლებში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საზღვრის კონტროლის ზონაში  საპასპორტო შემოწმების ჯიხურების რაოდენობა 5-მდე იზრდება, რაც საერთო ჯამში გასასვლელების რაოდენობას 8-დან 10-მდე გაზრდის.

ეს  მნიშვნელოვნად შეამცირებს საემიგრაციო პროცედურებისთვის საჭირო დროს.

უკვე დასრულებულია Duty Free ზონის გაფართოების სამუშაოები. განახლებული სავაჭრო ზონა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, ის სრულად არის დატვირთული პროდუქციით და უკვე ემსახურება მგზავრებს.

ტერმინალის მომიჯნავე შენობაში, 450 მ2 ფართობზე  დასრულდა ადმინისტრაციული ოფისების სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. ადმინისტრაციული პერსონალის ახალ სამუშაო სივრცეში გადაყვანა  ტერმინალის შიგნით არსებულ საოპერაციო სივრცეს გაზრდის,“ – ნათქვამია ტავ ჯორჯიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე გამგზავრების ზონის  შესასვლელისა და საპასპორტო კონტროლის ზონების გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.

კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია საბარგო კარუსელების დაგრძელება და მოდერნიზება.

ამავე თემაზე:

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

“დაგმეთ რუსეთის ანექსიური ნაბიჯები საქართველოში” – სამოქალაქო საზოგადოება პარტნიორებს მიმართავს

“არსებობს მაღალი რისკი, რომ მოსკოვმა საკუთარი შემცირებული გავლენის კომპენსირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს,” – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ღია წერილით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ.

წერილში საუბარია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებაზე.

მიმართვის ადრესატები არიან:

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN),
  • ევროპის კავშირი (EU),
  • ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM),
  • ეუთო(OSCE),
  • ნატო (NATO),
  • საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები

გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

„ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის განგრძობით პროცესს. რუსეთის ფედერაციის ქმედებების დინამიკა პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და სტაბილურობას რეგიონში.

ბოლო წლებში დაფიქსირებული ფაქტების ერთობლიობა ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას, რაც გამოიხატება შემდეგ საგანგაშო ტენდენციებში:

2026 წლის 9 მაისს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევს მიერ ხელმოწერილი „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ შეთანხმება, წარმოადგენს ფაქტობრივი ანექსიის ახალ განზომილებას, რომელიც ადგილზე მოქმედი რეჟიმის სისტემაში ე.წ. პოლიტიკურ თანამდებობებზე საკუთარი მოქალაქეების დანიშვნის უფლებას აძლევს, ქმნის უძრავი ქონებისა და რესურსების რუსეთის მოქალაქეებისათვის საკუთრებაში გადაცემის “სამართლებრივ“ საფუძვლებს და აღრმავებს ოკუპირებული ცხინვალის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული სისტემების ფუნქციურ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში.

რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნის მარატ კამბოლოვის დანიშვნა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერად და მისთვის მართვის სადავეების გადაბარება საკადრო ცვლილებების გზით წარმოადგენს ადგილობრივი მარიონეტული მმართველობის ფორმალური ნიშნების გაუქმებას და ოკუპირებული რეგიონის პირდაპირ, ღია გადასვლას რუსეთის ფედერაციის მმართველობის ქვეშ.

ანექსიური პროცესები ძლიერდება, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც რუსეთთან საკანონმდებლო „ჰარმონიზაციითა” და უძრავი ქონების ბაზრის რუსული კაპიტალისთვის გახსნით მოსკოვი ახდენს რეგიონის „სამართლებრივ”  და ეკონომიკურ შთანთქმას.

პროცესების ყოვლისმომცველ კოორდინაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უმაღლესი ეშელონებიდან პირადად მოსკოველი კურატორი სერგეი კირიენკო ხელმძღვანელობს.

განსაკუთრებით საგანგაშოა ოჩამჩირის პორტის გადაქცევა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო პლაცდარმად და თბილისის მიმართ გაჟღერებული მუქარები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის შავი ზღვის უსაფრთხოებას.

ხსენებული პროცესები მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტების ფონზე.

არსებობს მაღალი რისკი, რომ მოსკოვმა საკუთარი შემცირებული გავლენის კომპენსირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს.

მოსკოვის მოთხოვნა თბილისთან ე.წ. „ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერის არა კონფლიქტის რეალურ მხარესთან – რუსეთთან, არამედ ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან, წარმოადგენს საქართველოს მთელი ტერიტორიის რუსეთის გავლენის სფეროდ დამკვიდრების ნიადაგის შემზადებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ცალმხრივად, მათ შორის საერთაშორისო დონეზე არაერთხელ აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება, რაც მსგავსი მოთხოვნების პოლიტიკურ და პროვოკაციულ ხასიათს ააშკარავებს.

მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს:

კვლავაც მტკიცედ დაადასტურონ მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

საერთაშორისო დონეზე დაგმონ რუსეთის აგრესიული რიტორიკა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები;

განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირთა მიმართ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო ანექსიურ და მილიტარისტულ პროცესებში;

კიდევ უფრო განამტკიცონ ოკუპირებული რეგიონების მიმართ ე.წ დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა;

გააძლიერონ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო მედეგობისა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების განვითარებისათვის.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარტნიორების დროული და კოორდინირებული მოქმედება აუცილებელია, რათა რუსეთმა გადაიხადოს მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევების გამო.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება რჩება დეოკუპაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის ერთგული“.

მიმართვა ღიაა შემდგომი მიერთებისთვის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

  • ხელმომწერები:
    1. თეონა აქუბარდია (საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წწ, პარლამენტის წევრი 2020-2024 წწ)
    2. მალხაზ მიქელაძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
    3. თინა ხიდაშელი (საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2015-16 წწ, „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე)
    4. დავით სიხარულიძე (საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2008-2009 წლებში)
    5. გიორგი მუჩაიძე (საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი)
    6. მიხეილ დარჩიაშვილი (საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე 2013-2014წწ)
    7. თეიმურაზ კეკელიძე (საქართველოს ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში 2020-2023 წწ)
    8. შალვა ლომიძე (საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი 2021-2024 წწ)
    9. გიორგი ბილანიშვილი (სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი)
    10. ნინო გორგოძე (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი)
    11. მაია გოგიბერიძე (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი)
    12. კარლო ცქიტიშვილი (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი)
    13. გიგი გიგიაძე (ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი)
    14. ნოდარ ხარშილაძე (საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი)
    15. მიხეილ უკლება (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
    16. მერაბ ანთაძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
    17. ზურაბ ერისთავი (საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშემიანთა სამეფოში 2009-2013 და მექსიკის შეერთებულ შტატებში 2015-2020)
    18. გიორგი მელაშვილი ( ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე)
    19. ნიკოლოზ ვაშაკიძე ( საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე)
    20. გელა სეხნიაშვილი (საქართველოს ყოფილი ელჩი არგენტინაში)
    21. გიორგი ჩხეიძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი)
    22. დავით ნარდაია (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი)
    23. ელგუჯა ხოკრიშვილი (დემოკრატიის, გეოპოლიტიკისა და მედეგობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი)
    24. ნატო ბაჩიაშვილი (გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი)
    25. მერაბ ვაშაკიძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი)
    26. ზვიად (სანდრო) ჭუმბურიძე (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
    27. გიორგი ყარალაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
    28. ირაკლი ლაითაძე (ილიაუნის პროფესორი)
    29. ნიკოლოზ რთველიაშვილი (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
    30. დავით დონდუა (ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი)
    31. ვალერი ჩეჩელაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, BSEC-ის ყოფილი გენერალური მდივანი 2000-2004, ფინანსთა ყოფილი მინისტრი 2005)
    32. დავით ბუჯიაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი)
    33. გიორგი ყველაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიან დესპანი)
    34. გრიგოლ მაგრაქველიძე (დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი)
    35. გელა ბეჟუაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი – 2004, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი – 2005-2008)
    36. მარიკა რაქვიაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
    37. თენგიზ ფხალაძე (საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი – საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივანი 2014-2018)
    38. ნიკოლოზ ქავთარაძე (სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი)
    39. პაატა დავითაია (აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 2008-2012წწ)
    40. ივანე მაჭავარიანი (საქართველოს ყოფილი ელჩი იაპონიაში – 2006-2009; პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივანი – 2013-2015; უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი – 2015-2018)
    41. გიორგი ბადრიძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მკვლევარი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი)
    42. ვახტანგ კაპანაძე ( (თადარიგის გენერალ მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2005-2006 და 2012-2016 წწ)
    43. ვლადიმერ ჩაჩიბაია (თადარიგის გენერალ ლეიტენანტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური 2016-2020წწ და პარლამენტის ყოფილი წევრი 2020-2024წწ)
    44. გოჩა ჯავახიშვილი (საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში)
    45. ელენე მარჩილაშვილი (ყოფილი დიპლომატი)
    46. არჩილ გეგეშიძე (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
    47. ტარიელ ლებანიძე (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
    48. მანუჩარ წოწონავა (საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი)
    49. კონსტანტინე გაბაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე)
    50. თემურ იაკობაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი)
    51. ზურაბ ჭიაბერაშვილი (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თბილისის ყოფილი მერი)
    52. ეკა აკობია (პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი)
    53. სერგი კაპანაძე (პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
    54. საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება DSG (აერთიანებს 40-ზე მეტ ყოფილ დიპლომატს)
    55. ნუკრი ნოდია (მოძრაობა აფხაზეთისთვის)
    56. დავით კაპანაძე (ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმომადგენლობის ყოფილი უფროსი მრჩეველი)

მთავარი ფოტო: ოკუპირებული ოჩამჩირის პორტი/ამერიკის ხმა

“ოპოზიციაში ყოფნა საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავს” – გახარია ჩხუბის შესახებ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საკუთარი თანაპარტიელების ცემას „ოცნების“ დეპუტატების მიერ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ჩვენ პარლამენტში შევედით არა იმისთვის, რომ მოქალაქეები – მათ შორის ისინიც, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა – თავიანთი საჭიროებებისა და პრობლემების პირისპირ მარტო დაგვეტოვებინა. ჩვენი მიზანი იყო პარლამენტის ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენება ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ პარლამენტში განსხვავებული ხმებიც ისმოდეს. ამ მისიისთვის არასოდეს გვიღალატია.

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა. ჩვენს კოლეგას, გიგა ფარულავას, სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავს. ამ ძალადობას ხელს უწყობს დაუსჯელობის განცდა, რომლითაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მყოფი პირები სარგებლობენ“, – დაწერა გიორგი გახარიამ.

26 ივნისს, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიის 2 დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოცნების დეპუტატმა ლაშა ტალახაძემ გახარიას პარტიის დეპუტატს მუშტი ჩაარტყა

ამავე თემაზე:

„ოცნების“ დეპუტატები გახარიას თანაპარტიელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ჩხუბი პარლამენტში

„რუსებმა ქალების გაწვევა დაიწყეს დრონების ოპერატორებად“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთში ქალების გაწვევა დაიწყეს – 35 წლამდე ქალბატონები დრონების ოპერატორებად მიჰყავთ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსებს ადამიანური რესურსების კუთხით „საგრძნობი პრობლემები“ გაუჩნდათ:

„აღარ მიდის ხალხი – დაინახეს, როგორ მთავრდება ჯარში წასვლა. ტუვასა და ბურიატიაში გამოილია ხალხი, ხოლო სანქტ-პეტერბურგიდან და მოსკოვიდან არავის უნდა ფრონტზე წასვლა. რუსებს დაეცალათ ციხეები, საიდანაც მსჯავრდებულები მიჰყავდათ მასობრივად ფრონტზე.

ამას გარდა, უნივერსიტეტებში და სხვა სასწავლებლებში მიდის ძალიან დიდი პროპაგანდა და აქტიურობა, რათა 18 წლიდან ახალგაზრდებმა დადონ კონტრაქტი ვითომდა დრონების ოპერატორების პოზიციებზე სამუშაოდ. ბევრ შემთხვევაში ახალგაზრდები მიდიან ნაწილში და ეუბნებიან: ჩვენ უფრო გვჭირდები მოიერიშედ, აძლევენ ავტომატს და უშვებენ მოიერიშედ დანაყოფში….,“ – გვითხრა ვახტანგ კაპანაძემ.

ამ მოცემულობაში, როცა უკრაინა ახერხებს რუსეთზე თავდასხმის მასშტაბის გაზრდას, აფეთქებებს, მათ შორის, მოსკოვში, ასევე, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იზრდება, რა შანსი რჩება პუტინს? უნდა ველოდოთ, რომ რუსეთს ექნება მაინც საშემოდგომო კამპანია? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე საზოგადოებრივი ინიციატივის „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელია.

  • ბატონო ვახტანგ, 25 ივნისს უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა ჰქონდა ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე. რუსულმა სახელმწიფო მედიამ ამ შეტევას უწოდა „წლის დასაწყისიდან ყველაზე მასირებული შეტევა“. რას გვაჩვენებს ბოლო მონაცემები?

გრძელდება უკრაინელების გეგმური და სტრატეგიულად გათვლილი მოქმედებები, რაც გულისხმობს, რომ მაქსიმალური ზარალი მიადგეთ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს, სტრატეგიულ ობიექტებს. ამავე დროს, მაქსიმალურად უნდა იქნას განხორციელებული შესაძლებლობის ფარგლებში ყირიმის ბლოკირება.

წარმოიდგინეთ, რუსეთის ფედერაციაში არის დაახლოებით 400-მდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, აქედან ყველაზე დიდი და მთავარი არის 10. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თითქმის 80%-ზე დარტყმები განხორციელდა უკვე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული დარტყმებია რუსეთისთვის. რუსეთს „დიდ ნავთობგასამართ სადგურს” ეძახდნენ და იქ ბენზინის პრობლემაა.

ახლოვდება შემოდგომა, ახლა არის პერიოდი, როცა საჭიროა საველე სოფლის სამეურნეო სამუშაოები, რაც კიდევ დამატებითი ზეწოლაა საწვავზე. ამას ემატება მიწოდების პრობლემები, რაც ხდება ფრონტის წინა ხაზზე და უშუალოდ ყირიმში.

რამდენიმე დღის წინ ტიუმენში დაარტყეს გაზის შესანახ საცავს. ტიუმენი არის დასავლეთ ციმბირი. ეს არის 2000 კილომეტრი.

  • ამ მანძილზეც სწვდებიან უკვე უკრაინელები რუსებს? 

არ მალავს ზელენსკი ამას. მან განაცხადა, რომ 3000 კილომეტრზე მფრენი დრონები გვაქვს უკვეო. ამას დაუმატეთ ის აღჭურვილობა, რომლითაც ეხმარება დასავლეთი უკრაინას, ის აღჭურვილობა, რასაც თვითონ უკრაინა აწარმოებს საშუალო მანძილზე დარტყმებისთვის და შედეგი სახეზეა.

ახლახან, კინბურნის ცელაზე უკრაინელებმა უკრაინის დროშა აღმართეს. ეს არის კინბურნის ნახევარკუნძულის წაგრძელებული ბოლო, რომელიც ნიკოლაევის და ხერსონის რაიონებშია და, ფაქტობრივად, რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა. ეს ყირიმის მიმდებარე მატერიკული ნაწილია. კინბურნის ნახევარკუნძული უახლოვდება უშუალოდ უკრაინელების მიერ კონტროლირებად ოჩაკოვს და ნიკოლაევს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეს ნახევარკუნძული და ეს ცელი – იგი ბუნებრივ ჭიშკარს წარმოადგენს, რომელიც დნეპრს ყოფს შავ ზღვისაგან. მისი კონტროლის საშუალებით შესაძლებელია ხერსონისა და ნიკოლაევის ბლოკირება. ძირითადად ამ მიმართულებიდან ხდება ხორბლის გატანა. ამავე დროს, აქ რუსებმა განათავსეს რადიოელექტრონული ბრძოლის და რადიოტექნიკური დაზვერვის საშუალებები.

ამ ტერიტორიიდან პერიოდულად რუსები ახორციელებენ არტილერიის და ნაღმმტყორცნების დარტყმას, ასევე, დრონების გაშვებას ნიკოლაევის და ხერსონის ოლქების მიმართულებით. ეს არის ძალიან ვიწრო, ქვიშიანი ნახევარკუნძული. კინბურნი არის სადღაც სიგანით 4-დან 10 კილომეტრის ფარგლებში, ხოლო მისი სიგრძე არის 45 კმ. მისი დაბოლოება – კინბურნის ცელი, არის 10 კილომეტრამდე, საშუალო სიგანე – 100 მეტრი. წვერში არის 1-დან 3 მეტრამდე.

უკრაინელებმა შეძლეს ის, რომ სერიოზული საცეცხლე დარტყმები მიაყენეს რუსებს და თავისი დროშა აღმართეს უკვე ამ ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, გარკვეული ნაწილი რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიისა, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელებმა დაიკავეს. რამდენად დიდხანს გაჩერდებიან, ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ძალიან ვიწრო ზოლია. აქედან დესანტის გადასხმასაც უკრაინელების მხრიდან აზრი არა აქვს – ადვილად მოწყვლადი იქნება, რადგან ძალიან ვიწრო მიწის მონაკვეთზე იქნებიან, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი – სპეცოპერაცია იქნება, თუ ეს საარტილერიო, საცეცხლე დარტყმებით რუსების იძულება, ევაკუაცია დაიწყონ თავისი დანაყოფების ამ ნახევარკუნძულიდან, ძალიან მნიშვნელოვანია.

  • ეს ტენდენცია და შეტევების მასშტაბი, რასაც აღწევს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ, აჩენს მოლოდინს, რომ შეიძლება მართლა მოუწიოთ რუსებს საკუთარი ნებით დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები უკრაინაში?

გარკვეული მონაკვეთების დატოვება ალბათ მოუწევთ რუსებს, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, მაგალითად, კონსტანტინოვკაში წარმატების გაუმჯობესებას.

ჯერჯერობით ბრძოლები მიმდინარეობს და ნახევარ-ნახევარზეა ეს ქალაქი გაყოფილი. რუსების ამოცანაა, რომ რაღაცნაირად გავიდნენ სლავიანსკი-კრამატორსკზე. კონსტანტინოვკიდან შემდეგ უკვე მოდის დრუჟკოვკა და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენთან წინა ინტერვიუებში ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ნელი მიწოლით წინსვლას აქვს უარყოფითი მომენტი – ამასობაში, უკრაინელები ახერხებენ მეორე და მესამე თავდაცვითი ზღუდეების შექმნას. ამ დროს გარღვევა ვერ ხერხდება.

თავის მხრივ, გარღვევის დროს იქმნება ოპერატიული სიცარიელე, რაც საშუალებას აძლევს შემტევ მხარეს, რომ მაქსიმალურად სწრაფად განავითაროს შეტევა, მოახდინოს მოწინააღმდეგის დეზორგანიზებული დანაყოფების შემოვლა, ალყაში მოქცევა, გარკვეული გადაჯგუფებები და ასე შემდეგ.

ამ არაკონტაქტური დარტყმების განხორციელებით, უკრაინელებმა ყირიმში ძალიან მძიმე მდგომარეობა შექმნეს. ეს აიძულებს რუსებს, რომ მოსახლეობა და გარკვეული დანაყოფები გაყვანილი იქნას ნახევარკუნძულიდან. თუ მოსახლეობა გავა, ჰქონდეთ ეს ტრიალი მინდვრები რუსებს. აქ მუდმივად დარტყმის ქვეშ იქნებიან რუსების დანაყოფები.

მნიშვნელოვანია, რომ ყირიმის ნახევარკუნძული მატერიკთან დაკავშირებულია სამი ე.წ. „ბოთლის ყელით“, ანუ ვიწრო დამაკავშირებელი ელემენტით. ეს არის ქერჩის ხიდი, რომელიც აკავშირებს მატერიკს ყირიმის ნახევარკუნძულთან; ასევე არის არმიანსკი-კრასნოპერეკოვსკი – ეს არის ჩრდილოეთიდან ხმელეთის ვიწრო ყელი, რომელიც უშუალოდ მატერიკთან აკავშირებს ამ ნახევარკუნძულს და ჩონგარი. ჩონგარი არის ხიდების სისტემა სივაშზე, ფაქტობრივად, ზღვის ჭაობზე.

ყველა ამ მიმართულებაზე: არმიანსკი იქნება ეს, თუ კრასნოპერეკოპსკი, ხიდების სისტემაა. მაგალითად, არმიანსკისთან გადის მსხვილი არხი, რომელიც ამჟამად დამშრალია, მაგრამ მასზე ხიდია გადებული, რაც მთავარია, ჩონგართან სარკინიგზო ხიდი გადის საავტომობილოსთან ერთად და ყველა ეს ხიდი მუდმივი დარტყმის ქვეშაა. იმის გამო, რომ ქერჩის ხიდზე იყო დარტყმები, რუსები ახლა აღარ იყენებენ მას დიდი მოცულობის ტვირთების და საწვავის გადასატანად. რუსები ცდილობენ მარიუპოლი-მელიტოპოლი-ჯანკოის მიმართულებით ხმელეთიდან გაიარონ, ამ გზის გავლის შემდეგ მაინც ისევ არმიანსკიდან და ისევ ჩონგარიდან უნდა შევიდნენ ყირიმში.

  • რა სახის სამხედრო სირთულეს უქმნის ეს რუსეთს? 

ყირიმის დაჯგუფება ხდება მოწყვეტილი აბსოლუტურად. ყირიმის დაჯგუფება ვერც ეხმარება რუსების დანარჩენ დანაყოფებს. გამოდის, რომ მთელი დაჯგუფება არის ჩაკეტილი ყირიმში, ფაქტობრივად, მძევალ მდგომარეობაშია.

პოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინელებმა ყირიმზე თუ აღადგინეს კონტროლი, გამოდის, რომ შავი ზღვა ისე უბრუნდება უკრაინას.

  • რუსეთის ჯარებმაც მიიტანეს წუხელ შეტევა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით კიევის ერთ-ერთ რაიონზე. რუსებს რა გამოსდით ამ ეტაპზე? 

ვერაფერს ვერ ახერხებენ იმის გარდა, რომ ცდილობენ, მაქსიმალურად ზარალი მიაყენონ უკრაინას. ეს მორიგი გაბოროტებული დარტყმების სერიაა, ვითომდა საპასუხო, მაგრამ ნაკლებად ეფექტური. ეს მიმართულია ისევ პანიკის დათესვასა და მოსახლეობის მორალის გატეხაზე, რაც დიდი ალბათობით რუსეთს უკრაინაში არ გამოსდის.

  • ზელენსკის თქმით, უკრაინული ძალების იერიშის შედეგად სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე რუსეთის ბალტიის ფლოტის არსენალში 60 000 ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა განადგურდა. ეს რამდენად მნიშვნელოვანია?

მნიშვნელოვანია და ეს გამონაკლისი არ არის: პერიოდულად ახერხებენ უკრაინელები მსგავსი სამიზნეების განადგურებას. წარმოიდგინეთ, რომ საბრძოლო კომპონენტები რომ ავიღოთ, დაზვერვაშიც აჯობეს რუსებს უკრაინელებმა, ისევ დასავლეთის დახმარებით, თუმცა იგივე უკრაინის აგენტურული დაზვერვა გაცილებით უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე რუსული.

სატელიტური და კოსმოსური დაზვერვის შედარებაც კი არ შეიძლება. ფაქტობრივად, მარტო ის რად ღირს, რომ უკრაინელები იღებენ ინფორმაციას Starlink-ის გამოყენებით.

  • თქვენი ინფორმაციით, რამდენად გაუჩნდა რუსეთს ადამიანური რესურსების პრობლემა? „ვაჟნიე ისტორიის“ და „ვერსტკის“ კვლევების მიხედვით, გაზრდილი დანაკარგების ფონზე რუსეთი ჯარის ცოცხალი ძალით შევსებას ვერ ახერხებს. 2025 წლის მეოთხე კვარტალში კონტრაქტით აყვანილთა რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ნახევარჯერ შემცირდა 

დიახ, არის ეს პრობლემა. არის მოსაზრება, რომ შეიძლება ნაწილობრივი მობილიზაცია მაინც განახორციელოს რუსეთმა, თუმცა ასეთ დაძაბულ ვითარებაში რამდენად გააკეთებს ამას, ვერ გეტყვით.

რუსეთში ქალების გაწვევა დაიწყეს – 35 წლამდე ქალბატონები დრონების ოპერატორებად მიჰყავთ.

ამას გარდა, უნივერსიტეტებში და სხვა სასწავლებლებში მიდის ძალიან დიდი პროპაგანდა და აქტიურობა, რათა 18 წლიდან ახალგაზრდებმა დადონ კონტრაქტი ვითომდა დრონების ოპერატორების პოზიციებზე სამუშაოდ. ბევრ შემთხვევაში ახალგაზრდები მიდიან ნაწილში და ეუბნებიან: ჩვენ უფრო გვჭირდები მოიერიშედ, აძლევენ ავტომატს და უშვებენ მოიერიშედ დანაყოფში. ეს პროპაგანდისტული ხაფანგია საიმისოდ, რომ რაღაცნაირად ხელი მოაწერინონ კონტრაქტს დაპირებით, რომ სწავლას დაუფინანსებენ, თანხას გადასცემენ და ასე შემდეგ.

