7 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭის, ალექსის მამა, თურქეთის მოქალაქე, ბიულენთ ბაქირელი საქართველოდან 12 აგვისტოს გააძევეს. როგორც მისი მეუღლე, საქართველოს მოქალაქე სოფო ასამბაძე-ბაქირელი გვეუბნება, ბიულენთ ბაქირელი მოულოდნელად აიყვანა პოლიციამ და ისე გააძევეს ქვეყნიდან, რომ მას ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს.
„ჩემი მეუღლე, ფაქტობრივად 5 საათის განმავლობაში თავისუფლებაშეზღუდული იყო. მას არც ადვოკატთან და არც ჩემთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონდა. არც თურქეთის საკონსულოსთან დააკავშირეს.
როგორც შემდეგ გავიგე, ჩემი მეუღლე სამწლიანი დეპორტით და 3-ათასლარიანი ჯარიმით გაუძევებიათ საქართველოდან. თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტს დღემდე არ მაწვდის საემიგრაციო სამსახური, რომ მისი გაძევება გავასაჩივროთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში სოფო ბაქირელი.
სოფოს თქმით, ის და ბიულენთ ბაქირელი 8 წელია ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან. საქართველოს მოქალაქეა მათი 7 წლის შვილი, ალექსიც, რომელსაც აუტისტური სპექტრი აქვს და დედის თქმით, ძალიან განიცდის მამასთან დაშორებას.
სოფო ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებს ეს სპეციფიკური ფაქტორი – ბავშვის დიაგნოზი არ გაუთვალისწინებიათ მამის გაძევებისას.

„ჩემი შვილი ძალიან დამოკიდებულია მამაზე. მის გარეშე ვერ ძლებს. როგორც იცით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ, მათთვის ძალიან მტკივნეულია გარემოს შეცვლა ან იმ ადამიანებისგან შორს ყოფნა, რომლებთანაც ცხოვრებას მიჩვეული არიან.
მამასთან დაშორების გამო ალექსი აგრესიულია, განიცდის, იზიანებს თავს. ხომ უნდა გაეთვალისწინებინათ ჩემი შვილის ასაკი და მამისგან უეცარი განშორებით გამოწვეული ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა? ასევე, სოციალური ფაქტორიც, რადგან ოჯახის მარჩენალი იყო ჩემი მეუღლე.
მე ვერ ვმუშაობ, რადგან მთლიანად ბავშვზე მიწევს ზრუნვა. არ მყავს ასისტენტი და ბუნებრივია, ჩემს შვილს მე ვუწევ დახმარებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესი კი სახელმწიფომ საერთოდ არ გაითვალისწინა და ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაგდო“, – გვეუბნება სოფო ბაქირელი.
სოფო ოჯახთან ერთად ბათუმში, მეჯინისწყალზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ბინის ქირას მეუღლე იხდიდა. ქალი ამბობს, რომ ახლა, შესაძლოა, ეს ბინაც დაკარგოს.
„ბინის მეპატრონეების დიდი ნაწილი არ თანხმდება აუტისტური სპექტრის ბავშვის მიღებას, რადგან ალექსი ხშირად ტირის, ყვირის და თურმე ამის გამო წუხდებიან ადამიანები. კამათიც კი მქონია ამის გამო მეზობლებთან. მე ხომ არ მინდა, რომ ჩემს შვილს ასეთი ქცევა ჰქონდეს?!
აქ ეზო გვაქვს, ალექსი გარეთ გადის და მეპატრონეც ძალიან გვიწყობს ხელს. ამიტომ არ მინდა, რომ ეს ბინა დავკარგო ქირის გადაუხდელობის გამო. მეც ხომ უნდა ვიყო მშვიდად, რომ შვილი გავზარდო. მე კი არ ვარ მშვიდად, ვერ ვარ. ვალდებული იყვნენ ჩემთვის დაერეკათ, გავეფრთხილებინე, რომ მეუღლეს გამიძევებდნენ.
ცხელ ხაზზე დავრეკე სახალხო დამცველის ოფისში და ვითხოვე სამართლებრივი დახმარება, მაგრამ უარი მითხრეს, გაძევების საკითხები ჩვენ არ გვეხებაო.
მეუღლეს ხელი მოაწერინეს იძულებით დოკუმენტზე, მოატყუეს სამ დღეში დაგაბრუნებენო, არ აუხსნეს, არ განუმარტეს ნათლად. გაგიჟებულია კაცი ისე განიცდის ბავშვთან დაშორებას.
იქაც კი არავინ ჰყავს, რომ დაეხმაროს. ჯამეში ათენებს ღამეებს. ტანზე რაც ეცვა, იმით გააძევეს ადამიანი და არც კი მისცეს შესაძლებლობა, ბინადრობის საკითხები მოგვეგვარებინა.
რა ვქნა ახლა, ივანიშვილი გადამიხდის ქირის ფულს და შვილს გამომიკვებავს? თუ ბავშვის 80-ლარიანი პენსიით შევძლებ მისი საჭიროებების დაკმაყოფილებას“, – ამბობს სოფო.
ალექსი წელს სკოლაში შედის, მას პირველ კლასში წასვლა მამის გარეშე მოუწევს.
„თურქეთშიც ვერ წავალ, რადგან არც იქ გვაქვს ჩვენი საკუთარი საცხოვრებელი. მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩემი შვილიც აქ არის დაბადებული. ალექსი ისედაც ვერ ეგუება გარემოს გამოცვლას, ძალიან მტკივნეულია მიჩვეული გარემოს უეცარი ცვლილება მისთვის. თანაც ახლა, ძლივს ქართულად ამბობს სიტყვებს და უცხო გარემოში, სხვა ენაზე რომ დაიწყოს კომუნიკაცია, მისთვის ახალი სტრესი იქნება“, – გვეუბნება სოფო.
ქალი ამბობს, რომ მისი მეუღლე, ბიულენთ ბაქირელი ბათუმში რესტორან „ზარინაში“ მუშაობდა მზარეულად და ასე ინახავდა ოჯახს.
„რესტორანში რა თანხაც ჰქონდა ასაღები, იმასაც აღარ გვაძლევენ. არ ვიცი რა უნდა უნდა ვქნა, რითი გადავიხადო ბინის ქირა, როგორ გამოვკვებო შვილი. მარტოხელა ვარ, არავინ მყავს ახლო ნათესავი.
მშობლებმა ჯერ კიდევ პატარა ასაკში მიმატოვეს და აღარ მაქვს მათთან ურთიერთობა. ასე გამოვიარე მძიმე და რთული ცხოვრება. ახლა კიდევ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი“, – გვეუბნება სოფო.
მისი თქმით, ბათუმში შსს-ს საემიგრაციო სამსახურში როცა მიდის, არავინ ხვდება. „არ მცემენ პასუხს არაფერზე. მაინტერსებს, რის საფუძველზე გააძევეს ჩემი მეუღლე ქვეყნიდან და მე და ჩემი შშმ შვილი რატომ დაგვტოვეს მარჩენალის გარეშე.
მინდა, რომ ჩემი შვილის მამა, ჩემი მეუღლე დააბრუნონ საქართველოში, რომ ჩვენზე ზრუნვა შეძლოს. ნუ დააზიანებენ ჩემი შვილის ფსიქიკას და ჯანმრთელობას“, – ამბობს სოფო ბაქირელი.
მისი თქმით, ბიულენთ ბაქირელი 2022 წლის 22 დეკემბერს კანონიერად შემოვიდა საქართველოში სარფის სასაზღვრო პუნქტზე თურქეთის რესპუბლიკის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით და მას შემდეგ აქ იმყოფებოდა ოჯახთან.
„მანამდე გადადიოდა და შემოდიოდა ხოლმე. თუმცა შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ ჩვენი ოჯახის სპეციფიური მდგომარეობა და მიეცათ ჩემი მეუღლისთვის ოჯახთან ყოფნის შესაძლებლობა. არ გაითვალისწინეს“, – ამბობს სოფო ბაქირელი.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს და ჰკითხა, რის საფუძველზე გააძევეს ბიულენთ ბაქირელი საქართველოდან და რატომ არ გაითვალისწინა საემიგრაციო სამსახურმა ის გარემოება, რომ მას საქართველოში ოჯახი ჰყავს – შვილს კი განსაკუთრებული საჭიროებები აქვს?
ასევე ვკითხეთ, რატომ არ აძლევს სოფიო ბაქირელის საემიგრაციო ცნობას, რომ მისი მეუღლე დეპორტირებულია ქვეყნიდან?
საემოგრაციო სამსახურს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.