არც ისაა გამორიცხული, რომ რუსებმა ისევ ჩრდილოეთ კორეელი მოხელეები დაიყენონ გვერდით. ასევე, რამდენიმე კომპანია აფრიკაში აგროვებს მოხალისეებს ასევე ნახევრად სიმართლით და ამ ადამიანებს აგზავნიან რუსეთში.

საინტერესო ისაა, რომ ბელარუსში მიიღეს დადგენილება, რომ ძალოვან სტრუქტურებში სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც შეეძლებათ იმსახურონ. ეს ნიშანდობლივი ფაქტია: რისთვის ემზადებიან, რისთვის აკეთებენ ამას? ეტყობა, იქაც უჭირთ, დიდი ხალისით არ მიდიან ბელარუსები ლუკაშენკოს სამსახურში და ამ დროს ეს მოთხოვნა არსებობს რუსეთის მხრიდან.

  • ფიქრობთ, რომ ისევ რეალურია ბელარუსის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის საფრთხე?

ჩემი აზრით, ძალიან დამოკიდებულია ლუკაშენკო რუსეთზე. რამდენად გამოუვა მას დამოუკიდებელი თამაში, ვერ გეტყვით. ამჟამად თითქოსდა ლუკაშენკო გრძელვადიან მივლინებაშია, თუმცა ამის პარალელურად ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის რეტრანსლატორები, რაც ბელარუსის საზღვართან იყო განლაგებული და ახდენდა რუსული დრონების კოორდინირებას, გამორთეს მას შემდეგ, რაც ზელენსკი ბელარუსს დაემუქრა და მისცა ერთკვირიანი ვადა გამორთვისთვის.

ასე რომ, რეტრანსლატორები უკვე გამორთულია, მაგრამ რამდენად გამოუვა ლუკაშენკოს დაჭიმულ ფეხებზე „შპაგატში” დგომა, არ ვიცი. ნამდვილად არ უნდა ახლა მას გარკვეულ საომარ მოქმედებაში ჩართვა, მაგრამ იმდენად დამოკიდებულია პუტინზე, რომ ერთ დღესაც თუ შეატყო განზე გასვლა, შეიძლება თვითონ პუტინმა მოიშოროს.

  • ადამიანური რესურსების პრობლემას მინდა მივუბრუნდეთ: რატომ დადგა სავარაუდოდ ეს პრობლემა რუსეთში – რუსებს ფული შემოაკლდათ საკონტრაქტო სამსახურისთვის, პრობლემაა ამ ახალწვეულების გადამზადება, თუ სხვა მიზეზია? 

აღარ მიდის ხალხი – დაინახეს, როგორ მთავრდება ჯარში წასვლა. ტუვასა და ბურიატიაში გამოილია ხალხი, ხოლო სანკტ-პეტერბურგიდან და მოსკოვიდან არავის უნდა ფრონტზე წასვლა.

ასევე, რუსებს დაეცალათ ციხეები, საიდანაც მსჯავრდებულები მიჰყავდათ მასობრივად ფრონტზე.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯარისკაცი აღარ ჰყავთ რუსებს, მაგრამ საგრძნობი პრობლემები გაუჩნდათ.

  • ქალი რამდენი გაიწვიეს უკვე, არის ცნობილი?

ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე გამოცხადებულია, რომ მიმდინარეობს ეს კამპანია: 35 წლამდე ქალბატონებს იწვევენ დრონის ოპერატორებად. მათ ჰპირდებიან მაღალ ანაზღაურებას, ფრონტის ხაზიდან 15-20 კილომეტრის მოშორებით სამსახურს, მაგრამ, როგორც წესი, ეს პირობები იცვლება ხოლმე.

  • ამ მოცემულობაში, როცა უკრაინა ახერხებს რუსეთზე თავდასხმის მასშტაბის გაზრდას, აფეთქებებს, მათ შორის, მოსკოვში, ასევე, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იზრდება, რა შანსი რჩება პუტინს? უნდა ველოდოთ, რომ რუსეთს ექნება მაინც საშემოდგომო კამპანია?

ალბათ ექნება. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ უკრაინელების წარმატება მიმართულია იმისკენ, რომ პუტინი აიძულონ, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. აქ არ არის ომში გამარჯვებაზე საუბარი და ტერიტორიების დაბრუნებაზე. უახლოესი ამოცანაა პუტინის იძულება, შეწყვიტოს ცეცხლი და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

პოლიტიკურადაც სასწორი გადაიხარა უკრაინის მხარეს. ტრამპის რუსეთისთვის ირიბი მხარდაჭერა, ალიასკის სულისკვეთება და ასე შემდეგ, უკვე წარსულს ჩაბარდა. ტრამპმა თავისი პოზიცია დააფიქსირა, თუ კიდევ არ შეცვალა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ტრამპი უფრო ზელენსკის მიმართაა სიმპათიით, ვიდრე პუტინის.

ვიტოვებ იმედს, რომ სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ალბათ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტა.

  • ლოგიკურად ჩანს რამე პირობა, რის გამოც პუტინს არ აწყობს ცეცხლის შეწყვეტა? 

ვერ გეტყვით, რამდენად რეალურ სურათს უხატავენ პუტინს. მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება იმაში, რომ არ უხატავენ რეალურ სურათს და არ აქვს ის რეალური ინფორმაცია – კონსტანტინოვკის ხუთჯერ აღებისა არ იყოს.

მეორეცაა: ძნელია პუტინის თავში ჩაიხედო, რა სურს, მაგრამ ჯარის დამარცხება მისთვის იქნება არამარტო პოლიტიკური, არამედ ფიზიკური განადგურების საფრთხეც.

ამიტომაც, პუტინი შეეცდება, რომ რაღაცნაირად გაწელოს ეს პროცესი, გადაიყვანოს გაყინულ ფაზაში, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ჯარები რჩებიან ადგილზე და არ ბრუნდებიან უკან, სადაც არც ხელფასს არ მისცემენ და ვერც სამუშაოს იშოვიან. მათი ადგილი დიდი ხანია ემიგრანტ იაფ მუშახელს აქვს დაკავებული. ეს პუტინისთვის დიდი პრობლემა იქნება.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დავაკავეთ – შსს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში შემოტანისა  და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით შს სამინისტრომ 8 პირი დააკავა.

დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის:   ,,კოკაინი“, ,,მეთადონი” „ბუპრენორფინი“, „მეტამფეტამინი“, „ოპიუმი“, „ამფეტამინი“,  „მარიხუანა“, მცენარე „კანაფი და 300 აბამდე „პრეგაბალინი“.

დაკავებულებს შორის არიან პირები,  რომელთა მხილების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად,  მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე, 261-ე, 19-262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 399 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 060 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 835 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 44 857 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 899 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 447 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 375 611 ერთეული [+1 951]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 740 ერთეული [+11]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 112 634 ერთეული [+488]
  • სპეცტექნიკა – 4 353 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 790 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსებმა ქალების გაწვევა დაიწყეს დრონების ოპერატორებად“ – ინტერვიუ გენერალთან

დრონების თავდასხმა რუსეთში, ქალაქ სოჭში – ავიარეისები შეჩერდა

 

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დრონების თავდასხმა რუსეთში, ქალაქ სოჭში – ავიარეისები შეჩერდა

რუსული მედიის ცნობით, 27 ივნისის ღამეს კრასნოდარის მხარეში, ქალაქ სოჭში, დრონების თავდასხმის საფრთხის შესახებ გამოცხადდა.

კრემლის ახალი ამბების სააგენტო „ტასი“ წერს, რომ ამის შესახებ ქალაქის მერმა, ანდრეი პროშუნინმა განაცხადა.

„ქალაქ სოჭის ტერიტორიაზე გამოცხადდა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხე“ – ციტირებს სააგენტო ქალაქის მერს.

ტელეგრამზე ვერიფიცირებული გვერდი ЧП Сочи წერს, რომ სოჭის ხელისუფლებამ მიმართა თვითმხილველებს, სოციალურ ქსელებში არ გამოაქვეყნონ საჰაერო თავდაცვის მუშაობის, უპილოტო საფრენი აპარატების ფრენის და ნამსხვრევების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.

ამ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ კურორტის მცხოვრებლები და სტუმრები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს და მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეაფარონ თავი უსაფრთხო ადგილს.

ტელეგრამზე ასევე წერენ, რომ ქალაქში მინიმუმ ორი აფეთქების ხმა გაიგონეს.

განცხადება გაავრცელა სოჭის აეროპორტმაც – ბოლო მონაცემებით ავიარეისები დროებით შეჩერებულია.

„ბათუმელები|ნეტგაზეთის“ ანგარიშებს ინკასო მოეხსნა – მხარდაჭერის კამპანია გრძელდება

დღეს, 26 ივნისს, ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გადასარჩენად მხარდაჭერის კამპანია დავიწყეთ და მკითხველებს მოვუწოდეთ, თუნდაც თვეში ერთი ლარით გახდნენ ჩვენი დონორები.

ერთი თვის თავზე გვინდა მკითხველებს კამპანიის პირველი შედეგების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია:

მხარდაჭერის პლატფორმის გახსნიდან რამდენიმე დღეში, ჩვენი მკითხველებიდან მიღებული ყოველთვიური და ერთჯერადი შემოწირულობის დამსახურებით, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” საბანკო ანგარიშებზე დავალიანება დაიფარა და შემოსავლების სამსახურმა ინკასო მოხსნა. 

ამჟამად ორგანიზაციის საჯარიმო დავალიანება, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამ ხნის განმავლობაში ჩვენზე ფინანსური ზეწოლის ერთ-ერთ მექანიზმად იყენებდა, სრულად დაფარულია და ეს ჩვენი მკითხველების დამსახურებაა, იმ ადამიანების, ვინც მხარდაჭერის პლატფორმას პირველივე თვეს შემოუერთდა, ან ერთჯერადად ჩარიცხა თანხა ჩვენს ანგარიშზე.

26 ივნისის მდგომარეობით, „ბათუმელებმა“ და „ნეტგაზეთმა“ მიიღო 5, 575 ლარი ყოველთვიური მხარდაჭერის ფარგლებში და 25, 000 ლარი ერთჯერადი შემოწირულება პირდაპირ საბანკო ანგარიშზე. სწორედ ამ შემოსული თანხით მოიხსნა ინკასო ორგანიზაციის ანგარიშებზე.

მადლობა ჩვენს გამომწერებს, რომლებიც მზად არიან მთელი წელი იყვნენ ჩვენთან ერთად და მადლობა ჩვენს ერთჯერად მხარდამჭერებს! 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდაჭერის კამპანია ამით არ სრულდება, რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში თქვენი, მკითხველების მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებთ ვიყოთ თქვენი ხმა.

 ჩვენს ვებგვერდებზე ნახავთ მხარდაჭერის ღილაკს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მხარი დაგვიჭიროთ თვეში 1, 5, 10 ან 20 ლარით, ერთი წლის განმავლობაში.

დაარსებიდან დღემდე „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური ან ბიზნეს ჯგუფის საკუთრება, ჩვენ ყოველთვის ვეკუთვნოდით საზოგადოებას, სწორედ ამიტომ მოგმართავთ თქვენ:

შემოუერთდით ჩვენი მხარდაჭერის კამპანიას, გახდით ჩვენი დონორი – ამისთვის თვეში მხოლოდ 1 ლარიც საკმარისია, ეს მოგვცემს ძალას და შესაძლებლობას, რომ სიმართლე ყოველთვის ითქვას, რომ სიმართლე ყოველთვის ჩანდეს. 

ჩვენ ვარსებობთ თქვენთვის და თქვენით.

გადადით მხარდაჭერის პლატფორმაზე და გაეცანით პირობებს:

დაუჭირე მხარი „ბათუმელებს“ და „ნეტგაზეთს“

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

აზერბაიჯანის ერთერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა – PASHA Bank OJSC, პირველადი საჯარო განთავსება (IPO) წარმატებით განახორციელა. ფინანსურმა ინსტიტუტმა აქციები ინვესტორთა ფართო წრეს შესთავაზა და განვითარების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო. წარმატებული IPO კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი კაპიტალის მზარდ როლს რეგიონულ საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში და ადასტურებს მის შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს კაპიტალის ბაზრების კომპლექსურ ტრანზაქციებს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ტრანზაქციის ფარგლებში PASHA Bank-მა კაპიტალის 5%-ის შესაბამისი ჩვეულებრივი აქციები განათავსა, რომელიც ბაქოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. შეთავაზების მოცულობამ დაახლოებით 51.3 მილიონი აზერბაიჯანული მანათი (~30.2 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა; ტრანზაქციაში 18,000-ზე მეტმა ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნამ შეთავაზებულ მოცულობას დაახლოებით  1.3-ჯერ გადააჭარბა. შედეგად, PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანის კაპიტალის ბაზარზე ერთიერთი ყველაზე წარმატებული საჯარო შეთავაზებაა.

პაშა ბანკის IPO მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც აზერბაიჯანის, ისე რეგიონის კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. ვფიქრობ, ეს ტრანზაქცია დასტურია, რომ კომპანიებს შეუძლიათ მსგავსი ტრანზაქციების განხორციელება რეგიონულ კაპიტალის  ბაზრებზე. პაშა ბანკთან და ტრანზაქციაში ჩართულ სხვა მხარეებთან თითქმის ერთწლიანმა აქტიურმა მუშაობამ, შესაძლებელი გახადა ბაზრის ინტერესისა და საჭიროებების უკეთ შეფასება, რამაც ტრანზაქციის წარმატება განაპირობა.

ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის ლიდერულ პოზიციას რეგიონის საინვესტიციო ბანკებს შორის და ადასტურებს მის შესაძლებლობას, წარმატებით განახორციელოს კაპიტალის ბაზრის კომპლექსური ტრანზაქციები არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. უზბეკეთის შემდეგ, აზერბაიჯანი უკვე მეორე ბაზარია, სადაც საქმიანობა გავაფართოვეთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული პოზიციის გაძლიერებისა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით. ვამაყობთ, რომ PASHA Bank-ს მხარი დავუჭირეთ ამ რთულ პროცესში და ვულოცავთ მის გუნდს ისტორიული ტრანზაქციის წარმატებით დახურვას”, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

ეს დღე ისტორიულია PASHA Bank-ისთვისაზერბაიჯანის ისტორიაში კერძო ბანკის პირველი IPO წარმატებით განხორციელდა და აქციები ბაქოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. 18,000-ზე მეტი ინვესტორის ნდობის მოპოვება და შეთავაზებულ მოცულობაზე მაღალი მოთხოვნა ადასტურებს ნდობას არამხოლოდ ჩვენი ბანკის მიმართ, არამედ აზერბაიჯანის კაპიტალის ბაზრისადმი ძლიერ ინტერესსაც. მჯერა, რომ ეს ნაბიჯი წარმატებული მაგალითი გახდება ბაზრის მომავალი მონაწილეებისთვის და ქვეყანაში საინვესტიციო კულტურის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს”,- ჯავიდ გულიევი, PASHA Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

„ოცნების“ დეპუტატები გახარიას თანაპარტიელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ჩხუბი პარლამენტში

დღეს, 26 ივნისს, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიის 2 დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ინციდენტი, სავარაუდოდ, გახარიას თანაგუნდელს, გიგა ფარულავასა და „ოცნების“ წევრ ირაკლი ხელაძეს შორის დაიწყო. ხელაძეს თანაგუნდელები, მათ შორის ყოფილი სპორტსმენები, მიეხმარნენ და ოპოზიციონერ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კადრებში ჩანს, რომ ოპონენტს მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების არაერთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემაც დაარტყა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოცნების დეპუტატმა ლაშა ტალახაძემ გახარიას პარტიის დეპუტატს მუშტი ჩაარტყა

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ წევრები:

  • არჩილ გორდულაძე,
  • ლაშა ტალახაძე,
  • ირაკლი კირცხალია
  • ვასილ ჩიგოგიძე
  • გენო პეტრიაშვილი

ერთ-ერთი, ვინც გახარიას პარტიის წევრებს სცემა, სწორედ არჩილ გორდულაძეა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

დაპირისპირების დასაწყისში გორდულაძე პარლამენტის დეპუტატების ტრიბუნებს შორის იდგა, თუმცა შემდეგ სხდომათა დარბაზის მეორე მხარეს გადაინაცვლა. კადრებში ჩანს, რომ არჩილ გორდულაძე ჯერ ტრიბუნაზე შეხტა, შემდეგ კი გახარიას პარტიის წევრებს, გიგა ფარულავას და მალხაზ თორიას სცემა. კადრებში ჩანს, რომ გორდულაძესთან ერთად გახარიას პარტიელებს ურტყამენ „ოცნების“ დეპუტატები, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და გიორგი ბარვენაშვილი.

არჩილ გორდულაძემ სკამებს შემოუარა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის შემაღლებული ადგილიდან დაერტყა

დაპირისპირების მიზეზი უცნობია, თუმცა სხდომათა დარბაზში ხმაური გახარიას პარტიის წევრის, გიორგი შარაშიძის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლის პარალელურად დაიწყო.  შარაშიძე ამ დროს ირაკლი კობახიძის, როგორც პრემიერ-მინისტრის როლის შესახებ საუბრობდა და დარბაზიდან შეძახილებს პასუხობდა.

გიორგი შარაშიძის მიმართვა კობახიძეს, რომელსაც პარლამენტში ჩხუბი მოჰყვა

„გახარიაზე საუბრობდით და ამბობდით, მე რომ შს მინისტრი ვყოფილიყავი და ჩემი გვერდის ავლით ვინმეს ბრძანება გაეცა, როგორ გავჩერდებოდიო, და დიდი ბოდიში, პრეზიდენტი ალიევი რომ ბრძანდებოდა საქართველოში და მთელმა საქართველომ რომ ნახა ის კადრები, რაც ნახა, როგორ იდექით კუთხეში, რაც პირდაპირ მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში, ეს როგორ არის, ამაზე გაგვეცით პასუხი.
როგორი პრემიერი არ ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ჰყოლია“,  – ამბობდა შარაშიძე, როცა დარბაზში ჩხუბის  დაწყება გაიგო და სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა.

მოქალაქის თქმით, პატრულმა იმის გამო დააკავა, რომ მანქანის არასწორად გაჩერებაზე მიუთითა

მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელს არასწორად გაჩერებულ მანქანაზე მიუთითა, რის შემდეგაც პოლიციამ იგი, მისივე თქმით, უსაფუძვლოდ დააკავა.

„ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ჩავიარე ავტომანქანით და პატრულს არასწორად ჰყავდა გაჩერებული პოლიციის მანქანა. „პატრული, მოძრაობას აფერხებთ-მეთქი“, – გადავძახე ავტომანქანიდან და გზა გავაგრძელე.

განვაგრძე გზა და სარკეში გავიხედე: პატრული მომყვება,“ – ამბობს იოსებ დავითაძე. მისი თქმით, სამართლიანი შენიშვნის გამო გაღიზიანებულმა პატრულმა იგი უკანონოდ დააჯარიმა, შემდეგ კი, 6 საათის განმავლობაში სხვა პოლიციელებმა ოჯახის წევრებთან, ასევე ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს.

დაკავებიდან 24 საათში წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ მოქალაქემ პატრულის თანამშრომელს – ირაკლი ჭელიძეს გენინსპექციაში უჩივლა. შს სამინისტროს პრესცენტრში დღეს, 26 ივნისს „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, დაიწყო თუ არა ამ შემთხვევის გამოკვლევა.

მოქალაქე იოსებ დავითაძე პატრულს 24 ივნისს ბაგრატიონის ქუჩაზე გაუჩერებია – რამდენიმე წუთში იმ ფრაზიდან: „პატრული, მოძრაობას აფერხებ“.

„გამაჩერა პატრულმა და მომმართა, ჩამოდიო. მივუთითე, რომ თქვენ თავად უნდა მოხვიდეთ მძღოლის მხარეს, გამეცნოთ და ჩაატაროთ დანარჩენი ღონისძიებები-მეთქი. ეს შენიშვნაც არ მოეწონა,“ – გვიყვება იოსებ დავითაძე და პატრულის ამ კონკრეტული თანამშრომლისთვის მობილური ტელეფონით გადაღებულ ფოტოსაც გვაჩვენებს, – „გადავედი მანქანიდან და ვკითხე, რამდენი წლის იყო. მითხრა, რომ 21 წლისაა და საპატრულოს უფროსი ლეიტენანტია. ამდენი ცოდნა ვინ მოგცა, ბავშვობიდან პოლიციელობაზე სწავლობდი, თუ როგორაა საქმე-მეთქი?

მითხრა, რომ სიმთვრალეზე უნდა გადამამოწმოს. მას შემდეგ, რაც აპარატმა ნულოვანი შედეგი აჩვენა, მითხრა, რომ ღვედი არ მეკეთა და ამის გამო დამაჯარიმებს. აქ უკვე მქონდა ემოცია: სპეციალურად გამომყევი, რადგან შენიშვნა მოგეცით, ახლა კი, მიზეზს ეძებ, რადგან მე ღვედის გარეშე ავტომანქანაში არ ვჯდები, აღმაშენებლიდან მოვდივარ, ამოიღეთ კამერის ჩანაწერები და თუ სადმე ჩანს, რომ უღვედოდ ვმოძრაობ, 50 ლარი კი არა, სამმაგი ჯარიმა დამიწერეთ-მეთქი.

აქ პოლიციელი მეუბნება: რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, როგორც მე გეტყვი, ისე იქნებაო! ვუთხარი, რომ ეს არის არაადამიანობა, ჩაგვრა და ამის უფლება პოლიციას არ აქვს. ამ დროს თანმხლებმა პოლიციელმა გოგომ გადასცა ინფორმაცია, რომ დახმარება სჭირდებათ, რადგან თითქოს პოლიციელს არ ვემორჩილებოდი. მოვიდნენ და დამადეს ბორკილები,“ – ამბობს იოსებ დავითაძე.

მოქალაქის თქმით, ის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან პოლიციის ავტომანქანით გადაიყვანეს, თუმცა შენობაში შესვლამდე ავტოსამრეცხაოს ტერიტორიაზე მანქანიდან გადმოსვეს და უთხრეს, რომ პირადი ჩხრეკა უნდა ჩაუტარონ.

„ვუთხარი, რომ ჩხრეკას სჭირდება მოწმე, ასევე ადვოკატი და თვითონაც ვალდებული იყვნენ, ეს პროცედურა განემარტათ. მითხრეს, ბევრს ლაპარაკობო… მობილურით სარგებლობის უფლებაც არ მომცეს, რომ ვინმესთან დამერეკა. ისევ ბორკილები დამადეს.

დაახლოებით 6 საათი ვიყავი გატაცებული. საბოლოოდ, საღამოს შვიდის ნახევრისთვის უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მომცეს საშუალება დავკავშირებოდი ჩემი ოჯახის წევრს.

არ ჩავიბარე არცერთი ოქმი, რადგან არ ვეთანხმებოდი იმას, რომ რამე დავარღვიე. წარმოიდგინეთ, ღვედზე ოქმი შეადგინეს სამრეცხაოსთან, უკვე დღის 3 საათი იყო, იმ პოლიციელმა კი, დაახლოებით 13:10 საათზე გამაჩერა.

მე, პირადად და სხვა მოქალაქესაც არასდროს არ გაუჩნდება სურვილი საჭიროებისამებრ რომ დასჭირდეს პოლიცია, თავში გაივლოს, რომ მას პოლიცია დაეხმარება და გვერდში დაუდგება. ეს იყო ჩემი განსაკუთრებული ემოციის მიზეზი: კაცმა რომ ვერაფერზე ვერ მიპასუხა, იმით იმართლა თავი, რომ ფორმა მაცვია და რასაც გეტყვი, ის უნდა მივიღო თურმე. მე არ მიგინებია პოლიციელისთვის – მხოლოდ აღშფოთება გამოვხატე.

იმ 21 წლის პოლიციელს ვუთხარი ისიც, რომ ბათუმში ახალგარემონტებული სკოლის საქმეზე მივდიოდი და IT სპეციალისტი ვარ, მომავალ თაობას ვემსახურები, თქვენ კი, უკანონოდ მაჩერებთ და მაკავებთ-მეთქი,“ – აღნიშნა იოსებ დავითაძემ „ბათუმელებთან“. იგი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის [განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება] თანამშრომელია.

იოსებ დავითაძეს ღვედთან დაკავშირებული ოქმი ისევ შსს-ში გაუსაჩივრებია, სხვა ოქმი კი მას არ ჩაჰბარებია. უცნობია, რა მუხლის საფუძველზე იყო დაკავებული იოსებ დავითაძე. მოქალაქე ამბობს, რომ სავარაუდო სამართალდარღვევაზე სასამართლო პროცესიც არ ჩანიშნულა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

_________________

ფოტოზე: იოსებ დავითაძე და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი

„არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს ეთქვას, სკოლაში ღირებულებები არ ისწავლებაო“- მასწავლებელი კობახიძის განცხადებაზე

„მოხდება სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა. პროგრამაც და სახელმძღვანელოებიც დაეფუძნება ჩვენს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რაც მანამდე, სამწუხაროდ, არ იყო“- თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას.

სახელმძღვანელოებში არ იყო მოცემული ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირებულებები? ტყუის თუ არა კობახიძე ამ საკითხზე საუბრისას? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქეთევან გიორგაძეს.

„ამ ბოლო დროს, რაღაც ტენდენცია დამკვიდრდა თითქოს, რომ „ჩვენამდე არაფერი არ ყოფილა“. ამაზე მახსენდება ხოლმე – „რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი განუვითარებელი?“ ბარემ თქვან, რამე რევოლუციურს თუ იწყებენ. ვიცოდეთ ესეც.

ქართული მწერლობა ყოველთვის ეფუძნებოდა როგორც ეროვნულ, ასევე დასავლურ ღირებულებებს.

ძალიან მომწონდა თამაზ ვასაძის წიგნი [20-25 წლის წინანდელი წიგნია], სადაც სწორედ ამ პარალელებზეა საუბარი. ვთქვათ, ქართული რომანტიზმი და მსოფლიო რომანტიზმი. მაგალითად, რეალიზმი როგორ არის წარმოჩენილი ევროპულ ლიტერატურაში, ქართულში ან რუსულში, თუნდაც.

ლიტერატურას ვინც აბარებს, იქ არის ასეთი პრინციპი, რომ ერთი ნაწარმოები არის ეროვნული, ქართული და მეორე, იმავე თემაზე დაწერილი, არის უცხოური. „ხევისბერი გოჩა“ ავიღოთ პირობითად და პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონე“. ეს პრინციპი ყოველთვის იყო დაცული.

რაც თავი მახსოვს, ყველა მთავრობას მოჰქონდა რაღაც თავისი და ყველა თვლიდა, რომ მათზე წინ არაფერი მომხდარა. თუმცა არ ყოფილა შემთხვევა, აქამდე ვინმეს ეთქვას, რომ სკოლაში არ ისწავლება ეროვნული ღირებულებებიო.

ილიას „აჩრდილი“ გვიდევს წინ – „ვიდრე ძე შენი არ გაიკვლევს ზოგად ცხოვრებას და მცნების ნათლით ზე- აღზიდულ, ამაღლებული ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას“ – გვიწერს.

„საზოგადო ცხოვრების დენა“ ნიშნავს, რომ უნდა მიაყურადო მოწინავე ევროპული ქვეყნების განვითარების მაჯისცემას და იმის მიხედვით განსაზღვრო, რა არის შენი ქვეყნისთვის მისაღები ან მიუღებელი. შენი ეროვნული ტრადიციებით, ღირებულებებით და ფასეულობებით შეუერთდე მოწინავე კაცობრიობას, დადგე ერად სხვათა შორის“- ამბობს ქეთევან გიორგაძე.

მისი აზრით, რაც არ უნდა ჩამორჩენილი იყოს ქვეყანა და შესაძლოა, რაღაც დროით გამოეთიშოს კიდეც საერთო მაჯისცემას, მწერლობა მაინც რჩება პროგრესისკენ მიმავალ გზაზე.

„მწერლობა ყოველთვის ნიშნავს ძიებას, პროგრესს, წინსვლას და მეტ-ნაკლებად ეს იყო გათვალისწინებული თითქმის ყველა სახელმძღვანელოში. შეიძლება რაღაც დალაგება, ქრონოლოგია, თემატიკა იყოს სადავო, მაგრამ ღირებულებების საკითხი სადაო არ გამხდარა, რადგან მიმაჩნია, რომ მოწინავე კაცობრიობას საერთო ღირებულებები აქვს და თითქმის ყველა სახელმძღვანელოში იყო ამაზე ყურადღება გამახვილებული“ – ამბობს ქეთევან გიორგაძე.

მაშინ, რა ღირებულებებზე საუბრობს კობახიძე? რას სთავაზობს სკოლას ისეთს, რაც არ შეუთავაზებია ილიას, აკაკის, ვაჟას ან რუსთაველს – ვკითხეთ მასწავლებელს.

ქეთევან გიორგაძის თქმით, თუ ილიას ენით ვიტყვით, ეს საერთო ეროვნული ღირებულებაა – „მამული, ენა, სარწმუნოება“, ღირსება, მეგობრობა, სიყვარული, თავგანწირვა.

„ნებისმიერი რაც, რაც ადამიანს ადამიანად ხდის, რაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს. ამ ღირებულებებზე ყოველთვის იყო ყურადღება გამახვილებული.

მე საბჭოთა სკოლაშიც ვმუშაობდი და საბჭოთა სისტემაც კი, საბოლოოდ, ამ საერთო ღირებულებებზე ამახვილებდა ბოლოს ყურადღებას. მიხვდნენ, რომ  განვითარდება ვერ მოხდება კაცობრიობისგან იზოლირებულად.

ერთ-ერთი მთავარი ღირებულება თავისუფლებაა, რომელიც  უმთავრესი თემაა ქართული მწერლობის და თუ ეს – თავისუფლებისთვის ბრძოლა ითვლება მიუღებელ ღირებულებად და ვინც დროშას დაიჭერს ხელში, ის უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო დამნაშავედ? – არ ვიცი. 

ღირებულებებზე რომ ლაპარაკობენ, ბოლოს და ბოლოს გაიხსენონ 9 აპრილი – ვინ იდგა იქ? საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა იმ ღირებულებაზე ჩამოყალიბდა, რასაც ჰქვია თავისუფლება. ვინ იყვნენ 9 აპრილის მებრძოლები? უმეტესობა იყო ძალიან ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომლებმაც არ დათმეს ის, რისი დათმობაც არ შეიძლებოდა“- ამბობს ქეთევან გიორგაძე.

მისი თქმით, პატრიოტიზმი პარტიული დევიზებით და მოწოდებებით არ ისწავლება.

„რას ველოდები სექტემბერში სკოლაში? – არაფერს.  მთელი უბედურება ის არის, რომ რაღაცის მოლოდინი გაქრა, რადგან იმდენმა რამემ მიიღო დამახინჯებული და არარეალური სახე, რომ საზოგადოებამ გაოგნებაც ვერ მოასწრო.

ხანდახან მგონია, რომ სხვა ქვეყანაში ხდება ეს, რაც ხდება.

აკაკი ბაქრაძეს აქვს შესანიშნავი ანალიზი, – ლუარსაბ მეფემ ერთი წელი იმეფა და სვიმონმა 25 წელი. ამ 25 წლის განმავლობაში ქართლში გაბატონდა „სმა-ჭამა ყიზილბაშური, ქცევა ყიზილბაშური“. გადავგვარდით იმ 25 წლის განმავლობაშიო და თუ ერმა ეროვნული ღირებულებები ან თუნდაც საერთო ადამიანური ღირებულებები დაკარგა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ყველაფერს.

დღეს ხალხი დაბნეული და შეშინებულია უპერსპექტივობით. პირადად მეც კი ვეღარ ვხედავ პერსპექტივას. რატომ უნდა ვუთხრა შვილს, რომ სადღაც, საზღვარგარეთ წადი, იცხოვრე და იმუშავე, მაშინ როცა, მინდა რომ აქ იყოს, თავის სამშობლოში და აქ იპოვოს თავისი საყრდენი.

ნეტავ დავინახავდე რაღაც ღირებულს ამათ გადაწყვეტილებებში, მაგრამ ვერ ვხედავ. მასწავლებელი ის ფიგურაა, რომელსაც ნამდვილად მოეთხოვება სახელმწიფოებრივი აზროვნება“- გვითხრა ქეთევან გიორგაძემ.

1 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარაში პროკურატურის ოფისისა და აპარტამენტების რემონტისთვის

აჭარისა და ბათუმის პროკურატურის „ადმინისტრაციული შენობის“, ასევე აჭარის პროკურატურის „ბალანსზე რიცხული ფართობების“ [ბინების/აპარტამენტების] სარემონტო სამუშაოებისთვის ჯამში 1 მილიონ 169 ათასი ლარია გამოყოფილი.

აღნიშნული თანხით სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს პროკურატურას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული.

აჭარის და ბათუმის პროკურატურის „ადმინისტრაციული შენობის“ რემონტისთვის ტენდერი 926 ათასი ლარითაა გამოცხადებული. ეს უწყებები ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის N7-ში მდებარე იუსტიციის სახლშია განთავსებული და სამუშაო ოფისები ხუთ სართულზეა გადანაწილებული.

ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით სარემონტო სამუშაოები ყველა იმ ოთახს შეეხება, რომლებსაც პროკურატურა სარგებლობს. დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა.

პირობაში ასევე აღნიშნულია, რომ ტენდერში გამარჯვებულმა „სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.“ ასევე „ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული [კუსტარული] წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 12 ივლისს დაიწყება და 17 ივლისს დასრულდება.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.

გეგმა-გრაფიკის მიხედვით რემონტი მე-8 სართულზე, ასევე მე-12-დან მე-15 სართულის ჩათვლით უნდა ჩატარდეს.

243 ათასი ლარით საქართველოს პროკურატურას ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული აჭარის პროკურატურის კუთვნილი ფართობების გასარემონტებლად. ეს ფართობები სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ბათუმში ახმეტელის ქუჩა N9-ში, მელიქიშვილის ქუჩა N6-ში და კობალაძის ქუჩა N4-ში მდებარეობს.

საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ბათუმში აღნიშნულ მისამართებზე, აჭარის პროკურატურის სარგებლობაშია ბინები და სასტუმრო აპარტამენტები.

ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 30 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. სარემონტო სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს.

  • აღსანიშნავია, რომ ბათუმში გრიბოედოვის #2-ში მდებარეობს სამსართულიანი შენობა, სადაც წლების განმავლობაში პროკურატურა იყო განთავსებული. დღეს ეს შენობა, რომელიც დაკეტილი და მიტოვებულია, ივანიშვილის დაფუძნებულ „ქართუს“ საკუთრებაა.

უშუალოდ ბათუმის იუსტიციის სახლში კი პროკურატურა მე-12-დან მე-15 სართულის ჩათვლით ჯამში 1 604 კვადრატულ მეტრ ფართობს სარგებლობს.

რაც შეეხება მე-8 სართულზე მდებარე 209 კვადრატულ მეტრ ფართობს, ის პროკურატურას სარგებლობაში 2026 წლის ივნისის დასაწყისში გადასცეს. მანამდე ეს ფართობი საქართველოს ეროვნული ბანკის საკუთრებაში იყო.

„ოცნების“ მთავრობამ აღნიშნული ფართობი ეროვნულ ბანკს მაზნიაშვილის ქუჩა N54-ში მდებარე უძრავ ქონებაში გადაუცვალა.

ამ თემაზე:

ბათუმში „ოცნების“ მთავრობამ ეროვნულ ბანკს ქონება გაუცვალა

 

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის დრო იზრდება.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ყოველდღიურად 07:00 საათიდან 01:00 საათამდე მოემსახურება.

 

რატომ აწყობს ივანიშვილს მოსამართლეების დეფიციტი – ინტერვიუ ადვოკატთან

„ძალიან რთულია, ენდო ადამიანს. სადაც უფრო ბევრი ხალხია, სადაც უფრო ბევრი აზრია, არსებობს იმის ალბათობა, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომელიც არ არის შესაბამისობაში კონკრეტულ ლიდერებთან,“ – მიიჩნევს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი, რომელსაც სასამართლოში წლობით გაჭიანურებულ საქმეებზე ვესაუბრეთ.

სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემაზე სახალხო დამცველიც საუბრობს და ბოლო საპარლამენტო ანგარიშში საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს ადარებს:

„საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე 9.35 მოსამართლე მოდის. ეს მაჩვენებელი მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს, რომელიც 23.92-ს შეადგენს. ამ ფონზე, საგულისხმოა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებული 74 ვაკანტური ადგილის მიუხედავად, 2025 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მიღება და სწავლება არ განხორციელებულა,“ – წერს სახალხო დამცველი.

„ხანდახან არის შემთხვევა, რომ მოსამართლეს 700 საქმე აწერია. როგორ შეიძლება ადამიანმა განიხილოს 700 საქმე ეფექტურად?!

წარმოიდგინეთ, რომ ახალი 200 მოსამართლე გყავთ და ახალ 200 მოსამართლესთან გიწევთ ურთიერთობა. რატომ უნდა იყოს ეს მათთვის კომფორტი? რაც სურთ, იმის მიღწევა არსებული სისტემითაც შესაძლებელი ყოფილა მათთვის, რატომ უნდა შეცვალონ?!“ – კითხვას სვამს ირაკლი ჩომახაშვილი. იგი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაც აქვს ჩაბარებული.

რატომ აწყობს „ოცნების“ ხელისუფლებას მოსამართლეების დეფიციტი? – „ბათუმელებმა“ ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილთან ამ თემაზე ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო ირაკლი, თქვენი საადვოკატო პრაქტიკის გათვალისწინებით გვიამბეთ, რამდენად მასშტაბურია სასამართლოში საქმეების განხილვის გაჭიანურების პრობლემა? 

დავიწყოთ სამოქალაქო საქმეებით. ეს ის მიმართულებაა, რაც ყველაზე მტკივნეულია მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის. თუ ბიზნესს სურს გარკვეული ზიანის ანაზღაურება, ან ადამიანს სურს, რომ ზიანი აინაზღაუროს სხვა მოქალაქისგან, ან სახელმწიფოსგან ადმინისტრაციული მიმართულებით, წლები გადის, ვიდრე სასამართლო ინიშნება.

საშუალოდ, თუ ეს ოჯახური დავა არ არის და არის შრომითი ურთიერთობების დავა, ზიანის დავა, სახელშეკრულებო დავა, წლები შეიძლება გავიდეს და არ მოხდეს საქმის განხილვა. მაგალითად, 2018 წლის, 2019 წლის საქმეები არ არის ჩანიშნული ჯერ კიდევ. შეიძლება ერთი სხდომა დანიშნულია, გადადებულია და იმის მერე აღარ დანიშნულა.

შესაბამისად, ადამიანს მოლოდინი არ აქვს, რომ სასამართლოს მეშვეობით ზიანის ანაზღაურებას ეფექტურად მიიღებს.

ამ დროს ხდება ის, რომ მხარეები ცდილობენ სასამართლოს გარეშე მოგვარდნენ. თუ ვერ გვარდებიან, სხვადასხვა გზებს მიმართონ, მაგალითად, სანაცნობოს, ნეპოტიზმს, შეიძლება, ეს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი იყოს.

  • ბოლო დროს ჩანს პროკურატურის საქმეებში, რომ ბიზნესმენები დავის მოგვარებას სასამართლოში კი არა, „ქურდულ სამყაროში“ ცდილობენ…

ნამდვილად ლოგიკურია ეს. სასამართლოს გარეთ დავის მოგვარება არასამართლებრივი გზებით იზრდება ასეთ დროს.

თუ ზუსტად იცი, რომ მართალი ხარ, მაგრამ წლები დასჭირდება იმას, რომ შენი ზიანი აინაზღაურო და დაიკმაყოფილო შენი მოთხოვნა, რადგან საკმარისი რაოდენობის მოსამართლე არ არის, რა თქმა უნდა, ადამიანი სხვა გზების ძებნას იწყებს. ერთ-ერთი გზა არის ე.წ. ქურდული სამყარო, სადაც პრობლემა შეიძლება მოგვარდეს სწრაფად. რამდენად სამართლიანად და კანონიერად – ეს მეორე საკითხია, მაგრამ უფლების დაკმაყოფილების ნაწილში ადამიანი, რომელიც არ არის იურიდიული განათლების და ვერ ერკვევა ამ საკითხებში, ხედავს ამ გზას.

შესაბამისად, ერთი მხრივ სასამართლოების გადატვირთულობა იწვევს კრიმინალური ქცევების განვითარებას, მეორე მხრივ, ბიზნესს უჭირს ინვესტიცია, იმიტომ, რომ თუ იცის, რაღაც კონკრეტული ზიანის შემთხვევაში, მას შეიძლება საერთოდ მოუწიოს ბიზნესის გაჩერება – ეს ეხება ხშირ შემთხვევაში მშენებლობებს, დეველოპერულ ბიზნესს… ადამიანები ფიქრობენ, რომ ჯობია მოგვარდნენ და უფრო მეტი რესურსი გაიღონ, ხშირ შემთხვევაში სხვისი ბრალეულობა თავის თავზე აიღონ სასამართლოს გარეშე კონკრეტული შეთანხმებით, ვიდრე წავიდნენ სასამართლოში და იდავონ, იმიტომ, რომ იმხელა ზიანს იღებ, შეუძლებელია უკვე მისი ანაზღაურება.

ამიტომაც, სამართლიანი მართლმსაჯულება სწრაფი და ეფექტური უნდა იყოს.

ხანდახან არის შემთხვევა, რომ მოსამართლეს 700 საქმე აწერია სამოქალაქოს მიმართულებით. როგორ შეიძლება ადამიანმა განიხილოს 700 საქმე ეფექტურად? ეს ხომ შეუძლებელია. ერთის მხრივ, ვთხოვთ ინდივიდუალურ მოსამართლეს რაღაცას, მაგრამ ყველაფერს თავისი რესურსი აქვს: გადაწყვეტილების დაწერას, მიღებას, ფიქრს… რობოტი არ არის არცერთი მოსამართლე, რომ მიიღოს ამდენი გადაწყვეტილება, დაფიქრდეს, დაფიქრების შემდეგ დაწეროს დასაბუთება.

  • რა ხდება ამ დროს პრაქტიკულად? მოსამართლე, რომელსაც 700 საქმე აწერია ერთდროულად, რას წერს გადაწყვეტილებაში? 

როგორც გითხარით, 700 საქმიდან კონკრეტული საქმე შეიძლება 4 წელი ვერ ჩანიშნოს. მოსამართლეს კი არ ეზარება, უბრალოდ ამის დრო პრაქტიკულად არ არის. კვირაში ხომ 40 სამუშაო საათია. თითო საათიც რომ დაუთმოს ერთ საქმეს და 40 საქმე განიხილოს, მარტივი მათემატიკური გათვლებით დასანახია, რომ შეუძლებელია ამდენი საქმის განხილვა და, მით უმეტეს, ეფექტურად განხილვა.

მეორეს მხრივ, არის ადამიანური ცხოვრებისეული საკითხებიც: მოსამართლეებს ოჯახებიც ჰყავთ და პირადი საქმეებიც აქვთ. მოსამართლეს ვერ დაავალდებულებ, რომ 24 საათში 24 საათი წერდეს და ფიქრობდეს გადაწყვეტილებაზე, ხომ?! ასე არავის არ მოუნდება მოსამართლეობა.

პრობლემა არის სისტემური და არა ინდივიდუალურ მოსამართლეებში. ვერ პასუხობს გამოწვევას მოსამართლეების რაოდენობა.

  • სისხლის სამართლის საქმეებში რა ტენდენცია იკვეთება? საპატიმრო საქმეებში კანონი აწესებს კონკრეტულ ვადებს, მაგრამ ცნობილია, რომ წლობით იწელება იმ საქმეების განხილვა, სადაც ბრალდებულები გირაოთი არიან გათავისუფლებული.

სისხლის სამართლის საქმეებში ვადის პრობლემაზე მეტად გვაქვს თავად სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების პრობლემა, კონვენციის მე-6 მუხლი ეხება სამართლიან მართლმსაჯულებას, რომელიც მოიცავს სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას. რამდენად სამართლიანიც არ უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, 10 წლის მერე დამდგარ მართლმსაჯულებას ხშირ შემთხვევაში სამართლებრივი ინტერესი აღარ აქვს.

ძირითად შემთხვევაში, თუ საქმე არის პოლიტიკური, სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო პოლიტიკას ემთხვევა და არა სამართალს, ხოლო თუ ეს არის მძიმე საქმე, ან, მაგალითად განსაკუთრებით მძიმე საქმე, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, სასამართლო ცდილობს, რომ საზოგადოებაში არ გამოიწვიოს მეტი აჟიოტაჟი. ამ დროს სასამართლო ცდილობს, უფრო საზოგადოების საერთოდ შექმნილი აზრიდან გამომდინარე იხელმძღვანელოს.

ჩვენი პროტესტი მიემართება ორივე საკითხს.

ჩვენი, საზოგადოების ამოცანაა, მოსამართლე არ ემორჩილებოდეს სახელმწიფოს არცერთ სტრუქტურას და კიდევ უფრო მეტად არ ემორჩილებოდეს საზოგადოების ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ რომელიმე პირი უდანაშაულოა, ან დამნაშავეა.

ძირითად შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი ფორმირდება მედიიდან. რა თქმა უნდა, მედიას ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ, თუმცა მხოლოდ მედიიდან დამნაშავეობა-უდანაშაულობის საკითხის გადაწყვეტა და სასამართლოს მხრიდანაც ამ მიდგომის შესრულება იწვევს ერთი ადამიანის უფლებების დარღვევას. ჩვენ არ ვიცით რამდენად სწორად და რამდენად ობიექტურად არის გაშუქებული საქმე. შეიძლება ობიექტურადაც იყო გაშუქებული, მაგრამ ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხები იყოს გამოტოვებული…

გირაოს საქმეები ხუთი-ექვსი წელი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დათქმაა, რომ წინასასამართლო სხდომიდან საქმე პირველ ინსტანციაში 24 თვეში უნდა დასრულდეს. ამ საკითხზე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები არ აპელირებენ, რადგან ამ დროს ადამიანი გარეთაა, ხოლო განაჩენი რა იქნება, არავინ იცის.

  • მაგრამ ეს მტკივნეულია საკითხია დაზარალებულებისთვის, მაგალითად, „ბათუმის ციხეში წამების საქმეზე“ სასამართლო განხილვა 2014 წლიდან ამ დრომდე არ დასრულებულა – ბრალდებულები გირაოთი არიან გათავისუფლებულები. „ოცნება“ კი, ხელისუფლებაში მოსვლამდე, ძირითადად სწორედ ციხეებში არსებულ უსამართლობაზე საუბრობდა…

უფრო მეტსაც გეტყვით: 7 პოლიტიკოსს, რომელთაგანაც ერთ-ერთს მე წარმოვადგენ და ბრალი აქვს წარდგენილი საბოტაჟზე, მოსამართლემ თვეში თითო სხდომა განსაზღვრა. არასაპატიმროა ეს საქმე და საქმის ვადის პრობლემა არ იყო. როგორც კი პოლიტიკური ინტერესი დადგა, დაცვის მხარესთან შეთანხმების გარეშე, ბრალდების მხარის მიმართვის შემდეგ, სასამართლომ, რომელსაც ჩანიშნული ჰქონდა გრაფიკი, გადმოწია სხდომა და კვირაში ორ-ორი სამუშაო დღე განსაზღვრა სამუშაოდ.

არ უნდა არსებობდეს სასამართლოსთვის „პრიორიტეტული საქმე“. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღოს. პრიორიტეტულობის განსაზღვრით საქმის ვადის შემცირება ან გაზრდა წარმოადგენს კონვენციის დარღვევას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მრავალტომიანი საქმეა და ორ წელში ვერ მოესწრება. არის ისეთი საქმეებიც, სადაც, მაგალითად, 25 ბრალდებულია და ისინი აყენებენ შუამდგომლობას, რომ ზოგს დრო არ აქვს მოვიდეს და ასე შემდეგ.

განსაკუთრებით პოლიტიკურ ვითარებაში განზრახ გაჭიანურება, ასე ვთქვათ, დამოკლეს მახვილივით არის დაკიდებული ადამიანზე… მაგალითად, გადადებული გაქვს სხდომა, მაგრამ თუ სახელმწიფოს არ მოეწონება შენი აქტიურობა ან არააქტიურობა, ჩაგინიშნავს ხვალვე სასამართლო სხდომას.

  • ეს ადასტურებს ეჭვებს, რომ რეალურად სასამართლო დამოუკიდებელი მართლაც არ არის და ის მოქმედებს ხელისუფლების პოლიტიკური მოტივაციის შესაბამისად?

ეს არაა ეჭვი.

ნებისმიერ პოლიტიკურ სისხლის სამართლის საქმეში, სადაც მე წარმოვადგენდი დაცვის მხარეს, სასამართლო ყოველთვის განსხვავებულად იქცეოდა.

ხშირ შემთხვევაში ამის მტკიცებულებაა, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სხვადასხვა საქმეზე. ამავე დროს, სასამართლო თავს იკავებს კრიტიკული განცხადებებისგან, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს სასამართლოს გადაწყვეტილებებში.

  • რატომ აწყობს მთავრობას, შეავსოს სისტემა მოსამართლეებით? მაგალითად, 74 მოსამართლის ადგილი ვაკანტურია.

ძალიან რთულია, ენდო ადამიანს. სადაც უფრო ბევრი ხალხია, სადაც უფრო ბევრი აზრია, არსებობს იმის ალბათობა, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომელიც არ არის შესაბამისობაში კონკრეტულ ლიდერებთან.

მოსამართლეები ეტაპობრივად ინიშნებიან. არ შეიძლება, 300 მოსამართლე ერთდროულად დანიშნო. შეუძლებელია 300 მოსამართლეს დააკვირდე გამოსაცდელ ვადაში – რამდენად შეძლებენ ისინი ლიდერებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას.

უამრავ იურისტს აქვს გავლილი იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მაგრამ არ არიან დანიშნულები. აქ არ არის ის პრობლემა, რომ საკმარისი განათლებული იურისტები არ გვყავს. აქ პრობლემა იმაშია, რომ არ სურს სახელმწიფოს, არ სურთ საერთო სასამართლოების ლიდერებს, რომ ბევრი მოსამართლე დაინიშნოს, რადგან ბევრი მოსამართლის ეფექტური კონტროლი არის ძალიან რთული.

რაც უფრო მეტია ადამიანი, მით უფრო რთულია მათი კონტროლი.

  • 366 მოსამართლის ნაცვლად, რაც დღეს გვყავს, თუ 500 მოსამართლე იქნება, მაგალითად, სისტემაში, ფიქრობთ, რომ ამის კონტროლის კლანს გაუჭირდება? 

ნახეთ: ეს 366 ახალი მოსამართლე არ არის. ეს 366 მოსამართლე 2004 წლიდან მოყოლებული არიან. ისინი გამოცდილები არიან ურთიერთობის თვალსაზრისით.

როდესაც გინდა მყისიერად ახალი მოსამართლეები დანიშნო, ჯერ სამი წელი უნდა მისცე მათ საქმის განხილვის უფლება. ახალ მოსამართლეებს პროგრამა სამჯერ მეტ საქმეს აწერს, რომ მოხდეს დაბალანსება.

წარმოიდგინეთ, რომ ახალი 200 მოსამართლე გყავთ და ახალ 200 მოსამართლესთან გიწევთ ურთიერთობა. რატომ უნდა იყოს ეს მათთვის კომფორტი? რაც სურთ, იმის მიღწევა არსებული სისტემითაც შესაძლებელი ყოფილა მათთვის, რატომ უნდა შეცვალონ?!

  • მაგრამ ეს იწვევს საზოგადოებაში უკმაყოფილებას: გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ნაკლებად ენდობიან სასამართლოს, ადამიანები ხედავენ, რომ მოსამართლე წლობით ვერ იცლის მათი სარჩელების განსახილველად… 

მაგრამ მიზანი ამართლებს საშუალებას.

რომელია უფრო მნიშვნელოვანია: ხალხის უკმაყოფილება, თუ საერთო სასამართლოების სრული კონტროლი ლიდერების მხრიდან?!

  • ეს აშკარაა იურისტებისთვის სისტემის გარეთაც და ამიტომ, ფაქტობრივად, აღარავინ აფიქსირებს მოსამართლეობის სურვილს? 

რა თქმა უნდა. მაგალითად, მე 2023 წელს ჩაბარებული მაქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, მაგრამ არც გამჩენია სურვილი, რომ მიმემართა მოსამართლეობის სკოლაში სწავლისთვის და შემდეგ უკვე სასამართლოში საქმიანობისთვის. ჯერ ერთი, განცდა მაქვს, რომ არ დამნიშნავენ და მეორე – ამ რეალობაში არ მსურს ვიყო მოსამართლე. მე მოსამართლეობა იმ რეალობაში მსურს, სადაც მართლაც შემეძლება მივიღო გადაწყვეტილებები საქართველოს სახელით არა კონკრეტული დაკვეთების შესაბამისად.

  • დამოუკიდებლობის პრობლემის გარდა, ამ რეალობაში რა ტიპის გადაწყვეტილებებს ვიღებთ პრაქტიკულად სასამართლოებში? ცნობილია, რომ ხშირად მოსამართლეები იყენებენ შაბლონებს.

ეს პრობლემა განსაკუთრებით შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტილებებს. პატიმრობის გამოყენებისას სასამართლო ხშირ შემთხვევაში არის სრულად შაბლონური. იმდენი საქმეა, რომ ინდივიდუალურად მათ მოსამართლე არ განიხილავს. თუ მძიმე მუხლი აქვს ბრალდებულს წარდგენილი, მოსამართლე ამბობს, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და უნდა წავიდეს ადამიანი ციხეში.

დავუშვათ, პროკურორი ამბობს, რომ ადამიანმა ჩაიდინა ყაჩაღობა, მაგრამ მოსამართლე ხედავს, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ არის, ჩანს, რომ დასტურდება უფრო ქუჩაში ჩადენილი ძალადობა, რა დროსაც სასამართლო გამოიყენებდა გირაოს. თუმცა სასამართლო ყაჩაღობის ბრალდებულის საქმეზე თუ გირაოს გამოიყენებს, ამით ყაჩაღობაზე გირაოს პრაქტიკა დადგინდება.

მოსამართლეებს ჯერ ერთი დრო არ აქვთ იმისთვის, რომ ინდივიდუალურად ჩავიდნენ სისხლის სამართლის საქმეებში; სურვილიც არა აქვთ, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ამიტომაც, „ქოფი-ფეისთები“ მუშაობს 99% შემთხვევაში.

წარმოიდგინეთ, 12-გვერდიანი გადაწყვეტილებაში 10 გვერდი არის შაბლონი – პრეცედენტები, რომელიც საერთოდ კავშირში არ არის კონკრეტულ საქმესთან, უბრალოდ, აღწერილია სტანდარტები, რომ ოდესღაც ევროსასამართლომ თქვა, რომ შეგიძლია პატიმრობაში დატოვო პირი, თუ მას მძიმე კატეგორიას ედავებიან, მაგრამ იმ მძიმე კატეგორიას მტკიცებულებები უნდა მიგანიშნებდეს. ვიღაცამ რომ დააბრალოს ადამიანს მკვლელობა ჩაიდინაო, მარტო იმიტომ, რომ მკვლელობის მუხლი აქვს წარდგენილი პირს, შეიძლება 9 თვე იყოს პატიმარი და მერე შეიძლება გამართლდეს.

ამ დროს სასამართლოს ვეუბნები, რომ თქვენ ეს უნდა განიხილოთ უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში, ანუ აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობის შეფარდება ცალკე აღებული მარტო პატიმრობა არ არის, უდანაშაულობაზე უნდა იფიქროთ. ეს გააზრება საერთო სასამართლოებს არ აქვთ. შედარებით აქვთ რეგიონების სასამართლოებს. თბილისში კი თითქოს ერთი სტანდარტი ჩამოყალიბდა ყველასთან ამ კუთხით.

სასამართლო ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იყო ყოველთვის მიკერძოებული ბრალდების მხარის მიმართ, ანუ სახელმწიფო ინტერესს ყოველთვის ატარებდა. არ ყოფილა შემთხვევა, თავისუფალი ყოფილიყო სასამართლო.

  • რეზონანსული საქმეების განხილვას ან გადაწყვეტილების გამოცხადებას აჭიანურებს საკონსტიტუციო სასამართლოც, მაგალითად, მოსმენების საქმის განხილვა დასრულდა 2018 წელს და ამ დრომდე სასამართლო გადაწყვეტილებას არ აცხადებს, ამავდროულად, გუშინაც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება ისევ ძალადაკარგულად მიჩნეულ სამართლებრივ ნორმაზე. 

საკონსტიტუციო სასამართლომ ალბათ ბოლო ხუთი წელია დაკარგა თავისი მნიშვნელობა. მანამდე სასამართლო ძალზედ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა პოლიტიკის განსაზღვრაში.

უამრავი სისხლის სამართლის საქმის ნორმაა, რომლის არაკონსტიტუციურობაც გასაჩივრებულია 2016-17-18 წლებიდან, სათათბიროდ არიან გასულები და გადაწყვეტილება გამოცხადებული არ აქვთ.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზეც საერთოდ არ გამართულა არცერთი სხდომა. რომ ჰკითხოთ სასამართლოს, რა ეტაპზეა ეს საქმე, შეიძლება ვერც გიპასუხონ, იმიტომ რომ ჯერ არ არსებობს ამ სარჩელის განხილვის პოლიტიკური სურვილი.

საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ოდესღაც ასრულებდა მნიშვნელოვან როლს პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში, მათ შორის, უფლებრივ ნაწილში, დღეს აბსოლუტურად განულებულია. აზრდაკარგულია უკვე მოსაზრება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით უფლების აღდგენა შეძლოს ადამიანმა.

საერთო სასამართლოებში თუ სათათბიროდ გადიხარ, გადაწყვეტილებას ვიდრე არ გამოაცხადებ, ახალს ვერ განიხილავ. ეს ნორმა არის შესაცვლელი საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაშიც: თუ სათათბიროდ გადიან, უნდა მიიღონ დროულად გადაწყვეტილება.

თავის დროზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მარიხუანა წარმოადგენს მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებას და გარკვეულ გრამამდე ადამიანების დაჭერა არის დაუშვებელი. შემდეგ, წარმოიდგინეთ, როდესაც სახელმწიფომ პოლიტიკა შეცვალა, ის მუხლები ამოიღო, რაც ადრე არსებობდა და ახალი მუხლები შემოიტანა, სადაც ხელახლა დასჯადად გამოაცხადა – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ – იმ ოდენობის მარიხუანა, რაზეც ადრე საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება პირის დაპატიმრება.

საერთო სასამართლოები აკმაყოფილებენ საპროცესო შეთანხმებას და გამოაქვთ არაკონსტიტუციური განაჩენები იმ საფუძვლით, რომ ხელახლა არ უმსჯელია საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მუხლზეო. წარმოიდგინეთ, ის მუხლი ამოიღეს, პრიმა დაარქვეს ახალ მუხლს და არაკონსტიტუციურად შემოიტანეს. რომელ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა ამ მოცემულობაში საუბარი?

მე დარწმუნებული ვარ, ხელახლა რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს რომელიმე მსჯავრდებულმა, ამ საკითხზე სასამართლო შეცვლის საკუთარ პრაქტიკას. ამისთვის ემზადებიან კიდეც. ადამიანს მარიხუანას მცირე ოდენობით შეძენა-შენახვის გამო სამი წლით ართმევენ მართვის მოწმობას და კიდევ სხვა უფლებებს. ამაზე მიმართული იყო საკონსტიტუციოსთვის და რა გადაწყვეტილება მიიღეს?

  • გულისხმობთ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას კონსტიტუციურ წარდგინებას, რომელმაც მიიჩნია, რომ ანტიკონსტიტუციური ნორმებით ვერ გაასამართლებდა ადამიანს? 

დიახ და რა დაუწერეს ვლადიმერ ხუჭუას? მე ბატონ ვლადიმერს ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. უკან დაუბრუნეს საქმე და დაუწერეს, საერთო სასამართლოების მოსამართლეს მისი როლი გაგებული არა აქვსო. წარმოიდგინეთ, ამ დონეზე ხისტი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს დამოკიდებულება თავისუფალი მოსამართლის მიმართ. მათ თავისუფალი ხალხი არ უყვართ, არ სურთ თავისუფალი ხალხი, იმიტომ რომ თავად არ არიან თავისუფლები. ამიტომაც, განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავენ.

  • რა შედეგზე გადის „ოცნება“ მოსამართლეების გაკონტროლების არსებული მოდელით? 

ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებობს კანონები, რომლებიც კონსტიტუციას არსებითად ეწინააღმდეგება. ეს შეიძლება იყოს ე.წ. გრანტების კანონი, რუსული კანონი, ტროტუარზე დგომის კანონი, რომლითაც ადამიანს შეიძლება პატიმრობა განუსაზღვროს სასამართლომ, გამკაცრებული ჯარიმები, რომელიც არაპროპორციულია მოსახლეობის შემოსავლებთან. უამრავი არაკონსტიტუციური და არაპროპორციული კანონი არსებობს და თუ ხელისუფლებამ იცის, რომ არ არსებობს მაკონტროლებელი, ეფექტური სახელმწიფო შტო, რომელიც მას შეაკავებს, რაც არ უნდა კარგი ან ცუდი იყოს ხელისუფლება, შემაკავებელი ბერკეტების არარსებობა ყოველთვის მიიყვანს მას ავტოკრატიამდე.

როცა სტუდენტს ტროტუარზე დგომის გამო სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ პოლიცია აკავებს და ამაზე რეაქცია მეორე სტუდენტს არ აქვს, რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ? მეტი ფსკერი როგორ უნდა გახვრიტო?

ამიტომაც არ ვიცი, ეცოდინება თუ არ ეცოდინება ამ ხალხს, რასთან გვაქვს უკვე საქმე, მაგრამ თუ ჯერ არ უგრძვნიათ, იგრძნობენ ამ უსამართლობას. ყველა ადამიანი იგრძნობს უსამართლობას, ვიდრე კონტროლის ბერკეტები არ გვექნება.

ასეთი გამოთქმა არსებობდა საბჭოთა კავშირში: სტალინი ვისაც უყვარდა, ყოველთვის მეზობლის გამო უყვარდაო, ანუ სტალინი მეზობლისთვის უნდოდათ, საკუთარი თავისთვის – არა.

დღეს სამართლიანი სასამართლო რომ გვქონდეს, შეიძლება გვეთქვა კიდეც, რომ შიდა სამართლებრივ საკითხებში შემაკავებელი ბერკეტი „ქართულ ოცნებას“ აქვს და ხალხი უფრო მშვიდად იქნებოდა, დაველოდებოდით არჩევნებს. არჩევნების საკითხიც უნდა განიხილოს სასამართლომ, მისი შესაძლო გაყალბების მოცემულობა. ვნახეთ, რაც მოხდა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას შემთხვევაში, როგორ თავდასხმას ჰქონდა ადგილი.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ერთ დამოუკიდებელ მოსამართლეს.

ამიტომაც, სისტემის მიზანია, არ არსებობდეს კრიტიკული მოსაზრება და საზოგადოებას ეშინოდეს პროტესტის გამოხატვის. ამ მიზნის შესასრულებლად აუცილებელია, რომ არცერთი ეფექტური კონტროლის მექანიზმი ქვეყანაში არ მუშაობდეს. არც მუშაობს ამ ეტაპზე ეფექტური კონტროლის მექანიზმი.

აუცილებელია სამართლიანი არჩევნები. საზოგადოებამ პროპაგანდის გარეშე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება: სურს იზოლირებულ ქვეყანაში ცხოვრება, თუ სურს ევროპულ საქართველოში ცხოვრება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ შემოვიტანოთ ევროპული სტანდარტები, რადგან ევროკავშირი არ გაძლევს საშუალებას, არაადამიანურად მოეპყრო ადამიანებს და უსამართლობა დაამყარო ქვეყანაში, არ გაძლევს საშუალებას, დაჩაგრო ხალხი. ამიტომ ვამბობ, რომ ნომერ პირველი არის ის, რომ აღდგეს ევროკავშირისკენ წინსვლა, გაიხსნას მოლაპარაკებები, გაუქმდეს კანონები და ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები.

კიდევ ერთ პრობლემაზე მინდა ვთქვა: საზოგადოება არის პოლარიზებული და ეს არის დამსახურება აბსოლუტურად ყველა აქტორის. დამოუკიდებლობის დღის აღდგენიდან დღემდე ყველა აქტორის ბრალია, რომ ასე ვთქვათ გარკვეულ იარლიყს კიდებენ ოპონენტებს… ამიტომაც, აუცილებელია ერთობა. გამოსაცხადებელია საყოველთაო შერიგება. აუცილებელია კრიტიკა. სადაც არ არსებობს კრიტიკა, იქ ავტოკრატია გარანტირებულია.

მერაბ ტურავა კობახიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გაათავისუფლა. ბრძანებას ირაკლი კობახიძემ 25 ივნისს მოაწერა ხელი.

ბრძანებაში არაა განმარტებული, რის გამო გაათავისუფლეს მერაბ ტურავა.

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2020-2025 წლებში. იგი „ოცნების“ მთავრობაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2025 წლის 28 აპრილიდან იკავებდა.

მერაბ ტურავას თავმჯდომარეობის დროს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა განეხილა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და პარლამენტის 34 ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა 2024 წელს გაყალბებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით არც რუსული კანონის მოქმედება შეაჩერა. სარჩელი რუსული კანონის კონსტიტუციურობაზე კი ამ დრომდე არ განუხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს.

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო კონსტიტუციის დაცვა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა, „ფარული მოსმენების საქმეა“. ამ საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წელს დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია.

მერაბ ტურავამ ამ საქმეზე „ბათუმელებს“ 2024 წლის 29 ივლისს უთხრა, გადაწყვეტილება მალე გვექნებაო, თუმცა ისე დატოვა პოსტი, რომ ვერც ეს პირობა შეასრულა.

2025 წელს ლიეტუვამ მერაბ ტუარავა დაასანქცირა.

 

გამოვლინდა ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილია ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო.

ისინი სისტემატურად ამზადებდნენ სარეცხ ფხვნილებს, რომელთა რეალიზაციასაც ცნობილი ბრენდების – „ABC“-ს, „Ariel“-ის, „Tide“-ისა და „Persil“-ის სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენებით ახდენდნენ.

ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქეა დაკავებული.

ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, აღნიშნული ბრენდების ყალბი სასაქონლო ნიშნით მარკირებული 1 325 ერთეული სარეცხი ფხვნილი.

ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებულია: ამავე დასახელების ფხვნილების 5 818 ცარიელი პაკეტი, 632 ტომარა დაბალხარისხიანი სარეცხი ფხვნილი, 28 ტომარა მარილი, არომატიზატორები, საღებავები და პროდუქციის წარმოება-შეფუთვისთვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.“ – წერს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა – „მხოლოდ ჯაჭვები შეცვალეს და ისიც ნაწილობრივ“

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ გვერდით არსებულ სკვერში, ატრაქციონზე 12 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ფაქტს გვიდასტურებენ ბათუმის მერიაში, თუმცა ამბობენ, რომ სკვერში ატრაქციონები გამართულია და არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ბავშვის დაზიანება.

„ბათუმელები“ ესაუბრა ბავშვის დეიდას, რომელიც ამბობს, რომ საქანელა, რომელზეც მისი დისშვილი დაშავდა, არაერთხელ ყოფილა დაზიანებული და მშობლები თავად ცდილობდნენ შეკეთებას.

„ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული და 2 კვირა ასე უნდა იყოს. ჯერ არ ვიცით, შეძლებს თუ არა ფეხის დადგმას ამის შემდეგ. კიდევ კარგი, საქანელას ჩაწყვეტით უკან არ გადავარდა და ხერხემალი არ დაიზიანა.

არც მცირეწლოვნების საქანელებია კარგ მდგომარეობაში. უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ საქანელებზე 15-16 წლის ბავშვებიც ზიან ხოლმე და ხშირად უნდა შეამოწმონ.

ამ შემთხვევის შემდეგ ჯაჭვები შეცვალეს მხოლოდ და ისიც ნაწილ-ნაწილ. ისედაც ჩანს, რომ ნაწილია გამოცვლილი, რადგან ძველი ჯაჭვები მიჟანგულია და ახალი ვერცხლისფრად პრიალებს.  ეს პოსტიც იმიტომ დავდე ფეისბუქზე რომ მინდოდა, სხვებსაც ჰქონოდათ ამაზე ინფორმაცია“- ამბობს ბავშვის დეიდა, თამო ბოლქვაძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, ბავშვთა გასართობი ტერიტორია ასევე გაუმართავია ფიროსმანის ქუჩის ბოლოს.

„არის შემთხვევები, როცა დიდებიც აზიანებენ ამ საქანელებს, ფეხებითაც დგებიან, მაგრამ თვეში ერთხელ ხომ უნდა შემოწმდეს ატრაქციონები? შარშან ზაფხულშიც იგივე სიტუაცია გვქონდა, რამდენჯერმე ჩაწყდა საქანელები და უნდა გენახათ, რა მდგომარეობა იყო. ხელით რომ იყო შეკეთებული ეს ჯაჭვები, ალბათ ამის გამო, დამოკლებული იყო ბევრ ადგილას და საქანელები სწორად კი აღარ იდგა, დაყირავებული იყო.

უნდა ნახოთ, რა სისწრაფით ქანაობენ ბავშვები და ჰაერში რომ ჩაუწყდეთ, წარმოიდგინეთ, რა დაზიანებას მიიღებენ.

ჩამოსასრიალებელი ადგილებიც არ არის მყარად გაკეთებული, რადგან ბევრჯერ შევნიშნე, რომ ბავშვების ჩამოსრიალების შემდეგ გადაიზნიქება ხოლმე ატრაქციონი და ეს ძალიან საშიშია“ – ამბობს თამო ბოლქვაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-საც და ჰკითხა, დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

___________________

მთავარ ფოტოზე: ატრაქციონზე დაშავებული ბავშვი.

ამავე თემაზე: 

უსაფრთხოა ბათუმში საბავშვო ატრაქციონები? – მერია და ბულვარი ინფორმაციას მალავს

რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის საფრთხე? – ინტერვიუ

„თუ რუსეთი ცხინვალის რეგიონს შეუერთებს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია, მაშინ რუსეთის ფედერაცია იურიდიულად სამხრეთ კავკასიაშიც გადმოვა. რა თქმა უნდა, ეს ეგზისტენციალური საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის და სომხური სახელმწიფოსთვისაც, რეალურად“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი „ბათუმელებთან“.

რამდენად რეალურია რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხე? – გიორგი ტუმასიანს თემაზე ვესაუბრეთ.

გიორგი ტუმასიანი
  • ბატონო გიორგი, ბოლო დროს გახშირდა როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, ასევე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საუბარი ცხინვალის რეგიონის რუსეთთან გაერთიანებაზე. გაგლოევმა ჯერ კიდევ 9 მაისს, პუტინთან შეხვედრისას თქვა, რომ „კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ ქვეყნების და ხალხების დაახლოებისკენ და ეს ნაბიჯები იქნება ოსი ხალხის გაერთიანების პროცესის დასაწყისი“. შესაძლოა, რომ ამ ტექსტების ქვეშ სამაჩაბლოს ანექსია იგულისხმებოდეს?

პრინციპში, რუსეთი სისტემურად ახორციელებს ანექსიურ პოლიტიკას ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. იმავეს ცდილობს რეალურად აფხაზეთის მიმართულებითაც და აშკარაა, რომ ცხინვალის რეგიონში, მათ შორის შიდა განწყობების გათვალისწინებით და საკუთარი ზრახვებიდან გამომდინარე, რუსეთმა შეძლო გაცილებით უფრო ღრმა ანექსიური დოკუმენტის მიღწევა სულ ახლახან, რასაც ხელი მოაწერა მოსკოვში გაგლოევმა.

შემდეგ ჩვენ ვნახეთ ჩანაცვლების სისტემური ნაბიჯები, რადგან დოკუმენტი პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ რუსეთს შეუძლია საკუთარი მოქალაქე დანიშნოს ხელმძღვანელად ცხინვალის რეგიონში, რაც აქამდე არ ყოფილა.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უკვე ექნება სრული კონტროლი ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რაც არის რეგიონის დე ფაქტო ანექსია.

  • როგორ ფიქრობთ, ეს არის მორიგი შანტაჟი რუსეთის მხრიდან, მართლა გადაწყვიტა პუტინმა ცხინვალის რეგიონის ანექსია უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე თუ ახლა რატომ წამოსწია ეს საკითხი სწორედ ახლა? ცოცხალი ძალა ხომ არ სჭირდება ფრონტზე ოსების სახით?

ოსები ისედაც მონაწილეობენ ფრონტზე და კი, ეს ფაქტორიც შეიძლება იყოს, რადგანაც ოსები საკმაოდ უკმაყოფილოები არიან იმით, რომ უწევთ ფრონტზე წასვლა. მაგრამ ეს არ არის აქ მთავარი საკვანძო საკითხი.

ერთი მხრივ, ეს ნამდვილად არის ზეწოლა თბილისზე, რაც გულისხმობს კიდევ უფრო მეტი დათმობების მიღებას და სწორედ ამას ვამბობდით, რომ რუსეთთან დათმობების პოლიტიკას არ ექნება ბოლო, რადგანაც კიდევ ახალ დათმობებს მოითხოვს და ეს იქნება სწორედ ამ წნეხის ფარგლებში.

მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს გამაგრებას სამხრეთ კავკასიაში. მათ შორის, ჩვენ უნდა ვხედავდეთ პროცესებს, რომელიც ვითარდება სომხეთში, სადაც მნიშვნელოვნად იკლებს რუსეთის გავლენები. შესაბამისად, რუსეთი ქედს აქეთ გამაგრებას შეეცდება და თუ ცხინვალის რეგიონს შეუერთებს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია, მაშინ რუსეთის ფედერაცია იურიდიულად სამხრეთ კავკასიაშიც გადმოვა.

რა თქმა უნდა, ეს ეგზისტენციალური საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის და სომხური სახელმწიფოსთვისაც, რეალურად.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ ოსები როგორც გადაწყვეტილებაზე შესაძლო ზეგავლენის მქონეები, საერთოდ მოხსნილი არიან და ახლა ხდება რუსეთის მიერ ავტორიტარული ვერტიკალის ჩამოყალიბება.

შესაბამისად, სამხედრო საფრთხე ცხინვალის რეგიონიდან იზრდება საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის და სომხეთის მიმართულებითაც, რადგანაც რუსეთმა არაერთხელ ახსენა ბოლო თვეების განმავლობაში, რომ სომხეთის მიმართულებით აუცილებელია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარება და საჯაროდ იყო ეს ნათქვამი რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში.

  • საქართველოში სტალინმა დატოვა გარკვეული ნაღმები ამ ე.წ ავტონომიების სახით. სომხეთთან დაკავშირებით რის საფუძველზე შეიძლება იმანიპულიროს. ყარაბაღის საკითხი ისედაც დასრულებულია და რა დარჩა სხვა?

რუსეთს დიდი მიზეზები არ სჭირდება. ჩვენ უკვე ვნახეთ არჩევნების შემდეგ მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ მემორიალზე ვანდალიზმი გიუმრიში, რაზეც სომხურმა მედიამ თქვა, რომ ეს თავად რუსეთის მოწყობილი იყო. რუსულ პროპაგანდაში სულ უფრო ხშირად ისმის ის, რაც პუტინმა თქვა – უკრაინული სცენარისკენ მიდისო სომხეთიო.

გეოგრაფიულად, რუსეთის სომხეთთან მდებარე ყველაზე ახლო სამხედრო ბაზა არის ცხინვალის რეგიონში. სომხეთის ტერიტორიაზე რა ბაზებიცაა, ესეც საკმაოდ სერიოზული დაკვირვებისა და კონტროლის ქვეშაა. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ამ ბაზების შესაძლებლობები, რაოდენობრივი თუ ტექნიკური თვალსაზრისით, ამჟამად შემცირებულია უკრაინაში კონფლიქტის გამო და თავად სომხეთიც, ასე ვთქვათ, ხელს არ უწყობს ამ ბაზების გადაიარაღებას ან პერსონალით შევსებას. შესაბამისად, ეს ბაზები ნაკლებად წარმოადგენენ პოტენციურ საფრთხეს.

  • თქვენ თქვით, რომ ცხინვალის რეგიონის შესაძლო ანექსია ერთგვარი ზეწოლაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე. რისთვის ახდენს ზეწოლას? „ოცნება“, ფაქტობრივად, რუსულ პოლიტიკას ატარებს და ყველა გზას ჭრის ევროპასთან. რატომ სჭირდება ეს დამატებითი ზეწოლა რუსეთს?

რუსეთს არ აწყობს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს თავისუფალი მედია, თავისუფალი საზოგადოება, პროტესტი, ოპოზიციური პარტიები და სრულად არ არის დამყარებული დიქტატურა, ქართველი ერის ბრძოლის შედეგად.

მეორე მხრივ, ივანიშვილის და მისი გუნდის პოლიტიკა, იურიდიულად მაინც, ჯერ კიდევ ღიად რუსეთის მიმართულებით ინტეგრაციას არ გულისხმობს. რა თქმა უნდა, რუსეთს უნდა დაინახოს არა თუ ანტიდასავლური საქართველო, არამედ პრორუსული საქართველო და ამისთვის სჭირდება მრავალი ნაბიჯი.

ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიის მიერ ნეიტრალიტეტის თემა წამოიწია მაგალითად, ვხედავთ 78-ე მუხლზე სრულად უარის თქმას, მათ შორის საჯარო რიტორიკაში ჩანს ეს და ასე შემდეგ. შესაბამისად, რუსეთს უნდა სრული მორჩილების მიღება საქართველოსგან, დასავლეთთან კომუნიკაციის სრული შეზღუდვა.

რუსეთის მიზანი არის ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება და დღეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვნად დასუსტებულია ეს სახელმწიფოებრიობა, მაგრამ სრულად არ აქვს რუსეთს მიღებული ის, რაც მას უნდა.

ყველაზე ცუდი ამ სცენარში ის არის, რომ რაც არ უნდა გააკეთოს საქართველომ, რუსეთი მაინც ვერ დაკმაყოფილდება ამით, გარდა იმისა, რომ სრული კონტროლი მიიღოს საქართველოზე. შესაბამისად, თბილისის მანევრირების საშუალება ძალიან სერიოზულად მცირდება.

  • ოკუპირებული ტერიტორიის შესაძლო ანექსიის საფრთხეზე განცხადებები გააკეთა ოპოზიციამ. გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტშიც დასვეს კითხვები. ამის ფონზე „ოცნება“ დღედაღამ იმაზე საუბრობს, რომ თურმე ევროპა არ აცნობს საქართველოს სუვერენიტეტს. უფრო მეტიც, პაპუაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ თურმე საბჭოთა კავშირში საქართველოს უფრო მეტი უფლებები ჰქონდა, ვიდრე ეს ექნება ევროკავშირში. რას ნიშნავს ასეთი განცხადებები?

ამ განცხადებებით ხალხს ამზადებენ ბელარუსის სცენარისთვის. იმედი აქვთ, რომ ბელარუსის სცენარი გამოუვათ, რადგან ბელარუსი ფორმალურად რჩება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაგრამ რეალურად მისი დამოუკიდებლობა მხოლოდ ფურცელზეა.

სწორედ ეს არის მთელი ამ ანტიდასავლური რიტორიკის მიზანი, იმედი აქვთ, რომ რუსეთი ამით დაკმაყოფილდება, მაგრამ აქ ელით ყველაზე დიდი მოულოდნელობა, რადგან რუსეთი გააგრძელებს კიდევ უფრო დიდ ზეწოლას.

მეორე – ის რაც ხდება ცხინვალის რეგიონში, მარტივად ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, სულ რომ ნეიტრალურად შევაფასოთ გარე დამკვირვებლის ლოგიკით, უკვე ჩავარდნილია რუსეთის მიმართულებით.

ამას არ ვამბობ შიდა პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანი – ანექსიური პოლიტიკა შეჩერებული ყოფილიყო დასავლეთთან ასეთი დაპირისპირების მეშვეობით, უბრალოდ ამას ვერ აღწევს, რადგან მარტივია – რუსეთი პატივს სცემს ძლიერ სუვერენულ სახელმწიფოს.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ სუვერენიტეტი კი გახადა მთავარ სასაუბრო თემად, მაგრამ ამის უკან დგას წარმოუდგენლად დასუსტებული შეიარაღებული ძალები, დასუსტებული საერთაშორისო კავშირები, პირდაპირი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ა.შ. შესაბამისად, რატომ უნდა გაითვალისწინოს რუსეთმა საქართველოს ინტერესი მაშინ, როდესაც თავად თბილისი საქართველოს ინტერესების გათვალისწინებისთვის არაფერს არ აკეთებს?!

საკუთარი ქვეყნის ინტერესების რუსეთისთვის ჩაბარებით, რუსეთი არ გაგითვალისწინებს, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პრინციპში ბევრმა დაუშვა, მაგალითად სომხეთმაც მრავალი წლის განმავლობაში და ძალიან უცნაურია, რომ საქართველო მაინც ამ მიმართულებით მიდის.

რეალურად, ივანიშვილი საქართველოს ნელ-ნელა ამზადებს რუსეთის გავლენის სფეროში სრულად დასაბრუნებლად.

  • ანუ, თავს კიდევ უფრო დახრიან და ანექსიას შეეგუებიან?

თუ რუსეთს ექნება ცხინვალის რეგიონში საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნის უფლება, რაც ვერ მოახერხა, მაგალითად, აფხაზეთში, რადგან იქ შეხვდა წინააღმდეგობა, როცა ინალ არძინბა ჩამოიყვანეს და დასვეს, მაგრამ, არ გამოუვიდათ; თუ რუსი მართავს ცხინვალის რეგიონს და ამას შეეგუება „ქართული ოცნება“ პირდაპირი გაგებით, მაშინ რა გამოდის – ანექსია გამოდის ფაქტობრივად, ხომ?! აქამდე ფორმალურად მაინც ასე არ იყო.

მეორეა აფხაზეთი, სადაც მიმდინარეობს სამხედრო ბაზების გაფართოება, მიმდინარეობს აპარტ-ოტელების მშენებლობა, რაც პირდაპირ ნიშნავს ეთნიკური კომპონენტის შეცვლას, ანუ რუსების ჩასახლება მოხდება პირდაპირ, რომლის შედეგადაც მკვეთრად შემცირდება ეთნიკური სტატუს-კვო და თავად აფხაზებსაც ესმით, რომ ამას ძალიან სერიოზული რისკები შეიძლება ჰქონდეს.

აფხაზები მეტ-ნაკლებად იბრძვიან გარკვეული ავტონომიისთვის, სრული ანექსიის არდაშვებისთვის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი იქაც არ იშურებს ძალისხმევას.

და რა ხდება დანარჩენ საქართველოში? – მიმდინარეობს პოლიტიკური ინტეგრაცია რუსეთთან. თბილისი იმეორებს რუსეთის გზავნილებს ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონის მიმართულებით, გვაქვს ეკონომიკური ინტეგრაცია რუსეთთან და საქართველოს მთელი ეკონომიკა მიზანმიმართულად დამოკიდებული ხდება რუსეთზე.

რუსეთის საელჩოს წარმომადგენლობა საქართველოში სიამაყით აცხადებს, რომ 90% -იანი დამოკიდებულება გვაქვს რუსულ ხორბალზე და ამას ემატება გაზი, ამას ემატება ეთნიკური მდგენელი, რადგან მკვეთრად იზრდება რუსების რაოდენობა საქართველოში „ოცნების“ პოლიტიკის შედეგად. გვაქვს სრული სინქრონიზაცია კანონებში, შიდა მმართველობაში და ფაქტობრივად, სრული ინტეგრაცია მიმდინარეობს რუსეთთან.

  • ცხინვალის თემას რომ დავუბრუნდეთ, როგორც ვიცით, გაგლოევი ჩაანაცვლეს მარატ კამბოლოვით. ვინ არის ეს ადამიანი, რატომ გააკეთეს მასზე აქცენტი?

პირველ რიგში იმიტომ, რომ კამბოლოვი დაბადებულია ჩრდილოეთ ოსეთში და შესაბამისად, არ არის ადგილობრივი. ეთნიკურად ოსია, მაგრამ ადგილობრივი არაა, რუსეთის მოქალაქეა, რაც სრულიად ცვლის ბალანსს და დინამიკას.

გაგლოევი ცხინვალში იყო დაბადებული 1981 წელს, ანუ საქართველოშია დაბადებული და მარატ კამბოლოვი დაბადებულია 1965 წელს, ჩრდილოეთ ოსეთში, ანუ რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკაში. ეს არის რადიკალური განსხვავება ამ ორს შორის.

ერთი არის ჩვენი მოქალაქე, მაგრამ სეპარატისტი, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით სხვა პრიზმაში გადის, მეორე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და შეიძლება ითქვას გაულაიტერი, ანუ ოკუპანტის მიერ დანიშნული ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

  • სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, მანამდე იყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთს უნდოდა საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენა და რეალურად, ომიც ამიტომ დაიწყო უკრაინაში. მაგრამ ფაქტია, რომ ვერ აღწევს მიზანს. რამდენად შეძლებს რუსეთი უკრაინაში მარცხის საკომპენსაციოდ მიიღოს კავკასია იმ ფონზე, როცა არც აზერბაიჯანს მიუწევს გული რუსეთისკენ და არც სომხეთს?

ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს იმედი აქვს. პირველ რიგში იმის, რომ მისთვის მარტივია ცხინვალის რეგიონში ანექსიის პოლიტიკა და აუცილებლად ეცდება აფხაზეთშიც იმავეს, სადაც უფრო მეტი წინააღმდეგობა ელის.

დანარჩენ საქართველოშიც ცდილობს უკვე რამდენი წელია ამ პოლიტიკის გატარებას ღიად, დაწყებული გავრილოვის ჩამოყვანით. აქ ქართველი ხალხის წინააღმდეგობა ხვდება, მაგრამ მაინც.

სომხეთშიც ცდილობდა ამას არჩევნების კონტექსტში, მაგრამ ამ მომენტისთვის რუსეთს მკვეთრად არ აქვს გადაწყვეტილი რას მოიმოქმედებს სომხეთთან მიმართებით. არ არის გამორიცხული სომხეთში არსებული ბაზების გამოყენება გარკვეულწილად, პროპაგანდის ჩართვა ან არც ის არის გამორიცხული, რომ ცხინვალის ბაზიდან დაიწყოს პროვოკაციები სომხეთის მიმართულებით.

  • ამ ეტაპისთვის დასავლეთისგან ვისმენთ გზავნილებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებასთან არაფერი აქვთ სახვეწარი, ევროკავშირის მხრიდანაც გვესმის მკაცრი შეფასებები და ამ ყველაფრის ფონზე, რა ელოდება საქართველოს მომავალს, რა გზით შეიძლება თავი დავაღწიოთ რუსეთის გავლენებს?

რა თქმა უნდა, აუცილებელია დემოკრატიული ძალების კონსოლიდაციით დავაბრუნოთ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამისთვის გარდაუვალია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა, ქართული სახელმწიფოს გაძლიერება, რაც გულისხმობს ეკონომიკურ დივერსიფიცირებას, შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და მოკავშირეებთან ურთიერთობის გაღრმავებას, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია ძლიერი მოკავშირეების გარეშე.

ეს მოკავშირეები უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მეზობელი ქვეყნები – თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რადგან სამივე ჩვენი ახლო პარტნიორია და პირველ რიგში, ევროკავშირი, რომელიც ჩვენი ისტორიული არჩევანია და ყველაზე ახლო პარტნიორი, რომელიც ძლიერდება სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებით, უზარმაზარი ეკონომიკური შესაძლებლობის მქონეა და ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი.

არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა არის ერთადერთი სწორი გზა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების კონსოლიდაცია.

რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ კონტურზეც. რუსეთი, როგორც ხედავთ, მნიშვნელოვნად სუსტდება. ყირიმის მიმართულებით რაც ხდება, ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს მოსკოვს და ასუსტებს „ქართულ ოცნებას“, მის ძირითად დასაყრდენს საქართველოში. ასევე, ასუსტებს „ოცნების“ პროპაგანდას – „აბა ომი გინდათ?“.

როგორც კი რუსეთი უუნარო იქნება, მისი მხრიდან სერიოზული საფრთხეები იქნება შემცირებული საქართველოს მიმართაც.

  • როგორ ფიქრობთ, შესაძლოა რუსეთი იმ დონეზე დასუსტდეს, რომ კავკასიის დასაპყრობად აღარ დარჩეს ძალები?

არავინ იცის ზუსტი პასუხი ამაზე. მაგრამ მე შემიძლია ჩვენი წარსული გავიხსენო და ვთქვა, რომ 90-იან წლებში, სწორედ რუსეთის სერიოზული დასუსტების და საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში გახდა შესაძლებელი დამოუკიდებლობის მოპოვება.

შესაბამისად, ამის გამორიცხვა დაუშვებელია.

ამ მომენტისთვის ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი საკმაოდ სერიოზული სისტემური პრობლემებისკენ მიდის. ეს ნიშნავს სისტემურ პრობლემებს ეკონომიკაში, რადგან ნავთობის საკითხი და ნავთობის გადამუშავების არა მარტო დღევანდელი ომის მომავლის, არამედ ეკონომიკის საკითხია, პრობლემები აქვთ დემოგრაფიაში, რადგან ამდენი მოქალაქე წასულია ომში და უმრავი დაიღუპა. სისტემური პრობლემები აქვს იდეოლოგიური კუთხით, კონტროლის, საერთაშორისო გავლენის კუთხით და ასე შემდეგ. თუნდაც ის ფაქტი, რომ ზელენსკის მოთხოვნით ლუკაშენკო იძულებული გახდა მოეხსნა რუსეთის დანადგარები საზღვრიდან კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ რუსეთის გავლენები ბელარუსშიც კი სუსტდება.

_____________

მთავარ ფოტოზე: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მარატ კამბოლოვი.

ამავე თემაზე: 

ვის ჩააბარა მოსკოვმა ცხინვალი

 

ბათუმში გაავდრდება – როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ივნისის 21 საათიდან 27 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა. შესაძლებელია ელვა-ჭექა, დღისით დროგამოშვებით ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, დღისით ზოგან 17-22 მ/წმ-მდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 17  – 22 გრადუსი სითბო
    ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 28 ივნისს ღამით და დღის პირველ ნახევარში აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა.
ზოგან ძლიერი. მომდევნო ორ დღეს – 29 და 30 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

 

ბათუმსა და ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს

ბათუმსა და ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას დღეს, 26 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდნენ. სამართალდამცველებმა მსჯავრდებულები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა დროს ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დააკავეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 398 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 059 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 823 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 44 799 ერთეული [+68]
  • MLRS – 1 896 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 447 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 373 660 ერთეული [+1 778]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 729 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 112 146 ერთეული [+439]
  • სპეცტექნიკა – 4 348 ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დიდი ბრიტანეთი უკრაინის აღდგენისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის 290 მლნ ფუნტს გამოყოფს

2024 წლის შემდეგ პირველად, უკრაინაზე დასკვნები EU-ის 27-ვე წევრმა მიიღო

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ხელოვნური კუნძულისთვის მოპოვებულ ქვებს „ამბასადორი“ ბათუმში გადაამუშავებს – სკრინინგი

სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელ საწარმოსთან დაკავშირებით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის განცხადებით ხელახლა მიმართა.

საწარმო ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული.

სკრინინგის პროცედურა კომპანიამ 2026 წლის თებერვალში დაიწყო [მაშინ განაცხადში ბეტონის ქარხანაც იყო], თუმცა იმავე წლის აპრილში სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და „ამბასადორს“ აცნობა, რომ უწყება საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა, თუ კომპანია პროექტის დეტალებს დააზუსტებდა.

ამ თემაზე ვრცლად: ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხნის საკითხის განხილვა შეწყდა – რას სთხოვენ „ამბასადორს“

სკრინინგის პროცედურა აუცილებელია იმისთვის, რომ სააგენტომ გადაწყვიტოს – საჭიროა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ჩატარება აღნიშნული საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებით.

„ამბასადორმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის ხელახალი განცხადებით 2026 წლის 19 ივნისს მიმართა.

ამ განცხადების მიხედვით „ამბასადორი“ ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე ნაკვეთს [დაახლოებით 34 ჰექტარ ტერიტორიას] სარგებლობს, რომელთაგან ერთ-ერთზე სამსხვრევ-დამახარისხებელი საწარმოა განთავსებული.

„საწარმოს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია კომპანიის კუთვნილი ბეტონის საწარმო, რომელზეც შეთანხმებულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში,“ – წერია ახალ განაცხადში.

ამავე განაცხადში აღნიშნულია, რომ:

„ინერტული მასალის გადამუშავების ობიექტის ფუნქციონირების მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა ფრაქციის ინერტული მასალის დამზადება, რომელიც გამოყენებული იქნება ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო მიზნებისთვის, რისთვისაც საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა აუცილებელი ინფრასტრუქტურა და განთავსდება ყველა შესაბამისი დანადგარი.

წელიწადში გადამუშავდება 100 000 კუბური მეტრი [200 000 ტონა წელიწადში] ინერტული მასალა [ბალასტი].

„გარდა ლენტური ტრანსპორტიორების გადახურვისა, სამსხვრევი ხაზის სამივე სამსხვრევი დანადგარი და დამხარისხებელი საცერების უბნები სრულად შეიფუთა პოლიურეთანის ქაფის შემცველი პანელებით, რაც უზრუნველყოფს როგორც მტვრის გაფრქვევის, ისე სამსხვრევი დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონეების მნიშვნელვნად შემცირებას.“

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ წარდგენილი სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წარუდგინოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 3 ივლისის ჩათვლით პერიოდში.

სააგენტოს ინფორმაციით წერილებს მიიღებენ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, 0112; ან ფოსტით: eia@mepa.gov.ge [გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].

სკრინინგის განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ საწარმოს მუშაობისთვის ინერტულ მასალებსა თუ ქვებს ჭოროხის, ხალასა და კვირიკეს კარიერებიდან შემოიტანენ:

  • „საწარმოს ოპერირებისათვის საჭირო ინერტული მასალის შემოტანა გარე წყაროებიდან მიმდინარეობს, ძირითადად მდინარე ჭოროხის ლიცენზირებული კარიერებიდან.“
  • „ქვები დატვირთული იქნება ხალასა და კვირიკეს კარიერებიდან სატვირთო მანქანებზე და გადაიტანება ბენზეს სამსხვრევ-დამახარისხებელ საწარმოში.“

თითქმის ყველა შემთხვევაში „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულს [ინერტულ მასალებს, ქვებს] ულიცენზიოდ მოიპოვებს.

ლიცენზიისგან კი მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს შესაბამისი განკარგულებებით, რომლებიც მთავრობის 2005 წლის N136 დადგენილების საფუძველზეა მიღებული. აქედან გამომდინარე, წიაღისეულის მოპოვება აღარ ექვემდებარება გზშ-ს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ლიცენზიისგან გათავისუფლების მექანიზმს, რომელსაც მთავრობის 2005 წლის N136 დადგენილება გვთავაზობს, საერთოდ არ ცნობს ზემდგომი აქტები – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი და „წიაღის შესახებ“ კანონი.“ 

შესაბამისად, ანალიტიკოსი თვლის, რომ აღნიშნული დადგენილების ის მუხლი, რომლითაც ლიცენზიისგან გათავისუფლების მექანიზმია დადგენილი, უკანონოა.

უკანონოა ასევე ამ მუხლის საფუძველზე მიღებული ყველა განკარგულება ლიცენზიისგან გათავისუფლებაზე. 

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ უკანონო განკარგულების საფუძველზე წიაღისეულის მოპოვებაც უკანონოა.

ამ თემაზე ვრცლად:

ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

 

 

 

ეკა ჩავლეიშვილი კირა ნაითლისთან ერთად ითამაშებს ბრიტანელი რეჟისორის ფილმში

ბათუმელი მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილი ბრიტანელი რეჟისორის, საიმონ ვუდსის ფილმში – The Worst – ითამაშებს.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად ეკა ჩავლეიშვილმა გააზიარა ფეისბუქზე.

უცხოური გამოცემების მიხედვით, გადაღებები უკვე დაწყებულია. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ალისია ვიკანდერი, კირა ნაითლი და ერინ კელიმანი.

ფილმის გადაღებები სამხრეთ საფრანგეთში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, The Worst შავი კომედიაა.

როგორც ეკა ჩავლეიშვილი AT-თან კომენტარში ამბობს, ფილმის ქასთინგის რეჟისორი დიქსი ჩესია, რომელმაც ეკა ჩავლეიშვილი კინოდაჯილდოება „ელისოს“ ჟიურიში ყოფნისას, 2024 წელს გაიცნო.

წყარო: variety

ამერიკულ გამოცემა Just Jared-თან ფილმის პროდიუსერები ამბობენ, რომ საიმონ ვუდსი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ახალი ტალანტია კინოში, როგორც სცენარისტი, ისე – რეჟისორი:

„მისი ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი დაუვიწყარ მოგზაურობაში წაიყვანს მაყურებელს. ფილმი სავსეა ბრწყინვალე იუმორით, მოულოდნელობებითა და სრულიად მოულოდნელი, შემზარავი სიუჟეტური გარდატეხებით“.

ეკა ჩავლეიშვილი ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია. კინოში მან ფართო აღიარება მოიპოვა ელენე ნავერიანის ფილმით – „შაშვი შაშვი მაყვალი“, რისთვისაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო.

_________________

ფოტოზე: ეკა ჩავლეიშვილი ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი“

აშშ-ის მხარდაჭერით ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომი აშენდება

ფოთის პორტი ახალი ნავმისადგომის მშენებლობის მეორე ფაზას იწყებს.

მშენებლობის განსახორციელებლად საჭირო თანხები კი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) გამოჰყო სესხის სახით.

დღეს, 25 ივნისს, ფოთში გაიმართა მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი იღებდა.

ოფიციალურ ცერემონიამდე განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ს საელჩომ, სადაც სესხის დეტალები განმარტა.

„მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან $25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა.

დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ.

აღნიშნული პროექტი ეფუძნება DFC-ისა და PACE Group-ის წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში 2020 წელს ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის $50 მილიონი დოლარის სესხი გამოიყო,“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

DFC აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტოა, რომლის ინვესტიციები ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მყარ ეკონომიკურ შედეგებს უზრუნველყოფს და ხელს უწყობს აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელის განცხადებით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში DFC-მ საქართველოში, კერძო სექტორში 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობის დაწყების ცერემონია

„ოზთურქის ბინებს“ სოცდაუცველებს გადასცემენ – ბათუმის მერია სპეციალურ საცხოვრებელ ზონას ქმნის

ბათუმის მერიამ საკრებულოში განკარგულების პროექტი წარადგინა, რომლითაც იმ ტერიტორიას, სადაც „ოზთურქის ბინებია“ განთავსებული, სტატუსს უცვლის. საკრებულომ ამ ადგილს საცხოვრებელი ზონის სტატუსი უნდა მიანიჭოს, ვინაიდან, როგორც პროექტშია აღნიშნული, ეს ბინები სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უნდა გადაეცეს.

ტერიტორია გიორგი ცაბაძის [ყოფილი ნიკოლოზ გოგოლის] ქუჩაზე, რომელზეც 7 კორპუსი დგას, თურქ ბიზნესმენს ჩამოართვეს და ბათუმის მერიას გადასცეს. საუბარია იმ კორპუსებზე, რომლებიც გალიფ ოზთურქის კომპანიამ 2021 წელს უკანონოდ ააშენა და სახელმწიფოს მისთვის ხელი არ შეუშლია.

„აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია უნებართვოდ საცხოვრებელი სახლები. იქედან გამომდინარე რომ მოცემული ტერიტორიის განვითარება დაევალა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს, უნდა მოხდეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქცევა. პროექტის განხორციელების მიზანია სოციალური, ვინაიდან საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებული ბინები გადაეცემა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.“ – წერია საკრებულოში გაგზავნილ პროექტში.

საკითხი ბათუმის საკრებულომ 2026 წლის 30 ივნისის სხდომაზე უნდა განიხილოს.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცა ქალაქ ბათუმში, გიორგი ცაბაძის ქუჩა №11დ-ში (ყოფილი ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა №11დ) მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ხსენებულ მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორია მდებარეობს საწარმოო ზონაში, შესაბამისად, საჭიროა ზონის ცვლილება.“ – წერია განკარგულების პროექტში.

ამავე პროექტის მიხედვით სპეციალური საცხოვრებელი ზონის სტატუსი უნდა მიენიჭოს შემდეგ ტერიტორიას [მონიშნულია ყვითელი ფერით]:

განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს ახალ, სპეციალურ საცხოვრებელ ზონას, რაც გაითვალისწინება რეგლამენტში.

ამ ზონის მახასიათებლებია:

„სპეციალური საცხოვრებელი ზონა წარმოადგენს საცხოვრებელი ზონის ერთგვაროვან ქვეზონას, სადაც დომინირებს საცხოვრებელი სახლები. აგრეთვე, დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა.

ნებადართული სახეობებია: ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი; მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; მრავალფუნქციური შენობა; სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; კვების და სავაჭრო ობიექტი, რომელიც ემსახურება შესაბამის განაშენიანებას; სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; მცირე ზომის სახელოსნო, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; რელიგიური/საკულტო, კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი;

ასევე სასტუმრო; პროფესიული სასწავლებელი; ოფისი; საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; ადმინისტრაციული ობიექტი; ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;

საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; სავაჭრო ცენტრი; უმაღლესი სასწავლებელი და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება.“

  • ბათუმში უსახლკაროების ნაწილს ბათუმის მერია ქირის ფულს უხდის დროებით და აიმედებს: შეიძლება ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებში ბინა მოგიწიოთო. ამ ადამიანებს ოზთურქისთვის ჩამორთმეული ბინების გადაცემას „ოცნება“ 2026 წლის იანვარში დაჰპირდა.

ამ თემაზე ვრცლად:

„ოცნების“ კოორდინატორი ახალ სქემაზე – ვინ რისთვის მიჰყავთ „ოცნების ქალაქიდან“ საჯარო რეესტრში | ვიდეო

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რისთვისაც ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება [ფოტო]

25 ივნისს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ბათუმში მომავალი მეზღვაურების ტრადიციული მსვლელობა მოეწყო, რომელშიც წელს მხოლოდ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტები მონაწილეობდნენ.

აკადემიის სტუდენტებმა მსვლელობით გაიარეს მემედ აბაშიძის გამზირი და მსვლელობის დასასრულს გვირგვინით შეამკეს იუნკერების მემორიალი.

მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით დღეს ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 576 164 ლარს მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად უტენდეროდ ხარჯავს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით 12 საათიდან 17 საათამდე ბათუმში, ევროპის მოედანზე დაგეგმილია საბავშვო გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები.

18 საათზე დაიწყება კონცერტი, სალიოსა და მისი ბენდის მონაწილეობით, დასკვნითი ღონისძიება კი საღამოს ცხრის ნახევარზე, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში გაიმართება.

გთავაზობთ ფოტოებს აკადემიის სტუდენტების საზეიმო მსვლელობიდან.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, 25 ივნისი, 2026 წელი
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, 25 ივნისი, 2026 წელი
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, 25 ივნისი, 2026 წელი
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, 25 ივნისი, 2026 წელი
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, 25 ივნისი, 2026 წელი
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, 25 ივნისი, 2026 წელი
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, 25 ივნისი, 2026 წელი
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, 25 ივნისი, 2026 წელი
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, 25 ივნისი, 2026 წელი
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, 25 ივნისი, 2026 წელი
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, 25 ივნისი, 2026 წელი
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, 25 ივნისი, 2026 წელი
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, 25 ივნისი, 2026 წელი

ამავე თემაზე:

ბათუმში მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

ხელვაჩაური ბათუმისგან ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს – საკრებულოები საზღვრის შეცვლაზე მუშაობენ

ბათუმისა და ხელვაჩაურის საკრებულოები ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას განიხილავენ. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომლითაც ბათუმის მერია ამ საკითხზე სამუშაოდ სპეციალურ ჯგუფს ქმნის, მოსამზადებელია შუამდგომლობა, რომლითაც პარლამენტს უნდა მიმართონ.

ცვლილების შემდეგ შესაძლოა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცეს ქალაქ ბათუმის ტერიტორიის ნაწილი.

შესაბამისი კომისია ხელვაჩაურის საკრებულოს უკვე შექმნილი აქვს.

მას შემდეგ რაც ორი სამუშაო ჯგუფი ინფორმაციას დაამუშავებს, უნდა მოამზადონ შუამდგომლობა, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ.

შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საჭიროების დასაბუთება, ახალი ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა, მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები, საკრებულოს სხდომის ოქმით გაფორმებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი მოსაზრება.

ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესასრულებლად ბათუმის მერია სპეციალურ ჯგუფს ქმნის და როგორც განამარტებით ბარათში წერენ, სამუშაოს დასასრულებლად გონივრულ ვადას, 3 თვეს მისცემს. კომისიას საკრებულოს თავმჯდომარე ვანო მაისურაძე უხელმძღვანელებს.

ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით ხელვაჩაურის საკრებულოს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე განკარგულება 29 მაისს დაუმტკიცებია.

გუშინ, 23 ივნისს ხელვაჩაურის საკრებულომ გამოაქვეყნა ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის სხდომის შესახებ, სადაც წერენ, რომ სხდომაზე ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის, სქემატური რუკებისა და მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციების ამსახველი მასალების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხე იმსჯელეს.

კონკრეტულად რა ადგილებს შეეხება ცვლილება მსგავსი განმარტება არ გამოუქვეყნებიათ. როგორც ჩანს ხელვაჩაურის მიზანია ხალხმა ამ პოსტით გაიგოს, რომ სხდომა გამართეს და იმსჯელეს, ანუ მუშაობენ, მაგრამ  რას განიხილავენ და კონკრეტულად რა ტერიტორიებს შეეხება ცვლილება, ამის გასაჯაროვება სავალდებულოდ არ მიჩნიეს.

სქრინი ხელვაჩაურის საკრებულოს ფეისბუქსი გვერდიდან

უფრო მეტიც, ხელვაჩაურის მერიას ვკითხეთ კონკრეტულად რა ნაწილში გეგმავენ ცვლილებას, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. ჯერ დაგვპირდნენ, შემდეგ კი ტელეფონზე აღარ გვიპასუხეს. 

„ბათუმელების“ ინფორმაციით კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ითხოვს გადაეცეს მერიის ადმინისტრაციული შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ახლა ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებშია. კერძოდ დაგეგმილია ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩიდან მდინარე ჭოროხამდე ტერიტრორიის დაახლოებით 150 ჰექტარის ხელვაჩაურის საზღვრებში დაბრუნება.

წითელი ხაზით მონიშნულია ტერიტორია ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომლის გადაცემასაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ითხოვს. შენიშვნა: „ბათუმელები“ ამ ტერიტორიის კონკრეტულ საზღვარს მუნიციპალიტეტებში აზუსტებს. ინფორმაციას მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით

ტერიტორია რომელიც ხელვაჩაურის საზღვრებში უნდა მოაქციონ, ბათუმს წინა ხელისუფლების დროს [2011 წელს] გადაეცა.

სხვათა შორის ორ მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების საკითხი მათ შორის არის, რომლის გადაწყვეტასაც „ოცნების“ ხელისუფლება წლებია ცდილობს და თავი ვერ მოაბეს.

ხელვაჩაურის მერიის შენობის ქალაქის საზღვრებში არსებობა, რომ გარკვეულ უხერხულობასა და დაბნეულობას იწვევდა ამაზე ბათუმის საკრებულოში 2019 წელსაც მსჯელობდნენ და დოკუმენტებიც მოამზადეს, თუმცა, 2026 წელსაც იგივე საკითხის გადაწყვეტას ცდილობენ.

მაგალითად 2019 წლის 5 მარტის სხდომაზე განხილული  პროექტის მიხედვით, ბათუმის საკრებულო თანახმა იყო საზღვრის შეცვლაზე. რა [ვერ] გააკეთეს მაშინ საკითხის გადასაწყვეტად წაიკითხეთ აქ:

ბათუმი ხელვაჩაურს 55 ჰექტარ მიწას უკან უბრუნებს – საზღვრის ცვლილებას საკრებულო განიხილავს

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 397 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 057 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 818 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 44 731 ერთეული [+67]
  • MLRS – 1 893 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 443 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 371 882 ერთეული [+1 994]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 728 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 111 707 ერთეული [+450]
  • სპეცტექნიკა – 4 339 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დიდი ბრიტანეთი უკრაინის აღდგენისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის 290 მლნ ფუნტს გამოყოფს

2024 წლის შემდეგ პირველად, უკრაინაზე დასკვნები EU-ის 27-ვე წევრმა მიიღო

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, „ოცნების“ მთავრობამ არაბული ინვესტიციის განხორციელება დააანონსა.

აღნიშნული ტერიტორია შედის ზურმუხტის ქსელის „ჭოროხის დელტას“ ტერიტორიის [საიტის] საზღვრებში და მას ბერნის კონვენცია იცავს.

საქართველოს ასოცირების შეთანხმებითაც აქვს ვალდებულება შექმნას და დაიცვას ზურმუხტის ტერიტორია. საინვესტიციო პროექტის გამო კი მთავრობა, „საჭიროების შემთხვევაში“, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის საზღვრის კორექტირებასაც განიხილავს.

„მე შემიძლია გითხრათ „ზურმუხტის ქსელის“ საიტს ამ პროექტის გარეშე რა პრობლემები აქვს. ეს პრობლემები რამდენად გამძაფრდება, ან პირიქით შერბილდება, ამ პროექტის განხორციელების შედეგად – ეს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს უნდა განიხილონ.

საზღვრის შეცვლა კი მარტივი პროცესი არ არის. ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორია და საკითხი დაისმება ბერნის კონვენციის სამდივნოს და ევროკომისიის დონეზე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საზოგადოება „საბუკოს“ დირექტორი ირაკლი მაჭარაშვილი.

საზოგადოება „საბუკო“ ძირითადად ბიომრავალფეროვნების დაცვასა და კონსერვაციას ემსახურება.

რას ნიშნავს ზურმუხტის ქსელი და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის, ამ თემაზე „ბათუმელები“ ირაკლი მაჭარაშვილს ესაუბრა.

ირაკლი მაჭარაშვილი
  • ბატონო ირაკლი, რას ნიშნავს „ზურმუხტის ქსელი“ და კონკრეტულად „ჭოროხის დელტა“ რითია უნიკალური?

„ზურმუხტის ქსელი“ არის ბერნის კონვენციის, ანუ „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ ცხოვრებაში დანერგვის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი და გულისხმობს ამ კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების ანუ საბინადრო გარემოს შენარჩუნებას. არის ჩამონათვალი თუ რომელ სახეობებს, ჰაბიტატებს იცავს კონვენცია. ქვეყნები, რომლებიც არიან ბერნის კონვენციის წევრები, ვალდებულნი არიან თითოეული სახეობა და ჰაბიტატი ჰქონდეთ სათანადო დონეზე დაცული თავის ქვეყანაში.

სათანადო დონეზე დაცული ნიშნავს, რომ არ უნდა იყოს არცერთი სახეობა და არცერთი ჰაბიტატი ქვეყანაში [ამ შემთხვევაში საქართველოში, წევრ ქვეყანაში], სადაც არ იქნება სპეციალური ეს „ზურმუხტის ქსელის“ საიტი გამოყოფილი და სადაც არ იქნება მათი დაცვის მექანიზმები. ამის ეკვივალენტური ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის ეგრეთ წოდებული Natura 2000-ის ქსელი. ანუ, დაახლოებით ერთი და იგივე ქსელია და ფუნქციონირებისთვის დამატებითი სამართლებრივი მექანიზმია ე.წ. „ჰაბიტატების დირექტივა“.

„ჰაბიტატების დირექტივაც“ არის ევროკავშირის კანონმდებლობის, ბუნებისდაცვითი კანონმდებლობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ამ კანონმდებლობის მიხედვით გამოყოფილი უნდა იყოს ბუნების კონსერვაციის სპეციალური ტერიტორიები და ფრინველთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიები. სწორედ ამ კრიტერიუმების კომბინაციით იქმნება „ზურმუხტის ქსელის“ საიტები, ანუ ტერიტორიები. ამას ჰქვია „სპეციალური კონსერვაციული ინტერესის მქონე ტერიტორიები“.

საქართველოში ამ კონვენციის მიხედვით არის სამი ბიოგეოგრაფიული რეგიონი: ალპური, შავი ზღვის და სტეპური.

თითოეულ ამ ბიოგეოგრაფიულ რეგიონში უნდა იყოს თითოეული სახეობა სათანადოდ დაცული. აი, მაგალითად, მურა დათვი სამივე რეგიონში არის, მაგრამ სამივე რეგიონში უნდა არსებობდეს სათანადო რაოდენობის, ზომისა და ხარისხის „ზურმუხტის ქსელის“ საიტები, სადაც ეს სახეობა – მურა დათვი იქნება დაცული.

ჭოროხის დელტა, როგორც ასეთი კლასიკური დაცული ტერიტორია არ არის. ის არის „ზურმუხტის ქსელის“ საიტი, ასე ჰქვია – „ჭოროხის დელტა“ სათანადო კოდით. საიტის დამტკიცებას თავისი კრიტერიუმები აქვს. მაგალითად საქართველოს მთავრობა ამზადებს ექსპერტული შეფასების საფუძველზე, მერე აგზავნის ბერნის კონვენციაში და იქ სათანადო შეფასების საფუძველზე ამტკიცებენ ან არ ამტკიცებენ ამა თუ იმ საიტს.

საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ჭოროხის დელტა, როგორც აღვნიშნე, დამტკიცებული საიტია.

  • მოგეხსენებათ ამ ტერიტორიაზე არაბული ინვესტიციაა დაანონსებული და ხელშეკრულებაც სახელმწიფოს გაფორმებული აქვს. გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოფიციალურად მომწერა, რომ ინვესტორს (Eagle Hills) ჯერ არ წარმოუდგენია სგშ და „ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების შეფასების“ დოკუმენტაცია. თუმცა, არსებობს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის განკარგულება, რომელიც ავალებს სამინისტროს „ზურმუხტის“ საზღვრების კორექტირებას „საჭიროებიდან გამომდინარე“. ხომ არ გამოდის, რომ თამაშის შედეგი წინასწარვე ცნობილია და ეს „შეფასებები“ მხოლოდ ფორმალობა იქნება?

საინტერესოა, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება [სგშ] უნდა წარმოადგინონ, თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ანუ გზშ? „ზურმუხტის ქსელზე“ ზემოქმედების შეფასება კიდევ სხვა რაღაცაა. სამი სხვადასხვა ტიპის დოკუმენტია.

იმისდა მიხედვით, რა ტიპის პროექტი იგეგმება, პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი არის, რა ტიპის შეფასება ეკუთვნის.

რადგან ზუსტად არ ვიცით კონკრეტულად რა იგეგმება, ვერ გეტყვით – მიეკუთვნება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას, თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

„ზურმუხტის ქსელზე“ ზემოქმედების შეფასება კი არის დოკუმენტი, რომელიც მზადდება ევროკომისიის, უფრო სწორად „ჰაბიტატების დირექტივის“ შესაბამისად. ნებისმიერი პროგრამა ან პროექტი ამ დირექტივის შესაბამისად, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს „ზურმუხტის ქსელზე“, ექვემდებარება ეგრეთ წოდებულ შესაბამისობის შეფასებას [Appropriate Assessment], საქართველოს პრაქტიკაში უწოდებენ ხოლმე „ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების შეფასებას“ და აუცილებელია, რომ გაიაროს.

ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების შეფასება არც ისე მოცულობითი შეფასებაა, როგორც ყოვლისმომცველი გარემოზე ზემოქმედების შეფასება. ის ამოწმებს, წარმოდგენილი პროექტი ან პროგრამა ახდენს თუ არა ზეგავლენას „ზურმუხტის ქსელით“ დაცულ სახეობებზე და ჰაბიტატებზე და ხომ არ მოახდენს ზემოქმედებას ქსელის მთლიანობაზე – მეტს არაფერს. მაგრამ, თუ პასუხი არის უარყოფითი, ცალსახად, ასეთი პროექტი ვერ განხორციელდება.

ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის – „ჭოროხის დელტას“ რუკა. მწვანე ფერით მონიშნულია საიტის საზღვრები. ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, რომელსაც არაბული ინვესტიციისთვის ამზადებენ, მთლიანადაა მოქცეული ამ საზღვრებში /24.06.2026 / წყარო: ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტო

თქვენ რაც ბრძანეთ, რომ მთავრობის განკარგულება არსებობს, რომელიც კორექტირებას ითხოვს საზღვრების, რამ გამოიწვია ასეთი განკარგულების გამოცემა, ჩემთვის ცოტა რთული გასაგებია, იმდენად, რამდენადაც „ჰაბიტატების დირექტივა“ არ ადგენს რა მანძილზე უნდა მიმდინარეობდეს ესა თუ ის დაგეგმილი საქმიანობა თვითონ ამ „ზურმუხტის საიტიდან“.

იმისათვის რომ ჩატარდეს „ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების შეფასება“, არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც საიტის ტერიტორიაზე ხდებოდეს საქმიანობა. შეიძლება ხდებოდეს გვერდით, ან ამ „ზურმუხტის საიტიდან“ მოშორებით, თუმცა წესით უნდა დაექვემდებაროს შეფასებას, თუ ზემოქმედება მოსალოდნელია.

რით არის გამოწვეული მთავრობის ასეთი განკარგულება, ჩემთვის გაუგებარია, იმიტომ, რომ ამ განკარგულებით თუ მოახდენენ საზღვრების კორექტირებას, ამით ასეთი ტიპის შეფასების საჭიროებას ვერანაირად ვერ აიცილებენ.

  • სამინისტრო აცხადებს, რომ სტრატეგიული შეფასების (სგშ) მიზანია „უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება“. საერთოდ, შესაძლებელია თუ არა ჭოროხის დელტაზე მეგასასტუმროების, იახტკლუბის და სხვა ინფრასტრუქტურის აშენება ისე, რომ ზიანი „მინიმალური“ იყოს? თუ ჩაბეტონება აქ ავტომატურად ნიშნავს არსებული ეკოსისტემის განადგურებას?

არა, ვერაფერს ვერ გეტყვით წინასწარ. ძალიან არაპროფესიული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა, რომ პროექტი, რომელიც არ მინახავს და არ შემიფასებია მოახდენს რაღაცა ტიპის ზეგავლენას, ან არ მოახდენს ზეგავლენას. ეგ შეუძლებელია. პროექტი უნდა ვნახოთ და კონკრეტულად რა ზეგავლენა ექნება, იმის მიხედვით უნდა შეფასდეს. ზოგადი რენდერების მიხედვით ეგ არ ფასდება. ფასდება იმ ზემოქმედების მიხედვით, რომელსაც კონკრეტული პროექტი შეიძლება ახდენდეს გარემოზე.

ზემოქმედების შეფასების დროს ორი მიმართულებაა: ის, თუ ეს პროექტი რა ზეგავლენას მოახდენს გარემოზე [ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე] და პირიქით – გარემო რა ზემოქმედებას მოახდენს ამ პროექტზე. ორივე მნიშვნელოვანია ხომ? აი, ვთქვათ რატომ გვაქვს, რომ მაგალითად მდინარემ რაღაცა გზა წაიღო, ხიდი წაიღო… იმიტომ რომ მარტო ის კი არ უნდა შეესწავლათ, ვთქვათ, ამ ხიდის მშენებლობა დააბინძურებდა თუ არა მდინარეს, არამედ ისიც უნდა შეესწავლათ ამ მშენებლობას რას უზამდა ეს მდინარე.

ასე რომ, გარემოზე ზემოქმედების შეფასება არის არა ბიუროკრატიული ინსტრუმენტი, არამედ ინსტრუმენტი, რომ საქმიანობის განმხორციელებელმაც უკეთ, ნაკლები რისკით და ნაკლები დანახარჯებით განახორციელოს ესა თუ ის პროექტი.

  • 2025 წელს, გარემოს დაცვის სამინისტრომ “ბათუმელებს” მოწერა, რომ ჭოროხის დელტაში ზურმუხტის ტერიტორიაზე „საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების საკითხი“. თავად ტერმინი „კომპენსაცია“ ხომ იმის აღიარებაა, რომ რაღაც ბუნების ნაწილი უნდა განადგურდეს? თუ გონიოში, ბიომრავალფეროვნების და ფრინველების მიგრაციის უნიკალურ ადგილებში ბეტონს ჩავასხამთ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ სხვაგან, რომ ეს ზიანი აანაზღაუროს? 

ეს ასეთი მარტივი პროცესი არ არის. ეს არის საერთაშორისო ტერიტორია და საკითხი დაისმება ბერნის კონვენციის სამდივნოს და ევროკომისიის დონეზე. ასე რომ, საკომპენსაციო ღონისძიებები შესათანხმებელი იქნება ევროკომისიასთან.

იცით როგორ არის? კომპენსაცია „ზურმუხტის ქსელის“ შემთხვევაში ხდება შემდეგნაირად: ვთქვათ აღმოჩნდა, რომ პროექტის შედეგად ზიანდება რომელიმე ჰაბიტატი. ვთქვათ, „მუდმივი ოლიგოტროფული გუბურები“. საქართველო ვალდებულია, რომ ახალი ადგილი მოძებნოს, სადაც იმავე ტიპის ჰაბიტატს იპოვის და ახალ „ზურმუხტის საიტს“ დააწესებს. აი ეგ არის კომპენსაცია.

გააჩნია რა ტიპის ჰაბიტატი ან სახეობა ზიანდება. თუ ისეთი სახეობა ან ჰაბიტატი ზიანდება, რომლის ეკვივალენტს იპოვი სხვაგან, კომპენსაცია შესაძლებელია.

როგორც მოგახსენეთ, ქვეყანა ვალდებულია, რომ თავის ფარგლებში სათანადო დონეზე ჰყავდეს დაცული ბერნის კონვენციით დაცული ყველა სახეობა და ყველა ჰაბიტატი. თუ აღმოჩნდება, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად ზიანდება ისეთი ჰაბიტატი, რომელიც სხვაგან არ მოიპოვება [საქართველოს „ზურმუხტის ქსელის“ სხვა საიტებზე არ მოიპოვება], მაშინ საქართველო ვალდებული იქნება, რომ ახალი „ზურმუხტის საიტი“ დააწესოს.

შეიძლება ისეც აღმოჩნდეს, რომ ისეთი ჰაბიტატი ზიანდება, რომელიც სხვაგანაც არის და ამიტომ კომპენსაცია არ იყოს საჭირო. ასეთი რამეც შეიძლება. თუმცა, ქვეყანას ზურმუხტის ქსელის საზღვრის შეცვლის უფლება ცალმხრივად არ აქვს. უნდა მიმართოს ბერნის კონვენციის სამდივნოს.

  • მიმართვის საფუძველი რა შეიძლება იყოს – მთავრობას შეუძლია მიმართოს, რომ აი, რაღაც მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება?

„ჰაბიტატების დირექტივა“ ამბობს მხოლოდ შემდეგ საფუძვლებს – სახელმწიფო უსაფრთხოება, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა, რაიმე ტიპის პროექტი, რომელიც უკეთესია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ან სხვა რაღაცა საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ევროკომისიასთან.

სხვა გამონაკლისი ამისი არ არსებობს.

ანუ, საიტის საზღვარი შეიცვალოს რაღაც პროექტისთვის, რომელიც საინვესტიციოა – ასეთ დასაბუთებას ევროკავშირის კანონმდებლობა არ ცნობს.

  • სამინისტროს პასუხში ასევე ვკითხულობთ: ჭოროხის დელტის „მართვის გეგმა შემუშავებულია, თუმცა ამ ეტაპზე არ არის დამტკიცებული“. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია 2021 წლიდან მოყოლებული დღემდე რატომ არ მტკიცდება ეს გეგმა, რომელიც თქვენი ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული? რა შეიძლება იყოს მასში ისეთი, რის გამოც მთავრობას მისი ოფიციალურად ამოქმედება არ აწყობს? სამინისტრო გვწერს, რომ „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონი არ არის მიღებული და ამიტომ ვერ ვამტკიცებთ გეგმასო. ეს სამართლებრივად გამართლებული არგუმენტია, თუ უბრალოდ ხელოვნურადაა შექმნილი საკანონმდებლო ვაკუუმი, რათა მანამ, სანამ კანონი არ არსებობს, ინვესტორებს ხელ-ფეხი გახსნილი ჰქონდეთ?

ამ კანონზე მუშაობა დაიწყო, მგონი 2013 წელს და რამდენჯერმე, ასე ვთქვათ, განხილვაც იყო. ორი წლის წინ, თუ სწორად მახსოვს, პარლამენტში შეიტანეს და ახლა პარლამენტმა უკან დაუბრუნა გარემოს დაცვის სამინისტროს. ცოტა ძნელია ითქვას რეალური მიზეზები რა არის და რატომ ფერხდება.

დიდი კანონი იყო. თავიდან დაიწყეს ძალიან დიდი ამბიციით. კანონს უნდა მოეცვა ყველა ტიპის დაცული ტერიტორია, ნადირობის და თევზჭერის საკითხები, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის ზურმუხტის ქსელთან დაკავშრებული ეროვნული კანონმდებლობა… მერე ნადირობა და თევზჭერა გამოაკლეს [ცალკე კანონი კეთდება თუმცა არა გვაქვს ჯერ არც ნადირობის და არც თევზჭერის კანონი]. ვერ წარმართა პროცესი კარგად სამინისტრომ.

ჩვენმა ორგანიზაციამაც შენიშვნები დაწერა – ბევრ საკითხში კანონპროექტი არ შეესაბამებოდა ევროკავშირის კანონმდებლობას, რომლის ჰარმონიზაციის მიზნითაც შემუშავდა. იყო აცდენები ბერნის კონვენციასთან, ფრინველთა დაცვის და ჰაბიტატების დირექტივებთან… საბოლოო ჯამში პოლიტიკური ნების საკითხია თუ რატომ არ ხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება საქართველოს კანონმდებლობის.

სამინისტროში მართალი უთქვამთ, საკმაოდ დიდი კანონი არის, ეხება სწორედ ამ „ზურმუხტის ქსელის“ მართვას და მენეჯმენტის გეგმების შემუშავებას, დამტკიცებას და ასე შემდეგ. ბუნებრივია ეს კანონი რადგან არ არსებობს, მართალია შემუშავებულია მართვის გეგმები, მაგრამ იმ მართვის გეგმებს ფაქტობრივად ძალა არ აქვს.

ამასთან, რადგან კანონი არ ვიცით როდის იქნება მიღებული, ამიტომ, თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ დაწერილი გეგმა მინიმუმ გადასაკეთებელი იქნება.

  • როგორც გავიგე, მთავრობას „ზურმუხტის ქსელის“ ამა თუ იმ საიტის საზღვრის დამოუკიდებლად შეცვლის უფლება არ აქვს და გადაწყვეტილება ბერნის კონვენციის ფარგლებში მიიღება. თუმცა, მთავრობის განკარგულების საფუძველზე თუ მაინც მოხდა ცალმხრივად საზღვრის კორექტირება/შემცირება, ეს ხომ არ გამოიწვევს საქართველოს წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას ვთქვათ, იგივე ბერნის კონვენციის სამდივნოში, ან ვინ შეიძლება იყოს მოსარჩელე?

თუ დაარღვევს და ისე დაიწყებს, მოსარჩელე შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, მათ შორის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია. ჩვეულებრივად არსებობს ბერნის კონვენციაში საჩივრის შეტანის მექანიზმი და ეს მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს.

იყო ასეთი საკითხი თავის დროზე ნენსკრა ჰესთან დაკავშირებით – შეცვალა საზღვრები და წარადგინეს შეცვლილი საზღვრები [მაშინ ჯერ კიდევ კანდიდატი იყო სვანეთის საიტი]… ამას მოჰყვა ხანგრძლივი პროცესი და საბოლოო ჯამში არც ის ნენსკრა ჰესი გაკეთდა ამის გამო.

  • ამ შემთხვევაში რომ გადაწყვიტონ, შეუძლიათ, ვთქვათ, პროექტი დაიწყონ ისე, რომ არ დაელოდონ ჭოროხის საიტის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვას?

არ ვიცი ახლა, როგორ უნდა გითხრათ, მაგაზე პასუხი არ მაქვს.

  • Eagle Hills-თან ხელშეკრულება გაასაიდუმლოეს, ირაკლი კობახიძის თქმით კი დავები ბრიტანული სამართლით წყდება. რამდენად დიდია შანსი, რომ სახელმწიფო დღეს ჩიხშია: თუ ბუნებას დაიცავს, არაბული კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლებს, ამიტომ იძულებულია საკუთარი ქვეყნის უნიკალური ტერიტორია გაწიროს? თუ ეს წინასწარ ჰქონდათ გათვლილი, რომ ადვილად შეცვლიდნენ ზურმუხტის ქსელის საზღვრებს?

ხომ არ ვიცი ხელშეკრულებაში რა წერია? იქნებ წერია ხელშეკრულებაში, რომ უნდა შეისწავლოს „ზურმუხტის ქსელის“ მდგომარეობაო და არა პირდაპირ, ვთქვათ, შეცვლის ამ საზღვრებს.

  • კონკრეტული პროექტი არ ვიცით, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება თუნდაც რაიმე მასშტაბური პროექტი ამ ტერიტორიაზე იმ ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, რეალურად რაც არის დღეს და იმ საზღვრებში – მთლიანი ტერიტორია ფაქტობრივად 220 ჰექტარზე მეტია.

იცით რა არის? რამდენადაც არ ვიცით ეს პროექტი რას გულისხმობს და სად იქნება, ცოტა ძნელია ამაზე სპეკულაცია. რენდერებს საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს… ხელშეკრულებაშიც ხომ არ ვიცით რა წერია…

Eagle Hills Georgia-ს მიერ დაგეგმილი პროექტი გონიოში [ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე] / წყარო: Eagle Hills Georgia-ს ფეისბუქი

მე შემიძლია გითხრათ ჭოროხის საიტს ამ პროექტის გარეშე რა პრობლემები აქვს და ეს პრობლემები რამდენად გამძაფრდება ან პირიქით შერბილდება ამ პროექტის განხორციელების შედეგად – ეს, ასე ვთქვათ, განხილვის საგანი უნდა იყოს სწორედ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს.

მოკლედ რომ გითხრათ, ჭოროხის დელტას თავისთავად, ბუნებრივად ჰქონდა და აქვს ბევრი პრობლემა

ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ მდინარე ჭოროხი მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე მინიმუმ სამი დიდი ტოტით ჩაედინებოდა შავ ზღვაში და პლაჟწარმომქმნელი ფუნქცია ჰქონდა… ჯერ მეჯინის ტოტი გადაკეტეს, შემდეგ 1975 წელს გონიოს ტოტი და მდინარის მთელი ჩამონადენი ერთ ცენტრალურ ტოტში მოექცა. შესართავი ზღვის ღრმა კანიონიდან სადღაც 70-100 მეტრშია და პლაჟწარმომქმნელი ნატანის უდიდესი ნაწილი პირდაპირ ამ კანიონში ხვდება, ვეღარ მონაწილეობს ნაპირის ფორმირებაში და ძალიან დაიწყო უკან დახევა სანაპირომ.

ამას კიდევ დაემატა ჰესების მშენებლობა ჯერ თურქეთში, შემდეგ საქართველოში და ფაქტობრივად, როგორც თვითონ ენერგეტიკოსები ამბობენ, მომდევნო 300-400 წელიწადში ერთი პატარა ქვაც აღარ შეემატება სანაპიროს. წარმოიდგინეთ, რომ სანაპიროზე ჩამოტანილი მყარი ნატანის რაოდენობამ უკვე მოიკლო 98 პროცენტით და ამ ნატანის 83 პროცენტი მდინარე ჭოროხს ჩამოჰქონდა.

მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ შეიძლება ნახევარი კილომეტრით შემოიწიოს ზღვამ ხმელეთისკენ. ანუ წარმოიდგინეთ, რაც აშენდება იმასაც შეიძლება საფრთხე დაემუქროს. წყლის გამწმენდი ნაგებობა რომ არის ბათუმის, ისიც კი შეიძლება ზღვაში აღმოჩნდეს.

როდესაც ნატანი აკლდება არის არა მარტო ზღვის სანაპიროს ეროზია, არამედ მდინარე თავის ნაპირებსაც ჭამს. ანუ ჭოროხიც ფართოვდება… ეს ორი საკითხი ცუდი იყო „ზურმუხტის ქსელის“ საიტისთვისაც და ცუდი იქნება მომავალი პროექტისთვისაც. ეს გასათვალისწინებელია.

ამასთან, ბათუმის ნაგავსაყრელი, რომელიც იქვე მდებარეობს, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემა იყო და არის „ზურმუხტის საიტისთვის“. ასევე იქნება იმ ქალაქისთვისაც რომლის გაშენებაც იგეგმება.

ეს როგორ უნდა გადაიჭრას წარმოდგენილი არ მაქვს. ვიღაცამ შეიძლება თქვას ნაგავსაყრელს დავხურავთო. ნაგავსაყრელი შეიძლება დააკონსერვო, მაგრამ ის ნარჩენები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა, ის სად უნდა წაიღო?

თბილისის მაგალითი რომ ავიღოთ – გლდანის ნაგავსაყრელი რამდენი წლის წინ დაიხურა, მაგრამ გარემოს დაბინძურებას კვლავ აგრძელებს… და ახლა ასეთი მდიდრული პროექტის ფანჯრებიდან რომ ნაგავსაყრელი ჩანს, არ ვიცი ვისთვის შეიძლება იყოს ეს მიმზიდველი.

კიდევ იყო იქ პრობლემა – პოლიგონი. იქ არის ინფრასტრუქტურა, რომელიც „ზურმუხტის ქსელის“ საიტს დიდად არ შეესაბამება, მაგალითად ტრაილერების პარკი და სხვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ჭოროხის დელტა? არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გადამფრენი ფრინველებისათვის. შავი ზღვის სანაპიროს გაივლის ევრაზიის გადამფრენი ფრინველები და მნიშვნელოვანი ნაწილი აქ ისვენებს. ჭოროხის დელტა იყო გამოსაკვები ადგილი ზღვის ძუძუმწოვრებისათვის – დელფინებისთვის და ზღვის ღორებისთვის, რადგან იქ ქაფშიის ქარავნები იკრიბებოდნენ.

ჭოროხის დელტა მიმზიდველია იმ ფრინველებისთვისაც, რომლებიც ამ თევზს ჭამენ. მოკლედ, ეს ადგილი ძალიან გლობალური და  მნიშვნელოვანი ადგილია ფრინველთა დაცვის თვალსაზრისით.

ამ გლობალური მნიშვნელობის ადგილს ძალიან აზიანებდა ზღვარგადასული ბრაკონიერობაც. ჭოროხის დელტა „ზურმუხტის ქსელის“ საიტი რომც არ იყოს, მაინც არ შეიძლება ნადირობა, ვინაიდან შედის ბათუმის საზღვრებში და ნადირობა ქალაქის საზღვრებში არ შეიძლება. მაგრამ არაფერი არ ეშველა ამ ბრაკონიერობას.

ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გამო ჭოროხის ეკოსისტემის აღდგენა შეუძლებელია, ხომ? – ახლა იმ გაუქმებულ ორ ტოტს ვეღარ აღადგენ და რომც აღადგინო, მაინც ვერ შეასრულებს პლაჟწარმომქმნელ და ნაპირის გამაგრების ფუნქციას, ჰესების მიერ ნატანის შეცერების გამო. თუმცა, შესაძლებელი იყო ის პატარ-პატარა ჰაბიტატები – მცირე გუბურები, ჭალის ტყეები, სხვადასხვა მიკროჰაბიტატებისა და ეკოსისტემის კომპონენტების აღდგენა ისე, რომ ჭოროხის დელტას სრულფასოვნად ეფუნქციონირა, როგორც ფრინველთათვის მნიშვნელოვან ჰაბიტატს.

  • ამ ტერიტორიის – როგორც გლობალური მნიშვნელობის ადგილის და ამასთან ქალაქის ნაწილის – განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?

ჩვენ, საქართველოს კონსერვაციული საზოგადოება, კოლეგები მუდამ ვფიქრობდით, რომ ეს „ზურმუხტის ქსელის“ საიტი შეიძლება გაკეთდეს ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, ქალაქის ტიპის ურბანული ტიპის საიტად, სადაც იქნება ადამიანების მიმოსვლის საშუალება, ბილიკები, პარკები, ველოსიპედის გზები, ბავშვების სათამაშო ადგილები…

იყო შესაძლებელი რაღაცნაირად კომბინაცია, თუ ეს ტერიტორია გახდებოდა ბათუმის ბულვარის შემადგენელი ნაწილი და რაღაცნაირად ჰარმონიული თანაცხოვრება შეიძლება მომხდარიყო ამ ბიომრავალფეროვნებასა და ქალაქის ცხოვრებას შორის.

ქალაქის ტიპის ურბანული პარკი, სადაც იქნება ჰარმონიაში ადამიანი და გარეული ცხოველები, ველური ბუნება და გადამფრენი ფრინველები. ამ ფრინველებზე დაკვირვების ტურების ადგილი, ფრინველთა სამეცნიერო დაკვირვებისა და დარგოლვის ცენტრი, სასწავლო ბანაკები სკოლის მოსწავლეებისათვის – ბევრი რაღაცა შეიძლება გაკეთდეს, შესაძლებელია ამის მიღწევა… უბრალოდ, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნებაც და, ასე ვთქვათ, შინაგანი სურვილიც ვისაც ფული აქვს, რომ ჩადოს ასეთ რაღაცაში.

არ ვიცით რამდენად იქნება კეთილი ნება და პოლიტიკური ნება ამისი, თორემ შეუძლებელი არ არის არაფერი. რა თქმა უნდა ეს ჰარმონია არ უნდა ჩაყლაპოს რაღაც მონსტრმა პროექტებმა და შენობებმა… ახლა, აი ამ დაანონსებული პროექტით, რამდენად არის ეს ყველაფერი შესაძლებელი, ვერ გეტყვით.

ჭოროხის დელტა / ხედი გონიოს მთიდან / 24.06.2026

იზრდება ჯარიმები – ძაღლების და კატების მოვლის წესს მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს

ბინადარი ცხოველების მოვლის წესს ბათუმში მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები გააკონტროლებენ. შესაბამისი განკარგულების პროექტი, მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა.

უფლებამოსილი პირის განსაზღვრის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, როცა ადმისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსს დაემატა ახალი მუხლები, [103 პრიმა2 – 103 პრიმა 4] რომელთა შესრულებაზეც რეაგირება მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ.

რეაგირებაზე უფლებამოსილების მქონე პირთა  განსაზღვრა აუცილებელია იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და კანონით დაკისრებული უფლებამოსილების შესრულება.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, მერიის თანამშრომლების ხელში გადადის პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის კონტროლიც.

ამ ცვლილებების ნაწილი პირველი ივლისიდან, ნაწილი კი 2027 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

  • რას გულისხმობს ცვლილებები?

მუხლი 103 პრიმა 1ის შესაბამისად, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-2, მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით. [ამოქმედდება 2026 წლის პირველი ივლისიდან].

შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა უმეთვალყურეო, უპატრონო, მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაციის, კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ცხოველის სტერილიზაცია კასტრაციის მოთხოვნის დარღვევა კი გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას  1 500 ლარის ოდენობით.

მეპატრონის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის გამრავლება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობის გარეშე გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას  3 000 ლარის ოდენობით.

ბინადარი ცხოველის მიტოვების აკრძალვის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე იურიდიული პირისა − 10 000 ლარის ოდენობით [ამოქმედდება 2027 წლის პირველი იანვრიდან].

 შინაური ბინადარი ცხოველების შემგროვებლობა გამოიწვევს ცხოველების კონფისკაციას  [ამოქმედდება 2026 წლის პირველი ივლისიდან].

ცხოველების ორთაბრძოლებისთვის ადგილის გადაცემა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა – 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას. ორთაბრძოლების ორგანიზება ან ჩატარება კი გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა – 35 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.

გარეული ცხოველების ტყვეობასა და ნახევრად თავისუფალ პირობებში დაცვის, შენახვის, გამოყენებისა და გამრავლების წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ ლარამდე.

103 პრიმა 2 მუხლის მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებსა და საავადმყოფოში, გარდა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ძაღლის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში,გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ბინადარ ცხოველთან ერთად მგზავრობა საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში − საბლის ან ალიკაპის ან ხელში აყვანის ანდა სპეციალური გადამყვანის [კონტეინერის, ჩანთის] გარეშე  გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.  [ამოქმედდება 2026 წლის პირველი ივლისიდან].

შინაური ბინადარი ცხოველების საშენის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის მოშენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევით, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

 შინაური ბინადარი ცხოველების საშენის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის მოშენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ძაღლების მოშენების მორატორიუმის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით .

მუხლი 103 პრიმა 4-ის მიხედვით, შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შინაური ბინადარი ცხოველების კერძო თავშესაფრის, შინაური ბინადარი ცხოველების საშენისა და ვეტერინარული დაწესებულების მიერ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზიის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 104 გულისხმობს ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, როგორც ერთჯერადად, ისე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.

„კანონსაც არღვევენ და პრინციპსაც“ – მასწავლებელი სახელმძღვანელოების შექმნის დახურულ პროცესზე

„ის, რომ ივნისის ბოლოს ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ პროცესი არსებითად არასწორად წავიდა და ეს კარგზე არაფერზე მეტყველებს“, – ამბობს გიორგი უგულავა, თსუ-ს პროფესორი, მასწავლებელი „ბათუმელებთან“.

რა დახვდებათ მასწავლებლებს სექტემბერში სკოლაში? – ამ თემაზე ვესაუბრეთ მას. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი არაგამჭვირვალედ მიმდინარეობს.

  • ბატონო გიორგი, თქვენ გაქვთ გამოცდილება სახელმძღვანელოებზე მუშაობის, ამიტომ მინდა გკითხოთ, რამდენად ნორმალურია, როცა სასკოლო სახელმძღვანელოები ასეთ დაფარულ რეჟიმში იწერება და ზუსტად არც ის ვიცით, საერთოდ იწერება თუ არა?

ის სურათი, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს, თუ როგორ არის აწყობილი კონცეფცია და სტრუქტურა, პრაქტიკულად გამორიცხავს ხარისხიანი სამუშაოს შექმნას. გარკვეული პერიოდის წინ, მეც მიმიღია შეთავაზება, რომ დამეწერა სახელმძღვანელო და უარი ვუთხარი, თუ სისტემა კონცეპტუალურად არ არის გამართული და მაგალითად, ეს არ ითვალისწინებს კონკურენციის და გადამოწმების პრინციპებს, იქ ძალიან მცირე შანსია, რომ ხარისხიანი სახელმძღვანელო შეიქმნას, მიუხედავად იმისა, ვინ წერს.

პირველი პრინციპი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს პროცესში დაცული, არის გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. ახლა კი, როცა სასწავლო წელი დასრულებულია, ივნისის ბოლოა და გვეუბნებიან, რომ სექტემბერში უნდა გვქონდეს ახალი სახელმძღვანელოები ან ახალი რესურსები და ამ დროს ეს თვალით არავის უნახავს, ძალიან დიდი პრობლემაა.

სულ მცირე, სასკოლო მუშაობის დაგეგმვის პროცესში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სკოლამ უნდა შექმნას თავისი კურიკულუმი, ანუ თავისი სამუშაო გეგმა, ეს გეგმა უნდა იქმნებოდეს ახლა.

ჩვენ სკოლებს, მასწავლებლებს ვავალებთ, რომ შექმნან თავიანთი გეგმა, მაგრამ მეორე მხრივ, არ ვაწვდით მათ რესურსებს. თავი დავანებოთ იმას, ეს რესურსი ცუდია თუ კარგი. ფიზიკურად არ არსებობს რესურსი.

  • თსუ-ს ერთ-ერთმა პროფესორმა, ისტორიის მასწავლებელთან ონლაინ ჩართვისას გააჟღერა რამდენიმე გვარი, ვინც შესაძლოა ჩართული იყოს ისტორიის სახელმძღვანელოს წერაში. მათ შორის დასახელდა ჯაბა სამუშია, გიორგი კალანდაძე, [პროპაგანდისტული მედიიდან], „ოცნების“ წევრი პარლამენტში გიორგი სოსიაშვილი და სხვები. თქვენ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ შემადგენლობაზე?

ეს ადამიანი, ვინც ამაზე ისაუბრა, ჩემი მეგობარი და კოლეგაა და ბუნებრივია მოვისმინე მისი მოსაზრებები ამ საკითხზე. მეც მაქვს ბევრი არაოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ყურის მოკვრის დონეზეა, ამიტომ თავს ავარიდებ ამაზე საუბარს.

თუმცა მკვეთრად უარყოფითად ვაფასებ განათლების რეფორმას, რადგან მიმაჩნია, რომ რეფორმის ყველა დონე იყო ნაჩქარევი. მთლიანად მცირდება სწავლის და სწავლების რესურსები, მათ შორის ყველაზე უფრო ძვირფასი, – დროის რესურსი და არასწორია ეს იდეაც, რომ რაღაცას ვქმნით ასე უცებ.

მაქვს სახელმძღვანელოზე მუშაობის გამოცდილება და ვიცი, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია დრო. 2-3 ან თუნდა 6 თვეში არ შეიქმნება ხარისხიანი პროდუქტი.

დღეს გვაქვს ნაჩქარევი და გაუმჭვირვალე პროცესი. ამ პროცესში არ არის კონკურენციის, ანუ გადამოწმების, შეჯერების კომპონენტი და რას ვგულისხმობ, – როდესაც იყო გრიფირება, ამ პროცესსაც ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო კონკურენცია. სხვადასხვა ტიპის პროფესიონალი აფასებდა სახელმძღვანელოს, – დარგობრივი, მეთოდოლოგიური პროფესიონალები, სკოლის მასწავლებლები და ფილტრს გადიოდა ეს პროცესი.

გარდა ამისა, სასკოლო დონეზე სწავლების პროცესში ჩართული ვინც არის, ყველამ კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია უკუკავშირის და საკუთარი თავის შემოწმების კულტურა. ეს აუცილებელია. სამეცნიერო-აკადემიური პროცესი ეფუძნება გადამოწმებას, შეჯერებას, გადახედვას. რაც არ უნდა გენიალური ავტორები გვყავდეს, როცა არ არსებობს უკუკავშირი და რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობს სტანდარტი, რის საფუძველზეც იწერება სახელმძღვანელოები, ეს არის მთავარი პრობლემა.

რა იწერება, რატომ იწერება, ამაზე ჩვენი ერთიანი ხედვა, ერთიანი სისტემა არ არსებობს. არ ჩანს.

  • გამოდის, განათლების სამინისტრო, ხელისუფლება თავად არღვევს „ზოგადი განათლების შესახებ კანონს“, როცა სახელმძღვანელოს სტანდარტის გარეშე წერს?

სტანდარტი არ არსებობს, ამიტომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონს“ არღვევენ და პრინციპებსაც. ზოგადად, ლოგიკა ირღვევა, რადგან ლოგიკურია, რომ ჯერ უნდა არსებობდეს გეგმა, ხედვა, პროგრამა და ამას უნდა ეფუძნებოდეს რესურსი. ამ შემთხვევაში არც ვიცით, სად და რას ვაკეთებთ.

ვერცერთი სკოლის დირექტორი თუ მასწავლებელი ვერ გეტყვით, სკოლაში რომ დაბრუნდება, რამდენი საათი უნდა ისწავლებოდეს ისტორია და რა უნდა ასწავლონ.

  • პროცესის დახურვა ნიშნავს იმას, რომ ვერ შეკრიბეს პროფესიონალების გუნდი და ვერ მუშაობენ, თუ იმ ადამიანების საჯაროობას ერიდებიან, ვინც შესაძლოა გახდეს საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტი ამ პროცესში?

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, სისტემა ხდება უფრო მეტად ავტორიტარული. ზემოდან გვითხრეს, რომ „ჩვენ უნდა გავაკეთოთ“ ნაკლებად გამჭვირვალედ – ეს არის პრობლემა.

  • თუმცა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ წერს მათი შვილებისთვის წიგნებს. ის ადამიანები, რომლებიც ვთქვათ აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს და რუსეთს არ მიიჩნევს მტრად, თუ მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი პროფესიონალები. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ჩემი აზრით, ვინც არ უნდა იყოს ავტორი, აუცილებელია სახელმძღვანელოს შეფასება და კონტროლი. ასევე, კონკურენციის პრინციპების დაცვა. ფაქტია, რომ კონკურენცია პროდუქტის ხარისხს უკეთესს ხდის. ეს ძალიან მარტივი პრინციპია.

და მეორე, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ისტორია დისციპლინაა, სადაც ინტერპრეტაციის შესაძლებლობა და ალბათობა საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში, სწორ მოქალაქეობრივ, ღირებულებით საფუძველზე უნდა დაიწეროს ეს სახელმძღვანელო.

2008 წლის ომის და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მოვლენის შეფასება, – იქნება ეს პირველი რესპუბლიკა, მე-19 საუკუნე, რუსული ოკუპაცია თუ საბჭოთა ოკუპაცია, ობიექტურად უნდა იყოს გაანალიზებული და შეფასებული.

ჩემი აზრით, ასევე მკვეთრად უნდა ჩანდეს დემოკრატიული ფასეულობები და ის რისკები, რომლებიც ავტორიტარიზმს მოჰყვება.

ავტორს თუ ავტორთა კოლექტივს უნდა ჰქონდეს სასკოლო გამოცდილება – გასათვალისწინებელია სწორი მეთოდიკა, სასკოლო კულტურის, სასკოლო გამოწვევების სწორი ცოდნა, შესაბამის ეპოქას შესაბამისი ავტორი უნდა წერდეს.

ჩვენ კი ხელში არაფერი გვაქვს. ის, რომ ივნისის ბოლოს ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ნიშნავს, რომ პროცესი არსებითად არასწორად წავიდა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ კიდევ ერთი წელი ავიღოთ გარდამავალ რეჟიმში. ვფიქრობ, ეს უკეთესი გამოსავალია.

შეუჯერებელი, გადაუმოწმებელი სახელმძღვანელოს შესვლას სკოლაში, სჯობს ისევ ძველი სახელმძღვანელოებით ვასწავლოთ.

  • როგორ ფიქრობთ, ახალი და უახლესი ისტორიიდან რა იქნება სახელმძღვანელოში შეტანილი?

ახალი და უახლესი თემები მეცხრე კლასში არის ნაწილობრივ, სადაც უკვე არსებობს საკმაოდ დიდი ხანია სახელმძღვანელო. მაგრამ ისევ და ისევ ვამბობ, რომ ჩვენ არ ვიცით ზუსტად. მე მაგალითად, საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები მომისმენია, რა უნდა ისწავლებოდეს.

არც ის ვიცით, რეპეტიტორიუმში რა ისწავლება. მე-7, მე-8, მე-9 კლასში, როგორც ლოგიკა მკარნახობს, ისევ ამ ქრონოლოგიურ პრინციპზე უნდა დაჯდეს – ძველი ისტორია, შუა საუკუნეები და ახალი. მე-10-ე, მე-11-ე კლასში რა იქნება არ ვიცით.

მე ძალიან ვღელავ, რადგან არსებით პრობლემად მიმაჩნია ის, რომ შესაძლოა, საქართველოს ისტორია, რომელიც არის მსოფლიო ისტორიის ნაწილი, გლობალური სამყაროს ნაწილი და ეს ერთიან კონტექსტში უნდა დაინახოს ადამიანმა – დაარღვიონ და აბსოლუტურად, ფსევდო-პატრიოტული მოტივებით საქართველოს ისტორია გამიჯნონ დანარჩენი მოვლენებისგან.

არადა, მოსწავლემ მთლიანი პროცესი უნდა აღიქვას. ამაზე კვლევებიც გვქონია ჩვენ და აჩვენებს, რომ ეს ბევრად კარგად მუშაობს, ვიდრე ის, რომ ჩვენი ისტორია განცალკევებულია. ამ შემთხვევაში კონტექსტი არ გესმის.

  • თქვენ ახსენეთ რეპეტიტორიუმი და როგორც მიქანაძემ თქვა, ეს იქმნება იმისთვის, რომ აბიტურიენტი მოამზადოს ეროვნული გამოცდისთვის. გვახსოვს ისიც, როგორ ამოიღეს საგამოცდო პროგრამიდან რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებები და ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი რამ მოხდება ახლაც?

ჩვენ არაფერი ვიცით, ისევ და ისევ იმის გამო, რომ პროცესი არ არის გამჭვირვალე. არ არსებობს შიდა კონტროლი, არ არსებობს დარგის სპეციალისტების ჩართულობა – ეს კარგზე არაფერზე მეტყველებს.

ჩვენ მხოლოდ გვესმის და ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ ევროკავშირის და, ზოგადად, ევროპული იდეების დისკრედიტაციის მცდელობას, ვხედავთ ანტიდასავლურ პროპაგანდას, მაშინ, როცა ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა, ქვეყანა დააბრუნოს ჩვენს ისტორიულ სახლში, საითკენაც ქართული სახელმწიფო ყოველთვის ცდილობდა, რომ წასულიყო. ვხედავთ იმ რისკებს, რომ დემოკრატიული ფასეულობები შეიძლება იყოს ძალიან შემცირებული და ამაზე საუბრობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოს განვითარების დინამიკას აფასებენ.

ამიტომ, თავისუფლების შეზღუდვა, ევროპული იდეის დისკრედიტაცია თუ რუსულ-საბჭოთა ოკუპაციის საკითხებზე ნაკლები აქცენტის გაკეთების რისკები არსებობს.

ამიტომ, გამჭვირვალეობა და ფართო ჩართულობა – ეს არის ის წამალი და ის იარაღი, რითაც ამ რისკებს შეიძლება ვებრძოლოთ.

  • დავუშვათ, სექტემბერში მივიღეთ ისეთი სახელმძღვანელო, რისი მიღებაც დაუშვებელი იქნებოდა, თუნდაც მისი ანტისახელმწიფოებრივი შიგთავსის გამო. რას მოიმოქმედებთ მასწავლებლები, განათლების სხვა სპეციალისტები?

მე არ მაქვს ამაზე ერთიანი სურათი წარმოდგენილი. ზოგადად, სწავლება არის თავისუფალი პროცესი, არ არსებობს მყარი დოგმები სწავლებაში და მეორე, დღეს ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ეკლექტური სურათი გვაქვს. ერთი მხრივ, ვხედავთ ძალიან პრინციპულ სამოქალაქო პოზიციებსაც და სამწუხაროდ, გვაქვს კონფორმიზმის დიდი კულტურაც.

ამიტომ, პოტენციურად, არსებობს იმის ალბათობა, რომ ეს პროცესი დაზარალდეს – ამ ტიპის ნარატივები მივიდეს მოსწავლეებამდე. თუმცა არსებობს სხვა რეალობაც – ვიცნობ ბევრ ადამიანს, კოლეგას, ვისაც ძალიან პრინციპული და ღირებულებითი დამოკიდებულება აქვთ, თუნდაც ჩვენი ისტორიის უახლესი და ძალიან ტრაგიკული ფურცლების მიმართ. ისინი არ უღალატებენ ამ ფასეულობებს.

“ეს გამარჯვება მოქალაქეს უბრუნებს რწმენას” – კაცი ბათუმიდან, რომელმაც “ოცნებას” სტრასბურგში საქმე მოიგო

„ადამიანები მეკითხებიან თუ რა სარგებელი გვაქვს ჩემი საქმის სტრასბურგში მოგებით და მინდა ამ სივრცეში თქვენს ამ მნიშვნელოვან და სწორ კითხვას პასუხი გავცე რამდენიმე სიტყვით. უპირველეს ყოვლისა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი ეს გადაწყვეტილება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთი კონკრეტული სამართლებრივი დავის დასრულება.

ეს არის ფუნდამენტური პრეცედენტი რომელიც პატარა თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი სახელმწიფოებრივი კრიზისის დაძლევის გზაზე და რომელიც კიდევ ერთხელ აშიშვლებს სისტემის აბსურდულობას და გვაჩვენებს ევროპული სამართლიანობის პრინციპს,“ – ასე ხსნის მოქალაქე ზურაბ ქარჩავა საქმის მოგებას სტრასბურგის სასამართლოში.

ზურაბ ქარჩავამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, საქმე მოიგო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც ეხებოდა კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას.

ინფორმაცია გუშინ, 23 ივნისს გახდა ცნობილი. ხოლო შემთხვევა, 2022 წელს მოხდა. ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქე ზურაბ ქარჩავამ კარავი გაშალა და ბავშვებისთვის სკოლებში უფასო კვება მოითხოვა.

ზურაბ ქარჩავა კარავში დარჩენას და შიმშილობის დაწყებას აპირებდა, მაგრამ პოლიციელებმა მას კარავი წაართვეს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

საქმე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალმა აიღო, რომელსაც იმ დროისთვის პაატა დიასამიძე ხელმძღვანელობდა.

მნიშვნელოვანია, რომ კარვის გაშლის შესახებ მოქალაქემ მერიას წინასწარ, წერილობით აცნობა.

დღეს, 24 ივნისს, ზურაბ ქარჩავამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვრცლად განმარტა თუ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის, როგორც მოქალაქისთვის მსგავსი დავის მოგებას.

გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად.

„როდესაც ბათუმში, მშვიდობიანი პროტესტის ნიშნად კარვის გაშლის და ჩემი განსხვავებული პოზიციის გამო დამაკავეს, ადგილობრივმა სისტემამ სცადა ჩემთვის და მთელი საზოგადოებისთვის დაეჯერებინა, რომ საკუთარი აზრის გამოხატვა, თუნდაც სიმბოლური ფორმით, კანონდარღვევა და დასჯადი ქმედებაა.

ასეთი მაგალითი სამწუხაროდ ძალიან ხშირია ბოლო პერიოდში და თქვენ თვითონაც, ზოგი ფიზიკურად და ზოგი ვირტუალურად ამის თანამონაწილეები ხართ.

დღეს, როდესაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) უზადო პროფესიონალიზმით ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, დროა კიდევ ერთხელ ღიად ვთქვათ თუ რა რეალობის წინაშე გვაყენებს ეს შედეგი.

ეს ვერდიქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს ადგილობრივი, სახელმწიფო სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნას.

ის ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ შეძლეს და ან შეგნებულად არ მოინდომეს ჩემი როგორც მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დაცვა, რის გამოც სიმართლის ძიება საერთაშორისო დონეზე გახდა საჭირო.

პროცესის ასე დასრულება აშიშვლებს მანკიერ პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ძალაუფლების გადამეტება და ადგილობრივი სასამართლოს მიერ ამ გადამეტების ბრმად გაპრავებაა.

სტრასბურგმა მკაფიოდ თქვა: კარვის გაშლა, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და მისი აკრძალვა ან ამის გამო ადამიანის დაკავება დემოკრატიულ საზოგადოებაში მიუღებელია.

მე ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება თითოეულ მოქალაქეს უბრუნებს რწმენას, რომ პროტესტი და საკუთარი პოზიციის დაცვა არ არის დანაშაული, არამედ ჯანსაღი საზოგადოების საფუძველია. ის ანგრევს შიშის სინდრომს, რომელსაც სისტემა რეპრესიული მეთოდებით ნერგავს.

აქედან მოყოლებული, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მსგავსი აბსურდული საფუძვლით დაზარალდება, ხელთ უჭირავს ევროპული სასამართლოს უზენაესი პრეცედენტი. ეს გადაწყვეტილება ავტომატურად ხდება დამცავი მექანიზმი მომავალი უკანონო დაკავებების წინააღმდეგ.

ეს შედეგი საზოგადოებას აძლევს მყარ არგუმენტს, მოითხოვოს პოლიციის მუშაობის სტანდარტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოძველებული კოდექსის ძირეული რეფორმა.

ეს გზა არ იყო მარტივი. ის მოითხოვდა დროს, ნერვებსა და გამძლეობას, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. უდიდესი მადლობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) ამ ბრძოლაში გვერდით დგომისთვის და პროფესიონალიზმისთვის.

რა თქმა უნდა მადლიერი ვარ ჩემი დამცველის ბათუმის სასამართლოში, პაატა დიასამიძის, რომელსაც უწევდა ბოდვითი იდეების მოსმენა და ფაქტობრივად ფსიქოთერაპევტის როლის მორგებაც გარდა ადვოკატობისა.

უამრავი ირაციონალური და უსამართლო დამოკიდებულება მოვისმინეთ იმ დღეებში.

მინდა იცოდეთ, რომ ეს გამარჯვება მხოლოდ ჩემი არაა, ეს არის იმის დასტური, რომ ადრე თუ გვიან, სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ავტორიტარულ ტენდენციებზე. სახელმწიფო კი უნდა მიხვდეს რომ მოქალაქის ხმას კარვის წართმევითა და იზოლატორით ვერ ჩაახშობ.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!

დიდება ჩვენს გმირებს!

მხნეობა თითოეულ ადამიანს ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის!” – წერს ზურაბ ქარჩავა.

ამავე თემაზე:

„მშია მასწავლებელო“ – რა ისმის სკოლებში უფასო კვების დაპირებაზე?

„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ პირებს საპროცესოს სთავაზობენ

„დანაშაული რა გვაქვს? ადგეს პროკურორი და თქვას,“ – „ქურდული სამყაროს საქმეზე“ დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ასე მიმართა მოსამართლეს მას შემდეგ, როცა პროკურორმა თემურ გურამიშვილმა თქვა, რომ ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს.

დღეს, 24 ივნისს,  ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული 15 პირის საქმეზე არსებითი განხილვა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დაიწყო. სხდომის დასაწყისშივე პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულებს ინდივიდუალურად სთავაზობს საპროცესო შეთანხმებას.

იმ შემთხვევაში თუკი პროკურატურა და ბრალდებულები შეთანხმებიან, მოსამართლე საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს და საქმის არსებითი განხილვაც შეწყდება – საპროცესო შეთანხმების მთავარი პირობა დანაშაულის აღიარებაა.

შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – თქვა „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა გელა გელაძემ 2026 წლის 17 მარტს.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულია 3 ქალი. ქალი ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. კიდევ 5 პირს ამ საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

სპეცოპერაციის დროს დაშავდა ქალი თამარ მიქელაძე. ის ერთ-ერთი ბრალდებულის დედაა, შარაბიძეების დასახლებაში ცხოვრობს, სადაც ეს სპეცოპერაცია ჩატარდა და ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა.

დაშავებული ქალის შვილმა, ლაშა მიქელაძემ დღეს, 24 ივნისს „ბათუმელებს” უთხრა, რომ თამარ მიქელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის სამკურნალოდ თურქეთში, კლინიკაში გადაიყვანეს.

„ექიმი რენტგენის გადაღებით და სხვა კვლევებით ადასტურებს, რომ დედაჩემს ფეხში მოხვდა ტყვიის ანასხლეტი… მალე ეს დოკუმენტები გვექნება. აქ ექსპერტიზის დასკვნას განზრახ არ დებენ, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულია, საქმე წინ არ მიდის, დედაჩემს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს,“- გვითხრა ლაშა მიქელაძემ.

„ქურდული სამყაროს საქმის“ განხილვაზე დასწრების მსურველი ბევრია. მათი ნაწილი პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებს. ხალხით გადაჭედილ დარბაზში მანდატური ცდილობს ყველას გააგებინოს, რომ თითოეული ბრალდებულის ოჯახიდან მხოლოდ 3-3 წევრი შეძლებს სხდომათა დარბაზში შესვლას. დღევანდელ პროცესზე ერთდროულად განიხილება 15 ბრალდებულის საქმე.

„ტყუილად ჰყავთ ეს ბავშვები დაჭერილი, გამოუშვით,“ – ხმამაღლა ამბობს ქალი უკვე სხდომათა დარბაზში მას შემდეგ, როცა იქაურობა ბრალდებულების ახლობლებით გაივსო და მოსამართლე შემოვიდა. ბადრაგის სამსახურს ბრალდებულები შემოჰყავთ. სავსე დარბაზი აწეული ხელებით და შეძახილებით ხვდებიან ბრალდებულებს. მოსამართლე დარბაზის ემოციების შეკავებას უშედეგოდ ცდილობს.

„არ ვაღიარებთ არცერთი“, – ხმამაღლა ნათქვამი გამოუვიდა ერთ-ერთ ბრალდებულს, როცა პროკურორი საუბრობდა, რომელი მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევაზე შეუთანხმდა უკვე ადვოკატებს. მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტულ მოწმეებს მოსამართლე სასამართლოში ვეღარ დაკითხავს.

„ეს მიემართება ჩხრეკას და დაკავებას,“ – ფეხზე წამოდგა ადვოკატი ირაკლი ფაღავა და თავისი დაცვის ქვეშ მყოფს მიუბრუნდა.

პროცედურამ მთელი პროცესი წაიღო: მოსამართლემ სათითაოდ მოინიშნა, რომელ მტკიცებულებებს ვეღარ შეეხება შემდეგ სხდომებზე, თუ არსებითი განხილვა გაგრძელდება და მხარეები საპროცესოზე ვერ შეთანხმდებიან.

მაგრამ დღევანდელ პროცესზე პროკურორმა თქვა, რომ ის ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. იმ მოტივით, რომ ადვოკატებმა ბრალდებულებს ცალ-ცალკე უნდა აუხსნან საპროცესო შეთანხმების არსი და პირობები, სხდომის გადადება ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ მოითხოვა. მას სხვა ადვოკატებიც დაეთანხმნენ. მოსამართლემ ბრალდებულებს გადახედა.

„როგორც გინდათ, ისე გააკეთეთ, აზრი მაინც არ აქვს,“ – წამოიძახა ერთმა ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

„ყველამ იცით, სიმართლე რაც არის, ეს არის მხოლოდ ფორმალობა,“ – თქვა მეორემ.

„რა ჩავიდინე დანაშაული? ერთი დანაშაული მითხარით“, – პროკურორს მიმართა კიდევ ერთმა.

„მე უკვე ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მისთვის მიუღებელია საპროცესო,“ – მოსამართლეს უთხრა ადვოკატმა სიმონ ასათიანმა.

„ეს არის თქვენი ნება: ვისაც არ უნდა – არ უნდა, ვისაც უნდა – უნდა, მე ამას ხელი არ უნდა შევუშალო,“ – ორივე მხარეს გადახედა მოსამართლემ და განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის მოლაპარაკებები მართლაც არის სხდომის გადადების საფუძველი.

„საპროცესო შეთანხმება პროკურატურას სურს იმიტომ, რომ ნაწილი მაინც გატყდეს, შემდეგ კი, აღიარებითი ჩვენებებით მაინც გაამყარონ საქმე, ამას გამოიყენებენ,“ – გვითხრა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ზაზა პაპიძემ. მისი დაცვის ქვე მყოფ რამაზ მ.-ს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან. ზაზა პაპიძე ამბობს, რომ არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს წარდგენილ ბრალდებას.

ადვოკატების განმარტებით, ამ საქმეზე ბრალდებულებს პროკურორი სთავაზობს საპროცესო შეთანხმებას ასეთი პირობებით: ვისაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავებიან, ანუ  სსკ-ის 223-ე მუხლის პრიმა ერთი მუხლით [ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე], ის რეალურად 3.6 წელს დარჩება ციხეში, 3.6 წელი კი, მსჯავრდებულს პირობითად ჩაეთვლება.

ვისაც ედავებიან „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობას სსკ-ის 223-ე მუხლის პრიმა ორი ნაწილი [ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე], ის რეალურად ციხეში იქნება 1.6 წელი. სავარაუდოდ იგივე პერიოდი მსჯავრდებულს პირობითად ჩაეთვლება.

მესამე კატეგორიაა „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა – სსკ-ის 223-ე მუხლის პრიმა ოთხი ნაწილი [ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 7 წლამდე], ის მხოლოდ 6 თვე იქნება ციხეში, გარკვეული პერიოდი კი, რაც შეთანხმებაზეა დამოკიდებული, მას პირობითი მსჯავრი დაედება.

„ასეთ მასობრივ და დიდ საქმეებში მტკიცებულებების კვლევას დიდი დრო სჭირდება, საპროცესო შეთანხმების გზით, პროკურატურა მარტივად დაასრულებს საქმეს. პროკურატურას არ აქვს მყარი მტკიცებულებები. ვიღაც ვიღაცას რომ ურეკავს და ეკითხება, როგორ ხარო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრია. თუ ადამიანმა თავისი აზრი გამოთქვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზაზა პაპიძე.

მას „ბათუმელებმა“ ჰკითხა: რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმება?

ადვოკატი ზაზა პაპიძე

„პროკურატურას აქვს არაერთგვაროვანი, არასამართლიანი დამოკიდებულება. მაგალითად, სხვა შემთხვევაში ასევე „ქურდულ სამყაროს საქმეზე“ ვიცავდი 65 წლის კაცს, ექსპერტიზის დასკვნით იყო დადგენილი ჯანმრთელობის საფრთხე, რომ სავალალო შედეგი ნებისმიერ დღეს შეიძლება დამდგარიყო. ვითხოვდი, რომ 6 თვეზე მაინც გაეფორმებინათ საპროცესო და ეს არ გააკეთეს. აქ უჭირთ მტკიცებულებები და 6 თვეზეც აკეთებენ საპროცესოს…

ამ შემთხვევაში მტკიცებულება არის მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერები: მესამე პირები საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს, მაგალითად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მონაწილეობს „ქურდულ გარჩევაში“. ვიღაცამ რომ იგივე ჩემზე თქვას, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეს მართალია? პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.

ამ გზით ხელისუფლება ცდილობს, მისთვის არასასურველი პირები მისცეს პასუხისგებაში…,“ – მიიჩნევს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

„ქურდული სამყაროს საქმის“ არსებითი განხილვა იმიტომ გადაიდო, რომ პროკურატურა ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს

ამ თემაზე:

ძმები წულუკიძეები დააკავეს

მაიზერ ხვარეშია იმერეთის პოლიციის უფროსად დანიშნეს

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მაიზერ ხვარეშია დაინიშნა.

მაიზერ ხვარეშიას იმერეთში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. ის დღეს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა სულხან თამაზაშვილმა.

მაიზერ ხვარეშიამ ამ პოსტზე რამაზ თათარაშვილი შეცვალა. რამაზ თათარაშვილი იმერეთის პოლიციის უფროსად გასული წლის ივნისში დანიშნეს. მან ამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წელი იმუშავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, რამაზ თათარაშვილი შიდა ქართლის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს, სადაც მან  სერგი ბზიშვილი ჩაანაცვლა. ხოლო თავად სერგი ბზიშვილი მუშაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.

ცნობისათვის, ერთი თვის წინ, 2026 წლის 27 მაისს, როცა გორში, პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს მოქალაქეებზე, პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილზე, ამ დროს შიდა ქართლის პოლიციის უფროსი სერგი ბზიშვილი იყო.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, “ქართლის ამბებმა” გაავრცელა.

  • ვინ არის მაიზერ ხვარეშია

მაიზერ ხვარეშია, რომელიც დღეს, 24 ივნისს, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დანიშნეს, ამ დრომდე სასაზღვრო სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

მაიზერ ხვარეშია მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში, მათ შორის წამყვან თანამდებობებზე.

ოფიციალური, საჯარო წყაროების თანახმად, ის მხოლოდ სამი წელი – 2022-2025 წლამდე პერიოდში იყო სისტემიდან წასული. სწორედ ამ დროს გამოჩნდა მისი სახელი სამშენებლო ბიზნესში და სხვადასხვა კომპანიების მეწილეთა შორის.

ხვარეშია სისტემაში 2025 წლის სექტემბერში დაბრუნდა და აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსად დაინიშნა.

მაიზერ ხვარეშიას დედის კომპანია ბათუმში, მწვანე კონცხზე მრავალბინიან კომპლექსს აშენებს. შპს „თალასა ჯგუფს“ რვასართულიანი კორპუსის კარკასის სამუშაოები უკვე დასრულებული აქვს და ბინებს ზღვისა და მთის ხედებით მაღალ ფასად ყიდის.

მაიზერ ხვარეშიას შესახებ “ბათუმელებმა” გასულ წელს ვრცელი გამოძიება მოამზადა, რომლის ნახვაც ამ ლინკზე შეგიძლიათ

 

პოლიციის უფროსის მოადგილის პენსიონერი დედა ბათუმსა და ქუთაისში კორპუსებს აშენებს

 

 

“13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი” – გენპროკურორის ანგარიში

„82 ბრალდებული კორუფციული დანაშაულის ჩადენისას დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში. მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი“, – თქვა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში გამოსვლისას და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის სტატისტიკაზე ისაუბრა.

დღეს, 23 ივნისს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

გიორგი გვარაკიძის თქმით, 2025 წელს კორუფციულ დანაშაულზე პროკურატურამ 230 საქმე აღძრა, ხოლო ბრალდება 125 პირს წარედგინა.

„2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგებიც. მოგეხსენებათ, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში პროკურატურა თავად ახორციელებს კორუფციული დანაშაულის სრული მოცულობით გამოძიებას. პარალელურად უზრუნველყოფს საპროცესო ხელმძღვანელობას, სხვა საგამოძიებო დანაყოფის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე და სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.

თქვენს ყურადღებას გავამახვილებ საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებზე.

წინა სამ წელთან შედარებით, 2025 წელს ყველაზე მაღალი იყო გამოძიების დაწყების მაჩვენებელი და 230 საქმით განისაზღვრა, ხოლო ბრალდებულ პირთა რაოდენობამ 125-ს მიაღწია. გაიზარდა სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის მაჩვენებელიც და მსჯავრი დაედო 84 პირს.

ხაზგასასმელია, რომ 82 ბრალდებული კორუფციული დანაშაულის ჩადენისას დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურებში.

მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი.

კერძოდ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი.

2025 წელს მსჯავრდებულ პირთაგან კი ექვსი იყო მაღალი თანამდებობის პირი, როგორიცაა: საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე,“ – თქვა გენერალურმა პროკურორმა კორუფციულ დანაშაულებზე საუბრისას.

გიორგი გვარაკიძის თქმით, კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს პროკურატურაში, კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი.

„დეპარტამენტი დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური კადრებით და სრულად აღიჭურვა საქმიანობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ასევე გაიზარდა პროკურორთა და გამომძიებელთა რაოდენობა, რაც ხელს უწყობს დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევას,“ – თქვა გენერალურმა პროკურორმა.

"82 ბრალდებული კორუფციული დანაშაულის ჩადენისას დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში" - გენპროკურორი

 

Exit mobile version